top of page

„ბერნარდა ალბას სახლი“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის 

სამინისტროს მიერ.

426135410_1649785765762345_5345333933393730028_n.jpg

ნუცა კობაიძე

 

„ბერნარდა ალბას სახლი“

ფედერიკო გარსია ლორკა

 

რეჟისორი - გიორგი კაშია

ქორეოგრაფი - გიორგი ტიელიძე

მხატვარი - ირიკო აბულაძე

მონაწილეობენ: ზეინაბ დვალიშვილი (ბერნარდა ალბა), ნინი ურუმაშვილი (ადელა), ანუკა შარია (მარტირიო), მაშიკო თვალაბეიშვილი (მაგდალენა), ნინო შონია (ამელია), სალომე ჭაფოძე (ანგუსტიასი), ელენე ქურთიშვილი (პონსია), მარიამ მღებრიშვილი (მოახლე), ვატო სანიკიძე (პეპე).

 

სახლი - „უსაფრთხო საზღვრები“

ვცდილობ თავი ავარიდო ხოლმე სტუდენტურ სპექტაკლებზე წერას, რადგან საწყის ეტაპზე მხარდაჭერა უფრო სჭირდებათ ვიდრე კრიტიკა. მათ (მსახიობების) შესრულებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელი და მოსაფრთხილებელია. სტუდენტი რეჟისორის გიორგი კაშიას მიმართ ინტერესი „ირინეს ბედნიერების“ დადგმის შემდეგ გამძაფრდა, მით უფრო, რომ „წინანდლის პრემიის“ ძირითად სამეულში სწორედ ამ სპექტაკლით (რუსთავის თეატრი) აღმოჩნდა. როგორც აღვნიშნე, რადგან პროფესიაში დამწყებ შემოქმედთა გუნდზე უნდა ვისაუბრო, უფრო დელიკატური ვიქნები.

ფედერიკო გარსია ლორკას ცნობილ პიესაში - „ბერნარდა ალბას სახლი“, ცენტრალური ადგილი უკავია, როგორც სახლს/ციხეს, ისე მის მაცხოვრებლებს. ამ კედლებში იწყება ბრძოლა სიყვარულისა და ძალაუფლებისთვის, რომელიც ჩაგვრის სურვილს აღვივებს, რასაც მოჰყვება ლოგიკური აჯანყება რეპრესიის წინააღმდეგ. ოჯახის მატრიარქი - მახრჩობელა დედა, ჩაგრულ ატმოსფეროში ზრდის ქალიშვილებს, რაც დამანგრეველი ხდება მათთვის. ბერნარდას ავტორიტარული მმართველობა მკაცრ საზღვრებს აწესებს და ქმნის  გარე სამყაროსგან დამცავ თავშესაფარს. ეს ძალაუფლების დინამიკა აძლიერებს დაძაბულობას ქალებს შორის, რომლებიც იბრძვიან პატიმრობის წინააღმდეგ.

ამ სტატიაში, ვისაუბრებ ბერნარდა ალბას სახლის მნიშვნელობაზე, როგორც პირდაპირ და მეტაფორულ კონსტრუქციაზე. ვისაუბრებ, თუ როგორ აყალიბებს რეჟისორი გიორგი კაშია პერსონაჟების ქმედებებს და, საბოლოოდ, საით წარმართავს თხრობას - დაუპირისპირდებიან კი ქალიშვილები თავიანთ მკაცრ რეალობას?

„ღმერთმა ქნას გავიდეს კიდე მრავალი წელი, სანამ გეღირსებოდეთ ჩემს სახლში მოსვლა“ - ბერნარდას ამ სიტყვებმა, როგორც ჩანს განაპირობა მხატვრობა (მხატვარი - ირიკო აბულაძე). მის ციხე-სიმაგრეში გარეშე ადამიანები მხოლოდ სიკვდილის დროს მოდიან. მხატვარი რეჟისორთან ერთად ცენტრალურ ადგილს უთმობს კუბოს, რომელიც მთელი სპექტაკლის მანძილზე მთავარ უსულო პერსონაჟად გვევლინება. მამის გასვენების შემდეგ სასახლე ხან ამელიას და მოახლის სარეცლად, ხან გოგოების მოსასვენებელ ადგილად, ხანაც  ადელას საძინებლის კარად ტრანსფორმირდება, რითაც რეჟისორი ხაზს უსვამს სიკვდილის გარდაუვალობას და ძალაუფლების გარდამავლობას.

ბერნარდას სახლში გმირები ექვემდებარებიან ავტორიტარულ მმართველობას და იძულებულნი არიან შეასრულონ მკაცრი სტანდარტები. ტირანული რეჟიმის მიუხედავად, ბერნარდა (ზეინაბ დვალიშვილი) კარგავს კონტროლს ოჯახზე: ამელია (ნინო შონია) სასიყვარულო ურთიერთობაშია მოახლესთან (მარიამ მღებრიშვილი); ქალიშვილები ეწევიან სიგარეტს; ანგუსტიასთან (სალომე ჭაფოძე) შეხვედრის შემდეგ პეპე (ვატო სანიკიძე) ინტიმურ კავშირს ამყარებს ნაბოლარა დასთან (ადელა - ნინი ურუმაშვილი). მოკლედ, სრული განუკითხაობაა სწორედ იქ, სადაც სანამ გლოვა არ დამთავრდება ნიავმაც კი არ უნდა შეაღწიოს.

რეჟისორმა სპექტაკლში ამოიღო მარია ხოსეფას (ბერნარდას დედა) პერსონაჟი და ჩართო მისი სურვილები/თვისებები სხვა პერსონაჟებში. ამ ინტეგრირებით სიუჟეტი თითქოს უფრო რთულდება, რამაც  მომხიბლავი და საინტერესო ინტერპრეტაცია მისცა გადაწყვეტას. გიორგი კაშიამ  80 წლის ქალი (რომელსაც გათხოვება სურს და გამოკეტილი ჰყავთ ოთახში) განაზოგადა სხვა პერსონაჟებში, ფაქტობრივად იმ ყველა გმირში, ვინც ბერნარდა ალბას სახლში ბინადრობს. ამ არგუმენტის გასამყარებლად მოვიყვან რამდენიმე მაგალითს სპექტაკლიდან: „ჩაკეტეთ!“ - დედა ამელიას გამოაკეტვინებს თავის ქალიშვილებს (როგორც პიესაში მარია ხოსეფას); „ჩაკეტეთ!“ - მარტირიო ამბობს ბერნარდაზე და იკავებს მის ადგილს (ამაზე უფრო ვრცლად ფინალისკენ). მენტალურად აშლილ ასაკოვან ქალს პიესაში შემოაქვს თავისუფლებისა და ინდივიდუალური სრულყოფილებისკენ ლტოლვა, რომელიც ეწინააღმდეგება სახლში დაკანონებულ კონტროლს. გმირის ამოღებით რეჟისორმა შეკვეცა და ლოგიკურად დაამონტაჟა ტექსტი, რითაც პერსონაჟების ამბავს მნიშვნელოვანი ნიუანსი შემატა. გიორგი კაშიამ პიესის ამგვარი ინსცენირებით შექმნა კოლექტიური ლტოლვისა და აჯანყების უფრო მძლავრი მოტივი.

შეიძლება პარალელების გავლება პეპესა და ადელას, და რომეო და ჯულიეტას სასიყვარულო სცენებს შორის. ლორკასთან, ისევე როგორც შექსპირთან, სიყვარული ვნებიანი და აკრძალულია. პეპესა და ადელას ფარული შეხვედრებიც აივანზე, სცენის სიღრმეში, ვითარდება. რომეო და ჯულიეტას ტრაგიკული ფინალი, სადაც რომეოს სჯერა, რომ ჯულიეტა მკვდარია და თავს იკლავს, ეხმიანება „ბერნარდა ალბას სახლის“ დამანგრეველ კულმინაციას. სპექტაკლში ადელას ესმის გასროლის ხმა და ყვირილი: „პეპე მკვდარია“ (ამ დროს კი პეპე გასროლის ხმაზე ცხენით გარბის), რა დროსაც სასოწარკვეთილი ადელა სახეზე იწურავს ლიმონს და კვდება (სუიციდი). ბანალური მეტაფორაა ლიმონი, რომელიც ასახავს ადელას სიმწარესა და სასოწარკვეთილებას, რაც შეიძლება მისი თავისუფლებისკენ ლტოლვის სიმბოლოდაც აღვიქვათ. გარდა ამისა, ლიმონი შეიძლება იყოს აკრძალული სიყვარულიც. მისი სპექტაკლში არსებობა მაინც გადამეტებული მგონია, თუმცა კი ღრმა დანიშნულების მინიჭებას ცდილობს რეჟისორი.

რაიმე სკანდალურს ან სენსაციურს ვერ ვხედავ ქალების ინტიმურ კოცნაში. შეიძლება ამით რეჟისორს უნდოდა ეპატაჟურობა, მაგრამ ეს უკვე გაცვეთილი ამბავია. ისე კი არაფერია გასაკვირი, რომ სახლში სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ და სადაც 3 დას ერთი კაცი იზიდავს, მეოთხე დას  გრძნობები საკუთარი სქესის წარმომადგენლის მიმართ გაუჩნდეს.

მიზანსცენები:

  • გადია ესპანურად უკითხავს ლოცვას გარდაცვლილს - ავტორისეული გრძნობების და ტემპერამენტის გადმოცემის ხელოვნური მცდელობაა.

  • ფლამენკო - ეს არის უაღრესად ექსპრესიული და ემოციური ხელოვნების ფორმა, რომელიც მოიცავს მუსიკას, ცეკვას და სიმღერას. ძალიან დიდ ამბიციას და ცოდნას ითხოვს მასთან შეჭიდება. ფლამენკო არ არის უბრალოდ მოძრაობების ან რიტმული ნაბიჯების ამაფორიაქებელი სინქრონი, ის ესპანელი ხალხის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და ცხოვრებისეული გამოცდილების ასახვაა. უკეთესი იქნებოდა რეჟისორს საერთოდ მოეხსნა ცეკვის სცენები და მხოლოდ მუსიკა დაეტოვებინა.

  • დები ანგუსტიასს შავ კაბაზე აცმევენ საქორწილო კაბას. ეს მიზანსცენა შეიძლება განვმარტოთ, როგორც ირონიის ან დივერსიის აქტი, რომელიც არღვევს საზოგადოების მოლოდინებს ქალის როლთან  დაკავშირებით. რიტუალურ აქტს მიმსგავსებული ქმედებაა თეთრი კაბის გადაცმა სამგლოვიარო ჩაცმულობაზე, მაშინ როცა ქორწინება მოისაზრება ქალების საბოლოო მიზნად.

  • მოახლე პირში იდებს ნაქსოვ ფაჩუჩებს და პარტერში ჯდება. ეს პრიმიტიული ქმედება უსუსურობის გამომსახველია. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ჩუმდება დაბალი ფენის წარმომადგენელი და როგორ იკლავს სურვილებს თავის თავში. მსახიობი პარტერში ჩამოსვლით და მაყურებელთა რიგში დაჯდომით თითქოს გვიბიძგებს დავუპირისპირდეთ სოციალურ უთანასწორობას ან ჩვენც წინდები ჩავიდოთ პირში და დავდუმდეთ.

  • პონსია სველი ღრუბლით უწმენდს ხელს ბერნარდას, ისე როგორც წმენდდა მის გარდაცვლილ ქმარს. მიუხედავად ამბიციებისა გადია 30 წლიანი მსახურების შემდეგაც მონობაში რჩება  - „მე აუგი ძაღლი ვარ, როცა მიბრძანებენ ვყეფ...“

  • ფინალური სცენა - კუზიანი მარტირიოს ბერნარდა ალბად გარდასახვა. მახინჯ სხეულში მახინჯი სული ბინადრობს? და ყველაფერი წრეზე მიდის? დიახ, რეჟისორმა ეს გვითხრა, როცა მარტირიოსს ბერნარდას სადავეები გადაულოცა. მან დააძინა დედა და გამოკეტა ოთახში, ისე როგორც ბერნარდა კეტავდა მარია ხოსეფას.

 

„ბერნარდა ალბას სახლი“ - სოციალური სტრუქტურის მიკროსამყარო, სადაც ჩაგრავენ და ზღუდავენ ქალებს. ოჯახური ძალაუფლებისა და კონტროლის დინამიკის შესწავლით, ლორკა ნათელს ჰფენს იმ გზებს, რომლითაც მატრიარქალური ნორმები აყალიბებს ქალების ცხოვრებას. ლორკა მოგვიწოდებს დავფიქრდეთ ჩაგვრის უფრო ფართო მასშტაბზე, რომელიც ზღუდავს ქალების თავისუფლებას საზოგადოებაში და განაგრძობს გენდერული ურთიერთობების ფორმირებას.

სახლი/„უსაფრთხო საზღვრები“ - მკვეთრი შეხსენება, რომ ჩაგვრა ყოველთვის არ არის აშკარა. ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ იდეალური ოჯახებიდან მოვდივართ, რომ გარშემო ჯანსაღი ატმოსფეროა, მაგრამ ამის უკან იმალებოდეს უზარმაზარი ძალადობა.

bottom of page