
როდის დასრულდება მგზავრობა?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ლაშა ჩხარტიშვილი
როდის დასრულდება მგზავრობა?
„რეჟისურა არ არის მხოლოდ საკუთარი ხედვის გამომჟღავნება,
არამედ ეს არის მსახიობის, დრამატურგის, დროისა და
სივრცისადმი სიღრმისეული პატივისცემა...“
პეტერ შტაინი
„რეჟისორმა მსახიობის სულში უნდა შეაღწიოს
და არა მხოლოდ თავისი ორიგინალური იდეების
დემონსტრირებით იყოს დაკავებული.“
კონსტანტინ სტანისლავსკი
„თეატრი არ არის ადგილი, სადაც რეჟისორი
უბრალოდ ექსპერიმენტებს ატარებს.
ეს არის ადგილი, სადაც ემოცია
უნდა დარჩეს მთავარ ღერძად.“
ჟაკ კოკტო
„რეჟისურა ნიშნავს მსახიობების ცხოვრებით ცხოვრებას
და არა მათზე ბატონობას.“
ჯორჯო სტრელერი
ეპიგრაფად ამ გამოჩენილი ჩვენიანების (თეატრის სფეროს გამოჩენილ სახეებს ვგულისხმობ) ნააზრევ-ნაფიქრალი ჩემი ნათქვამის გასამყარებლად გამოვიტანე. გასაკვირი არც ის იქნება თუ კოქტოს, შტაინისა და სხვათა ნათქვამი (რაც ხანგრძლივ გამოცდილებას ეყრდნობა) არ იყოს მისაღები მავანისთვის, მაგრამ ამას მნიშვნელობა მაინც არ აქვს.
მიუხედავად ზემოთ თქმულისა, შემოქმედისთვის არც დადგენილი წესებითა და არც ავტორიტეტთა შეგონებებით გაბრუებული სვლაა მომგებიანი გზა ხელოვნებაში წარმატების მისაღწევად. ასე შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა მეთქვა - ანდრო ენუქიძეს სურდა ეთქვა რაღაც ახალი და ეთქვა ორიგინალურად, მაგრამ სხვებმა უკვე დაასწრეს და სადაც არ დაასწრეს, ის „სიახლე“ სპექტაკლში მხოლოდ სიახლისთვისაა „ყურით მოთრეული“ და არ „მუშაობს“. ვსაუბრობთ, რუსთავის თეატრის ახალ წარმოდგენაზე „დარისპანის გასაჭირი“.
ქართველმა მაყურებელმა და პროფესიულმა წრეებმა, მით უმეტეს, ბოლო ათწლეულში, იმდენი „დარისპანი“ ვნახეთ, რომ რაღაც ახალს ველოდით, ან ბოლომდე ტრადიციულ მიდგომას, სადაც რეჟისორის ზედმეტი ჩარევის გარეშეც, კლდიაშვილი გენიალურად ჰყვება ამბავს, რომელიც გულიანად გაცინებს და დაგაფიქრებს.
ანდრო ენუქიძე შეეცადა არა მხოლოდ კლდიაშვილის ერთმოქმედებიანი სურათის (თავად ასე უწოდებდა) დღევანდელ ეპოქაში გადმოტანას, არამედ სიუჟეტში მრავალწახნაგოვანი პასაჟების აქტუალური რაკურსით გამოკვეთას და ახლებური აქცენტების დასმას. ამას ყველაფერს, რეჟისორი კონტრასტების პრინციპით აღწევს. ერთდროულად გვიჩვენებს დაკარგულ, გამქრალ ტრადიციასა და თანამედროვეობას. მაგალითად, მსახიობები ხან იმერული კილო-კავით საუბრობენ, ხანაც თბილისური აქცენტით (ერთ მსახიობს მეგრული ინტონაციებიც კი წასცდა), კოსტიუმები სტილისტურად ორ (კლდიაშვილისეულსა და თანამედროვე) ეპოქას შორისაა გაჩხერილი, დეკორაციაში ტრენაჟორი ველოსიპედისა და პლაზმური ტელევიზორის გვერდით გვხდება აბსტრაქტული ხე, აკვანი, ძველებური ჭაღი, დოლი... მოქმედება სპექტაკლში ორ ეპოქაში ვითარდება, რაც თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ვფიქრობ, მიზანი ბოლომდე მიღწეული არ არის და ამიტომაც, საკმაოდ დამაბნეველია მაყურებლისთვის რისი თქმა სურდა რეჟისორს.
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში, „დარისპანის გასაჭირის“ პრემიერაზე, მიბრძანებულ მაყურებელს დარბაზში თეთრი პოდიუმი ხვდება, რომელიც სცენას უკავშირდება. შესაბამისად, ფარდა გახსნილია და დარბაზში შესვლისთანავე ვხედავთ მონუმენტურ დეკორაციას, სცენის სამი მხრიდან სოფიტებამდე აწვდილ თეთრ ყრუ კედლებს (რომელიც ბოლომდე მეგონა, რომ სტატიკაში არ დარჩებოდა). სივრცის შუაგულში მაგიდა და სკამებია, იქვეა ჩამოშვებული ძველებური, ღარიბული მომცრო ზომის აბაჟურიანი ჭაღი, ავანსცენის ცენტრში აკვანი დგას, ხოლო სცენის ბოლოში ტრენაჟორი ველოსიპედი, მის გვერდით ტელევიზორი კიდია, რომელიც დეფილეს ტრანსლირებს. ცარიელი სივრცე სცენოგრაფმა ლომგულ მურუსიძემ სხვადასხვა ეპოქის ინვენტარით „შეავსო“. სცენოგრაფიის ასეთ გადაწყვეტას ლოგიკურად ებმის ბარბარე ასლამაზიშვილის კოსტიუმები, რომელიც სტილისტურად ეპოქებს შორისაა გაჭედილი. ყველა პერსონაჟი შემოსილია თანამედროვე კოსტიუმით, რომელიც ტრადიციული ტანისამოსის დეტალებს შეიცავს. ეს კონტრასტი ადვილად შესამჩნევია.
სპექტაკლი პარტერიდან იწყება, როცა პოდიუმზე მსახიობები ადიან. ავანსცენაზე სამი ქალი (ჯერ არ ვიცით ვინ არიან ისინი) და მღვდელი შემოდის, რომლებიც ქორეო-ვერბალურ ეტიუდს გაითამაშებენ. უცნაური მოქმედებების შემდეგ, ისინი ასევე უცნაურად, გამოუცნობი კონტექსტით (ვერ იგებ ირონიულად თუ სრული სერიოზულობით) ილია ჭავჭავაძის ლექსს „ტყემ მოისხა ფოთოლი“ ჯვარედინი დიალოგის ხერხით კითხულობენ, რასაც მღვდლის ლოცვა-შეგონება მოსდევს. თავდაპირველად ეს ოთხეული (მღვდელი - ნუკრი არჩვაძე, დარისპანის ცოლი - მაია ჯავახიშვილი, შუათანა შვილი - მაია გელიაშვილი, უმცროსი შვილი - თეონა ხვედელიძე) - მთხრობელები მეგონა, რაღაცით „მაკბეტის“ კუდიანებსაც მოგაგონებდათ. მხოლოდ ფინალში ირკვევა, რომ ისინი დარისპანის ოჯახის წევრები არიან, მეუღლე და ორი ქალიშვილი, თუმცა, პიესაში დარისპანს ოთხი ქალიშვილი ჰყავს, ამაზე დარისპანიც საუბრობს სპექტაკლში, მაგრამ არ ვიცით სად გაქრა მეოთხე ქალიშვილი, ან რატომ, ან რა მიზეზით არ ჩანს ის მეოთხე. გასაგებია პოდიუმის მეტაფორა, პელაგიას და დარისპანს როგორც დეფილეზე, ისე გამოყავთ თავისი ქალიშვილები, რომ ვინმემ თვალი დაადგას და ბედი გაეხსნათ. ახალი პერსონაჟების გამოგონება და მათი მოქმედებაში ჩართვა (არც შინაარსობრივად და არც მოქმედებებით) განსაკუთრებულს არაფერს სძენს სპექტაკლს. ახალი გმირები ფაქტობრივად ფუნქციადაკარგული დანამატები არიან, (თუმცა რეჟისორმა მათ მოვლენათა შეფასების ფუნქცია დააკისრა, რაც ისედაც ნათელია და სპექტაკლის სათქმელის რეზიუმედ გამოტანა ფუჭი დროის კარგვა მგონია). სხვა მხრივ, ანდრო ენუქიძე სიუჟეტის ერთგულად და დამცველად რჩება. ის ფაქტობრივად მიყვება ავტორისეულ ვერსიას და სვამს მნიშვნელოვან აქცენტებს. რეჟისორი წინა პლანზე წამოსწევს ოჯახის ფენომენის გაქრობის საფრთხეს, როგორც აქტუალურ პრობლემას. გვიჩვენებს ერის გარკვეულ ღირებულებზე დაუსრულებელ ჩამოუყალიბებლობასა და კონსოლიდაციის კრიზისს. ფინალში კი გვამცნობს, რომ ჩვენი საზოგადოება გარდატეხის ეტაპზეა. ეს პროცესი კი საგრძნობლად გახანგრძლივდა. ამიტომაც ამბობს დარისპანი (ზვიად დოლიძე) ფინალში - ღმერთო კეთილად დაასრულე ჩვენი მგზავრობაო.
ზვიად დოლიძის დარისპანი - თეატრალური პერსონაჟია, ის მუდამ თამაშობს საზოგადოებაში. მას კისერზე აზის ქალიშვილები, როგორც წურბლები, რისგანაც გათავისუფლება სურს. ამის აღიარება არის ერთადერთი გულწრფელობა სპექტაკლში. სხვა შემთხვევაში კი არსებულ რეალობას ის სხვაგვარად, შელამაზებულად წარმოაჩენს. ტყუის, როცა ამბობს - შვილთან განშორება კი არ მიძნელდება, მენანებაო. დარისპანი ზვიად დოლიძის შესრულებით ტრაბახა, აზარტული და მეტიჩარა იმერელი აზნაურია, შარმიანი და კარგად გამოწყობილი ზრდასრული კაცი, რომელიც პელაგიასთან ფლირტსა და არშიყობას არ თაკილობს, ტრაბახზე რომ არაფერი ვთქვათ.
ნათია მელაძე - მართა - მოხდენილი, თავშემონახული ქალია, რომელიც მოვლენათა ეპიცენტრში დგას და მისთვის სასარგებლო საქმეებს ჩარხავს. საკმაოდ მიზანდასახულია და ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად ყველა ხერხს მიმართავს, მათ შორის თავბრუდამხვევ არშიყს, ოსიკოს ნატალიასთან დაოჯახებაზე დასათანხმებლად. ამიტომაც უფრთხილდება ის სხეულის ფორმას, ვარჯიშობს კიდეც, ეუფლება ტრენდულ ცეკვებს სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ნათია არბოლიშვილის პელაგია ერთი მდაბიო ქალია, რომლის გაბითურება ეშმაკობის მიუხედავად დარისპანსაც კი შეუძლია. პელაგია სპექტაკლში მეორე ხარისხოვან პერსონაჟად გვევლინება, რადგან პელაგიას მნიშვნელოვანი ეპიზოდები უღიმღამოდ თამაშდება. რაც შეეხება ნატალიას (ნანა ბიბილაშვილი) და კაროჟნას (სოფიკო ჩხიტუნიძე), ისინი სხვადასხვა თაობის, ჯანსაღად მოაზროვნე ქალები არიან, რომლებიც ერთმანეთში კონკურენტს არ ხედავენ. მათთვის ოჯახის შექმნა პრიორიტეტი არ არის, მათ მოსწონთ და სურთ თავისუფლება. ნანა ბიბილაშვილის ნატალია ცოცხალი, ენაკვიმატი და მოხერხებული ყმაწვილი ქალია, სოფიკო ჩხიტუნიძის კაროჟნა კი შინაბერა, რომელიც ამ პოზიციაშიც ბედნიერად გრძნობს თავს. კაროჟნას შინაბერობა მის კოსტიუმშიც ვლინდება, რომელიც ღამის პერანგს უფრო ჰგავს, ვიდრე ახალგაზრდა, გასათხოვარი ქალის გამოსასვლელ ჩაცმულობას. ამიტომაც კაროჟნა არაკონკურენტუნარიანი ქალია „პოდიუმზე“.
ჩემი აზრით, ყველაზე ახლოს სპექტაკლის სტილისტური გააზრებისა და შესრულების თვალსაზრისით რეჟისორის ჩანაფიქრთან ონისიმეს როლის შემსრულებელი ზაზა თაგოშვილი და ოსიკოს როლის შემსრულებელი ლაშა მებუკე არიან. გარდა იმისა, რომ ორივე მსახიობი ბუნებრივია, მათ არ ჰქონიათ სცენაზე არცერთი „მკვდარი“ მომენტი. მათ გამოჩენისთანავე შემოიტანეს განწყობა, განსხვავებული ტემპო-რიტმი და მალევე მოახერხეს პერსონაჟთა ხასიათის გამოკვეთა დეტალებში, რომელიც შესამჩნევია და არა ხელოვნური. მაყურებელი თავიდანვე იგებს, რომ მათ მერკანტილური ზრახვები ამოძრავებთ, გაიგონ - მზითევის რა რესურსს ფლობენ გასათხოვარი ქალები - როცა ოსიკო მისთვის არახელსაყრელ წინადადებას იღებს, მარტივად იძვრენს თავს უხერხული სიტუაციიდან და აცხადებს, რომ დანიშნულია. როგორც ირკვევა, ეს ხერხი ონისიმესა და ოსიკოს კარგად აქვთ აპრობირებული და მაყურებელს ჩნდება განცდა რომ მართას სახლში გათამაშებული სიტუაცია მათი პირველი გამოცდილება არ არის.
ანდრო ენუქიძე, როგორც რეჟისორი ყველაზე უკეთ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, 1994 წელს დადგმული დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერებით“ წარმოჩინდა. სპექტაკს დიდი გამოხმაურება საერთაშორისო ასპარესზეც. ამ დადგმის გამო ანდრო ენუქიძე უახლეს ქართულ თეატრში კლდიაშვილის ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ დამდგმელად მოიაზრება. დღეს, კლდიაშვილის პიესა-მოთხრობების გათანამედროვება აღარავის უკვირს. კლდიაშვილის დამდგმელების წინაშე ახლა სხვა გამოწვევები დგას - არ დაკარგონ დრამატურგის სათქმელი და აღმოაჩინონ მასში ის, რაც აქამდე სხვებს არ აღმოუჩენიათ. რუსთავის თეატრის მიერ ანდრო ენუქიძის ხელმძღვანელობით სცენაზე გაცოცხლებული „დარისპანის გასაჭირი“ მორიგი რიგითი მცდელობაა კლდიაშვილის უკვდავობის შენარჩუნებისა და ახალი წახნაგების აღმოჩენების გზაზე.