
„თქვენ რა იცით, რა არის ნამდვილი ტკივილი?“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

25.11.2025
ლელა არაბიძე
„თქვენ რა იცით, რა არის ნამდვილი ტკივილი?“
სახლი აგვისტოს მზეზე - სპექტაკლი თავისუფალ თეატრში
ალბათ ტკივილია, როდესაც რვაფეხებით სავსე აუზში ხტები, რვაფეხები თავს გესხმიან და თავის გადარჩენას ცდილობ, მაგრამ აუზში ბევრი რვაფეხაა, მათ შენი განადგურება სურთ, სადაცაა შეგჭამენ, ეს პროცესი ადვილი არ იქნება, შენ ტკივილს იგრძნობ, ტკივილი სწრაფად გაძლიერდება, ერთიანად მოგიცავს, აღელდები, თავდასხმა იმდენად ძლიერი იქნება, რომ ვერაფერს გააწყობ, მხოლოდ ტკივილი, ტკივილი, ტკივილი...
ეს ხდება მაშინ, როდესაც ოჯახი ერთად იკრიბება და მათი შეკრება სწორედ რვაფეხებით სავსე აუზში ჩახტომას ემსგავსება, ოჯახში სულ ხუთი წევრია: დედა, მამა და მათი სამი ქალიშვილი. მათი ცხოვრების მიღმა ბევრი ამბავი იმალება, ამ ამბების შემდეგ ისინი გახდნენ ისეთები, როგორებიც გახდნენ - რთულები, წინააღმდეგობებით სავსენი, ემოციურები, გულგრილები, აგრესიულები, წყინთ, უხარიათ, განიცდიან და... სტკივათ!
თავისუფალ თეატრში ახალგაზრდა რეჟისორ ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლზე „სახლი აგვისტოს მზეზე“ შესვლისთანავე ერთი შეხედვით არეულ და ქაოსურ ოჯახურ გარემოში აღმოჩნდებით, მაყურებლის დარბაზში შესვლისას ერთ-ერთ პერსონაჟს უკვე მტვერსასრუტი მოუმარჯვებია და სახლს ასუფთავებს, მეორე ტელევიზორს უყურებს, მესამეს უთო დარჩა ჩართული, მეოთხე ლოგინში მოკუნტულა, კიბო აქვს! ეს ოჯახი უკვე დაბინავებულა, აქ ცხოვრობს და ჩვენ თვალწინ გადის მძიმე განსაცდელს, რომელიც ყველა ოჯახის ცხოვრებაში დგება ოდესმე.
„აგვისტო - ოსეიჯის ოლქი“ თანამედროვე ამერიკელი ავტორის, პულიცერის პრემიის მფლობელი სცენარისტის, რეჟისორისა და მსახიობის ტრეისი ლეტსის პიესაა, რომლის მიხედვით ცნობილი ჰოლივუდური ფილმია გადაღებული, საქართველოში კი პირველად დაიდგა (თარგმანი დავით გაბუნიას ეკუთვნის). ეს არის 2 მოქმედებიანი დრამა, რომელიც თავისუფალ თეატრში დაახლოებით 150 წუთის განმავლობაში გრძელდება და, ქართულ ვერსიაში, ოქროყანაში მცხოვრებ ოჯახზე მოგვითხრობს. მაყურებელი 150 წუთის განმავლობაში ამ ოჯახში შედის, იქვე დივანზე ჩამოჯდება და აკვირდება დამოკიდებულებებს, ცხოვრების წესს, შეძრწუნდება, ეტკინება - ეს ტკივილი 150 წუთის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან თეატრი ხომ სწორედ ამისთვისაა - იგრძნო, განიცადო... თავისუფალ თეატრში ნიკა ჩიკვაიძის დადგმული სპექტაკლი ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას, მაყურებელი არასოდეს დუნდება - ანტრაქტის დროსაც კი სცენაზე მოქმედება თითქოს არ სრულდება, სახლი ისევ არეულია, ვიღაც ისევ დადის - აქ და ახლა არაფერი დამთავრებულა.
სპექტაკლში შექმნილი გარემო, რომელზეც მხატვარმა ანანო დოლიძემ იმუშავა, სრულად ასახავს რეჟისორის ჩანაფიქრს - მაყურებელმა თავი იმ ადამიანების სახლში იგრძნოს, ვისზეც სცენიდან გვიყვება, ყველა დეტალი: ოთახები, რომლებსაც ხელოვნური „საზღვარი“ ჰყოფს ერთმანეთისგან, სამზარეულო თავისი ინვენტარით, აივანი და სახლის შესასვლელი და სრულიად შთამბეჭდავად წარმოდგენილი პარალელური სცენები - პარალელურად მიმდინარე რამდენიმე სცენა და არც ერთში დაკარგული დინამიკა, არც ერთში დაკარგული რიტმი, არც ერთში ტექნიკური გაუგებრობა. თუ, მაგალითად, საძინებელში დედა შვილს ესაუბრება, სამზარეულოში სტუმრები მაგადას მისხდომიან, აივანზე კი დანარჩენი სტუმრები კარტს თამაშობენ, - მაყურებელი სამივე სცენას აკვირდება, სამივე სცენას უცქერს და ეს ისე ბუნებრივად არის გადაწყვეტილი, არც ერთი წამი არ მოადუნებ ყურადღებას, ვერ მოადუნებ, ყველგან თანაბრად გაინტერესებს რა ხდება, ყველგან თანაბრად უყურებ და ყველგან თანაბრად გრძნობ ძალას, რომელსაც შეუძლია წაგაქციოს, გადაგთელოს, გატკინოს.
ოჯახის დიასახლისს კიბო აქვს, კიბო და რთული ხასიათი. დამამშვიდებლებს სვამს. არა, იმიტომ არა, რომ კიბო აქვს, ხასიათი ისედაც სულ მძიმე ჰქონდა და დამამშვიდებლებსაც სულ სვამდა, მთელი ცხოვრება, არასოდეს შეუწყვიტავს მათი მიღება, ამით ბავშვობის ტრავმებს აბალანსებდა, იმ შოკს აბალანსებდა, ბავშვობაში რომ მიიღო. მაგალითად ახალი წელია, ის პატარა გოგონაა, საჩუქარს ელოდება ნაძვის ხესთან და დედას ლურჯი ბოტი სთხოვა, მხოლოდ ლურჯი ბოტი უნდოდა, სხვები ალბათ ახალ წელს ბაფთებიან თოჯინებს ითხოვდნენ, ჯუნამ ბოტი ითხოვა, სამაგიეროდ კი ჭუჭყიანი, ნახმარი ბოტი მიიღო - მოდი და ამის მერე ნუ იქნები აგრესიული! ნუ იქნები რვაფეხა და ნუ დაიწყებ ყველას ჭამას გარშემო, ყველას, შვილებისაც კი!
ჯუნას როლს ქართული თეატრის გამორჩეული სახე - ნინელი ჭანკვეტაძე ასრულებს. მისი ბევრი სახიერი და დასამახსოვრებელი როლი ახსოვს ქართველ მაყურებელს, მაგრამ ვფიქრობ, ჯუნა ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია მის შემოქმედებით პალიტრაში, დაბერებული, გაუბედურებული, დაუძლურებელი - მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერი იმისათვის, რომ გარშემომყოფები მოშხამოს, კონტროლი არაფერზე დაკარგოს, ხან იტიროს, ხან საკუთარი თავი შეეცოდოს, ხან სიკვდილი ინატროს, მაგრამ სულ ახსოვდეს, რომ ყველა აკონტროლოს, ყველას ემოციები აკონტროლოს, მხედველობის არედან არ გამორჩეს, რომ მის უმცროს ქალიშვილს, ნინის კარგი გემოვნება არ აქვს, სტილი არ აქვს (და ამაზე აუცილებლად საჯაროდ უნდა მიუთითოს!) შუათანა ქალიშვილს, ნატას პირადი ურთიერთობები არ გამოსდის - ჯუნას შეუძლია სუფრაზე საზოგადოების წინაშე განიკითხოს ის, შეუძლია უფროსი ქალიშვილი მარიამი გამუდმებით დაადანაშაულოს იმაში, რომ საზღვარგარეთ წავიდა და მამის იდეალები მიატოვა, მოკლედ ჯუნა ყველგანაა, ყველგანაა და მაინც მარტოა საკუთარ საძინებელში, მოკუნტული, კიბო აქვს, ტკივილებს ებრძვის, მაგრამ ეს ტკივილები რაა იმასთან შედარებით, რაც გულში აქვს, - „თქვენ რა იცით, რა არის ნამდვილი ტკივილი?“ - უყვირის სამ ქალიშვილს და ისევ საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, იქ, საძინებელში. მარტოა.
ოჯახი ერთად მაშინ იკრიბება, როდესაც მამა გაუჩინარდება - ჯუნას მეუღლე-პოეტი ნოდარი, რომელიც სპექტაკლში საერთოდ არ ჩანს. ის გაუჩინარდა და ოჯახს სადარდებელი გაუჩინა, სად წავიდა ნოდარი? ნოდარისა და ჯუნას უმცროსი და ყველაზე დაჩაგრული გოგონა - ჩუმი და უთქმელი ნინია, რომელიც მშობლებთან ცხოვრობს და იღებს პასუხისმგებლობას - მოუაროს ავადმყოფ დედას, მარტო ზიდოს ეს და სხვა ბევრი ტვირთი. ანა გვანცელაძე წარმოგვიდგენს მორიდებულ შვილს, სინამდვილეში უბედურ ადამიანს, რომელსაც საბოლოოდ პასუხისგება მოუწია ყველას შეცდომის გამო - მამის, რომელიც ცოლს საუკეთესო მეგობართან ღალატობდა, დედის - რომელიც ჩუმად იყო, როცა ხედავდა ამ ღალატს. ამ ყველაფერმა კი, საბოლოოდ ნინის ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა - საკუთარი ძმა შეუყვარდა. ნინი მსხვერპლია, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრები.
შეიკრიბნენ, დები ჩამოვიდნენ - მამა დაიკარგა და ჩამოვიდნენ - ერთი ბერლინიდან, მეორე ბათუმიდან - აკი ორივეს თავისი ცხოვრება აქვს... მეტ ნაკლებად „დალაგებული“.
სინამდვილეში კი..
ანა ალადაშვილის პერსონაჟი - უფროსი ქალიშვილი მარიამი დედის ფავორიტია, მაგრამ სპექტაკლში ყველაზე დიდი კონფლიქტის ხაზი სწორედ მათ შორის გვხვდება. ანა ალადაშვილი მხატვრული სინამდვილით ასახავს ერთი შეხედვით რეალიზებული, ევროპაში მცხოვრები ქალის როლის, მაგრამ ამის მიღმა რამდენი ტრავმა იმალება, რამდენი სირთულე, რამდენი ტყუილი, რამდენი პრობლემა ქმართან, რომელსაც ოფიციალური საყვარელი ჰყავს და თინეიჯერ შვილთან, რომელიც ამასობაში საკუთარ თავს კარგავს და დედის დახმარება ძალიან სჭირდება. ლიზა (თინი კვერნაძე) 15 წლის ასაკში გაურკვევლობასა და აგრესიას მოსაწევით უმკლავდება, სახლში აურზაურია, დედა განრისხებულია, შხამის საცეცებშია მოქცეული ყველა, ოთახები ბარიკადებით არის შემოსაზღვრული, ყველას თავისი საზღვარი აქვს. ოჯახი იკრიბება, დაკარგული მამა თბილისის ზღვის ფსკერზეა - თვითმკვლელობა გადაუწყვიტავს, ამიტომ ოჯახი იკრიბება... და აუზი რვაფეხებით ივსება.
პირველივე სცენაში ვხედავთ ოჯახის ახლობლებს - ეს ლიანას და ნუკრის წყვილია - ეკა მჟავანაძე და ვალერი კორშია თითქოს მეგობრის მხარდასაჭრად მოდიან ჯუნას ოჯახში, სინამდვილეში კი ეკა მჟავანაძის ლიანა სხვის ოჯახში ცხვრის ყოფს, (როგორც შემდეგში აღმოჩნდა, არა მხოლოდ ცხვირს), ყველაფერში ერევა. მსახიობი ზუსტად ხატავს ასე ნაცნობი შორეული ახლობლის როლს, რომელიც ყველას გვყავს გარშემო, ეკა მჟავანაძის პერსონაჟი სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ტრაგიკული ქალია, შვილი საუკეთესო მეგობრის ქმრისგან გააჩინა, მთელი ცხოვრება ტყუილში იცხოვრა და აცხოვრა ქმარი - ხორცისმოყვარე ნუკრი (ვალერი კორშია). არა, ნუკრის მხოლოდ ხორციანი კერძების მირთმევა არ უყვარს, სახლშიც შეუძლია მაგალითად სანტექნიკის შეკეთება, ასევე, ნუკრი იღებს შვილს, პატარა ნუკრის (ირაკლი კერესელიძე), ისეთს, როგორც არის - დაბნეულს, სუსტს (კარტის თამაშიც კი არ გამოსდის!) მაგრამ ლიანა - ვერა! ლიანა სულ იმის მცდელობებშია, შვილი გამოასწოროს, საჯაროდ მიუთითოს სისუსტეზე, დაღუპოს. აკი დაღუპა კიდეც - საკუთარი და შეუყვარდა სათუთ და დაბნეულ ნუკრის ჯუნასა და ნოდარის უმცროსი ქალიშვილი ნინი...
ყველა შხამის საცეცებშია გაბნეული, ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი თითქოს სწრაფად და უხეშად გვაწნის სილას სახეში, ყველაზე მძაფრი ნატურალიზმით გვიჩვენებს სინამდვილეს, რომელიც მხატვრული სულაც არაა, რომელიც გთელავს და განგრევს, როგორც მარიამს ანგრევს ქმარი - სანდრო (ნიაზ ხუციანიძე) არა, მხოლოდ ღალატით არა - სიმართლით, რომ მარიამიც ისეთივე ტოქსიკურია, როგორც დედამისი ჯუნა, რომ არა, - მათი ურთიერთობა ვეღარ განვითარდება, სანდრო ხელს მოკიდებს შვილს და წავა ბერლინში - ნახვამდის, მარიამ!
მტკივნეული და ურთულესია ეპიზოდი, რომელიც 15 წლის ლიზასა და ნატას (ნუცა სულაბერიძე) შეყვარებულს რატის შორის ვითარდება, რატი, (ლაშა ჯუხარაშვილი) რომელიც რა თქმა უნდა, ჯუნამ პირველივე შეხვედრაზე „გაშიფრა“ და მიხვდა ვინც არის - ამაზრზენი, მოტრაბახე ადამიანი, თუმცა ნატას მოტყუებას რა უნდა, არაჯანსაღი ურთიერთობები მისთვის არ ახალია, ასეთი ურთიერთობა აქვს დედასთან, ჰქონდა მამასთან, აქვს დებთან და მაშინაც კი, როდესაც მის საქმროს უტიფრად გამოიჭერენ 15 წლის ლიზასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობისას, არაფერს ეუბნება და პედოფილ მოძალადესთან ერთად ტოვებს სახლს - მატყუარა და ბილწ რატისთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში ბალიზე მაინც წავა!
ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი აბსოლუტურად ანსამბლურია, მსახიობები ზუსტად გრძნობენ ჟანრს - ყველა დამაჯერებელი, შემზარავი ნატურალიზმით წარმოგვიდგენს მათ პერსონაჟებს, ისინი გვეცოდებიან, გვიყვარდებიან და გვტკივა. ნინელი ჭანკვეტაძის გარდასახვა რამდენიმე სცენაში უმაღლეს სინამდვილეს აღწევს. „თქვენ რა იცით, რა არის ნამდვილი ტკივილი!“ ეუბნება ის შვილებს მაშინ, როდესაც ყველაფერი უკვე ითქვა, ყველაფერი გამჟღავნდა და ახლა ყველაფერი სულ ერთი გახდა, ამ დროს მაყურებელს ეუფლება განცდა რომ კი, ვიცით რა არის ნამდვილი ტკივილი, რადგან ის, რაც სცენაზე ვნახეთ, უფრო მეტი იყო, ვიდრე ტკივილი, რადგან იმან, რამაც 150 წუთის განმავლობაში მოგვაჯადოვა, უფრო მეტი იყო, ვიდრე ემოცია, ამიტომ მის ფრაზას მაყურებელი ერთი ამოსუნთქვით ეხმიანება: დიახ, უკვე ვიცით, ვიგრძენით, თეატრი სწორედ ამისთვისაა...
ჯუნასგან ყველა წავიდა, ის მარტოა, დაბერებული, დამფრთხალი, გაუბედურებული. და სრულიად მარტო - მისგან ყველა შვილი წავიდა. ყველაზე მტკივნეულად მარიამი წავიდა. მიხვდა, რომ დედას ემსგავსებოდა, შეეშინდა და წავიდა. მისგან ნოდარიც წავიდა - აკი თავი მოიკლა, ოღონდ დარბაზში შემზარავი სიჩუმე არ დადგა - ფინალი იყო მძიმე, ხმაურიანი და რეალისტური. ჟღერდა ცინუკი დადიანის ცნობილი „მაგნოლია“ (ნიკა ჩიკვაიძე მუსიკალური გაფორმების დიდოსტატია! ) „ო ასეთი წუთი- დაუბრუნებელი, შენც ხომ არ გქონია“ - ჯუნა მარტო დარჩა კიბოსთან ბრძოლაში, ეს წუთი დაუბრუნებელი გახდა, შვილები უკანმოუხედავად გაიქცნენ, ქმარი თბილისის ზღვის ფსკერზეა, საზოგადოება შეუბრალებელია და მანკიერი, საშველი არსაიდან ჩანს და შენ აუზში ხტები. აუზი რვაფეხებითაა სავსე და ტკივილს გრძნობ, ყველაფერმა გაიარა, ამიტომ ახლა შენ უკვე იცი, რა არის ნამდვილი ტკივილი...