top of page

როგორ იბადება სპექტაკლი „ძუნწი“ –
რეჟისორ გოჩა კაპანაძის რეპეტიციებზე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

281456027_4805037722959301_2268834886697152546_n.jpeg

მანანა თევზაძე

როგორ იბადება სპექტაკლი „ძუნწი“ –

რეჟისორ გოჩა კაპანაძის რეპეტიციებზე

 

გიორგი დავითის ძე ერისთავი - ქართველი მოლიერი

დაიბადა 1813ოძისშიდუშეთის მუნიციპალიტეტი. გარდაიცვალა 1864გორში; დაკრძალეს იკორთის ტაძარში, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა და არის ცნობა, რომ მის საფლავსაც და იქ დარჩენილ სხვა საფლავებსაც დიდი ხანია ანადგურებენ… ჩვენ გვყავს ქართველი მოლიერი და არ გვაქვს მისი საფლავი, ესეც იმ სევდიანი დრამატურგიიდანაა, რომლითაც დედამიწის სცენაზე ჩვენი ქვეყნის უცნაური, პარადოქსებით სავსე ისტორია დღემდე თამაშდება…

„გ. ერისთავის სამწერლო ენა თავიდანვე განსხვავდებოდა მის  თანამედროვე მწერალთა ენისაგან. ხალხურ მეტყველებასთან დაახლოების ამოცანა მწერალმა თავის ორიგინალურ და თარგმნილ კომედიებში გარკვეულად გადაჭრა. პლ. იოსელიანმა გ. ერისთავის ენა შეაფასა, როგორც ენა „ახლისა გვარისა მწერლობისათვის“, ხოლო ეს „ახალი გვარი“ იყო კომედია, რომლის ენა იყო გმირის სახის შექმნის საუკეთესო საშუალება, კომიზმის წყარო. გ. ერისთავის გმირები ლაპარაკობდნენ ისე, როგორც მეტყველებდნენ ცხოვრებაში მათი პროტოტიპები,  ერთნაირი შეუბრალებლობით დასცინოდნენ, როგორც არქაული ენით მეტყველთ, ასევე „ჩარჩული ჟარგონით“, დიალექტიზმებითა და ბარბარიზმებით დამძიმებული ენით მოსაუბრეებს...“  

პიესა „ძუნწი“ დაწერილია 1850 წელს.

კარაპეტ დაბაღოვის პირველი შემსრულებელი ვასო აბაშიძე გახლდათ.

***

რეპეტიცია (ლათ. Repetitio - გამეორება)  

რეპეტიცია მხოლოდ მცირე, მაყურებლის თვალთაგან მიმალული ნაწილია იმისა, რაც თეატრის უხილავ სივრცეში ხდება, ყველაზე იდუმალი და ინტიმური ქმედება სპექტაკლით დაკავებული ადამიანებისათვის.

რეპეტიცია - თეატრალური შემოქმედების ჩემთვის უსაყვარლესი ნაწილია და სპექტაკლი ნამდვილად სწორედ მაშინ „იბადება“, როდესაც მსახიობები სცენაზე ფეხის ადგმასა და ტექსტის წარმოთქმას სწავლობენ. კამათსა და ჩხუბში თანდათან ყალიბდება სასცენო გადაწყვეტები, პერსონაჟები, ადამიანები... და ნამდვილი ჯადოსნობა ხდება!

მიყვარს რეპეტიციები. ისინი ხანგრძლივი, ნერვიული და  დამღლელია, ზოგჯერ მძიმე შრომასაც ჰგავს, მაგრამ ადამიანი ამითაც შეიძლება დაინტერესდეს, მაყურებელს კი მხოლოდ მზა პროდუქტის ნახვა სურს. დიახ, თეატრი მსახიობებით იწყება, მაგრამ თეატრი მაყურებლითაც იწყება. ყოველ სპექტაკლზე განსხვავებული მაყურებელი მოდის: ხანდახან მსახიობების ყოველ ამოსუნთქვას რომ ყურს უგდებს, მთლიანად ეფლობა ატმოსფეროში, ხან კი მისი ყურადღება მთელი მოქმედების განმავლობაში უნდა მოიპოვო და შეინარჩუნო. ნიუანსები მატებენ სპექტაკლს სიცოცხლესა და ხიბლს, მაგრამ მსახიობთა  და რაც მთავარია, სპექტაკლის რეჟისორის ასისტენტის ნერვულ უჯრედებს სპობენ...

ჩემდა საბედნიეროდ,   რამდენიმე რეჟისორთან მუშაობის საშუალება მომეცა, თითოეული მათგანი ძალიან ორიგინალური ადამიანია, თითოეულს აქვს რაღაც სათქმელი, თითოეულისგან რაღაც ვისწავლე.  არ ვიტყვი, რომ ყველა მათგანთან მუშაობა ადვილი, მაგრამ საინტერესო კი იყო...

მაშ, როგორ დაიბადა სპექტაკლი „ძუნწი“?

რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენა, 2022 წელი,  თებერვალი-მაისი. პრემიერა 2022 წელი, 14 მაისი.

კარაპეტ დაბაღოვი - დავით უფლისაშვილი.

სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი გოჩა კაპანაძე, მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტიუმების მხატვარი ანა ნინუა, კომპოზიტორი ნათია ზეინკლიშვილი, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, რეჟისორის თანაშემწე მარინა ამაღლობელი. მონაწილეობენ მსახიობები: ლელა ალიბეგაშვილი, ნინო არსენიშვილი, ქეთი სვანიძე, კახა კუპატაძე, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ლევან ხურცია;

***

სპექტაკლი „ძუნწი“ რუსთაველის თეატრის შიდა ბრძანებით 2022 წლის 18 თებერვალს ჩაეშვა წარმოებაში. პიესის არჩევანი თავად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან - რობერტ სტურუასთან შეთანხმდა. სცენურ ვერსიაზე ორი თვის მუშაობის შემდეგ რეჟისორს პიესის მისეული ვარიანტი უკვე შეექმნა და როდესაც დაწყებულ რეპეტიციებს შევუერთდი, მხატვარს - დეკორაციის ესკიზი, ხოლო კომპოზიტორს - მუსიკა მზად ჰქონდათ; მსახიობებს სიმღერები შეესწავლათ, სტუდიაში კიდეც ჩაეწერათ, როლები გადაეწერათ, სამაგიდო რეპეტიციებზე ურთიერთობებიც გაერკვიათ და ერთი სული ჰქონდათ სცენაზე გადასულიყვნენ... თუმცა ტექსტზე მუშაობა პრემიერის წინა დღემდე გაგრძელდა.

ჩემი სარეპეტიციო ჩანაწერები სცენაზე მათი გადასვლის შემდგომია.

სამუშაო ატმოსფეროში გოჩა კაპანაძეს პირველად „უკანასკნელი დედოფლის“ რეპეტიციებზე შევხვდი, მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა.

სპექტაკლმა „ძუნწი“ გამაცნო გოჩა კაპანაძე - მხიარული, მომღერალი, მოცეკვავე, არტისტული მგზნებარებით სავსე რეჟისორი, რომელსაც მოთმინების დიდი უნარი გააჩნია.

ჩანაწერები დათარიღებული არ არის და არც სრულყოფილია, მაგრამ ვფიქრობ, წარმოადგენს სპექტაკლზე რეჟისორის მუშაობის გარკვეულ სტილს...

***

გოჩა რამდენჯერმე აჩერებს მოქმედებას, ერევა მსახიობთა მოქმედებაში, თითოეულს შენიშვნას აძლევს, უსწორებს. ამავე დროს ყველას უსმენს და პასუხობს...

სანდრო მიკუჩაძეს (ივანიკა), თავისი სურვილები აქვს და გოჩას სთხოვს, იმპროვიზაციულად გავაკეთებო...  

- ნეტავ, რამეს გააკეთებდეთ... პასუხობს იგი და მართლაც, ნინო არსენიშვილმა (მონავარდისა), სანდრომ და კახა კუპატაძემ (ვახვახი), შეხვედრის საკმაოდ კარგად მოფიქრებული სცენა გაითამაშეს. რეჟისორს მოსწონს მათი ნამუშევარი და საკუთარ ცხოვრებისეულ ისტორიას ჰყვება პიტერ ბრუკთან სწავლის პერიოდიდან. ერთ დღეს მან ექვს რეჟისორს ჩეხოვისა და შექსპირის პიესებიდან პარალელური სცენების გაკეთება დაგვავალა, რათა გმირებსა და მდგომარეობებს შორის მსგავსება აღმოგვეჩინაო...

იგი არა მარტო ჰყვება, არამედ განასახიერებს ყველა იმ გმირს, რომელთა შესახებაც ლაპარაკობს. მაგალითად, იხსენებს „სისხლიანი ქორწილის“ გასინჯვას და დარბაზში რუსთაველის თეატრის ოთხი მსახიობი ქალის შემოსვლას... ეს არის მთელი წარმოდგენა, მონოსპექტაკლი... ისეთი არტისტიზმით, ისეთი იუმორით, ისე მკვეთრად და კარგად, თავისებური მიხვრა-მოხვრით, თვალების მოჭუტვითა და ტუჩების ბრუცვით განასახიერებს მათ, რომ ჰომერულ სიცილს იწვევს და გულიც გწყდება... გოჩას სახით ქართულმა სცენამ ძალიან კარგი კომედიური არტისტი დაკარგა. ეს ეტიუდი,  სტურუამ რომ ნახა, სიცილისაგან სულს ძლივს ითქვამდაო...

***

პანაშვიდის სცენას რამდენჯერმე გადიან, ეშლებათ... გოჩა სათითაოდ აზუსტებს, ჩამოსთვლის თანმიმდევრობას: - ქეთი სვანიძე (ხამფერა), ჯერ დაჯექი, შეაერთე ფეხები, მერე დაყნოსე და გული წაგივიდა... მერე მუსიკაზე შემოდის ლევან ხურცია (თავადი არჩილი)... დათო უფლისაშვილი (კარაპეტა), ყოველ შეკივლებაზე თავი წამოყავი, გაინტერესებს, რა ხდება? ვინ მოვიდა? კახა, ჯერ წინ მოდიხარ, მერე გულზე დაადებ გვირგვინს... დათო, გაცოცხლებისთანავე წამოჯექი და ისე სთქვი ტექსტი, მანამდე კი თავი წამოსწიე ხოლმე... შეგიძლია იცეკვო კიდეც... მინდა ეს სიმღერა ბიჭებთან ერთად დაიდგას, რომ ყველაფერი ხასიათში იყოს და ესტრადად არ იქცეს...

კახას ასეთი როლი ალბათ არც უთამაშია, მისი გმირი სავსეა სიმღერით, ცეკვით, ტექსტით, ცდილობს, ყველაფერი კარგად აკეთოს... და კარგადაც აკეთებს...

მსახიობები მშვენივრად მღერიან, გული მწყდება, რომ მათი ვოკალური შესაძლებლობები თეატრში სრულყოფილად არ არის  გამოყენებული.

ნინო არსენიშვილი, როგორც ყოველთვის, კარგია, ორგანული, მღერის, როგორც მილიცა კორიუსი...

ლელა ალიბეგაშვილი (ხანუმა) მღერის არაჩვეულებრივად...

ქეთის მაღალი კლასის ვოკალური შესაძლებლობები „მარია კალასში“ გამოჩნდა, შერონ გრეიმის  როლში...

ბიჭები: დათო, სანდრო, კახა, ლევანი... მღერიან, თანაც კარგად. ეს ეტყობა სპექტაკლის კომპოზიტორის - ნათია ზეინკლიშვილის დამსახურებაა, რომელმაც კარგად გაამღერა არტისტები.

რა მოხდება, რომ სიმღერა ხშირად ისმოდეს რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში? არა, როგორ არ არის სიმღერა, მაგას ვერ ვიტყვი,  გავიხსენებ თუნდაც „ასულნს“, „მოხუც ჯამბაზებს“, საახალწლო სპექტაკლებს და უფრო ადრინდელებსაც, მაგრამ მაინც... დღევანდელ ყოფა-ცხოვრებაში როგორ სჭირდება ადამიანს თუნდაც წუთიერი ამოსუნთქვა, გაღიმება, გაცინება...

დათო, ყოჩაღ... მართალია, ჯერ მთლიანობა დაუდგენელია, ზუსტდება მოძრაობები, მაგრამ თანდათან ისე ჩაჯდა როლსა და ხასიათში... მოძრაობაშიც კი სხვანაირია, თითქოს უფრო დადაბლებული, მუხლებში გაღუნული... რაღაც კარაპეტისებურად სულელურად გაღიმებული ან გაბრაზებული...

მაგრამ დათო კიდევ ცალკე თემაა ჩემთვის, მოულოდნელი, ჩემ თვალწინ მისი სრულიად სხვაგვარი სახე, ხასიათი იბადება, ძველტფილისური, ვასო აბაშიძისეული... ვხედავ, როგორ ეძებს, როგორ შრომობს, წვალობს... ადვილი არ არის, მაგრამ ფერებს პოულობს. რაც თავიდან თითქოს ერთფეროვნად მომეჩვენა, თანდათან იცვლება, მდიდრდება... თვითონაც ხალისობს, ხარობს, სიმღერისას ცოტა ჩქარობს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მიუჩვეველია, გაუწაფავი... აღმოჩნდა, რომ ცოცხალ ჩანაწერში რიტმს სცდება და გოჩას აზრით უმჯობესია ჩანაწერზე იმღეროს და საერთოდ, ყველამ იმღეროს ჩანაწერზე...

გოჩას აზრით, სიმღერებს მკვეთრი რიტმი აკლიათ და საჭიროა ამის გამოკვეთა, თქვენ წარმოიდგინეთ, დათოსაც ურჩევნია ჩანაწერზე სიმღერა, მე კი მახსენდება „ხანუმა“, სადაც სალომე ყანჩელიც, რამაზ ჩხიკვაძეც და ეროსი მანჯგალაძეც და საერთოდ ყველანი, სცენაზე ცოცხლად მღეროდნენ, საორკესტრო ორმოდან კი ორკესტრი უკრავდა...

დათოს თქმით, ყველა ძალიან მოწადინებულია და როლებზე კულისებშიც კი მუშაობენ.

კოტე ფურცელაძე - მაკარიჩ, მოდი, შენი სიმღერა ცეკვაზე დავაწყოთ...

გოჩამ დათოს ცეკვის მოძრაობები მოხაზა, - ქორეოგრაფიული მოძრაობა უნდა დაიცვათ და არტისტიზმი ხომ საჭიროა და საჭირო...

კოტეც ორიოდე დეტალს უმატებს... და ცეკვა იკვრება...

ამდენჯერ სიმღერის და ცეკვის ერთად გამეორება, ადვილი არ არის...  

თითქოს უბრალო და ადვილი სპექტაკლია, მაგრამ იმდენი გადასვლა-გადმოსვლა და პაუზაა, რომ რთულია გასაკეთებლად...

დათო და გოჩა სამსახიობო თეატრალური ცხოვრებიდან, საგასტროლო მოგზაურობებიდან იგონებენ ეპიზოდებს, რომლებიც სავსეა თავგადასავლებით, მოულოდნელობებით, უცნაურობებითა და უსიამოვნებებითაც კი...

როგორ უნდოდათ მსახიობებს როლები, როგორ ეცილებოდნენ და ექიშპებოდნენ ერთმანეთს, იბრძოდნენ სცენაზე გასვლისა და პრემიერებისათვის...

რა ძნელია, რთულია ცხოვრება თეატრში!

***

რეპეტიციაზე შემოვიდა თეატრის ფოტოგრაფი თინა ყაზახიშვილი და სარეპეტიციო მომენტებს იღებს. გოჩა სახელდახელოდ აცმევს კოსტიუმს და დათოც ნახევარი ძალით გადის როლს... ზანდუკის სცენის ძირითადად სასიმღერო დუეტებს გადიან და სასიამოვნო საყურებელია. ჯერ ხომ არც კოსტიუმებია, არც ფეხსაცმელი, ყველაფერი შემთხვევით შერჩეულია. გოჩას ნინოს მიერ შერჩეული კოსტუმი - ვარდისფერი კაბა  არ მოსწონს, მაგრამ ნინო არ თმობს. გოჩას არც ნინოს ღია ფერის თმა მოსწონს, - მონავარდისას ჟღალი ფერის პარიკი ექნება, ჩემს კოსტიუმს მე თვითონ შევქმნი, დამაცადეთო... - პასუხობს ის.

რადგან ახალი კოსტუმების შეკერვის საშუალება არ არის, ცდილობენ გარდერობში მოძებნონ, შეარჩიონ ძველი ტანსაცმელი და ტანზე მოირგონ და ასეთ ერთობლიობაში, ყველასთან იკვეთება ხასიათები და ამ ხასიათებიდან გამომდინარე ურთიერთობები, მიზანსცენები, მოძრაობები...

სცენაზე სრული იმპროვიზაციაა, რომელშიც რეჟისორი მონაწილეობს, როგორც რეჟისორიც და როგორც მსახიობიც. იგი ერთდროულად კიდეც დგამს მიზანსცენას, ყველა პერსონაჟს კარნახობს სახასიათო მოძრაობას - საცეკვაოს თუ ყოფითს, ჟესტს, ლექსიკას და ინტონაციასაც კი... ადის სცენაზე, თამაშობს თითოეულ პერსონაჟს, აჩვენებს მოქმედებას, რეაქციებს, მოძრაობას, ჟესტებს, ემოციურ შეფასებებს, რეაქციებს, შეძახილებს და ითხოვს მსახიობებისაგან ყველაფერ იმის შესრულებას, რასაც თვითონ სთავაზობს.

მისი მუდმივი რეპლიკაა - იმოძრავეთ! ხანდახან კიდეც მღერის თავდავიწყებით... ვოდევილის ჟანრი იძლევა სცენაზე სწორედ თავდავიწყების და გართობის, მხიარულების საშუალებას.

გოჩა ანაწილებს მუსიკალურ თუ დრამატურგიულ პაუზებს, ხასიათიდან გამომდინარე პიესის ამ ვერსიას ემატება ტექსტები, რეჟისორის  ბრძანებას, ამავდროულად თხოვნას, ყველა ემორჩილება და სცენა იკვრება.

მსახიობებისაგან განსხვავებით, რეჟისორი კარგად გრძნობს მასალას, ტექსტს,  სიტუაციას, ხასიათს... გამონაკლისი ალბათ ლელაა, რომელიც უსიტყვოდ ხვდება ყველაფერს, ალღო აქვს, ტფილისურ ყოფას კარგად   გრძნობს. ბალერინას პლასტიკა შენარჩუნებული აქვს და მუსიკალობაც ძვალსა და რბილში გამჯდარი. ლელას პლასტიკა, ხელების მოძრაობა, ფეხის გადადგმა, ყველაფერი ხასიათიდანაა გამომდინარე. მისი გადასვლები და მოძრაობა ღირსეულია... ლელა სალომე ყანჩელს მახსენებს...

ლევან ხურციას (თავადი არჩილი) აწუხებს სასიყვარულო სცენაში თავისი ფაფხური, გოჩა აწყნარებს, თვლის რომ ჯერ საჭიროა კომიკური ეფექტების მოძებნა და მათი აბსურდამდე მიყვანა.

პატარა დეტალებისგან იქმნება ჟანრი, მაგალითად ლოდების ამოძრავება, დამბაჩის უეცარი, უადგილო გავარდნა ქმნის მოულოდნელობის ეფექტს და ეს სასაცილოა!

ვაიმე, გოჩამ რა გაბრაზება იცის... ყველანი მიმოიფანტებიან ხოლმე, მაგრამ როგორ არ უნდა გაბრაზდეს კაცი, როდესაც მცირე დარბაზში ინტერნეტი არ არის, რომელიღაც მუსიკის ან ხმაურის მოძებნა სჭირდებათ, ვერაფერს ხდებიან და რეჟისორს ბრაზი ერევა...

სცენიდან ხმა და ტექსტი არ ისმის, მოქმედებაში ტექსტი იკარგება...

- ამ სცენას ვერ გავუგე, - დაიჩივლა გოჩამ...

- 80-ანი წლებიდან მოყოლებული, სულ ამ სცენაზე ხარ, ჯერ როგორც მსახიობი და მერე, როგორც რეჟისორი, და მაინც?..

- და მაინც...

სცენას მუსიკალურად აწყობს: გადასვლებს, ცეკვებს, სიმღერებს, პაუზებს, თან მსახიობებს შენიშვნებს აძლევს, მუსიკაში როგორ უნდა ჩაატიონ, ჩასვან მოძრაობა.

ქორეოგრაფთან ერთად სცენა ტექნიკურად იზომება, რომ ცეკვა და გადასვლა ზუსტად ხასიათში ჩაჯდეს, ამავე დროს, ხმის რეჟისორს, ნინო აფციაურს,  ფრაზებს უზუსტებს...

გოჩაზე ითქმის, იდეებს რა ვუყოო. ამ სცენის კეთებისას უცებ ამბობს, - ხანუმას ცეკვა უნდა იყოს კბილებში მაგიდით, მაგიდაზე კი - გოჭი, პურები და დოქი ღვინითო...

ლელა გაოგნებული შესქერის, ვერ წარმოუდგენია, როგორ შესძლებს ამის გაკეთებას...

ლევანი - იუმორი იგრძნობა?

გოჩა - სიმსუბუქეა საჭირო... ჯერ ძალიან შავი მონახაზია, ნიუანსებზე შემდეგ გავამახვილებთ ყურადღებას, ყველაფერი მუშაობაში გამოჩნდება...

სცენა იწყობა, ყველაფერი ჯერ ძალიან ჭუჭყიანია, სრულიად გაუმართავი, ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება, ძალიან ბევრი...

გოჩას კიდევ ბევრი სხვა პრობლემა აწევს მხრებზე, თავისი  დადიანის ქუჩის ბინის, ავეჯის, წიგნების გადატანა-გადმოტანის, ცხინვალის თეატრის გასტროლების, რომელიც საოცრად ედარდება და ამბობს - ცხინვალის თეატრი ღარიბი კი არ არის, საერთოდ არარსებულია... აქაური რეპეტიციების შემდეგ იქით მიიჩქარის სარეპეტიციოდ... თავგზა როგორ არ ებნევა, ზოგჯერ ისე ამოისუნთქავს, გულს ამოაყოლებს...

ამ მიზანსცენების უმეტესობა ან გადაკეთდება, ან საერთოდაც არ დარჩება სპექტაკლში. უამრავი კარგი მიგნება დაიკარგება, მაგრამ ასეა თეატრში, ასე კეთდება სპექტაკლი, ასე იბადება როლი და ამიტომაც არის სპექტაკლი პეპელა, როგორც ამბობდა ჩვენი საყვარელი მირიანი!..

გოჩა დგამს ხამფერასა და არჩილის სასიყვარულო სცენას, აჩვენებს, თითქოს არჩილი ახრჩობს ხამფერას...

ლევანი - რამდენი ხანია ვოცნებობდი, რომ რეჟისორი მიმეხრჩო...

- ჩემო კარგო, - პასუხობს გოჩა, - იმდენი ვინმე ოცნებობდა ჩემს დახრჩობაზე, მაგრამ ყველას ფეხი დავაბიჯე და გავსრისე...

თითქოს ხუმრობით ამბობს ამ სიტყვებს, მაგრამ იქნებ არც ისე ხუმრობით?...

ხანუმას სკივრიდან ამოყვანისას, გოჩა მუსიკალურ ფრაზებს სთვლის...

ლევანი - სულ ვრწმუნდები, რა კარგი მსახიობია... და იქვე ასწორებს, - რა კარგი რეჟისორია გოჩა!...

- მე ყველგან კარგი ვიქნებოდი, - კვლავ ხუმრობს გოჩა, თუმცა მეჩვენება, რომ ზედმეტად აფასებს საკუთარ თავს... - ყველაზე უფრო მინდოდა ბავშვთა ექიმი ვყოფილყავი! - მოულოდნელად აცხადებს და ყველას პირში ჩალაგამოვლებულს გვტოვებს, რადგან უფრო სხვა აღსარებას ველოდით!...

- პანაშვიდის სცენაში, კარაპეტას, სამი წლის დაუბანელი ფეხი აქვს, საპონში ფულს არ ხარჯავს, ხამფერას გული მისდის და ნიშადურით ასულიერებენ...

დათოს ეუბნება, - ნუ ჩქარობ ტექსტის თქმას... მე, მე უნდა გავიგო, რა უნდა ამ გმირს...

გოჩა ისე სწრაფად ამატებს სასაცილო ტექსტებს, რომ მიძნელდება კიდეც მათი ჩაწერა... ასე როგორ იგონებ-მეთქი, - გიზო ჟორდანია იმდენს გვიყვებოდა ავლაბრის ამბებს, რომ გამახსენდა, მეც ხომ ძველთბილისელი ვარ, ორთაჭალელი, ეს ფრაზები იქ მაქვს გაგონილი და დამახსოვრებული...

დათო ღელავს, გოჩა მკაცრობს, - გადაადგილდით, იმოძრავეთ... აბსოლუტური ფარსია...  ეს არის სწორედ ის გაუცხოება, რომელზეც წერს ბრეხტი... დათო, ცოტა რამაზ ჩხიკვაძე უნდა ითამაშო, როცა ვახვახი დამბაჩას ისვრის, ესეც შეაფასო...  

ზანდუკი, მუსიკის ხმაზე, მაღლიდან ჩამოსრიალდება, დათო წინ გამოაგორებს, თან ამტკიცებს, - სიმღერა დიდია, შემიმოკლეთო... არადა, ეს სიმღერა სულ ორ წუთს გრძელდება...

გოჩა ვითომ ბრაზობს, - შენს თავს მიხედეო...

გოჩას სიტყვები ულტიმატივივით ჟღერს, -  მე სწრაფად ვმუშაობ, ამიტომ ვინც ჩემთან ერთად მუშაობს, უნდა იყოს მობილიზებული... იყავით გონებით სწრაფები!..

დათო ნერვიულობს, მისი ტექსტები წამდაუწუმ იცვლება და ამიტომ კარგად ვერ გრძნობს თავს... განიცდის, რომ ბევრია სომხური სიტყვები, მუსიკა არეულია, ასევე ბევრია მოძრაობები... საჭიროა შემცირებები. ვამშვიდებ, რომ რეპეტიციებისას ეს ყველაფერი შემცირდება, თავისთავად დაიხვეწება, მაგრამ ნაკლები იმედი  აქვს...

დათო - მერე სტურუა იტყვის, ბევრიაო და ამის გამო შეიძლება კონფლიქტიც  წარმოიქმნეს... ეს ჟანრი რთულია და ამიტომ დადგმის მიმართ ბევრი პრეტენზია გაჩნდება...

კარაპეტას დასაფლავების სცენას გადიან, გლახო ზახაროვის ნამღერს ვუსმენთ...

- ეს მუსიკა ჩემი არ გეგონოთ, - თავს იმართლებს ნათია ზეინკლიშვილი. დათო ჩაფიქრებული უსმენს სიმღერას, კოტე ღიმილით, გოჩა ყურებამდე გაღიმებული პირით... თან მღერის, აშკარად გატაცებით იმეორებს ამ აშუღური სიმღერის ტექსტებს... თავისი ორთაჭალელი მეზობლების ამბები ახსენდება, როგორ მღეროდა მისი მეზობელი სულიკა და გოჰარიკა როგორ შეუძახებდა, - ჯანი დაგეწვას, ჯანი...

გოჩა - ნადიკვრის ქუჩაზე რომ ვცხოვრობდით, მაშინდელი ბევრი ამბავი მახსოვს და მათი სალაპარაკო ტექსტებიც ღრმად მაქვს ტვინში ჩაბეჭდილი...

კარაპეტა წევს ტახტზე, დროდადრო წაიმღერებს კიდეც და წამოიძახებს,  - ჰაჯან... ხანუმა შემოვა დიდი გვირგვინით...

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გოჩა სახელდახელოდ  აკეთებს ამ სცენებს, პირდაპირ აქ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მოფიქრებული მგონია და  როცა გოჩა თამაშობს, სიცილით ვიგუდებით... თან გზადაგზა რაღაცეებს სთავაზობს ყველა მსახიობს, ისინიც ცდილობენ მას ფეხი აუწყონ...

მოიტანეს პანაშვიდის გვირგვინები, გოჩას ხელში უკავია და სასაცილოდ იჭყანება, დათოს კარაპეტას მოჯღანული სახის პაროდიას აკეთებს...

- როცა მასალა ვიცი, ადვილია მასში გაცურვა, მით უმეტეს, როცა ასეთი მასალაა, ამიტომ ყველაფერი სახელდახელოდ კეთდება, არ ვიცი, კარგია თუ ცუდი?

გოჩა - კოტე ფურცელაძეს, - მინდა რომ იყოს წაცეკვება, არა ცეკვა, არამედ წაცეკვება... წამღერება... ჯერ კიდევ გადასაწყვეტი მაქვს ცოცხალი შესრულება იქნება თუ ჩანაწერი... ქეთი, ლელა, ნინო, ბიჭები კიდეც მღერიან, თან ცეკვავენ... ლევანის მოძრაობები ქორეოგრაფიულად უნდა მოიხაზოს... 

ისმის მუსიკა, მსახიობები ცეკვავენ, კოტე ქეთის და ლევანის  მოძრაობებს აკვირდება...

ხანუმას შემოსვლაზე ყარაჩოღელთა ცეკვაა...

- ჭაბუკიანი, გთხოვთ... -  ეპატიჟება გოჩა დათოს...

დათოს ეღიმება... სცენაზე ადის... თან კუნტრუშით ცეკვავს, თან 

მღერის...

კოტე კმაყოფილი იცინის, მოსწონს... მას ჩაუწერენ მუსიკას და საკმაო დრო ექნება სახლში სამუშაოდ... კოტე ხომ სულ მოგზაურობს, ხან სადაა და ხან სად...

გოჩა ხანუმას გასვლის პლასტიკურ მონახაზსაც აჩვენებს კოტეს და ამას  ჩინებულად აკეთებს, მასთან ერთად  სამი ბიჭი ცეკვავს...

გოჩა - არ მინდა სტანდარტული საცეკვაო მოძრაობა, მინდა ოდნავ უტრირებული... პროფესიული, მაგრამ მთლად სუხიშვილებიც არა... მუსიკა იძლევა საშუალებას, რომ ხანუმა გამოჩნდეს, როგორც ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული, მოკლედ ტფილისელი პერსონაჟი... ჩვენი სპექტაკლი არის პიესის მოტივებზე, ეპოქას ვიცავთ, მაგრამ ძუნწს არ აქვს არც სქესი, არც ეროვნება, არც კონკრეტული დრო... მინდა მისი მოძრაობა იყოს დახვეწილი, მხოლოდ მისი ხასიათიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე...

- კიდევ კარგი ბავშვობაში ქართულ ცეკვაზე დავდიოდი, თორემ რა უნდა მექნა?.. - აღმოხდა კოტეს მას შემდეგ, რაც არჩილისა და ხამფერას ცეკვა დადგა, ცეკვა - ნაზავი ქართულ-სომხური ილეთებისა. ლევანი და ქეთი ძალიან კარგები არიან, შესანიშნავად მღერიან და მოძრაობენ.

კოტემ სანდროსთან და ლელასთან გადაინაცვლა.

გოჩა ყველა მოძრაობასა და ილეთშია ჩართული და აქტიურად მონაწილეობს, როგორც რეჟისორი, როგორც მსახიობი და როგორც ქორეოგრაფი.

ხანუმას შემოსვლასა და ბიჭების ცეკვას გადიან.

- მე სად ვარ? - მოიკითხა საკუთარი თავი ლევნმა.

- აქ ხარ, - დაამშვიდა რეჟისორმა... - კოტე, ყველა თავისებურად ცეკვავს, საჭიროა სინქრონი, ან ერთი მერვედი, ან ერთი მეთექვსემეტედი... ამ თვლაში ჩაჯდეს ყველა.

კოტე ილეთებს მერვედში სვამს....

გოჩას, რეპეტიციების აქცენტები, ჯერჯერობით ცეკვებსა და სიმღერებზე აქვს გადატანილი, რადგან ვოდევილის ჟანრი სწორედ ამ ორ სფეროს ანიჭებს უპირატესობას და ყველაფერი ძალიან დიდი სიზუსტით და მხიარულებით უნდა შესრულდეს. მსახიობებსაც ეს ყველაფერი მოსწონთ.    

მიუხედავად ჩაფსკვნილი ტანისა, გოჩა, მსუბუქად მოძრაობს სცენაზე...

და იმეორებენ გაუთავებლად... ზუსტდება... ხან გამოდის, ხან არა, გოჩა უფრო მეტად უკმაყოფილოა.  

მუსიკა ჩერდება, იწყება თავიდან, წვალობენ, მაგრამ სხვა რა გზა აქვთ, თუ შედეგის მიღება სურთ, დაუსრულებლად უნდა აკეთონ. საქმე იმაშია, რომ ყველანი ნიჭიერები არიან და სტურუასთან გაწვრთნილები ყოველგვარი მოულოდნელობისათვის.

ლელა ისეთი გატაცებით მღერის, რომ გულს ახარებს და საერთოდ, ყველანი ასე არიან განწყობილნი, შემოქმედებითად...  

- მაგიდაზე უკვე აწყვეტილი ვცეკვავ? - ეკითხება ლელა კოტეს... ხანუმას სოლო ცეკვა მაგიდაზე ფრესკასავით უნდა იყოს... გაიხსენეთ სოფიკოს ცეკვა „ბაღდადური“...

რა საინტერესოა, როგორი იქნება ლელას აწყვეტილი ცეკვა?..

კოტე - ლელა, რახან ფრესკა ახსენე, ეს ქალი მთელი თავისი სილამაზით უნდა გამოჩნდეს... მაგიდაზე ცეკვა გამორჩეული ნომერი უნდა იყოს... სწორედ ასეთი, ფრესკასავით მოძრაობა უნდა იყოს, მაგიდაზე კი აწყვეტილი...

ლელა თურმე სახლში მეცადინეობს და ვარჯიშობს ცეკვაშიც და მოძრაობებშიც.

ლევანი დადის და თავის მოძრაობებს იმეორებს. ბიჭები ძალიან დაიღალნენ, მათი მოძრაობები თითქოს დადგინდა. ახლა ლევანზე მიდგა ჯერი, - ნახოს ერთი გოჩამ როგორი გავოფლიანდი ამდენი რეპეტიციისაგან, ამდენი მუშაობისგანო...

გოჩა - კოტე, ლელასთან ცალკე მუშაობაა საჭირო, მას გამოსაჩენი ნომერი უნდა გაუკეთდეს!..

ამასობაში ლელა და გოჩა  იმ შეხვედრის შესახებ ჰყვებიან, რომელიც სოფიკო ჭიაურელის სახლში გაიმართა თბილისში ლენინგრადის დიდი დრამატული თეატრის გასტროლებისას. მათ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა  ფრეინდლიხი, ბასილაშვილი, იაკოვლევი მოხიბლეს... გოჩა ძალიან სასაცილო სცენებსაც იხსენებს, რომელიც პაკისტანში მოგზაურობისას მას, მარინა კახიანს, შოშკას და ირას გადახდათ თავს... და კვლავ ამ ყველაფერს წარმოადგენს...

დათო ძალიან ღელავს ტექსტების გამო, - იმპროვიზაცია უნდა იყოს, მაგრამ ერისთავის ტექსტებს არ უნდა გადავუხვიოთ და სხვა არაფერი ჩავრთოთ...

სცენაზე დათო ადის, მისი მოძრაობები და ცეკვა თითქმის დადგენილია... მაგრამ მაინც ეშლება, საჭიროა მრავალჯერადი განმეორება... - ჩემი ბრალიაო, - იბოდიშებს და თავიდან იწყებს.

კოტე მას აქებს, - ყოჩაღ მაკარიჩ! ისიც კარაპეტას რეპლიკით  პასუხობს, - სლავა ბოღ, სლავა ბოღ... 

- თეატრში თურმე სულ ამაზეა მითქმა-მოთქმა, მართლა მღერის და ცეკვავს დათო უფლისაშვილიო? სტურუა და თევზაძეც კი ამას მეკითხებიან და კეთილი ღიმილით მთხოვენ, დაეხმარეო...

გოჩა - „ძუნწში“ არის სამი, სრულიად დამოუკიდებელი ეპიზოდი, როდესაც კარაპეტა მაყურებელთან პირისპირ მარტო რჩება. ეს სამი მონოლოგი მის შინაგან სამყაროს ჰფენს ნათელს... მსახიობსა და მაყურებელს შორის მანძილის შემცირება საშუალებას იძლევა საკუთარი ცხოვრების ყველაზე ფარული სიმართლის, მწარე, მაგრამ გასაგები, ზედმეტად პირადული სიმართლის აუდიტორიისათვის სათქმელად... ამიტომ დათო, უფრო მკვეთრად გაუსვი ხაზი ამ კაცის სულიერ მდგომარეობას, უფრო ენერგიული იყავი, სახის გამომეტყველება, ჟესტები, მიმიკა ჩვენი შინაგანი განწყობილების, ემოციების, გრძნობების ნებისმიერ სიტყვაზე უკეთესად გამომხატველია...

დათო - მისი სიფრთხილე, შფოთვა, წუხილი წარსულიდან მოდის და მომავლისაკენ იხედება... ჩემი ხმის ტემბრსაც კი კარაპეტას რიტმის მიხედვით ვცვლი, ოღონდ არ ვიცი რა გამოვა... თუკი ჩემი კარაპეტა ჩემს ადრინდელ გმირებს დაემსგავსება, ეს ჩემი მარცხი იქნება... ღმერთმა ქნას, რომ ეს არ მოხდეს...

***

გ. ერისთავის ტექსტის ცვლილებამ ეს გმირი გაათანამედროვა და რეჟისორის კითხვაც კიდევ ერთხელ გააჟღერა - რატომ, ვისთვის ან რისთვის ცხოვრობს კაცი, ადამიანი თუ არავისა რგებს და მეფე კრეზისავით მხოლოდ სიმდიდრეს აგროვებს?..

***

თავადი არჩილის შემოსვლის ტექსტები კვლავ იცვლება, ჩნდება ახალი ფრაზები, სტილი იცვლება, მსახიობთა შესრულებას ფერები ემატება, ადვილად მიჰყვებიან რეჟისორის შენიშვნებს, თანდათან უკეთ გრძნობენ თავს ამ ლიპყინულზე... მათ თამაშს ჯერ არ ახლავს სიმსუბუქე, რომელიც მერე გაჩნდება, ახლა კი შრომაა, საკმაოდ რთული შრომა.

ივანიკასთანაც ჩნდება ახალი მოძრაობები, სანდრო რაღაც იდეას სთავაზობს გოჩას, - არ მითხრა, მაჩვენე... მაჩვენე... ცოტა ნელა გადადი, შენი გასვლის შემდეგ დაუძახოს თავადმა ვახვახს... და სიმღერის საწყის განწყობილებას სთავაზობს არჩილს-ლევანს.

გოჩას ფანტაზია თითქოს ულევია, ხან რას სთავაზობს კახას შესასრულებლად და ხან - რას...

- კახა, გააკეთებინე დიდი კოპი და შუბლზე მიიკარი... ეს კომიკური ამოცანა უნდა იყოს, ხმის ტემბრიც დაიმახსოვრე...

- ქეთი, შენი კივილი ბოლო ფორტეზე უნდა ისმოდეს... პირველი კუპლეტი საწყის პაზე იმღერე, მერე წინ გადმოდი, რომ ერთმანეთს არ ჰგავდეს... ქეთი, შეაფასე შენი შეყვარებული, რომელმაც მიწა ამოამტვრია შენს გამო, მამაშენმა გუშინ მისი გულისათვის მაგრად გცემა, შენ კი ლატავრა ფოჩიანივით ხარ, ვიცი რომ კარგად და დიდი ხანია ცეკვავ, მაგრამ დაამტვრიე ეს ცეკვა, ხედავ რამხელა შეფასებების ადგილია აქ მუსიკალურად? სიმღერისას ნანი ბრეგვაძე არ მინდა, იმპროვიზაციაა საჭირო...

სანდრო მალე იღლება და ტუჩები უთეთრდება ხოლმე... დაიღალნენ, მაგრამ მაინც ხალისობენ. ცეკვებისა და გადასვლების მომენტები დაუდგენელია...

გოჩა - რაც არ უნდა შეგეშალოთ, არ შეიმჩნიოთ, გაიღიმეთ, ვითომ ასე უნდა იყოს... ბუნებრივად უნდა ჩანდეს...

საინტერესოა, როგორ ჩამოყალიბდება საბოლოოდ ეს ყველაფერი? ან რას იტყოდა გიორგი ერისთავი ეს სცენები რომ ენახა? რა საინტერესოა წარსულისა და მომავლის შეხვედრა აწმყოში, ფანტასტიკის სფეროდანაა, რა თქმა უნდა...

გოჩა მოძრაობების ხასიათს უხსნის კოტეს, - მე და კოტე შავად გავაკეთებთ და გვიყურეთ... ქეთი, გაითვალისწინე, რომ ხამფერა პენუარშია და პანტალონები უჩანს... ვენერა მილოსელი ხარ!

კოტე - ის ძველი დაივიწყეთ... ბევრი რამ შეიცვლება და მზად იყავით ამისათვის... დღეს ცოტა ვიწვალებთ, მაგრამ საჭიროა, ყველას თავისი საქმე აქვს...  

ცეკვის ნახაზი აირია, მსახიობებს მისი დაზუსტება უნდათ და კოტეს გამეორებას სთხოვენ... გოჩა მოშორებით, პარტერიდან უყურებს, მაგრამ ვერ ისვენებს და ისევ სცენისკენ მიისწრაფის...

კოტე ლელას შემოსვლის ცეკვას დგამს. ლელას მოძრაობები ელასტიური და ლამაზია, თითქოს დამატებით ხაზგასმა არც სჭირდება, მაგრამ კოტე ძალიან დელიკატურად სთავზობს მას იმგვარ სვლას და ხელების მოძრაობას, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს მის მოქნილობას. ლელას უნდა უფრო მეტად აქტიური იყოს, მით უმეტეს მაგიდაზე, - ხულიგნური მოძრაობები მინდა იყოსო...

გოჩას დასკვნა: - ცარიელი ადგილები გაჩნდა, ქართული ხასიათი უნდა ჩანდეს, ეს არ არის ცეკვა პეტერბურგში...

***

გოჩა დილიდანვე სიმღერებს ისმენს, ზოგი მოსწონს, ზოგი - არა, იწუნებს დინამიკების ხარისხს... მათი შიშინი, ჟღრიალი აშკარად ამახინჯებენ მსახიობების ნამღერს, არც სტუდიური ჩანაწერი მოსწონს.

გოჩა - „გადასარევი სმენა“ არ მაქვს, მაგრამ ჩემს ყურს კარგად ესმის, რომ პაუზები აკლია, ბგერები უნდა გრძელდებოდეს... სიმღერისას ხასიათებიც უფრო უნდა გამოიკვეთოს, სტოკატოებით არ უნდა იმღერებოდეს, ხმა უფრო დენადი იყოს... და რაც ყველაზე უფრო უცნაურია, კაცს, რომელსაც თითქოს არ უნდა ემღერა კარგად, სწორედ ის მღერის კარგად! - ამბობს დათოს შესახებ, რომელიც ცოტა არ იყოს, დამფრთხალი ზის, - მის ნამღერში რიტმი იგრძნობა, რაც სხვებთან დაკარგულია...

სიმღერების გაგონებისას, მაგიდასთან მჯდომი ქეთი და სანდრო იქვე ცეკვავენ...

ნათია ზეინკლიშვილი - სანდროს სიმღერა თავიდან არის ჩასაწერი, რადგან ორ ადგილას რიტმიდანაა ამოვარდნილი, თან ტექსტიც არ ისმის კარგად...

საერთოდ სცენიდან ხმა ცუდად ისმის, თუ პირდაპირ ავანსცენაზეა მოქმედება და დიალოგი, ისმის, მაგრამ მოქმედება ოდნავ სიღრმეში გადაინაცვლებს თუ არა, ტექსტი „იყლაპება“... წლების განმავლობაში ამ პრობლემას ვერა და ვერ მოევლო, ახლა ავანსცენაზე პატარა მიკროფონებიცაა განლაგებული, რომლებმაც ხმის მოწოდების ხარისხი უნდა გააუმჯობესონ, მაგრამ ჯერჯერობით უკეთესობა არ ეტყობა...

გოჩა - რა კარგია, რომ სიმღერები თავიდანვე ჩავწერეთ, ახლა გამოსწორების საშუალება და დროს გვაქვს... ერთი ოცნება მქონდა და ალბათ დღესაც მაქვს, გარეშეს თვალით დანახული თეატრის სამზარეულო მაჩვენა... ის ყველაფერი, რაც თეატრში ხდება...

მახსენდება ფელინის „ორკესტრის რეპეტიცია“, სადაც ეს დიდი იტალიელი მაესტრო, ამბის თხრობის სწორედ ამგვარ ხერხს იყენებს, მაგრამ თეატრში მაინც სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი... თეატრის შიდა სამზარეულოს ფართოდ გახელილი თვალებით დანახვა,  ერთდროულად საინტერესოცაა, მრავალი კითხვის ნიშნის ამხსნელიც და წარმომქმნელიც...

გოჩა - ხანუმას გაბრაზებულ სიარულს ყველანი თან უნდა მიჰყვნენ და მის უცაბედ შემოტრიალებას პირისპირ შეეჯახონ... ბუნებრივად უნდა გააკეთოთ...

გოჩას თვითონაც სიამოვნებს სცენაზე დგომა და არტისტობა, ცეკვა, სიმღერა...

მოვიდა კოსტუმების მხატვარი ანა ნინუა, გოჩა უყვება, თუ როგორ აღმოაჩინა თეატრის გარდერობში კოსტუმები და სთავაზობს დასათვალიერებლად, შესარჩევად წავიდეს... ისიც თანხმდება, - დავათვალიერებ და ჩამოვყალიბდეთო...

გოჩას მხედველობიდან არ რჩება დეკორაციების ნიუანსებიც, მაგალითად, ლუკიდან ამოსასვლელი კიბის თავსახური ედება შირმას და შეიძლება დეკორაციის კედელი დაზიანდეს. ლომგული თავს უქნევს, ვიციო... და ეძებენ გზას, როგორ გამოკეთდეს...

რეპეტიციებს თითქმის სულ ესწრება მხატვარი ლომგულ მურუსიძე, რომელიც გოჩას სპექტაკლების მუდმივი მხატვარია ჯერ კიდევ რუსთავის თეატრიდან, შემდეგ სამაჩაბლოს თეატრში და აქაც... ამჯერად მის მიერ გაკეთებული მაკეტი ვერ ხორციელდება, რადგან თეატრს ახალი დეკორაციის გასაკეთებელი თანხა არ გააჩნია. „ძუნწს“ არშემდგარი სპექტაკლის დეკორაცია დაუთმეს: მცირე სცენაზე დიდი თეთრი კედლები იდგმება, რომელთაც სარკეები ემატება... წინა პლანზე, ხელმარცხნივ, თბილისური აივნის მცირე მონაკვეთია, ხაზგასასმელად, რომ მოქმედება ტფილისში ხდება...

***

დღეს კოსტუმებს არჩევენ და იზომავენ, სცენაზე რიგრიგობით გამოდიან არტისტები, ზოგი კმაყოფილია, ზოგი - არა...

კოსტუმები ზოგი ეროსი მანჯგალაძის ნაქონია, ზოგიც სუმბათაშვილ-იუჟინის, წლების წინ მცირე თეატრმა მისი უამრავი შესანიშნავი კოსტუმი გადმოსცა რუსთაველის თეატრს.

სცენაზე უკვე დეკორაციაც დგას, კედლები, რომლებიც ძირში მოხატულია და თავიდან ტყრუშულ ღობეს მივამსგავსე, ახლა ლომგულს გაუმრავალფეროვნებია, ზედ მიუხატავს ფულები და სხვადასხვა ფერით ისრებივით შტრიხებია გაკეთებული... წინა პლანზე, აივანზე, გაშლილი ქოლგაა მიმაგრებული, რომელიც ასევე მოხატული და არშია შემოყოლებულ-ჩამოძენძილია. გაჩნდა ორი ბატკანიც. გოჩას თქმით, ბატკნები კიდევ მოიმატებენ... მარცხენა მხარეს, კედელში, ამოიჭრა მამაკაცის ფიგურა... ჭრილი სხვადასხვა დროს კარის ფუნქციასაც ითავსებს...

გოჩა გამუდმებით ეძებს ჩამცმელ ლალი აღნიაშვილს, ახლა მას ეკაც შემოუერთდა და ორივენი იწერენ შენიშვნებს, თუ რა იქნება შესაცვლელი. ყველა კოსტიუმს სჭირდება შეკეთება, ზოგი დასამოკლებელია, ზოგი შესაღები, ან გასაფართოვებელი, ან პირიქით ჩასაკერებელი... ანუ ყველა მოსაწესრიგებელია, თან ხასიათში უნდა იყოს... ლელას კაბას დუგმები სჭირდება, ლევანის მუნდირს - ეპოლეტები, ყველა კოსტიუმი გასარეცხია, კოსტიუმების უმეტესობა „პეპოდანაა“, მხატვარი ფარნა ლაპიაშვილი... ფაქტობრივად ისტორიული, სამუზეუმო კოსტიუმებია... მსახიობებს ალბათ საკმაო გადაცმები ექნებათ და ყველაფერი უნდა მოასწრონ...

ძირითადად, მოქმედება აწყობილია, მხოლოდ გასასუფთავებელი... დათო მომავალ გასტროლებზე ლაპარაკობს, „თამაშის დასასრული“ თურქეთში, ადანაში მიაქვთ და ერთი სული აქვს, როგორ მოილხენს ძვირფას სასტუმროში.

***

ბატონი რობიკო 20 მაისს რეპეტიციაზე შემოსვლას აპირებს...

ხვალ რობერტ სტურუა შემოდის რეპეტიციაზე და გოჩა იმ სცენებს ალაგებს, რომელთა ჩვენებასაც აპირებს. თანმიმდევრობა არ იქნება დაცული, მაგრამ საერთო შთაბეჭდილებისათვის - საკმარისი.  

გოჩა ღელავს ჩუმად, თავისთვის... რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც ყოველთვის, როდესაც რუსთაველის თეატრში დგამ სპექტაკლს! ეს პასუხისმგებლობა გამომდინარეობს სამხატვრო ხელმძღვანელისაგან, სცენისაგან, აჩრდილებისაგან, შენობისაგან!.. მთელ ქართულ თეატრს ეხმიანები ასეთ დროს!

მცირედ ჩასწორდა ტექსტები, მუსიკალური თანხლება...

გოჩა - წავიდა მუსიკა... არა, ნინა... უზარმაზარი გამოცდილება გაქვს, არაჩვეულებრივი ყური დაგიტოვა გია ყანჩელმა, ჩემთან ნუ გადაირევი, ჩუმად დაიწყე, უფრო ჩუმად... ცოტა მოამატე, აი ასე... პაატა, ასწიე სარკე...  დათო, შემოდი, მიტრიალდები, დაინახავ ორეულს... შეაფასე... წიგნი გაქრა...

მარინა - სხვას მოიტანენ, იმას არაო...

- რატომო? ჰკითხე... - ეუბნება მარინა ამაღლობელს.

- უკეთესად უნდა გავაკეთოთო...

- არ მინდა უკეთესად, რაც არის ის მომიტანონ... წავიდა... უკვე იყო დუდუკი... აუწიე მუსიკას, დაუშვით სარკის ფარდა...

ფარდაზე უზარმაზარი, ლამაზი პეპელა ზის... კედლის ძირას ბატკნები ჩამწკრივებულან...

- სად არიან მსახიობები? სანდრო, კახა? სად ხართ? იქ ვინმე ტიტველი ქალი გელოდებათ?

- არაო, - დაბნეულები თავს იქნევენ...

- ახლა შენს ცოლს დავურეკავ, ის მოვა და გაარკვევს ყველაფერს...

- დათო, ფურცევასავით ნუ მოდიხარ სულ წინ... გაიხედ-გამოიხედე,  ვინმე ხომ არ არის? მერე დაჯექი და დაიწყე ანგარიში, მივხვდეთ, ვინ არის ეს კაცი?

- ლალი, მოუტანე დათოს ხალათი, ქუდი... და მაკრატელიც წამოიღე, გვჭირდება... გაუშვით მუსიკა... ნელნელა უმატე... სანამ ბიჭები ჩხუბს დაიწყებენ, მანამდე იყოს... სანდრო, საყურეს მოხსნა არ დაგავიწყდეს სპექტაკლზე... მაგ კედელს თუ არ მოანგრევ, კარგი იქნება...

სანდრო - ჩვენი შემოსვლის რეპლიკა გვინდა ზუსტად...  

- დათო რომ დაჯდება, გადათვალეთ ზუსტად ცხრა და მერე შემოდით...

სანდრო - ცხრა ნახევარი რომ იყოს?  

- არა, ეგ ფელინის არაჩვეულებრივი ფილმია და თუ ნახავთ, კარგი იქნება... დრო დავინიშნოთ. ეს მუსიკა ახლა პირობითია, ნინა იგვიანებ...

ნინო - არ ვიცი, როდის უნდა შემოვიდე...

- როგორც კი ჩხუბი დაიწყება...   

ნინომ ქოლგა ჩამოაგდო...

- თუ არ დაეჯაჯგურები, კარგი იქნება...

ყვავის დაჩხავლებაც არ მოსწონს... - ეს კაცი თვითონ ყვავია და ჩხავილი მარტო მას ესმის... სანდრო, მეორე გასროლაზე ბატკანი ჩაიხუტე გულში... დათო, რახან მუსიკა გაჩნდა, ითამაშე მოვლენა...

და ვერ ითმენს, თვითონ არბის სცენაზე საჩვენებლად...  - სტურუას არტისტები ვართო, რომ ამბობთ, ახლა მიჩვენეთ თქვენი კლასი...

თითქოს უმნიშვნელო დეტალებით ივსება მოქმედება და ყალიბდება სახეები... პარტერიდან ადვილია ყურება, შენიშვნების მიცემა, აბა ერთი სცენაზე ადი და აკეთე, რა ძნელია, როგორ დაგებმევა ენა, როგორ დაგებორკება ფეხი...

სანდრო არ ჩანს, ნეტავ სად დადის? მარინას ფეხის ბაკუნიც ისმის, არც ქეთი სჩანს და არც ნინო, სადღაც მიიყუჟნენ ჩიტებივით...

- იყავით კულისებში, - ბრაზობს გოჩა, - სად არის მარინა ამაღლობელი? არ ჩანს...

ტექსტს თბილისური ელფერი უნდა მიეცეს... ამ კაცის ფილოსოფიაა - ფული შევინახო! სანთელი იწვის... დროის წარმავლობაა... დათოს ტექტსებს ვუსწორებ, ის მეწინააღმდეგება და ბრაზობს, - ვინც ეს პროფესია მოიგონაო...

გოჩა - კახა, სიმღერისას საკუთარი პერსონით ნუ ხარ დაკავებული, გოგოსთან გქონდეს ურთიერთობა... ძალიან კარგი ორკესტრირებაა და საჭიროა ხმის ამოწევა, ნინო ნუ ჩქარობ, ეპიზოდია...

ამდენ წინ და უკან სიარულსა და სცენაზე ასვლა-ჩამოსვლაში გოჩა სანთელივით უნდა იყოს დამდნარი... გოჩა ყვავსაც კი ახმოვანებს...

- ქეთი, დიალოგი გამართე ყვავთან, კარაპეტას შვილი ხარ, მხოლოდ შენ და კარაპეტას გესმით მისი ხმა...  

აქამდე გაკეთებული სცენები სულ გადაკეთდა... დასაწყისის მუსიკალური თანხლება ისევ შეცვალა.

ველოდებით სტურუას შემოსვლას.

- ნერვიულობ? - ვეკითხები გოჩას, - სულაც არა, ვიცი, მაინც არ მოეწონება... რამდენიმე სცენას - სიმღერებს და დათოს მონოლოგებს ვაჩვენებთ... ხვალიდან კი სერიოზული, გასასუფთავებელი რეპეტიციები გვექნება... ცოტა მეტი უნდა იყოს კარიკატურული შეფასებები... ხანუმას ცეკვა გასაკეთებელია და საერთოდ ყველა ცეკვა ასაწყობია... ფრაზები პირდაპირი გაგებით არ სთქვათ, შიდა ფერები მოუძებნეთ, თითოეულ სიტყვას გამართლება სჭირდება... მე არ მინდა ილუსტრაცია!..

დარბაზში გამყინვარებაა, - იქნებ სტურუას გამო ერთი საათით ჩართოთ გათბობა, -  სთხოვენ თევზაძეს, მაგრამ არა, მთელი სისტემაა გამორთულიო!

ბატონი რობიკო მართლაც დათქმულ დროს შემოვიდა რეპეტიციაზე. ყურადღებით უცქირა,უსმინა, ემოციები არ დასტყობია...

- მსახიობები მომწონს, - სთქვა მან, - თუმცა სიუჟეტი ბოლომდე ვერ  გავიგე... ესაა სიმდიდრის ძველებური აღქმა, სიძუნწის პრობლემაში რაიმე ახალი პრობლემა უნდა აღმოაჩინოთ... რატომ ინახავს კაცი  ფულს?.. ვინ არის ნინიკოს გმირი? რომელი უყვარს? რომელს უყვარს?.. უფლისაშვილის პირველი გამოსვლა ცუდია... ხმამაღლა ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც არ ისმის, უნდა დაბალანსდეს... სახეები კარგია, კარგი ტიპები არიან,  ყველა მომწონს... ოღონდ ბევრს დახტიან... ქეთის ამდენი სირბილი არ  უნდა, ქეთი უფრო ღირსეული უნდა იყოს, მდიდარია... ხურციას გმირიც სომეხია? არა? უნდა გამოიკვეთოს... ქართულ-სომხური ხასიათი უნდა გამოჩნდეს... ოთარ იოსელიანმა ერთხელ სთქვა, სომხები დააკლდა თბილისსო... მექსიკაში დამხვდა ქართულად მოლაპარაკე, თბილისელი სომეხი და თავზე გადამყვა...

დაახლოებით ასე სთქვა და წავიდა... ყველამ შვებით ამოისუნთქა...

***

ზანდუკი შეღებეს-შეაფერადეს და სცენაზე შემოიტანეს, ათვალიერებენ... მიზანსცენები ისევ სახელდახელოდ იცვლება, ამჯერად  ნინო არსენიშვილის, გუშინ კიდეც ვუსაყვედურე გოჩას, ცოდონი არიან არტისტები-მეთქი, - არა!.. გოჩამ და დათომ ერთდროულად მიპასუხეს, - მსახიობები შეჩვეულები არიან ასეთ რეკონსტრუქციებს და ყველაფერს თავს ართმევენ...

დათო - სტურუამ პრემიერის წინ შემიცვალა მთელი სცენები, მზად ვიყავი თავი მომეკლა, მაგრამ მერე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მან სთქვა...

ახალი შემოსვლა გაკეთდა, მაგრამ მაინც პირობითია, რადგან მიზანსცენები გამუდმებით  იცვლება...

გოჩა - დიაგონალებზე იმოძრავეთ, სცენისათვის როგორცაა საინტერესო და არა თქვენთვის კარგი...

დათო ძალიან დაიღალა, მას დიდი დატვირთვა აქვს - მოძრაობა, სიმღერა, მონოლოგები... ყველაფერი ხასიათშია საკეთებელი, არც ერთი წუთით გამოთიშვა... სუნთქვა უჭირს, ის რამდენიმე სცენა, რომელიც სტურუას ვაჩვენეთ, 30 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა...

საჭიროა სკივრში ლურსმნის მიჭედება, რომელზეც გვირგვინი დაიკიდება. დათო პაატა ჯანელიძეს სთხოვს, პაატა უარზეა, მე უფლება არა მაქვსო...

- მაშინ აქ ისხდნენ მძიმე და მსუბუქი რეკვიზიტის ხალხი, რომლებიც ამას მოაგვარებენ...

გოჩა - ბატონმა რობერტმა სურვილები გამოსთქვა და სულელი უნდა ვიყო, რომ არ მივიღო. მეორე დღეს დამიბარა და მითხრა, რომ არ უნდა დაიკარგოს ჟანრობრივი იუმორი, დეტექტივი არ უნდა გახდეს, აჯობებს  ისე გაკეთდეს, როგორც ამბობს! 

დათო - კარაპეტას მიმართ ყველა მორიდებით უნდა იყოსო...

გოჩა -  ხომ არიან ტიპები, რომლებიც გარეთ კარგები არიან, სახლში კი - პირიქით... ეს მსახურები მისი გაზრდილები არიან და ხვდებიან, რა დროს არის იგი სევდიანი, რა დროს ბრაზიანი, რა დროს მხიარული... სტურუას თქმით, ქეთის უფრო მეტი სიდარბაისლე მართებს, არისტოკრატკობას თამაშობს და ისეთი სიტყვები უნდა სთქვას, რომელთა მნიშვნელობაც არ იცის... უფრო მეტად უნდა ჩანდეს სიყვარული, სიმღერა სიყვარულისგან უნდა დაიბადოს... მუსიკაც ძალიან მოეწონა, სანდრო ნუ გაურბის იმერულ კლიშესო და არც ერთ სცენაზე არ უთქვამს, არ მომწონსო, რატომ მომერიდებოდა?.. მთავარია, რომ რუსთაველის თეატრის სპექტაკლი იყოსო...

 - ეპოქა დაარღვიეთ, დრო აურიეთ... დათოს გმირი უფრო თანამედროვე უნდა იყოსო... სკივრთან მონოლოგის სცენაში, ხელში თავის ქალა დაიკავოსო... მომერიდა იმის თქმა, რომ თავიდან მეც ასე მინდოდა გაკეთება და გადავიფიქრე, „ჰამლეტს“ რომ არ დამსგავსებოდა... ამიტომ პირველი სცენა - კარაპეტას შემოსვლა, თავიდან გაკეთდება, ხამფერას და ვარდოს სცენა ოდნავი ცვლილებით აქ გადმოინაცვლებს.

მსახიობებს დაღლა არ ეტყობათ, თითქოსდა უსასრულოდ გაივლიან რეპეტიციას...

***

დაძაბულობისაგან სუნთქვა შემეკრა...

ნიკას წულუკიძის ოჯახის დიდმა უბედურებამ ყველა დაგვზაფრა... პარალიზება მოხდა, ვერაფერს ვაკეთებთ...

***

გოჩა - მუშაობის სხვა ეტაპზე გადავალთ, სიუჟეტურ დეტალებს დავამუშავებთ. ჩემთვის ამოსავალი წერტილია - სიყალბე არ გაიპაროს... ახლა ვიწყებთ კეთებას!

დათო - მადლობას გიხდით მუშაობისათვის, აბსოლუტური თავისუფლება გაქვს, როგორც გინდა გვამუშავე...

გოჩა - თითქოს მსუბუქი ჟანრია, მაგრამ როგორც კი ამ ჟანრიდან გადაუხვევ, იაფფასიანი ხდება...

ნინო - პრინციპში, ყველა სცენა შავად მოხაზული გვაქვს...

გოჩა - ყველაფერი, გარდა ბოლო სცენებისა... ნინო, სანდრო და შენ ნუ დასერიოზულდებით. შვილივითა ჰყავხართ გაზრდილები და ამიტომ, როგორც უნდა, ისე გექცევათ, თვითონ ასკეტურად ცხოვრობს და სხვებსაც ასე აცხოვრებს... ხომ არიან ასეთი ტიპაჟები, სინათლეს ზედმეტად რომ არ ანთებენ და ყველაფერი, რაც ეკონომიური არ არის, აღიზიანებთ?.. ესენიც შეეჩვივნენ ასეთ ყოფას, წასასვლელი არსადა აქვთ და ამ მოცემულობას ისე იღებენ, როგორც არის... ამიტომ ნინოს ხასიათი უფრო მკვირცხლი უნდა იყოს, ცოცხალი... სტურუამ კონცეპტუალურად შეცვალა მიდგომა ძუნწის მიმართ, არ  დავემსგავსოთ მარჯანიშვილის თეატრის პოზიციასა და სტილს, ავტორი არ მივატოვოთ, იუმორი არ მოვაკლოთ, არ უნდა გახდეს რიჩარდი, მაგრამ არც გოძიაშვილის განუმეორებელი ტიპაჟი, არაჩვეულებრივი სახე გაგვახსენდეს...

დათოს გმირი უცებ სულ სხვანაირი გახდა, უფრო დრამატული, არ მოსწონს დასაწყისში ყვავის ბევრი ჩხავილი, ხელს მიშლისო...

***

წესრიგდება რეკვიზიტის შეტანა-გამოტანის რეპლიკები, არც ისე ბევრია, მაგრამ დასაზუსტებელია... და იმეორებენ გაუთავებლად, ხან გამოდის, უფრო მეტად არა, მუსიკა ჩერდება, იწყება თავიდან, წვალობენ, მაგრამ სხვა რა გზა აქვთ... ლელას არაჩვეულებრივი კოლიე აჩუქა ნინომ და იქნებ ჩემი კოსტუმისათვის გამოვიყენოო? - კითხულობს.

გოჩა - ანა ნინუამ და მე ვილაპარაკეთ და შენი კოსტუმი იქნებ საერთოდ შეიცვალოს... ნათია, დასაწყისის მუსიკა დათოსგან უნდა გამომდინარეობდეს...

და გოჩა და ნათია არჩევენ მუსიკას დათოს შემოსვლისათვის, ალბათ დეტექტივზე შეჩერდებიან...

სარკის ეფექტი მუშაობს - მრავლობითი კარაპეტა ძალიან კარგია, მნიშვნელოვანი, აზრიანი!

გოჩა - კარაპეტას შემოსვლაზე, პირველსავე რეპლიკაზე პირველი პიციკატო ამოიწიოს... 

ნათია - დასაწყისი ძალიან მომწონს, დილის საარი კი პირდაპირ დუდუკით რომ არ დაიწყოს, ხომ შეიძლება? ძალიან საფრთხილოა ერთი მომენტი, ლელას სიმღერაში ბევრია მოძრაობა...

გოჩა - არა, ნანი ბრეგვაძესავით მაინც ვერ იმღერებს... ეს რომ აქ ცოცხლად სრულდებოდეს, მაშინ გენახათ არეულობა...

კოტე - არა, ლელა თვითონ ჩასვამს ყველაფერს...   

გოჩა - ლელა ლილის ნამოწაფარია და დიდი შინაგანი იმპროვიზაციის უნარი აქვს, მაგრამ ბოლო ხანებში შინაგანი თვითკონტროლი დაეწყო... ჩემი პედაგოგი კი ყველაფერზე მიგვიშვებდა,  ხასიათს არ გვიცვლიდა და მერე იწყებდა აბორტმახერობას, დროს ამცირებდა.

შემოდიან მსახიობები და იწყება ცეკვის რეპეტიცია.

- ლელა, შემოსვლისას სარკეში ირეკლები, ამიტომ უფრო ნელა იტრიალე, რომ  ის კულისებშიც აღიქმებოდეს...   ქეთი, ფეხი არ წამოკრა ხალიჩას... მახსოვს, „ჯამბაზების“ ჩაბარებაზე მედიკო კასტანეტებით ცეკვავდა, საკუთარ კოსტიუმს წამოსდო ფეხი და წაიქცა... მე იქვე ვიჯექი და მოვიცელე, წამოვიწიე... ამ დროს მესმის, - არ მომეკარო!.. გავიყინე... დარბაზს ეჭვიც არ შეპარვია, რომ ასე არ იყო დადგმული... სისუფთავე თუ არ იქნა მოძრაობაში, ცუდია!.. ყოველი მოძრაობა სტოპკადრით დაამთავრე, რიტმს თავისი ლუფტები აქვს და გამოიყენე... ხასიათი გადაგყავს სირბილეში, უფრო ხაზგასმით უნდა იყოს. გავიაროთ მთელი ძალით, რომ ვნახოთ, რა გვაქვს... კუნთები იმახსოვრებენ, როგორც ამბობდნენ ჩვენი ცეკვის პედაგოგები იური ზარეცკი და მონიკა კაჭარავა...

იმეორებენ ორჯერ... სამჯერ... ოთხჯერ... გოჩას რაღაც მაინც არ მოსწონს... აზუსტებს ქეთის ცეკვის სვლებს და თვითონვე აჩვენებს, მოძრაობები უმალ იცვლება, მსახიობები უმალ იმახსოვრებენ... ყოჩაღ ლელა და ქეთი... ნინოს ფეხი სტკივა, - მუხლში თაგვი მყავს და დარბისო... და  ყველაფერს თვალნათლივ გვიხსნის...

- კახა, შენი ამოცანაა წერილი გადასცე ხამფერას...  ნინო, ერთნაირად ნუ მღერი, ეს ორი ბიჭი განასხვავე ერთმანეთისაგან. შენი ნიუანსები არ სჩანს, ამიტომ სახე ქვემოდან წამოიღე კახასკენ...

სანდრო - რაღაც ჯემალისებურად გამომდის ეს გადასვლა...

გოჩა - ვაიმე, გამოგივიდეს ჯემალისებურად, მაგას რა სჯობს...

ნინო, სანდრო და კახა - სამივენი ძალიან კარგები არიან... ნინო თვითონ ძებნის პატარა ნიუანსებს - ლოყების დაჩქმეტას, ანდა სახეზე ხელის შემოკვრას...

გოჩა - ძალიან ნუ გაერთობით ცეკვით, ნახაზს და ხასიათს წაყევით... ამ ჟანრს  საშინელი თვისება აქვს, ან უხამსობა უნდა იყოს ან საოცარი სილაღე... 

გოჩას ყოველი სცენა ახსოვს ტექსტით, მუსიკით, მოძრაობით, გადასვლებით... დაფიქრებაც არ სჭირდება, თან აწესრიგებს და თან სტუდენტობის წლებს იხსენებს, თუ როგორ ისწავლა რუსულად ესენინის ლექსები და როგორ დასცინოდნენ ჭოლა, ბერიკა და ხუსკივაძე... - ეს გველები, და როცა ვისწავლე, მაშინ ამოიღეს სწავლებიდან რუსული ენა, მერე ფრანგულის სწავლა დავიწყე და ისიც დამავიწყდა...

მისი ოპტიმზმი გადამდებია და სახალისო, მიუხედავად იმისა, რა არ დატრიალებულა მის თავს, რამდენი განსაცდელი არ გადახდენია  ცხოვრებაში...

ნათია ზეინკლიშვილს არ მოსწონს ორი ბაღდადური რომ არის... -კომპოზიტორებს ნუ გაკანკალებთ სხვისი მუსიკა რომ გესმით...  

-არა, არა, მსგავსი არაფერი მემართება, - წიწმატობს სიცილით ნათია.

- რაკი ფინალია და მორალიტე, განათებას ისე გავაკეთებ, რომ შენი მონოლოგი იმ კონტურისკენ იყოს მიმართული, რომელიც მევახშეობა-კარაპეტობის განზოგადებული სახეა... რეჟისორის ეს სიტყვები ლელასადმია მიმართული...

გოჩას სიბრძნეები:

- თეატრი მათემატიკაა, თუ ყველაფერი აწყობილია, მოზაიკები ერთად მოიყრიან თავს...

- თამაშის მანერა უნდა იყოს ბრეხტისეული, მაყურებლისათვის თამაში...

- დათო, დიდი პაუზაა, მამის აჩრდილივით... აქ ტემპი და რიტმი სხვაა...

- დათო, რიჩარდ მესამეს ნუ თამაშობ, უკვე ნათამაშევია...  

- ნინო, მუსიკაში უნდა მოასწრო გახედვაც და გულის წასვლაც...

***

გოჩას არტისტობა სძლევს ხოლმე, ო, როგორ ძალიან სძლევს!..  

***

გოჩა ხმის რეჟისორთან არკვევს სროლების რაოდენობასა და რიგს... ადვილი სამონტაჟო არ არის ნინოსათვის...  

კოტე - ნინო, ფეხი იატაკზე დადგი, რომ ადვილად წამოგაყენონ...

გოჩა - არა, აქ დუდუკი არა, დათოს სიმღერის ცხვირი... სანდრო, მიყურე, რას ვაკეთებ, - და აჩვენებს, - თქვენ უნდა შექმნათ ის დაზაფრული განწყობილება, რომელიც მოსდევს კარაპეტას შემოსვლას... წვიმაში ფეხზე გაუხდია და ქოშები ხელში უკავია... ის ასეთია და ამას ვერაფერი შეცვლის... დათო, თან მუსიკას უსმინე, იფიქრე და ისე სთქვი ტექსტი, ნუ ჩქარობ, ეს შენი პირველი მონოლოგია... თუ შენ ყოველ დღე გქურდავენ, შეიძლება კიდეც გაიღიმო, მაგრამ ახლა შენი პირველი რეაქცია - შიშია! თავიდანვე არ გაიყიდო... კახა, ლაპარაკისას ნუ მღერიხარ...

სანდრო შემორბის... - სანდრო ნუ დაეტაკები დეკორაციას, ეს არ არის ქალი... რატომ დგახარ კულისებში?

სანდრო - იმიტომ რომ ამბობ, აქ იყავით,  მუშაობას უყურეთო... 

გოჩა - კოტე, ამოდი და დაუთვალე ბრუნვები კახას და სანდროს...

პაატა აგვიანებს კედლის აწევას... ხმის რეჟისორს მუსიკა ეშლება...

- კარგია, - მოსწონს გოჩას...

ქეთი სვანიძეს შავი ტანსაცმელი ეცვა, - რატომ მეთქი? - სარეპეტიციაო, მიპასუხა...

და გოჩამ გაიხსენა... ჯერ კიდევ ინსტიტუტში ვსწავლობდი, როცა თეატრში შემოვიპარეთ და იარუსიდან მალვით ვუყურებდით, როგორ ატარებდა სტურუა რეპეტიციას სპექტაკლისას, რომელიც არც გამოსულა. სცენაზე იდგნენ ყანჩელი, ჩახავა, ფაჩუაშვილი და გიგოშვილი და ოთხივეს შავი სარეპეტიციო კაბები და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ეცვათ,  მოგვიანებით კვერენჩხილაძე შემოვიდა, მასაც დაახლოებით ისევე ეცვა, მხოლოდ ოდნავ მაღაქუსლიანი ფეხაცმელი. გაგვიკვირდა, სცენაზე, სახალხო არტისტები ისე ჩაცმულები იდგნენ, როგორც ჩვენ, სტუდენტები, რეპეტიციისას... ჩვენ კი გვეგონა, სახალხოები განსხვავებულნი იქნებოდნენ...

დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუსიკასა და მოძრაობას, ყოველი სცენა რამდენჯერმე მეორდება. დღეს პანაშვიდის სცენაა და მთელი დატვირთვა დათოზე მოდის... ისიც თავდაუზოგავად იხარჯება, ბოლომდე... მთელი ძალით ხტის მაგიდაზე შემოსკუპებული და ვითომ კინტოურს ცეკვავს...

გოჩას ფრაზა - ნუ კეტავთ ერთმანეთს... ანუ ნუ ეფარებით!..

***

გოჩა კაპანაძე და გოჩა გიორგაძე დილიდან სცენას ანათებენ... შემოდის ლევან ხურცია და ჰყვება, აქეთ მომავალ გზაზე, როგორ იქნევდა მანქანაში ვითომ ხმალს და ხმამაღლა გაჰყვიროდა, - არ გავცვლი სალსა კლდეებსა... გვერდით მდგომ მანქანაში განცვიფრებული ცოლ-ქმარის მზერა რომ შევამჩნიე, მაშინღა გამოვერკვიე და მივხვდი, სადაც ვიყავი, - მანქანების საცობში და არა სცენაზე...

სცენაზე რიგრიგობით გამოდიან არტისტები, ქორეოგრაფიც აქ არის, განათება დაყენდა, საბოლოო ცეკვის სცენას დათო და ბიჭები გადიან.

გოჩა - მუსიკა ყოფნის?

- ყოფნის, - ისმის ნინოს ხმა ზემოდან.  

ასე მგონია, ამ სპექტაკლზე მთელი ძველთბილისელები მოიყრიან თავს, თუ ვინმე დარჩა... იმდენი დუდუკი და „შალახოა“... რა უცნაურია, გოჩამ ყველა საცეკვაო ილეთი იცის, სომხური თუ ქურთული ცეკვის სვლები... კოტე დეტალებს აზუსტებს.  

დათო ძალიან კარგია, მაგიდაზე ზის და ცეკვავს, ხელ-ფეხს იქნევს, სახეზე კი კარაპეტასეული სულელური ღიმილი მოჰფენია, მაშ რა იქნება, მოცოცხლდა!..

აუცილებლად გაჩნდება კითხვა, ვინ არის ეს შლაპიანი კაცის ფიგურა კედლის ჭრილში? მისი ნახევარფიგურა მეორე კედელზეც გამეორდა... ო, ეს იდუმალი ფიგურა ის ღვთაებაა უთუოდ, ასე რომ უყვარს და ეთაყვანება ყველა ძუნწკარაპეტა, ჯანდაბას მაგათი თავი და ტანი...

გოჩა თან ცეკვავს და თან მუსიკას ზომავს. - ცოტა გრძელი ხომ არ არის ეს მუსიკა? - კითხულობს ცეკვისას...  

ყველანი უკან გადიან, პეპლიანი ფარდა ეშვება და თავჩაქინდრული, წითელ ლენტშებმული ბატკნები-მსხვერპლნი ამ ყოფა-ცხოვრებისა, რჩებიან...

იქნებ ეს ისინი არიან, ძველთბილისელები, რომელთაც ჯერ კიდევ  როდის გამოემშვიდობა იოსებ გრიშაშვილი, გტოვებ-ნახვამდისო...

ან იქნებ კიდევ ერთი და მერამდენე, დღევანდელი საბანკო  სისტემისა და ურთიერთობისაგან გასავათებულ-გაბიაბურებული ადამიანები? და მოცეკვავე და მომლხენი აქ მხოლოდ კარაპეტაა? მევახშე? თანამედროვე ბანკირი?..

ამ საერთო მუსიკალურ აურზაურში დათო მაგიდასთან ზის და  თავის მონოლოგებს იმეორებს, ან იქნებ ფიქრობს წარსულსა და მომავალზე? საბოლოო ჯამში მას და კიდევ სხვებსაც, მოუწევთ სცენაზე დარჩენა და ვასო აბაშიძისა არ იყოს, შეხტომა-შეკუნტრუშება...

ამ სპექტაკლის შემდეგ ლევან ხურციას აუცილებლად სუხიშვილების ანსამბლში მიიწვევენ...

და ბოლოს, თავდასაკრავად  გამოსვლაც იდგმება, კვლავ ცეკვით...

სცენა ოდნავ განათებულია და ძალიან ლამაზად ჩანს, განათება ისე ირეკლება სარკეში, თითქოს ქუჩის ფარანიაო...

დასაწყისის განათება და მუსიკა ზუსტდება, დეკორაციის დეტალები განათებაში კარგად ამოიწია და იკითხება - ყვავი ქოლგაზე და ფიგურის თავზე - მისი ჩრდილი...

რა კარგი იქნებოდა, რომ ამ სცენას ფარდა ჰქონდეს, თუნდაც  სინათლის, რომელიც დაფარავდა დეკორაციას და მაყურებელი ამ ყველაფერს შემდეგ იხილავდა... უფრო ეფექტურიც იქნებოდა, მაგრამ  გოჩაც და ლომგულიც  მხრებს იჩეჩავენ, ამ სცენას მეტი შესაძლებლობები არ აქვს...

- დათო, უკან დაიხიე, სინათლეში მოხვდი, ფიგურას უყურე... როცა სულ განათდები, მერე ამოიღე ხმა...

- ნინო, ჩუსტები მოგაქვს და ფეხსაცმელი გაგაქვს... დათო, სწრაფად ნუ ამბობ ტექსტს, ნელა სთქვი, უსმინე მუსიკას... ამ პირველივე სცენაში სჩანს კარაპეტას ფილოსოფია და ცხოვრების წესი, იგი ძუნწია და არ მისცემს ქართველს თავის ქალს...

ჩნდება რეკვიზიტის პრობლემები...

- ნინო, ნელა შემოუარე კარაპეტას...

გოჩას მაჩაბლის თეატრის მსახიობმა ქალებმა მოაკითხეს და შესვენებისას მისი ხელმძღვანელობით სიმღერას სწავლობენ...

ლომგულს კი განათება არ მოსწონს, დასაწყისში უფრო ცივი უნდა იყოსო... რეპეტიციის მერე რეჟისორი და მხატვარი რჩებიან... უნდა გაანათონ...

ხანუმას სჭირდება ქისა-პარკი...

სცენაზე კვლავ განათებას აყენებენ, აქ არიან გოჩა, გოჩა გიორგაძე, გვანცა, ლომგული და ნინო - ხმის რეჟისორი, როგორც ყოველთვის, მას შეუერთდა ბეჟან შერაზადიშვილი და მისი ძალიან კარგი ვაჟი. მოვიდა ქორეოგრაფი კოტეც,  ქოლგით...

გარეთ საშინელი ამინდია, რამდენიმე დღეა წვიმს, ქარი ქრის, ყაზბეგში მუხლამდე თოვლიც მოსულა... დარბაზში ძალიან ცივა.

განათების პარტიტურა დგება, კულისებიდან კვამლი ემატება, კვამლი, რომელიც ასე ძალიან უყვართ რეჟისორებს, თუმცა იდუმალ განწყობილებას კი ქმნის...

გოჩა გიორგაძე წამდაუწუმ კარნახობს გვანცას აპარატურის სახელწოდებებს, განსაკუთრებით ხშირად ასახელებს „სპოტ - 3“... ესაა განათების პროჟექტორი, რომელიც სცენის წინა და უკანა მხარესაა განლაგებული ოთხ-ოთხად... გვანცა განათებისათვის საჭირო რეპლიკებს იწერს.

გოჩა კაპანაძე - ღამის შთაბეჭდილება რომ შევქმნათ, ლურჯი ფერი შეიყვანეთ... ყვავიც გამინათეთ...

ბეჟანი - უკანა მხარეს და გვერდებში მიკროფონები დავუმატე...

გოჩას უხარია, ნეტავ, ოდნავ მაინც თუ გამოსწორდება მცირე დარბაზის აკუსტიკური პრობლემა?

თეა მარგველაშვილმა დათოსთვის საჭირო ქოლგა გამოიტანა სცენაზე, რამდენიმე დღეა აქ არისო...

გოჩა - პანაშვიდის სცენა უნდა გამინათოთ...

კაკო კუჭუხიძე შემოდის და სცენაზე, მაგიდაზე გაშოტილ გოჩას სურათს უღებს.

გოჩა - მთაწმინდაზე დამასაფლავეთ, მახათა ისედაც მეკუთვნის...

კაკო - ნუთუ ასეთი მიმზიდველია ეს ტახტი, რომ ყველა იქ წვება?...

შემოდის დუდუკები...

გოჩა გიორგაძე გახალისდა - სუხიშვილების ანსამბლის მედუდუკე -  გიორგი მერაბაშვილი რომ გარდაიცვალა, სასაფლაოზე მთელი  თბილისელი მედუდუკეები შეიკრიბნენ და დაუკრეს...  ისე ამიჩუყდა გული, ვიტირე...  

გოჩას უნდა დათოს სიმღერა დასაწყისიდან ბოლოში გადმოიტანოს, პირველ ოც წუთში ოთხი სიმღერაა თავმოყრილიო...

იდეა ორივეს მოსწონს... მსახიობისათვის სათამაშოდ საკმაოდ რთული ეპიზოდი იქმნება: ორი ემოციური უკიდურესობა - დიდი მხიარულება და დიდი ელდა...

როგორც გოჩა ამბობს, სასიმღერო ცვლილებები კიდევ არის მოსალოდნელი, ალბათ ქეთისა და ლევანის სცენა ამოძრავდება.

რა რთული სამუშაო აქვს მარინა ამაღლობელს! რეჟისორის ასისტენტის ფუნქციაში ხომ ყველაფერი შედის, აბსოლუტურად ყველაფერზეა პასუხისმგებელი: მსახიობებზე, კოსტიუმებზე, ინვენტარზე. თუ რეჟისორს სპექტაკლთან დაკავშირებით ბრწყინვალე იდეა გაუჩნდა, ასისტენტმა ეს ტელეპატიის დონეზე უნდა იგრძნოს და ყველას გააგებინოს. ყველაზე ყველაფერი უნდა იცოდეს - მსახიობების ყოველი ნაბიჯი, ასევე, სად დგას და როგორ იცვლება დეკორაცია, განათებისა და გახმოვანების მთელი პარტიტურა და თუ ვინმე რამეს ისე არ აკეთებს, სასწრაფოდ გამოასწოროს. თუ მსახიობის კოსტუმს ღილი მოსწყდა, რა თქმა უნდა, გარდერობია დამნაშავე, მაგრამ ასევე რეჟისორის ასისტენტიც. დეკორაციაზე მისაჭედებელ ლურსმანზეც დურგალთან ერთად ისიც პასუხისმგებელია... რამდენი ყურადღება, მობილიზება სჭირდება, არ უნდა დაიბნეს, მიხედოს მთელ სპექტაკლს...  ყოჩაღ მას!

თოჯინა არაბის გასაცოცხლებლად საჭირო გახდა მისი თვალების ამოშუქება და იწყება ფიქრი, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს - ლაზერის სხივებით, ფარნებით, ფოსფორით თუ სხვა რაიმეთი?..  

გოჩა - შევეცადოთ დღევანდელ მოცემულობაში, რაც შესაძლებელია, ის გავიხსენოთ, მაესტროსგან მოწოდებული გამოვიყენოთ და არ დავკარგოთ იუმორი, გადასვლები, რაც გვქონდა, გავიხსენოთ და აღვადგინოთ... მხოლოდ რეალისტურად ნურაფერს აკეთებთ, ეს კომედიაა!...

***

დღესაც რომელიღაც ტელევიზიიდან არიან მოსულები და ინტერვიუებს იღებენ...

...და მოულოდნელად, დარბაზის კარი იღება, შემოდის იგი - რობერტ სტურუა!

მახსენდება ელ გრეკოს „დიდი ინკვიზიტორი“...

- მე მოვედი, მეტრი, ვნახავ თავიდან და მოგცემთ შენიშვნებს... ცოტა იქეთ გაიწიეთ ყველამ... მე ხომ ვიხრწნები, 86 წლის ვარ, ვიხრწნები... ვყარვარ...

დაბნეულები აქეთ-იქეთ ვიფანტებით...

- გოჩა, კედლებზე ძველი თბილისის სურათები რომ გააკეთოთ? ყვავი მოძრაობს?.. არა?.. მაშინ გოჩა დავსვათ, ჩავაცვათ ყვავის კოსტუმი... რამდენ ხანს გრძელდება?

- საათი და ათი წუთი... (ვიღაცის ამოკნავლება, ჩემი?..)

გოჩა - მე მგონი, უფრო დიდი იქნება... 

- მხატვარი ვინ არის?

ლომგული - მე ვარ...

- არ გიცნობთ... გამარჯობა! პეპელა, მგონი ზედმეტად მოხატულია, საკმაოდ ნატურალურია, ყველაფერი თეატრალური უნდა იყოს... ყვავი აამოძრავეთ... მე მგონი, ძალიან ყოფითად იწყებთ, არ მომწონს... დასაწყისის მუსიკა, პირველი გამოჩენა არ ვარგა... უფრო ტკბილი მუსიკა უნდა იყოს... გოჩა, შეიძლება მეშლება, ასე მგონია, რომ ძალიან მრისხანედ იწყებთ... „მეფე ლირივით“... უნდა იყოს კომედია... ეს რა სექსია? ამას ვინ შეეწინააღმდეგება? ფული აქვს, ყველა მისია, ქალიც და კაციც... ტრიოს თავი მომასმენინეთ, მუსიკა მომწონს, მაგრამ არ მესმის სიტყვები... ქუხილი რად გინდათ?.. იყოს დუდუკები... აი, ეს კარგია... გვამზადებს ძველი თბილისისათვის... რატომ არის ყველა დაყრუებული? გადამდები ხომ არ არის?..

დათოს კოსტუმიც არ მოსწონს,

- ევროპული ჩაიცვი, თუნდაც პალტო, საიდანღაც ჩამოიტანა... შლაპაც დაიხურე... გოჩა, დუდუკები რომ დაიწყება, სინათლე შეიყვანე, მე რატომ მანათებ? თვალებს ნუ უმიზნებ... ამას სჭირდება ტექნიკა, რომელიც არ გვაქვს... ქუხილები თავში არ უნდა... ყვავი უნდა ამოძრავდეს და ორი კაკაშკაც გაუშვას... დათო, ზურგით შეტრიალდი და ფსამ... რა იყო, არ შეგიძლია? არა, ასე არა, შემოტრიალდი, სკულპტურასავით არა, რაღაცას უნდა აკეთებდე...

გოჩა საანგარიშოს სთავაზობს... 

- არა, მაგას ვერავინ მიხვდება, რა არის... შენ რომ იცი, ბებერი ხარ და იმიტომ იცი... ჩეხოვის პიესები იმიტომ არ იდგმება, რომ არტისტებს ის კოსტუმები უნდა ეცვათ, ის აგარაკები უნდა იყოს... ეს კი დღევანდელი ბიზნესმენი უნდა იყოს...

დათო, კრიალოსანიც გადააგდე, მღვდლებსაც კი აღარ აქვთ... ნელა წამოდი, უფრო ნელა, არ გაჩერდე... ახლა ქუდი მოიხადე და ხალხს მიესალმე... შენი შვილი ჯერ გაღვიძებულიც არ არის... ახლა იღვიძებს და გამოდის, რომ ყვავს საჭმელი დაუყაროს...

ჩაინიკი რომ დავინახე, გული წამივიდა, სტანდატული არ არის და შეიძლება შევღებოთ, მაგრამ თეატრალური უნდა იყოს... ნინო, ყავა მანდედან არ აიღო, გამოიტანე... დათო, გაიხადა პიჯაკი და წავიდა ბატკანთან...

რაღაც სხვა სპექტაკლს აკეთებს...

- კარგი, ერთხელაც გავიმეოროთ... ესეც შენი ეროვნული თეატრი... აქ ინტერნეტი არ იჭერს, ყველაფერი ეროვნული და არაფერი ეროვნული!.. დასაწყისისთვის რამე ცნობილი მუსიკალური თემა რომ ავიღოთ? მალერის ან ხაჩატურიანის, ძალიან ცნობილი?

კოტე მუსიკას ეძებს ტელეფონში... 

- დათო, შენი ქალიშვილი ისე შეაფასე, თითქოს უცხო ქალს უყურებ... ჩვეულებრივ რეალიზმს, ყოფით ისტორიას ნუ თამაშობთ, ეს არის ვოდევილი, მუზიკლი...

სანდროს შემოსვლა - შემოხედვა სიმაღლიდან უნდა იყოს... სანდრო, კიბეზე ადი, სწრაფად იმოძრავე... ფრთხილად იყავი, სიბერეში რა დაგემართება, რა იცი...

თქვენ თამაშობთ საზიზღრობებს და გგონიათ, ეს არის სახე და მაყურებელიც ამას ჭამს, იმიტომ რომ სულ გამოკრეტინდა?..

შენ კი ყველაფერი ჩაიწერე და მერე გამოაქვეყნე...

დათოს პალტოს სარჩული უნდა იყოს მწვანე, ზურმუხტისფერი ყვავილებით, პრიალა, სომხური... სომხებს კარგად ვიცნობ... ბიცოლაჩემი სომეხი იყო...

ქეთი, კედელს გაყევი, ბატკანს მოეფერე, კვერცხი მიუგორე, ვითომ აღდგომაა... მამას შუბლზე აკოცე... დათო დადნა... ქეთი, უფრო მსუბუქად წამოდი, მამას გაუღიმე... რა გქვია?

ქეთი - ხამფერა...

  • არ მომწონს... ხათუნა...

  • დაბაღოვი...

  • არა, დაბაღაშვილი... ქეთის ჩაუგდეთ რამდენიმე ფრანგული

სიტყვა...

ბეჟან, მუსიკას ნუ უკრავ გაუთავებლად, თორემ მოგკლავ...

სანდრო კიბეზეა ასული და იქედან ესალმება.

- ნუ თამაშობ კრეტინს, გინახავს კაცი იძახდეს კრეტინი ვარო? მსახიობების გარდა, არავინ...

სანდრო, სერგო ზაქარიაძე რომ არის „ქეთო და კოტეში“, შენი სიტყვების  გრადუსი ის უნდა იყოს... ილუსტრაციების საშინელი მტერი ვარ!

და უცებ გაჩნდა პატარა სცენა... კვერცხების გატეხვის...

- ნინო, ლილი იოსელიანივით წამოდი... გოჩა, მე რომ წავალ, თუ გინდა ყველაფერი დააბრუნე...

- არა, არა... - ისმის გოჩას ხმა მეთხუთმეტე რიგიდან...

- მე მასწავლით, რა ემართება მეორე რეჟისორს, როცა სამხატვრო ხელმძღვანელი შემოდის? გოჩა იქ ზიხარ მწვანე და შენი მწვანე ფერი აქეთ გადმოდის...

არც ერთს არა გაქვთ სცენაზე სექსი... ცხოვრებაში 16 ცოლი, 4 საყვარელი, სცენაზე კი უინტერესოები ხართ... გამაგებინეთ, რა ხდება ამ  სამ კაცს შორის, ვერ მივხვდი... ლექსად სთქვი ბიჭო, ხელებს ნუ შლი, ხმით სთქვი... - კარაპეტჯან, აქა ვარ...  

ნინო, შეაფასე სანდრო, რომელიც მუშტით გემუქრება...

დათო, პირი დაგეწვა და ყვირი... ნინომ ვედრო დაუდო და ფეხიც დაეწვა...

ასეთი სიძუნწის თამაში პრიმიტიულია, აქ უნდა მოიძებნოს  კარგი ვერსია სიძუნწის, არ მომწონს, რომ ნახშირი ვედროშია, თეორიულად მესმის, მაგრამ აბსტრაქტულად ყვირილი არ შეიძლება, ის სინდისზე ლაპარაკობს და არა ფულზე...

როდესაც ნახშირზეა ლაპარაკი, ბომჟივით ხომ არ გათბება ეს კაცი? მას კარგი გასათბობი სჭირდება, ასე ხომ არ ათბობდნენ?.. 

და ჰყვება დედოფალ ვიქტორიას შესახებ, რომელმაც გათბობა აკრძალა ლონდონში და სულ ახლახანს დაიწყეს იქ გასათბობი საშუალებებით სარგებლობა...

- ნახშირი გადაუყარა... სანდრო, ჩამოდი და ხელით აკრიფე, ნელნელა მომიყევით სიუჟეტი... დათო, როგორ ეფერები... ცოტა მუხლებში მოიხარე, გოგო არ გყავს? შვილიშვილი მაინც? ნახე, სახეზე ბუსუსები ამოსდის, სომეხია... ზემოდან განათება შევიდა... ლირიკაა... ტექსტს ლაპარაკობთ, ისე, თითქოს მაშველ რგოლს ებღაუჭებოდეთ... ეს თამაში არ არის, ეს პრიმიტიულია...

ნინო, მოფერებით ელაპარაკე... შენგან ინფორმაცია არ მჭირდება, გხედავ რომ აქ ხარ...

აბსოლუტურად გათიშული ხართ ცხოვრებისგან, მე უნდა ვნახო ის, რაც ცხოვრებაშია, თქვენ რას თამაშობთ? ასე ხომ მეც ვითამაშებ... უბრალოდ ვერ ვინძრევი... დაგავიწყდათ, რა არის ოსტატობა?..

სანდრო, იღუპები... ნინოს გახედე...

დათო, ილუსტრაციას ნუ ყვები, რომ ფული გაგდის...

დასაწყისში ცუდად გაქვთ საქმე, დაძრწიხართ, როგორც ყვავის ბახალა... კარგად შეაფასეთ ყველაფერი, შეფასებებისგან კეთდება სიუჟეტი...

ღმერთო, რამდენ სისულელებს ვლაპარაკობ!.. აქ მუსიკა მჭირდება...  

დათო, კაშჩეი ბესსმერტნის ნუ გავხარ, წაცეკვებით წადი... სანდრო, ამის წაცეკვება შეაფასე... დათო, დაცინვით გააკეთე წაცეკვება... ათვალიერე... აქ მუსიკა უნდა იყოს განსაკუთრებული, თითქოს დედოფლისთვის მოაქვთ ზღვის პროდუქტებით სავსე კალათა, ამ დროს კი ჩვეულებრივი ყავა მოაქვთ... მაგალითად, ჰენდელს აქვს საგუნდო მუსიკა... აბა, აქ დუდუკები მომეცი... ქუდი მოიხადე და შეგიძლია იმღერო კიდეც... ნინო, წაიმღერე, ახ სირუმ, სირუმ... დათო, რატომ შეჰყვირე და ჩაიმალე?.. სანდრო და ნინო, შეაფასეთ მისი ყვირილი, ვედროც შეაფასეთ... დათო, შენ უკვე ყავა დალიე... ნუ დადიხარ, ისე, როგორც ცხოვრებაში... ნინო გეპრანჭება და ისე მოდის, შენც გაეპრანჭე რაა... ყველა სიტყვის მიღმა არის აზრი, დათო ისე ამბობს, თითქოს ეს ჟანრი ლოლაშვილია თუ რამაზი, არ ვიცი... სანდრო, ნუ მიყურებ ასე... ესენი ვერ მიტანენ, მე კი მინდა გავაკეთებინო როგორც კარგია... სცენა გასაკეთებელია, მოსაძებნია...

მომიყევით, რას ნიშნავს ძუნწი?.. მე არ ვიცი... სრულიად გაკოტრებული ვარ... შვილიშვილს ვეღარ ვუხდი სწავლის ფულს... ყველანი ძუნწები ვართ, ჩემს გარდა... 5 მილიონი მაქვს დახარჯული ამათთან ქეიფში, დარბიან სამინისტროში და მიჩივიან...

სიძუნწის თამაში გარეგნულად არ შეიძლება, სიძუნწის მილიონი ნაირსახეობაა... საკმაოდ დრამატული ისტორიაა... კომედიაა, მაგრამ ჩემთვის პირობითად, იგივე დრამაა... ტრაგიკომედია, ტრაგიფარსი, როგორც გინდათ, ისე დაარქვით...

მოვედი, რაღაცეებს ვიძახი, სისულელეებს...

თეატრში იმიტომ მოვედი, რომ შევიცნო საკუთარი თავი, ჩემი  ნათესავები... გავიგო, ვინ ვარ, ვინ არიან, რა არის ცხოვრება? საოცარი პროფესია გაქვთ, მაგრამ იცით კი რა არის?.. პიესები კარგადაა დაწერილი, თქვენ კი საკუთარი გამოცდილება ვერ მოგაქვთ, ეს რჩეულთა ხვედრია...

კახას შემოსვლის მერე თითქოს რაღაც ირკვევა, მანამდე ვერ ვიგებ შინაარსს...

ცოტა დაფიქრდით რა, ცხოვრებას მიხედეთ რა... ვერ გადმოგაქვთ სცენაზე ის, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის... ჯულიეტა მაზინა რომ მიჰყავს მსახიობს სახლში და ბეთჰოვენს ასმენინებს... და ის ტირის...

დავიღალე... ახალ პიესას ვდგამ... აქამდე გაიარეთ და მე მივდივარ, ყველას ნერვები აეშალა...

სთქვა და წავიდა...

გოჩა - ეს რეჟისორი, ეს ადამიანი სამყაროს ხედავს ასე!..

***

იმავე საღამოს, იგინივე...

რ. სტურუამ მოითხოვა ერისთავის პიესის ტექსტი, კითხულობს, თან იცინის, მოსწონს... თან იცინის, არ მოსწონს... ლევანი და ქეთი სასიყვარულო სცენას გადიან ერისთავის ტექსტით... არ იციან, იბნევიან...

-  ეს არის თითქმის სცენა „ანა კარენინადან“ - კიტის და ლევინის სცენა სოფელში...

მამამისი ქართველზე არ ათხოვებს და ეს გაბრაზებული ეუბნება, სომეხი ცოლი კარგიაო? ვიღაც კარაპეტას შვილი?.. ამ სიტყვებზე მიარტყი სილა... და აქ ხანგრძლივი კოცნა უნდა იყოს... გულიც წაუვიდა... თურმე აფერისტკაა, ახლა რას აკეთებს, მერე რას იზამს?.. იმ პირველ ღამეს... ითამაშებს, ვითომ ქალწულია... ქალები ხომ საშინლად მეტიჩრები არიან... როგორც მუხინას გლეხი და გლეხის ქალი, ისე მოეხვიეთ... ხელი ასწიეთ წინ...

ლევანი დაიბნა,

- კოტე, მიდი, აჩვენე... ამ დროს უფლისაშვილი შემოდის გოროდოვოისთან ერთად და არჩილი გარბის... სომეხი ცოლები არიან ყველაზე მაგრები, ისე ჩაიჭერენ კაცს, არ გაანძრევენ... გოროდოვოი შენ იყავი გოჩა, გადაიცვი და გამოდი, მერე რა...

გოჩა - კი ბატონო რობერტ, რადგან თქვენ ამბობთ... 

- ლევანს რატომ აქვს ჩოხა გახსნილი? ქეთი, ნუ აგვიანებ... ლევან, ლუკიდან ნელა ამოდი... წინ წამოდი... დაწყების წინ პაუზა გაქვს, ადრე გამოდიხარ... ვის უნდა შენი მეგრული ბოდიში... ორი აკორდი გაუშვი ქეთი და მერე წამოდი... 

მსახიობები არა ხართ? პროვოკაცია ხართ? რამდენიმე ტაქტი ტიპიური ნამდვილი ქართული ცეკვა, ფეხგასმით, ნელა... 

კოტე ალაგებს მოძრაობებს.

- შეყვარებულები შეხვდნენ ერთმანეთს, ბედნიერები არიან... ნუ იტანჯებით...

სცენისათვის ემზადებიან, ცოცხლად ასრულებენ სიმღერებს... მას კი თავი ჩაუქინდრავს და რაღაცაზე ფიქრობს? ნეტავ რაზე?

ჩასთვლიმა...

გოჩას შემოაქვს სკივრი, ოქროს ზოდები და აჩვენებს ბატონ რობერტს.

- დათო, აიღე ჩანთა, გასწიე თოჯინა, დადექი ცენტრში... აი, ასე, წამოდი... ნუ ხარ ჩეხოვის გმირივით... ჩანთა ვერ გახსენი? არ იხსნება?..  ძალიან ჩქარობთ ტექსტებს და  ყველაფერი ერთნაირია...

დათო ლუკიდან უნდა ამოვიდეს...

- რა რთული პიესაა, ჟანრით, სიუჟეტით... ადელ... ახლა, ვინმემ თუ არ მიშველა, თავს მოვიკლავ... ჟანა დარკი არ ითამაშო, თორემ თავს მოვიკლავ... მხოლოდ თვალების ფართო გაღება არ არის მსახიობობა...

გოჩა, ამ პატარა მონაკვეთში განათების უკვე ოთხი ცვლილება იყო...

სანდრო, მონაზონად ნუ გადაიქცევი, თექვსმეტჯერ გადაიწერე პირჯვარი, კომუნისტების დროს არ ყოფილან ასე უწმინდურნი... კომუნისტების ოჯახში გავიზარდე და ყოველ აღგომას ღებავდნენ კვერცხებს, ვეკითხებოდი, რატომ-მეთქი? და შენი საქმე არ არისო... გაუძელით ჩემს გინებებს, მსახიობები ხართ თუ პროვოკაციები?

ორ დღეში პრემიერაა, სპექტაკლი დაშლილია, სტურუა მასტერკლასს ატარებს... ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს წუთნახევარი... კეთდება სამი საათი.

- სანდრო გიტარით რომ შემოვიდეს არ ჯობია? ხალისს შემოიტანს... რატომ შლიან ქართველი მსახიობი კაცები ხელებს? ბერდო პირდაპირ ხელგაშლილი გამოდის სცენაზე... ნუ ყვირიხართ... მხოლოდ ტექსტს ნუ ამბობ, დუტა კი არ ხარ... ნერვები ერთხელ მაინც აიშალეთ... ეს სათამაშო სცენაა, ძალიან ძლიერი... ეს ტირილია? რატომ ხარ სცენაზე? კუჭი გტკივა? დაგახრჩობ... დათო გაშეშდი... ლელა, სხვა სამყაროში უნდა გადაგვიყვანო, შენ ხარ ჯადოქარი, ამ კაცზე უნდა იმოქმედო და შეცვალო, კეთილი გახადო...

ლელა - მეშინია ყუთიდან არ გადმოვვარდე...

- არა უშავს, ცოტათი თუ გადმოვარდი, ტრაგიკული არ უნდა იყოს შენი ლაპარაკი...

- დათო ახლა მუხლებზე რომ დგას, სტკივა და იმაზე ფიქრობს, ხმა რომ ამოვიღო, სტურუა მომკლავსო... 

სცენიდან მელაპარაკებით ბოროტებასა და სიკეთეზე და ცხოვრება არ იცით... თქვენ გგონიათ, ჰამლეტი არ არის ბოროტი? თავისი ძმაკაცები მოაკვლევინა, ყველა მოკლა, იმის გარდა, ვინც უნდა მოეკლა, იმიტომ რომ ქვეყანა არის ბოროტებით სავსე... სიკეთეს თან სდევს ბოროტება...

ეს სცენა მზად უნდა იყოს, ეროვნული თეატრის მსახიობებო, გაითამაშეთ!.. მე უნიჭო მსახიობი ვარ და ცუდად გიჩვენებთ, თქვენ უნდა კარგად გააკეთოთ... ყველაფერს სჭირდება ენერგია, ცოდნა და ძალა... მკვეთრი შეფასებები გააკეთეთ... კარგად გააკეთეთ ეს სცენა, თორემ ან თქვენ მომკლავთ ან მე მოვიკლავ თავს...

გოჩა, გამოტოვებული გაქვს მთელი სცენები, ქორწილის სცენა არ გაქვს...

გოჩა - არ არის პიესაში...

- მერე რა, თქვენ გააკეთეთ... თოჯინა არ მომწონს... ფოთლები სცენაზე არ ვარგა, ჭუჭყიანია, მე გავაკეთებდი იატაკს, სულ შავს, პრიალას... ჩანაფიქრი გასაგებია, მაგრამ არ ვარგა... იაპონიაში საკურას სამი ბაღი ვნახე და  გავგიჟდი იმ საოცრებით... იატაკს მოფიქრება უნდა...

ლომგული - იდეალურია ბალეტის იატაკი რომ არის, მაგრამ არ გვაქვს...  

-  კარგი იქნებოდა... ნამდვილი ქვების შთაბეჭდილებაც ნერვებს მიშლის, რამე დაახატე...

ხანუმა რომ გამოჩნდება, გრძნობ, რომ ამ პიესიდან არ არის... რეჟისორების მიერ შემოტანილი ციტატაა და მუსიკალური თემაც რომ იყოს, შესავლის ნაწილი, მაყურებელი მიხვდება, საიდანაა ყველაფერი...

მუსიკა ნერვებს მიშლის... შეანელე ბეჟან... რაც შეგიძლია... არ ვარგა... ბეჟან, არ გაქვს, „შენც ლამაზი, მეც ლამაზი, ხანუმჯან?“ მხოლოდ ტექსტი არ მინდა... მე დათოს ვამღერებდი, - შენც ლამაზი, მეც ლამაზი, ხანუმჯან...

იცით რა რთული ჟანრია? ვოდევილი თუ რაღაც ჯანდაბა? შენ უნდა გამოაჩინო ამის ძუნწობა... ნუთუ, არაფერი არ ხდება შენში? ხომ არიან ტიპები, რომლებიც ცრუმორწმუნენი არიან, ჩვენს თვალწინ არის ექსტრასენსული აქტი, ამ ტექსტით უნდა მოკვდეს და გაცოცხლდეს კარაპეტა... არის რაღაც პრუწუნ-პრუწუნი... არავითარ ლოგიკას არ ემორჩილება, ეს ქალი ჯადოქარია... ლოგიკას მიყევით, შენი ქალიშვილი წაიყვანა ვიღაც დეგენერატმა ქართველმა, ყოველი სიტყვა უნდა ითამაშოთ...

კახა, მაგიდის ქვეშიდან გამოყავი თავი, ოთხით წამოდი, მერე დაინახე და შეაფასე... კახამაც იცეკვოს... სულ ტექსტს თამაშობენ... ჭკვიანური ტექსტი მაინც გქონდეთ, შექსპირის...

რადგან დასაწყისში წითელი კვერცხი თამაშდება, აღდგომის თემა  მთელ სპექტაკლში გაგრძელდეს...

დეკორაცია მცირე სცენის ისტორიაში ერთერთი საინტერესო სცენოგრაფიაა და დარჩება თეატრის ისტორიას...

***

რეპეტიცია გვიანობამდე გაგრძელდა... გაკეთდა რამდენიმე სცენა: დათოს-კარაპეტას შემოსვლა, ქეთის და ლევანის სცენა, ლელას და დათოს ექსტრასენსული სცენა - საფინალო...

სტურუა ძალიან ცუდ ხასიათზეა!

***

სტურუას სურვილით რეპეტიციაზე მოიპატიჟეს ილუზიონისტი გია ფარადაშვილი, რომელმაც ფოკუსის კეთება უნდა შეასწავლოს ხანუმას - ლელა ალიბეგაშვილს. ისიც, რა თქმა უნდა, წინადადებას დასთანხმდა და ალუმინის ჯოხისგან ყვავილების თაიგულის აღმოცენება შესთავაზა...

გვაჩვენა კიდეც თავისი ფოკუსი, მაგრამ მაინცდამაინც არავინ აღფრთოვანებულა...

თეატრი თურქეთში წავიდა ფესტივალზე, რეპეტიციას კვლავ გოჩა კაპანაძე ატარებს.

ხვალ პრემიერაა, დღეს, საღამოს, გენერალური რეპეტიცია...

გოჩა -  დღეს ცოტა მძიმე სამუშაო გვექნება, თუ ჩემი ოდნავი ხათრი გაქვთ, ამ თეატრში ოცი წელი ვიყავი არტისტი და არც თუ ისე ცუდი ჩემს თაობაში, ამიტომ რაც საჭიროა და რაც გრძნობათა ბუნებაში ჯდება, გავამაგროთ და არა მგონია, დავმარცხდეთ. ბატონი რობერტის ნამუშევარი, რაც ფორსირებულად გაკეთდა, შევინარჩუნოთ და დავაზუსტოთ...

ხვალ პრემიერაა, დღეს მძიმე დღე გვაქვს, გზიდან დამირეკა და წარმატება გვისურვა... ჩავისვრით - ჩავისვრით, თუმცა არა მგონია...

ქეთი, კარგი იქნება თუ სულ წიგნით ივლი...

გოჩა დარბაზიდან ელაპარაკება ხან განათებას, ხან მუსიკას...

- დასაწყისში ხმაურები შედის: დუდუკები, ჩიტები, ზარები, ჩოჩქოლი და განათებაც იქვეა...

დღეს პირველი პრაგონია, ყოველ შემთხვევაში გოჩა ცდილობს, რომ იყოს... ალბათ გაჩერებებით გაივლიან, მაგრამ ერთი კია, რომ სცენაზე ყველა სამსახურმა მოიყარა თავი: რეკვიზიტმა, განათებამ, ხმამ, მთავარმა ინჟინერმა, სადადგმო ნაწილის ხელმძღვანელმა მერაბ მერაბიშვილმა, ენერგეტიკოსებმა, ელექტრიკი გიაც აქ არის, თოჯინას ანათებს და გოჩას მითითებებს ასრულებს, თოჯინას უკან დგას და ხელებს აფართხალებს, კარგადაც გამოსდის, - ოპერაშია გაზრდილი, ბალერინებთანო...

ვიცინით...

საერთო განწყობილება ზეაწეულია, ოდნავ ნერვიული, მომლოდინე, სამი დღის ნერვების წეწვის შემდეგ, სპექატკლი თითქოს კოწიწდება... ვნახოთ, რა იქნება დღესაც, ხვალაც და შემდეგ დღეებშიც და მერეც, როცა თეატრი თურქეთის გასტროლიდან დაბრუნდება. მოეწონება კი ეს ყველაფერი ბატონ სამხატვრო ხელმძღვანელს?

მსახიობები კოსტიუმებს იცმევენ, უნდა შეეგუონ, გაითავისონ შესამოსელი, რომელთა შერჩევაც გართულდა, სხვებისთვის შეკერილი კაბები ზოგან უჭერთ, ზოგან ფართოა, იქნებ არ უხდებათ, იქნებ ზედმეტად გულამოღებულია, თავისებური სამუშაოა!..

გენერალურმა საშინლად ჩაიარა, გულშეწუხებულმა გოჩამ ძლივს ამოსთქვა, ხვალ, დილის რეპეტიციაზე გავასწორებთ ყველაფერსო...   

და მართლაც დილითვე, რეპეტიციაზე უამრავი რამ ჩასწორდა, უპირველესად, კარაპეტას ხაზი, რომელსაც არ შეუძლია შეცვალოს მის გარშემო არსებული ცხოვრება, რომელიც გაბედულად და სრულად აღიარებს თავის მარცხს, სიყვარულის აღფრთოვანებული მზერით შესცქერის თავის ქალიშვილს - ხამფერა-ხათუნას და გაურიგდება კიდეც მის სულელ, ეგზალტირებულ საქმროს; კარაპეტასთან, ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მისული თავადი არჩილისა და ხანუმას სცენაში, კიდევ უფრო გამოიკვეთა, თუ როგორ უნდათ მისი ხელიდან ფულის გამოტაცება... ხანუმას სევდიანი მორალიტეს შემდეგ თითქოს უნდა შეცვლილიყო და კეთილიც გამხდარიყო კარაპეტა, მაგრამ არა, ის თავის ოქროებზეა ჯვარდაწერილი...

საბოლოოდ შეიცვალა სცენების თანმიმდევრობა, საგრძნობლად შემცირდა ტექსტი, ზოგი ძველი მიზანსცენა დაბრუნდა, ზოგიც ახლებური დარჩა, მაგრამ გადაადგილდა, სპექტაკლი უფრო ლაკონური გახდა... და მსახიობებმა ყველაფერი დაიმახსოვრეს...

***

პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა, იყო ხანგრძლივი ტაში, მაყურებელმა გაიღიმა, გაიცინა, სიმღერას გულში აჰყვა და აცეკვდა... მოკლედ მოეწონა...

ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟისორმა ტყუილად არ ინერვიულა და მსახიობებიც ტყუილად არ აწვალა...

მიუხედავად ყველა გაჭირვებისა, ამ ცვალებად და ჭირვეულ სამყაროში სასწაულისთვის ადგილი მაინც დარჩა...

რეჟისორის პროფესია რთული და იშვიათია, ამიტომაც რეჟისორები არასდროს არიან საკმარისად.

ოდესმე დასწრებიხართ სპექტაკლის რეპეტიციას? გინახავთ რეჟისორის შრომა?.. როგორ აგებს სცენის კომპოზიციას? როგორ პოულობს თითოეული მსახიობისთვის სწორ ინტონაციას? როგორ გაიაზრებს სცენაზე ყოველ ნაბიჯს?

ეს ხომ ყველაზე საინტერესო საქმეა -  სპექტაკლის შექმნა!

bottom of page