top of page

რუსთავის თეატრის „კუკარაჩა“ ნანახი გაქვთ?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

275469995_1420195321731943_5780803242867690326_n-324x400.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

რუსთავის თეატრის „კუკარაჩა“ ნანახი გაქვთ?

ნოდარ დუმბაძე იმ ქართველ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ხელოვნებაში „ქართული საბჭოთა ავანგარდი“ შექმნა. ეს ორი ცნება: საბჭოთა და ავანგარდი ერთმანეთთან სემანტიკური თვალსაზრისით, შეუთავსებელია, მაგრამ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ქართველმა ხელოვანებმა მოახერხეს სოცრეალიზმიდან გადახვევა და ავანგარდული ხელოვნების შექმნა.

ქართული საბჭოთა ავანგარდული ხელოვნება განსხვავდება კლასიკური ავანგარდისგან, საბჭოთა ხელოვნებაში (ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში), სადაც ჯერ კიდევ ოფიციალური იდეოლოგიური ცენზურა მძვინვარებდა, გაჩნდა სრულიად ახალი გმირები - არა წარმატებული მშრომელები, პიონერები, კოლმეურნეები თუ პარტიული მუშაკები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები, თავისი ღირსებებითა და ნაკლებით, ძლიერი და სუსტი მხარეებით.

 

სოცრეალიზმის მეთოდოლოგიისა და იდეოლოგიის კურსიდან გადახვევაში ერთ-ერთი პირველი ნოდარ დუმბაძე იყო (გურამ რჩეულიშვილთან, ერლომ ახვლედიანთან, რეზო ჭეიშვილთან, ოტია იოსელიანთან და სხვებთან ერთად), რომლის ახალი ტიპის გმირები გახდნენ პოპულარულები და ისინი მკითხველმა, შემდეგ კი მაყურებელმა (თეატრისა და კინოს) შეიყვარა. ნოდარ დუმბაძემ სწორედ ცენზურის პირობებში თვისობრივად ახალი ტიპის გმირები შექმნა, მათ შორის „ოროსანი“ ზურიკელა, ქურდი ლიმონა, არასტანდარტული მილიციელი კუკარაჩა... ნოდარ დუმბაძის გმირები ილტვიან და იბრძვიან შინაგანი თავისუფლებისთვის, რაც არ გახლდათ საბჭოთა ხელისუფლების არც გაცხადებული და არც გაუცხადებელი პრიორიტეტი პარტიულ იდეოლოგიაში.

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ინტენსიურად იდგმება ქართული თეატრის სცენაზე, რადგან მისი ნაწარმოებები უყვარს მაყურებელს. არ მახსენდება ყველაზე წარუმატებელი, უსუსური დადგმაც კი, მაყურებელში სევდასა და გულწრფელ სიცილს რომ არ იწვევდეს. მაყურებელს დღემდე აღელვებს ნოდარ დუმბაძის მწერლური სამყარო, მისი გმირების ბედი, რაც ლოგიკურია, რადგან მწერალი ადამიანის სამყაროს ხატავს ისეთს, როგორიც ის არის, იცვლება დრო და ეპოქა, მაგრამ არ იცვლება ადამიანი. ამიტომაც არის მისი ნაწარმოებები აქტუალური.

თუმცა ნოდარ დუმბაძის პროზაული თხზულებების სცენურმა ინტერპრეტაციამ გარკვეული ტრადიცია, შემდეგ კი კლიშეები შექმნა ქართულ თეატრში, რომელიც ინერციით დღემდე გრძელდება და ახალ ეპოქაში, ათწლეულების შემდეგ, როცა სხვა გამოწვევები და პრიორიტეტები აქვს კაცობრიობას, მწერლის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციის საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული სქემა უცვლელი დარჩა. ამიტომაც ბოლო ათწლეულები სცენებზე ვხედავთ შტამპებს. ქართველი რეჟისორების უმრავლესობა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს თანამედროვე ეპოქის და მისი გამოწვევების კონტექსტში ვერ იაზრებს, არადა მწერლის თხზულებები ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. ქართულმა თეატრმა გარკვეულ წილად ავნო ნოდარ დუმბაძის მწერლობას, ისე როგორც თავის დროზე დავით კლდიაშვილს, როცა მისი დრამატურგიის ვოდევილიზაცია მოხდა.

რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, უცხოელი რეჟისორები უფრო თანამედროვე კონტექსტით დგამენ ნოდარ დუმბაძეს, ვიდრე ქართველები. ამის მაგალითად, შემიძლია დავასახელო ირადა გოზალოვას სპექტაკლი „ჰელადოს“ განხორციელებული თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში. უსამართლობა იქნება არ აღვნიშნოთ გიორგი სიხარულიძის შტამპებისგან გათავისუფლებული „კუკარაჩა“, რომელიც რეჟისორმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა. სულ ახლახან იხილა მაყურებელმა ელენე მაცხონაშვილის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში განსხვავებული ფორმით დადგმული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

ნოდარ დუმბაძის პროზაული ქმნილებების ორიგინალურ, განსხვავებულ და საინტერესო სცენურ ინტერპრეტაციებს შორისაა, სოსო ნემსაძის მიერ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში დადგმული მუსიკალური სპექტაკლი „კუკარაჩა“. როგორც პრესა იუწყებოდა, სოსო ნემსაძეს „კუკარაჩა“ მიუზიკლად ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა აფიშაზე მსგავსი მინიშნება არ არის. ვფიქრობ, სამართლიანადაც. სოსო ნემსაძის „კუკარაჩა“ არც მუსიკალური სპექტაკლია, მიუხედავად სპექტაკლში ჩართული და ამ დადგმისთვის კომპოზიტორ მამუკა მეგრელიშვილის მიერ, სპეციალურად დაწერილი სოლო სიმღერებისა, დუეტებისა თუ გუნდებისა.

სოსო ნემსაძის „კუკარაჩა“ ნამდვილად არის მცდელობა ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ახლებურად და თანამედროვედ გადააზრების, კლიშეებისგან და შტამპებისგან თავის დაღწევის. თუმცა, რეჟისორი მაინც თავს იზღვევს და საბჭოთა მილიციელის სიყვარულის ამბავს, როგორც ათწლეულების წინ მომხდარ სევდიან ისტორიად წარმოგვიდგენს და არა როგორც დღევანდელობას. ახლებური გააზრება არა მხოლოდ პირობით სცენოგრაფიაში (მხატვარი ბარბარა ასლამაზი), არამედ სიუჟეტის გააზრებაში ვლინდება, პირველ ყოვლისა. სოსო ნემსაძის ვერსიაში მკვლელი, ავაზაკი და ნარკომანი მურტალო (იოსებ ელიზბარაშვილი) რომანტიზებული პერსონაჟი კი არ არის, არამედ ის აგრესიასაც იწვევს. დიახ, მას ეფექტური გარეგნობა აქვს, ვარდისფერი კოსტიუმი აცვია, მაგრამ მის ბნელ მხარეებს (თვისებებს) ფერადი კოსტიუმი ვერ ფარავს. ამავდროულად, მურტალო არც ადამიანური ღირსებებით გამოირჩევა. ის ეგოისტია და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. სოსო ელიზბარაშვილის მიერ შექმნილი მურტალო სოსო ნემსაძის სპექტაკლში არ გახდა პოეტური და რომანტიზებული მხატვრული სახე.

რეჟისორთან ერთად, ტექსტის სცენურ ვერსიაზე ამ საქმის პროფესიონალმა და ოსტატმა თამაზ გოდერძიშვილმა იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ორ მოქმედებად არის დადგმული, ლიტერატურულ პირველწყაროში შეკვეცილია გარკვეული მონოლოგები და დიალოგები, იქ სადაც მწერლის ფილოსოფიაა (რასაც სცენა ტექსტის სახით ვერ იტანს). სამაგიეროდ ბევრი მოვლენა თუ ეპიზოდი ქმედებაშია გადატანილი და ეტიუდის პრინციპზეა აწყობილი რეჟისორის და გათამაშებული მსახიობების მიერ. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად არ აღიქმება კუკარაჩასა და ინგას სიყვარულის ჩასახვის ისტორია. მსახიობები (გვანცა კანდელაკი და ნიკა ჩხაიძე) ამაზე თითქმის შეუმჩნეველი დეტალებით (როცა კუკარაჩა დაკითხვაზე ინგას მკლავზე ძლიერად მოუჭერს ხელს და ისინი უხერხულად მიაშტერდებიან ერთმანეთს) მიგვანიშნებენ. მაყურებელი მხოლოდ შედეგს ხედავს, ამიტომაც ძნელია გააზრება როგორი ურთიერთობა და რა სიმძლავრის სიყვარულს ჩაეყარა მათ შორის საფუძველი. გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს სპექტაკლის სიუჟეტური ფორმა, რომელიც დუბლირებულია. ერთი მხრივ, ამბავს მოხუცი მურტალო ჰყვება, ხოლო მეორე მხრივ, მთელი სპექტაკლი სასამართლო პროცესია, რადგან საბჭოთა მოსამართლე (ბაჩო ქაჯაია) წითელი ხელთათმანებით შემოდის პარტერში და ადის სცენაზე და პროცესის დასრულების შემდეგ ისევ სცენიდან პარტერს უბრუნდება. ვფიქრობ, მოსამართლის პარტერში გამოჩენა (დასაწყისშიც და ფინალშიც) არაფერს აძლევს სპექტაკლს, რადგან ბაჩო ქაჯაიას ავლა-ჩავლას პარტერში არ აქვს ამოცანა (ან ის არ მუშაობს ეფექტურად), არც ინტერაქტივს მიმართავს, ამიტომაც არ ჩანს რა არის პერსონაჟის მიზანი. მსგავსი სცენა სერგო ზაქარიაძესაც ჰქონდა მიხეილ თუმანიშვილის რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლში პავლე კოჰოუტის „როცა ასეთი სიყვარულია“, როცა მოსამართლის მანტიამოსხმული სერგო ზაქარიაძე ნელი ნაბიჯებით და დაჟინებული მზერით ჯერ აკვირდებოდა, ხოლო შემდეგ მისი გამოჩენა აჩუმებდა და აქვავებდა მაყურებელს. სამაგიეროდ, გასაგები და იოლი ამოსაცნობი იყო ბაჩო ქაჯაიას მოსამართლის წითელი ხელთათმანები, როგორც საბჭოთა სასამართლოს სიმბოლო, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

რეჟისორი სოსო ნემსაძე და სცენოგრაფი ბარბარა ასლამაზი მიმართავენ სათეატრო პირობითობის უკიდურეს ფორმას, სადაც ყველაფერი წარმოსახვითია და პირობითი. მწვანე და ხის ფერში გადაწყვეტილი ტუმბოები მულტილფუნქციური ხდება და ფაქტობრივად ყველაფერია, რაც „კუკარაჩას“ გათამაშების დროს საჭიროა სცენაზე. სხვათა შორის, ამ ერთფეროვნებას სათლებში მოთავსებული წითელი ვარდების თაიგულები არღვევენ, რომელიც რამდენჯერმე შემოაქვთ სცენაზე მსახიობებს და რუსთავის თეატრის დიდი სცენის ავანსცენას ფარავს. ვიზუალური თვალსაზრისით, ეს ეპიზოდი ორიგინალურად გადაწყვეტილია და შესაბამისად, ძალზედ ეფექტურია.

სპექტაკლში ოცდაათამდე მსახიობი მონაწილეობს. მათგან, შესრულების თვალსაზრისით სამეულის (ინგა, კუკარაჩა, მურტალო) გარდა, თამაზის როლის შემსრულებელი ლაშაო გაბუნია, ანიკოს როლის შემსრულებელი ანა შარვაძე და ალი - გიორგი ბუაძე გამოირჩევიან. ეს უკანასკნელი ეპიზოდურ როლს ასრულებს, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მხატვრულ სახეს ქმნის სპექტაკლში. მსახიობი გიორგი ბუაძე იუმორის გრძნობასთან ერთად, ავლენს სახასიათო პერსონაჟისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ის ქმნის საზამთროს გამყიდველის აზერბაიჯანელის მხატვრულ სახეს. მსახიობი იცავს ზომიერებას, მეტყველებისას აქვს ზუსტი ინტონაციები და სწორი შეფასებები. კარიკატურულ და ტრივიალურ ტიპაჟს ქმნის მკითხავის როლის შემსრულებელი თეონა ხვედელიძე. საინტერესო სახეს ქმნის ზვიად დოლიძე (დავითი), რაც მსახიობის სცენურ გულწრფელობაში, ზუსტ და ზომიერ შეფასებებში, რეალისტური თამაშის ხერხსა და ლაღ იუმორში გამოიხატება. მოკლე ეპიზოდში მსახიობი ახერხებს პერსონაჟის ხასიათის გამოკვეთას. ინგას როლისთვის ზუსტად შერჩეული ტიპაჟია გვანცა კანდელაკი, რომლის სცენური მომხიბვლელობა, ვიზუალი, ქალური იდუმალება ხელს უწყობს მსახიობს გმირის ხასიათის ძირითადი კონტურების გამოკვეთაში. მსახიობი განსაკუთრებით საინტერესოა საფინალო სცენაში, სადაც მისი განცდები დამაჯერებელია და მართალი, მაგრამ ინგას როლის შემსრულებლისთვის სპექტაკლში ხელისშემშლელი ფაქტორებიც არის, რადგან მას უწევს „შედეგის თამაში“ და არა პროცესის ჩვენება. სიუჟეტურად ამბები ისე ენაცვლება სპექტაკლში ერთმანეთს, რომ მსახიობებს ნაგულისხმევი მოვლენების შედეგის გათამაშება უწევთ, რის გამოც, ზოგ შემთხვევაში, ირღვევა გმირის ხასიათის განვითარების დამოუკიდებელი დრამატურგიული ხაზი.

 

მსახიობთაგან, ჩემი აზრით, ყველაზე სრულყოფილი ნამუშევარი კუკარაჩას როლის შემსრულებელმა ნიკა ჩხაიძემ შექმნა. მსახიობის მიერ გამართული და სცენური სიმართლით წარმოთქმული თითოეული ფრაზა აღწევს მაყურებლამდე. ის ზედმეტი გამომსახველობითი ხერხების გარეშე ქმნის იდეალური პოლიციელის, ღირსეული ადამიანის მხატვრულ სახეს, რომელსაც საკუთარი ადამიანური სისუსტეებიც აქვს. ნიკა ჩხაიძის კუკარაჩა განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია, რომელიც მხოლოდ სიყვარულს და ერთმანეთის პატივისცემას ნერგავს საზოგადოებაში, გარშემომყოფებში. მსახიობი ამ გმირს სცენური სიმართლით, ყოველგვარი „არტისტული მეტიჩრობის“ გარეშე ხატავს.

სოსო ნემსაძის „კუკარაჩა“ დრამატული და კომიკური ეპიზოდების გარდა, გაჯერებულია ვოკალური ნომრებით (აქა-იქ ქორეოგრაფ გია მარღანიას ნამუშევარსაც ვაწყდებით). მამუკა მეგრელიშვილის მიერ, ედუარდ უგულავას ტექსტზე დაწერილი სიმღერებს თითქმის ყველა პერსონაჟი ცოცხლად მღერის. რა თქმა უნდა, ცოცხალი შესრულება დასაფასებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, მსახიობთა (ყველა თაობის) უმრავლესობა სიმღერებს ვერ ასრულებს, რადგან მათ სიმღერას მაყურებელი ვერ გრძნობს, პარტერამდე ვერ აღწევს. ამიტომაც, რამდენიმე მუსიკალური ნომერი რეჩიტატივით სრულდება (ვფიქრობ, რეჟისორმა მიზანმიმართულად გადაწყვიტა რამდენიმე სცენა ამ ხარვეზის გადასაფარად). სწორედ აქ იკვეთება თანამედროვე ქართულ თეატრში არსებული უნივერსალური მსახიობის დეფიციტის პრობლემა, როცა დრამატული თეატრის მსახიობი შესაფერისად ვერ მღერის, ან მას არ შეუძლია ცეკვა. ვფიქრობ, პრობლემა უმაღლეს სახელოვნებო განათლებაშიცაა. ალბათ, ბევრი ამას „ბოლონიის პროცესის“ „მახინჯი“ მხარეებით ახსნის, მაგრამ დასავლეთში, სადაც ბოლონიის პროცესის შესაბამისად მიმდინარეობს სწავლება, მრავლად გვხვდებიან უნივერსალური მსახიობები, ოპერის მომღერლები, რომლებიც თავდაყირა ასრულებენ არიებს, დრამატული თეატრის მსახიობები ბალეტის მსახიობების ხარისხში ასრულებენ საცეკვაო ნომრებს...

სოსო ნემსაძის „კუკარაჩა“ ერთ-ერთი რეიტინგული სპექტაკლია რუსთავის თეატრის მოქმედ რეპერტუარში, რომლის მიმართ ინტერესს თინეიჯერი მოსწავლეების გარდა, უფროსებიც იჩენენ. ამ ინტერესს კი ნოდარ დუმბაძის მწერლური სამყაროს გარდა, სოსო ნემსაძის ახლებური და თანამედროვე გააზრება და მსახიობთა შემადგენლობა იწვევს. ჰოდა, ვისაც რუსთავის თეატრის „კუკარაჩა“ არ გინახავთ, გირჩევთ თავად გადაამოწმოთ ჩემი მონათხრობი.

 

და ბოლოს, თანამედროვე ქართულ თეატრში ერთ აქტუალურ პრობლემაზეც მინდოდა მეთქვა, რასაც რუსთავშიც „კუკარაჩას“ წარმოდგენაზეც წავაწყდი. სპექტაკლი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. თეატრი მაყურებელს ელოდა. ერთი შეხედვით ჰუმანური აქტია, მაგრამ მაყურებლის ერთი ჯგუფის უპასუხისმგებლობის გამო, მეორე ჯგუფმა ფუჭად კარგოს დრო, ვფიქრობ, უსამართლობაა. ამასთან დაკავშირებით, მახსენდება ერთი ისტორია, როცა, 1932 წელს, რუსთაველის თეატრი სანდრო ახმეტელის ხელმძღვანელობით საგასტროლოდ ბათუმში ჩავიდა. სპექტაკლის წარმოდგენის დანიშნულ დროს დარბაზი ცარიელი იყო. სანდრო ახმეტელს უკითხავს მიზეზი. ბათუმელებმა მშვიდად უპასუხეს აღელვებულ რეჟისორს, რომ არ ენერვიულა, მაყურებელი აუცილებლად მოვიდოდა მას შემდეგ, როცა სახლის საქმეებს მოილევდა...

ჩვენს ეპოქაში, მაყურებელს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ დააგვიანებს, მის გარეშე დაიწყება სპექტაკლი. ამით მათ პასუხისმგებლობის გრძნობასაც განუვითარებთ, წესრიგსაც მივაჩვევთ და დროის მენეჯმენტსაც სწორად და ეფექტურად დავგეგმავთ.

bottom of page