top of page

სადაც ყოველთვის ვბრუნდებით

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

258414100_944977099732399_1610814603016341057_n.jpg

ლელა ოჩიაური

სადაც ყოველთვის ვბრუნდებით

 

 

პანდემიამ, ორი წლის განმავლობაში,  ჩვენი ცხოვრება, ცხოვრების წესი რომ შეცვალა და შეგრძნებებსა თუ ხასიათებზე, ფსიქიკაზე, ურთიერთობებზე, კავშირებზე, კონტაქტისა თუ უკონტაქტობის ფორმებზეც გავლენა იქონია, უკვე აღიარებული ფაქტია. ისიც არ იწვევს კამათს, რომ ამ პერიოდში, კარჩაკეტილობიდან გამოსვლისა თუ უკან დაბრუნების მონაცვლეობა რთულად მიმდინარეობს. გამოსვლა-დაბრუნება-გამოსვლა, „რა გველოდებას“ მოლოდინი  ყველაფერზე მოქმედებს და მათ შორის, ჩვენ ყოველდღიურობასა თუ თანმხლებ ნაწილზე, კულტურაში მიმდინარე პროცესებზე, მათთვის, ვისთვისაც ეს ყოველივე ცხოვრების მთავარი არჩევანია.  

 

ასეთ პირობებში, მეტად ფასდება ადამიანების, ხელოვანების მოქმედება, მით უფრო, წარმატებული და მით უფრო, მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ხდება ახალგაზრდების მოძრაობა და მით უფრო, ისეთების, რომლების სწრაფვები და სურვილები - რაღაც აკეთონ, არ გაჩერდნენ და უკან არდახევით, სტიმული და აზრი მისცენ სხვებსაც.

 

ამჯერად, ოღონდ, არა პირველად, ყურადღებას თეატრალურ ხელოვნებაზე ვამახვილებ და თეატრის წარმომადგენელ ახალგაზრდებზე, რომლებიც არა მხოლოდ სპექტაკლებს დგამენ, არამედ, დასებს, ჯგუფებს, გაერთიანებებს ქმნიან, ქმნიან თეატრებს  - ზოგჯერ (თუ ყოველთვის არა) საერთოდ ბიუჯეტის გარეშე, შენობების გარეშე, ზოგჯერ მსახიობების გარეშეც, ანტრეპრიზის მეთოდით და „უპოვარნი“ მაინც აქტიურად მოქმედებენ. და ჩემი ღრმა რწმენითა და მტკიცე აზრით, სწორედ ასეთ - ახალგაზრდულ, დამოუკიდებელ თეატრებს, რომლებიც იშვიათად ფინანსდებიან და არსებობის ელემენტარული პირობები არ აქვთ, განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ.

ასეთებია - „ხვლიკი“, „ღია სივრცე“, „ჰარაკი“, „თბილისის კამერული თეატრი“, მარიონეტების თეატრი „ნიკოლო“, ბათუმის ექსპერიმენტული თეატრი ყველგან, „ქალაქის თეატრი“,   (ამჯერად, მხოლოდ ახალგაზრდულებს ვიხსენებ და არა ყველა დამოუკიდებელს,  საქართველოს მასშტაბით და არ გამოვრიცხავ, ვინმე გამომრჩა). მათგან ზოგი რამდენიმე წელია არსებობს, ზოგი სულ რამდენიმე წელია შეიქმნა, ზოგი - რამდენიმე თვეა, ზოგიც ახლა იქმნება და ახლა იწყებს ცხოვრებას. სხვადასხვა ტიპის, დარგობრივი თუ მიმართულების, ამოცანების, ფორმატის თეატრები - დრამატულიდან მარიონეტებამდე. 

მათ შორისაა, პლასტიკის თეატრი „სინთეზიც“, რომელიც ფიზიკური თეატრის რამდენიმე მიმართულებასა და ფორმას  აერთიანებს - პანტომიმა,  აკრობატიკა, ტანვარჯიში, ქორეოგრაფია, მოძრაობა; რომელიც 2009 წლიდან არსებობს. დროდადრო, სხვადასხვა ტიპის სპექტაკლებს დგამს. და პლასტიკასთან ერთად სხვა თეატრალურ ხერხებსაც იყენებს.

 

ამ წარმოდგენების რიცხვშია - „სიზმარი“, „სიმბიოზი“, „პატარა უფლისწული“;  ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში არსებულ ინკლუზიურ ჯგუფთან ერთად - „ჩვენ აქ აღარ ვცხოვრობთ“, „ვოიაჟერი“  (ფრენსის სქოთ ფიცჯერალდის რომანის „ბენჯამინ ბატონის  უცნაური ამბავი“ საფუძველზე.

„სინთეზის“ პირველმა სპექტაკლმა „დრო“, რომელიც  „სამეფო უბნის“ თეატრში, 25-წუთიანი სპექტაკლების ფესტივალზე წარადგინეს, საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში გაიმარჯვა და თემურ ჩხეიძემ ჟიურის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

სულ ახლახან, პანდემიის ერთ-ერთ უმძიმეს ეტაპზე, „სინთეზს“, აბრეშუმის ფაბრიკის თეატრში, სპექტაკლ „სახლის“ პრემიერა ჰქონდა, რომელიც  სწორედ კორონავირუსის პერიოდში, პირობებსა და გავლენით შეიქმნა, დროის სხვადასხვა მონაკვეთში.  თეატრის დამფუძნებელმა, ქორეოგრაფმა და რეჟისორმა გიორგი ღონღაძემ ინსპირაცია უახლესი რეალობისგან მიიღო და „სახლი“ მისგან გამოწვეული ცხოვრებისეული, სულიერი, ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ  პლასტიკურ-აკრობატულ წარმოდგენად აქცია, პანტომიმისა და ბალეტის ელემენტებით. დღევანდელობის  გამოძახილად თუ ანარეკლად, ოღონდ, პირდაპირი შინაარსის, თემატიკის, მოცემულობის გამოხატულების  გარეშე.  მისი შედეგების, უთქმელად  გამოხატვით.  ქვეტექსტურად და მეტაფორულად.

 

გიორგი ღონღაძის სპექტაკლი მანამდე იწყება, ვიდრე მოქმედება  ძირითად ნაწილზე გადავა. და ასევე მთავრდება.  თუმცა ეს რეალური და სრულიად ლოგიკური დასაწყისია, განსაკუთრებით, ფინალურ სცენასთან კონტექსტში.  პატარა უბრალო მაგიდას (რომელიც შემდეგ მოქმედების ერთ-ერთ მთავარ ადგილად იქცევა)  მსახიობები შემოსხდომიან - მარტინ მათევოსიანი, დეა ნემსაძე, ელენე მაჭარაშვილი, მაკი კაკაბაძე, ირინა კაკაბაძე - ერთი კაცი და ოთხი ქალი -  ერთ სივრცეში.

 

სხედან და ფაქტობრივად, არ მოძრაობენ. ან, ძალიან შეუმჩნევლად. უყურებენ ერთმანეთს და არაფერზე რეაგირებენ. ერთ-ერთი, მაგიდაზე რაღაცით მონოტონურად აკაკუნებს. არაფერი განსაკუთრებული. თითქოს სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფეროა. რაღაცის მოლოდინის. ფარული დაძაბული მოლოდინის.

შემდეგ, ასევე მონოტონურად და ინტიმური  ინტონაციით, ისმის ჩანაწერი - ერთადერთი ხმა, ტექსტი (რომელსაც სპექტაკლის მსვლელობისას არასდროს წარმოთქვამენ, სიტყვასაც კი) - ბრიტანელ პოეტ ემეს მოემის ლექსი „სახლი“, რომელსაც ავტორივე კითხულობს.

 

ლექსი, ამ შინაარსისაა: „ეს ჩვენი საყრდენია, ჩვენი საყვარელი ადგილი, ჩვენი დასაწყისი და ყოველი დღის დასასრული; ჩვენი დიდება და ტრიუმფია. ეს კედლები ჰყვებიან ისტორიებს, რადგან ყველაფერს ისრუტენ, რასაც ვაკეთებთ და ვამბობთ. ეს ჩვენი სივრცეა, ყოველი კუთხე განასკვულია ნივთებით, რომლებიც ჩვენ ფრთხილად ავირჩიეთ... ახლოს  ვართ, თუ შორს, სადაც უნდა ვიყოთ, სადაც ხეტიალიც უნდა გადავწყვიტოთ, სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, ყოველთვის ვბრუნდებით და ამ ადგილს ჩვენი სახლი ჰქვია.

 

და ის, კონტრაპუნქტულად,  გაცოცხლებული და ამოქმედებულია  პლასტიკაში, არა, როგორც ილუსტრაცია ან, ვთქვათ, მთლიანობა, არამედ, ყოველივეს საპირისპიროდ, ჩანაფიქრისა და ფორმის, გამომსახველი ხერხების კონტრასტის მიხედვით.

დეკორაცია და რეკვიზიტი - პირობითი მინიშნებაა სახლზე, საცხოვრებლის ინტერიერზე.  მაგიდა, სკამები, ტანსაცმლის საკიდი,  სავარძელი, ტორშერი, ჩემოდნები,  თეთრი გრძელი ფარდები - თითქოს მაქსიმალურად შევსებული სივრცე, რომელიც ერთი მხრივ, მოქმედებისთვის არეს, სხვადასხვა სიბრტყეს ქმნიან,  მეორე მხრივ, ნეიტრალური და ზოგადი ნივთები და ყოფის ელემენტები ვითარების ზოგად სურათს სახავენ, ზოგადი ხასიათის გამოსახატად. და ამავე დროს, იწვევენ ჩაკეტილობის, შეზღუდულობისა და შემოსაზღვრულობის შეგრძნებას, რაც იბადებს  სახლის მცხოვრებლებს, საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებას, მეტოქეობას, აგრესიას და გაქცევის სურვილს. იწვევს გაქცევისა და   თავის დაღწევის მცდელობას.

მსახიობებს ტრიკოები,  ტრუსები, მსუბუქი კაბები და წინდები აცვიათ. მხოლოდ კაცია - „ყოფით“ (თუმცა, ასევე, „ნეიტრალურ“) კოსტუმში ჩაცმული. არაკონკრეტული, სტილიზებული სამოსი, მოძრაობის თავისუფლებას უწყობს ხელს და მეორე მხრივ, ასევე აზოგადებს საზოგადოების სახესაც, მდგომარეობასაც, მოქმედების ადგილსაც და  დროსაც. 

საექსპოზიციო ნაწილის დასრულების შემდეგ, მსახიობების ჯგუფი იშლება, ნაწილდება და მოქმედებაც ნელ-ნელა იწყებს განვითარებას. აქ თითოეულს საკუთარი ხაზი, ამოცანა აქვს შესასრულებელი. ეს ხაზები დროდადრო ერთდება. ეჯახება. აქტიურდება და აგრესიული ხდება. შესატყვისი - მინორული, მაჟორული, ლირიკული თუ დრამატულად მჟღერი სხვადასხვა მუსიკალური თემის თანხლებით. რთულდება მოძრაობა, ქმედება, ქორეოგრაფიულ-პლასტიკური ნახაზი და ილეთები. მოქმედება მთელ სივრცეში, სხვადასხვა სიბრტყეზე გადადის და ინტენსიურად იტვირთება.

მთავარი დატვირთვა და „როლები“ ქალებს აქვთ. კაცს, რეჟისორ-ქორეოგრაფის გადაწყვეტით,  „ყურადღების ობიექტის“ ფუნქციაღა დარჩა და დროდადრო, დამხმარე ძალისაც (მხოლოდ პლასტიკური ქმედების შესასრულებლად და არა, შინაარსობრივ-იდეურად). თუმცა ვნებებიცა და ინტერესებიც მის გარშემო ტრიალებენ. ის ბოთლითა და ჭიქით ხელში ზის, დგას ან დადის, სავარძელსა თუ სკამზე მყუდროდ მოკალათებული. რაღაცნაირად განყენებული და უემოციო. დროდადრო  როლიდან „გამოდის“ და პლასტიკური ეტიუდების მონაწილედ - გამტარად იქცევა.

პლასტიკურ-ქორეოგრაფიულ-პანტომიმურ სპექტაკლში (საერთოდაც, სპექტაკლში) ძნელია აღმოაჩინო ზუსტი ჩანაფიქრები, იდეები და მნიშვნელობები, რომლებსაც ავტორები სინამდვილეში გულისხმობენ. ზუსტად შეაფასო ყველა ხერხი და ქმედება, რომლებსაც მსახიობები მიმართავენ და „პირდაპირი“ აზრი გამოიტანო. გახსნა პერსონაჟების ხასიათები და ქცევათა ბუნება. მაგრამ მთავარია, რომ „სახლი“ გაძლევს შესაძლებლობას, მიჰყვე მის მსვლელობას, ლოგიკას, მოვლენების განვითარებას, სხეულის, პლასტიკის, მოძრაობის ენით მათი გამოხატვის ხერხებსა და ფორმებს და საკუთარი სახლი და საკუთარი შეგრძნებები გაიხსენო.  ადგილი, სადაც ყოფნა, პერსონაჟების მსგავსად,  ხშირად გვბეზრდება, გვაწუხებს, განსაკუთრებით, ბოლო ხანს, და სადაც მაინც ყოველთვის ვბრუნდებით.

აბრეშუმის ფაბრიკის პატარა დარბაზი, ვერც პარამეტრებითა და ვერც ტექნიკური აღჭურვილობით, ვერ შეუქმნიდა რეჟისორ-ქორეოგრაფსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს მეტი შესაძლებლობების გამომჟღავნების, საცეკვაო, აკრობატული, პლასტიკური ილეთებისა და ხაზების კიდევ სხვა შრეების  გამოყენების, სივრცეში  გაშლის მეტი თავისუფლების პირობებს. მაგრამ, რაც არსებობს, მეტყველებს ავტორ-მონაწილეების პროფესიონალიზმზე, მხატვრული აზროვნების არაზედაპირულობაზე, სხეულის ფლობის  უნარებზე,  მოქნილობაზე, დახარჯულ შრომაზე, გუნდურობის შეგრძნებაზე, რის გარეშეც ეს - ჰარმონიასა და ერთიანობაზე, სინქრონულობასა და ინდივიდუალობაზე აწყობილი სპექტაკლი, უბრალოდ, არ შედგებოდა.

bottom of page