top of page

რაოდენობა ხარისხის ნაცვლად;;

კომენტარი საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლზე - „დარისპანის გასაჭირი“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

342160090_244625988056262_7685695410044582173_n.jpeg

ტატო ჩანგელია

რაოდენობა ხარისხის ნაცვლად

კომენტარი საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლზე - „დარისპანის გასაჭირი“

 

ბუღალტერია - ხალხის მტერია / ხალხური /

 

 

 

მოდარაჯე მზერა ადვილად შენიშნავს: სპექტაკლების ანალიზისას კრიტიკოსების მხრიდან ხარისხის განმსაზღვრელი მთავარი ნიშანი, „მიგნებების“ რაოდენობაა; თითოეული მიზანსცენა ტექნიკურ თუ კრეატიულ მიგნებებთანაა გათანაბრებული, არსებითად ეს შეგვიძლია მოვნიშნოთ გარკვეული სახის წერტილად, სადაც კრიტიკოსები და რეჟისორები ერთმანეთს კვეთენ და თვალს უკრავენ. ეს წერტილი თეატრს ამსგავსებს რბოლას, მას გარდაქმნის თვლად დისციპლინად და უქვემდებარებს საქონლის გაცვლის მკაცრ კანონს. საგულისხმოა, როცა კრიტიკოსები საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლებზე საუბრობენ, თითქმის ყოველთვის ხაზს უსვამენ, მის შრომისუნარიანობასა და აქტიურობას, რომელიც არა მხოლოდ ახალი ფორმებისა და ექსპერიმენტების ერთგულია, არამედ საკუთარ არტისტულ სხეულში იტევს მენეჯერულ უნარებსაც, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მაშინ დადასტურდა, როცა ასლამაზიშვილმა და მისმა კოლექტივმა ცირკის უზარმაზარი დარბაზი გაავსო, ერთხელ სანახავი - „დონ ჟუანისთვის“, გარკვეული სახის სიმართლის მარცვალი მოიძებნება აქტიურობისა და შრომისუნარიანობის შესახებ წარმოთქმულ აზრშიც; ასლამაზიშვილი აქტიურად დგამს სპექტაკლებს, როგორც რეგიონის ასევე დედაქალაქის თეატრებში, დგამს ეროვნულ თუ ევროპულ დრამატურგიას, როგორც კლასიკოსებს, ისე თანამედროვე ავტორების ტექსტებს, და რაც ყველაზე მთავარია მისი სპექტაკლების რაოდენობა განსაზღვრულია საკმაოდ მცირე დროის მონაკვეთზე, თითქოს რეჟისორს გარკვეული სახის ფორმულა აქვს, რისი დახმარებითაც ნახევარი წლის მონაკვეთში შეუძლია იმუშაოს, როგორც ნორვეგიულ დრამატურგიაზე, ისევე გერმანულ მოდერნისტულ დრამაზე, თუ ადგილობრივი ავტორის პიესაზე.

რასთან გვაქვს საქმე? ჰორიზონტზე იშლება სამი შესაძლო ვარიანტი 1. ჩვენს წინაშე ღვთისგან მონიჭებული განსაკუთრებული ძალების მქონე სუბიექტია, ადამიანი-მანქანა, ერთგვარი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მოკლე დროში ხარშავს, ალაგებს და ანაწილებს, რომლის გონებრივი მასშტაბების კვლევაც მიუღწეველ არს უბრალო მოკვდავთათვის 2. საკითხი უფრო პრიმიტიულია, ჩვენს წინაშეა მომენტი, როცა ხარისხზე მნიშვნელოვანი რაოდენობაა? ან უფრო სწორად: როცა ხარიხის განმსაზღვრელი რაოდენობაა? და 3. ჩვენს წინაშე შესაძლოა რეჟისორის ინფანტილური სურვილი იდგეს, ერთგვარი მიზანი გინესის მსოფლიო რეკორდების ბუკლეტში თავის ამოყოფისა. საშუალება ჯერ არ ამართლებს მიზანს, თუმცა ჟანრის კანონის თანახმად ვიცით, თუ კი მოძრაობა ასე გაგრძელდება - კენწეროშიც გატკბილდება.

აქ, ტექსტში თავი მოვიყარეთ ერთი მიზეზის გამო, და ეს მიზეზი საბა ასლამაზიშვილის კიდევ ერთი სპექტაკლია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი დავიდ კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს პრემიერით შეხვდა, მათ მაყურებელს „დარისპანის გასაჭირი“ წარუდგინეს. ასლამაზიშვილმა უკვე მოასწრო კლასიკოსის მიერ დაწერილი სამივე პიესის დადგმა, მოცემული სპექტაკლით კი, პირად საქმეში კიდევ ერთი აქტივობა ჩაიწერა, დასახელებით - კლდიაშვილის ტრილოგია.

გავაგრძელოთ საუბარი და ამ საუბრის გაგრძელებისთვის გავიხსენოთ ქართული ჩაი, ერთ ძველ ვიდეოში პოპულარული ქართველი მუსიკოსი ამბობს - ქართული ჩაი სურნელოვანი და საამო სასმელია - თავისებურად წარმოთქმულ წინადადებაში გარკვეული სახის ეჭვი ჩნდება, თითქოსდა ვერბალური კონსტრუქციის მედიუმში ჩაჭედებულია ირონიის ნიშნები, და მართლაც, საკუთრივ, არის ქართული ჩაი სურნელოვანი და საამო სასმელი? შეიძლება ასე ითქვას: ქართული ჩაი შესაძლოა დროის კონკრეტულ მონაკვეთში იყო სურნელოვანი და საამო სასმელი, შემდეგ მას დაემართა რაღაც, რა არის ეს რაღაც: 30-იან წლებში შორეული აზიიდან, ცეილონის მხურვალე ლანდშაფტებიდან ჩაის ნერგების მასიური ჩამოტანისა და მისი გამრავლების პროცესი იწყება, საბოლოო ჯამში დასავლეთ საქართველოს გაშლილ მინდვრებზე, ჩაის პლანტაციები გაშენდა, ყამირ ნიადაგზე აღმოცენდა ჩაი და საბჭოთა საქართველომ დაიწყო უმაღლესი ხარისხის ჩაის წარმოება. რეჟიმის ცვლილებასთან ერთად, აქცენტი ხარისხიდან რაოდენობაზე გადავიდა - საბჭოთა კავშირში საბაზრო ეკონომიკის ნიშნები გაჩნდა, დიდი ოდენობით წარმოებამ, მეტი ფინანსური მოგებისთვის, საბოლოო ჯამში ხარისხის განადგურება გამოიწვია, უგულებელყოფილი იქნა „ბუნების დიალექტიკაში“ ენგელსის მიერ შემოთავაზებული თეორია ხარისხიდან რაოდენობაზე გადასვლის შესახებ (ხარისხი - ძირითადი ხასიათი, ან ბუნება. რაოდენობა - ნივთის ცვლადი, სადაც რაოდენობა გავლენას არ ახდენს ამ ნივთის ხარისხზე, ძირითად ბუნებაზე) ქართული ჩაი დაკარგავს სურნელებასა და საამო ელფერს. საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლები, საკუთრივ კი, მისი „დარისპანის გასაჭირი“ ჰგავს სურნელება დაკარგულ ქართულ ჩაის, რომელზეც აქვს აქცენტი იმ ერთ ძველ ვიდეოში პოპულარულ ქართველ მუსიკოსს, თუმცა ერთი შენიშვნით: ის არასდროს ყოფილა საამო და სურნელოვანი; ასლამაზიშვილის ესთეტიკური წიაღსვლები ჩვენს წინაშე შლის საბაზრო ეკონომიკის ნიშნებით დანაღმულ ველს, სადაც ყველაფერი თვლადია, სადაც ხელოვნების კრიტიკოსი თავისდაუნებურად რეჟისორის საპირწონედ გარდაიქმნება ბუღალტრად, რომელიც თვლის და თვლის.

დავიდ კლდიაშვილის აქტუალურობა, (ზოგადად) რასაკვირველია არ იკარგება, თუმცა, ის საჭიროებს განახლებას - ახალ დროში შემოპატიჟებას, თანადროული პრობლემატიკით დატუმბვასა და გაცოცხლებას, რა დროსაც შესაძლოა კლდიაშვილის ცინიკური სახე მთელი თავისი დიდებულებით ამოინათოს სცენაზე, თუმცა, თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ საბა ასლამაზიშვილის წარმოდგენა თავისი იმანენტურობით თვლადია, ავტომატურად გამოვრიცხავთ, უფრო სწორად, თავად ტექსტი [დადგმა] გამორიცხავს დრამატურგის შინაარსობრივ გადახედვას, მის აქტუალიზებას - მაყურებლის წინაშე, მხოლოდ კონკრეტული „მიგნებებით“ სავსე მიზანსცენებია, სასიმღერო ნომრებითა და უტრირებული თამაშის სტილით გაჯერებული, იქმნება ერთგვარი პარადოქსი, წარმოდგენას არც რაიმე სახის კონკრეტული სათქმელი აქვს და თავისი ბუნებით არც რელატიურია.

მოდი მივყვეთ, სპექტაკლის სინოფსისს: „ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს – სხვების დახმარებაში, სხვაზე „მითხოვებაში“, დალხენილი ყოფის ილუზიაში, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას ბადებს.“ - მოცემული სინტაქსების კრებული მაბრუნებს სკოლაში, კერძოდ ლიტერატურის გაკვეთილზე, სადაც, მაგალითად ვაჟა-ფშაველას ლექსი „არწივი“ პედაგოგის მიერ ისწავლებოდა, შემდეგი ინტერპრეტაციით: დაჭრილი არწივი - საქართველო, ყვავ-ყორნები - მისი მტრები. ამგვარი პრიმიტიული და გამოწურული მეჩვენება ილიას უნივერსიტეტის თეატრის მიერ შემოთავაზებული სინოფსისი, რაც ჩვენს წინაშე კიდევ ერთ კითხვას აღმართავს - რა არის საერთოდ თანამედროვე ხელოვნება? და გვაქვს თუ არა მოცემული სპექტაკლის სახით საქმე თანამედროვე ხელოვნებასთან, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

ასლამაზიშვილის კლდიაშვილი, არა მხოლოდ შინაარსისგან არის დაცლილი, არამედ კლდიაშვილს აცლის რაღაც საკრალურსა და მნიშვნელოვანს - მოქნილობასა და სისხარტეს, დეკოდირებულ სოციალურ ურთიერთობებს, რისი უგულებელყოფითაც მართას პერსონაჟი (ლილი ხურითი) - იცლება საზრისისგან და ფიტულ, შაბლონად გარდაიქმნება, ჩვენს წინაშე მხოლოდ მოღიმარი, აბეზარი ქალი რჩება, რუსული შანსონებით, მიზნებგამოცლილი. დარისპანი (სლავა ნათენაძე) კი სრულიად გაუგებარი სხეულებრივი მოქმედებებით გამოირჩევა, თითქოს მათემატიკური სიზუსტით იყოს გაწერილი რომელ ფეხს, რა დროს, რა მონაკვეთში, როგორ დადგამს - მისი სხეულის ტრაექტორიები, გვაფიქრებინებს, რომ სადღაც მთვრალსა და ნაბახუსევს შორისაა გაჩხირული. მსგავსი სამსახიობო რეჟიმია, რაც კლდიაშვილის სისხარტეს სადღაც ჰაერში აუჩინარებს. სიმართლისთვის, მსახიობებს შორის, (რამდენად არის მსგავსი ტიპის სპექტაკლში შესაძლებელი მსახიობზე საერთოდ აქცენტირება და საუბარი) თავის საქმეს თავს ყველაზე უკეთ კაროჟნას როლის შემსრულებელი, ახალგაზრდა მსახიობი მაშიკო თვალაბეიშვილი ართმევს, რომელიც რეჟისორს მწვავე უხერხულობაში ჰყავს ჩაყენებული - მთელი სპექტაკლის განმავლობაში უწევს სცენაზე უხმოდ დგომა, რაც საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს, თუმცა თვალაბეიშვილის თითოეული სხეულებრივი შეფასება მოვლენებისადმი, მისი უმწეო და წითელი სახე ქმნის განსაკუთრებულ ესთეტიკურ ნიშანს, რაც მოცემული სპექტაკლის ერთადერთი ნათელი მხარე მგონია.

ახლა დროა, დავუბრუნდეთ ზემოთ დასმულ კითხვას - რა არის თანამედროვე ხელოვნება? და არის თუ არა, მოცემული სპექტაკლი თანამედროვე ხელოვნება? ერთის მხრივ თანამედროვე ხელოვნება გულისხმობს დროში თანხვედრას? თუ ის თანადროული თემების საჩხრიალებელი მარკერია? იტალიელი ფილოსოფოსი, ჯორჯო აგამბენი თანამედროვეს განმარტავს, როგორც ღრმა დისონანსის გამოცდილებას, ცალკეულ ურთიერთობას საკუთარ დროსთან; დროსთან, რომელიც მას ემორჩილება და ამავე დროს დისტანციას იცავს მისგან, რამდენადაც თანამედროვეობა ეს არის ურთიერთობა დროსთან, რომელიც მას ემორჩილება დისფუნქციისა და ანაქრონიზმის გზით. იყო თანამედროვე ნიშნავს განცდას საკუთარ დროულობასთან, ის არა გარკვეული პერიოდიზაციის განმსაზღვრელია, როგორც ზევით ვიკითხეთ, რამდენადაც ეგზისტენციალური მარკერი, ვინც მყარად უჭერს მზერას საკუთარ დროს, რათა აღიქვას არა მისი სინათლე, არამედ სიბნელე. ამ რიგად, კითხვას ასე, გახსნილად დავტოვებ - რა საერთო აქვს დღევანდელობასთან საბა ასლამაზიშვილის მიერ დადგმულ "დარისპანის გასაჭირს"?

რასაკვირველია, ასლამაზიშვილის მაგალითი არ არის პერსონალური და უნიკალური, მისი ფენომენის გაჩენა უკავშირდება იმ დომინანტურ იდეოლოგიურ დღის წესრიგს, რაშიც ვცხოვრობთ ბოლო რამდენიმე ათწლეულია, საწარმოო ძალათა ერთობა და საწარმოო ურთიერთობები განსაზღვრავს ასლამაზიშვილის პერსონაჟის გაჩენას; აქ იდეოლოგიის მოქმედების თავისებურ სპეციფიკასთან გვაქვს საქმე, სადაც ორი სლოგანი ერთიანდება - 1. მათ არ იციან და აკეთებენ 2. მათ იციან და მაინც აკეთებენ. არსებითად ცოდნას მნიშვნელობა არ აქვს; პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელი, რაშიც ვცხოვრობთ, რასაკვირველია შემოდის სახელოვნებო თუ აკადემიურ სივრცეში, ასეა, როცა ბიუროკრატიის ჭიდილში, კონკრეტული სამეცნიერო ორგანოები შენს აკადემიურ მიღწევად კვლევების რაოდენობას საზღვრავენ, და არა მის ხარისხს; ასეა ხელოვნების შემთხვევაშიც - რაოდენობა გათანაბრებულია ხარისხთან.

ეს უნდა გადადგეს.

bottom of page