top of page

რა შუაშია პერსეფონე?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

პერსეფონე1.jpg

09.03.2026

ანასტასია ჩერნეცოვა

რა შუაშია პერსეფონე?

თეატრ „ჰარაკში“ შესვლისას მაყურებელს პატარა სტენდი ხვდება, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა  წიგნი — რიჩარდ შეხნერის „გარემოს თეატრი“, ჰანს-თის ლემანის „პოსტდრამატული თეატრი“, რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესები და სხვა. ეს დეტალი უკვე მიანიშნებს, რომ ამ სივრცეში მოსულ მაყურებელს კლასიკური დადგმა არ დახვდება.

„ჰარაკის“ მრავალფეროვანი რეპერტუარიც ამტკიცებს, რომ მისი გუნდი მუდმივ შემოქმედებით ძიებაშია. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი ანასტასია ჭანტურაიას საავტორო სპექტაკლი „პერსეფონეა“.

მაყურებლის ნაწილს შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა — რა კავშირი აქვს პერსეფონეს მითს ანასტასია ჭანტურაიას წარმოდგენასთან. მაგალითად, ჩემმა კოლეგამ, თეატრმცოდნე თამთა ქაჯაიამ, თავის რეცენზიაში აღნიშნა: „ვერაფრით დავაკავშირე ერთმანეთთან სპექტაკლის სახელწოდება ასე ვთქვათ „სიუჟეტთან“ (რადგან იგი არ არსებობს).სიუჟეტი, რომელიც არ ვითარდება, ერთიდაიგივე ადგილის ტკეპნას ჰგავს...“  “[1]

ერთი შეხედვით მართლაც რთულია წარმოდგენისა და მითის ერთმანეთთან დაკავშირება. რომ არ მცოდნოდა სპექტაკლის სახელწოდება, დადგმის დასაწყისის ყურებისას შესაძლოა მეფიქრა, რომ შეხება გვაქვს ელექტრას კომპლექსთან — ანასტასია ჭანტურაიას პერსონაჟი მამას უხმობს, ხოლო კარლ იუნგის მიხედვით, მანდილოსნის ფსიქიკურ განვითარებაში მამის ფიგურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

თუმცა პერსეფონეს მითშიც არის ერთი ნიუანსი: ჰადესის მიერ მოტაცებული პერსეფონე გამოფხიზლებისას მამას უხმობდა. სწორედ  ეს დეტალი  შეიძლება გახდეს ერთგვარი გასაღები, რომლის მეშვეობითაც წარმოდგენასა და მითს შორის კავშირი იკითხება.

ამასთანავე, წარმოდგენაში არის სცენა, სადაც ანასტასია ჭანტურაიას პარტნიორები — გივიკო ბარათაშვილი და ლუკა ჯაფარიძე — მას ყვავილებს აწვდიან. ეს დეტალი შემთხვევითი არ არის, რადგან მითის თანახმად პერსეფონე ოკეანიდებთან ერთად ყვავილების კრეფით ერთობოდა და სწორედ ყვავილის სურნელმა გააბრუა იგი, რის შემდეგაც ჰადესმა მოიტაცა.

ის, რომ სპექტაკლში სიუჟეტი ტრადიციული ფორმით არ ვითარდება, ავტორის შეგნებული არჩევანია. აქ ნარატივი თითქოს „მარტივ მამრავლებად“ არის დაშლილი და მასში დამატებულია ავტორისეული ჩანართები.

შეგვიძლია ასეთი შედარებაც გავაკეთოთ: თუ აკადემიური სპექტაკლი კლასიკურად შესრულებულ ფერწერულ ტილოს ჰგავს, „პერსეფონეს“ მსგავსი დადგმა უფრო კოლაჟს მოგვაგონებს, სადაც სხვადასხვა ფრაგმენტი ერთ მთლიანობაში ერთიანდება.

შორს რომ არ წავიდეთ, მსგავსი პარალელი დრამატურგიაშიც შეგვიძლია ვიპოვოთ. მაგალითად, უილიამ შექსპირის „ჰამლეტში“ სიუჟეტი კლასიკური დრამატურგიული პრინციპებით ვითარდება, მაშინ როცა ჰაინერ მიულერის პიესაში „ჰამლეტ-მანქანა“ აღარ გვხვდება მკაფიო ფაბულა ან ტრადიციულად ჩამოყალიბებული პერსონაჟები.

ჰარაკში „პერსეფონე“ არ არის პირველი სპექტაკლი, რომელიც ძველბერძნულ მითს ეყრდნობა. თეატრის რეპერტუარში დღემდეა სანდრო კალანდაძის „იოკასტე: ნედლი მასალა“. ეს დადგმაც არ არის ტრადიციული ფორმით აგებული, რაც თავად სახელწოდებაშიც იკვეთება.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა — რატომ ანიჭებენ თანამედროვე რეჟისორები უპირატესობას ე.წ. „ნედლ მასალას“, დაშლილ ან ფრაგმენტულ ამბავს? ანტონინ არტოს მიხედვით, მითი უნდა „ამოვზიდოთ“ თანამედროვე კონტექსტში, თუმცა მისი პირდაპირი აღდგენის გარეშე. ამ შემთხვევაში ძველი მითოლოგიური პერსონაჟები შესაძლოა თანამედროვე ადამიანებად გარდაიქმნან, მაგრამ მითის არქეტიპული ენერგია მაინც შენარჩუნდეს.

თამთა ქაჯაია აღნიშნავს, რომ სპექტაკლში კვლევის მცდელობაც კი ძნელი შესამჩნევია. თუმცა მე ასე არ მგონია: მითიური მასალისა და ავტორისეული ჩანართების სინთეზში ჩანს, რომ ჰადესის მიერ გატაცებული, უმამოდ დარჩენილი პერსეფონე შეიძლება წარმოადგენდეს იმ ქართველ გოგონათა კრებით სახეს, რომელთაც ბავშვობიდან აკლიათ ან საერთოდ არ გააჩნიათ მამის ყურადღება. ეს გამოცდილება შემდგომ აისახება მათ ქალად ჩამოყალიბებისა და მამაკაცებთან ურთიერთობის პროცესში.

წარმოდგენის მსვლელობისას მსახიობები მარიონეტებად ან კომპიუტერული თამაშის გმირებად გარდაისახებიან, რაც მათი მექანიკური მოძრაობების მანერაში იკითხება. შესაძლებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტა მიანიშნებს იმაზე, თითქოს თითოეული ჩვენგანი გარკვეულწილად მართულია ბავშვობის ტრავმებით.

სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს შორის იგრძნობა ანსამბლურობა, რაც გასაკვირი არც არის, რადგან მათ ერთად არაერთ სპექტაკლში უთამაშიათ. მათ შორის, თეატრ „ათონელზე“ ტრიო მონაწილეობდა მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლში „სიყვარული და ინფორმაცია“ (ქერილ ჩერჩილის პიესის მიხედვით). სხვათა შორის, აღნიშნულ პიესაშიც არ გვხვდება არისტოტელესეული მოდელის სტრუქტურა — აქაც სტრუქტურული თვალსაზრისით კოლაჟური პრინციპით აგებული ტექსტია.

„პერსეფონეში“ ხშირად მეორდება ერთი და იგივე ტექსტი და მოძრაობები, რაც შესაძლოა ყურისთვისაც და თვალისთვისაც მოსაბეზრებელი აღმოჩნდეს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ეს გადაწყვეტა მიზანმიმართული იყოს: დადგმაში ასახული თემები — მარტოობა, ქალად ჩამოყალიბება და ტოქსიკური ურთიერთობები — დაუმუშავებელ ტრავმებს უკავშირდება. სწორედ ასეთი ტრავმები ხშირად იწვევს აკვიატებულ აზრებს და შესაბამისად მის მრავალჯერ გამეორებას იწვევს.

სპექტაკლის დასაწყისსა და დასასრულში ანასტასია ჭანტურაიას პერსეფონე იატაკზეა მოკუნტული, როგორც მუცლად მყოფი ემბრიონი, რაც შეიძლება გამოხატავდეს იმას, რომ პერსონაჟი კვლავ დაუცველ და პირველყოფილ მდგომარეობაში ბრუნდება. ეს ჟესტი შეიძლება სიმბოლურად მიუთითებდეს ტრავმის ციკლურობაზე — მიუხედავად გადატანილი გამოცდილებისა, პერსეფონე თითქოს კვლავ საწყის, დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თითქოს მისი პიროვნული განვითარება სრულად ვერ ხერხდება.

თამარ ნადირაძის სცენოგრაფიაში დომინირებს წითელი ფერი. სამოქმედო სივრცე მთლიანად დაფარულია ხავერდის ნაჭრით, რაც ჯოჯოხეთის ასოციაციას ბადებს. „ჰარაკის“ მაყურებლისთვის მსგავსი მხატვრული გადაწყვეტა შესაძლოა „პათეტიკური მონოლოგების“ სცენოგრაფიასაც გაახსენდეს (სცენოგრაფი — ქეთი ნადიბაიძე), თუმცა იქ გამოყენებული ნაჭრის ფაქტურა განსხვავებულია.

„პერსეფონეში“ ხავერდის ნაჭრის ნაწილი მონუმენტურ ქალის ფიგურად გარდაიქმნება, რაც ასოციაციურად შეიძლება აღვიქვათ როგორც ქალთა გამოცდილებისა და მათ წინაშე მდგომი პრობლემების სიმწვავის სიმბოლური გამოხატულება.

საბოლოო ჯამში, „პერსეფონე“ არის ექსპერიმენტული დადგმა, რომელშიც იკითხება მითისა და თანამედროვე გენდერული საკითხების სინთეზი. დავეთანხმები ჩემს კოლეგას იმაში, რომ აღნიშნული წარმოდგენა უფრო ვიწრო წრის მაყურებელზეა გათვლილი და ნაკლებად დააინტერესებს იმ აუდიტორიას, რომელიც სპექტაკლს ტიკტოკის „For You“-ს ლოგიკით ირჩევს.

 

 

[1] https://www.theatrelife.ge/persefone

bottom of page