top of page

სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ

სტატია მომზადდა ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროექტის,

თეატრის კრიტიკოსთა კურსის ფარგლებში;

პედაგოგები ანა მირიანაშვილი და ლაშა ჩხარტიშვილი.

74338804_1360533334124460_6345923177520037888_n.jpg

სალომე წიტაიშვილი

სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ

 

„სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ” დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლია, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში რამდენიმე წლის წინ დაიდგა. სპექტაკლის მთავარი თემა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას ასახავს. ნაჩვენებია სიყვარულისა და მეგობრობის ძალა, რომელიც მიგვანიშნებს პრობლემის გადაჭრის, საქართველოს გაერთიანების რეჟისორულ ხედვას. სპექტაკლში წამოჭრილი პრობლემა 32 წლის წინ დაიწყო და დღემდე აქტუალურია. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი მუდამ ერთიანი საქართველოს ნაწილი იყო, 1992-93 წელი ქართველებისთვის დიდ ტრაგედიასთან ასოცირდება. თაობათა ცვლილება ვერ კურნავს იმ გულისტკივილს, რაც იმ დროიდან მოყოლებული ქართველი ერის წუხილია. დღესდღეობითაც, ახალგაზრდა თაობას უწევს ამ გულისტკივილთან გამკლავება და ბრძოლა დაკარგული ტერიტორიებისთვის. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში შერიგების მცდელობების საპასუხოდ კვლავ ენგურის საზღვართან გავლებული საოკუპაციო მავთულხლართები გვაქვს. თუმცა, თითოეულ ადამიანს, პატრიოტიზმისგან გაჩენილი იმედი ასულდგმულებს, რომ აფხაზეთი კვლავ დაგვიბრუნდება.

სპექტაკლში გამოყენებული დეკორაცია, კოსტიუმები, სასცენო ეფექტები, ხელს უწყობს ნაწარმოების შინაარსი მაყურებლამდე მივიდეს სწორად და მარტივად. გასათვალისწინებელია, რომ სპექტაკლი განკუთვნილია 11+ მოზარდებსა და ზრდასრულებზე. ტექსტის ავტორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი და ანა მირიანაშვილი არიან. ისინი მარტივი ენით გადმოგცემენ ამბავს. მოქმედება ახლანდელ დროში მიმდინარეობს, რასაც დასაწყისში გამოყენებული ვიდეო პროექციით ვიგებთ. ჩვენ ვხედავთ მთავარი გმირების - სოფიასა და ლუკას მიმოწერას, მერე კი მათ ვიდეო ზარით საუბარს ვუყურებთ. რის შემდეგაც მოვლენები ვითარდება ენგურის საზღვართან. იმისათვის, რომ ეს მეტად გასაგები იყოს, მხატვარმა ლომგულ მურუსიძემ შესაბამისი მხატვრული გადაწყვეტა მოუძებნა სპექტაკლს - სცენა გაყოფილია მავთულხლართებით, მის ფონად კი ვხედავთ სანაპიროს, რომელიც შესაბამის ატმოსფეროს ქმნის და მაყურებლისთვის უფრო გასაგებია თუ სად იმყოფებიან მოქმედი გმირები. სცენაზე ვხედავთ მავთულხლართებს, ყაყაჩოებს, სკამებსა და მაგიდას, რომელზეც სიმბოლური სუფრაა გაშლილი, დეკორაციაც და რეკვიზიტიც უწყობს ოჯახური, ქართულ-აფხაზური ქორწილის ატმოსფეროს შექმნას. სპექტაკლი ძალიან დინამიკურია, დატვირთულია როგორც ქორეოგრაფიული, ისე ვოკალური ეპიზოდებით, ქართული ფოლკლორით.

მთავარი გმირები: აფხაზი სოფია და ქართველი ნიკო ერთმანეთზე შეყვარებული ორი ახალგაზრდაა, რომლებსაც დაოჯახება სურთ, თუმცა მათი ოჯახები, წარსული მოგონებების გამო, დიდად ამის მომხრენი არ არიან. განსაკუთრებით ამ გადაწყვეტილებას სოფიას ბიძა არ ემხრობა, რომელიც არ პატიობს ქართველებს საკუთარი ძმის სიკვდილს. ლუკა და მისი ოჯახი მაქსიმალურად ცდილობს დაანახონ, თუ როგორ მოძმეებად აღიქვამენ ქართველები აფხაზებს და სიყვარული გამოხატონ მათ მიმართ. რასაკვირველია, სიყვარული წარსულის მოგონებებს გადაწონის და მომავლის იმედს უჩენს წყვილის ოჯახის წევრებს.

დროდადრო, ენგურის საზღვართან ჩნდება შვილმკვდარი ქართველი დედა, რომელმაც შვილი ომში დაკარგა. ერთადერთი ვაჟის დაღუპვის შემდეგ ქალის ფსიქიკამ ამ ტრაგედიას ვერ გაუძლო, მის თითოეულ სიტყვაში, რომელიც რამდენჯერმე მეორდება, იგრძნობა ის ტკივილი, რასაც შვილმკვდარი დედა განიცდის. მისი ყველა სიტყვა და ქმედება დამთრგუნველ ემოციას იწვევს მაყურებელში. ამ პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობი (თამარ მამულაშვილი) ზუსტი გამომსახველობითა და ემოციით გამოხატავს თავის პერსონაჟს. სოფიას შემსრულებელი, თამარ ჭანუყვაძე, ვიზუალურად ძალიან შეეფერება აფხაზი გოგონას როლს. სპექტაკლში არის მომენტები, სადაც, სიუჟეტის მიხედვით, სოფია მეტისმეტად დაძაბული უნდა იყოს, ის ნერვიულობს ბიძის რეაქციაზე, შეშინებულია, - ვფიქრობ, ეს ემოციები სამსახიობო ოსტატობითა და გამომხატველობით მაყურებლამდე უფრო მეტად უნდა იყოს მოტანილი. ამ შემთხვევაში კი, სოფიას განცდებს მსახიობის სიტყვებით უფრო მეტად ვიგებთ, ვიდრე მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ლუკას როლის შემსრულებელი, ნიკო ნანიტაშვილი კარგად წარმოაჩენს თავისი პერსონაჟის ღელვასა და სიყვარულს სოფიას მიმართ. ლუკას დედა ნათია კუპატაძეა. ის ქოთქოთა ქართველი დედის ამპლუაში გვევლინება, მისი კომენტარები ამ სევდიან და დამთრგუნველ მომენტებს სასიხარულოსა და სასაცილოსაც კი ხდის. საზოგადოდ, აღსანიშნავია, რომ მსახიობების შესრულება ძალიან ბუნებრივია. სცენაზე იმდენად მყუდრო და საინტერესო გარემო იქმნება, რომ მაყურებლები, ბავშვებიც კი, სცენას თვალს ვერ სწყვეტენ.

სპექტაკლის განსაკუთრებულ ემოციურობას მისი მუსიკალური გაფორმება ქმნის. კომპოზიტორ დავით მალაზონიას თავის საავტორო მუსიკასთან ერთად გამოყენებული აქვს აფხაზური და ქართული ფოლკლორი, რომელსაც მსახიობები ძალიან კარგად ასრულებენ. დაძაბულობის შესაქმნელად ასევე გამოყენებულია გასროლის ხმებიც, რომლებიც მხიარულ, სასიხარულო მომენტებში ჩნდება, როცა ორივე ოჯახს წამიერად ავიწყდება, თუ სად არიან და თავისუფლად ზეიმობენ თავიანთი შვილების ბედნიერებას. ეს მკვეთრი ხმოვანი აქცენტი თითქოს აფხიზლებს პერსონაჟებსა და მაყურებელს და იმ რეალობას ახსენებს, რაშიც ვიმყოფებით. აღსანიშნავია გია მარღანიას ქორეოგრაფია - ცეკვა, რომელიც ბუნებრივად იბადება და სპექტაკლის ორგანული ნაწილია.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლი 60 წუთს გრძელდება. პრობლემა ყველასათვის გასაგები, მარტივი ენითაა გადმოცემული. ჩემი აზრით, წარმოდგენის ხანგრძლივობა სრულიად საკმარისია და აკმაყოფილებს ყველა საჭირო კრიტერიუმს. საზოგადოებას, განსაკუთრებით მშობლებსა და მოზარდებს ვურჩევდი, ეწვიონ მოზარდ მაყურებელთა თეატრს და ნახონ სპექტაკლი “სარა ბარა ბზია ბზოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ”.

bottom of page