top of page

სათქმელის გარეშე დარჩენილი ჩეხოვი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

712484487_1447513744086306_6021239721863093983_n.jpg

24.07.2026

სალომე გულიაშვილი

სათქმელის გარეშე დარჩენილი ჩეხოვი

 

გასული საუკუნის უდიდესი რუსი მწერლისა და დრამატურგის ანტონ ჩეხოვის შემოქმედება დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები, თავიანთი რთული ემოციური მდგომარეობით, რომლებიც ამ ცხოვრების აზრის ძიებაში არიან დაკარგულები და საბოლოოდ ამ ძიების პროცესის უაზრობაში დარწმუნებულები უსასრულო უიმედობაში გადაშვებულან, ახერხებენ თანამედროვე ადამიანების შინაგან სამყაროში შემოღწევას და ჩვენი სულის აფორიაქებას. ჩეხოვთან ყველანი მარტოსულები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო ყოველთვის უამრავი ადამიანი ტრიალებს. მიუწვდომლისაკენ ლტოლვა, საკუთარი დანიშნულების პოვნის სურვილი, არსებულ გარემოში ყოფნით გამოწვეული მუდმივი დისკომფორტის შეგრძნება, ყოფიერების ერთფეროვნება და ამით განპირობებული უსიცოცხლო ყოველდღიურობა — ეს ის თემებია, რომლებიც ჩეხოვის ყველა ნაწარმოებს ფონად გასდევს. პერსონაჟებს შორის გამართული დიალოგები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ისინი ერთმანეთს არც კი უსმენენ. მათ მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზა შინაგანი მონოლოგია, რომლის გაანალიზებაც მხოლოდ თავად შეუძლიათ.

„თოლია“ ჩეხოვის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიესაა. მასში ავტორი საუბრობს ხელოვნების დანიშნულებასა და დროსთან ერთად მის ცვალებად ხასიათზე, თაობათა შორის დაპირისპირებაზე, დიდ ოცნებებსა და იმედგაცრუებებზე, მიუწვდომელ, ცალმხრივ სიყვარულზე. „ტბის ნაპირზე ბავშვობიდან ცხოვრობს ყმაწვილი ქალი, ისეთი, როგორც თქვენ; უყვარს ტბა, როგორც თოლიას, და ბედნიერია, თავისუფალია, როგორც თოლია. მაგრამ შემთხვევით გამოჩნდა ადამიანი, დაინახა და უსაქმურობისგან დაღუპა იგი, როგორც აი, ეს თოლია.“ - ამ სიტყვებს ტრიგორინი ნინასთან საუბრისას ამბობს, როდესაც ტრეპლევის მიერ გოგონასთვის მირთმეულ მოკლულ თოლიას ნახავს. ეს პატარა მონაკვეთი თითქოს მთლიანი პიესის სათქმელს ეხმაურება, ყველა პერსონაჟის სულის ამოძახილია. თითოეული მათგანი თოლიაა, რომელთა თავისუფლებისა და ბავშვური სილაღის შეგრძნებაც დაუნდობელ ადამიანურ ურთიერთობებსა და ცხოვრებას ეწირება. პიესას თან სდევს ჩეხოვისათვის დამახასიათებელი მელანქოლიური განწყობა, რასაც პერსონაჟების ეგზისტენციალური კრიზისი კიდევ უფრო აძლიერებს. ყველა არაფრის მომცემ ოცნებებსა და სურვილებს ეჭიდება, მაგრამ სანაცვლოდ იმას ვერ იღებენ რისი მოლოდინიც გააჩნიათ. ზოგიერთს კი საერთოდაც დაკარგული აქვს ყველანაირი იმედი, ისინი უბრალოდ დინებას მიჰყვებიან.

საქართველოში ჩეხოვის პიესების არაერთი დადგმა გვიხილავს სხვადასხვა რეჟისორის ინტერპრეტაციით. შესაბამისად, ყოველი ახალი სპექტაკლის მიმართ მოლოდინიც მაღალია. რთულია შეეჭიდო იმ ავტორის ნაწარმოებებს, რომლებიც მაყურებელს არაერთხელ უხილავს სცენაზე, და წარმატებით მოახერხო მათი ახალი პერსპექტივიდან ჩვენება. მიმდინარე წლის 29 მაისს თეატრალურ უნივერსიტეტში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე, შედგა „თოლიას“ პრემიერა, რომლის რეჟისორიც თეატრის რეჟისურის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი, ტარიელ კუბლაშვილია. სტრუქტურულად სპექტაკლი საკმაოდ მარტივი და მინიმალისტურია; რეჟისორი უარს ამბობს ჩახლართულ, მეტაფორულ გადაწყვეტებსა და რთულ, დატვირთულ სცენოგრაფიაზე (მხატვარი - სანდრო ჯავახიშვილი, მხატვრის ასისტენტები - მარიამ მიქიაშვილი, მარიამ ქოქაშვილი). სცენაზე რჩებიან მხოლოდ მსახიობები და ტექსტი. ერთი შეხედვით, შესაძლებელია ასოციაცია გაგიჩნდეს თემურ ჩხეიძისეულ ფსიქოლოგიურ თეატრთან, სადაც წინა პლანზე მსახიობი და პერსონაჟის შინაგანი სამყაროა წამოწეული. თუმცა, თემურ ჩხეიძისგან განსხვავებით, ახალგაზრდა რეჟისორი ამ დავალებას წარმატებით ვერ ართმევს თავს. პერსონაჟთა უმრავლესობა დასახვეწია, გამოსაკვეთია მათი მოქმედების მოტივები და განვითარების გზა.

სპექტაკლი იყოფა სამ მოქმედებად. რეჟისორის გადაწყვეტილებით, პირველსა და მეორე მოქმედებაში სცენების უმრავლესობა ავანსცენაზე ვითარდება. ვხედავთ პერსონაჟებს, რომლებიც გამოდიან, სცენის წინა ნაწილში სხდებიან და ერთმანეთთან დიალოგებს მართავენ — საუბრობენ სიყვარულზე, მარტოობაზე, ხელოვნებაზე, მოლოდინსა და იმედგაცრუებაზე. ტექსტის სიმდიდრისა და უამრავი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის მიუხედავად, საეჭვოა, რამდენად კარგად ახერხებენ მსახიობები მასში ბოლომდე ჩაწვდომას და ჩვენ თვალწინ თითოეული პერსონაჟის შინაგანი სამყაროს გაშიშვლებას. ეს ყველაფერი უფრო მეტად ტექსტის ზედაპირულ კითხვას ჰგავს, ვიდრე ღრმა ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ანალიზს. როდესაც რეჟისორული ჩანაფიქრით ძირითადი დატვირთვა სწორედ მსახიობებზე გადადის, რეჟისორმა იდეალურად, ზედმიწევნით უნდა მოახერხოს თითოეული სახის ჩვენ წინაშე გადაშლა და ეს პროცესი ტექსტის ზედაპირზე სიარულს არ უნდა დაემსგავსოს. თუმცა, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ეს მიზანი, რამდენიმე მსახიობის გარდა, თითქმის მიუღწეველი რჩება. მათგან მინდა გამოვარჩიო მარიამ გაბაძის მაშა, ანა ლევენეცის არკადინა და თორნიკე ფანქველაშვილის სორინი. ეს სამი მსახიობი სხვებთან შედარებით ბევრად უკეთ ახერხებს თავისი პერსონაჟის დამოკიდებულებებისა და განწყობების მაყურებლამდე მიტანას.

მესამე მოქმედება, წინა ორთან შედარებით, ბევრად უფრო ორგანულად და საინტერესოდ გამოიყურება. მაყურებელი პირდაპირ ტრეპლევის სამუშაო კაბინეტში აღმოჩნდება, რაც მეტი ინტიმურობის განცდას ქმნის. ვხედავთ, როგორ გადაადგილდებიან პერსონაჟები ერთ პატარა სივრცეში; რამდენიმე ეპიზოდში ისინი სცენაზე სრული შემადგენლობითაც გვევლინებიან და პარალელურად მიმდინარე რამდენიმე მოქმედებას გვთავაზობენ (ქორეოგრაფი — ნანა ბიბილაშვილი). რეჟისორისა და მხატვრების გადაწყვეტილებით პერსონაჟთა კოსტუმები და მესამე მოქმედების კაბინეტის დიზაინი ერთ კონკრეტულ ეპოქას შეესაბამება, ამ კუთხით თანამედოვეობასთან კავშირი არ არსებობს.

მუსიკალური კომპოზიციები ნაკლებად გამოიყენება; ძირითადი დატვირთვა მსახიობებს შორის დიალოგებზე, ტექსტებს შორის პაუზებსა და სიჩუმეზეა გადატანილი. მუსიკა მხოლოდ კონკრეტული ეპიზოდების ფონად გვევლინება და პერსონაჟთა განწყობას ასახავს.

მაინც რისი თქმა სურს რეჟისორს საკუთარი ინტერპრეტაციით? ამ კითხვაზე პასუხი ბუნდოვანია, რადგან სპექტაკლში მკვეთრი აქცენტები არ არის დასმული. ეს უფრო მეტად ჩეხოვის ტექსტის კითხვას ჰგავს, ვიდრე ინდივიდუალურ ნამუშევარს. ჩემი აზრით, ეს არის ფსიქოლოგიური თეატრის მცდელობა, სადაც მთავარ მიზანს პერსონაჟთა ფსიქოლოგიის კვლევა წარმოადგენს, თუმცა ამ ჩანაფიქრს სიმკვეთრე და დახვეწა აკლია. ერთადერთი, რაც შედარებით შესამჩნევია, ის არის, რომ პერსონაჟები თავისი ბავშვური ოცნებებისათვის იბრძვიან, რათა აღიარება მოიპოვონ, თუმცა საბოლოოდ იმაზე უარეს მდგომარეობაში ვარდებიან, ვიდრე გზის დასაწყისში იყვნენ. თუმცა ეს ის საკითხია, რომელიც ჩეხოვთან ისედაც თვალსაჩინოა და რეჟისორი ახალს არაფერს გვთავაზობს, საკუთარ დამოკიდებულებას არ გვაჩვენებს. ჩეხოვი რჩება ძირითადი სათქმელის გარეშე, რაც მის დრამატურგიაში ასახულ ტრაგედიებზე უფრო დიდ ტრაგედიადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.

bottom of page