რამდენად აქტუალურია ართურ მილერის „სეილემის პროცესი“ დღეს?!
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანასტასია ჩერნეცოვა
რამდენად აქტუალურია ართურ მილერის „სეილემის პროცესი“ დღეს?!
ართურ მილერის პიესა „სეილემის პროცესი“ დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე, რომელიც ეხება 1692-1693 წლებში ქალაქ სეილემში კუდიანების დევნასა და დასჯას.
ალბათ, ბევრ ადამიანს გაუჩნდება კითხვა - „რა კავშირში არიან კუდიანები მეოცე საუკუნის დრამატურგიასთან?“.
„სეილემის პროცესი“ მაკარტიზმის პოლიტიკის ერთგვარი ალეგორიაა. 1940-1957 წლებში შეერთებული შტატების მთავრობა ამერიკაში მცხოვრებ კომუნიტებს დევნიდა, მათ შორის ართურ მილერს , რომელიც 1957 წელს ე.წ. „შავ სიაში“ მოხვდა იმის გამო, რომ მან არ უთხრა კონგრესს, თუ რომელი მწერლები ესწრებოდნენ კომუნისტურ სხდომებს.
ართურ მილერის „სეილემის პროცესი“ 1957 წლიდან მოყოლებული, დღემდე იდგმება მსოფლიო თეატრის სცენაზე. აღნიშნული პიესით არაერთი ქართველი რეჟისორიც დაინტერესებულა, მათ შორის თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, დიმიტრი ხვთისიაშვილი…
თემურ ჩხეიძემ „სეილემის პროცესი“ რამდენჯერმე დადგა, აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ბოლო სპექტაკლი სწორედ „სეილემია“, რომელზეც თავის სტუდენტებთან ერთად მუშაობდა. სამწუხაროდ, რეჟისორი პრემიერას ვერ მოესწრო, სპექტაკლზე მუშაობა, ბატონი თემურის ასისტენტმა - მაია დობორჯგინიძემ დაასრულა.
საინტერესოა, თუ რის გამო მიმართა არაერთხელ ბატონმა თემურმა ართურ მილერის „სეილემის პროცესს“?
ჩემი აზრით, რეჟისორს სურდა, ყველა თაობის წარმომადგენლისთვის ეთქვა, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად აგებს პასუხს საკუთარ მორალურ არჩევანზე, რომ ყოველთვის იყვნენ და არიან „ბოროტების სისტემის“ წარმომადგენლები და ამ სისტემის მსხვერპლნი.
აბიგაილ უილიამსის შემსრულებელმა მსახიობმა ვიქტორია ბოკერიამ მაქსიმალურად შეიგრძნო თავისი პერსონაჟის ბუნება. მან წარმოგვიდგინა ურჩი, გონებამახვილი, შურისმაძიებელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი საკუთარი მიზნის მისაღწევად.
პიესის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ შურისძიებაა. აბიგაილ უილიამსი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შური იძიოს ყოფილი საყვარლის, ჯონ პროქტორის ცოლზე - ელისაბედზე, რადგან ამ უკანასკნელმა „ხელი შეუშალა“ პროქტორისა და აბიგაილის კავშირს.
აბიგაილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ელისაბედი ჯადოქრობაში დაადანაშაულონ და სიკვდილით დასაჯონ. ჯონ პროქტორი შემდეგ სიტყვებს ამბობს აბიგაილის საქციელზე : „მე გეტყვით ვინ დათარეშობს სეილემში - შურისძიება! შურისძიება გვინგრევს ოჯახებს, შურისძიება აწესებს კანონს! შურისძიებამ წააქეზა გოგოები - ბოროტება ჩაედინათ... ჩემს ცოლს შურისძიებას მსხვერპლად არ შევწირავ“. ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, თუ რა შეუძლია შურისძიებას. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ დღევანდელობა, რუსი ტირანის შურისძიება, წლის უდიდესი ტრაგედია - უკრაინის ომი, რომელიც უამრავი ადამიანი გაანადგურა ფიზიკურად თუ მორალურად.
სწორედ შურისძიების საკითხს ხაზს უსვამს „სეილემის პროცესის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ჰეილი: „…საფიქრებელია, რომ სეილემის მოსახლეობა საყოველთაო ტრაგედიის მიზეზს მაინც ვერ მიხვდა. ვერ მიხვდა, რომ ყოველი მათგანი - დამნაშავე იყო! გაუტანლობამ, შურმა და ღვარძლმა აიყვანა უდანაშაულო ადამიანები სახრჩობელაზე…“.
ვფიქრობ, ჰეილის ეს სიტყვები მეტად დამაფიქრებელია, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, დღესაც ბატონობს შურისძიება, რომელსაც სიჩუმით და შემგუებლობით კი არა, არამედ სამართლიანობისათვის ბრძოლით უნდა ვუპასუხოთ.
პასტორ პერისს ორი მსახიობი ასრულებს, დაჩი ბაბუნაშვილი და ვიტალი შენგელი. ორივე მსახიობის შესრულებაში ნათლად ჩანს პერისის სახე. სპექტაკლის დასაწყისშივე ვხედავთ, რომ ამ პერსონაჟს აგრესიული ბუნება აქვს - უყვირის ტიტუბას (ანა გულედანი), აბიგაილს, ამ
უკანასკნელს ახსენებს, რომ თავის დროზე დახმარება გაუწია: „შე უმადურო, ჩაგაცვი, დაგახურე, ადამიანად გაქციე...“ . დამეთანხმებით, მსგავსი სიტყვები პასტორს არ შეეფერება. რეჟისორმა და მსახიობებმა ხაზი გაუსვეს პერისის ქედმაღლობას, რაც ჩანს შემდეგ ფრაზაში - „…ნუ დაგავიწყდებათ, რომ იღლიაში ბიბლია ამოჩრილი ვიღაც ფერმერი კი არა ვარ! ჰარვარდის კოლეჯი დავამთავრე!“. ასევე, მსახიობებმა პასტორის მხდალი და ეგოისტური ბუნება წარმოაჩინეს.
ავანსცენის კუთხეში ჯვარცმული ქრისტეს ილუსტრაცია მოკრძალებულად ჰკიდია. საინტერესოა, რატომ ? იმიტომ ხომ არა, რომ „სეილემის“ პერსონაჟები ერიდებიან ჭეშმარიტ ქრისტიანობას ?
უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტა ნატურალისტურია, მსახიობებს XVll საუკუნისათვის დამახასიათებელი სამოსი აცვიათ, დეკორაციაც მოცემული ეპოქისთვისაა დამახასიათებელი ( მხატვარი- ელენე აფრიამაშვილი).
სანდრო სამხარაძე მსახიობთა ახალი თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. თეატრის მაყურებელს ახსოვს მის მიერ შესრულებული კარტურიენი გეგა გაგნიძის „ბალიშის კაცუნაში“, აფსირტო პაატა ციკოლიას „მედეა s01 e06“, ახალგაზრდა კაცი დავით ხორბალაძის „მკვდარ ძაღლებში“ და სხვ.
„სეილემის პროცესში“ იგი ჰეილის როლს ასრულებს. სანდრო სამხარაძესაც კარგად აქვს გააზრებული პერსონაჟის ხასიათი. ჰეილი სათნო ადამიანია, მაგრამ გაუაზრებლად შეიტანა წვლილი უდანაშაულო ადამიანების დასჯაში, რასაც გვიან ხვდება და ძლიერ ნანობს ყოველივეს. ყოველივე ჩანს შემდეგ სიტყვებში: „ჩემსავით არ შეცდეთ, გუდი პროქტორ, მოვალეობას არ დაემონოთ. სეილემში ისე მოვიჩქაროდი, როგორც ჭაბუკი საცოლესთან. მეგონა თან მომქონდა სარწმუნოების უმაღლესი ჭეშმარიტება, ზეციური კანონის მადლი. მაგრამ რასაც კი ხელი შევახე, ყველაფერი გაქრა და სადაც კი ფეხი დავდგი, ყველგან სისხლი დაიღვარა…“.
გიორგი წერეთლის შესრულებაში სიყალბის ნატამალიც არაა. მისი ჯონ პროქტორი ბრუტალურია, იგი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. კვირაობით არ დადის ღვთის მსახურებაზე, არ ნათლავს მესამე შვილს, ღალატობდა ცოლს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იგი აღიარებს საკუთარ დანაშაულს ცოლის წინაშე, ყურადღებას არ აკლებს , ზრუნავს მასზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გუდი ელისაბედი არ დაისაჯოს. მთავარი კი ის არის, რომ იგი პატიოსანი კაცია, რომელიც არ ერგება უსამართლო სისტემას და ბოლომდე ინარჩუნებს მართალი კაცის სახელს.
ელისაბედ პროქტორს ორი მსახიობი ასრულებს - ანკა დიდმანიძე და ელენე ბეჟიაშვილი.
ელისაბედი მოსიყვარულე დედა და ცოლია. პროქტორისა და აბიგაილის კავშირის შემდეგ ძალზე ეჭვიანი ხდება, მაგრამ ქმარი იმდენად უყვარს და სურს მისი ღირსების შენარჩუნება, რომ სასამართლოს წინაშე ცრუობს. ანკა დიდმანიძის მიერ შესრულებული გუდი ელისაბედი უფრო თავშეკავებულია, ხოლო ელენე ბეჟიაშვილის მეტად ემოციური.
ნიკოლოზ ბაქრაძე მოსამართლე დენფორტის როლს ასრულებს. მან გვიჩვენა „საზოგადოებრივი წესრიგის“ მორჩილი მოსამართლე, რომელმაც იცის სიმართლე, მაგრამ სახრჩობელაზე მაინც აგზავნის უდანაშაულო ადამიანებს. მას შეეძლო პროტესტი გამოეთქვა, როგორც ეს ჰეილმა გააკეთა, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნება არჩია. მსახიობმა ირონიული ხმის ტემბრით, მიმიკით, სიარულის მანერით შეძლო თავისი გმირის ამპარტავანი მედროვის ჩვენება.
მერი უორენსაც ორი მსახიობი ასრულებს - ნინო ანანიაშვილი და ნუკა ქევხიშვილი. ეს პერსონაჟი მერყევი ბუნებით გამოირჩევა, ხან აბიგაილს ემორჩილება, ხან პროქტორს, შემდეგ კი სასამართლოს. მერი უორნერს ტყუილის თქმა ურჩევნია საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თავადვე ამბობს: „მე სიცოცხლე მინდა, მისტერ პროქტორ! არ მსურს თქვენთან ერთად ჩამომახრჩონ. ღმერთის წინაშე დამნაშავე ვარ და შეწყალებას ვთხოვ მე მას!“. მომენტებში ორივე მსახიობის შესრულებაში იგრძნობოდა გადაჭარბება, მაგალითად სასამართლოს სცენაში. შესაძლოა ეს მათი პერსონაჟის ბუნებიდან გამომდინარეა. მერი უორენი ემოციების სწრაფ ცვალებადობას განიცდის და ამ შემთხვევაში მსახიობებისთვის ძალზე რთულია ემოციების მართვა.
საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ართურ მილერის „სეილემის პროცესი“ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს, ამის თვალსაჩინო მაგალითი ბატონი თემურ ჩხეიძის უკანასკნელი დადგმაა. აღნიშნულმა სპექტაკლმა ისიც გვიჩვენა, რომ ქართულ თეატრს ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდა მსახიობები (ანკა დიდმანიძე, ელენე ბეჟიაშვილი, დაჩი ბაბუნაშვილი, ვიტალი შენგელი, ანჯელიკა აგაბაბოვი, ანა გულედანი, ვიქტორია ბოკერია, ჯორჯი დვალიშვილი , ნინო ანანიაშვილი, ნუკა ქევხიშვილი, გიორგი წერეთელი, სალომე კუცია, სანდრო სამხარაძე , ნიკა აფციაური) შემოემატნენ.