სამნი სკამთან განსხვავებული მიზნებისთვის

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

261710691_4654246364667971_7463357407642620445_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

სამნი ერთ სკამთან განსხვავებული მიზნებისთვის

 

„სამნი ერთ სკამთან“ - ასე ჰქვია ხათუნა ბედელაძის ახალ სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა თანამედროვე ქართველი დრამატურგის მანანა დოიაშვილის პიესის „დიდება იმპერატორ რამუს პირველს“ მიხედვით თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრის სცენაზე დადგა. ერთი შეხედვით, თოჯინური თეატრისთვის (ტრადიციის შესაბამისად) შეუფერებელი პიესის დადგმა მაყურებლის არეალის გაფართოებას და საღამოს სპექტაკლების დანერგვას უწყობს ხელს. თუმცა პიესა და შესაბამისად, სპექტაკლი (ქრონომეტრაჟითაც კი) არ შორდება შვილებისა და მათი მშობლების თემატიკასაც.

 

მანანა დოიაშვილის პიესა, როგორც ყოველთვის, ნებსით და უნებლიეთ, თითქოს კონკრეტულ ამბავს ჰყვება, მაგრამ რაც დრო გადის, პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება. ისე გამოდის, თითქოს დრამატურგი ამბებს ერთდროულად აწმყოსა და მომავლისთვის წერს, რადგან ის, რაც 20 წლის წინ შესაძლოა მომხდარიყო, სავსებით შესაძლებელია დღესაც მოხდეს (და ხდება კიდეც), ისე როგორც მომავალშიც განმეორდება უეჭველი. ამავდროულად მის პიესებში ადამიანია მთავარი და არა სიტუაცია, ამბავი. ადამიანი, თავისი აზრებით, განცდებით, მსოფლმხედველობით, ინტერესებით. პიესაშიც „დიდება იმპერატორ რამუს პირველს“ მთავარი გმირები ჩვენი თანამედროვეები არიან და ის პრობლემები, რომელსაც ისინი ეჯახებიან, აქტუალობას არ დაკარგავს. ხათუნა ბედელაძემაც, როგორც ჩანს, მშვენივრად იცის დრამატურგის შემოქმედების ეს თავისებურებები, ამიტომაც მისი პიესა, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინ დაიწერა, დადგა დღეს, პანდემიის მიწურულს, თანაც ისე „დაამონტაჟა“, რომ მთავარი არსი უცვლელი დატოვა და დროის მონაცვლეობა, თეატრალური ხერხებით, სულ რამდენიმე ფრაზით გვიჩვენა.

 

მოვლენები 50 წუთის მანძილზე სწრაფად იცვლება, ეტაპობრივად იკვეთება მოქმედ გმირთა: გოგო (ფიქრია ნიქაბაძე) და ბიჭი (გიორგი ჯიქია) მიზნები და ამოცანები. მაყურებელი მოკლე დროში ახერხებს დაინახოს გმირთა თვისობრივი გარდასახვა, ერთგვარი მეტამორფოზა. ან იქნებ ისინი კი არ გარდაისახებიან, არამედ სიტუაცია და ვითარება არ აძლევდა მათ გარკვეული თვისებების გამოვლენის საშუალებას.

 

 

მხატვარი თამარ ყუფუნია ქმნის მულტიპლიკაციურ სამყაროს. გასაგებია, რომ გიორგი ჯიქიას გმირი მხატვარია, რომელიც ქუჩაში (უფრო სწორად პარკში  კედლებს) ხატავს, მაგრამ ხაზგასმით სტილიზებული მულტიპლიკაცია დეკორაციაში თითქოს წინააღმდეგობაში მოდის სპექტაკლის გადაწყვეტასთან. ამასთანავე დეკორაცია მოძველებული ტექნოლოგიითაა შესრულებული. იმავეს ვერ ვიტყვი კოსტუმებზე, რომელიც ეპოქის ადეკვატურიცაა და გმირთა ხასიათისაც.

 

ხათუნა ბედელაძე სპექტაკლს ორი მსახიობის - ფიქრია ნიქაბაძისა და გიორგი ჯიქიას, პროფესიონალთა სცენურ პარტნიორობაზე, მათ ოსტატურად დამონტაჟებულ დიალოგებზე, ქალისა და მამაკაცის იმ ურთიერთობაზე აგებს, რომელიც ჩვენს (მაყურებლის) წინ დაიწყო და განვითარდა. თოჯინების თეატრის დარბაზის კამერულ სივრცეში დისტანცია მსახიობებსა და მაყურებელს შორის თითქმის არ რჩება. ამიტომ მსახიობებს პირველ ყოვლისა ემოციის და გამომსახველობითი საშუალებების მკაცრი კონტროლი მართებთ. გიორგი ჯიქია რეჟისორის ამოცანას პირნათლად ასრულებს და ვნებათაღელვისას ემოციას მკაცრად აკონტროლებს. ფიქრია ნიქაბაძეც რეჟისორის ამ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილ წესს მისდევს, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში მოჭარბებული ემოციის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც შესამჩნევ კონტროლს კარგავს. სამაგიეროდ, მსახიობები გვიჩვენებენ სცენური პარტნიორობის კარგ მაგალითს. მათ ურთიერთობაში ეტაპობრივად იკვეთება არა მხოლოდ მათი ხასიათები, არამედ დაფარული მიზნები. სცენაზე იქმნება ინტრიგა, იკვრება სიუჟეტური კვანძი, რომლის განვითარებასაც მაყურებელი სულგანაბული ინტერესით ადევნებს თვალს.

 

მესამე, ბაღის სკამთან, სადაც სპექტაკლის მოქმედმა გმირებმა ერთმანეთი გაიცნეს, ბავშვია. ხილული, მაგრამ უმეტყველო პერსონაჟი, რომელიც მოვლენათა ღერძია, მის გარშემო იყრის თავს პერსონაჟთა მიზნები, რომელიც სწორედ ამ ხილული, მაგრამ უტყვი პერსონაჟიდან მომდინარეობს.

 

სპექტაკლი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროგრამის „თავისუფალი თეატრალური პროექტები“ ფარგლებში.