top of page

რევიზორის, ერთობ არასასურველი და არასასიამოვნო, ვიზიტი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

28e6a44d-0f65-493e-86af-e0a9c9f7645b.jpeg

29.06.2026

ლელა ოჩიაური

რევიზორის, ერთობ არასასურველი და არასასიამოვნო, ვიზიტი

პატარა და თავის საზღვრებში  ჩაკეტილი პროვინციული ქალაქის (ქვეყნის) მშვიდი და მოსაწყენი ცხოვრების უშფოთველობა ერთ დღეს მოულოდნელად ირღვევა. ქალაქის თავი თანამოქალაქეებს ერთობ არასასიამოვნო ამბავს ატყობინებს - მათთან, გუბერნიისა და ოლქის მდგომარეობის შესასწავლად და ვითარების გასაკონტროლებლად, „ღმერთო ძლიერო!“, საიდუმლო მინდობილობითა და ინკოგნიტოდ, გაურკვეველი საგანგებო მისიით,  რევიზორი ჩადის!

მსოფლიო ლიტერატურის ამ გამორჩეული „ფაქტის“ „დეკლარირებით“, ნაცნობი და შთამბეჭდავი ეპიზოდითა და განაცხადით - „ბატონებო, იმისთვის მოგიწვიეთ, რომ გაუწყოთ... ჩვენთან რევიზორი ჩამოდის!“, „როგორ თუ რევიზორი!..“, „როგორ თუ რევიზორი!..“, „ესღა გვაკლდა!..“ - მიკოლა გოგოლის „რევიზორიდან“ - იწყება ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის  პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ამავე სახელწოდების, სპექტაკლიც, გიორგი კაშიას დადგმით (რეჟისორის ასისტენტები – ელენე კომახიძე, ნატო ღლონტი) და ამბავიც მისი სიუეჟეტის მიხედვით ვითარდება. მაგრამ რეჟისორს „არ ყოფნის“ ხუთმოქმედებიანი პიესის, მოვლენებით „დატვირთული“ მსვლელობა და მას საკუთარს ამატებს, ურთავს სხვა ამბებს, ციტატებს, სხვადასხვა, არანაკლებ ცნობილი ტექსტებიდან, მოქმედებას ახალი ხაზებით ავსებს, უნდა ითქვას, საკმაოდ, ჭარბადაც და ზოგიერთ შემთხვევაში, რაღაც კუთხით, ზედმეტად.

ამდენად, „რევიზორი“, როგორც პროგრამაშიცაა მითითებული, გოგოლის „რევიზორის“ მიხედვითაა დადგმული. მის საფუძველზეა აგებული, „მოტივებზე“ - გიორგი კაშიასა და და დრამატურგ ვალერი ოთხოზორიას დაწერილ ახალ პიესაზე. და გიორგი კაშიას (რომელიც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორია და  სპექტაკლებს  საქართველოს სხვა ქალაქებშიც დგამს), მიმდინარე სეზონში, ბათუმის თეატრში დადგმული მეორე სპექტაკლი, დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირის“ შემდგომ. ინსცენირებების დროს, პიესების ძირითადი ტექსტების ჩანართებით შევსება, ახალი თემებისა და მოვლენების შეტანა რეჟისორის ხელწერისა და ამით, საბაზისო მასალის ახალ ფორმატში გადატანის „გამომუშავებული ჩვევაა“.  

„რევიზორში“ ამბავი სასაფლაოზე იწყება. თითქოს უკაცრიელ და მიტოვებულ სასაფლაოზე, თუმცა, სიკვდილი და დასაფლავება აქ ხშირია. დასაფლავებაზე მთელი ქალაქი შეკრებილა - ყოველ შემთხვევაში, ისინი, რომლებიც საზოგადოების „მაღალ ფენას“ ეკუთვნიან და ქალაქის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას უძღვებიან - მმართველები, ადმინისტრაცია, თავად-აზნაურობა და მათ მსახურებს. ანუ, ისინი, რომლებიც მოვლენების მთავარი მონაწილეები - სპექტაკლის პერსონაჟები არიან. თითქოს ცხოვრება „მკვდარია“, სასაფლაოს ეს გარშემოწერილობა, ქალაქის ცხოვრების მდგომარეობას გამოხატავს.

 

რეჟისორი სცენოგრაფ ანანო დოლიძესთან ერთად ქმნის ამ პირქუში და ჩაკეტილი ქალაქის სახეს. ნახევრადწაქცეული და ფაქტობრივად, უშუქო განათების ბოძები, ქვიშისა და ხრეშის ნაყარი, შუა „ქალაქში“ გადებული, ნაწილებაცდენილი, გაუმართავი რელსი (რომელიც ბოლოს მაინც იგება და სადგურიდან პირველი მატარებელიც იძვრება), სხვადასხვა პერსონაჟის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობის ინტერიერი - მეტყველი და გამომსახველია, ზუსტად „აღწერს“ ვითარებასა და გამოუვალობისა და უძრაობის ატმოსფეროს  - გარემოსა და პერსონაჟების შინაგან მდგომარებას.

გარემო მოქმედების მსვლელობასა და მოქმედების ადგილების შეცვლასთან ერთად იცვლება. სხვადასხვა ეპიზოდის ხასიათისა და არსის მიხედვით, იცვლება სადადგმო ხერხები, ჟანრების საზღვრები მყიფეა, თუმცა სატირის, საკმაოდ მწვავე და მახვილი ფორმატი უცვლელი რჩება.

მოვლენებით, ეპიზოდებით, ფაქტებით, ცვალებადი სივრცისა და ემოციური და არსობრივი შეგრძნებებით, სამიზნეებითა და შედეგებით აქტიურად დატვირთულ სამყაროს, გიორგი ჯღარკავას ორიგინალური და ცნობილი თუ ნაკლებადცნობილი მუსიკალური თემები ავსებს, მახვილი, ზოგჯერ, კონტრასტულია, ზოგჯერ, თითქოს შინაგანად მეტყველი, ამა თუ იმ ეპიზოდის სტრუქტურული „შიდა“ აგებულებისა თუ ჟანრულად თანმდევი. 

სცენური სივრცე პირობითია, თითქოს მკაფიო საზღვრებდაკარგული, არაკონკრეტულიც, კონკრეტულიც და არარეალურიც, რომელსაც იდუმალება და არა ერთი შიდა ფენა, ქვეტექსტი ახლავს. აქ ბევრი პარალელია და დღევანდელობის არა ერთი ასოციაცია იბადება (იმის მიუხედავადაც, რომ პერსონაჟებს, უმეტეს შემთხვევაში, ეპოქის - XIX საუკუნის კოსტუმები აცვიათ და ასეთივე ვარცხნილობა აქვთ და ასევე „იქცევიან“). კონკრეტიკა უფრო მეტი განზოგადების საშუალებას ქმნის და მხატვრული გამონაგონის ვიზუალური გამომსახველობა მეტაფორული და გაუცხოებულია და მოცულობით სივრცედ გარდაიქმნება.

სპექტაკლში რამდენიმე ათეული პერსონაჟია და ბათუმის დრამატული თეატრის დასის უმეტესობა მონაწილეობს, მთავარ, მეორე თუ ეპიზოდურ როლებში. პიესის რამდენიმე მეორეხარისხოვან, უმნიშვნელო პერსონაჟის გარდა (რომლებსაც თავად ავტორი, ზოგადი სახელებით მოიხსენიებს და დიდი ფუნქცია არც აქვთ) ყველა მოქმედი გმირი „ადგილზეა“ და თუ აქტიურად ჩართული არაა მოვლენების მსვლელობაში, მუდამ ფიგურირებს და ჩანს.

მოქმედი  პირნი  და  შემსრულებელნი არიან: ანტონ ანტონოვიჩ სკვოზნიკ-დმუხანოვსკი - გოროდნიჩი - ტიტე კომახიძე; ანა ანდრეევნა – ცოლი მისი - თათული ედიშერაშვილი: მარია ანტონოვნა – ქალი მისი -  სალომე ბედინეიშვილი, მარიამ გველესიანი; სტეფან ილიჩ უხოვერტოვი – უბნის ბოქაული - ლაშა კონცელიძე;  ამოს ფედოროვიჩ ლიაპკინ-ტიაპკინი – მოსამართლე - ზაალ გოგუაძე; არტემი ფილიპოვიჩ ზემლიანიკა – საღვთო-სამადლო დაწესებულებების მზრუნველი - ლევან თედორაძე;  პეტრ ივანოვიჩ დობჩინსკი - ზაზა ზოიძე, მიშა ღომიძე; პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკი - სესე მიქავა, ზურაბ გორგილაძე; მარია ორლოვა - მერი ნაკაშიძე; პოლინა ალექსევნა - ლია აბულაძე; ივან ლაზარევიჩ რასტაკოვსკი - ავთო ქარჩავა; ვაჭარი აბდულინი - ჯემალ ველიაძე; მაზრის მკურნალი, ფედორ ანდრეევიჩ ლულუკოვი - ნოდარ ძიძიგური; ფევრონია პეტროვნა პოშლეპკინა – ზეინკლის ცოლი - ნატო გოგიტაური; ხრისტიან ივანოვიჩ გიბნერი - მაზრის მკურნალი - ნოდარ იაკობაძე; ეპისკოპოსი - გოგიტა მეგრელიძე;  სვისტუნოვი - რამაზ ღორჯომელაძე;  მიშკა – გოროდნიჩის მსახური - თორნიკე ბარამიძე, ტამანგო ჯღერია; ოსიპი - ხლესტაკოვის მსახური  - ლუკა ჭეიშვილი, დავით მამრიკიშვილი; ტრაქტირის მსახური - ნანა კიკვაძე; მაზრის მსახური - ნინა დიასამიძე; მსახურების ქორო: მარიამ მღებრიშვილი, ანი მელაძე, ქეთა ბარამიძე, მარიამ ენდელაძე; ბავშვები - შვილები - გიორგი ჯაში, დათუნა საღარაძე; ალექსეი კუზნეცოვი - კოტე მჟავია და ივან ალექსანდროვიჩ ხლესტაკოვი – პეტერბურგელი მოხელე - რევიზორი - დავით ჯაყელი. და იმის მიუხედავად, რომ გამოგონილი სახელები აქვთ და ხასიათებიც გროტესკული, სატირული და მაინც ძალიან ბევრ ნაცნობ გარემოებას, ადამიანს, ასახიერებენ და ზუსტად ერგებიან ანალოგიურ რეალურ სიტუაციებს.

ამ ქალაქში, ამ საზოგადოებაში ყველასა და ყველაფერს გოროდნიჩი (ადმინისტრაციულ-პოლიციური ხელისუფლების წარმომადგენელი, რუსეთის საოლქო ქალაქში) - ასე ვთქვათ, ქალაქის თავი - განკარგავს. თანამდებობრივადაც ეკუთვნის და ხასიათიც, მორალიც ასეთი აქვს. უფრო ზუსტად, უმორალობა. მას არც ხელქვეითები, დიდი თუ პატარა სახელმწიფო მოხელეები და ჩამორჩებიან.

აქ ამ ქალაქსა და მის მაცხოვრებლებს არც მომავლის, არც ქალაქში რაიმეს შეცვლის, რც მისგან თავის დაღწევის პერსპექტივა არ გააჩნიათ, სარკინიგზო ხაზის გაყვანისა და მატარებლის ამუშავების მიუხედავად. ყველაფერი მათზეა (როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში და ყველა დროში და ყველგან) დამოკიდებული და ასეთი ქალაქი, ასეთი ცხოვრება მათი პერსონალური არჩევანია.

აქ ქალაქს, ამ საზოგადოებას რევიზორის ვიზიტიც სხვადასხვაგვარად აფორიაქებს. როგორც ნებისმიერ საზოგადოებას, რომელსაც არც ზნეობა აქვს, არც მორალი, რომელიც, მართალია, მიჩვეულია ხელისუფლების მსახურებას, მაგრამ არ უყვარს და ეშინია ხელისუფლების.

თავისი პირადი პრობლემებით დამძიმებული და პრაქტიკულად, მიუსაფარი ხლესტაკოვი თავიდან ვერც კი ხვდება, რა ხდება მის თავს, რატომ ხვდებიან ასეთი პატივით, თუმცა, შემდგომ, ირგებს და იყენებს სიტუაციას, ყველა შეთავაზებითა და მდგომარეობით მშვენივრად სარგებლობს და ამ საზოგადოების ერთგვარ მსაჯულად თუ დამსჯელ სუბიექტადაც გარდაისახება.

ქალაქის მცხოვრებები ხშირად იცვლიან ნიღბებს, ადვილად იცვლიან პოზიციას, როგორც საჭიროა, იქცევიან, ყველაფერს აკეთებენ „თავის გადასარჩენად“, გამორჩენისთვის, ცხოვრების პირობების შესაცვლელად, გასაუბჯობესებლად. ფუჭი მცდელობებითა და არსებულის კიდევ უფრო დამძიმებითა და გაუარესებით. ნაცნობი სიტუაციაა, ნაცნობი სახეებით, წესებითა და ბრძოლით წესების გარეშე.

სპექტაკლის პერსონაჟეს - ყველას აქვს „საკუთარი“ გამოსვლა, ეპიზოდი,  თითოეული, ხან ჯგუფურ და ხან მასობრივ სცენეშია ჩართული, ქოროსა თუ საზოგადოების ზოგად, კრებით სახეს ქმნიან. თუმცა, მთვარი თუ როლის „ეპიზოდურობის“ მიუხედავად, უფუნქციო არც ერთი არაა. თვისებებიცა და ამოცანებიც გამოკვეთილი აქვთ და სხვადასხვა ტიპის, კატეგორიის, ფუნქციის მატარებელი პერსონაჟების სახეების შექმნაში სხვადასხვა ხერხსა თუ საშემსრულებლო სტილს - ჟანრიდან გამომდინარე - იყენებენ.

ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, რევიზორი მართლაც მოვიდა, თუმცა, ის  სპექტაკლის დაწყების პირველივე ეპიზოდებიდან, ხან პერსონაჟებთან ერთად და ხან, მათგან მალულად, ალექსეი კუზნეცოვის სახელითა და ბათუმის თეატრის დირექტორ, კოტე მჟავიას შესრულებით,  ერთვებოდა მოქმედებაში და ალბათ, მთელი ეს დრო, აკვირდებოდა, ამოწმებდა. ოღონდ, ბოლომდე არავინ უწყის, სინამდვილეში, რა მიზნით.

კომედია, ფარსი, სატირა, საბოლოოდ, დრამასა და ტრაგედიაში ცხადდება. პერსონაჟებს - ოჯახის წევრებსა თუ სახელმწიფო იერარქიულ საფეხურზე მყოფ, თანამოაზრეებს (პოლიტიკურსაც კი), ყოფილ მეგობრებსა და ახალდაკავშირებულ მოქალაქეებს  შორის არსებული, ჯერ კიდევ შემორჩენილი ან, სასურველი ყველა, თუნდაც, სუსტი კავშირი წყდება და ყველაფერი საბოლოოდ ირღვევა. ამ, ისედაც დაშლილ და ფასეულობადაკარგულ სამყაროს, როდესაც „ერიცა და ბერიც“ აღარ და ვეღარ ქმნის საზოგადოებას და ადამიანურ სახესაც კარგავს, აღარაფერი „გადაარჩენს“.  

სიცოცხლე და სიკვდილი მაქსიმალურად უახლოვდებიან ერთმანეთს. დანაკარგები მატერიალურ ფორმასაც იძენენ - პირდაპირი და პირობითი მნიშვნელობით. ხლესტაკოვი მიდის. მხოლოდ მას გაუმართლა. პირველი მატარებელი კი ქალაქს ტოვებს. „მთელი ჯგუფი, რომელმაც უცებ შეიცვალა მდგომარეობა, ქვავდება“. და უიმედობის  უკუნში იძირება.

bottom of page