სცენაზეა - მზე, სიყვარული და ადამიანი...
(ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქრონიკები)
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
სცენაზეა - მზე, სიყვარული და ადამიანი...
(ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქრონიკები)
„გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე აღვდგები მკვდრეთით“ - წერდა ნოდარ დუმბაძე მის ნაკლებად ცნობილ მოთხრობაში „ნუ გააღვიძებ“. თითქმის ორი კვირის განმავლობაში, გურიაში, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ და უნიკალურ სივრცეში, სიყვარულიც გაცოცხლდა და შესაბამისად, ნოდარ დუმბაძეც, რომელიც როგორც პერსონა და მწერალი ხელახლა დაიბადა.
ოზურგეთის თეატრი, რომლის რეაბილიტაციაც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობით 2021 წელს დასრულდა, 11 დღის მანძილზე ექვსი (პორტუგალია, ლიეტუვა, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, საქართველო) ქვეყნის 15 თეატრს მასპინძლობდა. წარმოდგენები იმართებოდა დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენებზე და ძირითადად ნოდარ დუმბაძისა და ქართული კლასიკური თუ უახლესი პროზის სცენურ ადაპტაციებს აერთიანებდა.
ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ასეთი მასშტაბურობა განაპირობა ორმა ფაქტორმა: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურამ, რომელიც მზადაა ერთდროულად სამ სივრცეში მიიღოს მაყურებელი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უპრეცედენტო მხარდაჭერამ.
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2016 წელს დაფუძნდა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასო ჩიგოგიძის ინიციატივით. წინა ფესტივალები (იმართება ორ წელიწადში ერთხელ) ეძღვნებოდა ყველასთვის საყვარელ ქართველ მწერალს ნოდარ დუმბაძეს. წლევანდელმა ფესტივალმა გააფართოვა სეგმენტი და მან ნოდარ დუმბაძის სცენურ ინტერპრეტაციასთან ერთად, გააერთიანა ქართული პროზაც. ფესტივალის მიზანი გახლავთ ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციის მხარდაჭერა, პროზაული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში წვლილის შეტანა, ქართული კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფა, რეგიონში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება და სათეატრო ხელოვნების პოპულარიზაცია გურიაში. ამ მიზნების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, ფესტივალის მსვლელობისას ვხედავდით მეზობელი ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ მაყურებელს...
ფესტივალის ძირითადი მასპინძელი ოზურგეთის თეატრი იყო, თუმცა ორი დღით ფესტივალმა ნოდარ დუმბაძის მშობლიურ მხარეში, ჩოხატაურში გადაინაცვლა. ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში მესხეთის თეატრმა ლია სულუაშვილის სპექტაკლი „მზიანი ღამე“ (ნოდარ დუმბაძის მიხედვით) წარმოადგინა, ხოლო მასპინძელმა - ჩოხატაურის სახალხო თეატრმა ფესტივალის სტუმრებსა და ფართო აუდიტორიას საპრემიერო წარმოდგენით „ხაზარულა“ უმასპინძლა. მუსიკალური პერფორმანსი „ხაზარულას“ მიხედვით გოჩა ხვიჩიამ დადგა, რომელშიც მსახიობებს ცოცხალ მუსიკალურ აკომპანემენტს ანსამბლი „ნართი“ უწევდა. გოჩა ხვიჩიამ ორიგინალურად გააცოცხლა სცენაზე ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები და ამბავი, სადაც მისტიკურ სამყაროში ბავშვობა და ყმაწვილობა ხვდება სიჭარმაგესა და ხანდაზმულობას.
ფესტივალის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ევრაზიის თეატრების ასოციაციის კონგრესი, რომელიც 2019 წლის 13 სექტემბერს ჩამოყალიბდა შვიდი დამფუძნებელი სახელმწიფოს წარმომადგენელთან ერთად (დამფუძნებელთა შორისაა საქართველოც, მისი წარმომადგენლის ვასო ჩიგოგიძის სახით), სტამბულში მალთეფეს მე-2 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დროს. დამფუძნებელი წევრები არიან: უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქეთი, რუმინეთი და ჩრდილოეთ კვიპროსი. ასოციაციას უკვე ჰყავს 23 წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნიდან. ასოციაციის ძირითადი მიზნებია: უზრუნველყოს წევრებს შორის თანამშრომლობა ხელოვნებასა და კულტურაში, უპირველეს ყოვლისა თეატრში, სოლიდარობის გაზრდა, ერთობლივი პროექტების შექმნა, კულტურული მრავალფეროვნების გაუმჯობესება და დიალოგის გაძლიერება სხვადასხვა კულტურებს შორის.
ევრაზიის თეატრების ასოციაციის წევრი ქვეყნებია: უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ კვიპროსი, სამხრეთ კვიპროსი, ყაზახეთი, პორტუგალია, იტალია, ჰონგ კონგი, ნიდერლანდები, გალისია (ესპანეთი), კოსოვო, სერბეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ინდოეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი.
ევრაზიის თეატრების ასოციაციამ, ოზურგეთში, ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მიიღო მიმართვა მსოფლიო თეატრისადმი, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ევრაზიის თეატრების ასოციაციის წარმომადგენლებს და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მონაწილეებს ოზურგეთში, გვსურს მივმართოთ მსოფლიოს და უკრაინელ ხალხს. კაცობრიობა გადაიღალა მძიმე ატმოსფეროთი, საომარი ამბიციებით, პოლიტიკოსთა რიტორიკით და სახელმწიფოების ჭიდილით. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს. ჩვენ ვგმობთ მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას, ბავშვების და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას. ჩვენ, ხელოვანებს გვსურს ერთმანეთს შევხვდეთ არა ბრძოლის ველზე, არამედ სათეატრო დარბაზებში, ფესტივალებზე. ჩვენ გვსურს, რომ იბადებოდეს და არ კვდებოდეს ბავშვები! იქმნებოდეს ოჯახები და არ ინგრეოდეს! ჩვენ გვსურს, რომ არ ინგრეოდეს თეატრები, არამედ შენდებოდეს! ჩვენ გვსურს, რომ მსოფლიო იღვიძებდეს მშვიდობაში და არა ბომბების წვიმაში. ვერავინ დაარღვევს ხელოვანების სულს, რომელიც საუბრობს მსოფლიო მშვიდობაზე სიკეთის ენითა და სიყვარულით.“
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, წელს საკონკურსო პროგრამაში უცხოური თეატრები არ მონაწილეობდნენ. ამიტომაც, მათგან რამდენიმე გამორჩეული თეატრი ფესტივალის ხელმძღვანელობამ ნოდარ დუმბაძის პრიზით დააჯილდოვა. მათ შორის, აქტობეს (ყაზახეთი) თოჯინების თეატრი „ალაყაი“ სპექტაკლისთვის ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ (რეჟისორი ანტონ ზაიცევი), ხოლო აკმოლას დრამატულ თეატრს გადაეცა პრიზი საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის, რომელმაც ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ისწავლე ცხოვრება ღიმილით“ წარმოადგინა (რეჟისორი ოლღა ლუცივა). ფესტივალში ასევე სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ლვოვის (უკრაინა) მარია ზანკავეცკას აკადემიური დრამატული თეატრი სპექტაკლით „ცხოვრება პოსკრიპტუმი“, როკიშკისის (ლიეტუვა) დრამატული თეატრი სპექტაკლით „ბავშვი“, მალთეფეს (ისტამბოლი, თურქეთი) მუნიციპალური თეატრი სპექტაკლით „კაცობრიობა აქ არის შენთვის“ და ბრაგის თეატრალური კომპანია (პორტუგალია) ორი წარმოდგენით. სტუმრის სტატუსით ფესტივალში ქართული დასებიც მონაწილეობდნენ, რომელთაც გაამრავალფეროვნეს არა მხოლოდ საფესტივალო პროგრამა, არამედ დიდი სიხარული მოუტანეს მაყურებელს. ფესტივალი რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა რობერტ სტურუას სპექტაკლით „ვანო და ნიკო“ გახსნა, ხოლო ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა სავიზიტო ბარათად ქცეული, სპექტაკლი - ჰიტი (15 წელზე მეტია მოქმედ რეპერტუარშია) მუსიკალური კომედია „გაყრა“ (რეჟისორი დავით დოიაშვილი, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე) წარმოადგინა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ონლაინ ჩვენება ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი „არტ ჰოლის“ და მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის კოპროდუქციისა ნოდარ დუმბაძის „ჰელადოს“ (რეჟისორი გოგა პიპინაშვილი). მასპინძელმა, ოზურგეთის თეატრმა კი, ფესტივალის ფარგლებში, ორი წარმოდგენა უჩვენა მაყურებელს: ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „ცის კარი“ (შერეული პლანის სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე) და ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი „რესპუბლიკა გურია“ (არავერბალური წარმოდგენა გურიის რესპუბლიკის შექმნაზე).
საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდნენ: სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალური თეატრი (ეგნატე ნინოშვილის „პარტახი“, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი); ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის დრამატული თეატრი (ნოდარ დუმბაძის „ნუ გააღვიძებ“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი); ზუგდიდის შალვა დადიანის დრამატული თეატრი (თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“, რეჟისორო ნიკუშა ჩიკვაიძე); ცხინვალის ივანე მაჩაბლის დრამატული თეატრი (მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე); ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრი (ნოდარ დუმბაძის „ჰელადოს“, რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი), თელავის ვაჟა-ფშაველას დრამატული თეატრი (ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, რეჟისორი ლევან წულაძე), ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი (რევაზ მიშველაძის „არ დამივიწყო“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი).
ფესტივალზე მუშაობდა საერთაშორისო ჟიური, რომელსაც თავმჯდომარეობდა თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ცქიტიშვილი; ჟიურის წევრები იყვნენ: თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გამომცემლობა „კენტავრის“ ხელმძღვანელი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის პასუხისმგებელი მდივანი მაკა ვასაძე; ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლელა ოჩიაური; თეატროლოგი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების პასუხისმგებელი მდივანი ნუცა კობაიძე; კრიტიკოსი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი დავით ბუხრიკიძე; ევრაზიის თეატრების ასოციაციის თავმჯდომარე, მუკოლა კულიშის სახელობის ხერსონის მუსიკისა და დრამის აკადემიური სახელმწიფო თეატრის გენერალი დირექტორი, უკრაინის სახალხო არტისტი ოლექსანდრე კნიგა; რეჟისორი, ბრაგის (პორტუგალია) თეატრალური კომპანიის დირექტორი რუი მადეირა, განჯის (აზერბაიჯანი) სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი აგილ ბახრამლი. ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა ექვს ნომინაციაში: საუკეთესო მსახიობი ქალი (მარინა დარასელია, ეთეროს როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „შაშვი შაშვი მაყვალი“, რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი) და მამაკაცი (რამაზ ხომასურიძე, ჯაყოს როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „ყაჯო“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი); საუკეთესო სცენოგრაფია (ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი; მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყო“, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი გოჩა კაპანაძე); საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი (ელენე მაცხონაშვილი, ნოდარ დუმბაძის „ნუ გააღვიძებ“, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი); ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაცია (თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე) და საუკეთესო სპექტაკლი - გრან პრი (ილია ჭავჭავაძის „კაცია - ადამიანი?!“, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი ლევან წულაძე). თითოეულ მათგანს სოლიდურ ფულად პრემიასთან ერთად (პრემიები დააწესა და გადასცა საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა) გადაეცა ნოდარ დუმბაძის პრიზი (ავტორი, მოქანდაკე გოგი ჟღენტი), ხოლო საუკეთესო სპექტაკლისთვის თელავის თეატრს გადაეცა ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც დააწესა „სმარტ კაპიტალ გრუპმა“ და ფონდმა „ქართული გალობა“. ასევე კომპანია „ასკანელმა“ დააწესა სპეციალური პრიზი ფულადი ჯილდო 5000 ლარის ოდენობით, რომელიც გადაეცა რეჟისორ რობერტ სტურუას ქართული თეატრის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ 15 ივლისს დაიხურა. სცენიდან ისმოდა მადლიერების სიტყვები, მაყურებელი ფესტივალის მონაწილეებს ემადლიერებოდა, მონაწილეები ორგანიზატორებს, ორგანიზატორები კი ფესტივალის დამფუძნებლებსა და სპონსორებს, იყვნენ გულდაწყვეტილებიც და სევდიანებიც (როგორც ყველა კონკურს-ფესტივალზე), მაგრამ გაჩნდა ძლიერი მოტივაცია ქართული მწერლობის სცენაზე განხორციელებისთვის, რათა თეატრები ფესტივალს მომზადებულები შეხვდნენ. 11 დღის განმავლობაში ოზურგეთში იყო დიდი დოზით მზე, სცენაზე და ქუჩაში სუფევდა სიყვარული და ცხოვრობდა ადამიანი...
ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი, მომავალ წელს გაიმართება და ის ოზურგეთის თეატრის დაარსების 155 და ნოდარ დუმბაძის 95 დაბადებიდან წლისთავს მიეძღვნება. ის კვლავ ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც ეროვნული, ისე უცხოური თეატრების ქართული პროზის სცენურ ინტერპრეტაციებს.