top of page

როგორც ქაოსიდან დაბადება

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

294d3b65-f7bd-4d00-82db-bb3e44072402.jpeg

Cormorant Garamond is a classic font with a modern twist. It's easy to read on screens of every shape and size, and perfect for long blocks of text.

ლელა ოჩიაური

როგორც ქაოსიდან დაბადება

 „მოძრაობის თეატრში“ მოძრაობის პროცესი განახლდა. ჯერ ანა გოგიშვილის „ქალი ქვიშაში“  (კობო აბეს მიხედვით) წარმოადგინეს, ახლა კი - იოსებ ბაკურაძის საავტორო „ოქსიმორონი“. ორივე პირდაპირი და გადატანითი, პრაქტიკული და არსობრივი მნიშვნელობით, მოძრაობას, განახლებას, სიახლეს უკავშირდება. სამყაროს განზომილებების, ვითარებისა და მოცემულობების უჩვეულობას. „ქალი ქვიშაშიც“ (რომელიც რეალური მოქმედებისა და მსახიობების - ანანო იაშვილისა გიორგი ცერცვაძის ცოცხალ შესრულებას, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ანიმაციასა და ინსტალაციას აერთიანებს და AL-ის შექმნილი გამოსახულებისა და მართვის პრინციპითაა აწყობილი), „ოქსიმორონიც“ ფორმისა და სტილური გადაწყვეტის მხრივაც, უცნაური და უჩვეულო ექსპერიმენტია. რომელშიც განვითარებულიმოვლენები ცხოვრებისეულ ნაკადს თან სცილდებია და თან უერთდება, ცნებები და შინაარსები თითქოს უპირისპირდებიან ერთმანეთს, ეწინააღმდეგებიან, აფერხებენ და აჩქარებენ.

საანონსო განაცხადში და სპექტაკლის დაწყებამდე, თეატრი მაყურებელს აფრთხილებს, რომ ის თავად ხდება წარმოდგენის ნაწილი, „შეგიძლიათ ჩვენთან ერთად თავისუფლად იმოძრაოთ სცენაზე ან გახვიდეთ დარბაზიდან, დაბრუნდეთ და გამოგვყვეთ შემოქმედებით მოგზაურობაში. სპექტაკლის დაწყებამდე, გადმოგეცემათ ყურსასმენები, გთხოვთ, იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დადგმა წარმოდგენილია ჩუმი დისკოს ფორმატში და სწორედ ამიტომ არის ოქსიმორონი...“

ისე, ასეთი განაცხადი ცოტა სახიფათოა, რადგან მაყურებლის თავისუფლად მოგზაურობამ შეიძლება მსახიობების შემოქმედებით თავისუფლებას შეუშალოს ხელი. იყო კიდეც ორი-სამი ასეთი ფაქტი, როდესაც ორი-სამი ადამიანი ცოტა ზედმეტად „შეიჭრა როლებში“ და მსახიობების ადგილებიც კი „მიითვისა“. ბოლოს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ზედმეტი ქაოსისა და წინაღობების აღმართვის გარეშე და დარბაზიდანაც, რამდენადაც ვხედავდი, არავინ გასულა. არც სულ - წასასვლელად და არც დროებით - უკან დასაბრუნებლად.  ყველა მონუსხული და სრულად მობილიზებული უყურებდა, უსმენდა, შეიგრძნობდა ამბავს, მსახიობებს, მოვლენების მსვლელობას.

ესეც და ყველა სხვა გაფრთხილება და დაპირება სრულდება. რიტუალი კი, რომელიც „ოქსიმორონის“ მთავარი მამოძრავებელი პირობაა, სპექტაკლის დაწყებამდე და დარბაზში მაყურებლის მოხვედრამდე იწყება - ყურსაცვამების აღება, მორგება, პირადობების ჩაბარება, მონაცემების ანკეტის შევსება და ხელმოწერით, თარიღით დადასტურება - ერთიანი ჩანაფიქრისა და პროცესების მართვის ნაწილია.

შემდეგ მსახიობები მაყურებელს დარბაზისკენ მიუძღვიან, სხვადასხვა ადგილს უჩენენ (არ ვიცი, შერჩევითობის რა პრინციპით), შემდეგ, პატარა ჭიქებს ურიგებენ და ალკოჰოლით უმასპინძლდებიან, „იშინაურებენ“, დარბაზი გარესამყაროსგან საბოლოოდ იმიჯნება და უკვე ყველა და ყველაფერი მზადაა „ოქსიმორონისა“ და მისი თამაშის რიტუალის ძირითადი წესების მისაღებად.

ყურსასმენები კი აუცილებელი პირობაა. სპექტაკლის მხატვრული და ტექნიკური გადაწყვეტის ორგანული ნაწილი. ყველაფერი და პირველ რიგში, მუსიკა, რომლის ავტორია და ცოცხლად ასრულებს - ზემოთ, აივანზე, აპარატურასთან მჯდომი ბეგი მონიავა - მხოლოდ ყურსაცვამებში ისმის. ისმის დარბაზში შებიჯებისთანვე და თუ მოიხსნი, სამარისებური სიჩუმე დგება, რომელსაც, თუ მიაყურადებ, ოდნავ არღვევს ცელოფანის პარკების შრიალი და ფრთხილი, უჩუმესი, კატასავით მოქნილი მსახიობების ნაბიჯებისა და გარემოს რაღაც ბუნებრივი ხმები. მართლაც ჩუმი ქაოსია. მოძრაობის ძალა და გამართლება.

„უწესრიგობას“, რომელიც აქაა, სრულად აბალანსებს და ახალ დატვირთვას, მნიშვნელობასა და თვისებებს სწორედ მუსიკა სძენს (როგორც გაცხადებულია - „ჩუმი დისკოს ფორმატში“),  მისი „ელექტრონული“ ჟღერადობა, მოცულობითობა, ტემპო-რიტმი, რითმი და ხმოვანება, თითქოს ერთფეროვანი, ერთგვაროვანი, მაგრამ იდუმალი და ინტიმური. ამ შეგრძნებას, ყურსაცვამებიც აძლიერებენ, რადგან ყოველი მაყურებელი მუსიკას მარტო „უსმენს“, ერთდროულად უყურებს - მუსიკოსს, ზედა „სცენაზე“, მსახიობებს - წინ და გარშემო და სხვა  მაყურებელს, რომელიც სამოქმედო მოედანს ნახევარწრიულად შემოხვევია. მსახიობებიც მის რიტმს მიჰყვებიან და მელოდაც მათ მოძრაობას ესადაგება და განსაზღვრავს.

მაყურებელიც ყვება მუსიკას ან მის ტაქტში თვითონაც მოძრაობს - დამოუკიდებლად, თავისთვის ან მსახიობებთან ერთად. რა თქმა უნდა ან შეიძლება, ისეთი მოქნილობა, პლასტიკა არავის აქვს, მაგრამ „ოქსიმორონია“ და ყველაფრი დასაშვებია.      

 

ამ ნახევრად ან თითქმის ჩაბნელებულ გარემოში, ირეალურ, მისტიკურ სივრცეში (სცენოგრაფი კახა ბაკურაძე) მაყურებელიც იმ ნაგავსაყრელზე დგას, რომელზეც მოქმედება ხდება და რომელსაც ნაგვის პარკებით ნელ-ნელა ავსებენ - „მოქალაქეები“ - ორი ქალი და ორი კაცი -  კატო ჯაფარიძის, ანა ლევენეცის, ნიკა შაბურიშვილისა და ლაშა რობაქიძის შესრულებით. საშემსრულებლო ხერხებიც „შერეულია“ - მოძრაობა, პლასტიკა, ქორეოგრაფია, დრამის ელემენტები - უსიტყვოდ, მხოლოდ მეტყველი, გამომსახველი და „კანონიკური“ ქმედებით. გროტესკით, უტრირებული და პირობითი ელემენტების, ჟესტებისა და ნაბიჯის ორგანიკით. მოძრაობისა და მუსიკალური რიტმების, ბგერების მონაცვლეობით. მინორიც და მაჟორიც - ოქსიმორონია, როგორც სრული სიჩუმე გარეთ და ინტენსიური მუსიკითა და ყრუ ხმებით შევსებული სივრცე პერსონაჟები თავიდან ნაგავს ყრიან, ჯერ კიდევ ცარიელ „სუფთა“ ტერიტორიაზე, თან სანაგვის ბინადრებიც არიან, რომლებიც თავ-თავიანთი კუთხეებიდან გამოსვლით, ალბათ, ყოველდღიურ წესრიგს იცავენ; უსასრულოდ და აქტიურად გადაადგილდებიან ცენტრალურ მოედანზე, დეკორაციის გარე კედლებით შემოსაზღვრულ სცენაზე, მის გარშემო და მიღმა, სწორად ან დიაგონალზე. მაყურებლის უშუალო სიახლოვეს ან ოდნავ დისტანციაზე.

შემდეგ პარკებს ათვალიერებენ, ცლიან, იქ აღმოჩენილ ნივთებს ითვისებენ და ტანსაცმელს იცვამენ - პიჯაკს, იაპონურ კიმონოს, საღამოს კაბას, ერთ-ერთი მხოლოდ ტრუსებში რჩება და ასე „გადაცმულები“ სხვადასხვა ამბავს გაითამაშებენ. „წარმოდგენილს, Happening-ის სტილში“, რაც წარმოდგენილ მოვლენებსა თუ ფაქტებზე რეაგირებასა და „პასუხების“ ძიებას იწვევს და მოითხოვს, ინდივიდუალურად, თითოეული მაყურებლისგან.

მსახიობები ხან საით გადიან და ხან საიდან შემოდიან და ისევ - ხან სად და ხან სად  (თითქოს რაღაც რიტუალია) - სინქრონული და ასინქრონული, მოწესრიგებული, მიზანმიმართული და ქაოტური, რაპიდული, დინამიკური მოძრაობებითადა ენერგიულად (ქორეოგრაფი ლაშა რობაქიძე).

სპექტაკლი შვიდი ოქსიმორონისგან შედგება - პატარა გიგანტი, მშვიდი ქაოსი, მცირე ბრბო, სწრაფი რიგი, მშვიდი სკანდალი, ცოცხალი ლეგენდა, ხმაურიანი სიჩუმე. თითოეული თითქოს დამოუკიდებელი“ სახიერი ნოველაა, რომლებიც გამიჯნული და დასრულებული კი არაა, ერთმანეთში დინამიკურად, ევოლუციურად გადადიან და თავისებური სქემის მიმდევრობით, წესრიგს ამყარებენ.

მხოლოდ, რეალობა არ აღიქმება რეალობის ჩვეული გაგებით. არც დრო. მარადიული დროა, გაჩერებული დრო, როგორც კოსმოსში და უცნაურად ზღვარწაშლილი მატერიალურ, რეალურ განზომილებაში.

როგორც ოქსიმორონის ცნება ზოგადად გულისხმოიბს, აქაც ყველაფერი ხდება - საპირისპიროდ, თითქოს გამომრიცხავად, ხაზგასასმელად, გამოსაკვეთად, სხარტად, ლაკონურად, მოკლედ, თითქოს არალოგიკური შინაარსითა და თანმიმდევრობით, მაგრამ მყარი შინაგანი კავშირითა და ლოგიკით.

ასეთივე ლოგიკური და „გამართლებულია“ სპექტაკლის ფინალური ეპიზოდიც. მსახიობები, მუსიკით, სანახაობით, პროცესით დამუხტულ მაყურებელს, ნელ-ნელა ცენტრისკენ იწვევენ, სადაც მათ შეუძლიათ საბოლოოდ ჩაერთონ ამბავში და როგორც უნდათ, ისე იმოძრაონ, იცეკვონ. ერთად შეგროვილი ადამიანები ცეკვავენ და ერთიანდებიან. მათი ყურსაცვამების მწვანე შუქები ერთად და სხვადასხვა დონეზე, ციცინათელებივით ანათებს. დარბაზი კი უფრო და უფრო ბნელდება.

მაყურებლის წრეში მოქცეული მსახიობები კი შეუმჩნევლად ტოვებენ არენას და ზემოთ, მუსიკოსის გვერდით მწკრივდებიან, ძლიერი პროჟექტორების შუქი „ამონათებულები“, მუსიკის რიტმს ადევნებულები და იქვე იღებენ ტაშსა და აპლოდისმენტებს.

მოძრაობის თეატრი არც ამჟამად უხვევს ოდესღაც დასახული გეზიდან და მოძრაობს, თუმცა, ამჯერად, მარტო არაა - მაყურებელსაც ამოძრავებს. თანამონაწილედ, თანამოაზრედ აქცევს. რაღაც ახალი იბადება, რასაც შეუძლია გარშემო, გარშემორტყმულ ქაოსს მოერიოს.

მოძრაობას კი მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მას აქვს - გეზი, მიზანი, შედეგი და თუ მოგზაურობის პროცესი კეთილად სრულდება.

bottom of page