top of page

რამდენიმე გურულად ნამღერი ბოშური სიმღერა - ჭიათურელთა „ბოშები“ მოზარდში და ჭიათურის თეატრი დღეს...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.hi6XIQyateIhXXuxVXflg1Rnp0jmybeQ5bazh4U6R-c.jpg

მანანა თევზაძე

რამდენიმე გურულად ნამღერი ბოშური სიმღერა - ჭიათურელთა „ბოშები“ მოზარდში და ჭიათურის თეატრი დღეს...

 

ჭიათურის თეატრის სპექტაკლი „ბოშები“ ნანახი არ მქონდა, თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს და არც სხვა სპექტაკლები მაქვს ნანახი, ჩემდა სამარცხვინოდ! და ამ გაგანია ზაფხულის პაპანაქება სიცხეში, სხვა მაყურებელთან ერთად მეც ვეწვიე თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს, სადაც ჭიათურელმა არტისტებმა სპექტაკლის სანახავად მიგვიპატიჟეს.

საკმაო მაყურებელმა მოიყარა თავი. მოსულები იყვნენ ყვავილებით, ცხადია ახლობლები და გულშემატკივრები, იყვნენ თეატრის მოყვარულებიც, ასე რომ სცენაზე გამოსულთ ტაში და მოწონების შეძახილები არ დაკლებიათ.

ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „ბოშების“ მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის – „ბოშების“ რეჟისურა კობა სხილაძეს ეკუთვნის, მხატვარი - აჩიკო შამახიაა, ქორეოგრაფი - ვეკა პირმისაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი - თეა ჯიქურიძე. რეჟისორის გარდა ამ სამი ხელოვანის როლი სპექტაკლის წარმატებაში საკმაოდ საგრძნობია.

128-ე თეატრალური სეზონი, ჭიათურის თეატრში, სწორედ ამ სპექტაკლის პრემიერით გახსნილა, 2022 წლის ოქტომბრის თვეში. არ იფიქროთ ძველი კი არა, მოძველებული სპექტაკლიაო, სულაც არა, რადგან მსახიობები შესაშური შემართებით იდგნენ უცხო სცენაზე და ისე ენერგიულად ცეკვავდნენ და მღეროდნენ ბოშურ სიმღერებს, მაყურებელიც ისეთი მოწონებით ეგებებოდა მათ შეძახილებს, რომ თუმცა დარბაზში სულს ძლივს ვითქვამდით უჰაერობისაგან, ადრე წასვლის იდეა თავში არავის მოგვსვლია.

სპექტაკლს ნოდარ დუმბაძის პროზისათვის ასე დამახასიათებელი უშუალობა გამოარჩევდა: ყველა  სცენა მხიარულია, თუნდაც სევდიანი, მაინც ნათელი - პირველი რეჟისორული ექსპერიმენტი მამიდასთან ერთად, მდინარის წყალს გატანებული ბავშვური სურვილები და ოცნებები... ბოშათა ბანაკის ხმაურიანი შემოხეტება და უცხო სიმღერებით ახმიანებული გურიის პატარა სოფელი, წითელ-ყვითელ ყვავილებიანი, ფრიალა კაბებით აფერადებული სიმინდის ყანები, პირველი სიყვარულები და ვნებები... სასაცილო პაპიროსით გაბრუებული  ბიჭები, უცაბედად ამღერებული გრამოფონი და მდინარის პირას ბოშა ქალისათვის გურულად ახსნილი სიყვარული, სასიყვარულო წერილი, მარჩიელობა, ნიშნობის საათი... და ისევ სიყვარული, სიყვარული... თივის ზვინებს უკან ჩაყუჟული შეყვარებული ბიჭები თუ... არც თუ ყმაწვილი მამაკაცები... მოკლედ, დაალაღეს გურულ კაცთა მოდგმა ბოშა ქალებმა... მერე კი დაკარგული თხაი და ხბოი და ბოშა ქალებს თოხებით გამოდევნებული გურული ქალები...

დარბაზში არავის გახსენებია, რომ მოთხრობაში მოქმედება ომის წლებში მიმდინარეობს, რადგან სპექტაკლშიც არავის უხსენებია ომი, მთავარი სათქმელი აქ სიყვარულია, ყველა ასაკისათვის სასურველი განცდა და საწადელი...

რეჟისორსა და მხატვარს სამოქმედო ასპარეზიც შესაფერად გადაუწყვეტიათ: კონკრეტულად ფერადი დეკორაცია: ჩაყვითლებული თივის ზვინი, ასეთივე ჩაყვითლებული სიმინდის ჩალა - მომცრო ღობედ შეკრული, მზესუმზირის ყვავილებიანი; იქვე პატარა ურემი... სცენის შუაში წრედ შემოხაზული მწვანე მინდორი - სამოქმედო ასპარეზი, წინა პლანზე - რამდენიმე ჯორკო... ამ ფერად და უდრტვინველ სამყაროში ცხოვრობენ ადამიანები, თავიანთი სიხარულებითა და სიყვარულებით, დარდიცა აქვთ, ოღონდ არავის შეამჩნევინებენ და მოსულს, ვინც არ უნდა იყოს, მოყვრულად დახვდებიან... აბა რა, ისინი ხომ ქართველები არიან, მით უფრო, გურულები!

მთელ ამ აურზაურსა და ცეკვა-თამაშს ისე მოწყურებულნი თამაშობენ ჭიათურის თეატრის მსახიობები, რომ გრძნობთ, როგორ უყვართ ეს სპექტაკლი, როგორ უყვართ ნოდარ დუმბაძე და უყვართ მისი ბოშებიც, რომელთა წასვლის შემდეგ „ჩაჩუმდა სოფელი და თან წაღებული ერთი ციცქნა დოვლათის სანაცვლოდ სიყვარულის აგიზგიზებული კოცონი დასტოვეს“...

მშვენივრები არიან თამუნა ჯაჯანაშვილი, სოფო ლეთოდიანი, მაკა ცუცქირიძე, მარიამ გაბაძე, ანა ჭუმბურიძე, კატო წიკლაური, ანა მუმლაძე - მოცეკვავე და მომღერალი ბოშა ქალები, ასევე გურული ქალები - სოფო გოგოლაძე, თინა კუპატაძე და მე-11 კლასელი - ნინო გვიმრაძე - მოსწავლე გოგონა. ბოშებს შორის, არ ვიცი რა მიზეზით, არ სჩანან კაცები, სამაგიეროდ, გურული კაცები არიან საინტერესოდ წარმოდგენილი -კოტე კახიშვილი, გელა მოდებაძე და არჩილ ხვედელიძე. მათი ყოველი სცენა სახასიათო - სამხიარულოა და თავისებურ ელ-ფერს სძენს მთელ სპექტაკლს, რადგან წარმოდგენა სწორედ მათ სასიყვარულო თავგადასავალს ეძღვნება.

კარგად მახსოვს სოხუმის გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, გოგი ქავთარაძის მიერ 1986 წელს დადგმული იგივე სახელწოდების სპექტაკლი, სადაც მთავარ როლს ასე ძალიან კარგად თამაშობდა ჩვენი ძვირფასი დიმა ჯაიანი და რომელიც ასევე სავსე იყო ბოშური სიმღერებითა და ცეკვებით. მისი პათოსი ყოვლისმომცველი ბოშური კოლორიტისა და ადამიანთა შორის კეთილგანწყობის წარმოჩენა იყო, რასაც სოხუმელი ოსტატი არტისტები  შესანიშნავად ართმევდნენ თავს.

ჭიათურელთა იუმორით, ღიმილითა და გულწრფელობით სავსე სპექტაკლი იგივე თემაზე საუბრობს, მხოლოდ უფრო მოკრძალებით, მსახიობების ახალგაზრდობა და სიხალისე ყოველთვის არ არის საკმარისი სრულყოფისათვის.

სპექტაკლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორცორციელდა. 

რაც შეეხება თავად თეატრს:

1894 წელს დაარსებული ჭიათურის თეატრის შენობა ძველი კლუბის ადგილზე 1949 წელსაა აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს (არქიტექტორები მიხეილ ჩხიკვაძე და კონსტანტინე ჩხეიძე). მთავარ ფასადს ბრინჯაოსგან ჩამოსხმული სავარძელში მჯდომი აკაკის ფიგურა ამშვენებს; ფრონტონის კეხზე - მოსასხამში გახვეული ხელებაწვდილი ქალის ფიგურა - გამარჯვების სიმბოლოა აღმართული (მოქანდაკე ვალენტინ თოფურიძე); კარის თავზე ნახევრადწრიულ ტიმპანში მოთავსებულია მრავალფიგურიანი ბარელიეფი, რომელიც უთუოდ ჭიათურელ მშრომელებს წარმოგვიდგენს და რომლის ავტორიც უცნობია. შენობის პლაფონი დაფარულია დიდი ქართველი მხატვრის რობერტ სტურუას პანოთი, სადაც კვლავ და კვლავ გამარჯვების თემაა მთავარი. 1951 წელს, რობერტ სტურუასა და არქიტექტორ კოტე ჩხეიძეს  მესამე ხარისხის სტალინური (შემდგომში სახელმწიფო) პრემია მიენიჭათ, 25 ათასი მანეთის ოდენობით.

თეატრის ფოიეში იხილავთ ქართველი მსახიობების: აკაკი ვასაძისა და აკაკი ხორავას, ნატო ვაჩნაძის, უშანგი ჩხეიძის, ვერიკო ანჯაფარიძისა და მედეა ჯაფარიძის მშვენიერ ფერწერულ კომპოზიციებს, რომელთა ავტორი კვლავაც რობერტ სტურუაა.

რთულ რელიეფზე მდებარე ჭიათურის თეატრის შენობას დროთა განმავლობაში სრული რეაბილიტაცია დასჭირდა, რომელსაც  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფონდი უძღვება. უზარმაზარი სამუშაო, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს და აღადგინოს ძეგლის ისტორიული იერსახე, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ბილდკინგსს“ წლევანდელი წლის მარტის მიწურულს დაუწყია, სავარაუდოდ, 18 თვეში დაასრულებს.  

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის მოადგილე დავით ბიწაძე, თეატრის დირექტორ ნანა წერეთელთან, სამხატვრო ხელმძღვანელ დავით ნიკოლაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოსამზადებელ სამუშაოებს თვალყურს ადევნებენ.

უკვე ორი წელია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი დავით ნიკოლაძე გახლავთ, რომლის მხრებსაც პრობლემები დააწვა და რომელთაც თეატრის დირექტორთან - ნანა წერეთელთან ერთად აგვარებს. რეპეტიციები და სპექტაკლები, დროებით, კულტურის სახლში მიმდინარეობს, სადაც გრიბოედოვის თეატრის  მთავარი გამნათებლის თემურ სუხიშვილის დახმარებით თეატრის სრული განათება გადაიტანეს. მოქმედი სპექტაკლების დეკორაცია სცენის უკანა კედელთანაა თავმოყრილი და ქორეოგრაფიული ანსამბლის დიდი კონცერტებისას იქიდან გააქვთ. თეატრის ადმინისტრაცია და მომსახურე პერსონალი სხვადასხვა შენობებში განთავსდა და რაც მთავარია, შენობაში ჯერჯერობით არ არის გათბობა და კონდიცირება. სარეპეტიციო ოთახიც აქვთ, მაგრამ კულტურის სახლის დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სცენაზე შესვლა იოლი საქმე არ არის. ამ საკმაოდ უხერხული მდგომარეობის მიუხედავად თეატრი მაინც ახერხებს ახალ სპექტაკლებზე მუშაობას. დავით ნიკოლაძემ,  შემოქმედებით ჯგუფთან: მხატვარ ლომგულ მურუსიძის, კოსტიუმების მხატვარ ნუცა ჭყონიას, ნიღბების შემქნელ ირაკლი შეწირულის, კომპოზიტორების: სანდრო ნიკოლაძის, დავით კაკულიას და ქორეოგრაფ ლაშა რობაქიძის შემადგენლობით, უკვე გამოუშვა  სპექტაკლი „უბრალო ამბავი“, უკრაინელი დრამატურგის ანა იაბლონსკაიას პიესის „მენავეს“ მიხედვით. რომლის პრემიერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლის პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

2023 წლის 5-15 ივლისს, ჭიათურის თეატრი სპექტაკლით „ბოშები“, ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა; გასტროლით ეწვია საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრს.

დათო ნიკოლაძეს სხვა გეგმებიც აქვს, იგი მუშაობს საკუთარი პიესა-ზღაპრის „ცხოვრება-თამაშია?!..“, რომელიც არც მთლად საბავშვო გამოვიდა, დადგმაზე. რეპეტიციას სექტემბრიდან გააგრძელებს და ალბათ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის პირველ ნახევარში გამოუშვებს კიდეც. მხატვრებს ახალციხიდან - ლელა ფერაძესა და ნანა ყორანაშვილს, მზად აქვთ კოსტუმებიცა და სცენოგრაფიაც. ეს სპექტაკლი კარგა ხანია უნდა დაეწყო რეჟისორს, თუმცა ამ გადასვლა-გადმოსვლის გამო, ვერ მოახერხა.

რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი  ავთო ვარსიმაშვილის პიესაზე „სამი ჰალსტუხიანი და ერთი ანგელოზი“ მუშაობს, მხატვარი - ტატო გელიაშვილია და პრემიერას ალბათ ოქტომბრის თვეში იხილავს მაყურებელი.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის – „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების ხელშეწყობა სადადგმო ან საგასტროლო ხარჯით“ ფარგლებში, სექტემბერში, თბილისში წარმოადგენენ სპექტაკლს „უბრალო ამბავი“, ხოლო სენაკში - გოჩა კაპანაძის მიერ დადგმულ „დარისპანის გასაჭირს“.

წარმატებას ვუსურვებ ჭიათურის თეატრს და იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე განახლებულ თეატრში ვიხილავთ მათ სპექტაკლებს.

bottom of page