top of page

„სამი ერთმანეთზე მშვენიერი ასული“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

467704032_10235397161137575_7976359973228572670_n.jpg

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„სამი ერთმანეთზე მშვენიერი ასული“


 

„თანამედროვე ცეკვის რევოლუციურობა, უდავოდ,

იმ ფორმათა მრავალფეროვნებას ეფუძნება,

რომელიც მან სცენაზე შემოიტანა.

დაშვებულია ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი.

არ არსებობს შეზღუდვა ხანგრძლივობაში, კოსტიუმებში,

დეკორაციაში: ყველაფერი იქმნება ან

გარდაიქმნება რეალურ დროში“

ფილიპ ნუაზეტი
 


დამოუკიდებელი თეატრი „ანარეკლი“ მაყურებელს თავის შემოქმედებას სხვადასხვა თეატრის სცენიდან აცნობს. პანტომიმის თეატრის მსახიობები და შემდეგ მაგისტრი რეჟისორები - სალომე ფილიშვილი და გიგი ლორია წლებია ერთად მუშაობენ სხვადასხვა სპექტაკლზე.


ამ სტატიაში მინდა განვიხილო მათი ბოლო სპექტაკლი - „ასული“, რომელიც პოლიკარპე კაკაბაძის პიესის „სამი ასულის“ მიხედვით აქვთ დადგმული. სანამ უშუალოდ განსახილველ თემაზე გადავალ, მინდა მკითხველს გავაცნო ან შევახსენო აღნიშნული რეჟისორების დადგმული ქორეოგრაფიული სპექტაკლები: „ანარეკლი“ (2018) „აფეთქებული“ (2019) „უსიერი“ (2022).

„ასულის“ პრემიერა 2024 წლის 26 და 27 ნოემბერს გაიმართა. სპექტაკლი პირველად საპრემიერო ჩვენებაზე ვნახე, მეორედ კი რამდენიმე თვის შემდეგ და ვფიქრობ, შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია, რომ რეჟისორების ეს აღნიშნული ქორეოდრამა ცალსახად გამოირჩევა მათი წინა ნამუშევრებისაგან. ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტს მივიჩნევ:


1. დრამატურგიული გამართულობა - მიუხედავად იმისა, რომ პიესას არ მიჰყვებიან კვალდაკვალ, სპექტაკლში გვხვდება მკაფიო სიუჟეტური ხაზი, რაც თანამედროვე ქორეოდრამისთვის ნაკლებად დამახასიათებელია.
2. შინაარსობრივი ლაკონიურობა - სპექტაკლი გადატვირთული არ არის უშინაარსო და ზედმეტი დეტალებით.
3. ფიზიკური და ემოციური მზაობა, რაც ხელს უწყობს წარმოდგენა მაყურებლისთვის ესთეტიკურად სასიამოვნო იყოს.
4. სინთეზურობა - სპექტაკლის მნიშვნელოვანი კომპონენტები ქორეოგრაფია, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება სინთეზურია, ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და იქმნება ერთი მთლიანობა.

ზოგადად, ქართული დრამატურგია არც თუ ისე განებივრებულია აბსურდული პიესებით. პოლიკარპე კაკაბაძის პიესა „სამი ასული“ აბსურდთან ერთად, შინაარსობრივად და ემოციურად საკმაოდ მძლავრი ტექსტია, რომელიც დიდ სივრცეს ტოვებს და საკმაო შესაძლებლობას იძლევა ინტერპრეტაციისათვის. მათ შორის კი ქორეოგრაფიული სპექტაკლისთვისაც, სადაც სიტყვებს მოქმედება და მოძრაობა ანაცვლებს.

სპექტაკლში, ისევე როგორც პიესაში ოთხი პერსონაჟია - სამი ასული (სალომე ფილიშვილი, ნინო აფციაური, ბარბარე შერმაზანაშვილი) და ჯოჯო (ლუკა კაპანაძე) და ისინი მოგვითხრობენ სამი ქალის ამბავს, რომლებიც ერთი ოჯახისა და ისტორიის ნაწილები არიან. მათ კი უპირველესად ის განასხვავებთ, რომ თითოეული და სხვადასხვა გზით ცდილობს საკუთარი თავის პოვნას. სამივე მათგანი წარმოადგენს ქალის ცხოვრების განსხვავებულ შესაძლო ვარიანტს - დამორჩილებულსა თუ დაუმორჩილებელს, პროტესტის სულით ანთებულს, შებოჭილს, თავშეკავებულს, ცნობისმოყვარეს და გაბედულს.
ვფიქრობ, ტექსტში არსებული ფსიქოლოგიური სიღრმე და ემოციური ნიუანსები საფუძვლად უდევს ქორეოდრამას, რადგან სწორედ ეს უხილავი, მაგრამ მოქმედი შინაგანი კონფლიქტები იქცევა მოძრაობად.

როგორც უკვე აღვნიშნე, სპექტაკლში „ასული“ პიესის დრამატურგიული ღერძი შენარჩუნებულია - ქალის შინაგანი ბრძოლა, საკუთარი იდენტობის ძიება თუ საზოგადოებასთან კონფლიქტი. ყოველივე ეს, მოძრაობით, თუმცა მაქსიმალურად შინაარსობრივადაა გადმოცემული.


რეჟისორებს მსახიობებთან ერთად ნამუშევარ აქვთ არა მხოლოდ პერსონაჟების ზედაპირულ დამახასიათებლებზე, არამედ მათ შინაგან მდგომარეობაზეც, რაც ქორეოგრაფიაში ასახულია ტემპის ცვლილებით და ემოციურად გამოხატული შინაგანი ქაოსით.
ამის მაგალითად შემიძლია გავიხსენო სამი ასულიდან ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირის - დიას გამოხატული განცდები, შიში და თავდაცვის მექანიზმი, რომელიც თითქოს სულ მზადყოფნაშია. ქორეოგრაფი და მსახიობი სალომე ფილიშვილი ამას მოძრაობაში გამოხატავს სხეულის მოქმედების სხვადასხვა ტექნიკითა და ტემპის ცვლილებით, რასაც თან ახლავს მისი შესაბამისი ემოციური გამოხატულება. პერსონაჟის გამოჩენისთანავე, შთაბეჭდილებას გვიტოვებს, რომ ის მშვიდი და გაწონასწორებულია და მსახიობიც ხასიათის გამოსახატავად მაქსიმალურად ნაზი და ჰარმონიული მოძრაობებით იწყებს მოქმედებას. გარდა ამისა, ცხადად ჩანს პერსონაჟის მომენტალური ჩაკეტილობა საკუთარ თავში - მკვეთრი, უტრირებული და პატარა, მოკლე მოძრაობებით.

ნინი აფციაურის პერსონაჟი თეოს გამოჩენა ბადებს განცდას, რომ ასულებს შორის იქმნება კონფლიქტი. მასში თითქოს ორი თანაარსებობს - ერთი, რომელიც მზადაა მოერგოს მოცემულობას და იმ რიტმს, რომელსაც დია ქმნის და გვაჩვენებს, ხოლო მეორეს იმაზე მეტის გამოხატვის სურვილი აქვს ვიდრე ამის უფლება და შესაძლებლობა აქვს. თეოს მოძრაობებიც დიას პერსონაჟის მსგავსად ცვალებადია.

ამ მხრივ, გამონაკლისი არც ბარბარე შერმაზანაშვილის პერსონაჟია. მსახიობი ევას როლს აცოცხლებს სცენაზე, რომელიც სპექტაკლის შუა ნაწილში ჩნდება, როგორც თავისუფლების მაძიებელი და ამავდროულად მშიშარა და ცნობისმოყვარე, რომელიც უკვე სცენაზე მყოფ გმირებთან თან წინააღმდეგობაშია, თან მათ გარეშე არ მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე დის ინდივიდუალური დამახასიათებლები იკითხება, ისინი არ გვიყვებიან საკუთარ თავებზე, როგორც ცალ-ცალკე პიროვნებებზე, რადგან ერთ მთლიანობას ქმნიან და თითქოს ერთი ადამიანის განცდებს ასახავს სამივე პერსონაჟი.


სპექტაკლის მთავარი ფაბულა ერთი ასულის მოჩვენებებზეა აგებული. ამიტომ გამოდის რომ პერსონაჟები - დია, თეო და ევა მხოლოდ პირობითი გმირები არიან, რომლებიც შინაგან სამყაროს ასახავენ. ჩემი აღქმით, ისინი არიან გონებისა და სიფხიზლის, რწმენისა და სულიერების, ცდუნებისა და თავისუფლების პროექციები. სწორედ ამიტომ, სპექტაკლის საერთო სურათი გვაჩვენებს, რომ სამი ასული ერთი ადამიანის სხვადასხვა მხარეა და შინაგანი ბრძოლების, მეხსიერებებისა და იდენტობის ფენები ერთმანეთს ერწყმის და სამეული ერთიანი ძალებით ცდილობს საკუთარ ერთიან შინაგანთან გამკლავებას.

სპექტაკლში ასევე ვხვდებით მნიშვნელოვან პერსონაჟს ჯოჯოს.


ვინ არის ჯოჯო?
მეოთხე პერსონაჟი - ჯოჯო, თითქოს არ ჩანს და გვერდიდან აკვირდება სამ ასულს, მაგრამ სინამდვილეში ფაქტობრივად მათთან და მათში სახლობს.
ჯოჯოს როლს ლუკა კაპანაძე ასრულებს, რომელიც სიმბოლურ დატვირთვას ქმედითად განასახიერებს. მისი პერსონაჟი, როგორც პიესაში ასევე სპექტაკლშიც ბოლომდე გასაგები არაა, არამედ გარკვეულწილად ამოუცნობი რჩება, რაც მაყურებელს ერთგვარ თავსატეხს უჩენს.


ჯოჯო შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც მეხსიერება, რომელიც სამ ასულს გამუდმებით ახსენებს თავიანთ წარსულს და მსჯავრს დებს სინდისის მეშვეობით, თუნდაც ოჯახის წარსულის, ტრადიციების ან წესების გამო. ჯოჯო ამავდროულად გარედან მოსული ხმაა, რომელიც მუდამ კრიტიკული და ცინიკურია. შესაძლებელია, ჯოჯო სწორედ კოლექტიური ხმის პროექცია იყოს, სადაც თავს იყრის საზოგადოების აზრები და ასულებს აფასებს, განსჯის და მუდმივად აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ჯოჯოს არსებობა სწორედ ერთი ეგოსა და სინდისის ნაყოფია, რაც საბოლოოდ მოჩვენებად იქცევა.

ლუკა კაპანაძე ჯოჯოს მინიმალისტური მოქმედებით გვაცნობს. ასულების მოძრაობის ფონზე ჯოჯო განსხვავებულია, თუ ისინი ცდილობენ მათი მოძრაობები რბილი და მსუბუქი იყოს, ჯოჯო მეტად მკვეთრი და უტრირებულია. გარდა იმისა, რომ შინაარსობრივად ჯოჯო ასულებს გამოყოფილია, ასევეა ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაშიც. მთელი ქორეოდრამა ისეა აწყობილი, რომ შეიძლება რომელიმე სცენაში ჯოჯო სულაც არ მოქმედებდეს/მოძრაობდეს სცენაზე და გამოყოფილი იყოს, მაგრამ მის გარშემო იკვრება ყველაფერი.

ჩემთვის, პერსონაჟი ჯოჯო იმდენად საინტერესო და ღრმაა, ვფიქრობ ამოუწურავია ვარიანტები თუ როგორ შეიძლება დაინახოს მკითხველმა თუ მაყურებელმა.
შეიძლება თუ არა ჯოჯო აღვიქვათ ქრისტეს სიმბოლოდ?


ვფიქრობ, აბსოლუტურად შესაძლებელია მსგავსი ინტერპრეტაცია, უპირველესად იმიტომ, რომ ამ მოსაზრების მინიშნება სწორედ კაკაბაძის პიესაშივეა: „ვინ იცის... ეგებ ის ქრისტე-მაცხოვარია გლახაკის სახით მოსული და გვცდის ჩვენ... და ელოდება: გავუღებთ ამ ყინვა ქარში კარს და მივიღებთ დავრდომილს და მოვუვლით, თუ არა... ამ შუაღამით მოვიდა ის ქარში... მეგობრებო, ასეთ ღამეში ხშირად დადის ქრისტე და, მომხდარა, როდესაც გაუღიათ გლახაკისათვის, შემოსულა ღმერთი და კედლები გაბრწყინებულა...“

გარდა ამისა, სპექტაკლშიც ცხადად ჩანს, რომ ჯოჯო, რომელიც ცალსახად ადამიანის შინაგანი ფიქრებისა და აზრების ნაყოფია, შეიძლება ქრისტედ მოიაზრებოდეს. ამის დასტურად კი შემიძლია გავიხსენო ერთ-ერთი საკულმინაციო სცენა, სადაც დია (სალომე ფილიშვილი) შუქთან ისე თამაშობს თითქოს ნამდვილი მსახიობის წინ დგას და გაურკვევლობაშია - ვინ არის ჯოჯო - ქრისტე თუ კაცი (მეფის ძვირფასი ვაჟი). ამ დროს კი თეო და ევა წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ, რითაც გამოხატავენ ერთი პერსონაჟის შიგნით არსებულ ორჭოფობასა და შინაგან ბრძოლას, როგორ მოიქცეს, მიიღოს თუ არა ჯოჯო?

ვფიქრობ, აბსურდის პერსონაჟების ბოლომდე და საფუძვლიანად ამოცნობა შეუძლებელია, განსაკუთრებით ქორეოგრაფიულ სპექტაკლში, რომელიც მაყურებელს აღქმის ინტერპრეტაციის უამრავ საშუალებას აძლევს.

თუ ნახავთ სპექტაკლს „ასული“ შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეთ მუსიკალური გაფორმება, რომელიც ეკუთვნის სანდრო ნიკოლაძეს. სპექტაკლში „ასული“ მუსიკა არ არის მხოლოდ გაფორმება. მუსიკა მოქმედების ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ იქცევა, რომელიც წყვეტს რიტმს, ქმნის პაუზებს, სცენაზე მიმდინარე მოქმედებას შესაბამის ემოციასა და დაძაბულობას მატებს.


მოძრაობა და მუსიკა ხშირად ირეკლავს ერთმანეთს ან მომენტალურად არღვევს ერთობლივ ჰარმონიას, რაც შინაარსსაა მორგებული, რათა გვაჩვენონ პერსონაჟების შინაგანი განხეთქილება. სანდრო ნიკოლაძის ნამუშევარი მრავალფეროვანია, რადგან ერთი მთლიანობა შედგება სხვადასხვა სტილის მუსიკისგან, რაც მის დინამიკურობას უწყობს ხელს. არ არის მოსაწყენი, არამედ სულ ჩართული ხარ მასში.


საყურადღებოა, რომ მუსიკალურ გაფორმებაში აღმოვაჩენთ თანამედროვე ქართულ ელემენტებსაც. მუსიკალურმა გაფორმებამ საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ქორეოდრამის საერთო სურათის ამგვარად ჩამოყალიბებაში, არის მომენტები, როცა მუსიკა თითქმის არ ისმის და თითქოს, სიჩუმე არის მუსიკად დაწერილი. ამიტომ, ვფიქრობ , ქორეოდრამის მუსიკა იმ იშვიათი ჟღერადობის რიგს მიეკუთვნება, რომელიც სპექტაკლის დასრულების შემდეგაც გამახსოვრდება და დიდხანს მიგყვება.

რაც შეეხება სპექტაკლის სცენოგრაფიას, ამ მიმართულებით თეატრის მხატვარმა ანანო დოლიძემ იმუშავა. სცენა არ არის გადატვირთული ბევრი და უსარგებლო რეკვიზიტებით, თუმცა სცენის სივიწროვის გამო ყველა დეტალი იქცევს ყურადღებას. მინიმალისტური სცენოგრაფია ქმნის და ასახავს სპექტაკლის შინაარსს.


გარდა ამისა, მხატვრობის ამგვარი გადაწყვეტა მაქსიმალურად მორგებულია ქორეოგრაფიულ მოძრაობას და მოქმედებასთან ერთად თავადაც ცოცხლდება. მაგალითად მოქმედია, სცენის ცენტრში არსებული მრგვალი ფიგურა, რომელსაც სხვადასხვა დატვირთვით იყენებენ მსახიობები. როგორც მუსიკაში, ასევე სცენოგრაფიაშიც გვხვდება ქართული ელემენტები, ამ შემთხვევაში ნაბადსა და მატყლის სახით.

საბოლოო ჯამში, სპექტაკლი „ასული“ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქორეოგრაფიული დრამა საუბრობდეს და მოგვითხრობდეს ამბავს ტექსტის გარეშე.
„ასული“ სასიამოვნო სანახაობის ფონზე, არ გვთავაზობს მარტივად ამოსახსნელ ამოცანებს, არამედ ერთდროულად გტოვებს კმაყოფილს და თავსატეხით მოცულს გატოვებინებს დარბაზს.

 

bottom of page