top of page

სამყარო იაფფასიან შოუდ იქცა და

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_8979.jpeg

ანასტასია ჩერნეცოვა

სამყარო იაფფასიან შოუდ იქცა 

 

ქართულ თეატრში შექსპირის დრამატურგიის ინტერპრეტაციათა რიცხვი  გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.  ერთი თვეც არ გასულა  ახალი თეატრალური სეზონის დაწყებიდან, და უკვე სამმა თეატრმა შექსპირის სხვადასხვა პიესის ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა -  ფოთის თეატრში საბა ასლამაზიშვილმა „ქარიშხალი“, ახალგახსნილ სახელოსნო 42-ში ლევან წულაძემ „ოტელო“, ხოლო ახალ თეატრში დავით დოიაშვილმა „მეფე ლირი“. 

მართალია, შექსპირი ქართულ თეატრში ყოველთვის პოპულარული იყო, მაგრამ მსგავსი „აფეთქებაც“ უახლოეს წლებში არ მახსენდება.  ეს შემთხვევითი არაა. წინა ორი- სამი სეზონი თეატრის რეპერტუარები „ახალი დრამის“ წარმომადგენელთა - ჩეხოვის, იბსენისა და სტრინდბერგის დრამატურგიით ივსებოდა. ცხადია, პანდემიურ პერიოდში ჩაკეტილობამ  ისეთი პრობლემები დაბადა, რაზეც ყველაზე უკეთ „ახალი დრამა“ საუბრობს. ხოლო, თუ საუბარია ომზე, ძალაუფლებისადმი გაღვივებულ სურვილზე, მეტად მასშტაბურ საკითხებზე - მაშინ უნდა მივმართოთ შექსპირს. ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომაც მოდით, გადავინაცვლოთ ახალი თეატრის დარბაზში.

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დავით დოიაშვილის „მეფე ლირზე“ მისული მაყურებელი მსახიობების გამოსვლას ელის. პროექტორის ეკრანზე  დავით ბეშიტაიშვილის-მეფე ლირის  გამოსახულებას ხედავს.  შუქი ქრება, მაგრამ მსახიობების ნაცვლად სცენაზე ჩნდება პროეცირებული გამოსახულება და ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკური შოუს ყურებას, რომლის „ინტრიგანი“ წამყვანი, მასხარა - შაკო მირიანაშვილია (ვიდეო - ალექსანდრე ქურდუბაძე, ლაშა მუმლაძე).

მოცემული რეჟისორული გადაწყვეტა პოლიტიკური შოუებისა და ქართველი ჟურნალისტების გაქილიკებაა. მსგავს ხერხს დავით დოიაშვილი მიმართავს თავის სპექტაკლშიც -„ოიდიპოს მეფე“, სადაც კრეონი და ოიდიპოსი ერთმანეთს პოლიტიკურ გადაცემაში ხვდებიან. შექსპირს ხომ უთქვამს - „სამყარო თეატრია“, ხოლო დავით დოიაშვილი გვეუბნება, რომ სამყარო იაფფასიან სატელევიზიო შოუდ იქცა. შესაბამისად, შოუს ელემენტებიც სცენაზე გადმოაქვს.

დადგა ნანატრი „სიყვარულის ახსნის“ სცენა.  ნატა  ბერეჟიანის- გონერილი თავის მონოლოგში სიყვარულის ნაცვლად, ბრაზსა და სიძულვილს ანთხევს. ყოველივე სიტყვაში კი არა, არამედ მსახიობის ინტონაციაში იკითხება. ეს გასაკვირიც არაა, გონერილს ხომ  არ უყვარს მამამისი.   ამას ემატება ქმრის, ოლბანის  (ანდრო ჭიჭინაძე) სიძულვილი. ნატა ბერეჟიანის გონერილს, ერთი მხრივ,  გულწრფელობა სურს, მაგრამ ამავდროულად ძალაუფლების დაკარგვაც არ უნდა. გულწრფელობით კი იცის, რომ  ძალაუფლებას დაემშვიდობება.  სწორედ ამ ჭიდილის გამო მან „გამოძერწა“ ყველაფრით უკმაყოფილო უხეში, ნერვული, უბედური ქალის მხატვრული სახე.

თუ გონერილი თავის მონოლოგს „იძულებით“ კითხულობდა, ეკა დემეტრაძის რიგანის შემთხვევაში საქმე  სხვაგვარადაა. მისი რიგანი სულ თავის გამოჩენას ცდილობს,   საკუთარ თავში მაქსიმალურად დარწმუნებულია   და თითქოს მამისადმი  სიყვარულის ახსნას ჩქარობს. გონერილისგან განსხვავებით გაორების პრობლემა მას არ აქვს. მსახიობის ინტონაციაში სიძულვილის მაგივრად მლიქვნელობას ამოიკითხავთ.

თეატრის დარბაზს აკუსტიკის პრობლემა აქვს, შესაბამისად მსახიობების ხმა მომენტებში, ფაქტობრივად არ ისმის. სავარუდოდ, ამ პრობლემის გამო  მსახიობები ემოციურ მომენტებში  ზედმეტად  კივიან და ხავიან. სწორედ ეს წივილ- კივილი, ხავილი, პლუს სკამების ხმაური კონცენტრაციას მაკარგვინებდა. უკვე სპექტაკლის შუა ნაწილში ვგრძნობდი დაღლას.  პირველი მოქმედების ბოლოს ავანსცენაზე გამოსული  შაკო მირიანაშვილის   - „დაიღალეთ? ანტრაქტი!“ იყო ერთგვარი შვება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ანტრაქტიც არ იყო საკმარისი, რადგან ფინალისკენ ანალოგიურ დაღლას ვგრძნობდი.

მანუ თავაძე ზუსტად ამართლებს კორდელიას სიტყვებს „ნორჩი და გულმართალი“. მის სიყვარულის ახსნაში მოკრძალებასთან გადახლართულია უსამართლობის განცდა, სიხისტე და სიყვარული.

რეჟისორი  კორდელიას მასხარასთან აიგივებს, ან მის ალტერ ეგოდ გვიხატავს. თუ  ჯორჯო სტრელერი ამის გამოსახატად ორივე პერსონაჟს ერთ მსახიობს ათამაშებდა, დავით დოიაშვილის  შემთხვევაში  ეს მისია ორ მსახიობს დაეკისრა, მაგრამ ძირითადად მასხარას - შაკო მირიანაშვილს.  კორდელიასა და მასხარას გაიგივება ჩანს თუნდაც სპექტაკლის დასაწყისში, როდესაც  მანუ თავაძე და შაკო მირიანაშვილი სხვა  მსახიობებისგან განსხვავებით თეთრ  სამოსში გვხვდებიან.  მათ აცვიათ ისე, როგორც აცვიათ, ხოლო დანარჩენი მანტიით მალავენ თავიანთ სადისტურ ბუნებას.   ამასთანავე, როდესაც ლირი- დავით ბეშიტაიშვილი ახჩობს მასხარას, კასრზე აწერს “RIP Fool” (მშვიდობით  განისვენე მასხარა), ხოლო კორდელიას დახრჩობის სცენაში სწორედ ეგ კასრი ეცემა.

შაკო მირიანაშვილის მასხარა არა მარტო კორდელიას ალტერ ეგო, არამედ სიმართლის მთქმელთა კრებითი სახეა. მასში არაა ერთი კონკრეტული პიროვნება. ყოველივე ჩანს თუნდაც იმაში, რომ მასხარას სპექტაკლში რამდენჯერმე კლავენ, მაგრამ,  ამავდროულად,  მსახიობი სპექტაკლის უკანასკნელ წამამდეა და უკანასკნელი სიტყვაც მას ეკუთვნის. შაკო მირიანაშვილის  ეპატაჟური  მასხარა  მაყურებელს ყველაზე მეტად ამახსოვრებს თავს.  იგი   ფურორს ახდენს „მერლინის წინასწარმეტყველების“ სცენაში, სადაც მაყურებელს გადაუარა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

როგორც ზემოთ ვახსენე, სპექტაკლის დასაწყისში  კორდელიასა და მასხარას გარდა ყველა მსახიობი სახელმწიფო სამოსშია გამოწყობილი. კოსტიუმების მხატვარმა - დავით გევორქოვმა მსახიობები შემოსა ლურჯ დახვეწილ კოსტიუმებში. „სიყვარულის ახსნის“ სცენის შემდეგ კი ვხედავთ, რომ ეს მანტია სადისტებისა და მოღალატეების  ნიღაბია. მანტიის ქვეშ კი დამალულია შავი  ვულგარული სამოსი ტყავისა და მეტალის ელემენტებით, რაც, როგორც უკვე ვთქვი, პერსონაჟთა სადიზმს,  და  გარყვნილებას გამოხატავს.

სწორედ გივიკო ბარათაშვილის ედმუნდი, განმარტოებისას  იცილებს მანტიას, „აშიშვლებს შინაგან დემონებს“. თუ სხვებთან, განსაკუთრებით კი გლოსტერთან (ოთო ლორთქიფანიძე) წესიერი, დამჯერი, წყნარი,  წესრიგის მოყვარული  კაცია, რომელიც სკამებს ასწორებს, მარტო დარჩენილი კი  წესრიგის დამრღველად, სკამების მსროლელად გვევლინება. სკამების სროლით გამოწვეული ხმაური იმდენად ხმამაღალია, რომ ხანდახან მსახიობის ხმასაც კი ფარავს. ახალგაზრდა მსახიობის შემოქმედებითი პალიტრა საკმაოდ  მრავალფეროვნია, მაგრამ მის შემოქმედებით ბიოგრაფიას თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ე.წ.  უარყოფითი პერსონაჟი მას  „ლირამდე“  არ შეუსრულებია. სასიხარულოა, რომ დავით  დოიაშვილი თავის მსახიობს კი არ „შტამპავს“, როგორც რეჟისორთა გარკვეული ნაწილი, არამედ ახალ-ახალ  ამოცანებს სთავაზობს, კომფორტის ზონიდან გამოყავს. მსახიობის   მიმიკაში  ხმის ტემბრსა  და მოძრაობაში იგრძნობა არა მარტო ის, თუ როგორი მზაკვარი, ძალაუფლებისადმი მებრძოლი და შურის მაძიებელია ედმუნდი, არამედ ისიც, რომ მასში უამრავი  შიში და კომპლექსია, რაც განსაკუთრებით სახის გამომეტყველებაში, ე.წ. ნერვულ ტიკებში ჩანს.

ანა ნინუას სცენოგრაფია გარეუბნის, მიგდებული ტერიტორიის ასოციაციას ქმნის. გარშემო მუქი ლურჯი პოლიეთილენის ზეწარი და კასრებია. რამდენიმე კასრზე ლირის გამოსახულებაა „სთრით არტის“ სტილში, რაც მეფისადმი ფსევდო პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავს. ჩნდება კითხვა, რას გამოხატავენ კასრები? „სიყვარულის ახსნის“ სცენაში მიწების დარიგებისას კასრების რიგი ზევით ადის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს სახელმწიფოს მეტაფორაა.  კასრებში როგორც იმალებიან,  ისე ორგიით კავდებიან, კასრიდან ტალახხიან ტაშტს იღებენ,  კასრებზე  კლავენ კიდეც.  კასრი, ანუ სახელმწიფო  - სიბინძურის ჭურჭელია.

სიბინძურე ვახსენე და აქვე ვიტყვი იმას, რომ სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი „მოქმედი პირი“ ტალახია. არა  მყარი მასა, როგორც სტრელერთანაა, არამედ თხევადი  ტალახი. ტალახით ედმუნდი- გივიკო ბართაშვილი, ედგარის (გიგი ქარსელაძე) წერილს „წერს“. ტალახში თანდათან ყველა და ყველაფერი ისვრება.  გამოდის, რომ ქვეყანა დაემსგავსა მიგდებულ  ტალახიან ტერიტორიას, სადაც ექსკლუზიური მანქანის ნომრების მქონე ელიტა დაეხეტება.

მეფე ლირი  სცენაზე ჩნდება „მინი კუპერით“, ხოლო მანქანის ნომერზე ვხედავთ წარწერას  „KING LEAR”.  არ ვიცი, რამდენად საჭირო იყო სცენაზე მანქანა, მაგრამ მანქანის ნომერი ქართველ „მარიაჟებს“  აქილიკებს, რომლებიც მანქანის ნომრებზე საკუთარ სახელებს აწერენ.  აქვე გამოდის  ისიც, რომ რეჟისორს ლირიც ნარცის “მარიაჟად“ ჰყავს გამოყავს. მანქანაში ოჯახური გარჩევებიცაა, რომელსაც კორნუოლი - გიორგი ბახუტაშვილი „ლაივ კამერით“ გვიჩვენებს. აქაც  სკანდალური ტელე შოუს ელემენტებია.

დავით ბეშიტაიშვილის მეფე ლირი არის განდიდების მანიით შეპყრობილი ხელმწიფე,  რომელიც დაიღალა სახელმწიფოს მართვით. პასუხისმგებლობა ჩამოიცილა და უპასუხისმგებლოებს ჩააბარა ქვეყანა. და როგორი ქვეყანა? რომელიც ისედაც, მიგდებულ ტერიტორიას ჰგავს. ეს ტერიტორია კი არ აყვავდა, არამედ  ჭაობად  და  საროსკიპოდ აქცია.

სცენის მიღმა მყოფ ადამიანებს იშვიათად აფასებენ, რაც სამწუხაროა. მათ შორის, დაუფასებელია ქორეოგრაფის კოტე ფურცელაძის როლი. ჩვენ გვგონია, რომ ქორეოგრაფი მხოლოდ ცეკვას დგამს, მაგრამ ეს ასე არაა. ქორეოგრაფიის უმთავრესი  შემადგენელი ნაწილი ხომ მოძრაობაა, შესაბამისად, ქორეოგრაფი მსახიობებთან თითოეულ მოძრაობაზე მუშაობს იმისათვის, რომ  პერსონაჟს არავერბალური ენით სახასიათო  შტრიხები შემატოს. ჩვენ ხომ  არა მარტო ვერბალური ენით ვმეტყველებთ, არამედ სხეულითაც  და სწორედ სხეულის მოძრაობაში  შეგვიძლია ამოვიკითხოთ  უფრო მეტი, ვიდრე ვერბალური კონტაქტისას. გამოვყოფდი „ორგიის“ სცენას, სადაც სწორედ არავერბალური ენით ყველაზე ნათლად ვლინდება პერსონაჟთა ბუნება.

სპექტაკლში უხვადაა სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე. მათ შორის, დვორჟაკის “სლავური ცეკვა“ op 72 N 2, ბიძინა კვერნაძის „ლიმონას სიმღერა“, რომელიც კომპოზიტორმა ახლებურად ააჟღერა და „ლირის“ რეალობას მოარგო.

 

საბოლოო ჯამში, დავით დოიაშვილის „მეფე ლირი“ გვიჩვენებს იმას, რომ უპასუხისმგებლო, ეგოისტ მმართველს არაფერი შერჩება.

 

 

ფოტო : გიორგი ინდუაშვილი

bottom of page