
საბავშვო წარმოდგენები თბილისის თეატრებში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

06.02.2026
ანა მირიანაშვილი
საბავშვო წარმოდგენები თბილისის თეატრებში
ყოველწლიური შეჯამება
ზამთრის არდადეგები ის პერიოდია, როდესაც მშობლები და ნათესავები უფრო მეტად იცლიან ოჯახის პატარა წევრებისათვის და უქმე დღეებში ხშირად დაჰყავთ ბავშვები სპექტაკლებზე, საცირკო წარმოდგენებსა თუ კონცერტებზე. ამ დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდება შეკითხვა - სად წავიყვანოთ ბავშვები? რომელ თეატრში რა სპექტაკლი თუ კონცერტი იმართება, როგორია ბილეთის ფასი და ა.შ. ცხადია, ამ პერიოდში ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრებზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაშიც არ განიცდიან მაყურებლის სიმცირეს და სხვა თეატრებისგან განსხვავებულ რეჟიმში მუშაობენ. ბუნებრივია, რომ თბილისის და რეგიონების დრამატული თეატრებიც ცდილობენ ყოველ წელს ახალი საბავშვო სპექტაკლით შეხვდნენ. ტრადიციულად, წელსაც შეძლებისდაგვარად შემოვიარე დედაქალაქის თეატრები, დავესწარი საბავშვო წარმოდგენებს, ზოგიერთი მათგანი საახალწლო თემატიკის იყო, ზოგი კი ისეთი, რომელსაც თეატრი მთელი წლის განმავლობაში უჩვენებს პატარა მაყურებელს, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან საბავშვო/საყმაწვილო აუდიტორიისთვის წარმოდგენების შექმნა მხოლოდ თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრების ვალდებულება არ არის; ხარისხიანი და მრავალფეროვანი საბავშვო რეპერტუარის არსებობა კი სასიცოცხლოდ აუცილებელია რეგიონების თეატრებში.
როგორც ყოველთვის, წელსაც საინტერესოა ბილეთების ფასები - წინა წლებთან შედარებით, დედაქალაქში საბავშვო სპექტაკლებზე ბილეთის ფასი, ცხადია, ოდნავ უფრო მომატებულია, სახელმწიფო თეატრებში ფასი 15-20 ლარიდან იწყება და 30-40 ლარამდე მერყეობს, რეგიონულ თეატრებში წარმოდგენაზე დასწრება გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ბილეთები 6-10-15 ლარი ღირს, რაც, რა თქმა უნდა, დიდი შეღავათია ისეთი ოჯახებისთვის, სადაც ერთზე მეტი ბავშვი ჰყავთ.
ახალი წლის დღეებში დედაქალაქის თეატრებში საბავშვო სპექტაკლების მრავალფეროვანი არჩევანი იყო. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში „საახალწლო აურზაურის“ პრემიერა გაიმართა. თეატრის მსახიობებმა სცენაზე ცნობილი ანიმაციების პერსონაჟები გააცოცხლეს: ანა და ელზა, ბომბორა და გოგონა, ურჩხული და ლამაზმანი, ჟასმინი და არიელი, სიმბა და ნალა, ტიმონი და პუმბა და ა.შ. წარმოდგენას საზეიმო კონცერტის ფორმა ჰქონდა, რომელშიც, სხვა პერსონაჟებთან ერთად, რასაკვირველია, ქართველი თოვლის პაპა და სანტა კლაუსიც იღებდნენ მონაწილეობას. საახალწლო კონცერტის პარალელურად, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდსა და მცირე სცენებზე თამაშობდნენ სარეპერტუარო საბავშვო სპექტაკლებს, როგორებიცაა: „სამი გოჭის“, „ელფები და შობის სასწაული“, „ალადინი“, „ადამსების ოჯახი“, „რწყილი და ჭიანჭველა“ და სხვა. გარდა ამისა, მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრების სპექტაკლები იმართებოდა ღია სივრცეშიც, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ საახალწლო ქალაქში და ამ წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალი გახლდათ.
რუსთაველის ეროვნული თეატრი ზამთრის არდადეგებს პრემიერით შეხვდა, 25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით დიდი სცენა ფრენკ ბაუმის „ოზის ჯადოქრის“ მიხედვით დადგმულ წარმოდგენას დაეთმო. ეს პოპულარული ამერიკული ნაწარმოები უკვე არაერთხელ დაიდგა საქართველოში: რამდენიმე წლის წინ დენ ჯოხაძემ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგა თოჯინური სპექტაკლი, 2023 წელს რეჟისორმა სოსო ბაკურაძემ თავისი თოჯინური ვერსია შემოგვთავაზა ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 2025 წელს კი დავით ჩხარტიშვილმა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგა „ოზის ჯადოქარი“. რუსთაველის ეროვნული თეატრის ერთმოქმედებიან წარმოდგენას „ზურმუხტქალაქის საოცარი ჯადოქარი“ ჰქვია, სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სპექტაკლის შესანიშნავი მხატვრული გაფორმება (მხატვარი - ანა ნინუა, კოსტიუმების მხატვარი - სოფი ჩალაშვილი), სასცენო ეფექტები და განათება. საბედნიეროდ, რუსთაველის თეატრის დიდი სცენა ტექნიკურად არაჩვეულებრივადაა აღჭურვილი და სადადგმო ჯგუფს ამ მხრივ ბევრ სახარბიელო შესაძლებლობას სთავაზობს, რასაც დღეს საქართველოში მოქმედი ბევრი თეატრი მოკლებულია.
სამწუხაროდ, წარმოდგენა უანტრაქტოდ მიმდინარეობს (ხანგრძლივობა დაახლოებით 90-100 წუთი), რაც ძალიან დამღლელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის და განსაკუთრებით იმ ასაკის ბავშვებისთვის (5-12 წელი), ვისთვისაც არის განკუთვნილი საახალწლო სპექტაკლი. საბავშვო სპექტაკლების დადგმისას, ხშირად რეჟისორები ამ ფაქტორს არ ითვალისწინებენ და ამით წარმოდგენა ყოველთვის ზარალდება. ბავშვებისთვის დადგმული სპექტაკლების თითო მოქმედების ოპტიმალური ქრონომეტრაჟია 40-50 წუთი ანუ დაახლოებით ის დრო, რამდენიც ეთმობა ერთ გაკვეთილს სკოლაში.
ამ სპექტაკლში არ არის დარღვეული რუსთაველის თეატრში უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებული თამაშის მანერა, როდესაც მსახიობები დიალოგისას ძირითადად ერთმანეთს არ უყურებენ, მაყურებელთა დარბაზს ან სივრცეს გასცქერიან და ტექსტს ისე წარმოთქვამენ; მოვლენის გათამაშების ნაცვლად, მაყურებელს ავანსცენიდან უყვებიან იმას, რაც წესით იმ ეპიზოდში უნდა თამაშდებოდეს. ვფიქრობ, თამაშის ასეთი სტილი პატარა მაყურებლის დაბნეულობას იწვევს. გარდა ამისა, უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტად ყოფილიყო გამოკვეთილი მთავარი პერსონაჟის - დოროთის მოტივაცია, თუ რატომ სურს მას შინ დაბრუნება.
აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი საყურადღებო შეცდომა - მსახიობები ამბობდნენ ფრაზებს: ოზისთან მივდივარ, ოზის უნდა ვკითხო, ოზიმ ასე მიპასუხა და ა.შ. სწორი ფორმაა - ოზთან მივდივარ, ოზს უნდა ვკითხო, ოზმა მიპასუხა და ა.შ. ორიგინალში პერსონაჟის სახელია The Wizard of Oz და არა Ozi. ჩვენ ხომ არ ვამბობთ - ნიკოლოზისთან მივდივართ, ვახტანგიმ ასე თქვა, რუსუდანიმ მაჩუქა... რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენიდან წარმოთქმული ასეთი უხეში შეცდომა განსაკუთრებით ჭრის ყურს და იმედი მაქვს, რომ შემდეგ სპექტაკლებში ეს შეცდომა გამოსწორდება.
სამსახიობო ანსამბლიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ბოროტი კუდიანის, ბასტინდას როლის შემსრულებელი რუსუდან მაყაშვილი და ოზი - ედმონდ მინაშვილი. მსახიობები აქტიურ ინტერაქციაში შედიან მაყურებლებთან, ძალიან აცოცხლებენ თავიანთ სცენებს, შემოაქვთ სპექტაკლისთვის საჭირო ტემპი, ხასიათი და საბავშვო სპექტაკლისთვის აუცილებელი ელემენტი - იუმორი.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა ახალი წლის დღეებში მაყურებელს 2024 წელს დადგმული „თორმეტი თვე“ შესთავაზა (რეჟისორი ციცინო კობიაშვილი). ეს სპექტაკლი გასულ წელსაც იხილა თბილისელმა მაყურებელმა ზამთრის არდადეგების პერიოდში. სლოვენიური ზღაპრის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი ლამაზი საახალწლო სანახაობაა (ასაკობრივი ჯგუფი 5-12 წელი), თუმცა ამ წარმოდგენის შემთხვევაშიც საყურადღებოა წარმოდგენის ხანგრძლივობა და შედარებით დუნე ტემპო-რიტმი.
2025 წლის დეკემბრის თვეში მარჯანიშვილის თეატრში კიდევ ერთი საბავშვო სპექტაკლის პრემიერა გაიმართა - კარლო კოლოდის ცნობილი ზღაპრის, „პინოკიოს“ მიხედვით წარმოდგენა ნიკა ლუარსაბიშვილმა დადგა, ინსცენირების ავტორიც თავად რეჟისორია. სცენოგრაფია და კომედია დელ არტეს ეპოქის სტილში გადაწყვეტილი კოსტიუმები მხატვარ ნინო კიტიას ეკუთვნის, მუსიკალური გამფორმებელი - ლევან გვაზავა, ხოლო ქორეოგრაფი გია მარღანია გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა ორ მოქმედებადაა დაყოფილი, ვფიქრობ, სპექტაკლის ტემპი მაინც ვერ შეესაბამება თანამედროვე ბავშვთა აუდიტორიის რიტმსა და აღქმის სწრაფ დინამიკას. დრამატურგიულად ტექსტი საკმაოდ გადატვირთულია, ექსპოზიციური ნაწილი ზედმეტად გაწელილი, რაც მაყურებლის ყურადღების კონცენტრაციას ართულებს.
ამ საერთო სურათში განსაკუთრებულად გამოირჩევა პინოკიოს როლის შემსრულებელი ნიკა ჭკადუა – სპექტაკლის ნამდვილი ღერძი და ცენტრალური ფიგურა. იგი დიდ ენერგიას ხარჯავს, თითქმის უწყვეტად იმყოფება სცენაზე, კავშირს ამყარებს მაყურებელთან და სწორედ მისი პერსონაჟი ანიჭებს სპექტაკლს სიცოცხლეს, დინამიკასა და ინტერესს. ვფიქრობ, მსახიობს ეხმარება თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებში მიღებული გამოცდილებაც და ისიც, რომ ხშირად უწევს პატარა ასაკის მაყურებლების წინაშე თამაში (ნიკა ჭკადუა მოზარდ მაყურებელთა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობია).
ნებისმიერი საბავშვო სანახაობისთვის აუცილებელი ელემენტია იუმორი. ეს კომპონენტი „პინოკიოს“ ნამდვილად აკლია და ამ ფონზე სპექტაკლის მორალური გზავნილები და შეგონებები დამღლელად და ზედმეტად ჟღერს. წარმოდგენის ერთ-ერთი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ეპიზოდია მეორე მოქმედებაში კატის და მელიის პირველი გამოჩენა (კატა - დავით ხურცილავა / ჯეჯი სხირტლაძე, მელა - თამარ ბუხნიკაშვილი / შაკო მირიანაშვილი), ეს სცენა სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და სანახაობრივი ეპიზოდია.