რეფლექსია სპექტაკლზე "ინტერვიუ"

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

280265656_1986006764939389_4722358362859511165_n.jpg

მარიკა მამაცაშვილი

რეფლექსია სპექტაკლზე "ინტერვიუ"

 

საკითხები, რომლებიც თავის დროზე ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა და მწერალმა, ტეოდორ ჰოლმანმა საკუთარ დრამაში "ინტერვიუ" წამოჭრა შემდეგია: გარდაცვლილი შვილით გამოწვეული მამის ტკივილი; მამა უხერხემლო და უმოქმედო; ევროპული კულტურის რაციონალიზმთან დაშორება და ირაციონალურის უარყოფა, ინტელექტუალების ყალბი სიმამაცე და პატივმოყვარეობით ტკბობა, სექსის ჰიპერბოლიზაცია, როგორც არსებობის მთავარი დასტური, გენდერს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, სადაც მხოლოდ ძლიერი იმარჯვებს,  ვისთვისაც შემაკავებელი არ არსებობს, მიზნის მიღწევისას და, რაც მთავარია, კაცობრიობის დღევანდელი მამოძრავებელი მერკანტილიზმი, რომელიც ყველას და ყველაფრის შთანმთქმელია.

ჰოლმანმა სოციალური დრამა დაწერა, რომლითაც კინორეჟისორი ტეო ვან გოგი დაინტერესდა და 2003 წელს ფილმიც "ინტერვიუ" გამოვიდა. მთავარ პერსონაჟს, მსახიობი კატია შურმანი ასახიერებს, ის საკუთარ თავს თaმაშობს. ამ როლისთვის კატიამ ჰოლანდიის კინოაკადემიის მთავარი პრიზიც დაიმსახურა. ვან გოგის და ტეოდორ ჰოლმანის ნამუშევარით 2006 წელს ჰოლივუდი  დაინტერესდა, სტივ ბუშმანი რეჟისორიც გახლდათ და მთავარი როლის შემსრულებელიც, მას პარტნიორობას სიენა მილერი უწევდა. ორივე ფილმზე დაწერილი რევიუების 55% დადებითია. დრამა მხოლოდ ლოკალურ პრობლემებზე არ საუბრობს, ეს წუხილი  გლობალურია.  ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა ჯგუფიც დაინტერესდა ჰოლანდიური პროდუქციით.

დავით თარბამ და ქეთევან სამხარაძემ პიესა ქართულად თარგმნეს. ამბავი ჩამთრევია, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება მხოლოდ ორ ადამიანს შორის, დახურულ სივრცეში ვითარდება. კატარინა და პიერი (ლიზი კოტრიკაძე და გივი ბალანჩივაძე) ბინის დაუტოვებლად ახერხებენ გადმოსცენ რა ხდება "დაკარგული ადამიანის" შინაგან სამყაროში, რაც, უდავოდ, რეჟისორის და მსახიობების ოსტატობაა. მაყურებელი, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის მეორე აუდიტორიაში იკრიბება დაძაბულ ვნებათა ჭიდილს  ადევნებს თვალყურს.

სცენოგრაფია ძუნწია, მიუხედავად იმისა რომ გარემო მინიმალისტურია, ის უგემოვნოა - თეთრი კედლები, შუაში დაკიდებული ტელევიზორი და მარჯვენა მხარეს ბურჟუაზიული კეთილდღეობის სიმბოლო - დიდი, მწავნე, თეთრ ფეხებზე შესკუპებული, ტახტი სივრცის დომინანტია, მარცხენა კედელზე პატარა, ასევე თეთრი თარო, ანტიკური ბიუსტით და კატარინას ვიდეოფილმებით არის "დამშვენებული". სცენოგრაფმა თამარ სამხარაძემ და გამნათებლებმა -გიორგი ქლაინმა, თამარ სამხარაძემ და ნიკა ჯაფარიძემ შეძლეს ისეთი კიჩური გარემოს შექმნა, რომ დაკვირვებულ მაყურებელს არ გამოეპარება - მათ თვალწინ  ნამდვილად  მტკივნეული და  თან გროტესკული ამბავი გათამაშდება.

დავით თარბა "ინტიმური თეატრის" ყველა ხერხის დაცვით აგებს წარმოდგენას. მისი, როგორც რეჟისორის ფუნქცია, თითქოს უჩინარია და ამავე დროს ხაზგასმული, საერთოდ ასეთი მუშაობის სტილი ახალგაზრდა რეჟისორისთვის ორგანულია, რაც ჩემთვისაც, როგორც კრიტიკოსისთვის, მისაღები და მოსაწონია.

თეატრის განვითარების ისტორიას თუ გადავხედავთ, მსოფლიოში მიმდინარე კატაკლიზმებისას სცენის მოღვაწეები მიმართავდნენ კამერულ, ინტიმურ თეატრს, ამის დასტურად მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს - მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე შვედი დრამატურგის - ავგუსტ სტრინბერგის შემოქმედებაც საკმარისია.  ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიც კატაკლიზმებითაა დატვირთული, ადამიანი ისევ მარტოა, როგორც ნიცშე ამბობდა - ღმერთი მკვდარია, რადგან ვერ ეხმარება ინდივიდს გლობალურ პრობლემებთან გამკლავებაში...

ახალგაზრდა რეჟისორი თითქოს სამყაროს პულსაციას გრძნობს, მისი წინა ორი ნამუშევარიც - "რაც მიყვარს", "წმინდა ანტუანის სასწაული" ამაზე მეტყველებს. ის მგრძნობიარე და დაკვირვებული ხელოვანია, რომელიც ტექსტს არ შორდება, მაგრამ საკუთარ ხელწერას ამჩნევს სპექტაკლს. ამ შემთხვევაშიც, თეოდორ ჰოლმანის პიესას მიყვება რეჟისორი, მხოლოდ ფინალს ცვლის, ამის მიზეზი, ვფიქრობ, ტექნიკურია, ის პერსონაჟების რაოდენობას ამცირებს, ორ მსახიობამდე და ამიტომაც სპექტაკლის დასასრული პიესისგან განსხვავებულია, თუმცა ამით არაფერი იცვლება. მიზანსცენები ისეა აწყობილი, რომ მსახიობების ოსტატობის ბოლომდე გაიხსნას ხელს უწყობს, რაც მთავარია, საათნახევრის განმავლობაში მაყურებელი ერთი წამითაც ვერ იწყენს, რადგან დინამიკური სპექტალის დადგმა თარბასთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

სპექტაკლი მანამდე იწყება, სანამ სტუმრები საკუთარ ადგილს იკავებენ. დარბაზში შესული მაყურებელი მყისიერად ვერც ამჩნევს იატაკზე გაწოლილ კაცს, რომელსაც ჩაძინებია. ცოტა ხანში ტელეფონი რეკავს. ის პასუხობს და ჩხუბობს. ეს შუახნის მამაკაცი, პიერ პეტერსი (გივი ბალანჩივაძე) პოლიტიკური მიმომხილველია, რომელიც, როგორც ჩანს, "ჩამოაქვეითეს" და სერიალების ვარსკვლავთან ინტერვიუს ჩაწერა დაავალეს. მის გაღიზიანებას ისიც ამძაფრებს, რომ  კინოვარსკვლავი საათნახევარით იგვიანებს...

გარემოებები ისე იცვლება, რომ პიერი და კატერინა როლებს ცვლიან, ინტერვიუ, რომელსაც, წესით, პიერი უნდა უძღვებოდეს,  კატერინას პრეროგატივა ხდება. გოგონა  კამერით ხელში შემოდის და ინტერვიუს წერს პეტერსთან, კაცთან, რომელიც სულ ახლახანს ბოსნიაში ომის კორესპონდენტი გახლდათ, რომლის თავზეც ომის საშინელებებმა გადაიარეს, მუცელშია დაჭრილი და  შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა.

სცენაზე მოქმედება ორი, მარტოსული, ადამიანის ენერგიით იმუხტება. გივი ბალანჩივაძის შესრულებული ეპიზოდი გრძნობების გრადაციას გვიჩვენებს, ის თითქოს ომის ქარცეცხლში ისევ თავით ეშვება, შემდეგ პირად ტრაგედიას იხსენებს - მიმიკა, ჟესტიკულაცია ორივე შემთხვევაში მის მარცხზე მიგვანიშნებს, ის დაკარგულია - ვერც საყვარელ საქმეს აკეთებს, ვერც საყვარელი ადამიანი გადაარჩინა,  ვერც სამი ბავშვი იხსნა ბოსნიაში,  მისი გოგონა რომ დაიღუპა - მთვრალი იყო და ვერც გაიგო ცოლი რას უყვებოდა...

პიერი (გივი გაჩეჩილაძე)- გმირი არ არის, სამაგიეროდ პროფესიონალია, რომლის საქმიანობაც, სამყაროს უკეთესობისკენ ვერ ცვლის, რაც პეტერსისთვის ეგზისტენციალური კატასტროფის ტოლფასია.

აი კატერინა კი ცუდი მსახიობია, რომელსაც ცხრა მილიონიანი აუდიტორია ჰყავს...  თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ლიზი კოტრიკაძე ცუდ მსახიობს დამაჯერებლად ასახიერებს. იმდენად დამაჯერებლად, რომ პატივმოყვარე კორესპოდენტს ადვილად ახვევს თავისსავე მოქსოვილ ბადეში.

გივი ბალანჩივაძის პიერი უპირობოდ დარწმუნებულია საკუთარ უპირატესობაში ამ ლამაზ თოჯინასთან, ამიტომაც ყურადღებას ადუნებს და მსახიობის (ლიზი კოტრიკაძის) დაგებულ მახეში იოლად ებმება.  დასაწყისშივე მზადაა ინტერვიუზე უარი თქვას და კატარინას ეუბნება: სხვა დროს მოვალ, ასე აჯობებს...

თითქოს, კატარინასაც უნდა აწყობდეს მისი წასვლა, კატარინა ხომ კინოვარსკვლავია და ნებისმიერი ყვითელი პრესის წარმომადგენელი გაბედნიერდება მასთან ურთიერთობით, რაში სჭირდება ამ ყეყეჩ, ქედმაღალ პოლიტიკის კორესპონდენტთან საუბარი, მაგრამ კატარინა (ლ.კ.) პიერს (გ.ბ.) უკან დააბრუნებს და ისე შემოატრიალებს სიტუაციას, რომ გულახდილობისკენაც კი უბიძგებს.

ისინი ერთმანეთის ნიღაბს ირგებენ და სწორედ აქ იხსნება პანდორას ყუთი... დეტერმინიზირებული სამყარო, ქაოსი, დაკარგული, შეშინებული ადამიანი, აღრეული ღირებულებები, უიმედობა და მოწყენილობა... სწორედ ამაზეა სპექტაკლი. ის ანსამბლური ნამუშევარია და დასრულების შემდეგაც მაყურებელს უამრავ საფიქრალს უტოვებს.