
„სახლი აგვისტოს მზეზე“ ანუ ოჯახის ერთად თავშეყრის ტრადიცია, რომელიც რვაფეხებით სავსე აუზში ჩახტომას ემსგავსება
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანა მირიანაშვილი
„სახლი აგვისტოს მზეზე“ ანუ ოჯახის ერთად თავშეყრის ტრადიცია, რომელიც რვაფეხებით სავსე აუზში ჩახტომას ემსგავსება
წლევანდელი თეატრალური სეზონი თავისუფალმა თეატრმა რამდენიმე პრემიერით დაასრულა, მათ შორის უდავოდ გამორჩეულია რეჟისორ ნიკა ჩიკვაიძის მიერ დადგმული წარმოდგენა, რომელსაც ქართულ ვერსიაში უწოდეს „სახლი აგვისტოს მზეზე“. პიესის თარგმანი დრამატურგ დავით გაბუნიას ეკუთვნის.
„აგვისტო, ოსეიჯის საგრაფო“ ამერიკელი მსახიობის, დრამატურგისა და სცენარისტის ტრესი ლეტსის სადებიუტო პიესაა, რომელშიც 2008 წელს პულიცერის პრემია მიანიჭეს. ლეტცი 10 წლის იყო, როდესაც მისმა ბაბუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ეს პიესა კი მან 40 წლის ასაკში დაწერა. ერთ-ერთ ინტერვიუში ავტორი აღნიშნავს: „როდესაც მეკითხებიან, თუ რამდენ ხანში დავწერე „აგვისტო, ოსეიჯის საგრაფო“, სულ ვპასუხობ - ამ პიესის დასაწერად 30 წელი დამჭირდა“. ეს ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ნაწარმოები უკვე თანამედროვე დრამატურგიის კლასიკად ითვლება და მსოფლიოს უამრავი ქვეყნის სცენაზეა დადგმული, 2013 წელს კი ამ პიესის მიხედვით გადაღებული ფილმიც გამოვიდა, რომელშიც ლეტსის პერსონაჟებს ცნობილი ვარსკვლავები თამაშობენ: მერილ სტრიპი, ჯულია რობერტსი, ევან მაკგრეგორი, ბენედიქტ კამბერბეჩი, კრის კუპერი და ა.შ.
ტრეისი ლეტსის პიესა არაერთხელ დაიდგა როგორც ბროდვეიზე, ისე ამერიკის მრავალი თეატრის სცენაზე, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ჩინეთში, რუსეთში, ინდოეთში, ავსტრიაში, ისრაელში, ლატვიაში, შვედეთში, დანიაში, ესპანეთში, რუმინეთში, პოლონეთში და სხვა მრავალ ქვეყანაში. ხშირად იდგმება როგორც ორიგინალური სახით, ისე ადაპტაციების ფორმითაც. გადმოქართულებულ ვერსიაში მოქმედება ოქროყანაში, ქალაქგარეთ მდებარე სახლში ხდება, ერთ ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში. ოკლაჰომელი უესტონების ოჯახის ამბავი ისე ორგანულადაა გადმოტანილი ქართულ რეალობაში, რომ მაყურებელს ეჭვი არ ეპარება - ეს ამბავი ნამდვილად სადღაც აქვე, მეზობელ სახლში ხდება. დიდი ოჯახის წევრები და მათი ახლობლები ერთ სახლში იკრიბებიან. შეკრების მიზეზი სამწუხაროა - რამდენიმე დღის წინ დაიკარგა ოჯახის მამა, ერთ დროს ცნობილი პოეტი - სპექტაკლის ერთ-ერთი ღერძი და ცენტრალური პერსონაჟი, რომელიც სცენაზე საერთოდ არ ჩანს, მაგრამ ამ პიესაში თითქმის ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. მალე ირკვევა, რომ მამის დაკარგვა ტრაგიკული თვითმკვლელობით დასრულდა და ოჯახის წევრები იძულებულები არიან კიდევ რამდენიმე დღე ერთ ჭერქვეშ გაატარონ. საოჯახო დრამა მაყურებლის თვალწინ სწორედ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდება.
ნიკა ჩიკვაიძემ სპექტაკლისთვის გამორჩეულად ძლიერი სამსახიობო ანსამბლი შეკრიბა: დედა - ნინელი ჭანკვეტაძე (ჯუნა), მისი ქალიშვილები მარიამი (ანი ალადაშვილი), ნინი (ანა გვანცელაძე) და ნატა (ნუცა სულაბერიძე), მარიამის მეუღლე სანდრო (ნიაზ ხუციანიძე) და ქალიშვილი ლიზა (თინი კვერნაძე), ჯუნას მეგობარი ლიანა (ეკა მჟავანაძე), მისი ქმარი ნუკრი (ვალერი კორშია) და მათი ვაჟი პატარა ნუკრი (ირაკლი კერესელიძე), ნატას საქმრო რატი (ჯანო იზორია) და პოლიციის ოფიცერი (შოთა მერკვილაძე). ეს სულაც არ არის შეკრული, ბედნიერი და სიყვარულით სავსე ოჯახი. პირიქით, მამის ტრაგედია რომ არა, ისინი კიდევ დიდხანს არ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ახლა იძულებულები არიან რამდენიმე დღე ერთ სახლში გაატარონ და ამ ხნის განმავლობაში მაყურებელი თვალს ადევნებს მათ ცხოვრებას, რომელიც სავსეა კონფლიქტებით, გაუთავებელი ბრალდებებით, ღალატით, ტყუილებით და საიდუმლოებებით, ჩახშობილი გრძნობებით და ერთმანეთისგან გაუცხოებით. ნიკა ჩიკვაიძე ერთი ოჯახის მაგალითზე გვიყვება უნივერსალურ ამბავს, რომელიც მოიცავს მარადიულ პრობლემათა მთელ ნაკრებს: კონფლიქტები ოჯახში, დედა-შვილის, ცოლ-ქმრის ურთიერთობები, ნარკოდამოკიდებულება და ალკოჰოლიზმი, ღალატი, ინცესტი, ბავშვობის ტრავმები, ქალის როლი ოჯახში და საზოგადოებაში და მრავალი სხვა.
ავტორს პიესის ჟანრი განსაზღვრული აქვს როგორც ტრაგიკომედია. ნიკა ჩიკვაიძე და მისი სამსახიობო ანსამბლიც ზედმიწევნით ზუსტად იცავს ამ ჟანრის კანონებს - პიესაშიც და სპექტაკლშიც გემოვნებითაა შეზავებული ტრაგიკული და კომიკური ელემენტები, კომიკური სიტუაცია წამში ტრაგიკულ ჟღერადობას იძენს და პირიქით - ზოგიერთ სცენაში უკიდურესად დაძაბულ, კრიტიკულ მომენტს კომიკური პასაჟი განმუხტავს. მთელი სპექტაკლის განმავლობაში იგრძნობა სწორედ ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი ორსახოვნება, ტრაგიკული და კომიკური ეფექტის ერთდროულობა. რეჟისორი არ კარნახობს მაყურებელს თავის გამოკვეთილ პოზიციას, თავს არ ახვევს თავის სიმპათიას თუ ანტიპათიას რომელიმე პერსონაჟის ან მოვლენის მიმართ. მისი მიზანი არ არის, რომ მაყურებელი მხოლოდ ერთი ემოციის, ერთი აზრის ქვეშ მოაქციოს, პირიქით - ის ცდილობს მაყურებელს მიანდოს არჩევანი, როგორც ეს სჩვევიათ ინტელექტუალური დრამის ჟანრში მომუშავე რეჟისორებს.
დარბაზში შესვლისთანავე მაყურებელი ხედავს, რომ სცენაზე უკვე მიმდინარეობს მოქმედება - ეკა მჟავანაძის და ანა გვანცელაძის პერსონაჟები ისტერიულად ალაგებენ სახლს - სტრესულ სიტუაციაში მყოფები ხშირად სწორედ ასე ვიქცევით, გაუაზრებლად ვალაგებთ და ვაწესრიგებთ ყველაფერს. ოდნავ მოგვიანებით ამჩნევს მაყურებელი, რომ სცენის მარჯვენა კუთხეში მდგარ საწოლში ვიღაც წევს - ეს ჯუნაა (ნინელი ჭანკვეტაძე), ამ სახლის დიასახლისი. ნუკრი (ვალერი კორშია) კი ზის და ინტერესით უყურებს დოკუმენტურ ფილმს ველური ბუნების შესახებ. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ პერსონაჟების სცენური სიცოცხლე არცერთი წამით არ წყდება, ანტრაქტის დროსაც კი; თითქოს ეს წარმოდგენა საგანგებოდ მაყურებლისთვის კი არ არის დადგმული, არამედ მაყურებლებს უბრალოდ უფლებას აძლევენ თვალი ადევნონ იმას, რაც სცენაზე უნდა გათამაშდეს. რეჟისორის ასეთ მხატვრულ გადაწყვეტას ხელს უწყობს ანანო დოლიძის სცენოგრაფია - მხატვარმა თავისუფალი თეატრის სცენა სტანდარტული დიზაინის, ტიპურ ქალაქგარე საცხოვრებელ სახლად აქცია. სივრცე დაყოფილია ოთახებად: სამზარეულო, სააბაზანო, აივანი, კაბინეტი, საძინებლები, შემოსასვლელი და სასტუმრო ოთახი. რეჟისორის მითითებით მხატვარმა სცენაზე შექმნა უკიდურესად რეალისტური გარემო, ონკანში წყალი მოდის, პერსონაჟები შხაპს იღებენ, უნიტაზს რეცხავენ, ცვლიან გაფუჭებულ ნათურებს, მაცივრიდან იღებენ საჭმელს და ა.შ. ზოგჯერ ასეთი ნატურალიზმი სპექტაკლს მხატვრულად ვნებს ხოლმე, მეტისმეტად დამიწებულს ხდის, მაგრამ ამ შემთხვევაში რეჟისორის ამგვარი გადაწყვეტა აბსოლუტურად ბუნებრივია და ლოგიკური - სხვაგვარ გარემოში ამ პერსონაჟების ცხოვრებას ვერც წარმოიდგენ.
„სახლი აგვისტოს მზეზე“ ეს არის წარმოდგენა, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით უყურებ და დასრულებისთანავე გიჩნდება ხელახლა ნახვის სურვილი. ეს არის სპექტაკლი, რომელიც იწვევს დიდ თანაგანცდას, წარმოდგენა ისე დინამიკურადაა აწყობილი, რომ მაყურებელი განუწყვეტლივ ჩართულია ყოველ ეპიზოდში, სცენიდან სხვადასხვანაირი ემოციების ტალღა მოდის, დარბაზში სიცილს ცრემლები ცვლის და პირიქით. ეს, პირველ ყოვლისა, ძლიერი სამსახიობო გუნდის დამსახურებაა, რომელიც რეჟისორმა საგანგებოდ ამ სპექტაკლისთვის მოიწვია. საინტერესოა, რომ სცენაზე სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა თეატრალური სკოლისა და განსხვავებული სამსახიობო სტილის არტისტი დგას, ზოგს უდიდესი გამოცდილება აქვს ზურგს უკან, ზოგი კი ჯერ ახლა დგამს პირველ შემოქმედებით ნაბიჯებს პროფესიულ სცენაზე, ზოგიერთი მათგანი სცენაზე ერთმანეთს პირველად შეხვდა, მაგრამ შთაბეჭდილება გრჩება, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ერთმანეთს უწევენ პარტნიორობას. „სახლი აგვისტოს მზეზე“ გამოირჩევა დიდი პროფესიონალიზმით შესრულებული საინტერესო მხატვრული სახეებით, მაგრამ მათ შორის შეუძლებელია არ გამოარჩიო ნინელი ჭანკვეტაძის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული ჯუნა. ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს ნინელი ჭანკვეტაძის შემოქმედებას, განებივრებულია მის მიერ შექმნილი არაერთი შესანიშნავი მხატვრული სახით და ალბათ მით უფრო საინტერესო გამოწვევაა არტისტისთვის კიდევ ერთი, წინა პერსონაჟებისგან აბსოლუტურად განსხვავებული როლის შექმნა. ნინელი ჭანკვეტაძის ჯუნა არ ჰგავს მსახიობის მიერ ადრე განსახიერებულ არცერთ მხატვრულ სახეს. ეს არის ნარკოდამოკიდებული ქალი, უმძიმესი წარსულით, ბავშვობის ტრავმებით, კიბოსგან გამოწვეული მუდმივი ტკივილით, რომელიც კარგავს ქმარს და საბოლოოდ წყვეტს ქალიშვილებთან ურთიერთობის იმ წვრილ ძაფებს, რომელსაც წლების განმავლობაში როგორღაც მაინც ინარჩუნებდნენ. ამ პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულება მთელი სპექტაკლის განმავლობაში გეცვლება - ხან თანაუგრძნობ, გეცოდება, გესმის მისი, ხან კი გაოცებს და გაბრაზებს მისი ეგოიზმი, დაუნდობლობა შვილებისა და ახლობლების მიმართ. ნინელი ჭანკვეტაძის პერსონაჟთა გალერეა ნამდვილად გამდიდრდა ძლიერი ქალის კიდევ ერთი, გამორჩეული სახით.
ის მაყურებელი, ვინც ეკა მჟავანაძეს მხოლოდ მისი კომედიური როლებით იცნობს, ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ დარწმუნდება, რომ ის არა მხოლოდ შესანიშნავი სახასიათო არტისტია, არამედ თანაბარი ძალით შეუძლია ინტელექტუალური დრამის სიღრმეებში ჩასვლა. ცოლ-ქმრის - ეკა მჟავანაძის და ვალერი კორშიას საოცრად ბუნებრივი და ორგანული დუეტი განსაკუთრებულ ელფერს სძენს სპექტაკლს. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ უფროსი თაობის მსახიობები განსაკუთრებით ფაქიზად გრძნობენ პიესის ჟანრს, ძალიან ოსტატურად დადიან ტრაგიკომიკურის ზღვარზე და შესაბამის ტონალობას კარნახობენ შედარებით ახალგაზრდა მსახიობებს, რომლებიც ასევე ძალიან საინტერესო და ღრმა მხატვრულ სახეებს ქმნიან. ამ წარმოდგენაში მონაწილე არცერთი მსახიობი არ ცდილობს „საბნის თავისკენ გადაქაჩვას“, არტისტული თვალსაზრისით ზომაზე მეტად თავის გამოჩენას, ისინი უბრალოდ თავიანთი სცენური ცხოვრებით ცხოვრობენ. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა რეჟისორის გადაწყვეტა, როდესაც ცენტრალური სცენების პარალელურად, მოქმედება სხვა „ოთახებშიც“ მიმდინარეობს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მნიშვნელოვანი სცენების გათამაშებას, პირიქით - ერთგვარ ფონს და განწყობილებას ქმნის.
როგორც წესი, როდესაც სპექტაკლში წინა პლანზე მოდის ასეთი ძლიერი სამსახიობო ანსამბლი, მის უკან აუცილებლად იმალება კარგი რეჟისორი, რომელმაც ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა ჟღერდეს ეს ანსამბლი. „სახლი აგვისტოს მზეზე“ ისეთი სპექტაკლია, სადაც თითქოს რეჟისორი ძალიან მკვეთრად არ ჩანს, მაგრამ მისი მხატვრული გადაწყვეტა, პრინციპული პოზიცია ჩანს ყველა სცენაში, ყველა დიალოგსა თუ მონოლოგში, ყველა წვრილმანში, მსახიობების მიერ შექმნილ სახეებში. ალბათ შემთხვევითი არ არის ისიც, რომ სპექტაკლის ცენტრალურ მუსიკალური ღერძად რეჟისორმა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწერილი არაჩვეულებრივი სიმღერა „მაგნოლია“ აირჩია, რომელიც ორმა უნიჭიერესმა ქართველმა ქალმა შექმნა - ანა კალანდაძის ლექსისთვის მუსიკა ცინუკი (ნინო) დადიანმა დაწერა. სწორედ მისი შესრულებით ჟღერს ეს სიმღერა სპექტაკლის სხვადასხვა ეპიზოდში და ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარ დატვირთვას ატარებს. საერთოდ, ამ სპექტაკლში ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც ზედმეტად არ გხვდება თვალში, თუმცა მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს - თუნდაც დოკუმენტური ფილმი, რომელსაც სპექტაკლის დასაწყისში უყურებს ვალერი კორშიას პერსონაჟი. ეს ფილმი ველურ ბუნებაზეა, მტაცებელ ცხოველებზეა და ესეც არ არის შემთხვევითი, რადგან ამ წარმოდგენის პერსონაჟებიც ცხოველებს ჰგვანან - ზოგი მტაცებელია, ზოგი ბალახისმჭამელი, ზოგი საკუთარ სოროში შემალული მღრღნელი, ზოგი თავს ესხმის, ზოგი კი თავს იცავს... ეს თემა იშლება ე.წ. ქელეხის დროსაც, როდესაც ლიზი (თინი კვერნაძე) საუბრობს იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა იყოს ვეგეტარიანელი. მოზარდი უფროსებს უხსნის, რომ დაკვლის დროს ცხოველი შიშს განიცდის და თითქოს ადამიანები, როდესაც ხორცს ვჭამთ, მათ შიშსაც ვშთანთქავთ. ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ეს მოსაზრება, მაგრამ ამაში სიმართლის ნაწილიც არის - ჩვენ ხომ ხშირად ერთმანეთის შიშითაც ვიკვებებით.
ამ ოჯახში, (ისევე, როგორც ბევრ სხვა ოჯახში) ყველას რაღაც აქვს დასამალი, ყველას საკუთარი საიდუმლოს გამოაშკარავების ეშინია, ერთმანეთს არ ენდობიან, მუდმივად განიზიდავენ ერთმანეთს, უახლოესი ადამიანები დიდხანს ერთ სივრცეში ვერ ჩერდებიან; ზოგჯერ იქმნება იმის ილუზია, რომ მათ უყვართ ერთმანეთი და ოჯახის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მაყურებელი ხვდება, რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითია. ის ერთადერთი საყრდენი, ვინც ავად თუ კარგად მაინც ახერხებდა მათ გაერთიანებას, საკუთარი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან და ალბათ ამ უკანასკნელი ნაბიჯით სცადა ცოლის, ქალიშვილების და ოჯახის ახლობლების უკანასკნელად შეკრება. ამ სპექტაკლის პერსონაჟებს მუდამ თან სდევთ წარსული, რომელსაც სულ უნდათ გაექცნენ, დაივიწყონ, მეხსიერების რომელიღაც ბნელ ჯურღმულში შეტენონ, მაგრამ ის მაინც თავს არ ანებებს, მათ აწმყოს და მომავალსაც განაპირობებს.
„სახლი აგვისტოს მზეზე“ არ არის სპექტაკლი ერთ ოჯახზე, ის ეხება უნივერსალურ პრობლემებს, რომელიც ისევე აწუხებს ქართველ მაყურებელს, როგორც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. თუ გიყვართ ემოციებით დატვირთული ინტელექტუალური დრამა, ეს სპექტაკლი ნამდვილად თქვენთვისაა.