top of page

საბავშვო წარმოდგენები 

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2026-01-21 at 01.11.51.jpeg

05.03.2026

ანა მირიანაშვილი

საბავშვო წარმოდგენები 

ყოველწლიური შეჯამება

 

სახელმწიფო თეატრების პარალელურად, დედაქალაქში რამდენიმე დამოუკიდებელი დასი და კერძო თეატრი ფუნქციონირებს. წელს ასეთი თეატრებიდან თავისუფალ თეატრში დაიდგა ახალი საბავშვო სპექტაკლი „ხეები პეპლის რძის სურნელით“, რეჟისორი მაია დობორჯგინიძე. სპექტაკლის ჟანრი განსაზღვრულია როგორც მუსიკალური ფანტაზია და მართლაც ამ წარმოდგენაში უხვად არის ცეკვაც და სიმღერაც (სიმღერების ქართული ვერსია: ლუკა კალატოზიშვილი, ქორეოგრაფი: ანი ალადაშვილი); აფიშის თანახმად, ასაკობრივი ზღვარი შეუზღუდავია, თუმცა სპექტაკლის ქრონომეტრაჟიდან და სიუჟეტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს წარმოდგენა უფრო 8-12 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის არის განკუთვნილი. სპექტაკლი საკმაოდ ხანგრძლივია, 90-100 წუთი მიმდინარეობს უანტრაქტოდ და, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა მისი ორ მოქმედებად დაყოფა.

„ხეები პეპლის რძის სურნელით“ დაფუძნებულია ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებზე, რომელიც 1971 წელს შექმნა ამერიკელმა ავტორმა და ილუსტრატორმა დოქტორ სიუსმა (Dr. Seuss) და ქართველი ბავშვები მას „ლორაქსის“ სახელით იცნობენ. განსაკუთრებით პოპულარულია 2012 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ლორაქსი“, რომელსაც ახმოვანებენ ისეთი ცნობილი არტისტები, როგორებიც არიან: დენი დევიტო, ზაკ ეფრონი, ტეილორ სვიფტი, ედ ჰელმსი, ბეტი უაითი და ა.შ. ეს ალეგორიული ზღაპარი საზღვარგარეთ ხშირად იდგმება საბავშვო თეატრებში და ეკოლოგიური თემატიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება.

„ლორაქსი“ მოგვითხრობს ფანტასტიკურ სამყაროზე, სადაც ბუნება განადგურების პირას დგება ადამიანის გაუმაძღრობისა და უკონტროლო ინდუსტრიალიზაციის გამო. ლორაქსი პატარა, ულვაშიანი არსებაა, რომელიც ბუნების სახელით საუბრობს, იცავს ხეებს, ცხოველებსა და ეკოსისტემას. მისი მთავარი ანტაგონისტია უანსლერი (Once-ler), პერსონაჟი, რომელიც ეკონომიკური სარგებლის გამო ანადგურებს ხეებს და საბოლოოდ კატასტროფამდე მიიყვანს მთელ სამყაროს.

მაია დობორჯგინიძის სპექტაკლიც გვიამბობს ამბავს პასუხისმგებლობაზე, სიყვარულზე და იმაზე, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია შეცვალოს სამყარო, ზოგს კარგისკენ, ზოგს კი - ცუდისკენ. დადგმა ვიზუალურადაც მიმზიდველია: საინტერესო სცენოგრაფია და გამორჩეული კოსტიუმები ქმნის ფერად და საინტერესო სამოქმედო სივრცეს (მხატვარი ელისაბედ ჭიჭინაძე).

მნიშვნელოვანი პლუსია სეუსის (თორნიკე ფანქველაშვილი) აქტიური კომუნიკაცია დარბაზთან, რაც ბავშვებს პროცესში ჩართვის საშუალებას აძლევს და სპექტაკლს ინტერაქციულ ხასიათს სძენს. მიუხედავად ამისა, ცალკეულ სცენებში ტემპი ვარდება და მოქმედება ზედმეტად იწელება, რაც დინამიკას ასუსტებს.

სპექტაკლი გვახსენებს, თუ რა საშინელია ცხოვრება ბუნების გარეშე და რამდენად აუცილებელია ზრუნვა გარემოზე — არა როგორც აბსტრაქტულ იდეაზე, არამედ როგორც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ პასუხისმგებლობაზე. პირადად ჩემთვის, ეს სპექტაკლი იმით არის საინტერესო და , რომ სადადგმო ჯგუფმა მაყურებელს შედარებით თანამედროვე და ახალი დრამატურგია შესთავაზა. ეს არის ტექსტი, რომელიც თეატრში მოსულ ადამიანს არა მორალის კითხვით, არამედ ემპათიით ესაუბრება ისეთ თემებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, ჩვენი პასუხისმგებლობა ბუნების წინაშე, ეკოლოგია და თითოეული ადამიანის არჩევანის მნიშვნელოვნება. სცენიდან დიდაქტიკის გარეშე მოწოდებული ტექსტი კი თანაბრად მისაღებია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსი ასაკის მაყურებლისთვისაც.

დედაქალაქში გამართულ საბავშვო წარმოდგენებს შორის უდავოდ გამოირჩეოდა ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საახალწლო სპექტაკლი-კონცერტი „ახალი წლის ღამე ტყეში“. დრამატული თეატრებისგან განსხვავებით, აქ ზეიმი სასახლეში შესვლისთანავე იწყებოდა - პატარებს ფოიეში ხვდებოდა თოვლის ბებო (ქეთი კანტიძე) თავის თანაშემწე ბავშვებთან ერთად და სანტა კლაუსთან მიაცილებდნენ. ეროვნული სასახლე არაჩვეულებრივად იყო მორთული ნაძვის ხეებით და საახალწლო დეკორაციით, ათვისებული იყო სასახლის შიდა ეზოც, სადაც სტუმრებს ულამაზეს გარემოში შეეძლოთ გასეირნება და ფოტოების გადაღება. პირველი რესპუბლიკის დარბაზში გამართულ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ სასახლის „მზიურის სკოლის“ და თეატრალური მიმართულების მოსწავლეები, პროექტ „რანინას“ მომღერლები. „ახალი წლის ღამე ტყეში“ ეს იყო ბავშვებისთვის მარტივი და გასაგები შინაარსის ერთსაათიანი მხიარული სანახაობა, დატვირთული ინტერაქციით, არაჩვეულებრივი სიმღერებით, იუმორით, რომელიც თანაბრად მოეწონათ როგორც პატარებს, ისე ზრდასრულებს.

ახალ წელს ნიკოლოზ საბაშვილმა თავისი „თოჯინების სახლი“ დროებით „სანტას სახლად“ გადააკეთა და ასე მოაწყო პატარა თეატრალური ზეიმი. ამ კამერულ სივრცეში, სადაც ალბათ სულ 40-მდე მაყურებელი ეტევა, ფორმალური დისტანცია სცენასა და დარბაზს შორის პრაქტიკულად ქრება. სპექტაკლის დაწყებამდე რეჟისორი და ავტორი ნიკოლოზ საბაშვილი პირადად ხვდებოდა პატარა სტუმრებს, ეხმარებოდა მათ დარბაზში შესვლაში და პირველივე წუთებიდან უქმნიდა მათ უსაფრთხო, თბილ ატმოსფეროს.

სპექტაკლი გათვლილია საკმაოდ პატარა ასაკის მაყურებელზე — 3 წლიდან 6-7 წლამდე, შესაბამისია მისი ქრონომეტრაჟიც, 50 წუთი - მოკლე და ასაკისთვის მისაღები. ამ წარმოდგენაში სულ ორი მონაწილეა სანტა კლაუსი და ფიფქია, მაგრამ აქტიურად არიან ჩართული მაყურებელი ბავშვებიც: ისინი სურვილისამებრ ამბობენ ლექსებს, მღერიან, ერთვებიან პროცესში. როგორც რეჟისორმა წინასწარ გაგვაფრთხილა, აქ ხმაური პრობლემა არ არის, — პირიქით, ინტერაქცია ბუნებრივი და აუცილებელი ნაწილია. იუმორი ზომიერია, მარტივი და ასაკობრივად ადეკვატური. საბოლოოდ, სანტა კლაუსი და ფიფქია თოჯინების მეშვეობით ბავშვებს საშობაო ამბავს უყვებიან. „თოჯინების სახლი“ განსაკუთრებით მოეწონება ისეთ მაყურებელს, ვისაც დიდ დარბაზებსა და ხმაურიან სანახაობებს ერიდება და კამერულ, მყუდრო სივრცეს ანიჭებს უპირატესობას.

წლევანდელ საახალწლო სპექტაკლებს შორის საინტერესო იყო ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გამართული სპექტაკლი „თოვლის დედოფალი“, რომელიც რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა დადგა. ევგენი შვარცის პიესა ის ნაწარმოებია, რომელსაც ყოველ წელს რომელიმე თეატრი აუცილებლად ირჩევს ხოლმე საახალწლო დადგმად. კაისა და გერდას ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი ამბავი მინიმალისტურ დეკორაციაში თამაშდება, სცენაზე სულ რამდენიმე შირმა დგას და მოქმედების ადგილი მათი გადაადგილების მიხედვით იცვლება, სცენური სივრცე მწირია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენა საკონცერტო დარბაზში იმართება და სცენის ტექნიკური შესაძლებლობები შეზღუდულია, ეს გადაწყვეტა ლოგიკური და ფუნქციურია.

სპექტაკლის ტემპო-რიტმი გარკვეულწილად შენელებულია, ზოგიერთ სცენას დინამიკა აკლია, თუმცა ეს ტემპობრივი პრობლემები ნაწილობრივ ნეიტრალდება ვიზუალურად და ემოციურად ეფექტური სცენებით: განსაკუთრებით დასამახსოვრებელია თოვლის დედოფლის (თათული ედიშერაშვილი) პირველი გამოჩენა და ფინალი. სამსახიობო ანსამბლიდან, თათული ედიშერაშვილის მონაწილეობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს — მისი პროფესიული პოტენციალი აშკარაა, თუმცა სასურველი იქნებოდა, რეჟისორს მსახიობი უფრო აქტიურად და მეტად ჩაერთო სპექტაკლში. ამავე დროს, განსაკუთრებულად გამოირჩევა ნინუცა მაყაშვილი, რომელიც ორ სრულიად განსხვავებულ როლს ასრულებს — მეფის ასულსა და პატარა ყაჩაღს. ის მუდმივ კომუნიკაციაშია მაყურებელთან, არ იშურებს ენერგიას და მისი მონაწილეობით სცენები ცოცხალი, დინამიკური და სახალისოა.

თავისთავად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საახალწლო პერიოდში დამოუკიდებელი საბავშვო თეატრალური პროექტებიც იქმნება. ასეთი ინიციატივები მიუთითებს სფეროში მიმდინარე ცოცხალ პროცესზე და სურვილზე, ბავშვ მაყურებელს ალტერნატიული, არასტანდარტული თეატრალური გამოცდილება შესთავაზონ. კერძო თეატრალურ დასებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს „თამაშობანა“, საბავშვო-საოჯახო მულტიფუნქციური სივრცე მზიურში, რომელიც აერთიანებს საბავშვო თეატრს, ვორქშოპებს, სეზონურ ზეიმებს, თავისუფალი თამაშის სივრცეს და კაფეს. ამ შემეცნებით სივრცეში სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის მრავალფეროვანი რეპერტუარი და არჩევანია, თუმცა ამ წარმოდგენების მხატვრული ხარისხის შესახებ, სამწუხაროდ, ვერაფერს ვიტყვი. ვისურვებდი, რომ 2026 წლიდან მეტი დამოუკიდებელი საბავშვო თეატრალური პროექტი გაჩნდეს ქართულ სათეატრო სივრცეში, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

დედაქალაქის ფარგლებს გარეთ, რეგიონის თეატრებიც, ტრადიციულად, საახალწლო წარმოდგენებს ყოველწლიურად სთავაზობენ მაყურებელს; ზოგიერთი თეატრი პრემიერით შეხვდა 2026 წელს, ზოგმა კი უკვე რეპერტუარში არსებული წარმოდგენა გაიმეორა: „მაკნატუნას“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში (რეჟისორი და ინსცენირების ავტორი - სალომე ჯიჯავაძე); ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის თეატრმა მაყურებელს ქართული და უცხოური ზღაპრების მიხედვით შექმნილი საახალწლო-საშობაო შოუ-პროგრამა შესთავაზა (სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი — ვასილ ჩიგოგიძე); პრემიერით შეხვდა ახალ წელს გორის გიორგი ერისთავის თეატრიც - „თოვლის დედოფალი“ ამჯერად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტმა ნანა ჯავახიშვილმა დადგა; ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში პატარა მაყურებელს ჩარლზ დიკენსის სახელგანთქმული ნაწარმოების მიხედვით დადგმულ „საახალწლო სიზმარს“ (რეჟისორი გიორგი თავაძე) უჩვენებდნენ; იმავე ნაწარმოების მიხედვით დადგა უკვე ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში მამუკა ცერცვაძემ „საშობაო სიმღერა“ და ამ პრემიერით თეატრი დროებით დაემშვიდობა თავის შენობას, რომელშიც ამ წლიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, ზესტაფონის თეატრის წარმოდგენები კი ქალაქის კულტურის სახლში გაიმართება;    სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრი ახალი წლის დღეებში მაყურებელს „ჩიპოლინოს თავგადასავალს“, „კონკიასა“ და „მაკნატუნას“ წარმოუდგენდა (რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა); რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში გადიოდა „შრეკი“ (რეჟისორი მამუკა ცერცვაძე) და „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ (რეჟისორი მარიამ სიხარულიძე); თოჯინური წარმოდგენები იმართებოდა ქუთაისის, თბილისის, გურჯაანის, ასევე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრებში.

 

ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი სპექტაკლების ნაწილი მხოლოდ „ერთჯერადი“ გამოყენებისთვის დაიდგა და საახალწლო დღესასწაულების შემდეგ აღარ ითამაშებენ, ნაწილი კი (არასაახალწლო თემატიკის სპექტაკლები) თეატრების რეპერტუარშია და მეტ-ნაკლები სიხშირით გადის. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჯერჯერობით, კვლავ ნარჩუნდება ტენდენცია, რომ თეატრების საბავშვო რეპერტუარი წლიდან წლამდე მკვეთრ სიახლეებს არ განიცდის არც მასალის შერჩევისა და არც სარეჟისორო გადაწყვეტების თვალსაზრისით. ძირითადი აქცენტი კეთდება კვლავ ფინანსურ მოგებაზე და ბილეთების გაყიდვებზე, რაც ბუნებრივია საახალწლო სპექტაკლების შემთხვევაში. სამწუხაროდ, თანამედროვე სახელმწიფო თუ კერძო თეატრებში საბავშვო სპექტაკლები ჯერ ისევ „არასერიოზული“, მხოლოდ კარგი შემოსავლის მომტანი წარმოდგენების რანგში გადის. ჩემ მიერ ნანახ თითქმის ყველა საბავშვო/საყმაწვილო სპექტაკლში განსაკუთრებით თვალშისაცემია თანამედროვე მოზარდებისთვის შეუსაბამო ტემპო-რიტმი და ხანგრძლივობა, მოსაწყენი, გაწელილი სცენები და დიალოგები, მრავალჯერ „გადაღეჭილი“ ტექსტების ხელახლა დადგმა. შეიძლება ითქვას, თანამედროვე მოზარდი მაყურებლისთვის ადეკვატური საბავშვო სპექტაკლის შექმნა დღეს თეატრებისთვის ისევ ნაწილობრივ დაუძლეველი ამოცანაა. როგორც გამოიკვეთა, თანამედროვე ქართულ საბავშვო თეატრს ყველაზე მეტად უჭირს რეჟისურის და დრამატურგიის ნაწილში, თეატრის ხელმძღვანელთა უმეტესობა კი საბავშვო სპექტაკლს აღიქვამს როგორც შემოსავლის წყაროს, ხშირად ერთჯერად (მაგალითად საახალწლო) პროექტად და არა რეპერტუარის მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტად.

ვისურვებდი, რომ 2026 წელს ქართულ თეატრების რეპერტუარში ბევრი კარგი, ხარისხიანი საბავშვო სპექტაკლი გაჩნდეს, დაიდგას ისეთი წარმოდგენები, რომლებიც უპასუხებენ თანამედროვე ბავშვის ინტერესებსა და სურვილებს; იმ რეჟისორებს, ვინც ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის დადგამენ სპექტაკლებს, ვურჩევ და ვუსურვებ, უფრო მეტად იკვლიონ ეს ასაკობრივი ჯგუფი, მოუსმინონ ბავშვებს, კარგად გაიგონ რა გამოწვევების და პრობლემების წინაშე დგანან ისინი, გაითვალისწინონ ეს ყველაფერი და შეეცადონ მოძებნონ შესაბამისი, უფრო საინტერესო, ახალი მხატვრული ფორმები.

bottom of page