ყველაფერი იყო შეცდომა...
რა შეცდომას აღიარებს საბა ასლამაზიშვილი?
ყველაფერი იყო შეცდომა...
რა შეცდომას აღიარებს საბა ასლამაზიშვილი?
რეჟისორ საბა ასლამაზიშვილს ესაუბრება ზუკა ნემსაძე
საბა ასლამაზიშვილმა ქართულ თეატრში, გამოჩენის დღიდან მიიქცია სათეატრო საზოგადოების ყურადღება და დღეს ის, ერთ-ერთ საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორად მიიჩნევა. იგი აქტიური, პროდუქტიული და შრომისმოყვარეა.
საბა ასლამაზიშვილი, თითქმის ერთი წელია, რაც ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ხელმძღვანელობს და ამ ახალ ამპლუაში, მან უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი შექმნა. ის საინტერესო მოსაუბრეა, რომელიც გულწრფელობით, ამბიციურობით და თეატრისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. ამბიცია, ნიჭიერება და ფანტაზიის უნარი ის ინსტრუმენტია, რომლითაც ახალგაზრდა რეჟისორმა თავი დაიმკვიდრა სფეროში. ის ახერხებს უხელმძღვანელოს რეგიონის სახელმწიფო თეატრს, საერთაშორისო ფესტივალს, დადგას სპექტაკლები დედაქალაქში.
საინტერესოა, საბა ასლამაზიშვილი როგორ აპირებს კონკურენცია გაუწიოს (მისივე თქმით) დედაქალაქის წამყვან თეატრებს. როგორ აპირებს ფოთის თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნებას, რათა ის მაყურებლისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს, როგორც წარმოუდგენია ფოთის თეატრის აქტივობა და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრში მოღვაწე რეჟისორისთვის, როგორ ართმევს თავს ის მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ მას.
ახალგაზრდა, წარმატებული, აქტიური რეჟისორი, რომლისთვისაც თითქმის ყველა თეატრის კარი ღია იყო დედაქალაქში, მიდის რეგიონში. რატომ გადაწყვიტე რეგიონში წასვლა?
ვფიქრობ, რომ იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ვიყავი, ძალიან დიდი გამოწვევა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. მგონია, რომ ეს გამოწვევა და პასუხისმგებლობა, რაც უნდა მიმეღო, რაღაცნაირად შინაგანი და პროფესიული მზაობა ამისთვის მქონდა. მთავარი მიზანი რატომაც წავედი რეგიონში გულწრფელად რომ ვთქვა, იყო ის, რომ რაღაც გარკვეული შემოქმედებითი სტანდარტი ყოფილიყო იქაც. ეს შემოქმედებითი სტანდარტი, ღირებული და მხატვრული ხარისხი შექმნილიყო იქ და ეს არ ყოფილიყო ერთჯერადი. ყოფილიყო რაღაცნაირად მყარი, დაფუძნებული კონკრეტულ მიზანზე, რომელიც დაიწყო ახლა და უნდა გაგრძელდეს მომავალშიც - ეს იყო ხანგრძლივი პროექტი და ჩემი თავის გამოცდა ხანგრძლივად რამდენად შესაძლებელია, რომ შექმნა ხარისხი, მაღალი მხატვრული ღირებულებების ნაწარმოებები არამარტო შენ, არამედ იმ ხალხმა ვინც იქ უნდა ჩავიდეს და უნდა იმუშაოს. ეს იყო მთავარი გამოწვევა, რაც მინდოდა რომ დაძლეული ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპი წარმატებით დაიწყო ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. პირველ ყოვლისა, იმ ამბის გათვალისწინებით ვინ ჩავიდა იქ სამუშაოდ, რა კუთხით განვითარდა ეს თეატრი და რა კუთხით დაიწყო სვლა. რა ენაზე დაიწყო ლაპარაკი და ახლა უკვე გადამწყვეტი ეტაპები იწყება, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს და ამას მიეცეს მომავლის პერსპექტივა. რეგიონში როცა ხარ, უფრო მეტად რთულია პროცესი.
რას გულისხმობ?
ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან რთულია რეგიონიდან შეძლო კონკურენციის გაწევა დედაქალაქის თეატრებისთვის.
უწევ კონკურენციას?
ვფიქრობ, რომ კი. ამ ეტაპზე ეს ნამდვილად ასეა. ეს კი უნდა შენარჩუნდეს ხანგრძლივად, რითაც სხვა ეტაპზე გადავა რეგიონული თეატრი და შესაბამისად, ქართული თეატრიც.
შეიძლება მართლაც უწევ დედაქალაქის თეატრებს კონკურენციას, მაგრამ არ ფიქრობ, რომ რაც მითხარი, ყოველივე ეს ამბიციურად ჟღერს ახალგაზრდა რეჟისორისგან? რატომ ფიქრობ რომ ფოთის თეატრში დადგმული სპექტაკლებით შეძელი გაგეწია კონკურენცია დედაქალაქისთვის?
პირველ ყოვლისა, რაც ამის თქმის საშუალებას მაძლევს, ეს არის ხარისხი და ხარისხის შემფასებელი არის მაყურებელი, რომელიც ფოთში არის ფაქტობრივად ულევი რაოდენობით. იმიტომ, რომ არ არსებობს უკვე სპექტაკლი ჩვენს რეპერტუარში, რომელიც ანშლაგით არ მიდის და კიდევ ის დაინტერესება, რაც თბილისში არის ჩვენს მიმართ.
რა დაინტერესება?
ვგულისხმობ, როგორც პროფესიონალების დაინტერესებას კონკრეტული სპექტაკლებისადმი: „ქარიშხალი“, „ყვარყვარე“, „ჯაყოს ხიზნები“, ისე ფართო სპექტრის მაყურებელს, ფოთში ჩამოსულ სტუმრებს. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალს, სადაც ყველა სპექტაკლი ჩამოტანილი გვქონდა და ამ ყველაფერზე მერე უკუკავშირს. შეფასებას, როგორც პროფესიონალების, ისე უბრალოდ რეგიონის და თბილისელი მაყურებლის. და კიდევ, ყველაზე მთავარი - ხელოვანებს, რომლებიც ფოთში ჩამოვიდნენ სამუშაოდ, ვგულისხმობ ორ მსახიობს, რომელიც ამ ეტაპზე დაემატა ფოთის თეატრს; იმ რესურს, რაც ფოთის თეატრში იყო და ახლა ამ რესურსის ხელახლა გაღვივება მოხდა; შემოქმედებით გუნდს, რომელიც იქ ჩავიდა სამუშაოდ - ბატონი კოტე ფურცელაძე, გიორგი უსტიაშვილი, კონსტანტინე ეჯიბაშვილი, რომლებიც ორიგინალურ, საავტორო ღირებულების ნამუშევრებს ქმნიან ამ თეატრისთვის. მგონია, რომ ამ ყველაფერმა ერთად ეს კონკურენცია შექმნა. არ ვიცი ეს ამბიციური განაცხადია?! ფაქტებით ვსაუბრობ ჯერჯერობით და არა ჩემი ილუზიებით, ჯერჯერობით ყველაზე მთავარი რაც არის - საკუთარი თავის ობიექტურად აღქმის უნარი არ დამიკარგავს. აი, მაგას რომ დავკარგავ, ალბათ მერე გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას მეტყვიან და მადლობა ღმერთს ეგეთი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში არიან.
ფოთის სამხატვრო ხელმძღვანელობისთვის 4 წლიანი განვითარების გეგმაც წარადგინეთ, მის მიღმა რა საჭიროება გაჩნდა ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ?
თეატრში შეიძლება რაღაცა დაგეგმო, მაგრამ თუ არ იქნება იმპროვიზაციაც, მის გარეშე ვერ გააკეთებ ზუსტ სვლებს. თავიდანვე ვიცოდი რა მიმართულებით უნდა წასულიყო თეატრი და რა ენა უნდა ეპოვა. თუმცა ამ პროცესში შეიძლება მარცხნივ მოგიწიოს წასვლა, ხან მარჯვნივ საერთო იდეის გარეშე, რაც არის მთავარი სპექტაკლშიც და ზოგადადაც გეგმაში. არსებობს გეგმა, უბრალოდ იმპროვიზებულად ზუსტად იმ ადგილებში უნდა გავარტყათ, სადაც საჭიროა. ანუ აქტუალურობა უნდა ვიპოვოთ იმ კონკრეტულ მომენტში, იმიტომ რომ თეატრი არის დღეს და ამ დღეს აქვს მნიშვნელობა. აქ, ამ წამ ზუსტი მასალა უნდა მოვძებნოთ, ზუსტი სიტყვა მოვძებნოთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ დღეს რაზე უნდა ველაპარაკოთ მაყურებელს. ყველაფერი ეს ისაზღვრება პირველი სპექტაკლის მერე რა უკუკავშირიც გაქვს, მეორე სპექტაკლის მერე ხვდები რა უნდა გამოსწორდეს, რა მიმართულებამ შეიძლება დააინტერესოს მაყურებელი, თან მით უმეტეს, როცა რეგიონში მიდიხარ. ფოთში რომ ჩავედი ყველაზე მთავარი, რაც ჩემი აზრით, იყო და მგონია, რომ ამან ბევრი რამ განსაზღვრა, სანამ საერთოდ დავიწყებდი ორივე პიესაზე მუშაობას - იყო კომუნიკაცია ადგილობრივ საზოგადოებასთან.
მაყურებელთან.
მაყურებელთან, ესენი იყვნენ როგორც მოზარდები, თინეიჯერები, პედაგოგები, უბრალოდ ხალხი, ყველა. კოლეჯშიც ვიყავი ასევე მივედი სკოლაში, თავად მოვიდნენ ჩემთან სტუმრად და აი, ამ კომუნიკაციებმა და მათთან პირდაპირმა დიალოგმა. აი, რა გსურთ, რაზე უნდა ილაპარაკოს თეატრმა, რა გაინტერესებთ. მერე იყო იმის მოყოლა, სანამ დადგამს დავიწყებდი რაზე ვდგამდი მე სპექტაკლებს, რას მოიცავდა „ქარიშხალი“, „ყვარყვარე“ და აი, ამ დიალოგებმა უკვე ენა გააჩინა უშუალო კომუნიკაციის. ეს კომუნიკაციის ენა არის გაბმული მაყურებელთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია შენთან ერთად განვითარდეს მაყურებელი, მარტო შენი განვითარება დიდ წარმატებას ვერ მოიტანს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.
რა მემკვიდრეობა დაგხვდა შემოქმედებითი და ადმინისტრაციული რესურსის თვალსაზრისით? თუ შეგიძლიათ გამოყოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები ამ მემკვიდრეობის?
ვიცი ცხოვრებაში ასეთი რამ, რომ ნებისმიერი წარსული, რა წარსულსაც ვეხებით ჩვენ, ისევე როგორც ჩემი იქ მუშაობა იქცევა წარსულად - ყოველთვის ასე იქნება წარსული, გამოირჩევა როგორც დადებითით ასევე უარყოფითი მხარეებით. ეს ძალიან შეუქცევადი და ჩვეულებრივი პროცესია. ამიტომ, მე ჩავედი იქ იმიტომ, რომ ახალი ფურცლიდან დამეწყო ჩემი ცხოვრება, იმ თეატრში. ძველი ძალიან ბევრი რამე იყო კარგი, შეიძლება რაღაცებზე გქონდეს კითხვის ნიშანი, მაგრამ როცა ამ გადაწყვეტილებას იღებ, შენ უნდა მოახერხო ის, რომ არ დაკარგო ის ძველიც და ასევე ამ ძველის გავლით შექმნა სრულიად ახალი, ძალიან რაციონალურად. ზუსტად ასე მივუდექი პროცესს და არ დამიწყია არაფრის კვლევა, არაფრის ჩაძიება, ვინ, რა, რატომ ან რისთვის?! მე იქ ჩავედი იმისთვის, რომ მეკეთებინა საქმე, მაღალი ხარისხის რეპერტუარი, შემექმნა განსხვავებული სპექტაკლები და ეს არის ჩემი მიზანი. შესაბამისად, მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც იგივე აზრზე ვარ, თვითონ ფოთში, როგორც ადმინისტრაციული ისე ტექნიკურ და შემოქმედებით მხარეში არის უზარმაზარი რესურსი. რესურსი არის ამ ქალაქში და აი, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ თუ დამოკიდებულებით უყურებ მოცემულობას, რომ ყველაფერი არის რესურსი, რომელიც შენ სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. მგონია, რომ ყველაფერს ამოწურავ და მაქსიმუმს წამოიღებ თითოეული ადამიანისაგან.
რამდენად იყო აუცილებელი ახალი კადრები აყვანა, მიუხედავად იმისა, რომ თეატრში ახალგაზრდა თაობა იყო?
კონკურენციას როცა ვახსენებ, ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი არის ესეც, რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამის, ტენდენცია უნდა შეიქმნას, რაც პრინციპში უკვე დაიწყო, თუმცა სხვა ეტაპზე არის გადასაყვანი. რეგიონში თბილისიდან უნდა წავიდეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი. გლობალურად რომ შევხედოთ, ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი, რომელიც გამოირჩევა ნიჭით უმეტესწილად თბილისშია დასაქმებული, ნაწილდებიან თბილისის თეატრებში. ჩემი სვლა მდგომარეობს იმაში, რომ ამ თაობიდან ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ნიჭიერებით ჩავიდეს რეგიონში და იქ იმუშაოს. საბოლოოდ, ამ შერწყმით და შეერთებით ხარისხი უნდა ავიდეს ზევით. ხარისხის ხანგრძლივ პერსპექტივაში გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობაა, ადგილობრივებთან მათი შერწყმა. ვგეგმავ, რომ კიდევ დაემატოს ახალგაზრდა მსახიობი ფოთი თეატრს, რაც მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ადგილობრივი რესურსი მაქსიმალურად გამოყენებული არ უნდა იქნეს, ის ადამიანები შრომობენ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეულმა მსახიობმა ძალიან დიდი შრომა ჩადო ორივე სპექტაკლში. დასის 27 წევრი, ვინც ამჟამად ფოთი თეატრში ირიცხება, ყველა იდგა სცენაზე - მცირე, ეპიზოდური, დიდი და მეორეხარისხოვანი როლებით და ყველა მაქსიმალურად იყო ჩართული ამ პროცესში.
როგორ ფიქრობ, თანამედროვე დრამატურგია რამდენად მნიშვნელოვანი ქართული თეატრისთვის?
თანამედროვე დრამატურგია უმნიშვნელოვანესია ქართული თეატრისთვის, უბრალოდ ამ მიმართულებით ალბათ მეტი ყურადღების გამახვილებაა საჭირო.
ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რეჟისორსა და დრამატურგს შორის იყოს კომუნიკაცია და პიესა შეიქმნას იმ კონკრეტულ მოცემულობაში, იმ კონკრეტული ამბისთვის. წარმატებული პროექტები, როცა ახალგაზრდა დრამატურგთან მიმუშავია ყოველთვის იდგა იმაზე, რომ ერთად ვქმნიდით ტექსტს. დრამატურგს უჭირს ზუსტად აღიქვას რა ხდება თეატრში პრაქტიკულ დონეზე. როცა დრამატურგი პროცესში ერკვევა და ხვდება, თუ რა სიტყვა სჭირდება მსახიობს იმისთვის, რომ ორგანულობას მიაღწიოს, ამ პროცესს მხოლოდ პრაქტიკული მუშაობით ხვდება დრამატურგი. თუმცა მე მიყვარს თანამედროვე ქართველ დრამატურგებთან მუშაობა, მიყვარს ძველი ქართული პიესების თანამედროვე კონტექსტში და სულ სხვა რაკურსში ჩვენება, ამის ნათელი მაგალითია თუნდაც „ყვარყვარე“ და „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც თავისთავად ძალიან კარგი პიესაა თუმცა კონტექსტი მაინც შეცვლილი ჰქონდა. ძალიან მალე დავიწყებ მუშაობას ფოთის თეატრში, ქართველი მწერლის რომანზე.
დაგვისახელე რომელ მწერალზე საუბრობ და რა რომანზე?
ეს არის ახალგაზრდა ავტორი მარი ბექაური, მისი რომანი „ანას მომენტი“, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ტექსტია, პირველად დაიდგმება. არ ვიცი რა გამოვა, თუმცა მიხარია, რომ ამის ავტორი ვიქნები.
როცა ქართულ თანამედროვე დრამატურგიაზე დაგისვი კითხვა, აშკარად მიხვდით რომ შემდეგი კითხვა ეს იქნებოდა და თავად დამასწარი და საუბარი დაიწყე „ყვარყვარეზე“ და იქვე მოაყოლე, რომ ახლა ქართველი მწერლის რომანზე იწყებთ მუშაობას. თუმცა მაინც უნდა დავსვა: ფოთი თეატრის რეპერტუარში, შენი დანიშვნის შემდეგ ძირითადად კლასიკოსების ნაწარმოებები „ყვარყვარე“ და „ ქარიშხალი“ დაიდგა. უარს ამბობ თანამედროვე დრამატურგიაზე?
უარის თქმა ცოტა რადიკალური შეფასებაა, უარს არ ვამბობდი, უბრალოდ იყო რაღაც ეტაპი, რაც უნდა გაევლო ფოთის თეატრს, ძირითად ეს იყო კლასიკა.
რატომ?
იმიტომ, რომ ისტორიას ყოველთვის კლასიკა დარჩება. ეს ეტაპი შეგვიძლია პირველ ეტაპად ჩავთვალოთ, რომელიც უკვე დასრულდა. ახლა უკვე კვლევას დავიწყებთ და ჩვენი თეატრის სხვა მიმართულებით წავა და რეპერტუარიც სხვა მიმართულებით აიღებს გეზს. თუმცა კლასიკით დაწყება აუცილებელი იყო მასშტაბისთვის და ისტორიისთვის.
საბა, ჩვენ ფოთის თეატრზე ისევ გავაგრძელებთ საუბარს, შევეცდებით იმ სპექტაკლებზე ვრცლად ვისაუბროთ, რომელიც დაიდგა და რეპერტუარშია, თუმცა აუცილებლად მინდა ვიკითხო: „გილდია“ გადანაშაულებდათ პლაგიატში, თქვენ არსად არანაირი კომენტარი არ გაგიკეთებიათ, და ახლაც არ გაქვთ სურვილი რომ პასუხი გასცეთ იმ ბრალდებებს, რომელიც მხატვრის მხრიდან, თქვენი მისამართით იყო გამოთქმული?
ჩემი პასუხი ისევ დუმილია ამ ყველაფერზე, არანაირი პასუხი არ მაქვს ამაზე. არც მტკიცებას დავიწყებ მართალი ვარ თუ არა, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველაფერი გამოაშკარავდება ისედაც.
ეს ტაქტიკა ხომ არ არის თქვენგან ვითომ საერთოდ არ მაინტერესებს, მსგავს ნიღაბს ირგებთ?
არანაირად, ეს ჩემი ბუნებაა. არცერთ მაყურებელს, რომელიც ესოდენ მრავლად გაჩნდა, არცერთ პროფესიონალ თეატრმცოდნეს არასდროს უსაუბრია ამ თემაზე, ეს ჩემთვის ბევრ რამეზე პასუხია.
სად არ უსაუბრიათ?
სახლში რას ვსაუბრობთ ზუკა ეს ახლა მეორე ხარისხოვანია, სახლში ბევრ რამეს ვლაპარაკობთ ადამიანები.
ერთი სიტყვით გკითხავ, შეცდომა იყო?
არა. არაფერი ამაში შეცდომა არ არის, არც გადაცდენა და არაფერი მსგავსი. მე ვარ რეჟისორი, ზუსტად ვიცი, გული სიღრმეში ღრმად არის ყველა დარწმუნებული იმაში, რომ არასდროს ცხოვრებაში, არავისგან, მიუხედავად იმისა, რომ დამიდგამს ძალიან კარგი და ძალიან ცუდი სპექტაკლებიც, არასდროს არავისგან არ ამიღია, არ მომიპარავს, იდეაც კი. მინდა, რომ არც მომავალში არ მოხდეს ეს. თუ დავუშვებ შეცდომას, მასზე პასუხსაც ვაგებ.
ახსენე ცუდი სპექტაკლებიც დამიდგამსო, დაასახელებ?
არა, არ იქნება სწორი.
თამაშობთ ახლა ამ სპექტაკლებს?
კი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი დაშვებული შეცდომა. ფაქტის წინაშე უნდა დავდგეთ. ეს ჩემი შეხედულებაა. მაყურებლის აზრი მრავალფეროვანია, ვიღაცას შეიძლება ეს კონკრეტული მოსწონდეს, ვიღაცას არა.
გეთანხმებით, ვიღაცას შეიძლება სწორედ ის სპექტაკლი მოეწონოს, რომელსაც სუსტად მიიჩნევ და ის სპექტაკლი დაიწუნოს რომელზეც გგონია რომ ძალიან კარგი გამოვიდა.
რა თქმა უნდა, მე უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება ვთქვი, მე რას ვფიქრობ ჩემს სპექტაკლებზე, თორემ მაყურებლის ნაწილში აბსოლუტურად გეთანხმები.
დავუბრუნდეთ „ყვარყვარეს“ და „ქარიშხალს“, რით გამოირჩევა ეს ორი სპექტაკლი, რა არის საინტერესო? რა ჩაიფიქრე როგორც რეჟისორმა და რა დაგიბრუნდა?
„ყვარყვარე“ ალბათ განსაკუთრებით იმ ადაპტირებული ტექსტით, რომელიც ქალბატონ მანანა ანთაძესთან ერთად შეიქმნა. ეს ტექსტი, ყვარყვარეს როგორც გმირის სრულიად ახალ ვერსიას ბადებს. ახალ ვერსიას, რომელსაც აქვს სულ სხვანაირი მსოფლმხედველობა, მიზანი, რომელიც ადამიანური ეგზისტენციის სულ სხვა საფეხურზე ადის. ეს კონტექსტი, რაც ტექსტიდან დაიბადა და შემდგომ უკვე სპექტაკლში გადავიდა, „ყვარყვარე“ მონოსპექტაკლად იქცა და ერთი ადამიანის შოუ იყო, რომელსაც ბევრი შინაგანი ეგისტენციური ტკივილი აქვს. ჩვენი გმირი უფრო ძეგლად ქცევის საცოდაობით არის შეპყრობილი, ვიდრე კონკრეტულ მოცემულობებში გამოსავლების ძიებით. იმიტომ, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს სპექტაკლი არის ერთი ადამიანის წარმოსახვა, რომელიც მსოფლიოს მბრძანებელი ხდება და რომელსაც უნდა რომ ძეგლი დაუდგან და ისტორიას დარჩეს. რაც შეეხება „ქარიშხალს“, ჩემთვის ყველაზე მასშტაბური, ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი დადგმაა.
რა გამოარჩევს მის მნიშვნელობას?
შექსპირის ეს ტექსტი, რომელიც ყველაზე გამოუცნობ ტექსტად არის შერაცხული, რომელიც უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ ერთი კონკრეტული ამბის დიდ მსხვერპლზე ჰყვება. ეს პიესა, რომელიც სინამდვილეში ბედნიერებით სრულდება, ეს პიესა უცბად ტრაგიზმის დიდ სამეფოდ იქცა, სადაც ყველაზე თავისუფალი სული არიელი, რომელიც ჰაერია და თავისუფლად უნდა დადიოდეს სამყაროში, იქცა მკვლელად. ჩაიდინა უდიდესი დანაშაული, ეს თავისუფლება იმის ფასად დაუჯდა, რომ მას მკვლელობა ჩაედინა. მოეკლა პირველყოფილი ადამიანი, რაც ჩვენთვის დიდი სიმბოლო და მეტაფორა იყო, პირველყოფილებს უსწორდება თავისუფლება, რომელიც მართულია, პროსპეროს როგორც მეფის, როგორც მბრძანებლის მიერ. ეს სათქმელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მიხარია, რომ ამ ყველაფრამდე მივიდა ეს უმნიშვნელოვანესი ტექსტი შექსპირის. ბოლოს კალიბანი ამბობს, „შემიბრალეთ და მომეპყარით გულმოწყალებითო“ - ეს კარგი იყო, ეს იყო კვლევა საწყისების და თანამედროვეობის ჭიდილის ერთმანეთთან.
როგორც რეჟისორი კმაყოფილი ხარ ორივე სპექტაკლით?
კი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. „ყვარყვარე“ ვითამაშეთ ფოთში, თუმანიშვილი თეატრში, ქუთაისში. „ქარიშხალი“ ვითამაშეთ, მარჯანიშვილში, ბათუმში, ფოთში და „ქარიშხალს“ ვითამაშებთ ზღვაზე. იქ, სადაც უნდა ყოფილიყო სეზონის გახსნა. კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ყველგან სადაც ჩავედით იყო უზარმაზარი ინტერესი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იყო უამრავი შეტყობინება, როგორც ჩემთან ასევე მსახიობებთან, იყო სტატიები. როცა მოგზაურობ და იქიდან წამოსულს ამდენი ემოცია და უკუკავშირი გიბრუნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი რამ შედგა.
რამდენად ადეკვატურია სათეატრო კრიტიკა და რეალობას თუ ასახავს ის რეცენზიები, რაც ქვეყნდება?
როგორც დამოუკიდებელ შემოქმედს შეგიძლია გქონდეს შენი შეფასება, შეიძლება შენ რაღაც სპექტაკლი ნახო, დაწერო და ის არ იყოს შენს სპექტაკლთან და ნაშრომთან შესაბამისობაში. ხშირად ყოფილა შემთხვევა ,მაგალითად, ჩემს შემთხვევაში როცა ერთი ადამიანი, პროფესიონალი სულ სხვა რამეს წერს და ამბობს, მეორე კი რადიკალურად სხვას. ეს პროცესი მგონია, რომ ძალიან ინდივიდუალურია. ადამიანები რაღაცების გამო ზოგჯერ ხან ისე ვწერთ, ხან ასე.
„რაღაცებში“ რას გულისხმობ?
რაღაცებში იგულისხმება ყველაფერი, როგორც შემოქმედება, ისე სხვა მიმდინარე პროცესები ამ შემოქმედების მიღმა.
როგორ რეაგირებ კრიტიკაზე?
მე ძალიან მიხარია და მნიშვნელოვნად მიმაჩნია, როცა შენზე არის გარკვეული უკუკავშირი. ნებისმიერი სახის კრიტიკა და მოგეხსენებათ, რომ მე ბევრნაირი კრიტიკა მიმიღია ცხოვრებაში. ნებისმიერი სახის კრიტიკა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შენ განვითარდე. შენი განვითარებისთვის უნდა გამოიყენო კრიტიკა და არა გასაბრაზებლად, ვინაიდან წყენა და ბრაზი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ეს უნდა იყოს მეორეხარისხოვანი. გაცილებით მნიშვნელოვანია შენი მომავალი და წინსვლა და შესაბამისად ამაზე უნდა იყო ორიენტირებული.
ხომ არ გიფიქრია, რომ თეატრმცოდნეებისთვის რჩეული რეჟისორი ხარ?
ძალიან ბევრჯერ, ზოგჯერ ჩემი მეგობარი თეატრმცოდნეებისგან ისეთი ღია კრიტიკა მიმიღია, სადაც მეუბნებოდნენ რომ საბა ეს არ არის კარგი სპექტაკლი - ეს კარგი პროცესია. როცა ადამიანი ვის აზრსაც ენდობი ან შეიძლება არ ენდობი მაგრამ ის შენზე აფიქსირებს აზრს, ყოველთვის გაფიქრებს ესე იგი რა შეცდომები იყო დაშვებული. მე მიყვარს ამ შეცდომების საკუთარ თავთან აღიარება, სხვებთანაც. ყოფილა შემთხვევა, პრემიერის შემდეგ, მოსმენილი კრიტიკის შემდეგ, მივხვდი რას გულისხმობდნენ და მერე მივხვდი რა შეცდომა დავუშვი. პროცესში სულ მართალი გგონია შენი თავი. შემოქმედებით პროცესში როცა ხარ ჩართული, შენ გგონია, რომ მართალი ხარ, შენ გგონია რომ ეს ღირებულია და ეს იმუშავებს და აი, პრემიერის მერე როცა უკვე ისმენ ამ შეფასებებს, შენ თავთან ანალიზს იწყებ. მთავარია ზუსტად მიაგნო შეცდომას. მაგალითად, „დონ ჟუანზე“ დაშვებული შეცდომები, რომელსაც პროცესში ვერ ვხვდებოდი, ეს შეცდომები მთლიანად დავაკავშირე „ქარიშხალთან“. იმიტომ, რომ მასშტაბით ჩემთვის ეს
ორი სპექტაკლი ახლოს იყო ერთმანეთთან, მივხვდი, რომ იქ ყველაფერი იყო შეცდომა. რაც აქ გახდა ბევრად უკეთესი.
კრიტიკულად განწყობილი ადამიანები ამბობენ, რომ ახალგაზრდა რეჟისორებისთვის დაკეტილია, სივრცეები, სახელმწიფო თეატრებში ისინი ვერ დგამენ, არ უშვებენ, შენი გადმოსახედიდან ეს მდგომარეობა როგორ არის? ახალგაზრდებს რამდენად ეძლევა შესაძლებლობა თეატრებში მუშაობის?
ამ მიმართულებით პროცესი მნიშვნელოვნად არის წინ წასული. მე ძალიან ბევრი ახალგაზრდა რეჟისორი ვიცი და მათ სპექტაკლებს ვსტუმრობ ხოლმე რეგიონებში. დღეს რეგიონებში მრავლად არის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორები, მრავლად და მრავალფეროვნად წარმოადგენენ ისინი თავიანთ ნამუშევრებს.
მაგრამ კრიტიკა რატომ ისმის, თუ ღიაა მათთვის სივრცეები და დგამენ ?
ჩემს მაგალითზე ვიტყვი, როცა მოსულან, უთხოვიათ, დაუდგამთ. ჩემთან კარი ღია, მით უმეტეს, ახალგაზრდებისთვის, საინტერესო პროექტებისთვის. ნიკა ჩიკვაიძე, მარიამ სიხარულიძე ახალგაზრდა რეჟისორები არიან, რომლებმაც დადგეს სპექტაკლები ჩვენს თეატრში, ასევე ახალგაზრდა რეჟისორი ნიკა ლუარსაბიშვილი ჩამოვა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი რეჟისორები თანამშრომლობენ ფოთის თეატრთან და ამდიდრებენ მის რეპერტუარს მათი ნამუშევრებით.
ნიკა ჩიკვაიძე ახსენე, და „ჯაყოს ხიზნებსაც“ შევეხოთ ორი წინადადებით, საინტერესო რეჟისორი რომ არის მეც ვიზიარებ ამ მოსაზრებას, თუმცა შენთვის როგორც სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, მსახიობებისთვის ეს პროცესი რამდენად საინტერესო აღმოჩნდა და რა იყო „ჯაყო“?
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სპექტაკლი დაიდგა და დღემდე არის ფოთის თეატრის რეპერტუარში. კიდევ უფრო ის მაბედნიერებს, ის არის, რომ ადგილობრივი მაყურებლის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მუდმივად არის ამ სპექტაკლის მიმართ ინტერესი. მადლობა ნიკას და მის მხატვარს ანანო დოლიძეს ამისთვის. ნიკა ძალიან საინტერესო რეჟისორია, მე როგორც ხელმძღვანელს მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორის თავის განსხვავებული ხედვით, ინტერპრეტაციით, ფორმით და ის, რასაც დღეს საავტორო თეატრს ვეძახით, ზუსტად ამ მიმართულებით მას შეუძლია კარგად მოძველებული ამბავი, ძალიან თანამედროვედ დაანახოს მაყურებელს, აბსოლუტურად თანამედროვე აქცენტებით და იმ აქტუალურობით, რაც ამ პიესაში არის. ეს ინტერპრეტაცია არის ჩემთან ძალიან ახლოს მყოფი ენა, როგორც ხელმძღვანელისთვის და ზუსტად ამიტომ წამოვიდა ნიკა და გააკეთა უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, რომელიც ასევე ჩემი საყვარელი ნაწარმოებიც არის.
ხომ არ აპირებ დადგმას?
ახლო მომავალში არა, ალბათ მოგვიანებითზე მოგვიანებით. ნიკას მადლობა და მსახიობებს იმიტომ, რომ უცნაური ფორმის, უცნაური კონტექსტის თანამედროვე ხედვის სპექტაკლი გამოვიდა და მიხარია, რომ ამ ყველაფერს ზუსტად და თანმიმდევრულად აუწყვეს ფეხი მსახიობებმა. რა თქმა უნდა, ამის რესურსი მათ ჰქონდათ და მიხარია რომ ეს რესურსი გამოჩნდა და მათ შეძლეს.
თქვენ გაქვთ ნათქვამი, რომ ამდენი სახელმწიფო თეატრის საჭიროებას ვერ ხედავთ, ახლა როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი რას ფიქრობ?
ფოთში ჩასვლის შემდეგ, ერთი რამ ვისწავლე, არსებობს მოცემულობები, რომლის გამოყენებითაც თუ ამის უნარი და სურვილი გაქვს, შეიძლება ყველაფერი გახადო მნიშვნელოვანი და საჭირო.
გაქვთ ნათქვამი, რომ „ადამიანები ხელფასებს იღებენ, თუმცა მაყურებელი არ დადის სპექტაკლებზე“ - ანუ ადამიანები ხელფას ტყუილად აღარ იღებენ?
ჩემს თეატრში არა, თითოეული მათგანი ასრულებს თავის საქმეს.
ახლა თქვენ მუშაობთ ახალ სპექტაკლზე, როგორც რეჟისორი ფოთის თეატრის მიღმაც აგრძელებ დამოუკიდებელ მუშაობას, მითხარი რაზე მუშაობთ...
ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეჟისორისთვის. მიხარია, რომ ასეთ მოცემულობაში ვარ, რომ ფოთის გარეთაც მიწევს მუშაობა, თბილისში და სხვა რეგიონებში. დღეს ვარ თავისუფალ თეატრში, ვმუშაობ ედუარდ ოლბის პიესაზე, „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის“ - დიდი ხანია მინდოდა ამ პიესის დადგმა. პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს, უბრალოდ ამ თვეში დანიშნული პრემიერა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება. თუმცა მე მგონია, რომ ეს სპექტაკლი აუცილებლად შედგება და ძალიან მინდა, რომ ისეთი გამოვიდეს როგორადაც ჩავიფიქრე. პირველად მიწევს გოგა ბარბაქაძესთან მუშაობა, რომელიც ძალიან საინტერესო და ნიჭიერი მსახიობია, ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძესთან მუშაობა, რომელიც ასევე უმაღლესი კლასის პროფესიონალია და მასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი ახალგაზრდა მსახიობები: ნინი ლომიძე და ზუკა პაპუაშვილი, რომლებიც თავიდან ბოლომდე ამ პროცესში არიან ჩართულები. იმედი მაქვს, რომ საინტერესო სპექტაკლი შედგება.
არის სხვა გეგმებიც, ფოთში დაბრუნება და მარი ბექაურის „ანას მომენტი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელის მქონე რომანია, ძალიან ბასრია და ხისტი. ამის მერე უკვე „ხვლიკის“ აღზევება დაიწყება და აუცილებლად „ხვლიკი“ წელს, თავის ახალ სპექტაკლს გააკეთებს. წინ დიდი გზა გვაქვს.
რა გეგმები აქვს ფოთის თეატრს და როგორი წელი იქნება 2024?
2024 წელი, ღმერთო, რა საინტერესო წელია. იმედია ყველაფერი მნიშვნელოვნად კარგად ჩაივლის. 30-31 მარტს, ირაკლი გურგენიძის „გაუმარჯოს ბუშოს“ ასეთი აბსურდული კომედია დაიდგმება ჩვენთან თეატრში, მერე უკვე იქნება ჩემი პრემიერა, შემდგომ ნიკა ლუარსაბიშვილის პრემიერა, რომელიც მიხეილ ბულგაკოვის „ძაღლის გულს“ აკეთებს. თან იქნება ჩემი იქ ყოფნის 1 წლის შეჯამება და პირველი სეზონის დახურვა მოხდება „ქარიშხლით“ ზღვაზე.
მადლობა ინტერვიუსთვის
მე ყოველთვის მომწონს თქვენთან ინტერვიუ, იმიტომ, რომ არის კითხვები, რომელზეც პასუხებს იმაზე მეტი დაფიქრება სჭირდება, ვიდრე ეს მოსალოდნელია. შესაბამისად, მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ. და 31 ივლისს კიდე „ქარიშხლით“ ფოთში შევხვდებით ზღვაზე და იმედი მაქვს, რომ კიდევ ახალ ეტაპზე ავა „ქარიშხალი“ იმიტომ, რომ ეს ის სპექტაკლია, რომელიც დღითიდღე ვითარდება და ეს მაბედნიერებს.