
როცა მუსიკა პერფორმანსად იქცევა
სარკეებიანი დარბაზიდან სასახლის ბაღამდე
.jpeg)
06.07.2026
ლაშა ჩხარტიშვილი
როცა მუსიკა პერფორმანსად იქცევა
სარკეებიანი დარბაზიდან სასახლის ბაღამდე
თეატრმცოდნისთვის ყოველთვის საინტერესოა ის მომენტი, როცა მუსიკა საკუთარ საზღვრებს სცდება და ცოცხალ სასცენო მოვლენად იქცევა. ამიტომაც ეს წერილი არც მუსიკისმცოდნის შეფასებაა და არც რეცენზია კონცერტზე. იგი უფრო იმ შთაბეჭდილების გაზიარებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ სასახლეში გამართული მუსიკალური საღამოს „მუსიკალური საღამოები სასახლის ბაღში“ შემდეგ დამრჩა, რომელიც „დეკ არტ ივენთსის" ორგანიზებითა და შემოქმედებითი საქართველოსა და თბილისის მერიის მხარდაჭრით გაიმართა. ნატალია ქუთათელაძემ, დათუნა ალადაშვილმა და ლუკა თოფურიას ტრიომ მსმენელს შესთავაზეს არა მხოლოდ კონცერტი, არამედ ისეთი მხატვრული სივრცე, სადაც მუსიკა, მოძრაობა, არტისტული ქცევა, გარემო და მაყურებელი ერთიან წარმოდგენად შეიკრა. თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნება სწორედ ასეთ მოვლენებს აერთიანებს, როცა მთავარი აღარ არის მხოლოდ ნაწარმოების შესრულების ხარისხი, არამედ ის, თუ რა ურთიერთობა იქმნება სცენასა და დარბაზს შორის, როგორ იბადება საერთო ემოციური სივრცე და როგორ იქცევა მაყურებელი უხილავ, მაგრამ სრულფასოვან მონაწილედ.
ეროვნული სასახლის სარკეებიანი დარბაზი თითქოს თავიდანვე ამ განწყობისთვის იყო შექმნილი. XIX საუკუნის მეჯლისების მეხსიერებას შემორჩენილი სივრცე დღესაც განსაკუთრებული აკუსტიკითა და ატმოსფეროთი ცხოვრობს. ამ საღამოსაც სწორედ ეს გარემო აღმოჩნდა წარმოდგენის ერთ-ერთი უხილავი პერსონაჟი. სარკეები, სინათლე, ინტიმური სივრცე და მსმენელის სიახლოვე სრულიად განსხვავებულ ურთიერთობას ქმნიდა არტისტებსა და აუდიტორიას შორის. აქ დიდი სცენის დისტანცია აღარ არსებობდა. თითოეული ჟესტი, თითოეული მზერა, თითოეული სუნთქვაც კი ახლო ხედში აღიქმებოდა.
პირველი ნაწილის პროგრამა კლასიკურ ვოკალურ რეპერტუარს, ქართულ პროფესიულ მუსიკასა და ევროპულ რომანსებს აერთიანებდა. აქ შესრულდა ქართული სასიმღერო კულტურისა და კლასიკური მუსიკის ცნობილი ნიმუშები, ფრანგული, რუსული და ევროპული ვოკალური მინიატურები, რომლებიც ნატალია ქუთათელაძის ინტერპრეტაციით ახალ ემოციურ მნიშვნელობას იძენდა. ეს არ ყოფილა მხოლოდ სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის მუსიკის თანმიმდევრობა. პროგრამა თანდათანობით აშენებდა განწყობას, სადაც ერთი ნაწარმოები მეორეს ემოციურად აგრძელებდა.
ნატალია ქუთათელაძის კოსტიუმი მხოლოდ სასცენო ჩაცმულობა არ იყო. მისი კაბა სხეულის ბუნებრივ გაგრძელებად იქცა, მოძრაობა კი მუსიკის თანაბარუფლებიან გამომსახველობით საშუალებად. იგი მღეროდა არა მხოლოდ ხმით, არამედ მზერით, პაუზით, სხეულის მსუბუქი მოძრაობითა და იმ თავშეკავებული ჟესტებით, რომლებიც სცენურ კულტურას ქმნის. მის შესრულებაში მკაფიოდ იკითხებოდა თითოეული ნაწარმოების ხასიათი, ვნება, ტკივილი, სიხარული, ბედნიერება თუ სინანული. სწორედ ამიტომ იქმნებოდა განცდა, რომ თითოეული სიმღერა დასრულებული პატარა ნოველა იყო და არა მხოლოდ ვოკალური ნომერი.
საცქერლად საინტერესო იყო ორი განსხვავებული სასცენო ბუნების თანაარსებობა. ნატალია ქუთათელაძე შინაგანი კონცენტრაციით, დინჯი გამომსახველობითა და ემოციის ზუსტი დოზირებით არსებობდა სივრცეში. მისი არტისტულობა არასოდეს გადადიოდა თეატრალურ ეფექტში. პირიქით, იგი თავშეკავებული იყო, თითქოს ცდილობდა, არც ერთი ემოცია ზედმეტად არ გამოეხატა. სწორედ ამიტომ თითოეული ფრაზა, პაუზა და მზერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა. მისი შესრულება არ იყო მხოლოდ ვოკალური ოსტატობის დემონსტრირება. ის იყო დამოკიდებულების, განცდისა და ხასიათის გადმოცემა, სადაც სხვადასხვა განწყობა ერთმანეთში შეუმჩნევლად გადადიოდა.
ნატალია ქუთათელაძისგან სრულიად განსხვავებული სასცენო ტემპერამენტი აქვს აღიარებულ პიანისტს დათუნა ალადაშვილს. იგი უფრო გახსნილია, თავისუფალი, თითქოს მსუბუქიც, თუმცა ამ სიმსუბუქის მიღმა მუდმივად იგრძნობა მაღალი პროფესიული კულტურა. იგი მაყურებელთან ურთიერთობას ძალდაუტანებლად ამყარებს, არ ცდილობს ყურადღების ხელოვნურად მიპყრობას, თუმცა მისი სცენაზე გამოჩენა მაშინვე ცვლის სივრცის ენერგიას. სწორედ ამ ორი განსხვავებული არტისტული ბუნების დიალოგმა შექმნა საღამოს შინაგანი დრამატურგია. ერთი თითქოს ინტიმური მონოლოგით ესაუბრებოდა მსმენელს, მეორე კი დიალოგს უფრო თავისუფალ, გახსნილ ფორმას სთავაზობდა. განსხვავება კი დაპირისპირებად არასოდეს ქცეულა, პირიქით, ერთმანეთის ბუნებრივ გაგრძელებად აღიქმებოდა.
პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, შეიცვალა არა მხოლოდ სივრცე, არამედ წარმოდგენის რიტმიც. სარკეებიანი დარბაზიდან მოვლენებმა ეროვნული სასახლის განახლებულ ბაღში გადაინაცვლა. კლასიკურ რეპერტუარს ადგილი დაუთმო ქართულმა საესტრადო სიმღერებმა, ამერიკულმა ჯაზურმა და პოპულარულმა მელოდიებმა. თუმცა ეს ცვლილება სტილისტიკურ რღვევად არ აღქმულა. წარმოდგენამ მხოლოდ სხვა ტემპი შეიძინა.
სწორედ ამ ნაწილში ნატალია ქუთათელაძემ მსმენელს მშვიდად მიმართა: „უბრალოდ მინდა ისიამოვნოთ.“ თითქოს ყველაზე უბრალო ფრაზაა, მაგრამ სწორედ ამ სიტყვებმა ზუსტად განსაზღვრა საღამოს ხასიათი. ხელოვნებას ხშირად ზედმეტად სერიოზული გამომეტყველებით ვუსმენთ. იმ საღამოს კი შემსრულებლებმა მაყურებელს საშუალება მისცეს, მუსიკა უბრალოდ განეცადათ.
ამიტომაც მეორე ნაწილში თავშეკავებული საზოგადოება თანდათან თავადაც იქცა ამ პერფორმანსის ნაწილად. ზოგი მორიდებით აჰყვა რიტმს, ზოგიც ცეკვით ჩაერთო, თუმცა არც ერთი წამით არ დარღვეულა საღამოს ესთეტიკა და ინტელექტუალური ღირსება. ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როდესაც უშუალობა ელეგანტურობასთან თანაარსებობდა და არც ერთი მათგანი მეორეს არ ჩრდილავდა.
ამ გარდატეხაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა დათუნა ალადაშვილს, რომელიც ამჯერად როიალთან კი არ იჯდა, არამედ სოლისტს ვოკალურ პარტნიორობას უწევდა. მისი გამოჩენის შემდეგ, საღამომ კიდევ უფრო მკაფიოდ შეიძინა პერფორმატული ხასიათი. ეს აღარ იყო მხოლოდ ორი მუსიკოს-შემსრულებლის კონცერტი. სცენაზე იქმნებოდა ცოცხალი დიალოგი, რომელიც იმპროვიზაციის განცდას ტოვებდა. შემსრულებლები ერთმანეთს უსმენდნენ, პასუხობდნენ, ავითარებდნენ მუსიკალურ ფრაზებს და მაყურებელსაც ამ შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილედ აქცევდნენ. სწორედ ამ თავისუფლებამ მისცა საღამოს სიცოცხლე.
ამ „სასცენო დიალოგში“ განსაკუთრებული ადგილი ეკავა ლუკა თოფურიას ტრიოს. გიტარა, კლავიში და დასარტყამი ინსტრუმენტები მხოლოდ აკომპანიმენტს არ ქმნიდნენ. ისინი სრულფასოვანი პარტნიორები იყვნენ, რომლებიც მუსიკალურ ქსოვილს მუდმივად ავითარებდნენ. იშვიათად გვხვდება ისეთი აკომპანემენტი, რომელიც ამდენად ფაქიზად გრძნობს სოლისტ(ებ)ის სუნთქვას, ფრაზირებასა და ემოციურ ტემპერატურას. ტრიოს არც ერთხელ უცდია საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა შემსრულებლის ხარჯზე. პირიქით, მისი თითოეული ინტერვენცია მთლიან წარმოდგენას ემსახურებოდა, რის გამოც იქმნებოდა განცდა, რომ სცენაზე ერთი მუსიკალური ორგანიზმი არსებობდა.
დღეს, როცა კულტურული ცხოვრება სულ უფრო ხშირად სწრაფი მოხმარების პროდუქტად იქცევა, განსაკუთრებით ფასობს ისეთი საღამო, რომელიც საკუთარ თავზე მეტად მაყურებელზე ფიქრობს. „მუსიკალური საღამოები სასახლის ბაღში“ სწორედ ასეთი აღმოჩნდა. მისი დასრულების შემდეგ, მეხსიერებაში არა მხოლოდ კონკრეტული სიმღერა დარჩა, არამედ ატმოსფეროც. განცდა, რომ მუსიკა მხოლოდ შესრულებული ნაწარმოებები კი არა, ადამიანებს შორის შეხვედრის ფორმაც შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ ამ საღამოს დასრულების განცდა არ დაუტოვებია. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კულტურა მხოლოდ ნაწარმოებების შესრულება არ არის, არამედ შეხვედრის ხელოვნებაა, რომელიც დასრულების შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას ადამიანის მეხსიერებასა და განცდებში.
ფოტოები: დიმიტრი ჩხეიძე