top of page

გიორგი თავაძის რეჟისორული პარტიტურა მატეი ვიშნეკის პიესისთვის

ra vukot.jpg

გიორგი თავაძის რეჟისორული პარტიტურა

მატეი ვიშნეკის პიესისათვის

ირინა ღოღობერიძე

მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე 15 ნოემბერს კიდევ ერთი პრემიერა შედგა. გიორგი თავაძემ მაყურებელს რუმინელი დრამატურგის მატეი ვიშნეკის პიესა „რა ვუყოთ ამ ჩელოს” წარმოუდგინა. უნდა აღვნიშნო, რომ გოგა თავაძემ უკვე მეორედ მიმართა ვიშნეკის დრამატურგიას; თეატრის მოყვარულთ უდავოდ გაახსენდებათ ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის გასტროლი რუსთაველის თეატრში და დიდ სცენაზე ნაჩვენები, უჩვეულო ხელწერით განხორციელებული სპექტაკლი „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი“ (ორიგინალური სათაური „სამუშაო მოხუცი კლოუნისთვის“), სადაც მოხუც კლოუნებს კინომსახიობთა თეატრის მსახიობი რამაზ იოსელიანი და ბათუმის თეატრის ახალგაზრდა მსახიობები ტიტე კომახიძე და მამუკა მანჯგალაძე ასახიერებდნენ.  მატეი ვიშნეკის პირველ დადგმას საქართველოში დიდი წარმატება ხვდა წილად. სპექტაკლი მიწვეული იყო ფესტივალზე რუმინეთში, სადაც მაყურებელმა, პრესამ და, რაც მთავარია,  დრამატურგმაც მას მაღალი შეფასება მისცეს.

წარმოშობით რუმინელი, ამჟამად კი საფრანგეთის მოქალაქე და ფრანგულენოვანი ავტორი აღმოსავლეთ ევროპის დრამატურგთა იმ პლეადას ეკუთვნის, რომელიც 80-ან წლებში ბერლინის კედლის დანგრევამდე ან მალევე მას შემდეგ,  პოსტ-კომუნისტურ სივრცეს თავი დააღწიეს და ევროპაში გადასახლდნენ,  ანკა ვისდეი, მაგალითად, ან სლავომირ მროჟეკი და სხვ. მატეი ვიშნეკი კომუნიზმს თავდაღწეულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პროდუქტიული დრამატურგია. ჩაუშსკუს რეჟიმის დროს მან ”თავისუფლების თავისებური ნიშა” მონახა და კაფკას, დოსტოევსკის, კამიუს, ბეკეტის, იონესკოსა და სხვათა შემოქმედებით საზრდოობდა. მიყვარდა ყველა, ამბობდა იგი, „სიურეალისტები, დადაისტები, ფანტასტიკა,  აბსურდი, გროტესკი, ანგლო-საქსონური რეალიზმიც კი, მიყვარდა ყველაფერი სოც-რეალიზმის გარდა“. პიესების წერა ოთხმოციანების დასასრულს დაიწყო, ჯერ რუმინულად წერდა, საფრანგეთში წასვლის შემდეგ - უკვე ფრანგულად. 1991 წელს ლიონის „საავტორო დღეებზე“ საფრანგეთში პირველად წაიკითხეს  მისი პიესა „ცხენები ფანჯარაში“,  რომელმაც  მოკლე დროში  პარზის, ავინიონის, ტულუზისა და ათამდე სხვა ქალაქის თეატრების დიდი თუ მცირე სცენა მოიარა. დღეს მატეი ვიშნეკი ფრანგულენოვან ცოცხალ დრამატურგთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმადი ავტორია, ის უცხოეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პიესები დაიდგა პიკოლო თეატრში, სტოკჰოლმის სამეფო და ჰოლივუდის თეატრებში, სტამბოლის ეროვნულ თატრში, კანადაში, იაპონიაში და სხვ.

„რა ვუყოთ ამ ჩელოს“ ვიშნეკმა 1989 წელს დაწერა. რუმინეთში ამ პიესის დადგმა მხოლოდ რევოლუციის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რადგან მუსიკოსის და მუსიკით აგრესია ჩაუშესკუს დიქტატურის აშკარა მეტაფორად იკითხებოდა.  1990 წელს რუმინულმა ეროვნულმა არხმა პიესის მიხედვით  ტელესპექტაკლი შექმნა,  1997 წელს პიესა პარიზის ლუსერნერის თეატრში რეჟისორმა ლაიონელ ასტიემ დადგა.

მატეი ვიშნეკი ლაკონური სტილის და კამერული ფორმატის დიდოსტატია. გასაღები თავის სპექტაკლს გიორგი თავაძემ ავტორის ექსპრესიულ ლაკონურობაში და  ბელგიელი მხატვრის, სკულპტორის და სურეალიზმის მეტრის  რენე მაგრიტის  პარადოქსული სამყაროს შთაგონებით  მოუძებნა. სპექტაკლის სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმებაც თვითონ გიორგი თავაძეს ეკუთვნის და აქვე დავაზუსტებ, რომ დრამატურგს პიესის რემარკებში არსად აქვს მითითებული სპექტაკლში ვისი, ან რა ტიპის მუსიკა უნდა გაჟღერდეს. მას მხოლოდ პერსონაჟი ჰყავს დასახელებული - კაცი ჩელოთი. ასე მაგალითად, რუმინელების სპექტაკლში, რომელიც ერთ-ერთ ფესტივალზე ევროპაში ვნახე, მუსიკა ტელევიზორიდან ჟღერდა. ამგვარად მუსიკალური პარტიტურის შერჩევა ჩვენთანაც  რეჟისორის პრეროგატივად დარჩა.  

სცენოგრაფია, კოსტუმები და, პრინციპში, განათებაც  შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. სცენის სიღრმისკენ, ორივე მხარეს  და გასწვრივ ავანსცენაზე რამდენიმე თეთრი ტუმბო დგას; ასევე სიღრმეში, სცენის შუაგულში ვხედავთ ერთ სკამს და მის ზემოთ, ჰაერში  დაკიდებულ ჩელოს. სკამის მარჯვნივ პატარა შემაღლებაა,  რომელსაც წინიდან, გამჭვირვალე ტიხარი პირობითად ფარავს. ტიხარზე რენე მაგრიტის საკულტო  პორტრეტის, შავ-თათრ ანარეკლად  სტილიზებული, ასლია გამოსახული. ეს არის კლასიკურად (თეთრი პერანგი, ჰალსტუხი, პიჯაკი) ჩაცმული კაცის პორტრეტი, რომელიც მაგრიტთან ხან სახედაბურულია, ხან ზურგშექცევით დგას, ხან ცხვირის მაგივრად  ადამის მწვანე ვაშლი, ჩიბუხი ან ფრინველი აქვს მიხატული. რეჟისორმა ტიხრის პერსონაჟს  მაგრიტისეული ბიბლიურ-ირონიული მეტაფორულობა ჩამოაშორა და ოცდამეერთე საუკუნის  სტანდარტულობა შესძინა.  ტუმბოებთან დგანან ან სხედან  ასევე შავ-თეთრში გამოწყობილი მანეკენები, მათგან ორი - ქალი ვუალით და მოხუცი ხელჯოხით მაყურებლის პირისპირ, ავანსცენაზეა მოთავსებული. რაღაც მომენტში აცნობიერებ, რომ ჩვენს წინაშე დროისა და ადგილის მიღმა მყოფი უძრავი სამყაროა, რომელსაც ფიცარნაგზე ლანდივით და შიშნარევი, თითქოს, შემპარავი პლასტიურობით ჩელოსკენ  მისრიალე ახალგაზრდა კაციც კი ვერ შეატოკებს. ერთადერთი ემოცია, რომელიც ამ გაყინული გარემოდან დარბაზისაკენ მოედინება არის  მხოლოდ მოლოდინი და გაუცხოება.

ზოგადად, არ მჩვევია სპექტაკლის ცალკეული სცენების აღწერა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს შეგნებულად გავაკეთე სცენური სივრცის განსაკუთრებულობის გამო. მარჯანიშვილის თეატრის „ახალ სცენას“ მიგეხსენებათ, არც კულისები აქვს და არც ფარდა. ამიტომ ამ სპექტაკლის  ექსპოზიცია, ისევე როგორც, ხშირად, სხვებისა ამ სივრცეში,  პრაქტიკულად, პირველი მაყურებლის შესვლისთანავე იწყება.  რაღაც მომენტში,  ერთმანეთთან საუბრით გართული ან  დაგვიანებული  მაყურებელი გააცნობიერებს, რომ სპექტაკლი  დაიწყო, თუნდაც იმით, რომ კაცი-ლანდი ინსტრუმენტს მიუახლოვდება, ჩამოხსნის, მოსინჯავს, ჯერ უსახურ ბგერებს იღებს, ნელ-ნელა კოჭლ მელოდიას ააწყობს,  მერე ბგერა ძლიერდება, აშკარად ტოტემურ, ველურ, შემტევ ხასიათს იძენს და უძრაობა დაიძვრება!  შემოდის კაცი ქოლგით, გაისმის პირველი რეპლიკა - „რა საშინელი ამინდია“, ხვდები, რომ წყლის მონოტონური წვეთება წვიმაა, პერსონაჟთა რეაქციით გასაგები ხდება, რომ რვა მანეკენიდან ცოცხალი მხოლოდ სამია: ქალი ვუალით (მსახიობი – ქეთი ცხაკაია), მოხუცი ხელჯოხით (მსახიობი – ბესო კუპრეიშვილი), მამაკაცი გაზეთით (მსახიობი – დავით ხურცილავა) და, რა თქმა უნდა, ბიჭი ჩელოთი (მსახიობი – გიორგი ხურცილავა), რომელიც ამ დროს უკვე გაცხოველებული მუზიცირებს. ოთხი მანეკენი კი ამ სარტრისეულ ცხრაკლიტულში  მოლოდინის, აბსტრაქციად ქცეული დროის, ადგილის და შემტევი მუსიკის უძრავ კონსტანტად რჩებიან. უნდა ითქვას, რომ მუსიკა და მასთან  შერწყმული მუსიკოსი არც ერთ წუთსა და წამს აღარ გაჩერდებიან, რადგან სწორედ ისინი არიან ის მთავარი პერსონაჟები, ვინც ავტორის ჩანაფიქრით და რეჟისორის ნებით სპექტაკლის რიტმსა და ემოციურ მუხტს განსაზღვრავენ.

სპექტაკლში ჟღერს ბახის,  ვივალდის ნაწარმოებები და აფექს თვინის კომპოზიციები; ჟღერს, აგრეთვე, გამაღიზიანებლად ატონალური მუსიკალური ფრაზები, რიტმული, ტოტემური მუსიკა რომელიც, როგორც ამიხსნეს, ჩვენთვის ეგზოტიკურ აბორიგენულ ინსტრუმენტზე დიდჯირიდოოზე სრულდება. გიორგი თავაძის სარეჟისორო პარტიტურა  ამგვარ  მიქსს ჰარმონიულად უთავსებს სპექტაკლის ვიზუალურ მხარეს, მინიმალისტური ესთეტიკით აგებულ მიზანსცენას, მსახიობთა გრძნობათა ბუნებას და, რა თქმა უნდა, ვიშნეკის ტექსტს, რომელიც თავისთავად გაჯერებულია მუსიკის გავლენით პროვოცირებული მოქმედებით, ემოციით და გრძნობით  - ხიბლით, ვნებით, მედიტაციით, სისასტიკით, სიძულვილით... და ბოლოს შიშით, რადგან მუსიკა ფინალისკენ აშკარად დიქტატურის პარადოქსულ მეტაფორად გადაიქცევა. უნდა ითქვას, რომ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობთა კვარტეტი ვიშნეკისა და თავაძის ირონიულად ფანტასმაგორიულ სამყაროში თავს მშვენივრად გრძნობს. ძუნწი შტრიხებით, მაგრამ ძალიან ზუსტად ასახიერებს მსახიობი ბესო ბარათაშვილი (კაცი ჯოხით), თითქოს ჭამას გადაყოლილ, მაგრამ ყველაფრის მიმართ სკეპტიკურად  განწყობილ პერსონაჟს; ირონიული სიმსუბუქით და უამრავი მნიშვნელოვანი დეტალებით გვიხატავს  თავის გმირს მსახიობი დავით ხურცილავა (კაცი გაზეთით). გიორგი ხურცალავა (კაცი ჩელოსთან) დახვეწილი, სახიერი პლასტიკურობით და მეტყველი მიმიკით აცოცხლებს თავის უსიტყვო პერსონაჟს, რომელმაც მუსიკა ადამიანებით მანიპულირების, შემდეგ კი, უკვე დიქტატორის  მუნდირსა და ჩექმებში გამოწყობილს, დასჯის იარაღად აქვს ქცეული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქორეოგრაფ  ლანა მღებრიშვილის  გაკეთებული  პლასტიურ-ქორეოგრაფიული ხაზი და  მხატვრის ქეთევან ციციშვილის მიერ შექმნილი, შავ-თეთრში სტილიზებული კოსტუმები ორგანულად ჯდება სპექტაკლის საერთო ესთეტიკაში და ვიზუალურადაც ამდიდრებს მას. როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოდ მუშაობს ქეთი ცხაკაია. მისი ქალი ვუალით მუსიკით ცდუნების ყველა საფეხურს გაივლის. ეს არის  ჯერ ზედაპირული ინტერესი, მერე ელეგანტური ტკბობა, არ შემჩნევა, გაღიზიანება, სექსუალური ინსტინქტების მოურიდებელი გამოვლინება, სიანჩხლე.... არტისტი ყველაფერს ბუნებრივად, ყოველგვარი ეგზალტაციის ან სიყალბის გარეშე ასახიერებს. სართოდ უნდა ითქვას, რომ რეჟისორის მიერ შეთავაზებულ, რენე მაგრიტის გროტესკულ-ირონიული სიურეალიზმით შეფერილ წარმოსახვითი თამაშის ხერხს, არტისტები საკმაოდ ორგანულად ითავისებენ და  მათი პარტნიორობა ამ თვალსაზრისითაც უფრო დაიხვეწება, როგორც ეს ხდება ხოლმე, სპექტაკლის  გათამაშების პროცესში.

სპექტაკლის ღია ფინალში, ჰაერშივე რჩება სამივე პერსონაჟის მიერ, რა თქმა უნდა, ჩელოს  თანხლებით, გაჟღერებული ბოლო რეპლიკა - კი მაგრამ, რა ვუყოთ ახლა ამ ვიოლონჩელოს?

და, მართლაც, რა ვუყოთ ამ ჩელოს, თუ ადამიანებს საზოგადოებასა და ცხოვრებაში ხელოვნების ადგილი ვერ დაუდგენიათ. რა ვუყოთ ამ ჩელოს, თუ ერთი უგუნურის ხელში მუსიკაც კი შეიძლება აგრესიისა და დიქტატურის გამოხატულებად იქცეს და ჩვენ მხოლოდ მარგინალური სიურეალიზმით შევებრძოლებით  მას ან უსახური მანეკენებივით არაფერს  შევიმჩნევთ...

აქაც დავტოვოთ ღია ფინალი და გამოვთქვათ იმედი, რომ გოგა თავაძე მსგავს საჭირბოროტო საკითხებზე ასეთივე ლაღი და საინტერესო თეატრალური დისკურსით მომავალშიც გაგვესაუბრება.

bottom of page