top of page

საახალწლო წარმოდგენები თბილისის და რეგიონების თეატრებში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

sashobaooo.jpeg
ჯადოქრობა თეატრში
უფ.jpeg

ანა მირიანაშვილი

საახალწლო წარმოდგენები თბილისის და რეგიონების თეატრებში

 

როგორც წესი, დედაქალაქისა და რეგიონების თეატრებში საბავშვო სპექტაკლები ახალი წლის დღეებში უფრო ინტენსიურად იმართება, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. ზოგიერთი თეატრი სასკოლო არდადეგებს ახალი პრემიერით ხვდება, ზოგი კი ძველ საბავშვო სპექტაკლს აახლებს და მაყურებელს ახალი წლის დღეებში სთავაზობს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იყო, 2023 წლის დასაწყისში თბილისისა და რეგიონების მაყურებელს საბავშვო სპექტაკლების ფართო არჩევანი ჰქონდათ. ვეცადე, შეძლებისდაგვარად მენახა ბავშვებისთვის განკუთვნილი ყველა წარმოდგენა თბილისში და ერთგვარი შეჯამება გამეკეთებინა.

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის წარმოდგენების დადგმა მხოლოდ თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების პრეროგატივა და მოვალეობაა, თუმცა, ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, ეს ფუნქცია შეითავსონ სხვა დრამატულმა „საუფროსო“ თეატრებმაც, მით უმეტეს, რომ ქართული თეატრის ისტორიას ახსოვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სწორედ საბავშვო სპექტაკლი გამხდარა ამა თუ იმ თეატრისთვის საეტაპო, ისტორიული მნიშვნელობის დადგმა (თუნდაც მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“). ხარისხიანი და საინტერესო საბავშვო წარმოდგენის დადგმა არც ისე იოლი და შემოქმედებითი გამოწვევებით სავსე პროცესია, რომელიც, წესით, თანამედროვე ხელოვანისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს. სამწუხაროდ, „საუფროსო“ დრამატული თეატრების უმეტესობა მხოლოდ სეზონურად, ზამთრის არდადეგების პერიოდში მართავს საბავშვო წარმოდგენებს - თეატრისთვის საახალწლო წარმოდგენა ნიშნავს სავსე დარბაზს, გაყიდულ ბილეთებს, დღეში რამდენიმე დილის და დღის სპექტაკლს, შემდეგ კი ეს წარმოდგენა ან რეპერტუარიდან იხსნება, ან მას მომავალ ახალ წლამდე „თაროზე შემოდებენ“ ხოლმე.

დეკემბერში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების მიხედვით დადგმული მიუზიკლის, „საშობაო სიმღერის“ პრემიერა შედგა (რეჟისორი და პროექტის ავტორი ლევან გვაზავა), ახალი წლის დღეებში მაყურებელს ასევე სთავაზობდნენ რეპერტუარში არსებულ სხვა სპექტაკლებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის შემდეგ მოზარდ მაყურებელთა თეატრში (ისევე, როგორც თბილისის სხვა თეატრებში) მაყურებლის რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად მატულობს სპექტაკლების რაოდენობაც - ტრადიციულად, მოზარდ მაყურებელთა თეატრი დღეში რამდენიმე წარმოდგენას მართავს და ორივე სცენა (მცირე და დიდი) მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.

საბედნიეროდ, ზამთრის არდადეგების დროს მშობლებსა და ბავშვებს სხვა თეატრებიც სთავაზობდნენ საბავშვო სპექტაკლებს. ჩემთვის, როგორც საბავშვო თეატრის მკვლევრისთვის, განსაკუთრებით საინტერესოა ამ წარმოდგენების მხატვრული ღირებულება, ასევე ისიც, თუ რა კრიტერიუმებით არჩევენ რეჟისორები შესაბამის ლიტერატურას საბავშვო რეპერტუარისთვის. თუ გადავხედავთ თეატრალურ აფიშას, დავინახავთ, რომ ძირითადად ჭარბობს ყველასთვის კარგად ნაცნობი კლასიკური ნაწარმოებები: „ვარსკვლავბიჭუნა“ ოსკარ უაილდის მიხედვით (რეჟისორი ლუკა ინწკირველი, ილიაუნის თეატრი), „პატარა უფლისწული“ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი (სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი, დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, რუსთაველის თეატრი), „საშობაო სიმღერა“ ჩარლზ დიკენსის მიხედვით (პროექტის ავტორი ლევან გვაზავა, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი), „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ ფრენკ ბაუმის მიხედვით (რეჟ. სოსო ბაკურაძე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი; რეჟ. თორნიკე მარჯანიშვილი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი), ევგენი შვარცის „თოვლის დედოფალი“ (რეჟ. ლაშა გოგნიაშვილი, ახმეტელის თეატრი), მიუზიკლი „მუსიკის ჰანგები“ (რეჟისორი გურანდა იაშვილი, ახალი თეატრი), „მაკნატუნა“ ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის ნაწარმოების მიხედვით (რეჟ. ვახტანგ ნიკოლავა, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრი) „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით (რეჟ. ალექსანდრე ელოშვილი, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი) და სხვა. ჩამოთვლილთაგან ნაწილი ძველი წარმოდგენაა, ზოგიერთის პრემიერა კი ცოტა ხნის წინ, დეკემბერ-იანვარში შედგა.

საინტერესოა, რომ აქ ჩამოთვლილი თითქმის ყველა წარმოდგენა გასცენიურებული პროზაა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე საბავშვო დრამატურგიის დიდი ნაკლებობაა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, როგორც წესი, ამ ნაწარმოებთა ინსცენირებები რამდენიმე ათეული წლის წინ არის გაკეთებული რომელიმე კონკრეტული თეატრისათვის. ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე რეჟისორები ისევ ამ ძველი ინსცენირებებით ხელმძღვანელობენ. ამ მხრივ გამოირჩევა რუსთავის თეატრის საახალწლო სპექტაკლი „ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი“, რომელიც თომა ათანელიშვილმა თანამედროვე ქართველი მწერლის, ირაკლი ლომოურის მოთხრობის მიხედვით დადგა. ასევე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეპერტუარი, რომელიც ბოლო დროს გამოირჩევა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი მრავალფეროვანი საბავშვო/საყმაწვილო სპექტაკლებით: „რა გადაყლაპა თევზმა“ (რეჟისორი ავთო დიასამიძე, ასაკი 0-7), მუსიკალური ზღაპარი „კატოს ნატვრა“ (რეჟისორი ლაშა შეროზია), „ანა ფრანკის დღიური“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, 12+), “თევზი ხეზე“ ლინდა მალალი ჰანთის წიგნის მოტივებზე (რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ქეთევან სამხარაძე, 8+) და სხვა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სენაკის თეატრის „მაკნატუნა“ (ასაკი 5+). ჰოფმანის საშობაო მოთხრობის ინსცენირება დამდგმელ რეჟისორს, ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის. შთამბეჭდავია შესანიშნავი მხატვრის, ალექსანდრე სლოვინსკის სცენოგრაფია, სოფი ჩალაშვილის კოსტიუმები; ამ მუსიკალური წარმოდგენისთვის, პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტის მოტივებზე, კომპოზიტორმა კოტე მალანიამ სპეციალურად დაწერა მუსიკა და სიმღერები, სპექტაკლზე ქორეოგრაფმა დავით მეტრეველმა იმუშავა. მნიშვნელოვანია, რომ სენაკის თეატრი საბავშვო წარმოდგენას ისეთივე პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მიუდგა, როგორც საუფროსო სპექტაკლების მზადების შემთხვევაში ხდება და შედეგიც შესაბამისია - მაღალი ხარისხის მხატვრული ნაწარმოები, რომელიც თანაბრად საინტერესოა როგორც ბავშვისთვის, ისე უფროსი ასაკის მაყურებლისთვის.

თეატრის ხელმძღვანელებმა კარგად იციან, რომ აფიშაზე დაბეჭდილი ცნობილი ავტორის გვარი და ნაცნობი სათაური ავტომატურად ნიშნავს სავსე დარბაზებს, გარანტირებულ ანშლაგებს და კმაყოფილ მშობლებს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დასადგმელი მასალის შერჩევისას, რეჟისორები ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებენ თავიანთი სამიზნე აუდიტორიის, კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების ინტერესებსა და პრიორიტეტებს. შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში, თეატრისთვის სამიზნე ჯგუფი არა ბავშვი, არამედ მისი მშობელია - ის ზრდასრული ადამიანი, ვინც არჩევს კონკრეტულ წარმოდგენას და ყიდულობს ბილეთს. ბილეთის ფასი კი დედაქალაქის თეატრებში 15-დან 30-40 ლარამდე მერყეობს. დღესდღეობით ჩვენი საბავშვო თეატრალური რეპერტუარი უფრო მეტად მორგებულია მშობლების, პედაგოგების და ე.წ. „ბაზრის“ ინტერესებზე, ვიდრე ბავშვების, მოზარდებისა და თინეიჯერების მიზნობრივ ჯგუფებზე. ამის კლასიკური მაგალითია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“, რომელიც ხშირად იდგმება ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა თეატრში.

ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ ყველა დროის ბესტსელერია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი ნაწარმოები, რომელიც 250-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. როგორც ვიცით, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, მწერალი სამხედრო მფრინავად მსახურობდა და ამიტომაც მიიჩნევენ, რომ „პატარა უფლისწულში“ ალეგორიული სახით არის გადმოცემული ნახევრად ავტობიოგრაფიული ამბები, რომელიც ავტორს თავს გადახდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სულაც არ არის საბავშვო ნაწარმოები, პირიქით - უფროსებისთვის განკუთვნილი ფილოსოფიური ზღაპარია, შესაბამისი სირთულის ტექსტებით. საინტერესოა, რომ ამ ავტორის არც სხვა მხატვრული ნაწარმოებები ან პუბლიცისტური ნაშრომებია განკუთვნილი ბავშვებისათვის. როგორც ჩანს, სიტყვები: „პატარა“ და „უფლისწული“ მაინც ბავშვებთან ასოცირდება და მძიმე, ფილოსოფიური ტექსტის მიუხედავად, ქართველი (და არა მხოლოდ ქართველი) რეჟისორები ამ პროზაულ ნაწარმოებს ხშირად დგამენ, ხოლო მშობლებს დიდი ენთუზიაზმით დაჰყავთ წარმოდგენაზე ნებისმიერი ასაკის ბავშვები. წელს რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდი დარბაზიც სავსე იყო ყველა ასაკის ბავშვით, ზოგიერთ მშობელს რატომღაც ორ წლამდე პატარებიც კი მიჰყავდა წარმოდგენაზე, რომელიც მათი ასაკისთვის ნამდვილად შეუსაბამო იყო.

ვფიქრობ, ნიკოლოზ საბაშვილის „პატარა უფლისწულის“ (დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა) შემთხვევაშიც მოხდა ის, რაც ხშირად ხდება ამ ნაწარმოების გასცენურების დროს - სპექტაკლი დაიდგა მოზარდი მაყურებლისთვის, თუმცა სრულებით არ გამოვიდა საბავშვო. ამ პრობლემას ბევრი რეჟისორი აწყდება, რადგან იშვიათია, რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა მოახერხოს ეგზიუპერისეული მეტაფორებისა და სიმბოლოების, რთული ტექსტების ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოტანა. ამასთან დაკავშირებით, მახსენდება „პატარა უფლისწულის“ ძალიან საინტერესო სცენური ვერსია - კონსტანტინ ხაბენსკის მონოსპექტაკლი „ნუ მიატოვებ შენს პლანეტას“ („პატარა უფლისწულის“ მოტივებზე. რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი ვიქტორ კრამერი, https://youtu.be/wGIlEV28w8E ), რომელსაც მსახიობი იური ბაშმეტის კამერულ ორკესტრთან ერთად ასრულებს. სპექტაკლზე არ დაიშვებიან 12 წლამდე ბავშვები და ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან „პატარა უფლისწული“ უდავოდ უფროსებისთვის განკუთვნილი ნაწარმოებია.

14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, ქართული საბავშვო თეატრისთვის ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - მოძრაობის თეატრში საგასტროლო სპექტაკლი გამართა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა და ამ ორ თეატრს შორის მემორანდუმიც გაფორმდა. იმედია, ამ მემორანდუმის ფარგლებში ბევრი საინტერესო შემოქმედებითი პროექტი განხორციელდება.

იოსებ ბაკურაძემ „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ ფრენკ ბაუმის ნაწარმოების მიხედვით დადგა. რეჟისორმა ძალიან ზუსტად შეარჩია ლიტერატურული პირველწყარო - „ოზის ჯადოქარი“ პოპულარული საბავშვო წიგნია, რომლის მიხედვითაც გადაღებულია არაერთი მხატვრული თუ ანიმაციური ფილმი, ხშირად დგამენ როგორც პროფესიული, ისე სამოყვარულო დასები. საინტერესო დამთხვევაა, რომ ბათუმის პარალელურად, „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრშიც დაიდგა (რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი) პრემიერა ახალი წლის დღეებში გაიმართა. იმავე ნაწარმოების მიხედვით დადგმული თოჯინური სპექტაკლი (რეჟისორი დენ ხლიბოვი) პანდემიამდე თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარშიც იყო.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მხატვარ გიორგი გოგიტიძის სცენოგრაფია და კოსტიუმები, ასევე სანდრო ნიკოლაძის ორიგინალური მუსიკა, რომელიც სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაიწერა. სანდრო ნიკოლაძე იოსებ ბაკურაძის ყველა დადგმის თითქმის უცვლელი კომპოზიტორია და, ამ შემთხვევაშიც, მისი მუსიკა ძალიან მოუხდა საბავშვო წარმოდგენას, გარკვეულწილად განსაზღვრა მისი ტემპო-რიტმი და ხასიათი. რეჟისორის გადაწყვეტის თანახმად, თითოეულ პერსონაჟს ხან თოჯინა ასახიერებს, ხან კი ზუსტად ისეთსავე კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობი. ეს მხატვრული ხერხი ბავშვებს სიუჟეტის აღქმასაც უმარტივებს და დადგმას მეტ მრავალფეროვნებას სძენს, თანაც ერთგვარი გამოწვევაა მსახიობებისთვისაც, რომლებიც საკმაოდ სწრაფ ტემპში რთულ ტექნიკურ თუ შემოქმედებით ამოცანებს უმკლავდებიან. რეჟისორი თამამად და საინტერესოდ „თამაშობს“ განათებით, მაქსიმალურად იყენებს სხვადასხვა სცენურ ეფექტს, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა თოჯინური სპექტაკლის მოკრძალებული სივრცე. ისევე, როგორც იოსებ ბაკურაძის სხვა სპექტაკლებში, „ზურმუხტქალაქის ჯადოქარში“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოძრაობა, პლასტიკა, ქორეოგრაფია. 2021 წელს, მეორე ციფრული ფესტივალის „მუზ არტის“ ფარგლებში, იოსებ ბაკურაძემ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე დადგა „კალის ჯარისკაცი“ ჰანს კრისტიან ანდერსენის მიხედვით. საინტერესოა, რომ რეჟისორმა ზღაპარი არავერბალურ, ქორეოგრაფიულ ხერხში გადაწყვიტა, რაც უდავოდ თამამი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან, რადგან თანამედროვე ქართველი მაყურებელი საბავშვო თეატრში ასეთ თამამ ექსპერიმენტებს არ არის მიჩვეული. იმედია, ამ სფეროში მისი შემოქმედებითი ძიებები კიდევ გაგრძელდება.

წლევანდელი საახალწლო სპექტაკლების ამ მცირე შეჯამებიდანაც კარგად ჩანს, რომ ჩვენს საბავშვო თეატრს ძალიან სჭირდება თანამედროვე პიესები - ქართული ან უცხო ენიდან თარგმნილი დრამატურგია, ანდა პროზაული ნაწარმოებების ინსცენირებები. ვისურვებდი, რომ სამომავლოდ პროფესიული დრამატული თეატრების რეპერტუარი კიდევ უფრო გამდიდრდეს და შეივსოს საინტერესო საბავშვო რეპერტუარით, ასევე მიზნობრივად თინეიჯერებისთვის შექმნილი თანამედროვე წარმოდგენებით, რომლებსაც თეატრი არა მხოლოდ ახალი წლის დღეებში, არამედ მთელი წლის განმავლობაში შესთავაზებს თავის მაყურებელს.

ფოტო - თეატრების ოფიციალური გვერდებიდან

bottom of page