სამყარო, სადაც სიყვარულს სიყვარულის სახელით კლავენ
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
მაკა ვასაძე
სამყარო, სადაც სიყვარულს სიყვარულის სახელით კლავენ
ნამდვილი ხელოვანი არასდროს ჩერდება, მუდმივად განვითარების პროცესშია, ერთხელ მიგნებულით არ კმაყოფილდება და ყოველთვის ახლის ძიებაშია. ასეთ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება ლევან წულაძე, რომელიც უკვე მერამდენედ თავიდან იწყებს ახალი თეატრის შენებას. ყველას კარგად გვახსოვს 90-იანი წლების ბოლოს დაბადებული „თეატრალური სარდაფი“ რუსთაველზე, შემდეგ ვაკის თეატრი, და აი, ახლა „თეატრი სახელოსნო 42“.
თეატრალური სარდაფი რუსთაველის 42-ში მდებარეობდა და სწორედ ამიტომაც ახალი სათეატრო სივრცის სახელწოდებაში დამაარსებლებმა ციფრი 42 ჩართეს, რითაც მიგვანიშნეს, რომ მათ მიერ წლების წინ დაწყებული თეატრალური ძიებები კვლავაც გრძელდება. როცა ადამიანს თავისი საქმე უყვარს და უნდა რომ აკეთოს ეს საქმე, ვერავითარი დაბრკოლება ვერ შეაჩერებს, ვერავინ აღუდგება. კერძო დამოუკიდებელი თეატრების არსებობა სათეატრო ხელოვნების განვითარებისათვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია. თეატრი სახელოსნო 42 - უთანამედროვესი სათეატრო სივრცეა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალ სივრცეში მრავალი საინტერესო ძიებებითა და ექსპერიმენტებით აღსავსე ნამუშევრები შეიქმნება. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია დამფუძნებლების განაცხადი, რომ სახელოსნოს კარი ყველასთვის ღიაა და ყველას ექნება საშუალება საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებისა.
საქართველოში შექსპირის დადგმას დიდი ტრადიცია აქვს. ბოლო პერიოდში, შექსპირის რამდენიმე საინტერესო ინტერპრეტაცია ვიხილეთ თბილისისა თუ რეგიონის თეატრებში: ავთო ვარსიმაშვილის „ოტელო“ თავისუფალ თეატრში, საბა ასლამაზიშვილის „ქარიშხალი“ ფოთის თეატრში, დავით დოიაშვილის „მეფე ლირი“ ახალ თეატრში. ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების წარმოსაჩენად ხელოვანები მუდამ თანამედროვე შექსპირის დრამატურგიას მიმართავენ. ლევან წულაძემაც ახალი სათეატრო სივრცის გახსნისთვის არჩევანი შექსპირზე შეაჩერა. „ოტელო“ არ არის უბრალოდ ახალ სივრცეში გაკეთებული სპექტაკლი, ეს არის რეჟისორის ახალი ხედვითა და ახალი ესთეტიკით შექმნილი წარმოდგენა, სადაც მსახიობთან მუშაობაზე და შექსპირისეული სიტყვის წინ წამოწევაზეა ყურადღება გამახვილებული. ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, ფსიქოლოგიური და რომანტიკული დრამის ხერხებით დადგმულ სპექტაკლში რეჟისორმა და მსახიობებმა თითოეული პერსონაჟის ინდივიდუალური სახეები შექმნეს. ეს არის სამსახიობო ანსამბლზე დაფუძნებული ნამუშევარი, სადაც არ არსებობს მეორეხარისხოვანი როლი, ყველას თავისი ხაზი აქვს და ყოველ პერსონაჟს თავისი მნიშვნელოვანი სათქმელი. ამ სპექტაკლშიც, სხვასთან ერთად, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრში დადგმული ტრილოგიის: „კრეიცერის სონატა“, „დანაშაული და სასჯელი“, „ფიგაროს ქორწინება“ - ქალთა უფლებების თემას აგრძელებს. მინიმალისტური ხერხებით შექმნილ, თანამედროვედ ინტერპრეტირებულ „ოტელოში“ - რეჟისორმა შურითა და ღვარძლით აღვსილი სამყარო ასახა, სამყარო სადაც სიყვარული ეჭვებს ეწირება, სამყარო სადაც სიყვარულს სიყვარულის სახელით კლავენ.
ლევან წულაძემ შექსპირის ინტერპრეტირებისას ტექსტი საგრძნობლად შეამოკლა, აქცენტები გადააადგილა და ყოველგვარ პომპეზურობას მოკლებული, სადა, უბრალო, ადამიანურ ურთიერთობებზე აგებული სპექტაკლი დადგა. წარმოდგენა პაატა პაპუაშვილის იაგოს სცენით იწყება. პაატა პაპუაშვილი ცოტათი მოძველბიჭო, ცინიკოსი, ნიჰილისტი ადამიანის ტიპაჟს ქმნის. იგი შეურაცხყოფილია, ვინაიდან დამსახურებების მიუხედავად არ დააფასეს. არ დააფასა ოტელომ ვისაც ერთგულად ემსახურებოდა და არაერთხელ გამოირჩა სიმამაცით. ამისდა მიუხედავად ოტელომ თანაშემწედ კასიო დანიშნა, ხოლო იაგო მხოლოდ ასისთავად. და, აი, გულგატეხილი იაგო, იწყებს შურისძიების ქსელის გაბმას. ამავე სცენაში რეჟისორმა და მსახიობმა აქცენტი მის ეჭვიან ბუნებაზე გააკეთეს. იაგოს ეჭვი ღრღნის, რომ მის ცოლ ემილიასთან რომანტიკული ურთიერთობები ოტელოსაც ჰქონდა და კასიოსაც. იაგო ყველასა და ყველაფრისადმი ეჭვითაა აღვსილი და და თავის შურისძიების სამოქმედო გეგმას, ეჭვიანობაზე დაფუძნებულს ობობას ქსელივით ქსოვს და ამ დახლართულ ქსელში ოტელოსაც გააბამს. ლევან წულაძისა და პაატა პაპუაშვილის გადაწყვეტით იაგოს ბოროტებით აღვსილი შურისძიება, იაგოს ოტელოსადმი სიყვარულზე დააფუძნეს. იაგოს უყვარს ოტელო და თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეჭვიანობს ყველაზე. სპექტაკლის ბოლო სცენაში მომაკვდავი იაგო ეხუტება ოტელოს და სასოწარკვეთილი წარმოთქვამს „ჩემო გენერალო, ჩემო გენერალო“... მსახიობის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებში ნათლად აისახება იაგოს ოტელოსადმი გრძნობები და დამოკიდებულება. მსახიობის მიერ გათამაშებული ეს სცენა იმდენად გულწრფელია, რომ პირადად მე იაგო ძალიან შემეცოდა, მიუხედავად მთელი იმ უბედურებისა რაც მან დაატრიალა. საბოლოო ჯამში, იგი თავისივე დაგებულ ქსელში გაება.
სპექტაკლის კონცეფციის შესაბამისი ლევან წულაძისეული სცენოგრაფია რამდენიმე დეტალისგან შედგება. სცენის მარცხენა კუთხეში მაგიდა და სკამია განთავსებული, ზევით კი შავი ფერის დიდი აბაჟური კიდია, რომელიც ფინალურ სცენაში სარკოფაგად გადაკეთდება. სწორედ აქ, ამ სივრცეში იწყებს იაგო თავისი მზაკვრული გეგმის ჩაფიქრებას, ამ სივრციდან ოტელო, კასიო თუ როდრიგო თავიანთ პრობლემებზე მოგვითხრობენ. მარჯვენა კუთხეში კი ეკრანზე ხან მოლივლივე მშვიდი, ხან ბობოქარი ტალღებით მძვინვარე ზღვა, ხან სისხლიანი მზე, ხან კი ღამის ცის ულამაზესი სანახაობა - მთვარე და ვარსკვლავები - გამოისახება. ეკრანზე პროექციის ცვალებადობა სცენაზე განვითარებული მოვლენების და პერსონაჟთა შინაგანი, სულიერი მდგომარეობის გამომხატველია. რამდენიმე ადგილას რეჟისორმა და სცენოგრაფმა პატარა ნათურები ჩამოკიდა, რომელთა მეშვეობითაც ე. წ. „მსხვილი, ახლო ხედით“ პერსონაჟთა პორტრეტებს ქმნის და მათ სახეებზე აღბეჭდილი შინაგანი ვნებების თანაზიარს ხდის მაყურებელს.
იაგოს სცენას ულამაზესად გადაწყვეტილი ეპიზოდი მოსდევს. სამი ულამაზესი არსება ანუკა გრიგოლიას დეზდემონა, ანკა ვასაძის ემილია და მარიამ ღვინიანიძის ბიანკა მოლივლივე ზღვის გამოსახულების ფონზე, მსუბუქ, ჰაეროვან კოსტიუმებში გამოწყობილები სამყაროს, ბუნების მშვენიერ სულებთან თითქოს კონტაქტს ამყარებენ მუსიკალური გადაძახილებით, წამღერებით, რომელიც აგრეთვე ექოს ასოციაციასაც აღძრავს. ეს ეპიზოდი ადამიანის მშვენიერ, სიყვარულით აღსავსე ბუნებასთან შერწყმის სურვილის რომანტიკული ელფერით არის შებურვილი.
ისტორიას ლეგენდად შემორჩა აკაკი ხორავას მიერ შექმნილი დიდებული მავრის, ოტელოს სახე. სპექტაკლის სარეჟისორო კონცეფციიდან გამომდინარე, ნიკა კუჭავამ ყოველგვარ პომპეზურობას, პათეტიკას, ზეამაღლებულ ინტონაციას მოკლებული სახე შექმნა. ნიკა კუჭავას ოტელო ომებისგან „დაღლილი“ გენერალია, რა თქმა უნდა, მისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო წარმატებები, გამარჯვებები, მაგრამ ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომანტიკული ურთიერთობებია. ჰაეროვან, ნათელ, კეთილ დეზდემონასთან შეხვედრა მასში უდიდესი სიყვარულის გრძნობას აღძრავს. როგორი აღფრთოვანებით ადევნებს ოტელო თვალს დეზდემონას და მისი მეგობრების „თამაშებს“ ზღვის სანაპიროზე. ნიკა კუჭავას სახეზე აღიბეჭდება სიხარულის, სიყვარულის განცდები, თითქოს მასაც სურს ამ „თამაშობებში“ ჩართვა, მაგრამ დაკისრებული თანამდებობა-მოვალეობები არ აძლევს საშუალებას. დეზდემონასადმი სიყვარული მისი ცხოვრების საზრისად იქცა. „თუ დეზდემონა დავკარგე, მოვა ქაოსი“ - ეს ფრაზა რეფრენად გასდევს არა მარტო ოტელოს სახეს, არამედ მთელ სპექტაკლსაც, ვინაიდან სამყაროში სიყვარულის დაკარგვა არეულობისა და ქაოსის მომტანია. ნიკა კუჭავას ოტელო კეთილსინდისიერი, წესიერი, მიმნდობი ადამიანია და ამიტომაც ებმება ადვილად იაგოს მახეში. მსახიობი ოსტატურად, თანმიმდევრულად, ფსიქოლოგიური და გამომსახველობითი საშუალებებით, აგებს თავისი გმირის შინაგან და გარეგან სახეს. ეჭვი, რომელიც მას იაგომ ჩაუნერგა, თანდათანობით ძლიერდება და საბოლოოდ მთლიანად მოიცავს ოტელოს, საბოლოოდ კი საბედისწერო ქმედებამდე მიიყვანს. სიმართლის გამჟღავნების შემდეგ, ნიკა კუჭავას ბოლო მონოლოგი, რომელშიაც საკუთარ საბედისწერო დანაშაულს გააცნობიერებს, ადამიანის მიერ ტრაგედიის განცდის ოსტატური გადმოცემაა. მის ამ მონოლოგს მოხსნილი აქვს ყოველგვარი მაღალფარდოვანება, ეს არის გაუბედურებული ადამიანის შინაგანი ტრაგედიის გადმოცემა, ადამიანის, რომელმაც გააცნობიერა, რომ თავისი ხელით გაანადგურა უდიდესი სიყვარული, რომელიც მისი ცხოვრების საზრისად იქცა, თავისი ხელით მოუტანა საკუთარ თავს ქაოსი.
ანუკი გრიგოლიას დეზდემონა ჰაეროვნების, სიყვარულის, სიკეთის, მშვენიერების, სიცოცხლის სისავსის განსახიერებაა. ამავდროულად მისი დეზდემონა გულწრფელი, მართალი, ერთგული ადამიანია. განსაკუთრებით ეს მჟღავნდება მეგობრის კასიოსადმი ურთიერთობაში. დეზდემონა თავგამოდებით იცავს კასიოს, ოტელოს მოსვენებას არ აძლევს, რომ აღადგინოს სამსახურში. ამ ყველაფერს კი იაგო იყენებს თავისი მზაკვრული გეგმის განსახორციელებლად. სპექტაკლის დასაწყისში დეზდემონასა და ოტელოს რომანტიკული, გულწრფელი სიყვარული, სწორედ იაგოს ქმედებებით, თანდათან ორივესთვის სატანჯველად გადაიქცევა და საბოლოოდ კი ტრაგიკულად სრულდება.
ანდრია გველესიანის კასიო - კეთილი, სიმპათიური, ქალების მოყვარული, ცოტათი ფუქსავატი ახალგაზრდაა. ნიკუშა ბაქრაძე მიამიტი, გულწრფელი, ამავდროულად სასაცილო როდრიგოს სახეს ქმნის. სწორედ მის სიყვარულს დეზდემონასადმი იაგო ოსტატურად გამოიყენებს და მიამიტ როდრიგოსაც თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელებაში ჩააბამს. კეთილშობილი მონტანოს სახეს ქმნის გიორგი გრძელიძე, მარიამ ღვინიანიძე კი კასიოში თავდავიწყებულ შეყვარებულს ასახიერებს, რომელსაც სილაღე და კასიოს მსგავსად ქარაფშუტობა ახასიათებს. მეორეხარისხოვანი პერსონაჟებისაგან ასეთი დასამახსოვრებელი სცენური ხატების შექმნა ძალიან იშვიათია. ლევან წულაძემ წინა პლანზე წამოსწია ემილიას სახე. ანკა ვასაძის ემილია დეზდემონას არა მარტო მსახური, არამედ ერთგული მეგობარია. მისი მონოლოგი უუფლებო ქალების შესახებ სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში სამსახიობო ოსტატობით შესრულებული ეპიზოდია. მსახიობი ყოველგვარი ზედმეტი ემოციურობის გარეშე, ქალთა სულიდან ამოძახილს გადმოსცემს და მაყურებელზე დიდ ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს. როგორც ჩემმა კოლეგამ დათო ბუხრიკიძემ თქვა, მისი მონოლოგი უუფლებო ქალების შესახებ, თავგადაკლულ, ფემინისტ ქალებსაც შეშურდებათ.
პერსონაჟთა ხასიათებს გამოკვეთს ნინო სურგულაძის კოსტიუმები და თინათინ წულაძის ქორეოგრაფიული ნახაზი. ქალებს ჰაეროვანი, მსუბუქი კოსტიუმები აცვიათ, კაცებს კი ტრადიციულისა და თანამედროვეს ნაზავი. ყოველ პერსონაჟი მისთვის დამახასიათებელი პლასტიკით მოძრაობს. ზურა გაგლოშვილის მუსიკალური გაფორმება კონტრასტის პრინციპზეა აგებული, რომანტიკული ვალსის თემა ჟღერს ხოლმე დრამატულ მომენტებში, რაც განსაკუთრებულ განწყობას ქმნის მაყურებელში.
სპექტაკლში რამდენიმე ვიზუალურად ლამაზი სცენაა გაკეთებული, მაგალითად უკვე ნახსენები ქალების ეპიზოდი დასაწყისში, მერე ე. წ. „თამაშის“ მომენტი, რომელსაც აღფრთოვანებული ოტელო თვალს ადევნებს. ასევე, აუცილებლად აღვნიშნავ ორ ეპიზოდს, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ეს არის იაგოს მიერ ოტელოში ძლიერი ეჭვის დაბადების მომენტი, ამ სცენის ბოლოს ოტელო გულწასული ენარცხება იატაკს, მხიარული ვალსის ფონზე იაგო მასზე ჩამოჯდება და კმაყოფილი ფეხს ფეხზე გადაიდებს. მან ხომ საწადელს მიაღწია და ოტელოს ეჭვის ჭია ჩაბუდა. ფინალი, რომელიც ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სცენაა, არა მარტო ამ კონკრეტულ სპექტაკლში, არამედ ზოგადად სათეატრო ხელოვნების ისტორიაში. სცენის მარცხენა კუთხეში დეზდემონა, ემილია, ოტელო უკვე მკვდრები არიან. მომაკვდავი იაგო ბობღვა-ბობღვით მიიწევს ოტელოსკენ, ფეხზე შემოეხვევა და სულგამწარებული ამბობს: რატომ არ მომკალი, ჩემო გენერალო! ამ ფრაზას რამდენჯერმე იმეორებს. ზევიდან ნელ-ნელა შავი აბაჟური ეშვება და გარდაცვლილ ადამიანებს სარკოფაგივით გადაეხურება.
ლევან წულაძის სპექტაკლი სიყვარულზე, შურისძიებაზე, ეჭვის დამანგრეველ ძალაზე, ადამიანურ ურთიერთობებზეა, რომლებშიც გაუგებრობა დიდ ვნებათაღელვას და ტრაგიკულ დასასრულს იწვევს. საბოლოოდ კი ეჭვით გამოწვეული, ყოვლისწამლეკავი შურისძიება სიყვარულის მარცხით მთავრდება. და, თუკი, სიყვარულს ასე დაუნდობლად ვანადგურებთ ადამიანები, მაშინ რისთვის ვცხოვრობთ, რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი? ისევ შექსპირის ჰამლეტს დავესესხები: საუკუნო სიბნელე მხოლოდ...