top of page

RUSSIA - FUCK YOU!!!

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

3.jpg

თამარ ცაგარელი

RUSSIA - FUCK YOU!!!

 

1993 წლის 27 სექტემბერი...სოხუმის დაცემის დღე... დღეს, 2022 წლის 27 სექტემბერს, ლარსის საზღვართან რუსების რიგია, საქართველოში შემოსვლას ლამობენ, არ სურთ ომი, სიცოცხლე სწყურიათ... მათ პროტესტს კი, არავინ არ გაიგებს, მათ ოკუპანტი ხელისუფალი ყავთ. ახალგაზრდა რუსები პუტინის ომს გაურბიან, და, იმ საქართველოში ლამობენ შემოსვლას, რომლის ტერიტორიის ოცი პროცენტი ისევ მათი და მათი ხელისუფლების მიერ არის ოკუპირებული.... RUSSIA - FUCK YOU!

გუშინ, 26 სექტემბერს,  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა უკრაინის თეატრალური კომპანიის „დახ დოთერზისა“ და ნორმანდიის ნაციონალური თეატრის კოპროდუქციით - „სიკვდილის როკვა“ - გაიხსნა და, კიდევ ერთხელ, გულწრფელად და თამამად, ხმამაღლა მსურდა მეყვირა - RUSSIA - FUCK YOU!!!

როგორც ცნობილია, თეატრალური პროექტი – დახ („Dakh“ -  უკრაინულად სახურავი) – კიევის ამავე სახელწოდების თეატრის ბაზაზე 1994 წელს შეიქმნა (იმ თეატრალური კომპანიის წიაღში რომელიც 10 წლით ადრე ვლადისლავ ტროიცკიმ ჩამოაყალიბა)  და წლიდან წლამდე, უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ, მის ფარგლებს გარეთაც. „დახ დოთერზი“  შვიდი ქალბატონისაგან შედგება. ისინი სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტითა და სხვადასხვა ენაზე ასრულებენ სიმღერებს.  მათი შემოქმედება  პანკ კაბარეს მემკვიდრეობის ნაწილია, თუმცა, აგრეთვე ითავსებენ რეპსა და ფოლკლორული, ტრადიციული უკრაინული მუსიკის ელემენტებს. 

2016 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის (Tbilisi International Festival of Theatre) ფარგლებში თეატრალებს საშუალება გვქონდა გაგვეცნო მსოფლიოში აღიარებული და პოპულარული გოგონათა მუსიკალური ბენდი რეჟისორ, დრამატურგ, მსახიობ და პროდიუსერ ვლად ტროიცკის ხელმძღვანელობით, რომელსაც კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრმა“ უმასპინძლა, სადაც, მათ წარმოადგინეს ფრიკ-კაბარეს სტილში გადაწყვეტილი მუსიკალური პერფორმანსი „ვარდები“ (აღსანიშნავია, რომ პროექტი საკმაოდ პოპულარულია ინტერნეტ სივრცეში).

დღეს კი, როდესაც უკრაინელი არტისტები ვლად ტროიცკი, ტატიანა ტროიცკა და დახ დოთერზ საფრანგეთში 2022 წლის მარტის თვეში, რუსეთ-უკრაინის  ომს გაექცნენ, იძულებით გადაადგილებული თეატრალური დასი მეგობრებმა ლე პრიუ - ნორმანდიის ნაციონალური დრამატურგიის ცენტრში  შეიფარეს, ისინი გვიამბობენ, გვახსენებენ იმ ემოციას, რაც ომის მსახვრალი ხელის შედეგად გამოვცადეთ წლების წინ ჩვენ და, დღეს, უკრაინელებმა.

2022 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი სწორედ რომ, მათი წარმოდგენით - „სიკვდილის როკვა“ (რეჟისორი: ვლად ტროიცკი, მუსიკალური კომპოზიცია: დახ დოთერზ, მონაწილეობენ: ტატიანა ტოირცკა; ნატაშა ჩარპე, ნატალია ჰალანევიჩ, რუსლანა ჰაზიპოვა, სოლომია მელნიკი და ანა ნიკიტინა)- ხსნის წლევანდელ ფესტივალს, რომელიც რეჟისორ თემურ ჩხეიძეს ეძღვნება.

ყველას კარგად გვახსოვს 2022 წლის დასაწყისში სამყარო, ჯერ კიდევ, კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ „ომში“ იყო ჩართული, თუმცა, აშკარა იყო ისიც, რომ ბიოლოგიური ომი - ახალი ტიპის კორონავირუსი - დასასრულს უახლოვდებოდა და, საზოგადოებას მასზე გამარჯვება უნდა ეზეიმა, როცა, 24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის“ გამოაცხადა. რამდენიმე წუთში საჰაერო და სარაკეტო იერიშები  დაიწყო უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც. ამას მოჰყვა სახმელეთო შეჭრა რამდენიმე მიმართულებით. კარგად გვახსოვს, რომ, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული იყო  საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოეცხადებინა. მას შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად, კოვიდ სტატისტიკა შეცვალა ყველაზე სასტიკმა, ომის სტატისტიკამ:  ბუჩაში 458 სასტიკად ნაწამები და მოკლული ცხედარი ნახეს, მათ შორის 9 ბავშვის. იზიუმში ათასზე მეტი სისასტიკით მოკლული ადამიანის ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდა.... მარიუპოლის ტრაგედია, თეატრი დაბომბეს...მარიუპოლის თეატრი - ყველაზე დიდი თავშესაფარი, სადაც ათასხუთასი მშვიდობიანი მოსახლე - ბავშვები და მათი მშობლები - აფარებდნენ ხოლმე თავს, არადა, თეატრს ორივე მხარეს ეწერა ДЕТИ / ბავშვები, სადაც ვარაუდობენ რომ მსხვერპლის რიცხვი კატასტროფულად ბევრი იქნება - 20.000 ადამიანი. რუსი ჯარისკაცები აუპატიურებდნენ და კლავდნენ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, ორსულ ქალებს, მოხუცებს და კაცებს....ეს, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ტრაგედიიისა, რაც რუსეთმა უკრაინას მიაყენა და, არა მხლოდ უკრაინას. ომი არ დასრულებულა, შესაბამისად არ დასრულებულა  სტატისტიკაც...

სწორედ, უკრაინელების დღევანდელი ტკივილი, ტრაგედია, რომელსაც მსოფლიო განიცდის გათამაშდა დახ დოთერზის ბენდის 90 წუთიანი, შესვენების გარეშე, სანახაობით - „სიკვდილის როკვა.“ ესაა კლასიკური როკვა საბალეტო კოსტიუმით, იგივე „პაჩკით“ გამოწყობილი დამპყრობელისა, მტრისა, რომლის სიმბოლო, სწორედაც რომ სპექტაკლიდან - „გედების ტბა“ -  მომაკვდავი გედის პარტია გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირება გადაწყვიტა. სიმბოლო რუსული ძალადობრივი კულტურისა. ესაა ხმაურიანი გამოძახილი, პროტესტი ომის მიმართ, ანტიმილიტარისტული გზავნილი, რომ წინ აღვუდგეთ არესის საშინელებას.

„ხელოვნება თითქოს დამოწმებისა და რეალობის აღიარების ინსტრუმენტად იქცა. როცა ყოველდღიურად ინფორმირებული ხარ რა ხდება უკრაინაში, როცა ყოველი დღე საშინელი ამბებით თენება და ღამდება, ვალდებულები ვართ მაყურებელს გულახდილად ვესაუბროთ. რის გამოც მაყურებელსა და მსახიობებს შორის საოცარად ემოციური, გულწრფელი კავშირი მყარდება. ჩვენი ვალია ახალი რეალობის ხელახლა გააზრება და ხელოვნების ენით მისი გადმოცემა. ამიტომ ვაერთიანებთ მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას და შთაგონებული ვართ მინიმალისტური მიმდინარეობით, განსაკუთრებით ფილიპ გლასის მუსიკით. თუმცა, ომმა შეცვლა ჩვენი სათქმელიც და გამოხატვის ფორმებიც, რომელიც უფრო მკვეთრი, აგრესიული და გულწრფელი გახდა“ - აღნიშნავს „დახ დოთერზის“  სამხატვრო ხელმძვანელი და რეჟისორი ვლად ტროიცკი. 

იწყება წარმოდგენა და, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის დარბაზში (სწორედ აქ უმასპინძლეს ამ საოცარ თეატრს ფესტივალის ორგანიზატორებმა), დასში მონაწილე გოგონებისგან ისეთი ენერგია და მუხტი მოდის, რომ მაყურებელშიც უზარმაზარი ენერგია კონცენტრირდება. პერფორმერების მიერ შექმნილი ენერგეტიკული ნაკადების, სანახაობის ვიზუალური-ვერბალური კოლაჟების შედეგად, წარმოდგენა ზემოქმედებს აღქმის სხვადასხვა ორგანოებზე და არ არის კონცენტრირებული რომელიმე მათგანზე.  ეს გოგონები მკვეთრი ინდივიდუალობით გამოირჩევიან და ძლიერი პიროვნებისათვის დამახასიათებელ შინაგან თავისუფლებას ასხივებენ. მიკრო ისტორიებად წამღერებული მონოლოგები, შინაარსობრივად დატვირთული სიმღერების ტექსტების თემატიკა უნივერსალურია: ძალადობა, ომი, სისასტიკე, იმედი, ამბოხი, გამბედაობა და უდიდესი შემართება… ის სიმღერები, რომელიც უკრაინის და უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთების სიმბოლოდ იქცა, წარმოდგენაში თემატურად იკვეთება პატარ-პატარა მელოდიებად და, გრძნობ, რომ ეს არაა თამაში, ეს რეალობაა.  უყურებ, უსმენ, თვალებში განათებს მათი თვალის მომჭრელი სანათი, გაელვებასვით ჩაგესმის განგაშის სიგნალის ხმა, ითრგუნები, თითქოსდა შენც, მაყურებელიც, ფეხდაფეხ მისდევ თავშესაფრისკენ მორბენალ ჩემოდნიან ქალბატონებს, სადღაც მიტოვებულ სათამაშოსაც ლანდავ, რომელიც, გულს გგლეჯს, რადგანაც, ხვდები რომ ამ სათამაშოს პატრონი, ბავშვი, არ დააგდებდა ცოცხალი რომ ყოფილიყო..., ჩაგესმის ხშირად აგრესიული, თუმცა, მუდმივად რიტმული მელოდიები, რომლებიც, თემატიკითა თუ ნაირფეროვანი ემოციით გაჟღენთილს ერთმანეთს ანაცვლებენ და, შენ, მაყურებელს შეუძლებელია ყურადღების მიღმა დაგრჩეს მათი პროფესიონალიზმი, როგორც სამსახიობო და ვოკალური ხელოვნების, ასევე სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების ოსტატურად ფლობის მიმართ. ფიზიკური და მუსიკალური გამომსახველობითი ფორმები, მკვეთრად სპეციფიური უკრაინული ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკალური რიტმების ნაზავი, ფრანგული თუ ინგლისური და უკრაინული სიმღერებისა თუ რეჩიტატივების ტექსტები ისეთ მაღალ რეგისტრშია წარმოდგენილი, რომ სუბტიტრები არ გჭირდება, გრძნობათა ბუნება, ემოცია ერთ ენაზე აღიქმება, აბსოლუტურად გასაგები ხდება.

 

 

ფოტო ცოტნე წერეთლის

bottom of page