რეალური მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
რეალური მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში
თუ კი გაგიმართლათ და ნიუ-იორკში მოხვდით, ხელიდან არ უნდა გაუშვათ კიდევ ერთი შანსი: აუცილებლად უნდა ნახოთ (თუნდაც თეატრი არ გიყვარდეთ) ბროდვეის თავბრუდამხვევი შოუ „ახალი ამსტერდამის თეატრში“ სახელად „ალადინი“ (ტექსტის ავტორი: ჩად ბეიგელენი, ლექსების ავტორები: ჰავარდ აშმენი, ტიმ რაისი და ჩად ბეიგელენი). დიახ, ეს ამ ყველასთვის ცნობილი ზღაპრის ახალი და უჩვეულო ინტერპრეტაციაა, რომელიც საკმაოდ განსხვავდება დისნეის მულტიპლიკაციური ნახატისაგან და გაი რიჩის ფილმისგანაც.
„ახალი ამსტერდამის თეატრის“ დადგმა იმ უპირატესობას ფლობს, რასაც ზღაპრის გმირების მაყურებელთან ცოცხალი კომუნიკაცია ჰქვია (მეტადრე პანდემიის ფონზე) და დამდგმელი ჯგუფი არანაკლებ სცენურ ეფექტებს სთავაზობს თეატრში მისულ მაყურებელს, ვიდრე თანამედროვე კინო იძლევა ამის შესაძლებლობას.
და მაინც, რით არის ასეთი გამორჩეული ახალი ამსტერდამის თეატრის „ალადინი“? რეჟისორის (ჯონ მასკერის) და პროდიუსერის (რონ კლემენცის) ულევი ფანტაზიით, მუსიკის ორიგინალურობითა და ორგანულობით (ალან მენკენი), დახვეწილი და ორიგინალური, მაგრამ ავთენტური სცენოგრაფიით (ბაბ ქრელის), მაღალი საშემსრულებლო ხელოვნებით, რომელსაც ქმნის მაღალი რანგის პროფესიონალების დიდი გუნდი და შემსრულებლები, რომლებიც უნივერსალური მსახიობები არიან (მათთვის არ არსებობს გადაუჭრელი ფიზიკური თუ შემოქმედებითი ამოცანა) და ამიტომაც ნამდვილი ვარსკვლავები არიან, რომელთა გამოჩენას მაყურებელი ოვაციით ხვდება.
ახალი ამსტერდამის თეატრის „ალადინი“ ბროდვეიზე არის ფეიერვერკული, თავბრუდამხვევი სანახაობა, რომელიც პირველივე წუთიდან იჭერს და თავის ტყვეობაში ამყოფებს მაყურებელს. სპექტაკლის ტემპო-რიტმი და განწყობის შექმნა ჯინის როლის შემსრულებელზე მიკლ ჯეიმს სკოტზეც არის დამოკიდებული, რომელიც მთხრობლის მისიასაც წარმატებით ართმევს თავს, შემოაქვს იუმორი და დადებითი განწყობა მაყურებელში. წარმოუდგენელ ენერგიას ხარჯავს ის მთელი სპექტაკლის განმავლობაში, მაგრამ მისი უკიდეგანო სამსახიობო რესურსი გამოქვაბულის სცენაში, ალადინისა და ჯინის შეხვედრის ეპიზოდში - Friend Like Me ვლინდება. მსახიობი მიკლ ჯეიმს სკოტი ფლობს სამსახიობო ხელოვნების ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა დამაჯერებელი გარდასახვა, მომხიბვლელი ვოკალური მონაცემები და დახვეწილი პლასტიკა. ცხადია, მსახიობი ზემოთ ნახსენებ ეპიზოდში იღლება კიდეც და ის მოხერხებულად იყენებს არტისტულ ხრიკს დაღლილობის (გახშირებული სუნთქვა) გადასაფარად. მაიკლ მილიაკელისთვის ალადინის როლი წარმატებული დებიუტია ბროდვეიზე. მსახიობი გარდა იმისა, რომ ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს ალადინის ხასიათს, ავლენს მაღალ პროფესიონალიზმს, მდიდარ სამსახიობო ოსტატობას და პოზიტივს, რაც ასე მნიშვნელოვანია მსახიობისთვის მისი ვარსკვლავად ქცევისთვის. ჟასმინის როლს შობა ნორაიანი ასრულებს. მსახიობი გარდა იმისა, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაშია და მომხიბვლელად გამოიყურება, ახერხებს მაყურებელი დაარწმუნოს იმაში, რომ მათ წინ ნამდვილი ჟასმინი დგას - ღირსეული, თავდაჭერილი, კეთილი, სამართლიანი სულთნის ასული. ყველა ამ თვისებას მსახიობი ეტაპობრივად ავლენს, ისე როგორც ცვლილებას განიცდის მისი გმირის ხასიათი - თავდაპირველად ის გათამამებული და ცივი ახალგაზრდა ქალი ჩანს, ხოლო შემდეგ კეთილ და მოსიყვარულე ადამიანად (და არა გაკადნიერებულ სულთნის ასულად) იქცევა. გარდა ამისა მსახიობი სასიამოვნოდ მღერის და მისი ხავერდოვანი ხმა მთელ დარბაზს მალამოდ ეფინება ჭრილობიან და სევდიან გულზე. მაყურებელში ის იმედის ნაპერწკალს აღვივებს და სიყვარულით უვსებს სულს. რასაკვირველია, სპექტაკლის გამორჩეული ფიგურაა ჯაფარის როლის შემსრულებელი ჯონათან ფრიმენი, რომელსაც მაყურებელი ბროდვეის სხვა სპექტაკლებიდანაც იცნობს, მაგრამ თუ წინასწარ არ გაქვს ინფორმაცია ჯაფარის როლის შემსრულებელზე, ძნელია ამოიცნო ის იმდენად განსხვავებულ ამპლუაში წარდგა პუბლიკის წინაშე. მსახიობის პროფესიონალიზმი მის არტისტულ გარდასახვაში და ამ გარდასახვის ხერხების ზომიერ გამოყენებაშია.
არანაკლებ სახასიათო და ტიპაჟური პერსონაჟია თუთიყუში იაგო, რომელსაც დონ დერილ რივერა ასრულებს. ადვილი არ არის ადამიანმა განასახიეროს ფრინველის როლი ნიღბის გარეშე, მაგრამ მისი ნიღაბი მსახიობის შინაგანი გარდასახვაა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ მაყურებელს სჯერა, რომ მის წინ მისთვის ნაცნობი იაგო დგას. მსახიობს მისი როლის უარყოფითი ხასიათის მიუხედავად იუმორი და პოზიტივი შემოაქვს სპექტაკლში, რომელიც დადებითად განაწყობს მის მიმართ მაყურებელს.
„ალადინი“ რეალური მოგზაურობაა ჯადოსნურ სამყაროში. სპექტაკლის დინამიკა არ ნელდება და მუდმივად ევოლუციურია. დამდგმელი გუნდი მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს შესანიშნავ შემსრულებლებს სთავაზობენ, არაერთი სცენურ ეფექტით ნუსხავენ დარბაზში მსხდომთ, დეკორაცია სწრაფად და სუფთად ენაცვლება ერთმანეთს, მხატვრული განათება, ხმა და სხვა ტექნიკასთან დაკავშირებული კომპონენტები დახვეწილად მუშაობენ და მთლიანობაში ზღაპრულ სამყაროს ქმნიან. ჩემთვის თითქმის ამოუცნობია ალადინისა და ჟასმინის ხალიჩით ფრენის ეპიზოდი - A Whole New World, როცა ხალიჩაზე მსხდომი პერსონაჟები ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ფონზე დაფრინავენ და თანაც მღერიან. ეს ეპიზოდი მაყურებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას და აღტაცებას იწვევს.
„ალადინი“ ბროდვეიზე ნამდვილი ხელოვნების ჭეშმარიტი გამარჯვებაა, რომელიც თავბრუს ახვევს მაყურებელს სიუჟეტის დამაინტრიგებელი თხრობით, ორიგინალური მუსიკით, მდიდრული და დინამიკური, მუდმივად ცვალებადი ვიზუალითა და სცენოგრაფიით, ფერადი სასცენო კოსტუმებით, მსახიობთა უნიკალური და უნივერსალური შესრულებით, მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული პარტიტურით, ტექნიკური პროგრესის თეატრში გამოყენებითა და მისი ათვისებით.
დამდგმელი ჯგუფის მიერ გაწეულ უკიდეგანო ადამიანური რესურსს, რომელიც „ალადინის“ დადგმაში ჩაიდო, ფუჭად არ ჩაუვლია. თანამედროვე მაყურებელმა მიიღო მისი ეპოქის დადგმა, რომელიც უპირობო კონკურენციას გაუწევს ყველა სხვა გასართობ კულტურულ ღონისძიებას და პროდუქციას. ამავე დროს, ეს დადგმა მაყურებელს ანიჭებს სიხარულსა და მხნეობას, სიკეთითა და სიყვარულით ათბობს მაყურებელთა გულებს და უღვივებს რწმენას, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.