ქორეო-დრამაში გამოხატული ჩეხოვის „სამი დის“ მარტოსულობა
მაკა ვასაძე
ქორეო-დრამაში გამოხატული ჩეხოვის „სამი დის“ მარტოსულობა
მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვას, რადიკალურად შეიცვალა თეატრის დანიშნულება, ფორმები, ჟანრები, სტილისტიკა. ფილოსოფოსები, სახელოვნებო თუ სათეატრო მკვლევრები, სათეატრო ხელოვნების ამ ახალ პერიოდს - პოსტმოდერნულ, ან, პოსტდრამატულ თეატრს უწოდებენ. დღევანდელ სათეატრო ხელოვნებაზე, თუ, კონკრეტულ სპექტაკლზე საუბრისას, ანალიზისას ხმარობენ ტერმინებს: „დეკონსტრუქციული თეატრი“, „მულტიმედიური თეატრი“, „რიგი თეატრალური პირობითობის აღმდგენი - ნეოტრადიციონალისტური თეატრი“, „ჟესტისა და მოძრაობის თეატრი“, „პერფორმანსული თეატრი“, „ჰეფენინგები“, „ფიზიკური მოძრაობის თეატრი“ და ა. შ. თანამედროვე თეატრი უფრო მეტად ვიზუალური, სანახაობითი გახდა. უახლეს თეატრში მკვეთრად არის გაყოფილი დრამატურგიული ტექსტი და თეატრალური, სასცენო ტექსტი. უფრო მეტიც, დრამატურგიული ტექსტი თეატრალური სანახაობის მხოლოდ ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტად იქცა. ნარატივი ან, თუნდაც ფაბულა პოსტდრამატულ თეატრში, სპექტაკლში აღარ არის მნიშვნელოვანი. „თეატრი ერთად გატარებული ცხოვრების გარკვეული მონაკვეთია, ერთ სივრცეში ერთი ჰაერის სუნთქვა, სდაც ერთდროულად მიმდინარეობს თეატრალური თამაში და აღქმის აქტი (ყურება). ერთდროულდ ხდება ნიშნებისა და სიგნალების შექმნა და აღქმა. თეატრალური სანახაობა - ფიცარნაგსა და მაყურებელთა დარბაზში - ადამიანთა ქცევის მეშვეობით, საერთო ტექსტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.“[1]
სწორედ ამგვარი, ერთდროული ქმნადობის მაგალიათია, კოტე ფურცელაძის მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში“, ანტონ ჩეხოვის პიესის მიხედვით, განხორციელებული ქორეო-დრამა „სამი და“. ეს გახლავთ კლასიკური პიესის სრულიად ახლებური გააზრება. ქორეოგრაფმა და რეჟისორმა არაჩვეულებრივად გადმოსცა ჩეხოვის პიესის სული და განწყობა: გაუსაძლისი მარტოსულობა, გაუთავებელი მოლოდინი, ჩაკეტილი წრის გარღვევისა და გაქცევის სურვილი. ალფრედ შნიტკეს მუსიკაზე, ხმაურებსა და სიჩუმეზე ააგო კოტე ფურცელაძემ სპექტაკლის ქორეოგრაფიული და სარეჟისორო ნახაზი. მხატვარმა გიორგი უსიტაშვილმა „სამი დის“ პერსონაჟთა სულიერი სიმარტოვე სცენაზე თეთრი ფერის დომინერებით კიდევ უფრო გაამძაფრა. ანანო მოსიძის მიერ შექმნილ კოსტიუმებშიც თეთრი ფერია გადამწყვეტი. ეს სითეთრე სიცივის, გახევებულობის შეგრძნებას აღძრავს მაყურებელში.
ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიური პროგრესი უმაღლეს საფეხურზეა, როდესაც ინტერნეტსივრცეში იქმნება ახალ-ახალი სოციალური ქსელები, ადამიანები ერთმანეთთან ვირტუალურად ურთიერთობენ, მეგობრობენ, კიდევ უფრო გამძაფრდა მარტოობის შეგრძნების პრობლემა. გაჩნდა ადამიანთა შორის ცოცხალი ურთიერთობის დეფიციტი. სადღაც იკარგება, ქრება: სიყვარული, სითბო, მეგობრობა, სულიერი ერთობა. კოტე ფურცელაძის ქორეო-დრამა თანამედროვე ადამიანის გაუსაძლის მარტოობაზეა.
უამრავი ხალხით - მეგობრებით, ნაცნობებით, მოახლეებით - გარშემორტყმული სამი და: ოლგა, მაშა, ირინა, სულიერ სიმარტოვეს და სიცარიელეს განიცდიან. ისინი სულ რაღაცის მოლოდინში არიან და პერმანენტულად ცდილობენ გაექცნენ ამ სიმარტოვეს, მაგრამ მათი მცდელობა ყოველთვის უშედეგოდ მთავრდება. ყოველ მათ გაბრძოლებას, ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის ქმედებას, რაღაც ან ვიღაც ეღობება და ისინი საწყის მდგომარეობას - გახევებულ, გაყინულ პოზებში ჩაის სმის რიტუალს უბრუნდებიან.
კოტე ფურცელაძის სპექტაკლში მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის დრამატული მსახიობები მონაწილეობენ. აქვე აღვნიშნავ, რომ „სამი და“, ამ თეატრის დასთან ერთად, კოტე ფურცელაძის მეორე ნამუშევარია. ორი წლის წინ მან ბიზეს „კარმენის“ მოტივებზე შექმნა წარმოდგენა, რომელსაც წარმატება ხვდა წილად, არა მარტო ჩვენთან, არამედ საზღვარგარეთაც. ამ სპექტაკლით თეატრმა რამდენიმე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
სცენოგრაფია არ არის გადატვირთული რეკვიზით - რამდენიმე სკამის და გრძელი მაგიდის გარემოცვაში თამაშდება „სამი დის“ დრამატული ამბავი. მსახიობები: გიგი ქარსელაძე, ანა ალექსიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, ანა წერეთელი, ნუცა გუჩაშვილი, ტატო ჩახუნაშვილი, გიორგი ტორიაშვილი, ლევან კახელი, არჩილ სოლოღაშვილი და ანა ჯავახიშვილი ჩეხოვის „სამი დის“ პერსონაჟთა სახეებს - ჟესტით, მიმიკით, ცეკვით, ფიზიკური მოძრაობით ქმნიან. ორიგინალურად გაკეთებულ, გეგონება ბამბუკის ჯოხებით შეკრულ სამ სკამზე, ირინა, ოლგა და მაშა სხედან, მაშას უკან, წიგნით ხელში, მისი ქმარი ფიოდორ კულიგინი დგას. დები სიჩუმეში, უფრო სწორად, ბრახუნის თუ კაკუნის ფონზე, თითქოს ჩაის მიირთმევენ (ამას მსახიობები მოძრაობით აკეთებენ) და რაღაცას აკვირდებიან, თვალს ადევნებენ, ჟესტით სიჩუმისკენ მოუწოდებენ. ისინი მკრთალად არიან განათებულნი, სინათლე ცოტა იმატებს და მაყურებელი ხედავს, რომ ამ ხმაურს, ანდრიუშას მიერ რაღაცის დაჭედება იწვევს. შეიძლება დები, სწორედ მას მიუთითებენ სიჩუმისკენ. ეს ყველაფერი, უკვე სიყვითლე თუ სიყავისფრისკენ წასული ძველი ფოტოსურათის მსგავს კადრს მოგაგონებთ. რეჟისორი, მხატვარი, კოსტიუმების მხატვარი პირველივე სცენიდან ქმნიან სპექტაკლის განწყობას. განწყობის შექმნას, სხვასთან ერთად, ხელს უწყობს სხვადასხვა კომპონენტის ჰარმონიული, გემოვნებიანი შეკვრა. ეს იქნება მსახიობთა პლასტიკა, მათი კოსტიუმები, სცენოგრაფია, განათება, მუსიკა თუ სიჩუმე, რომელსაც რიტმული ბრახუნი არღვევს. პირველივე სცენაში იკვეთება პერსონაჟთა ხასიათებიც. ოლგას, ირინას, მაშას ხასიათები ანდრიუშასადმი მისალმებაში ვლინდება, იმაში თუ როგორ ეფერებიან ისინი საყვარელ ძმას. ყველაფერი ეს კი თითო მოძრაობაში, დეტალში გამოიხატება. ირინა ეხუტება, მაშა შუბლზე კოცნის, ოლგა კი სინჯვას უწყებს - ყველაფერი ხომ წესრიგში აქვსო... აქვე აღვნიშნავ, რომ ხასიათების მიმანიშნებელია პერსონაჟთა კოსტიუმებიც. ანანო მოსიძემ სამ დას ერთნაირი სადა, თეთრი, ჰაეროვანი გრძელი კაბა ჩააცვა; ანდრიუშას ქერქეტა ხასიათზე მოკლე შარვალი და უსახელო მაისურიც მიანიშნებს. მაშას მეუღლე კულიგინს გრძელი ნაცრისფერი სერთუკი, ხოლო დანარჩენ მამაკაც პერსონაჟებს სამხედრო ფორმის მსგავსი კრემისფერი კოსტიუმები ჩააცვა. მხოლოდ ვერშინინის სამოსია თეთრი ფერის. ნატალიას კაბა კი, მისი პროვიანციალიზმის, დაბალი ფენისა თუ უგემოვნებობის წარმომჩენი, ფუშფიშებიანი მოვარდისფრო ფერისაა. ძიძის ანფისას ჩაცმულობა სლავური, გლეხი ქალის სამოსს - წინსაფრითა და თავზე გაკრული თავსაფრით - მოგაგონებთ.
მეორე სცენა, შნიტკეს მუსიკის თანხლებით, გაყინული, ცივი ატმოსფეროდან (იქნება ეს შინაგანი მდგომარეობა, თუ გარემო), ვნებებით და ემოციებით აღვსილი გაქცევის მცდელობაა. ოლგას, ირინას და მაშას ხელში ჩემოდნები უჭირავთ და მათი მოძრაობა, ცეკვა, ჟესტიკულაცია სადღაც გაქცევის უდიდეს სურვილს გამოხატავს. ისინი თითქოს აქეთ-იქეთ აწყდებიან, გზას, გამოსავალს ეძებენ. ამ ეპიზოდში, ნატალიას და ვერშინინის გარდა, ყველა მონაწილეობს. ეს მასობრივი სცენა ხალხით სავსე სადგურის ასოციაციას ბადებს. ამჯერად დების რეალობიდან გაქცევას, არჩილ სოლოღაშვილის სამხედრო ექიმი ჩებუტიკინი ეღობება. სწორედ ჩებუტიკინი ჩამოართმევს დებს ჩემოდნებს. ამ სახის შექმნისას, რეჟისორმა და მსახიობებმა ერთი საინტერესო დეტალი გამოიყენეს. ჩებუტეკინს სიგარეტი აქვს მუდამ პირში გაჩრილი. ბედის ირონია ისაა, რომ პროვინციაში ჩარჩენილ, ნიჭიერ სამხედრო ექიმსაც, სურს თავი დააღწიოს, ამ ჭაობს, ამ სულისშემხუთველ მარტოობის განცდას, მასაც სურს „სულით ობლობიდან“ გამოსავლის მიგნება, მაგრამ დებისგან განსხვავებით, მას კარგად ესმის და იცის, რომ პატარა, პროვინციული ქალაქიდან გაქცევა ასე ადვილი არ არის და არც გამოსავალია. თავის ხსნის ძიებას იგი სიყვარულში ეძებს. მას ირინა მოსწონს, მაგრამ იგი გარემოებათა გამო, თითქოს ნახევარკაცადაა ქცეული. ამიტომაც, მისი არშიყი ირინასთან, რაღაცნაირად უფერულია, ნახევარ ტონებში მიმდინარეობს. აქაც რეჟისორმა და მხატვარმა ერთი საინტერესო დეტალი შემოგვთავაზეს. ჩებუტიკინი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ირინასათვის ქაღალდის ყვავილს აკეთებს. იმის მაგივრად, რომ სიცოცხლის, ენერგიით, ახლის ძიებით აღსავსე ქალიშვილს სიყვარულის ნიშნად ცოცხალი ყვავილი აჩუქოს, იგი ხელოვნურ ყვავილს სთავაზობს და იმასაც, ფინალში, მისი საქმროს დუელში მოკვლის მერე, ყვავილს ჯიბიდან იღებს, ირინას აჩვენებს და ტუზენბახის უსიცოცხლო სხეულზე მიაგდებს. უნდა აღინიშნოს, რომ არჩილ სოლოღაშვილი, ისევე, როგორც სხვა მსახიობები, დამახასიათებელი შტრიხებითა თუ დეტალებით, ჟესტებით, მოძრაობებით, მიმიკით ზუსტად გადმოსცემენ ჩეხოვის პერსონაჟთა ხასიათებს, სულიერ სამყაროს. მაგალითად, არჩილ სოლოღაშვილი - ექიმი ჩებუტიკინის ჭკვიან, ცხოვრებაგამოვლილ, ერთდროულად დამცინავი და მზრუნველი ადამიანის ტიპაჟს ქმნის.
ირინას დღეობაზე, რეჟისორმა და კოსტიუმების მხატვარმა ვერშინინი - პროვინციულ ქალაქში დაბანაკებული სამხედრო ბატარეის მეთაური, ოჩოფეხებზე შემდგარი შემოიყვანეს. ამ ოჩოფეხებს კოტე ფურცელაძემ და ანანო მოსიძემ ორმაგი დატვირთვა მიანიჭეს. პირველი, პროვინციული ქალაქის მდორედ მიმდინარე ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენის აღმნიშვნელია. მეორე კი, ამ პერსონაჟისადმი ირონიულ-პაროდიული დამოკიდებულების მიმანიშნებელი. სინამდვილეში, ვერშინინი ხომ ძალაგამოცლილი, არაფრით გამორჩეული ადამიანის ტიპაჟია.
პროზოროვების ოჯახში ერთდროულად სუფევს სევდიანი და საზეიმო განწყობა. სევდა მამის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავის გამო, ხოლო ზეიმი ირინას დღეობას უკავშირდება. რეჟისორმა ეს ორი ამბავი ერთმანეთს ოსტატურად გადააჯაჭვა და ლაკონური ხერხებით პლასტიკურად გამოხატა. პირველი „გაქცევის“ ჩაშლილი მცდელობის სცენას მოსდევს, პროზოროვების ოჯახის მამის საფლავზე გასვლის ეპიზოდი. ზაფხულის პერიოდის აღმნიშვნელია, რეჟისორის მიერ მოფიქრებული და მსახიობების მიერ პლასტიკაში გადაწყვეტილი მწერების მოგერიება. სამი და, ანდრიუშა და კულიგინი - მამა პროზოროვის საფლავთან დგანან. დები, თითქოს ჭიქების გაშვერით, მიანიშნებენ ანდრიუშას, რომ მან სასმელი უნდა ჩამოასხას. შესვამენ მამის მოსაგონარს, საფლავზე ჭიქასაც წააქცევენ. მაშა დაემხობა საფლავზე და გულამოსკვნილი ქვითინებს. სწორედ, მაშას საფლავზე დამხობას, ძალიან ორგანულად, პლასტიკურად ებმება ირინასთვის ანფისას მიერ საზეიმო ტორტის მირთმევა და ტორტზე სანთლების ჩაქრობა. ამას მოსდევს საჩუქრები, სუფრასთან სხდომა, სადღეგრძელოები, ცეკვა და ზემოთხსენებული, ვერშინინის ოჩოფეხებზე შემოჭრა პროზოროვების ცხოვრებაში. ვერშინინი, შეიძლება ითქვას, ბოლო მცდელობაა, ბოლო გაბრძოლებაა, ახალი ცხოვრების დაწყების ბოლო იმედი, ბოლო შეასაძლებლობაა, არა მარტო სამი დისთვის, არამედ ანდრიუშასთვის, ექიმი ჩებუტიკინისთვისაც, ტუზენბახისთვისაც.
კოტე ფურცელაძისა და ანა წერეთელის შექმნილი მაშა ზედმიწევნით ჩეხოვისეული პერსონაჟია: დებს შორის ყველაზე ლამაზი, ქალური, ვნებიანი, თავგანწირული, იმავდროულად ჭკვიანი და განათლებული. სხვა დროს, სხვა სიტუაციაში, სხვა გარემოში მისი ცხოვრება, ალბათ, სხვანაირად აეწყობოდა. ახლა კი მუდამ თანმდევი, მოსაწყენი, არაფრით გამორჩეული ტატო ჩახუნაშვილის მიერ შექმნილ ქმრის პერსონაჟს, „კოჭი უნდა უგოროს“ და როდესაც ქმარი გაებუტება, ან, გაუბრაზდება, ან, მის სახეზე უკმაყოფილება აღიბეჭდება, მაშამ მოთვინიერებული ძაღლის ან კატის მსგავსად, წვერულვაშზე „მოფერებით“ უნდა მოულბოს ხოლმე გული. ტატო ჩახუნაშვილის ფიოდორ კულიგინი თვის სერთუკივით ნაცრისფერი, უღიმღამო პერსონაჟია. მის განათლებულობაზე მისათითებლად რეჟისორმა მას თავიდანვე წიგნი დააჭერინა ხელში. იგი ცოლზე უზომოდ შეყვარებული, უპრინციპო, ბუნებით სუსტი მამაკაცი, უხერხემლო ინტელიგენტია. მაშა მუდმივად მისი თვალთახედვის არეალში იმყოფება, მოდარაჯე, ერთგული ძაღლივით ცოლს გვერდიდან არ შორდება, რაც, რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია.
ნანკა კალატოზიშვილი მწირი, დახვეწილი ჟესტიკულაციით, პლასტიკით ქმნის უფროსი დის ოლგას პერსონაჟს - დინჯი, ჭკუადამჯდარი, შრომისმოყვარე, განათლებული, უფროსობის გამო უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე. ყველაფერთან ერთად, რეჟისორისა და მსახიობის კონცეფციით სპექტაკლში ოლგა მეოცნებეცაა. თუმცა, ნანკა კალატოზიშვილი თავისი პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარე, ამ ოცნებებსაც ფრთხილად, შებოჭილად, მინიმალური გამომსახველობითი ჟესტებით ავლენს.
სამ დას შორის ყველაზე სიცოცხლის მოყვარე, მხიარული, ხალისიანი, მომავლის იმედით აღვსილი პერსონაჟის სახეს ქმნის ანა ალექსიშვილი. იგი მზადაა ახალი ცხოვრების დასაწყებად და სიყვარულისთვისაც ღიაა. თუმცა, ისევე როგორც ჩეხოვთან, ანა ალექსიშვილის ირინას ორ მამაკაცს - ტუზენბახსა და ექიმ ჩებუტიკინს - შორის უჭირს არჩევანის გაკეთება. იგი არ არის მაშასავით თავგანწირულად შეყვარებული. სპექტაკლში ირინა ორივე მამაკაცს ეარშიყება. ალბათ, ამიტომაც ფინალისკენ, ექიმი მისთვის გაკეთებულ ყვავილს უჩვენებს ირინას და მოკლული ტუზენბახის გვამზე მიაგდებს, ამ დეტალით, მსახიობი და რეჟისორი, დატრიალებულ ტრაგედიაში თითქოს ირინას ბრალეულობაზეც მიუთითებენ.
გიგი ქარსელაძის ანდრეი პროზოროვი (ანდრიუშა), როგორც ზევით აღვნიშნე, მოკლე შარვლითა და უსახელო მაისურით, ცოტათი ქერქეტა, ქარაფშუტა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩეხოვთან იგი განათლებული ადამიანია, რომელიც გამოჩენილ მეცნიერობაზე ოცნებობს, თუმცა ამასთან, მშიშარა და უხერხემლოცაა. კაცი, რომელიც ჯერ დების, ხოლო შემდეგ, ცოლის უსიტყვო მონა-მორჩილია, რომელსაც არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. კოტე ფურცელაძის სპექტაკლში, გიგი ქარსელაძის ანდრიუშა დების უსაყვარლეს, პატარა ძმის, ყმაწვილობაში ჩარჩენილი ადამიანის ტიპაჟს ქმნის. მისი ნატალიასადმი სიყვარული, მამაკაცში ახლადგაღვიძებული სექსუალური ლტოვა უფროა, ვიდრე ნამდვილი გრძნობა. მიამიტი ყმაწვილი, რომელსაც გამოცდილი ქალი ადვილად „შეაცდენს“ და უღელსაც დაადგამს.
ჩეხოვის ტიპური რუსი „დედაკაცი“ ნატალია კოტე ფურცელაძისა და ეკატერინე დემეტრაძის ინტერპრეტაციით - ლამაზი, სექსუალური, ვნებიანი, მაცდური, მომხვეჭელი, მებრძოლი ქალის ტიპაჟია. ანდრიუშას ე. წ. მოჩანგვლის სცენაში იგი სხვა მამაკაცებსაც ეკეკლუცება. ანდრიუშაზე გათხოვების შემდეგ კი, იმის დასტურად, რომ პროზოროვების ოჯახში, ახლა მთავარი პერსონაა, სცენის შუა ნაწილში მდგარი სამი დის სკამიდან ერთ-ერთს იკავებს, უფრო სწორად, დებს იძულებულს ხდის მას დაუთმონ ადგილი.
გიორგი ტორიაშვილის ალექსანდრე ვერშინინის მოჩვენებითობას, როგორც უკვე აღვნიშნე, პროზოროვების ოჯახში ოჩოფეხებზე შემოყვანით, რეჟისორმა თავიდანვე თვალნათლივ მიუთითა. ამით, კოტე ფურცელაძემ ხაზი გაუსვა ამ პერსონაჟის „მითიურ“ სითამამეს, მამაკაცურობას. სიმპათიური, ქალთა გულისმპყრობელი ვერშინინი, სინამდვილეში სუსტი ბუნების, პატარა კაცუნაა.
ფინალში, ოლგას, მაშას და ირინას „განწირული“ ცეკვის ფონზე, უკანა პლანზე, დაბეჩავებული ანდრიუშა, მაგიდის გასწვრივ სკამების გასწორებით, გზას უსუფთავებს თავის ცოლს - ნატალიას. ნატალია შლეიფიანი კაბით, სამი სკამისკენ მედიდურად მიემართება და შუა - ოლგას ადგილს - იკავებს. სკამების უკან კულიგინი, წიგნით ხელში, თავის ჩვეულ პოზიციაზეა. სამი და ცეკვას ამთავრებს და სცენის ფიცარნაგზე გართხმულები ერთმანეთს ეხუტებიან. მერე ისტერიული სიცილი უტყდებათ. კვლავ გაისმის შემაძრწუნებელი ბრახუნის ხმა. ეს, ანდრიუშა გამწარებით ურტყამს ხელს კედელს, თითქოს მისი განგრევა სურს. მონოტონური ბრახუნის ხმა, დებისთვის თითქოს ნიშანია. ისინი წყვეტენ სიცილს, თავის ჩვეულ, გაყინულ პოზებში დგებიან (ამჯერად სცენის შუა ნაწილში) და იწყებენ ჩაის სმას. ყველაფერი თავიდან იწყება. სცენაზე და მაყურებელთა დარბაზში სიცივის შეგრძნება, მარტოსულობის, უფრო სწორად, სულიერი სიცარიელის შეგრძნება ისადგურებს.
[1] Леман Х.Т. Постдраматический театр, М. ABC design, 2013, с. 24.