
სად არის მელოტი მომღერალი ქალი?

29.11.2026
ლელა ოჩიაური
სად არის მელოტი მომღერალი ქალი?
„მელოტი მომღერალი ქალი“ (შეიძლება კონკრეტულად ამ სპექტაკლის სახელწოდება, სოციალურ ქსელებში ან სადმე აფიშაზე „მელოტი პრიმადონას“ სახელითაც შეგვხვდეს, ადრე სხვადასხვა დროში თუ ვერსიით, „ქაჩალი მომღერალი ქალის“ სახელითაც იყო ცნობილი. რაც, პრინციპში, გასაკვირი არაა, რადგან აბსურდის აბსურდულ ხასიათში „ჯდება“), რეგიონული თეატრების 2026 წლის, ახალგაზრდული ფესტივალის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. პირობის თანახმად, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა საბა ასლამაზიშვილმა და ცხადია, თეატრმაც, სპექტაკლის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა თავიდანვე იკისრეს. შემდეგ, რეჟისორს დადგმაში შეუწყვეს ხელი, მიმდინარე (2026-2027 წლების) სეზონიც მისი პრემიერით გახსნეს და რადგან წარმატებულიც აღმოჩნდა, რეპერტუარშიც შეიტანეს.
რეჟისორი ახალგაზრდა თემო დვალია. მისი საკურსო ნამუშევარია - „შენ რომ მომკვდარიყავი“, ფლორიან ზელერის პიესაზე (თავისივე და ქართულად, პირველად თარგმანით); დიპლომი ჟან ანუის „ქურდების მეჯლისით“ დაიცვა (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ხელმძღვანელი - ანდრო ენუქიძე, პედაგოგი - ლაშა შეროზია); რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ თეატრში, მარკ კამოლეტოს „ვახშამი ექვსისთვის“დადგმაც „მოასწრო“; ეტიუდით, KEEP SMILING! - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ეტიუდების ფესტივალზე, საუკეთესო ეტიუდის ნომინაციაში გაიმარჯვა; ლია მოლარიშვილის პიესაზე, „თავისუფლების შუაღამე“, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრის ბაზაზე დადგმული სპექტაკლით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი ციფრული თეატრის ფესტივალში მონაწილეობდა. მოკლედ, ახალგაზრდობის მიუხედავად, აქტიური და შემოქმედებითად დატვირთული რეჟისორია და უნდა ითქვას, შესაბამისი დადებითი შედეგით.
„მელოტი მომღერალი ქალის“ ტექსტის ადაპტაციაზე მანანა ანთაძესთან ერთად იმუშავა. როგორც ყოველთვის, მანანა ანთაძის ტექსტი, დიალოგები თუ მონოლოგები, ცოცხალი, სხარტი და მოქნილია, თანამედროვე სამეტყველო - სცენური თუ ყოფით - ენას მორგებული და ბუნებრივად ისმის და ჟღერს, სრული აბსურდულობისა და არაკომუნიკაბელობის, უადრესატობის მიუხედავად.
აბსურდისტების პიესების დადგმა საქართველოში საკმაოდ გვიან დაიწყეს (რეალობიდან გამომდინარე), მას შემდეგ, რაც ეპოქამ ჩაიარა და დროის საზღვრები დაირღვა. და როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ამ კატეგორიის ტექსტებთან ურთიერთობა რთული აღმოჩნდა. რეჟისორებმა სპექტაკლებში, „აბსურდის თეატრის“ ნამდვილი ბუნება და „წესები“, არსი, უმეტესად, ვერ შეინარჩუნეს და მხოლოდ ფორმის, ზედაპირული ანაბეჭდისა თუ სქემის კონტურებში მოექცნენ. ზოგიერთი დადგმა, თავისთავად, წარმატებულიც და მხატვრულად ღირებულიც კი იყო, მაგრამ მიმდინარეობისა თუ თეორიის გეზსა და კალაპოტს აცდენილი.
„მელოტი მომღერალი ქალიც“ რამდენჯერმე დადგეს (მათ შორის, ზურაბ გეწაძის დადგმას გამოვარჩევდი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში). ინეტერესი ბუნებრივიცაა. ეს ერთ-ერთი გამორჩეული აბსურდისტული პიესაა, ფუძემდებლური, კოხტა, ლაკონური და ბევრი ინტერპრეტაციის, ვერსიის საფუძველსაც იძლევა. მიმზიდველი.
ტექსტი, სტრუქტურა, კომპოზიცია მომგებიანია - სარეჟისორო ფანტაზიის გასაშლელად და ვარიაციებისთვის. მსახიობებისთვისაც „კარგი სათამაშო“ როლები და სიტუაციაა, თუ აუღებენ ალღოს და შეიგრძნობენ.
თემო დვალის სპექტაკლის მონაწილეებიც, სარგებლობენ ამ „პრივილიგიებით“ და ლაღად, თავისუფლად იწყებენ „ბოდვას“, ამ შემთხვევაში არა, „ორთას“, არამედ 6 პერსონაჟის უწყვეტი ჩართულობითა და არტისტული „სიგიჟით“.
ექვსივე პერსონაჟს თანაბარი ფუნქცია და როლი აქვს, განსაზღვრული და განკუთვნილი დრო და ამოცანა - შიგნით - მოქმედებაში და წარმოდგენის საერთო სახის, სტრუქტურის, სისტემის შექმნაში.
მსახიობები - მისტერ სმითი - ბექა ჯუმუტია, მისის სმითი - ნინო გოშაძე, მისტერ მარტენი - საბა ნუცუბიძე, მისის მარტენი - მაშიკო თვალაბეიშვილი, მერი - ანი ანდღულაძე და მეხანძრეთა კაპიტანი - ნიარა ჭიჭინაძე (ქართული თეატრის ნამდვილი საგანძური, რომელმაც, სულ რომ არაფერი გააკეთოს, მაინც ფასს სძენს ნებისმიერ სპექტაკლსა და ზოგადად, საზოგადოებას; რომელთან თანამშრომლობაზეც ოცნებობდა თემო დვალი და რომელიც, სხვათა შორის, პრემიერის დღეს, თეატრში პირდაპირ ჰოსპიტალიდან მიიყვანეს, ხელწერილით) - იუმორით, ექსპრესიული და გამომსახველი ხერხებით, გროტესკის დიდი „დოზითა“ და ექსცენტრიკით, ქმნიან პერსონაჟების სახეებს; წარმოადგენენ ამბავს - ორი ოჯახური წყვილის, ერთის - მოახლისა და ერთი - მეხანძრის შესახებ, რომელიც ისეთივე უფუნქციოა, როგორც ნებისმიერი ადამიანი, თუ ნივთი, რომელიც არსებობს, თვალსაჩინოა, სინამდვილეში კი არავის სჭირდება. ამ საზოგადოებაში ყველაფერი თითქოს გახსნილია, მაგრამ სიტყვებს ძალა დაუკარგავთ, მნიშვნელობა და შინაარსი. აღარავის სჭირდება. ამ მოცემულობამაც აზრი დაკარგა. გაუფასურდა.
პერსონაჟები, თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებით, ტელეფონით, „ლაივებით“, სოციალური ქსელებით, თითქოს ცდილობენ, დარღვეული და გათიშული კავშირების აღდგენას (მხოლოდ და მხოლოდ, იძულებით, საჭიროებისა და გარემოებებიდან გამომდინარე და ისიც, ფუჭი მცდელობებით), მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რამდენად არ უწყობს ეს საშუალებები ხელს ნამდვილი ურთიერთობების გაბმასა თუ შენარჩუნებას. მათი მისაწვდომობა უფრო აშორებს ნამდვილს და აყალბებს კავშირების ნამდვილობას, ზედაპირულს ხდის. მოჩვენებითსა და გარეგანს. რასაც ვერ ვიტყვი მსახიობების შექმნილ სახეებსა და მათ ერთიანობაზე. რომელიმეს გარეშე ეს მთლიანობა და გუნდურობა, სპექტაკლის ჰარმონიული თანაარსებობა დაიშლებოდა.
პერსონაჟების კოსტუმები მჭახე და „არაბუნებრივი“ ქიმიურ ფერებშია; ხელოვნური, დეკორატიული, კარნავალურიც კი, შეიძლება ითქვას. და ვიტრინაში გამოდგმულ მანეკენებს გვანან, ზედ ჩამოკიდებული ფასების „ბირკებით“.
ისინი ხელოვნურად საუბრობენ, მოძრაობენ (საკმაოდ აქტიურადაც) ერთმანეთთან სტუმრადაც დადიან და მაყურებელთანაც ცოცხალ კონტაქტში შედიან, ეხებიან, ელაპარაკებიან, მით უმეტეს, თუ მათ შორის, ნაცნობს აღმოაჩენენ და ისედაც.
ირინა კუპრავას ქორეოგრაფია, როგორც ყოველთვის ორგანულია, სპქტაკლის ხასიათის, სტილისტიკის ნაწილია. ზუსტად იმ ჟანრშია, როგორშიც სპექტაკლია გადაწყვეტილი. მოძრაობა, პლასტიკა, ქორეოგრაფიული ხაზები ერთიანი და გამართულია. და ასევე ხელსაყრელ პირობას უქმნის და ხელს უწყობს მსახიობებს პერსონაჟების ტიპაჟური თვისებების, მახასიათებლების პლასტიკით, მოძრაობით, გამოხატავაში.
მათ აღარ ახსოვთ - ვინ არიან, ვინ ვინაა, ერთმანეთს ვერ ცნობენ, ვერ უგებენ, ერთ ენაზე ვერ საუბრობენ, თუმცა მაყურებელს ყველაფერი ესმის, ყველაფერი ნათელია, ცხადია და იქნებ იმიტომ, რომ თავადაც იგივე მდგომარეობაშია - არ ესმის სხვისი, სხვას მისი არ ესმის. სამეტყველო, საკომუნიკაციო, საურთიერთო ენა სხვადასხვაა. და არც არაფრის შეცვლაა საჭირო. რჩევები და გამოსავალი არ არსებობს. რადგან გაუცხოების პრობლემა, პირადად, არ აწუხებთ. ხანძარია. ცეცხლი უკიდია ყველაფერს.
რადგან კავშირები ირღვევა, იშლება და უაზრო გაუგებარი ხდება ენა, სიტყვა, რომელსაც პერსონაჟები იყენებენ. სიყალბე, გაუცხოება, უსაგნობა მათ მონოლოგებსა და დიალოგებში, მით უფრო, აშკარაა და ამ პროცესს, ვეღარაფერი აჩერებს, როგორი ირონიით, იუმორით, სიმსუბუქითაც უნდა უდგებოდნენ რეჟისორი და მსახიობები საკითხს, რომლის ამ ფორმით კვლევასაც უძღვნიან სპექტაკლსა და თავს.
დეკორაცია - ავეჯი - რეკვიზიტიც - ასეთია - გაუცხოებული, ვიტრინული, ფასადური, „გამოდგმული გასაყიდად“ ან გასაყიდი ობიექტების ფონის გამოსაკვეთად, კარგი ფონის შესაქმნელად, უკეთესი იერის მისანიჭებლად. სარეკლამოდ. ხელოვნური.
დეკორაცია, რეკვიზიტი, კოსტუმები, ვიტყოდი, სარეჟისორო გადაწყვეტისა და მხატვრული ხერხის ზუსტი გამომხატველია. გამორჩეული შემოქმედებითი პროდუქტი, ლილუ ბირკაძისაა, რომელიც, როგორც გავიგე, ჯერ ისევ სტუდენტია და „მელოტი მომღერალი ქალი“ მისი - როგორც სცენოგრაფისა და კოსტუმების ავტორის, დებიუტია. (რეჟისორებმა უნდა დაიმახსოვრონ ეს სახელი!)
დაჩი დოდაშვილის მუსიკა სამყაროს დეკონსტრუქციის, შინაგანი და გარეგანი დისჰარმონიის, ზოგჯერ ორგანული და ზოგჯერ, როგორც თითოეულის „თვისებრივი“ გამომსახველია და სხვადასხვა განწყობასა თუ ფსიქო-ემოციური გარემოს შექმნაში ცოცხალი ჩართულობით გამოირჩევა.
თამაშის წესი, რომელსაც რეჟისორი და მსახიობები მიმართავენ და იყენებენ, ნებისმიერ სინამდვილეს „ბუნებრივი“ პირობითობით ცვლის, თითქოს აღარაფერია შეფარული, ყველაფერი გახსნილია ან გაიხსნება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს აბსურდული ყოფიერების აბსურდულობას. რაღაცის დასასრულს. მართალია, იუმორითა და მკვეთრი სახასიათო ფერებითა და ფორმით, აჩვენებს შინაგანი კავშირების რღვევის, ურთიერთობების მოშლის, საზოგადოებაში გაბატონებულ პრობლემას, გარემოსთან დისჰარმონიის მღელვარებას, ამაოების ამაოებას და დაკარგულობის შიშს. შიშს!
თანამდროვე აბსურდი ასეც გამოიყურება და თემო დვალი ოსტატურად და მოხდენილად არგებს ზოგადად აბსურდის თვისებას, სცენასა თუ მის გარშემო შექმნილ სამყაროს, იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად ვარსებობთ და თან, არც.
რამდენადაა ილუზიაა, გამონაგონი, სინამდვილის ჩანაცვლება და ახალი წარმოსახვითი, „უტოპიურიც“ კი, რაც აბსურდისტებთან, იონესკოსა და ამ შემთხვევაში, თემო დვალის სპექტაკლში ხდება?! რამდენად და რა დოზით ფარავს და ახშობს ხმებს, აზრს - გულგრილობა და სიბნელე, რეალობას - გამონაგონი და „მექანიკა“?
ფარული აზრი სპექტაკლის სახელწოდებაში არ უნდა ვეძებოთ. შემთხვევითი და აბსურდული სათაურია, უაზრო. არავინ იცის, ვინაა მელოტი მომღერალი ქალი. არ ჩანს, როგორც გოდო, თუმცა, გოდოსგან განსხვავებით, მას არც ელიან. არც ახსენებს ვინმე. უბრალოდ, არ არსებობს. არავინაა. მის ადგილას პიესაშიც და თემო დვალის ვერსიაშიც, სიცარიელეა. არყოფნა.
სად არის მელოტი მომღერალი ქალი? ვინაა მელოტი მომღერალი ქალი? არსებობს მელოტი მომღერალი ქალი? ჩანს ან გამოჩნდება ოდესმე ან სადმე? ამ შერყეულ და ლოგიკადარღვეულ სამყაროში, რომელშიც ყველა საკუთარი და გარემოებების მსხვერპლია, ყველაფერი დასაშვებია. ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუკი ვინმეს დასჭირდება.
ფოტო - მიშა მიშა შენგელია. ფოთის თეატრის Facebook გვერდიდან