
საგანგებო გაფრთხილება მათთვის, ვისაც ეშინია ან არ ეშინია თეატრისა და თავისუფლების
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ლელა ოჩიაური
საგანგებო გაფრთხილება მათთვის, ვისაც ეშინია ან არ ეშინია თეატრისა და თავისუფლების
თითქმის ოთხი თვის წინათ, სამეფო უბნის თეატრი, სრული შემდგენლობით, ზოგიერთ სხვა თეატრის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიან აქციებს, მარშებს, მიტინგებს შეუერთდა და „თავისუფლების, დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ დადგა; შემდეგ ამ პროცესებს მიყოლებული სხვა პროცესების - დარბევების, დაპატიმრებების, ჯარიმების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტშიც აქტიურად ჩაება. და ქუჩაში, პირდაპირი მნიშვნელობით, მანიფესტით „გასულ“ ახალ თეატრსაც გვერდში დაუდგა. იქ, სადაც თეატრი დაიბადა და სადაც კვლავ რჩება მისი წილი ადგილი - საზოგადოების გვერდითა და იქვე ახლოდან მისთვის ხმის მისაწვდენად.
სწორედ საზოგადოების გვერდითა და მისთვის ხმის უკეთ მისაწვდენად თამაშდება მოქმედება დათა თავაძის (მისივე შეთხზულ ტექსტზე, როგორც ყოველთვის, მუშაობის პროცესში მსახიობების ჩართულობით) ახალთახალ (სხვადასხვა მნიშვნელობითა და აზრით, ოღონდ, უშუალოდ თეატრის შენობაში, ასევე „კუთვნილ“ ადგილზე) სპექტაკლში LIBERTÉ („თავისუფლება“), რომლის ჩვენებები (2024 წლის ნოემბრის ბოლოს, სხვა სარეპერტუარო წარმოდგენებთან ერთად), გამოცხადებული გაფიცვისა და თეატრის ქუჩაში გადანაცვლების გამო, მალევე შეწყდა. და ამჟამად, აპრილიდან განახლდა. ასეთი ანონსით - „მხოლოდ LIBERTÉ აპრილში!“ LIBERTÉ (რასაც ზოგჯერ, ისტორიული გამოცდილებიდან, წესით - Égalité, Fraternité - მოჰყვება და თუ არ მოჰყვება, ძალაუნებურად იგულისხმება) ქვემოთ, ფრჩხილებში მინაწერით - Trigger Warning (სასტიკი გაფრთხილება, ან საგანგებო გაფრთხილება, ან გამაფრთხილებელი შეტყობინება). მხოლოდ, LIBERTÉ.
ისევე, როგორც სპექტაკლის აფიშაზე დატანილი ანოტაცია გვაუწყებს და გვაფრთხილებს „18+ სპექტაკლზე არ დაიშვებიან 18 წლამდე პირები!!! სპექტაკლში გამოყენებულია: ხმამაღალი შეძახილები / თამამი ლექსიკა / „ბიოლოგიური სქესისთვის შეუფერებელი ქმედებები“ / მოულოდნელი ძლიერი სინათლე / სიგარეტის კვამლი / სასცენო კვამლი / მოულოდნელი ძლიერი ხმაური / მსახიობები / სასცენო განათება / თანამედროვე მუსიკა / - ეს ყველაფერი არის, მაგრამ არაფერია (თან, ძალიან არაფერი) იმასთან შედარებით, რაზეცაა სპექტაკლი და რაც სინამდვილეში, მის მიღმა არსებულ რეალობაში ხდება.
სპექტაკლში „გამოყენებულია“ ოთხი მსახიობი - ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სანდრო სამხარაძე, გაგა შიშინაშვილი - და სპექტაკლის უკლებლივ ყველა მაყურებელი. უნდათ მათ ეს, თუ არ უნდათ.
LIBERTÉ-ში შეცვლილია დარბაზის განზომილება, სტრუქტურაც, მოქმედების სცენური ადგილიც, სკამებისა და შესაბამისად, მაყურებლის განლაგებაც. აქ არაა ტრადიციული სცენა (არც მაყურებელი ზის სცენაზე) და არც „პარტერის“ რიგებია მაყურებლის ჩვეულებრივი რიგები. მონაწილეები თავისუფლად მოძრაობენ დარბაზსა და სკამებს შორის და ყველა ერთმანეთში რვაფეხას საცეცებივითაა გადახლართული.
სპექტაკლი ისეა აწყობილი და გადაწყვეტილი, ვერანაირი კედელი და თავშესაფარი ვერ გიცავს ვერც მისი გავლენის ძალისა და ვერც მსახიობებისგან (ხმამაღალი შეძახილებით, თამამი ლექსიკით, მოულოდნელი ძლიერი ხმაურით), მათი შეხების, ახლო მზერისა და დანახვის ახლო „ხედის“, თამაშში მათთან დაა გვერდით თუ მოშორებით, საპირისპირო მხარეს მჯდომ მაყურებელთან ერთად „ჩართულობისგან“.
და ეს ყველაფერი ბადებს დაუჯერებელ შინაგან კავშირს, როდესაც ფიზიკური ყოფნა, ახლო თუ შედარებით შორ დისტანციაზეც, სულიერ სიახლოვესა და მჭიდრო თანამოაზრეობაში გადადის, მაშინაც კი, როდესაც სივრცეში თავბრუდამხვევი ქმედების, მოძრაობის, გადაადგილების - მაყურებლის სკამებს შორის, ცენტრსა თუ პერიფერიებზე, სწორ და შემაღლებულ სიბრტყეებზე, მოულოდნელი ძლიერი სინათლე / სიგარეტის კვამლი / სასცენო კვამლი - უწყვეტი და დინამიკური პროცესი მიმდინარეობს, რაც ერთიანობისა და თანაარსებობის განცდას ბადებს.
იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მსახიობებს (რომლებიც, მოცემულობიდან გამომდინარე, იყენებენ თამაშის უცხო ხერხებს, ახალ და ახლებურ მანერას გარდასახვისას) უნდათ, რომ რაღაც მოასწრონ, სულმოუთქმელად მოასწრონ ამოთქმაც, შეტყობინებაც, გაზიარებაც. ბრძოლაც, დამარცხებაც, ტანჯვაც და გათავისუფლებაც და არა მხოლოდ დროის იმ მონაკვეთში - ორ საათში, რამდენ ხანსაც სპექტაკლი გრძელდება. შემდგომაც.
მოქმედების „ქაოტურობა“ და ინტენსიური ცვალებადობა რეგულირდება და ეწყობა, როგორც მოზაიკური პანო, თავისივე, ასევე „ნამსხვრევებით“; „ნამცვრევებით“ აწყობილი მცირე ფრაგმენტებითა და სცენების აშკარად გამოხატული და შენიღბული დეტალებით. ერთიანი კომპოზიციებითა და ერთ ტონალობაში გადაწყვეტით; მთავარზე დასმული შესაბამისი მახვილებითა და „არამთავრის“, ცენტრალურზე აშკარად გამოკვეთილი დამოკიდებულების ხაზგასმით, დისონანსით, ჰარმონიული დაქვემდებარებითა და რადიკალური განსხვავებულობით.
მოქმედება გამჭოლად, ჯვარედინად, დიაგონალზე, გვერდით და და საპირისპირო კუთხე-კუნჭულებში, „მოულოდნელად“ პარალელურ სიბრტყეებზე, გადამკვეთ ხაზებზე იშლება, სხვადასხვა წერტილში აღმოცენდება, მონაცვლეობს და ყოველი ასეთი ქმედითი მონაკვეთი, ეპიზოდი ყველას სხვადასხვანაირად, სხვადასხვა ძალითა და ხერხით ითრევს. ამ სამყაროს უჩვეულობასა და კონტრასტულობას ამთლიანებს, ახალ აქცენტებს აძლიერებს და ახალ განზომილებას სძენს ივა ქიმერიძის გრაფიკა.
ფორმისა და მხატვრული გადაწყვეტის არასიბრტყობრიობასთან, არაზედაპირულ გააზრებასა და კომპოზიციური აგებულების სირთულესთან ერთად, უზომოდ ტრაგიკული ამბების თხრობა-ჩვენებისას უეცრად შეპარული და ჩაღვრილი იუმორით შეფერილი მოვლენებისა და ხერხების უცნაურობებით, ორგანული და ფარულად „ჩასმული“ ციტატებითა და თვალისმომჭრელი კულმინაციით აგებული მონოლითური, არაყალბი და სიცოცხლისუნარიანი სისტემა რთულ კონსტრუქციასა და მყარ ჩონჩხს ეყრდნობა.
ტექსტიც რთულია - სათქმელად, მოსასმენად და აღსაქმელად, „აჩქარებული“ ტემპო-რიტმი, კიდევ უფრო აღრმავებს და ზრდის წინააღმდეგობის ძალას და მრავალფეროვანი სამყაროს არსებობას ადასტურებს.
ყველაფერს თვალი შეიძლება ვერც კი მიადევნო და „დაეწიო“. მოვლენებისა და პროცესების აჩქარებულ მსვლელობა-განვითარების შესაბამისად. შეიძლება, ტექსტის სრულად გაგება, კოდებისა თუ პირდაპირი გზავნილების ამოხსნა და „მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა“ გაჭირდეს, სირთულის, ჩახლართულობის, ინტენსივობისა და მრავალმნიშვნელოვნების გამო. შეიძლება, „ცნობიერების ნაკადის“ მძლავრ ტალღასა თუ დინებას ისე ვერ გაჰყვე, როგორც „საჭიროა“, როგორც ჩაფიქრებულია, მაგრამ ისიც კი, რასაც ვერ იგებ, ან რაც არ გესმის (რაც სწრაფწარმავალი და უკიდურესად ქმედითია, გაზვიადებული „სიხშირეებით“ წარმოთქმულ, „გასროლილ“ და ურთიერთგადამფარავ სიტყვებთან ერთად), სადღაც საბოლოოდ მაინც ხვდება მიზანს და დაფიქრების საფუძვლად იქცევა. და იმაზეც უფრო მეტად გაფიქრებს, რაზეც შეიძლება ყოველდღიურად ფიქრობ და დარდობ. იმ საზოგადოებაზეც, რომელსაც აქვს მოვლენების რეალური განცდა და პროცესების მონაწილეა და არა მხოლოდ საქართველოში. და იმაზეც, რომელსაც შეიძლება LIBERTÉ-ს არსებობამ მოსვენება დაუკარგოს, როგორც ზოგადად თავისუფლების არსებობამ და მისკენ სწრაფვამ.
ქეთი ნადიბაიძე, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა. მისი დეკორაციით შექმნილი, ათვისებული და ორგანიზებული პირობითი და აბსტრაქტული, სხვადასხვა სიმბოლოთი და ნიშნით გაჯერებული სივრცე, ერთგვარი „ხიდებით“ სხვადასხვაგვარ ნაწილებად დაყოფილ მოქმედების სიბრტყეებსა და წერტილებს შორის, დაშლილი და დანაწევრებული სამყაროს, საზოგადოებისა და დაკუწული ცნობიერების ნიშნად - ამთლიანებს და არეგულირებს დროსა თუ მოვლენებში განფენილობის - პრობლემის განზოგადებულობის -ფაქტორს, სპექტაკლში - თავისუფლების, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ძალადობაზე გამარჯვებისა და მასთან დაპირისპირებაში დამარცხების შესახებ.
LIBERTÉ-ს სივრცეს - უკიდურესად პირობით მიკროსამყაროს, რომელსაც „მოულოდნელი ძლიერი სინათლე“ აკაშკაშებს, სიგარეტისა და სასცენო კვამლი ნისლივით ავსებს, რომელშიც მოქმედებენ, სიმონ მაჩაბლის შეუზღუდავი ფანტაზიით შექმნილ, აბსტრაჰირებულ თუ ეპოქების მოდის მიხედვით მოხდენილად ჩაცმული, „მოკაზმული“ და ინდივიდუალური ისტორიის, ფაქტების, ბიოგრაფიული დეტალებითა და საზოგადოების არსის გამომხატველი, კოდური ნიშნებით „აღჭურვილი“ პერსონაჟები.
თუმცა ამ სპექტაკლში სიტყვა პერსონაჟი არასწორი ნათქვამია. ნატუკა კახიძის, მაგდა ლებანიძის, სანდრო სამხარაძის, გაგა შიშინაშვილის შექმნილი სახეები (სარეჟისორო და სამსახიობო გადაწყვეტის თავისებურებებიდან გამომდინარე) სახე-ნიშნების, მეტყველი და მახვილი წახნაგების შემცველობითა და გარდატეხით იტვირთებიან და იძენენ დამანგრეველ ძალას. ამ საზოგადოებას, პირობით და ფსიქოლოგიური მახასიათებლების ატრიბუტიკას მოკლებულ მოქმედ გმირებს, მათ განყენებულობასა და სიმბოლურ „იკონოგრაფიას“ ამთლიანებს და სახასიათო შტრიხებს უმატებს ანუკა მურვანიძისა და მარიკო მაისურაძის გრიმი, ვარცხნილობები, თითოეულის სახისა და როგორც სახე-სიმბოლოს რაობის ვიზუალურად გამოკვეთილი ნიუანსების გათვალისწინებით.
ნიკა ფასურის, ასევე, როგორც ყოველთვის, თანამედროვე და თანამედროვედ ახმიანებული, ზუსტი აქცენტებით, ტაქტიკური, ემოციური და კონტრასტული, კონცეფციური, როგორც „კომენტარი“ და როგორც შინაგანი მელოდიკის მუსიკა, ხმები, ბგერები და ძლიერი ხმაურები ერევა, ამ სამყაროს პირობით ხასიათს მთლიანად მოიცავს და მუხტავს, როგორც ცხოვრების ხმა და მისი შინაგანი ექო.
სპექტაკლი კი მთავრდება მაშინ, არც მეტი და არც ნაკლები, როდესაც მაყურებელი ჩათვლის საჭიროდ, მის დამთავრებას. და გაგრძელდება ისე და იქ, სადაც და როგორც საზოგადოება მოინდომებს მის გაგრძელებას.
ნაცნობი მხატვრული ხერხებისა და უკვე კარგად შემუშავებული ხელწერის არსებობის მიუხედავად, იმის გახსენებითაც, რაც წინამორბედ სპექტაკლშიც „შიმშილი“ თითქოს მოინიშნა, თუ დღეს ქართულ თეატრში ახალი ხაზისა და გეზის, ახალი ენისა და უშუალოდ, დათა თავაძის ახალ შემოქმედებით ხედვებსა და სტილისტიკურ მიმართულებაზე რამის თქმა შეიძლება , LIBERTÉ-სთან კავშირში ნამდვილად შეიძლება. ასეთი ტიპის ახალი ქართული თეატრის ახალი ეტაპის არსებობის დასტურად.
სამეფო უბნის თეატრში გრძელდება ის, რაც გარეთ ხდება და გარეთ ხდება ის, რაც ხდება სპექტაკლში. მისი არსი, მსვლელობა, მოვლენათა რიგი და ტექსტები, კონტექსტიცა და მიზანიც კი, შეიძლება კიდეც შეიცვალოს. რადგან ის თანადროული და საზოგადოებაში, ქუჩაში, სახელმწიფოში, სამყაროში, თუნდაც, უკრაინაში მიმდინარე პროცესების, სიცოცხლის განგრძნობადობის, თავისუფლებისკენ იმედიანი ქროლის პირდაპირი ანაბეჭდია, რამაც, ადრე თუ გვიან, გამარჯვების ფეიერვერკად შეიძლება იფეთქოს.
დიდი ხანია და დღემდე თეატრი აგრძელებს პროტესტს, სხვადასხვა მიმართულებითა და ფორმით. LIBERTÉ-ც პროტესტია, რომელიც ბევრს აშინებს და ბევრს კიდეც ამხნევებს. აშინებს მათაც, ვისაც სიტყვები ესმის და მათაც, ვისთვისაც სიტყვები მხოლოდ სიტყვებად რჩებიან. თეატრი „საშიშია“ და ყოველთვის იყო საშიში, რადგან ცნობილი ამბავია, რომ სცენიდან, სცენადქცეულ ქუჩაში თუ უბრალოდ ქუჩაში, ხმამაღლა ან თუნდაც ჩურჩულით წარმოთქმულ სიტყვის შეჩერება (თუ გაქვს სათქმელი და გეთქმის სიტყვა), მაშინაც კი, როდესაც მისი თავისუფლება შეზღუდულია, პრაქტიკულად შეუძლებელია.
თეატრის აფიშა იუწყება, რომ აპრილში „მხოლოდ LIBERTÉ“-ს წარმოადგენენ. რამდენიმე საღამოს. თუმცა, როგორც ყოველთვის, „სამეფო უბანში“ ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
Acta non Verba!