
რაზე საუბრობენ თოჯინები?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

06.12.2025
ლაშა ჩხარტიშვილი
რაზე საუბრობენ თოჯინები?
უკვე სამი წელია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, უფრო სწორად, ბათუმის თოჯინების თეატრი თავად გვევლინება ორგანიზატორად საქართველოს თოჯინების თეატრების გაერთიანებასთან ერთად. ირაკლი კიკვაძისა და ნიკა საბაშვილის ინიციატივას სამი წლის წინ მხარი დაუჭირა აჭარის და საქართველოს კულტურის სამინისტროებმა, რამაც შესაძლებელი გახადა თოჯინების თეატრების მსოფლიო სათეატრო რუკაზე ბათუმის, როგორც ახალი და მძლავრი წერტილის მონიშვნა.
ბათუმის თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალი პირველი წლიდან მასპინძლობს ევროპისა და აზიის პარამიმიკული ფორმის თეატრებს. ჟიურიც ყოველწლიურად, ქართველ ექსპერტებთან ერთად, დაკომპლექტებულია უცხოელი წარმომადგენლებით - პროდიუსერებით, კრიტიკოსებით, რეჟისორებითა და თოჯინის ტარების ოსტატებით. როგორც ყველა ნორმალურ სათეატრო ფორუმს, ბათუმის თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალს თავისი მიზანი, სახე და ატმოსფერო აქვს. გარდა იმისა, რომ ბათუმის თოჯინების ფესტივალი აერთიანებს თოჯინების, ჩრდილების, მარიონეტების, საგნების თეატრების საუკეთესო პროდუქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამავდროულად ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და დარგში მიღწეული სიახლეების დანერგვას როგორც წარმოდგენების ჩვენებით, ისე ვორქშოპებით, რომელსაც წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან. არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ღია გაკვეთილები სასცენო მეტყველების სპეციფიკაში, სასცენო თოჯინის შექმნაში, მარიონეტების მანიპულაციასა და მსახიობის, როგორც უნივერსალური არტისტის ოსტატობაში. წელს ფესტივალზე მოწვეული იყო UNIMA (თოჯინების თეატრების საერთაშორისო გაერთიანება) ვიცე პრეზიდენტი ტიტო ლორეფისი, რომელმაც თავისი გამოცდილება გაუზიარა ფესტივალის მონაწილეებს თოჯინური ხელოვნების სპეციფიკასა და თოჯინის ტარებაზე. სიმართლე გითხრათ, ბატონ ტიტოს არაფერი განსაკუთრებული და ახალი არ უთქვამს შეკრებილი აუდიტორიისთვის, შესაბამისად შეხვედრა მასთან, შინაარსობრივად ნასწავლი მასალის გადამეორებას ჰგავდა, ვინაიდან ის, რასაც უყვებოდა პროფესიონალებს, პირველ კურსზე უზიარებენ ამ გამოცდილებას სტუდენტებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბათუმის თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალმა ბევრი რამ გვაჩვენა, მათგან ზოგი რამ ვიცოდით, ზოგიც არა. მაგალითად, ხშირად გვაქვს შეგრძნება, რომ რაც უცხოურია, ევროპულია, ყველაფერი განსაკუთრებული და კარგია. აღმოჩნდა, რომ ეს ყოველთვის, სულაც არ არის ასე. დიახ, ჩვენ ვნახეთ ნამდვილი ოსტატი და ვირტუოზი საფრანგეთიდან - ანგელ ნავარო, მეთოჯინე და მარიონეტების მსახიობი, რომელმაც თავისი სპექტაკლით ოსტატობის ნამდვილი მასტერკლასი აჩვენა, თუმცა ამავე ფესტივალზე ვნახეთ სპექტაკლი „მუსიკალური ჩაის სახლი“ (ჩაიხანა) უზბეკეთიდან, რომელიც ეფუძნებოდა აღმოსავლურ ფოლკლორს. სპექტაკლში გამოყენებული იყო ტრადიციული აღმოსავლური თოჯინების სხვადასხვა სახეობები, თუმცა მსახიობები მას პროფესიულ დონეზე ვერ მართავდნენ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მოლდოველი ნიკუ პრესკურას სპექტაკლზე „პრინცესა ლაქით“, რომელიც მოლდოვურ ხალხურ ზღაპარზე იყო დაფუძნებული და ფორმით შუასაუკუნეების ბაზრის/მოედნის თეატრის ტრადიციებს აცოცხლებდა. ასეთი ტიპის და ფორმის თეატრები ერთი მხრივ სადაა და მარტივი, თუმცა იმპროვიზაციის განსაკუთრებულ უნარს და მსახიობთა მაღალ ოსტატობას მოითხოვს. მოლდოველი რეჟისორის სპექტაკლი კი იმპროვიზაციისგან დაცლილი გახლდათ. ამავდროულად ისინი იყენებდნენ თოჯინის ტარების პრიმიტიულ ხერხებს, რის გამოც პერსონაჟები იყვნენ მოუქნელი და სტატიკური. ნამდვილ პროფესიონალ მეთოჯინეს ძალუძს უსულო საგნებისთვის სულის შთაბერვა, მოლდოველ მსახიობებს დმიტრი ანგელოვს და მარია თიმოფთის ეს უნარები არ აღმოაჩნდათ. სტატიკური და მოსაწყენი წარმოდგენა იყო „სოკრატეს უკანასკნელი ღამე“ , ანკარის კერძო თეატრი, რომელსაც ოსტატი მსახიობი ჰალუკ იუჯი ხელმძღვანელობს. ქართველ მაყურებელს, ამავე ფესტივალზე უნახავს ამ კომპანიის სხვა სპექტაკლებიც, რომელმაც საინტერესო შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა „სოკრატეს უკანასკნელი ღამე“ საშემსრულებლო ხერხებით ერთფეროვანი აღმოჩნდა. საინტერესო ფორმაა ადამიანის სხეულზე ჩამოცმული თოჯინა, თუმცა როცა ის არ ვითარდება და არ ხდება ჩანაცვლება სხვა ფორმით, იწვევს მაყურებლის მოწყენილობას, რაც განპირობებულია ერთფეროვანი მოძრაობით და მონოტონურად წარმოთქმული ტექსტით. როცა არ იცვლება თოჯინის მიმიკა, არ მოძრაობს კიდურები და დინამიკა მხოლოდ მსახიობის გახმოვანებულ ტექსტში ვლინდება, წარმოდგენა სანახაობრივი თვალსაზრისით კარგავს ინტერესს.
რამდენიმე ზემოთ ნახსენები უცხოური სპექტაკლის ფონზე კიდევ უფრო დავაფასე ქართული თოჯინური წარმოდგენები. სკოლა, რომელიც ჩვენში გივი სარჩიმელიძემ და რეზო გაბრიაძემ შექმნეს, ღირსეულად აგრძელებენ შემდგომი თაობის რეჟისორები ბესო კუპრეიშვილი - თავისი თითების თეატრით, რომელმაც არაერთი ორიგინალური წარმოდგენა შექმნა და ნიკა საბაშვილი - საგნების თეატრით, რომლის სპექტაკლებშიც ერთმანეთს ლოგიკურად ერწყმის სხვადასხვა პარამიმიკული ფორმები ცოცხალ მსახიობს. ნიკა საბაშვილის ჰიბრიდული წარმოდგენები გულგრილს არ ტოვებს არც პროფესიონალებს და არც მოყვარულებს.
ფესტივალი გაიხსნა ბათუმის თოჯინების თეატრის სპექტაკლით „პლატონი“, რომელიც მეთოჯინე არმენ ჰოვანესიანმა დადგა. მარიონეტული სპექტაკლი ეძღვნება ბათუმელ ექიმს პლატონ გიგინეიშვილს, რომელზედაც ბათუმმა ბევრი ლეგენდა შემოინახა. ასეთი პერსონების გახსენება და მათ ღვაწლზე სპექტაკლების შეთხზვა ძალზეც დასაფასებელია, მით უფრო, როცა წარმოდგენა დაცლილია პათეტიკისგან, როცა გმირი, პირველ ყოვლისა, ადამიანია და არა ღვთაებრივი, ირეალური მოვლენა.
თბილისის ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დიმიტრი ხვთისიაშვილისა და გია მარღანიას ერთობლივი ძველი სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ უჩვენა, რომელმაც 20-ზე მეტი საერთაშორისო ფესტივალის და კონკურსის პრიზი მოიპოვა. თოჯინებისა და ცოცხალი პლანის შერწყმა, ქართული კლასიკური მუსიკალურ მოტივები და ფოლკლორული ნიმუშები, ასევე ნაციონალური ქორეოგრაფიის ელემენტების გამოყენება და ქართველ მსახიობთა მოქნილობა და ტემპერამენტი გარკვეულ ეფექტს ახდენს მაყურებელზე, განსაკუთრებით უცხოელებზე.
მოხეტიალე მთვარის თეატრმა, რომელიც კერძო სათეატრო კომპანიაა და უკვე მოიპოვა გარკვეული ავტორიტეტი პროფესიონალებში, ნიკა ლუარსაბიშვილის სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარმოადგინა. ნიკა ლუარსაბიშვილმა გამოიყენა თოჯინური და დრამატული თეატრის სინთეზი, რაც დადგმას გარკვეულ ორიგინალობას ანიჭებს. თოჯინების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ფიროსმანის პერსონაჟის წარდგენაში, რადგან მხატვრის ყოფა და შინაგანი სამყარო შეიძლება ვიზუალურად მარტივად გადმოცემული იყოს თოჯინების მეშვეობით.
ფესტივალის ფარგლებში, კონკურს გარეშე, წარმოდგენილი იყო კიდევ ერთი კერძო სათეატრო კომპანიის „თოჯინების სახლი“ სპექტაკლი „ჯაყო“, რომელიც ნიკა საბაშვილმა საქართველოს სხვადასხვა თოჯინების თეატრების მსახიობებთან კოლაბორაციას წარმოადგენს. ნიკოლოზ საბაშვილის მიერ თოჯინების სახლში განხორციელებული „ჯაყოს ხიზნები“ წარმოადგენს არა მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილის კლასიკური ტექსტის სცენურ ინტერპრეტაციას, არამედ ძალადობის, ღირსების, სოციალური უთანასწორობისა და ადამიანური ტრანსფორმაციის თემებზე შექმნილ სიღრმისეულ თეატრალურ კვლევას. რეჟისორი არსებითად ცვლის ლიტერატურული პირველწყაროს აღქმის კუთხეს და მას თოჯინური თეატრის ენაზე ახლებურად წარმოგვიდგენს.
ბათუმის თოჯინების თეატრების მესამე საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის კოლაბორაციით „ო - ჯახი“, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდუქციაა. სპექტაკლი მძაფრსიუჟეტიან სათავგადასავლო სერიალს ჰგავს, რომელშიც იუმორი და სევდა ერთმანეთს ენაცვლება. რეჟისორები გვიყვებიან ოჯახზე, სადაც გამეფებულია ყოველდღიური რუტინა, დოგმები, ჩარჩოები და როგორი დისონანსი შემოდის ამ „იდილიაში“, როცა ჩნდება განსხვავებული პერსონა მათ ცხოვრებაში. განსხვავებულს კი შემოაქვს სხვა ფერი, რაც ამრავალფეროვნებს ერთფეროვან ცხოვრებას. ამ ფილოსოფიურ პოსტულატზე აშენებენ რეჟისორები სპექტაკლს, რომელიც უფროსი თაობის მაყურებლისთვისაც ისეთივე საინტერესოა და ჩამთრევი, როგორც პატარებისთვის.
ბათუმის თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თოჯინური ხელოვნება ცვალებადი, მრავალფენიანი და ინტელექტუალურ კვლევაზე დამყარებული სფეროა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ერთმანეთს ენაცვლება და ავლენს რა არის ნამდვილი ოსტატობა და სად მთავრდება მხოლოდ ფორმალური ექსპერიმენტი. ფესტივალის სპექტაკლები ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართული თოჯინური თეატრი საუკუნოვანი ტრადიციების და ახალ თაობათა შემოქმედებითი ძიებების წყალობით დღეს ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა საერთაშორისო სათეატრო კონტექსტში. სწორედ ამ საერთაშორისო ფორუმში ჩანს, როგორ შეიძლება თოჯინა იქცეს როგორც ეთნოგრაფიული თუ ლიტერატურული ტექსტის მხატვრულ ანალიზად, ისე ფილოსოფიურ, სოციალური პრობლემატიკის ამსახველ ენად, რომელიც თანაბრად აზიარებს როგორც მოზარდს, ისე ზრდასრულ მაყურებელს. ფესტივალი თავისი მრავალფეროვნებითა და პროფესიული სტიმულებით არა მხოლოდ ამდიდრებს ქართულ სცენურ გამოცდილებას, არამედ წარმატებით აყალიბებს ბათუმს თანამედროვე თოჯინური ხელოვნების მნიშვნელოვან ჰაბად.