top of page

ყველაზე კეთილი და ყველაზე უკარება ადამიანის ხმა და მისი ანგელოზის გამოცხადება

20181022161326930897592.jpg

ყველაზე კეთილი და ყველაზე უკარება ადამიანის ხმა და მისი ანგელოზების გამოცხადება

ლელა ოჩიაური

ხმაურიან, ხალხმრავალ ბარათაშვილის (დ)აღმართზე ჩაუვლი კონკას, კოლონებიან, დიდ ბანერგადმოკიდებულ ძველ სახლსა და მეეზოვესთან მარჯვნივ შეუხვევ... პირველ იმპულსებს აქედანვე იღებ. შემდეგ ერთი რეალობა მთავრდება და მეორე იწყება. ვიწრო, მოკირწყლული ქუჩაც,  პატარა სახლებიც ამ პატარა, მყუდრო და თბილისის ერთ-ერთ უძველეს ქუჩაზე (რომელიც რამდენიმე ეპოქას აერთიანებს - ანჩისხატის ეკლესიიდან [(მე-6 საუკუნე) და სამრეკლოდან (1675 წელი) დაწყებული, თანამედროვე „პაბამდე“ (21-საუკუნის დასაწყისი)] გავლისას, სხვა ეპოქაში, სხვა ქალაქში, სხვა სამყაროში გგონია თავი და ბედნიერების კუნძულზე მოხვედრის განცდა გაქვს. აქ ტურისტული ზონაა და „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“. შავთელის ქუჩის ამ მონაკვეთზე თავისი და საინტერესო ცხოვრება მიედინება. აქ რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრია. 

თეატრი 1981 წელს დაარსდა და მე-19 საუკუნის შენობაში დაბინავდა. გვერდით, 1988 წელს გაიხსნა კაფე  „არ დაიდარდო!“, რომელსაც დღეს „გაბრიაძის კაფე“ ეწოდება. როგორც მისი  „კონცეფციიდან“ ვგებულობთ, რეზო გაბრიაძის სურვილი იყო, კაფეს გახსნა „საჭმელად კი არა, იმისათვის, რომ ყოველთვის მოეხალათ ყავის ერთი მარცვალი, რომლის სურნელიც თეატრს მოეფინებოდა…“ მან იქვე, 2010 წელს, საკუთარი გეგმითა  და კონსტრუქციით, ააშენა ანგელოზის (რომელიც საათში ერთხელ ცხადდება და ზარს რეკს), საათიანი კოშკი (რომლიდანც 12 და 19 საათზე გამოდიან და „სიცოცხლის წრეზე“ ეწყობიან ფიგურები). წრე იკვრება. კიდევ ერთი მაგიური წრე, რომლის ძალაც ყველაფერს ედება გარშემო და გვაუწყებს, რომ ეს თეატრი არა გასახდელიდან, არამედ ქუჩიდან იწყება. ან უბნიდან, ან ყავის ერთი მარცვლიდან, რადგან აქ ყველაფერი რეზო გაბრიაძის სამფლობელოა.

შესასვლელთან დეკორატიული ბუჩქია. აქეთ-იქით სკამები. შეგიძლია უბრალოდ ჩამოჯდე (თუ ძველ თბილისში სეირნობით დაიღლები ან ანგელოზის გადაფრენასა თუ ფიგურების აღლუმს უნდა/გინდა ელოდო), ან სპექტაკლის დაწყებამდე დრო გაქვს. თან კარგი ამინდია - გაზაფხული, შემოდგომა. შეიძლება გაზაფხულის შემოდგომაც.

შემდეგ ვიწრო კიბით ქვემოთ ჩადიხარ და პატარა კარით ასევე პატარა ფოიეში აღმოჩნდები. ფოიე მშვიდი, მყუდრო და ლამაზია. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, აქ (სხვა თეატებისგან განსხვავებით) არავინ ხმაურობს. ჩურჩულით საუბრობენ. უხმოდ ათვალიერებენ (სანახავი ბევრია) იქაურობას. უცხოელი სტუმრები (რომლების რაოდენობაც ადგილობრივების რიცხვს მუდამ საგრძნობლად აჭარბებს) მინიატურული ფიგურებით (როლებშიც სპექტაკლების პერსონაჟებსაც ამოიცნობ და სხვადასხვა ობიექტსაც იქიდან - ტურისტებისა და  კოლქციონერებისთვის) ინტერესდებიან. აქვეა ანგელოზის პატარა კოშკიც და აფიშები, ფოტოები, პლაკატები...

პატარა (80-ადგილიან, „ჩადგმული“ სკამების გარეშე) სამაყურებლო დარბაზში წითელი ხის აივნები, რკინის დახვეული კიბე და  სცენაზე - ბუტაფორული, „კუსტარული“ კოლონებია, იონიური (ვოლუტებიანი) მონჯღრეული კაპიტელებით. ოქროსფერად დაფერილი. 

კედელზე მიკრულია ასევე ბუტაფორული, დიდი ზომის, გადახაზული ტელეფონი. ხოლო შემპარავი, ეშმაკური და თბილი ხმა კი „უმორჩილესად გვთხოვს, გამოვრთოთ მობილურები რადგან დარბაზი პატარაა, სუნთქვაც კი ისმის და ა.შ“ და იმეორებს - „დიიდი მადლობა, მადლობა, მადლობა, მადლობა...“ ეს რეზო გაბრიაძეა.

მობილურების გამორთვის (თუ არგამორთვის) რიტუალის დასრულების შემდეგ სპექტაკლის მაგიური რიტუალი იწყება.  მთავარი ამბები. მოკლედ, დღესასწაული. მაყურებელიც „უმტკივნეულოდ“ იღებს თამაშის, თეატრალური პირობითობის გაბრიაძისეულ ამ წესს და აღარ უკვირს, როგორ შეიძლება ორთქლმავლებს ერთმანეთი უყვარდეთ და ამ სიყვარულმა დროს გაუძლოს; როგორ შეიძლება ისინი - რამონა (და ერმონი (ორჯერ დამსახურებული პარავოზი) „ტროფეინი“ ფილმს დაესწრონ ედი ნელსონისა და ჯანეტ მაკდონალდსის მონაწილეიბით; ორთქლმავალი აკრობატად იქცეს და ფეხნატკენი ეკვილიბრისტი ანომალია ხოხლუკოვა შეცვალოს, შაპიტომაისტერ ჰერმეს პეტროვიჩ ბაბახიდის (რომელმაც „გაჭრის“ ფოკუსის დროს ფეხები  დაკარგა და ახლა ისინი საპროტესტო წერილს წერენ) თხოვნით, რადგან ერმონმა წერილში მისწერა: „არავის უთხრა უარი, როცა შენ ხარ მისი ბოლო იმედი“; განათების ბოძზე მიმაგრებულმა რადიომ იმღეროს და გაპუტულმა ქათამმა და გოჭმა ვიქტორმა (რომელიც კარგი წარომშობა აქვს - ალგებრის მასწვალებლის ოჯახიდანაა), იჭორაონ და საქვეყნო საქმეებზე ისაუბრონ...

რეზო გაბრიაძის სპექტაკლებში ჩვეულებრივი და თითქოს შეუსაბამო ნივთები არაჩვეულებრივად გადაიქცევიან, ახალ მნიშვნელობას, დანიშნულებას, დატვირთვას იძენენ. ახალ შინაარსს.  იცვლება მასშტაბი, განზომილება, სხვადასხვა ობიექტისა თუ სუბიექტის ურთიერთშეფარდება. ადამიანი (მეთოჯინე) მეორე პლანზე გადადის და ფაქტობრივად შეუმჩნევლად გადაიქცევა.  უსულო კი ცოცხლდება, მოცულობითი (ზოგჯერ მათ შორის ზომებში არსებული განსხვავების მიუხედავდ) ხდება და ვთქვათ, ჭიანჭველა უფრო მნიშვნელოვნად გვევლინება ან თუთიყუში, ან პეპელა ვიდრე, თოჯინა-ადამიანი, თუნდაც თავადი იყოს ან იოსებ სტალინი.

ამ ამბებს თოჯინებთან - მარიონეტებთან ერთად მეთოჯინეები აცოცხლებენ. ზოგჯერ მათაც ხედავ, უემოციო სახეებითა და პროფესიონალური, დახვეწილი მოძრაობებით. სწორედ ეს გაყინულობა, ასეთი უტყვი თანამონაწილეობა ქმნის განუმეორებელ ეფექტს და ძალას მატებს თოჯინებს, რომლებსაც აბსოლუტურად რეალურად აღიქვამ. 

„მარიონეტების“ ამბები 1981 წლიდან იწყება და სხვადასხვა ინტენსივობით (ხან წყვეტით, ხან ხანგრძლივი პაუზებით - რემონტი, რეკონსტრუქცია, ხანგრძლივი საგასტროლო მოგზაურობები თუ რეზო გაბრიაძის შემოქმედებითი „მივლინებები“ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში სპექტაკლების დასადგმელად) დღემდე გრძელდება.

ძველი დადგმებიდან ზოგი კვლავ მოქმედია და ზოგიც - განახლებული. მათ ახლები შეემატა და  ახლის პროექტებთან ერთად ძველების აღორძინებაც იგეგმება.

მარიონეტების თეატრში სპექტაკლები ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას იმართება (რა თქმა უნდა, თუ თეატრი საგასტროლოდ არაა სადმე წასული). რეპერტუარში რამდენიმე სპექტაკლია - კლასიკადქცეული, ლეგენდარული „სტალინგრადის ბრძოლა“, დადგმული 1996 წელს და კვლავ თვალისმომჭრელად ბრწყინვალე; დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 2012 წელს დადგმული „რამონა“, ახლახან აღდგენილი სახელგანთმული „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“. როგორც ამბობენ, მალე აღდგება პოპულარობითა და მხატვრული ხარისხით არავიზე ნაკლები „ალფრედი და ვიოლეტა“ (რომლითაც გაიხსნა მარიონეტების თეატრი) და „ტრაპიზონის იმპერატორის ქალიშვილი“. ალბათ, აქაც, ისევე, როგორც „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტში“, რაღაცეები შეიცვლება, რაღაცას ძველი შთაბეჭდილება და ჩვენი აღქმა შეცვლის, დაამატებ-გამოაკლებს და  ჩაანაცვლებს კიდეც), მაგრამ ამით სინამდვილეში არც არაფერი იცვლება.

რეზო გაბრიაძე „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტზე“ (რომელსაც ავქსენტი ცაგარელის „ხანუმას“ სიქველი შეიძლება ვუწოდოთ) წერს: „ეს იყო რუსთაველის თეატრის თხოვნა. პიესა მთლიანად აგებულია თბილისქალაქურ ფოლკლორზე. მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა პარიზში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა. ეს ნამდვილი ბუფონადაა სირცხვილისა და მორიდების გარეშე. პიესას ხშირად დგამენ თეატრალურ ინსტიტუტებში, უყვართ სკოლის უფროსკლასელებსაც, რადგანაც გმირები ასე ხელშესახები და ბრწყინვალები არიან…

ისინი დიდი ქართველი მსახიობების ხმებით ლაპარაკობენ - ვერიკო ანჯაფარიძის - თეკლა, რამაზ ჩხიკვაძის - ხეჩო, ეროსი მანჯგალაძის - კნიაზი ვანო (ჟან) ფანტიაშვილი, მედეა ჯაფარიძის - ქეთო და სხვები. რომ არა ადამიანების ეს ხმები, ეს პერსონაჟები სულ სხვანაირები ან საერთოდ არ იქნებოდნენ. და ხმებიც დარჩა.

ამ სპექტაკლებში (აშკარად მინიშნებული დროის მიუხედავად) მნიშვნელობა არ აქვს, სად და როდის  ხდება მოქმედება, თუმცა რეზო გაბრიაძისთვის მნიშვნელოვანი, უმთავრესად, ის ეპოქაა, ის ისტორიაა, რომელიც მან თვითონ განვლო ქვეყანასთან ერთად, ომამდელი, ომისდროინდელი თუ ომისშემდგომი საბჭოთა კავშირიდან.

ისინი იმ ქალაქების, იმ სოფლების, იმ ქვეყნებისა თუ ადგილების, იმ დროების მოგონებებია, რომლებიც აღარ არიან და ან აღარ არიან ისეთი, როგორიც გვინდა იყვნენ ან როგორებიც გვახსოვს. და მათი ეს გარდასახვა, მათთან განშორება გვენანება.

რეზო გაბრიაძის სპექტაკლები იმ ქართველების, თუ სხვა ეროვნების თბილისელ-ქუთაისელების, წყალტუბოელებისა, პარიზელებისა და სხვების სევდიანი მოგონებებია. ოდესღაც მათაც ისევე უყვარდათ, ისევე განიცდიდნენ, ისევე ხვდებოდნენ და შორდებოდნენ ერთმანეთს, ისევე იბადებოდნენ და კვდებოდნენ, როგორც დღეს.

რეზო გაბრიაძე ყვება ამ ამბებს - ნოსტალგიურს, ცრემლებით ამლაშებულს, სევდანარევს, მაგრამ მაინც ბედნიერებისმომგვრელს. ესაა ნოსტალგია დროზე, ბავშვობაზე, ახალგაზრდობაზე, ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ და აღარ არიან, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ და ხანმოკლე თუ ხანგრძლივი არსებობით ავსებდნენ ცხოვრებას. წინაპრებზე, რომლებიც მოგონებებს ტოვებენ. მოგონებებს, რომლებიც იწვევენ სხვა მოგონებებს, სხვა ასოციაციებს. რომლებიც არსებობენ რეზო გაბრიაძის მეხსიერებაში და შემდეგ ჩვენსაში იწყებენ ახალი და მთელი ძალით ცხოვრებას.

ისინი იწვევენ ჩვენს პირად მოგონებებს ადამიანებზე, ქალაქებზე, ჩვენს წარსულზე. გამქრალი წარსულის არომატსაც თითქოს ცხადად შევიგრძნობთ, რადგან ჩვენც გვივლია ჩაბნელებულ, თუ ფარნით ან მანქანის ფარებით სუსტად განათებული მტვრიან გზებზე, ჩვენც გვიგვრძვნია ორთქლმავლისა და ცირკი-შაპიტოს უკვე დავიწყებული სურნელი, ჩვენც გადაგვხდენია თავს უჩვეულო თავგადასავლები და ახლა ყველაფერი გვახსენდება. ან თვალი გვეხილება იმაზე, რაზეც არასოდეს ასე არ გვიფიქრია. ან გვეჩვენება, რომ ასე ხდებოდა... 

ყველაფერი, რასაც რეზო გაბრიაძე აკეთებს - ამბობს, წერს, დგამს, იღებს და ფიქრობს (ალბათ)  - ცოცხალი და  „მატერიალიზებულია“. მისი უსულო საგნები, ორთქლმავლები, მწერები, ფრინველები, ცხოველები - „გაადამიანურებულია“. ყველაფერი სულიერდება და ადამიანურ გრძნობებს - სითბოს, სიკეთეს, სევდას, განცდას, სიყვარულს ატარებს - ზოგჯერ სულიერისაზე მეტსა და დიდსაც. ღრმას.

რასაც რეზო გაბრიაძის ხელი ეხება და გული კარნახობს - მოქარგული თეთრი ფარდები, ნახატები (ქაღალდზე), მოხატული კედლები, მაგიდები, სკამები, კარადები, ფანჯრების ჩარჩო-რაფები; საათიანი, რაღაცნაირად დაგრეხილი, შორენკეცებით მოპირკეთებული კოშკი და თვით მენიუც კაფეში, რომლის კითხვაც კი (უშუალოდ კერძების სიგემრიელეზე აღარაფერს ვამბობ) სიხარულსა და ღიმილს იწვევს და ბედნიერებას განიჭებს.

შენობის ფრონტონზე ოქროსფრად მიწერილი - Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare – „დაე ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“ - ერთი მხრივ, ამართლებს მიზანს და მეორე მხრივ - არა.

ამ დევიზს შესასვლელთან ვტოვებთ და მზად უნდა ვიყოთ ცრემლებისთვის, რომლებსაც კათარზისი მოაქვთ.  ჩვენ ცრემლები გვდის სიხარულისგანაც და სევდისგანაც, რადგან, როგორც ყველა ჭეშმარიტი „კომიკოსის“, რეზო გაბრიაძის ისტორიებიც ძალიან, ძალიან სევდიანია, ცრემლისმომგვრელი და გულისდამწყვეტი. მაგრამ თვით ყველაზე დიდ და ტრაგიკულ სიტუაციებშიც კი, ადამიანი ინარჩუნენს იუმორსაც და გაღიმების უნარს.

ამ შეგრძნებებისა და გრძნობების გამოწვევა რეზო გაბრიაძეს არაჩვეულებრივად გამოსდის. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, თამამად შეაღეთ მისი ზღაპრების კარი - იქ არამარტო ცრემლი და გულისტკივილი, არამედ შვება, სიმშვიდე და ბედნიერება გელოდებათ. იქ ყველაზე ბოროტიც კი ანგელოზია, მუდმივი განახლებისა და გამოცხადების პროცესში.

რეზო გაბრიაძე 1936 წლის 23 ივნისს დაიბადა. სულ ახლახან დაბადების დღე ჰქონდა და გაისად იუბილე აქვს - 80 წლის ხდება. არის – საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სსრკ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; პრემიების: „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“და ცარსკოე სელოს პრემიის მფლობელი.

მას ცივს, უკარებასა და „უკმაყოფილოს“ უწოდებენ, ჯაჯღანასა და ბრაზიანს. იქნებ ისინი, ვინც ამას ამბობს, თვითონ იწვევენ ასეთ რეაქციას?! ან ამით რამე იცვლება?!

მნიშვნელობა და ღირებულება აქვს იმას, რასაც აკეთებს - რასაც წერს, ხატავს, აშენებს, დგამს, ძერწავს რეზო გაბრიაძე. იმასაც, რაზეც ადამიანებს საკუთარი ხმით, თბილი, კეთილი და მოკრძალებული ინტონაციით ესაუბრება.

თუ არა ასე გულშიჩამწვდომად, მაგრამ ძალიან გულწრფელად და სიყვარულით მინდა რეზო გაბრიაძეს ვუთხრა - „დიიიდი მადლობა!..“

გმადლობთ არაჩვეულებრივი სპექტაკლებისთვის, არაჩვეულებროვი თოჯინებისთვის და მათი ხმებისთვის. გმადლობთ არაჩვეულებრივი სცენარებისთვის, არაჩვეულებრივი გამოფენებისთვის, გმადლობთ  გულიანი და გამათავისუფლებელი სიცილისთვის და სიხარულისთვის, გმადლობთ გულწრფელი ცრემლებისთვის.

გმადლობთ 34-წლიანი არაჩვეულებრივი თეატრალური და უფრო ხანგრძლივი კინოდღესასწაულებისთვის. გმადლობთ მოხალული ყავის ყოვლისმომცველი არომატისთვის.  გმადლობთ სიყვარულისთვის, რომელსაც გვასწავლით, რომელიც, როგორი ეფემერულიც უნდა იყოს, მაინც და მუდამ ჩვენთანაა. სიკეთისთვის - დიდი მადლობა.

bottom of page