
სამწუხაროა, რომ მისდღემჩი ასე იყო - ჰაიდე

ზუკა ნემსაძე
სამწუხაროა, რომ მისდღემჩი ასე იყო - ჰაიდე
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია, საქართველოში ქალებზე, ქალების პრობლემებზე ყველა სფეროს წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ქალთა უფლება დამცველები ყოველდღიურ რეჟიმში ამ საკითხებს განიხილავენ. ჩვენ მაინც გვესმის: „კაცმა ქალი მოკლა“, „როგორ სასტიკად გაუსწორდა ქმარი ცოლს“, „ცივი იარაღით მიაყენა ათობით ჭრილობა“, „სასტიკად იყო ნაცემი“, „მამამთილმა რძალი დანით დაჭრა“. „მამა შვილს სასტიკად გაუსწორდა“, „ძალით ათხოვებენ“, - ფემიციზმი, როგორც პრობლემა რეგიონების ლამის ყოველდღიურობაა და კიდევ უფრო სამწუხაროდ, არა მხოლოდ რეგიონების.
20 წლის ვიყავი, როგორც ჟურნალისტს, რომ მომიწია, ჩემს კუთხეში (აჭარელი ვარ) დატრიალებული ტრაგედიის გაშუქება, ყველა ტელევიზიის კარები შევაღე, მიმქონდა ფაქტები და დოკუმენტები, მიმქონდა ოქროს მოწმის ინტერვიუ, რომ ვინმეს გაეშუქებინა, ვინმეს ამბავი მოეყოლა და ეთქვა, რომ კიდევ ერთმა, 14 წლის გოგომ, რომელსაც უბრალოდ სიცოცხლე უნდოდა, უბრალოდ უყვარდა სიცოცხლე, ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. თითქმის არავის აინტერესებდა, როგორ სასტიკად სცემეს ბიძებმა და მამამ, უდედოდ გაზრდილი შვილი, როგორ უმოწყალოდ შედგნენ ფეხებით პატარა გოგოს, იმიტომ, რომ უყვარდა. ერთ დილით კი, გამთენიისას, ბლის ხეზე, თოკით ჩამოკიდებული იპოვეს ნინი, ნაწამები. სოფელი სდუმდა, სდუმდა სკოლა, სდუმდნენ მასწავლებლები, მეგობრები, მაგრამ იყვნენ იქ ისეთებიც, რომლებიც ხმაურობდნენ, ყველა ფაქტი ამტკიცებდა, რომ გოგოს თავის მოკვლა აიძულეს, ანდაც მოკლეს. მხოლოდ მე ვწერდი, ვწერდი სტატიას სტატიაზე, ინტერვიუს ინტერვიუზე ვაქვეყნებდი, სადამსჯელო სკამზე, სასამართლოში, მხოლოდ ბაბუა აღმოჩდა, ბაბუამ აიღო თავზე ძალადობაც და თვითმკლელობამდე მიყვანაც. მოძალადე ბიძები, „უსაქციელო“ დით შერცხვენილი ძმა კი დუმდა. მისი და, რომ იატაკზე ათრიეს თმებით, ბიძებმა რომ დაიჭირეს და მამამ ჯოხით სცემა, თავი რომ კედელს არტყმევინეს, რამდენჯერმე გული წაუვიდა მის ძმას, სასწრაფოც კი დაჭირდა, მაგრამ?! მაგრამ სასამართლოზე, როგორც მოწმემ უარყო მის დაზე ძალადობა, რადგან კოლექტიური ციციკორეები მასაც ჩაქოლავდნენ. ასე და ამგვარად, „იმნაირი“ გოგოს გამო, და ეს იმნაირიც იმიტომ, რომ უყვარდა, არც პოლიციამ მოიძია და არც მოწმეებმა იხმაურეს, ნინის სიკვდილი შერჩათ. ასე შერჩათ, ყველას მკვლელობა, ყველას ცემა...
მარნეულის კულტურის ცენტრში დადგმული ტატო გელიაშვილის სამაგისტრო სპექტაკლმა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ვნახე, 4 წლის წინ მომხდარი ამბების ყველა დეტალი გამახსენა.
„ჰაიდე“ გვესუაბრება მთელი ქვეყნის პრობლემაზე, მოძალადე კაცების „ქალურ“ ბუნებაზე და ქალებზე, რომლებიც „კაცური“ ბუნებით ცხოვრობენ.
ქეთი სამხარაძის პიესა, „ჰაიდე“, რომელიც რეჟისორმა, ტატო გელიაშვილმა მარნეულის კულტურის ცენტრში დადგა, მუსიკალურად მიხეილ ზაქაიძემ გააფორმა, ხოლო მხატვრობა და ქორეოგრაფია თავად რეჟისორს და თათა თავდიშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში, მონაწილეობენ: მარინა ჯოხაძე,
თათია თათარაშვილი, ზურა ხაფთანი, ლიზა ნიკვაშვილი, ნინი ნოზაძე
პაპუნა ირემაძე, ალექსანდრე შარაბიძე, მაკა სტეფანია, მარიამ ჭოხონელიძე
და ნიკა გუგუნავა.
სპექტაკლი ქალებზე და მათ პრობლემებზე, მძიმე, ემოციური და საინტერესო სანახაობაა. თუმცა მას მომზადებული მაყურებელი სჭირდება. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ტატო გელიაშვილი საინტერესო რეჟისორია, საინტერესო ხედვით. ის, გამოირჩევა თანამედროვე თეატრალური პროცესისადმი შედარებით ახლებური და სიღრმისეული მიდგომით. რეჟისორი ცდილობს, გადააფასოს ტრადიციული თემები და აჩვენოს ისინი ახალი თაობისთვის გასაგები და ემოციურად ახლო ფორმით. მისი დადგმა გამოირჩევა გამბედაობითა და სისუფთავით - აქ არ არის ზედმეტი პათოსი ან ფორმალური თამაშები მხოლოდ ეფექტისთვის. რეჟისორი ფაქიზად ეძებს ადამიანის შინაგან კონფლიქტებს. ქმნის სივრცეს, სადაც მაყურებელი არა მხოლოდ უყურებს მოქმედებას, არამედ თანაარსებობს მასთან. სპექტაკლის მთავარი ღერძი სწორედ რეჟისორის თანამედროვე და სიღრმისეული ხედვაა. იგი ახერხებს, მოძებნოს ბალანსი კლასიკურ და თანამედროვე სათეატრო ფორმებს შორის. მისი სამუშაო გამოირჩევა ცოცხალი, ინტელექტუალური მიდგომით, სადაც ყოველი დეტალი -სივრცის გადაწყვეტიდან დრამატურგიულ ხაზებამდე - ემსახურება საერთო იდეას და ემოციურ გავლენას. რეჟისორში იგრძნობა როგორც პროფესიული სიზუსტე, ისე შემოქმედებითი თავისუფლება, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის დამახასიათებელი სიახლის ძიებითა და ტრადიული მიდგომების გადააზრებით არის შთაგონებული.
სპექტაკლის მხატვრულ გადაწყვეტაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სცენოგრაფიას, რომელიც თავისი სიმძიმითა და მრავალფეროვანი ფერებით პირდაპირი ემოციური ზემოქმედების წყაროდ გვევლინება. დეკორაცია თითქოს, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივია - ისინი ერთდროულად მძიმე და ჭრელია, თითქოს სიცოცხლით სავსე, მაგრამ ამავე დროს დამღუპავი და მჩაგვრელი.
სისხლისფერი ტონები და მკვეთრი, ხანდახან დამაბნეველი, მოჟამულ-გახუნებული ფერების კომბინაცია ქმნის ატმოსფეროს, სადაც პერსონაჟები თითქოს ჩაკეტილნი არიან, ტყვეობაში ჰყავთ საკუთარი წარსული, ტრადიციები და სოციალური გარემო. თუმცა, ამავე დროს, ამ სცენური სივრციდან გამოსჭვივის პერსონაჟების შინაგანი თავისუფლება - მათი დაუმორჩილებელი სული, რომელიც ცდილობს, გატეხოს გარე ბარიერები და თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. სისხლისფერი ამ სივრცეში სიცოცხლისა და ტკივილის, ბრძოლისა და შეწირვის ნიშანია, რომელიც როგორც პერსონაჟების შინაგან სამყაროში, ისე მათ გარშემო არსებულ საზოგადოებრივ ფონს აღწერს. ჭრელი, მრავალფეროვანი დეკორაცია თითქოს გვაუწყებს, რომ ეს არის ადგილი, სადაც სიცოცხლე დუღს, სადაც თითოეული პერსონაჟი თავისი სურვილებით, ოცნებებით, თავისუფლებისკენ სწრაფვით ცხოვრობს. თუმცა ეს ფერები არ არის ნათელი და თავისუფალი, ისინი მძიმეა, თითქოს სივრცე დახშულია, შეკრულია და ამ სიმძიმით აჩენს შინაგან დაპირისპირებას გარე სამყაროსთან.
ეს მხატვრული გადაწყვეტა არა მხოლოდ სივრცის ფიზიკური დიზაინია, არამედ სპექტაკლის შინაარსობრივი მესიჯის ვიზუალური გაგრძელებაა. მხატვრები ტატო გელიაშვილი და თათა თავდიშვილი ქმნიან სამყაროს, რომელიც არაა უბრალოდ დეკორაცია, არამედ ცოცხალი, ემოციური პერსონაჟი, რომელიც მოქმედებს და ზემოქმედებს სცენაზე განვითარებულ მოვლენებზე. ამგვარად, სცენური მხატვრობა მეტაფორად გარდაიქმნება: ის გვიჩვენებს პერსონაჟების სულიერ მდგომარეობას - შინაგანად თავისუფალი ადამიანები, რომელთაც გარე გარემოებები და საუკუნოვანი ტრადიციები არ აძლევთ საშუალებას, სრულფასოვნად გამოხატონ ეს თავისუფლება. ისინი ამ სივრცეში როგორც გაჭედილები, ისე მოუსვენრად მოძრავნი არიან - თითქოს მუდმივად ცდილობენ, გაწყვიტონ უხილავი ბორკილები.
მსახიობები ერთიანად ქმნიან მძიმე, დამთრგუნველი სამყაროს სახეს, სადაც თითოეული პერსონაჟი თითქოს ერთსა და იმავე ჭრილშია ჩაფლულია - უსუსურობის, შიშისა და შინაგანი ტკივილის სივრცეში. ამ გმირებს არ აქვთ თავისუფლების უფლება, ისინი იმდენად არიან შებოჭილნი საზოგადოებრივი აზრისა და სოფლის ჩაკეტილი წესებისგან, რომ საკუთარი სურვილების გამოთქმაც კი სარისკოა. მათი ცხოვრება გამუდმებული მოლოდინი და შიშია: შიში იმისა, რომ „სოფელმა არ იჭორაოს“, არ განსაჯონ, არ გარიყონ.
მსახიობები ზუსტად გრძნობენ ამ შინაგან კონფლიქტს და თანმიმდევრულად, მოზომილად, დაუძლეველი ტკივილის ფონზე აგებენ თავიანთ გმირებს. პერსონაჟებს, რომელთა სიჩუმე უფრო ხმამაღალია, ვიდრე სიტყვები, და რომელთა თვალებში იმალება მთელი ის სულიერი არეულობა, რომელსაც ისინი გარეთ ვერ აფრქვევენ. ისინი ერთიან, ერთხმად მოქმედ ანსამბლს ქმნიან, რომლის მიზანიც პერსონაჟების სულიერი ჩახშობის, ჩაგვრის და უმწეობის ჩვენებაა.
მარინა ჯოხაძის რაზიე, რთული ქალია. უკიდურესად მძიმე ემოციების მქონე, ცივი ქალი, რომელიც არა მხოლოდ ქმედებებით, არამედ ვიზუალურადაც საშიშია. იგი გონიერი, უხეში, „კუდიანი“ ქალის მხატვრულ სახეს ქმნის, რომელიც უსისხლო, უემოციო, მაგრამ ფინალურ სცენაში როცა ხმას იმაღლებს, როცა ბოლო ხმაზე გაჰკივის, რომ „ქალია ამფერი“ ქალია ყველანაირი, გაჯერებს რომ მთელი სამყარო თვითონაა. მარო ჯოხაძის რაზიე, ერთნაირად გავს როგორც აჭარელ ქალს, იგი მთიელი ქალი ბუნებასაც ატარებს, ტიპაჟურად ოთაარანთ ქვრივსაც წააგავს. მართლაც ასეა, მარინა ჯოხაძის რაზიე მთელი სამყაროა, რომლის მსგავსი ქალების „კაცური“ ბუნებით, „ჩმორ“ „ქალური“ ბუნების მქონე კაცებს ეშინიათ. „ქალური“ ბუნების კაცები ხშირად ვახსენე და განვმარტავ, რომ ასეთ კაცებს ტირილის ეშიანიათ, ემოციის გამოხატვის ეშინიათ, თავიანთ კომპლექსებს „კაცობაში“ ფუთავენ და „კაცობას“ ძალადობაში ანთხევენ. ასეთმა, „ქალური“ ბუნების, კომპლექსების მქონე, კაცმა მოკლა მარინა ჯოხაძის რაზიეს შვილი ნინი ნოზაძის ნათელა, პატარ გოგო, რომელიც ყველას აჩრდილიაა.
ლიზა ნიკვაშვილის ირინე, თავისუფალი ქალია, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ტიტინებს, იგი ერთადერთია, რომელიც ბედავს მარინა ჯოხაძის რაზიესთან საუბარს, მაშინ როცა მასთან საუბრის ყველას ეშინია.
თათია თათარაშვილის ეთერი, ემოციურად არამდგრადი ქალია, ხან იცინის, ხან ტირის, ხან ბღავის, ხან კვნესის, ხან ბოდავს. მსახიობი, ფსიქიურად აშლილი, ჩამონგრეული ქალის მხატვრულ სახეს ქმნის. თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალის, რომელიც რაზიე ხანუმის ქმრის შვილია, პირველი ცოლიდან, მაგრამ თათია თათარაშვილის ეთერი, მუდმივად იმეოირებს, „იგი დედააჩემი და მისდღემჩი ასე იყო“. მიუხედავად იმისა, რომ თათარაშვილს ბევრი საინტერესო და ფიქრის აღმძვრელი „სცენა აქვს“, მაინც შთამბჭედავია გაუპატიურების სცენა, სადაც მსახიობი, გარმონის დაკვრას წყვეტს, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, გიჟად გადაიქცევა.
ფიზიკური მოზომილობითა და ემოციური სიზუსტით შექმნა ღრმად ამაღელვებელი ეპიზოდი. მისი მონოლოგი, რომელიც სკამზე მდგომმა წარმოთქვა, არ იყო მხოლოდ ამბის თხრობა, ეს იყო შინაგანი ტრავმის სხეულში დაფიქსირება, ტკივილის ვიზუალური და ემოციური მატერიალიზაცია. მსახიობმა სხეულის თითოეული მოძრაობით, ჟესტით და ხმით შეძლო, გადმოეცა იმ ძალადობის სრული საშინელება, რომელიც მის გმირს გადახდა. ეს არ იყო თამაშით გამძაფრებული სცენა - პირიქით, მისი სიმშვიდე, მოზომილი სიტყვები და სხეულის მყარი, მაგრამ მყიფე პოზიცია, მაყურებელს ბევრად უფრო ძლიერად აგრძნობინებდა იმ ტკივილს, რომელსაც პერსონაჟი გრძნობდა.
ეს იყო მარტოსული ქალის სცენა, სადაც მსახიობი სრულიად მარტო დარჩა თავის თავთან, თავის განცდასთან და მაყურებელთან და სწორედ ამ მარტოობაში მოახერხა ყველაზე მძაფრი ემოციური ეფექტის მიღწევა. მისი ესთეტიკურად დახვეწილი, ფიზიკურად დატვირთული შესრულება დამძიმებული სხეულისა და სულის მქონე ქალის სახეს ქმნიდა. თითქოს, თავდაჯერებულია იმაში, რომ სოფელმა ეს ამბავი არ ვიცოდით და აქ მაყურებელიც ამ სოფლის ნაწილი ხდება, მოყვა მისი ცხოვრების მთავარი საიდუმლო და ამოისუნთქა. აქ გაირკვა თუ რის გამო გაუშვა დედამ, იგი ქალაქში, რომ სოფლის ჭორაობისგან გადაერჩინა, არადა ამავე სოფლის ბიჭებმა არ იხმარეს მასზე ძალა?!
თათარაშვილის ამ მონოლოგის ფონზე, სცენაზე ოთხი ბიჭი: ზურა ხაფთანი, პაპუნა ირემაძე, ალექსანდრე შარაბიძე და ნიკა გუგუნავა დგას.
პაპუნა ირემაძე, თათია თათარაშვილის ეთერის ემოციური მონოლოგის ფონზე, რაც უფრო მძაფრდება ტექსტი და ემოციაც, ცეკვავს, ცეკვავს, გეგონება სარბენ ბილიკზე დადის, სახეზე სიამოვნების ფერები დაჰკრავს, იგი ერთ-ერთია ვინც ეთერზე სექსუალურად იძალადა. უკან სხვა ბიჭების დგანან, ზურა ხაფთანის მარადი ყავთ ხელებით დაჭერილი. აქ ირკვევა, რომ თათია თათარაშვილის ეთერი და ზურა ხაფთანის მარადის ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ, მაგრამ ცხოველური ჟინით შეპყრობილ კაცებში ვერ დაიცვა მისი სათაყვნებელი ქალი, უფრო სწორედ კი რას დაიცავდა, ველურ ემოციების მქონე, „ქალური“ სულის მქონე მოძალადე კაცებში.
ყველა საიდუმლოს ფარდა აეხადა, აქ ბევრი უთქმელი ამბავი ითქვა, რეჟისორმა საინტერესოდ აღწერა, როგორ იზრდებიან ასეთი ბიჭები, მოძალადე, ღორი და ნაბიჭვრები, რომლებსაც შეუძლიათ ქალზე ხელი აღმართონ და მოკლან - ეს ამბავი სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი „ფიშკაა“, რომელსაც აქ არ მოვყვები.
ტატო გელიაშვილის „ჰაიდე“ მრავალი იდეის მატარებელი სპექატკლია, მისი ნახვა მომზადებას მოითხოვს. „ჰაიდე“ არის სპექტაკლი, რომელიც თავისი სიღრმითა და სიმძიმით მაყურებელს შიგნიდან ანგრევს და ფიქრში აგდებს. რეჟისორი თამამად წარმართავს ამ რთულ ნარატივს და ქმნის თეატრალურ სივრცეს, სადაც ტკივილი, სიჩუმე და ჩაგვრა სეცანაზე გათამშებული ამბების მთავარი მამოძრავებელია.. ეს არის ნამუშევარი, რომელიც არ ცდილობს მოგხიბლოს, არამედ მოითხოვს შენგან თანაგანცდას და თანააზროვნებას სწორედ ამაშია მისი მნიშვნელობა და სიმართლე. და, ვფიქრობთ - რა სამწუხაროა, რომ „მისდღემჩი“ ასე იყო, როცა ისინი ძალადობდნენ, ჩვენ კი ვდუმდით...
„ჰაიდე“ ტატო გელიაშვილის, როგორც რეჟისურის სადებიუტო ნაშრომია დრამატულ თეატრში, უკვე ვხედავთ, რომ იგი თანამედროვე ხედვის და მეტი შესაძლებლობების მქონე რეჟისორია, რომლის შემოქმედებით გზას მომავალშიც დიდი ინტერესით უნდა ვადევნოთ თვალი.