top of page

როდესაც სიყვარული ძალადობაში გადაიზრდება

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

_ფოტო 2.png

ტასო გოგბერაშვილი

როდესაც სიყვარული ძალადობაში გადაიზრდება


მარტინ მაკდონა თანამედროვე ირლანდიური დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი გახლავთ. მისი პიესები გამოირჩევა ფსიქოლოგიური სიღრმით, შავი იუმორითა და ადამიანური ტკივილის წარმოჩენით. “ლინეინის სილამაზის დედოფალი” მაკდონას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი პიესაა, რომელიც უბრალო, ჩაკეტილ სივრცეში მცხოვრები ორი ადამიანის ცხოვრებას აღწერს. პიესა არა მარტო მწვავე სოციალურ პრობლემებს აღწერს, არამედ ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც მაყურებელსა თუ მკითხველში ბევრ კითხვას აჩენს. მაკდონა ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა თავისუფლებისკენ სწრაფვა, მარტოობა, ფიზიკურ თუ მენტალურ პრობლემებთან გამკლავების სირთულეები, ოჯახური ძალადობა და სიღარიბე.

სწორედ “ლინეინის სილამაზის დედოფლის” ძალიან საინტერესო და ემოციურ დადგმას ვხვდებით ქალაქის თეატრის სცენაზე. რეჟისორი დავით თარბა ოსტატურად ახერხებს, მაყურებელს მოდუნების საშუალება არ მისცეს და განაცდევინოს მათ ზუსტად ის ემოციები, რომლებსაც თავად პერსონაჟები განიცდიან. ორი საათის განმავლობაში მაყურებელი უყურებს დედისა და შვილის რთულ, დაძაბულ ურთიერთობას. სპექტაკლის დასაწყისში სცენაზე ვხედავთ მეგ ფოლანს, (ქეთი ცხაკაია) რომელზეც სულაც ვერ იფიქრებ, რომ ისეთი მოძალადეა, როგორადაც სპექტაკლის ბოლოს გვევლინება. ქეთი ცხაკაია რეპლიკებით, მოძრაობითა და ინტონაციით ახერხებს, ზუსტად დაგვანახოს პერსონაჟის ხასიათის შტრიხები, თუმცა თავდაპირველად მაყურებელი გაურკვევლობაშია, ვერ ხვდება, მეგი მსხვერპლია თუ, პირიქით, მჩაგვრელი.

 

მეგ ფოლანის გარდა, სცენაზე ვხედავთ მორინს (ანი იმნაძე). ანი სცენაზე შემოსვლისთანავე ახერხებს, მაყურებლამდე მიიტანოს საკუთარი პერსონაჟის განცდები და ფიქრები, დარბაზში მყოფ მაყურებელს კი თანაგრძნობით განაწყობს მორინის მიმართ, რადგან მორინი ორმოც წელს გადაცილებული ქალია, რომელსაც დავიწყებული აქვს, რას ნიშნავს, იყო ქალი, რას ნიშანვს, იყო თავისუფალი და ბედნიერი. იგი იძულებულია, დედის მომვლელი იყოს და აბსოლუტურად დაივიწყოს საკუთარი სურვილები თუ საჭიროებები. როგორც უკვე აღვნიშნე, სპექტაკლის მიმდინარეობისას მაყურებელი ვერ ხვდება, ვინ არის სუსტი და ვინ - ძლიერი, ვინ მსხვერპლი და ვინ - მჩაგვრელი.

 

აღსანიშნავია სპექტაკლის სცენოგრაფია, რომელზეც აჩიკო შამახიამ იმუშავა. მრუმე და ბნელი დეკორაცია ზუსტად ეხმიანება და შეესაბამება პერსონაჟთა ცხოვრებასა და ხასიათს. ვფიქრობ, დეკორაცია მაყურებელს ეხმარება, სპექტაკლის უკეთ გააზრებაში, რადგან დარბაზში შესვლისთანავე ხვდები, რომ აქ კომედიის სანახავად არ ხარ მოსული.

 

ანი იმნაძისა და ქეთი ცხაკაის გარდა, სცენაზე ვხვდებით ირაკლი ჩხიკვაძისა და ნიკა ჯაფარიძის მიერ განსახიერებულ პერსონაჟ ძმებს, პატო და რეი დულებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მოგვეჩვენოს, თითქოს, ამ ორ პერსონაჟს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვს, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულნი არიან. ნიკა ჯაფარიძის პერსონაჟი ერთი შეხედვით ლაღი, მსუბუქი და მხიარული ადამიანია, რასაც ვერ ვიტყოდით ირაკლი ჩხიკვაძის მიერ განსახიერებულ პატოზე. ნიკა ჯაფარიძის რეი საკუთარი, თითქოსდა, დაუფიქრებელი საქციელით, აბსოლუტურად ცვლის მორინისა და პატოს ბედს. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მსახიობ ირაკლი ჩხიკვაძის საოცარი გარდასახვის უნარი, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებულად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

სცენაზე გაცოცხლებული “ლინეინის სილამაზის დედოფალი” პირადად ჩემში, როგორც ერთ რიგით მაყურებელში, სხვადასხვა ემოციას აღძრავს. მაფიქრებს ისეთ საკითხზე, როგორიცაა თავისუფლებისკენ სწრაფვა, რადგან ანი იმნაძის პერსონაჟი (მორინი) მუდმივად ცდილობს, გაარღვიოს ის წრე, რომელშიც არის გამოკეტილი. ნაბიჯი, რომელსაც მორინი სპექტაკლის დასასრულს დგამს, მიუხედავად იმისა, რომ მეტად სასტიკი და დაუნდობელია, თავისუფლებასთან მისასვლელი ერთადერთი გზაა.

 

სპექტაკლი გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ყველაზე ახლობელი ადამიანი, ამ შემთხვევაში, დედა, იქცეს დაბრკოლებად პიროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე. სპექტაკლიდან გამოსულს არ მასვენებდა კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, შეეწინააღმდეგო რთულ რეალობას და გაიმარჯვო მასზე?!

როდესაც სიყვარული ძალადობაში გადაიზრდება, თავისუფლება ხშირად ისე მოიპოვება, როგორც ამას მორინი ახერხებს.

bottom of page