სად მთავრდება რეალობა

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

თინეიჯერი წითელქუდა და „უდანაშაულო დამნაშავენი“

თამთა ქაჯაია

სად მთავრდება რეალობა

 

 

რეჟისორის იდეა ეფუძნება ნაწარმოების იდეას რომელიც აუცილებლად გააზრებული უნდა იყოს თანამედროვეობასთან კავშირში და ეხმიანებოდეს  იმ პრობლემებს რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

„ოდესმე მწვანე კატა გინახავთ“?  ამ კითხვით იწყება სპექტაკლი რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე  შემოგვთავაზა. პიესა რუმინელი წარმოშობის ავტორს ელის უილკს ეკუთვნის, ტექსტზე  კი ანა მირიანაშვილმა იმუშავა.  სანამ სპექტაკლის განხილვაზე გადავალ მინდა აღვნიშნო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სცენაზე მოზარდების  ყოველდღიურ პრობლემებზე სპექტაკლები, რადგან ფაქტობრივად ეს თემა არცერთ თეატრში არაა წამოჭრილი და ახლა გვეძლევა შესაძლებლობა  ერთად გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთული და საინტერესო ეტაპი.  ის ასაკი  ყველამ რომ გამოვიარეთ და უმრავლესობამ დავივიწყეთ როგორ მძაფრად აღვიქვამდით თინეიჯერობაში თითოეულ მოვლენას. როგორ განსაკუთრებულად გვიყვარდა და ამ სიყვარულიდან ერთი ნაბიჯი გვაშორებდა სიძულვილს.  

ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ კატა უნიკალური ცხოველია, რომელსაც  რამდენიმე სამყაროსთან დაკავშირება შეუძლია და ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებული მისიით ჩნდებიან. ასევე თუ მათ მოვუსმენთ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება კატის შეფერილობას. თუმცა აღარ მოვყვები მათი მოსაზრებების გამყარებას და მოკლედ ვიტყვი, რომ  სათაურის სიმბოლოები დრამატულ ტექსტს სარჩულად უდევს. თვითონ სპექტაკლი ძირითადად ტექსტუალურად არის დატვირთული, დეკორაციას მხოლოდ რამდენიმე ფიცრული  კიბე და მიკროფონი წარმოადგენს. უკანა კედელზე გაშლილ პროექციას  რეჟისორი გარემოს შეცვლისთვის იყენებს. თითოეული მსახიობი მთავარი გმირია თავისი ნაცრისფერი და უფერული ცხოვრებით, რომელშიც არაფერი კარგი არ ხდება.

მოქმედება  კლუბ „პრეზიდენტში“  ვითარდება სადაც მოზარდები მუსიკის ფონზე აბებს იღებენ რომ დაივიწყონ ის რეალობა რომელიც ასეთი ნაცრისფერი და მოსაწყენია. მათ ხასიათს მათი ჩაცმულობაც უსვამს ხაზს, მაგალითად რობერტს (სანდრო კახეთელიძე) თეთრი პერანგი და ნაცრისფერი ჟილეტი აცვია. როდესაც მისი თანატოლები თინეიჯერულად ჩაცმულები კლუბში აბებს იღებენ, ის ამ დროს გამუდმებით საათს უყურებს თითქოს რაღაცას ელოდება. ყოველთვის არის ერთი ისეთი ახალგაზრდა რომელიც სხვის აზრს აყოლილი არ არის და ოჯახის პრინციპებსა და მორალს უფრო მაღლა აყენებს ვიდრე თანატოლებისას. რობერტის თითოეული ქცევა თუ  აზრი მისი მშობლების მოძღვრების ანარეკლია, მისი თითოეული წარმოთქმული წინადადება მშობლებს ეკუთვნის, რომლებმაც ასე ნათლად და მკაფიოდ დაუგეგმეს სანდრო კახეთელიძის გმირს მომავალი. მომავალი რომელშიც რობერტის გმირის ადგილი აღარ არის რადგან ცხოვრების ყველა ეპიზოდი გაწერილია.

ფლორი (ანიკო შურღაია) თინეიჯერია რომელსაც გათხოვება არ სურს, სჯერა ცრურწმენების და ძალიან დიდი მოლოდინი  აქვს მამის დაბრუნების.  სადღაც ყური მოუკრავს, რომ ოცდაცამეტი დღის განმავლობაში თუ შოკოლადებს ხალიჩის ქვეშ დადებდა მამა აუცილებლად დაბრუნდებოდა. ფინალში კი სახე ამ შოკოლადით აქვს მოსვრილი  განწირული რომ ითხოვს დის დაბრუნებას. ანიკო შურღაიას გმირი ბავშვური, გულწრფელი და გულუბრყვილოა, სადა ჩაცმულობა და მისი ვარცხნილობა ნათლად გვაჩვენებს მის შინაგან მდგომარეობას, რასაც მსახიობი საკმაოდ ოსტატურად ართმევს თავს.

ბიანკა (გოგონა რომელსაც მწვანე კატიანი მაისური აცვია - ნუკა ქევხიშვილი) გმირის საინტერესო  სახეს ქმნის, ის ნამდვილი თინეიჯერი გოგოა, რომელსაც არასდროს უტირია, უყვარს დალევა, სიგარეტი და რობერტი. სწორედ მის სანახავად მიდის კლუბში, თუმცა მალევე შეამჩნევს სხვა გოგოსთან და გადაწყვეტს თვითონაც მიიღოს უცნობი ბიჭისგან შემოთავაზება და გაყვეს მას. მსახიობები  მონაცვლეობით იწყებენ ერთმანეთის დაკითხვას, ისინი წინა რიგში მაყურებლის პოზიციიდან ასამართლებენ ერთმანეთს და ამ პროცესის თანამონაწილეს გვხდიან.  ცდილობენ გაარკვიონ სად გაქრა მათი თანატოლი ბიანკა, რომელიც ბოლოს კლუბში ნახეს და რომელიც ასეთი ძვირფასია ყველასთვის.

როქსანა (თინათინ ნიკოლაშვილი )და ბუგი (ლადო ვაშაკიძე) ბიანკას მეგობრები არიან, მის დაკარგვას ძალიან მძაფრად განიცდიან და ყველაფერზე თანახმანი არიან ოღონდ ის დაბრუნდეს.  რთულია მეგობრის დაკარგვა რომელიც შენი ცხოვრების თანამგზავრია და მასთან  საზიარო გაქვს ყველაფერი - ანგელოზიც კი.

დანი (გიორგი ქორიძე) ალკოჰოლიკი მშობლების ვაჟია რომელიც საბოლოოდ მოძალადე აღმოჩნდება. რთულია  ბოლომდე გაიშინაგანო პერსონაჟის განცდები და ის ემოციურად მაყურებლამდე ისე მოიტანო რომ სრულიად ბუნებრივი იყო.

დასასრულს თითოეული მოზარდის განწირული ყვირილი გვესმის, თითქოს ყველა იმ უსამართლობისკენ მიმართული რაც მათ ცხოვრებაში მომხდარა. რთულია იცხოვრო იმ რეალობაში სადაც  მხოლოდ მოცემულობაა და არჩევანის თავისუფლება არ გაქვს. სპექტაკლი „მწვანე კატა“ მოზარდებზეა რომელთაც რამდენიმე სამყაროსთან შეუძლიათ კონტაქტი დაამყარონ და გვახსენებენ, რომ ისინი განსაკუთრებულები, განსხვავებული მისიით გვევლინებიან.