top of page

სარკევ, სარკევ, მითხარი...

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

received_361802432404970.jpeg

ნუცა კობაიძე

სარკევ, სარკევ, მითხარი...

 

„ბედისწერა წაიყვანს პიროვნებას თუ იგი დაემორჩილება მას,

თუ წინ აღუდგება - წაათრევს“ - ვ.ერქომაიშვილი.

ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანის“ (თეატრი ათონელზე) შემდეგ რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი ხელს ჰკიდებს „მოდერნიზმის მამად“ წოდებულ ნორვეგიელ დრამატურგს ჰენრიკ იბსენს და თავისუფალ თეატრში დგამს სპექტაკლს „მოჩვენებები“ („მოჩვენებანი“). წინა წარმოდგენისგან განსხვავებით, რეჟისორი რჩება დრამის ერთგული და ტრადიციულ სადადგმო ფორმას გვთავაზობს, რაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩდა თეატრალური საზოგადოებისთვის. ჩვენ ხომ საბასგან შეჩვეული ვართ მისეულ ინტერპრეტაციებს, სკანდალურ და ეპატაჟურ წარმოდგენებს.

ბედისწერა ყველაზე ძველი და უცვლელი თემაა, რაზეც იქმნება როგორც ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა, ასევე სპექტაკლები. სანამ კაცობრიობა არსებობს ის აქტუალურობას არ დაკარგავს, რადგან, როგორც სიკვდილის რაობაში  ცდილობს გაერკვეს ადამიანი, ასევე მსჯელობის საკითხია და ამოუცნობი ბედისწერაც, მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას რომ გვაძლევს ხელოვანებს და მეცნიერებს.

ანდრია ვაჭრიძეს აქამდე ვიცნობდით, როგორც ნიჭიერ მსახიობს, რომელიც საბას არაერთ სპექტაკლში გვინახავს. ამჯერად, რეჟისორი მას ანდობს სპექტაკლის გაფორმებას და თუ ამ პირველი ნამუშევრით ვიმსჯელებთ, ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ მისი მომავალი წარმატება. მინიმალისტურია სცენის გაფორმება, სადაც მხოლოდ სპექტაკლისთვის საჭირო რეკვიზიტები გვხვდება. მხატვრულ-ესთეტიკური ასპექტით ყველაზე მნიშვნელოვანი მრგვალი ფორმის სარკეა, რომელიც სასადილო მაგიდის თავზე, ჭერიდან დაშვებული ტროსებით დამრეცად ჰკიდია. ის უსულო მთავარი გმირია. ანარეკლის გამოყენებით ჯვარცმის ილუზიას ქმნის რეჟისორი, რის გარეშეც, უბრალოდ მაგიდაზე წამოწოლილ ოსვალდს (გივიკო ბარათაშვილი) დავინახავდით. ეს მიზანსცენა აბსოლუტურად საკმარისია, ზედმეტი და ბანალურია ავანსცენაზე მაყურებლისკენ დახრილ ჯვართან იესოს იმიტაცია. ასევე გაურკვეველია, რატომ არის ჯვარი გამოჭრილი,  შიგნით რატომ დევს სანთელი, თუ ის არ ასრულებს თავშესაფრის ფუნქციას, რომელიც ფინალურ სცენაში იწვის.

არც ერთი პერსონაჟი არ იმჩნევს სარკის არსებობას, თითქოს გაურბიან საკუთარი თავების დანახვას, აქ სარკე მათი დაფარული სურვილების სიმბოლოა. დურგალი ენგსტრანდის (სლავა ნათენაძე) და მისი ქალიშვილის, რეგინას (ვიქტორია ბოკერია),  საუბრისას სარკეში მკვეთრად ვხედავთ ბაფთიანი გოგონას ზურგს, რომელსაც „მამა“ პროსტიტუციას სთავაზობს მეზღვაური კლიენტების გასართობად. აქ კი სარკე ამხელს ოჯახის სიმახინჯეს. 

ვიქტორია ბოკერიას პერსონაჟი (მოახლე რეგინა) შეპყრობილია დაბალი ფენის კომპლექსით. როგორც კი იგებს თავის წარმომავლობას, ნაცვლად იმისა, რომ თავზარი დაეცეს საკუთარ ძმასთან ინტიმური ურთიერთობის გამო, ის მხოლოდ წამიერად შეიცხადებს, სწორდება მხრებში, თავს მაღლა სწევს და იწყებს სამომავლო გეგმების დასახვას. საინტერესო მიზანსცენა და კარგი მიგნებაა, როდესაც რეგინა ხმაურის გამოსაწვევად სკამს ისვრის, თითქოს ოსვალდი მასზე ძალადობს, სხვების გასაგონად ყვირის: „ოსვალდ, ხელი გამიშვი“ და თან ვნებიანად ეფერება. ის წარსულის იმიტაციას აკეთებს და ამით იწვევს დიასახლისს. ელენა ალვინგს (ანი იმნაძე) ახსენდება მისი ქმრის ურთიერთობა მოახლე ქალთან და ამ დროს ჩნდებიან მოჩვენებები. “ჩვენ ყველა მოჩვენებები ვართ, ჩვენში თავს იჩენს მშობლებისგან გადმოცემული მემკვიდრეობა“. მსახიობი რაღაცას არ უნდა თამაშობდეს, ავტორის პერსონაჟს უნდა აცოცხლებდეს. რეგინა არ არის მარტივი როლი. ისიც იმ ოჯახის წევრია სადაც მოახლეა. საკუთარ ძმასთან გაუცნობიერებელი ინცესტი აქვს. აღმზრდელი მამა სხეულით ვაჭრობას სთავაზობს და მთელი რიგი სირთულეებით დატვირთული გმირის შესრულება რთული აღმოჩნდა ახალბედა მსახიობისთვის. კეთილშობილების ნიღაბს ამოფარებული ენგსტრანდი (სლავა ნათენაძე) თითქოს, მორჩილი, უსუსურ ადამიანს განასახიერებს. რთულია ითამაშო როლი როლში და თან მაყურებლის თანაგანცდა გამოიწვიო, რასაც მსახიობი ოსტატურად ახერხებს.

სარკე, როგორც ნარცისის სიმბოლო, გვხვდება უკვე გივიკო ბარათაშვილის გმირთან, ქალური საწყისებით, ნაზი მიხვრა-მოხვრით, სამკაულებითა და ხელოვანი ადამიანისთვის დამახასიათებელი ბოჰემური სტილით. წინა სპექტაკლის - „ღმერთების“ შემდეგ გივიკო ბარათაშვილის რადიკალურად განსხვავებულ თამაშის ხერხს ვხედავთ. მსახიობი სცენაზე ეპილეფსიური შეტევებით სულს უხუთავს მაყურებელს და რაც უფრო ძლიერია ეს შეტევა, მით უფრო ყოვლისმომცველია მისი ზემოქმედების ძალა. ავისმომასწავებელია სარკე, რომელიც ნელ-ნელა ეშვება მაგიდისკენ, სადაც ოსვალდი წევს და მას გულზე ჩასასვენებლის სახურავივით ეფარება. სარკის უკანა მხარეს თავშესაფრის მაკეტი იწვის, რომელიც მამის ხსოვნის პატივსაცემად უნდა გახსნილიყო - „ყველაფერი დაიწვა. არაფერი არ დარჩა მამის სახელის სამახსოვრო. მეც დავიწვები...“   რეჟისორი სწორედ ამ პერსონაჟით პროვოცირებს, ის ხომ განკაცებულ ღმერთთან ასოცირდება, რომლისთვისაც იბრძვის ანი იმნაძის გმირი, როგორც მარიამ მაგდალინელი და როგორც ღვთისმშობელი, ერთმანეთთან დაპირისპირებულნი. ჩვენ ვხედავთ დედის, როგორც მშობლის დამოკიდებულებას შვილის მიმართ, ასევე დამოკიდებულებას საყვარელი მამაკაცის მიმართ. კოსტიუმების მხატვარი ბარბარე ასლამაზი ამ დატვირთვით ქმნის მსახიობის მოსასხამს, რომელიც ღვთისმშობლის კვართთან ასოცირდება: გარედან ლურჯი - ცისა და მარადისობის, სიბრძნის, ცოდნის სიმბოლო, ხოლო შიგნით წითელი, რაც ბრძოლისა და მძვინვარების, დაუშრეტელი ენერგიის აღმნიშვნელია. ამით უპირისპირებს ორ მარიამს ერთმანეთს. სარკე აქაც სიმბოლურია - ქრისტიანობაში  განასახიერებს ქალწულ მარიამს. წმინდა მარიამს ხანდახან გამოსახავენ სარკით ხელში, რაც  შეუბღალავი სიწმინდის სიმბოლოა. ის ასევე ჩვილი იესოს სიმბოლოც გახლავთ.

სარკეს გააჩნია მთვარისეული სიმბოლიკა, განასახიერებს მზის დისკს და აღნიშნავს მთვარის შუქის ანარეკლს. მთელი ორი მოქმედება ჩაკეტილ სივრცეში ღამე ვითარდება. მხოლოდ ფინალში იღება კარი და შემოდის სინათლე. ერთი მეორეს ანაცვლებს. როგორც სარკეში ჩახედვისას ვერ გაექცევი საკუთარ ანარეკლს, ასევე ვერ დაემალები ბედისწერას. ის საკუთარი თავის შესწავლის, შემეცნების მთავარი საგანია. მიუხედავად იმისა რომ ქრისტიანული რელიგია უარყოფს ბედისწერას, პიესაში ის გარდაუვალი ხდება პასტორის (აჩიკო ბარათაშვილი) მეშვეობით, მისი ძალისხმევით შენარჩუნდება დაღუპვისთვის განწირული ოჯახი. აქვე გვიჩნდება კითხვა, არსებობს კი ბედისწერა? თუ ეს პასუხისმგებლობებისგან თავის არიდების გზაა, დანაშაულების გადაბრალება იმ ვიღაცაზე ან რაღაცაზე ვინც გვგონია, რომ ჩვენს დაბადებამდე დაწერა ეს. „ბედისწერა ადამიანს მაშინ ასამართლებს, როცა ღმერთისგან შემოთავაზებულ მცნებებს არღვევ. ადამიანის ხვედრი განპირობებულია არა ბრმა ბედისწერით, არამედ მისივე ქმედებით“ (მანანა ჭიჭინაძე, მიხეილ ჯავახიშვილის „ბედი-მდევარი“).

პასტორი მანდერსის (აჩიკო ბარათაშვილი) პიროვნების პრობლემა ყოველთვის აქტუალური იქნება. ეს არის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ აზრს საკუთარზე წინ აყენებს, ან სულაც არ გააჩნია საკუთარი აზრი, არ კითხულობს „მიუღებელ“ წიგნებს და განსჯის ბრმად - „ასეთ საგნებზე არ ლაპარაკობენ, ფრუ ალვინგ. სულაც არაა საჭირო ყველას აუწყოთ, თუ რას კითხულობთ და რას აკეთებთ თქვენს ოთხ კედელს შორის“. სწორედ ასე გამოკეტა ოთხ კედელში ქალი თავის ქმართან და აღარ დაინტერესდა მისი ცხოვრებით, რაც საბედისწერო აღმოჩნდა. მანდერსი ბრიყვი ადამიანია, რომელიც სიკეთის კეთების სურვილით ბოროტებას ჩადის.

„მე თუ მკითხავთ ნაკვთებით უფრო პასტორს ჰგავს“ - ეს, ფრუ ალვინგის მიერ თითქოს, სხვათა შორის წამოსროლილი სიტყვები თავის შვილთან მიმართებაში, ამძაფრებს სიუჟეტს. შესაძლოა, რომ შვილი მოძღვრისგან ჰყავდეს ან უბრალოდ ბოროტი ხუმრობა იყოს.  „სრულიად არ ვიცნობდი მამას, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ერთხელ მისი წყალობით გული ამერია“.

პასტორის ოთახში შემოსვლისას ანი იმნაძე კაბას იწევს და ფეხებს იშიშვლებს, მაცდურად სთავაზობს ღამის გათევას თავის სახლში. მის წინაშე მუხლებზე დაჩოქილი აჩიკო ბარათაშვილი, როცა პარტერისკენ ბრუნდება ანაფორის საყელოში ჩაკერებული ფსალმუნი შეხსნილი აქვს. ერთმანეთს უპირისპირდება რელიგია და ქალი. ანი პირველ მოქმედებაში პერსონაჟის სულში შეღწევას ცდილობს, რასაც თავს ართმევს უკვე მეორე მოქმედებაში. ის მთლიანად მოიცავს როლს და მისი ტრაგიზმი შემზარავია (მინდა აღვნიშნო რომ პირველი სპექტაკლი ვნახე და რთულია ამ დროს საპრემიერო ჩვენებით აღელვებული მსახიობების შეფასება).

და ბოლოს, არ შეიძლება,  არ აღინიშნოს ვახტანგ გვახარიას მიერ შექმნილი არაჩვეულებრივი კომპოზიცია, რომელიც ავითარებს სიუჟეტს ემოციურად და სძენს მნიშვნელოვან მხატვრულ შინაარსს დრამატულ სპექტაკლს.

bottom of page