რატომ არის მიდრეკილი ადამიანი ძალადობისკენ
მაკა ვასაძე
რატომ არის ადამიანი მიდრეკილი ძალადობისკენ...
საქართველოში არსებული რეგიონული თუ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების ერთ-ერთი უპირველესი მიზანია მაყურებელს შესთავაზოს სპექტაკლები, რომლებშიც ასახულია მსოფლიო სათეატრო სივრცეში მიმდინარე პროცესები. 2014 წლის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „საჩუქრის“ გახსნაზე წარმოდგენილი ენ ბოგარტისა და დარონ ლ. უესტის, სითი კომპანიში განხორციელებული, „რადიო მაკბეტი“ შექსპირის „მაკბეტის“ ერთობ ორიგინალური, საინტერესო, განსხვავებული ინტერპრეტაცია გახლდათ. ბოლო წლებში თბილისელ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა სხვადასხვა კონცეფციის და ფორმის „მაკბეტები“: რობერტ სტურუას, დათო დოიაშვილის, მაია კლეჩევსკას, ანდრო ენუქიძის, ვანო ხუციშვილის სარეჟისორო ნამუშევრები. რატომ არის დღეს ასე აქტუალური ეს პიესა? ენ ბოგარტმა პრესკონფერენციაზე გვითხრა, რომ „მაკბეტში“ ასახული ძალადობის, ძალაუფლებისკენ სწრაფვის თემები ჩვენს რალობაში არსებული უდიდესი პრობლემებია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ პიესის დადგმა, რომელიც მის უსაყვარლეს რეჟისორს ორსონ უელსს ეძღვნება. სწორედ ორსონ უელსის რადიოდადგმამ „მარსიანელები“ უბიძგა ენ ბოგარტს „მაკბეტის“ რადიო დადგმად გათამაშების იდეისკენ. 1938 წ. ორსონ უელსის „მარსიანელებმა“ შეერთებული შტატების მოსახლეობის უმრავლესობა შოკში ჩააგდო. ამერიკელებმა დაიჯერეს, რომ მარსიანელები მართლაც შემოესიენ დედამიწას.
ულიამ შექსპირის მიხედვით განხორციელებული „რადიო მაკბეთის“ თანადამდგმელი დარონ ლ. უესტი სპექტაკლი ხმის რეჟისორიცაა. ხმის რეჟისორის თანადამდგმელობა არაა გასაკვირი, ვინაიდან დადგმის სტილისტიკას ძირითადად: სიტყვა, ტექსტი, ხმოვანება, ხმის ეფექტები განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენის ვიზუალური გადაწყვეტა, მხატვარი ჯეიმზ შუტის მიერ შექმნილი 30-იანი წლების რადიოსტუდიაში გათამაშებული „მაკბეთი“, დეკორაციებითა და კოსტიუმებით თავიდანვე განაწყობს მაყურებელს სპექტაკლის განსხვავებული ფორმით აღსაქმელად. მე-20-ე საუკუნის 30-იანი წლების კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები, შექსპირისეული არისტოკრატული ინგლისის სისხლიან ვნებათაღელვას ანალიტიკურ-ინტელექტუალური ფორმით გადმოსცემენ.
ზევით აღვნიშნე, რომ დადგმა ორსონ უელსის ხსოვნას ეძღვნება და აქედან გამომდინარე, სპექტაკლის დასაწყისში მაკბეტის როლის შემსრულებელი სტეფენ ვებერი ორსონ უელსს მოგაგონებთ, რომელიც რადიოსპექტაკლის ჩასაწერად მოსულ მსახიობებს აკვირდება. რადიოსტუდიაში მოსული მსახიობების მშვიდი, წყნარი მზადება, ნელ-ნელა შექსპირის სისხლიანი ტრაგედიის ასპარეზად გარდაიქმენბა. დადგმაში უარყოფილია ყოველგვარი ვიზუალური ეფექტები და ვნებათაღელვა სიტყვებში, ტექსტის წარმოთქმაშია გადანაცვლებული. ლედი მაკბეტის როლის შემსრულებელმა ელენ ლორენმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მიკროფონთან წარმოთქმული სიტყვები და ტექსტი, რომელსაც მსახიობი მიკროფონის გარეშე წარმოსთქვამს, განსხვავებული მეტყველების ტექნიკას მოითხოვს და სპექტაკლში აქცენტების გადანაცვლება მუდმივი ცვალებადობის რეჟიმში მიმდინარეობს. წითელ კაბასა და შლიაპაში გამოწყობილი ლედი მაკბეტი თავიდანვე თითქოს სისიხლის ლაქად აღიქმება. საოცარი ტრაგიზმით წარმოადგინა ელენ ლორენმა სიგიჟის ეპიზოდი. მხატვარ-გამნათებლის ბრაიან შუტის მიერ შექმნილი ნახევარტონებისა თუ შუქჩრდილების მონაცვლეობა, კიდევ უფრო ამძაფრებს მისტიკურ განწყობას. წარმოდგენაში შექმნილი ხმოვანი რიგის მეშვეობით, იდუმალი, თითქოს სხვა სამყაროდან წამოსული ხმები კუდიანების წინასწარმეტყველების ეპიზოდებს თითქოს საშინელებათა წარმოდგენის მომსწრედ აქცევს მაყურებელს.
ამბავი, გვიან ღამით მიტოვებულ თეატრში თამაშდება. სარეპეტიციო მაგიდის გარშემო შემომსხდარი არტისტები შექსპირის, ტყვიასავით სწრაფი და მაგნეტურად მიმზიდველ, პიესის ბწკარებს გადიან. მათ გარშემო კი ძველი ცნობილი სპექტაკლების ლანდები ცოცხლდება და ამბიციის, ძალადობის, ბედისწერის, განგების, თავისუფალი ნების, ქედმაღლობის, შურისძიების, სიამაყის, გადაუწყვეტელობის, პარადოქსის, ქალსა და მამაკაცს შორის მუდმივი ბრძოლის, სიგიჟის ნაპერწკლები გიზგიზებს და ფეთქდება. ასეთ ორომტრიალში არტისტები შექსპირის ჯანსაღ გონიერ სიტყვებს ეჭიდებიან, რომლებიც სარეპეტიციო ოთახში ცოცხლდებიან.
მაგიდები, სკამები, მიკროფონები, სცენის სიღრმეში მდგარი პიანინო - მცირერიცხოვანი ნივთებისგან შემდგარი დეკორაცია 30-იანი წლების ჩამწერი სტუდიის გარემოს ქმნის. ჩაბნელებულ დარბაზში სანთებელის შუქზე მსახიობები სცენისკენ იკვლევენ გზას. შუქის ჩამრთველს მიაგნებენ, ანთებენ სინათლეს და იწყება რეპეტიცია „მაკბეტის“ რადიოდადგმისთვის. თვიდან მათ თითქოს ეზარებათ რეპეტიციის გავლა, უხალისოდ იღებენ ხელში თითოეული მათგანისთვის განკუთვნილ ტექსტს. ინტერესი გრძნეული ქალის ტექსტის წარმოთქმის დროს ჩნდება. აკიკო აიზავა, ვილი ბონდი, ჯან მურეი განინო, სამუელ სტრიკლენი, ელენ ლორენი, დებორა ველესი, სტეფან ვებერი საათნახვრის განმავლობაში გაითამაშებენ „მაკბეტის“ ტრაგედიას. ყოველი მათგანი რამდენიმე როლს ასრულებს. სამსახიობო ოსტატობით, პროფეზიონალიზმით გამოირჩევა ამერიკელი მსახიობების თამაში. მინიმალისტური ხერხების გამოყენებით ისინი ემოციურად მუხტავენ მაყურებელს. განსაკუთრებით გამოვყოფ ქალთა ტრიოს, რომლებიც მთხრობელებს, გრძნეულებს, ლედი მაკბეტს, ლედი მაკდაფს, მაკდაფის შვილს განასახიერებენ. რეჟისორების ჩანაფიქრით მსახიობები 30-იანი წლების კოსტიუმებით თამაშობენ. მათ შორის ერთადერთი ლედი მაკბეტის წითელი კაბა, წითელი ფეხსაცმელები და წითელი ხელთათმანები გამოირჩევა. წითელი ფერი, ამ შემთხვევაში, როგორც ძლიერების, ასევე ავისმომასწავებელი სიმბოლოა. მსახიობები არაჩვეულებრივად ფლობენ ხმას. სხეულის მოძრაობა სწორედ ხმას ექვემდებარება. ინტონაციით, აქცენტებით, ხმის ტემბრის ცვალებადობით ზემოქმედებენ მსახიობები მაყურებელზე. გასაოცარი იყო მაგალითად, დებორა ველსის გრძნეულის მონოლოგი მიკროფონთან. სცენა ჩაბნელებულია, მხოლოდ დებორას გრძნეულია განათებული, ჩაის ფინჯანი უჭირავს ხელში და კოვზს ურევს, თითქოს დიდ გობში ხარშავდეს მომაჯადოვებელ ნაყენს. მსახიობის მიერ წარმოთქმული სიტყვები ჟრუანტელს მგვრიდა. ანდა, ლედი მაკდაფისა და შვილის დიალოგი. გასაოცარი იყო აკიკო აიზავას გარდასხვა პატარა, შეშინებულ ბიჭად, რომელიც ჯიუტად იცავს მამას.
რეჟისორებმა და მსახიობებმა ყოველგვარი ტექნიკური ეფექტების გამოყენების გარეშე შექსპირის „მაკბეტის“ მისტიური გარემოცვა შექმნეს. სპექტაკლი საათნახევარი მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ტექსტი შემოკლებულია, დადგმის კონცეფციიდან გამომდინარე რაღაცეები ჩამატებულია. მაკბეტი და ლედი მაკბეტი ყოველ ჩვენგანში არსებობს გვეუბნებიან რეჟისორები. ხოლო, რატომ არის ზოგადად ადამიანი მიდრეკელი ძალადობისკენ, რატომ ისწრაფის იგი ასე გაშმაგებული ძალაუფლების მოპოვებისკენ, ეს ის კითხვებია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობს და აწუხებს ადამიანთა მოდგმას. ის, რომ ბოროტი სული ყოველ ადამიანში არსებობს, პროგრამაში როლების შემსრულებლების ჩამონათვალშივე ჩანს. ყოველი მსახიობი სხვასთან ერთად გრძნეულს თამაშობს. „რადიო მაკბეტი“ იწყება და მთავრდება მიზანსცენით: სტეფან ვებერის - მაკბეტი, რომელიც სცენაზე მიმდინარე ამბის რეჟისორადაც შეიძლება აღვიქვათ, მარტოდმარტო ზის სცენის შუაგულში და უსასრულობაში იმზირება, ალბათ სურს განჭვრიტოს მარადიული კითხვა: რატომ არის ადამიანი მიდრეკილი ძალადობისკენ...
ენ ბოგარტის რეჟისურით, სპექტაკლში მონაწილე მსახიობებმა უდიდესი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. არაჩვეულებრივი მეტყველების ტექნიკა, ხმის ფლობა, მათ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა დატვირთული იყო უდიდესი განცდით. „რადიო მაკბეტში“ სიტყვის პრიორიტეტი მაყურებელს თანამონაწილედ აქცევს. აღმოჩნდა რომ, მინიმალური ვიზუალური ეფექტებითაც შესაძლებელია შექსპირის ტრაგიკული ვნებების წარმოდგენა. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ კომპანია სითის მსახიობები, ყოველდღიური ტრენაჟის მეშვეობით აღწევენ იმ საოცარ ტექნიკას, რომელიც მათ სპექტაკლში წარმოგვიდგინეს.
თბილისსა თუ რეგიონებში არსებული თეატრალური ფესტივალები, ნათლად ასახავს მსოფლიო სათეატრო სივრცეში მიმდინარე პროცესებს და ასევე, საუკეთესო საშუალებაა ახალი სათეატრო ფორმების, ძიებების, სიახლეების გასაცნობად. ამის ნათელი მაგალითი გახლდათ ამერიკული კომპანია სითის „რადიო მაკბეტი“. თეატრი - ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გლობალური ხელოვნებაა მსოფლიო კულტურაში. მუდმივი ძიების, განახლების პროცესში იგი იცვლის ფორმებს, შინაარს, ხერხებს, გამოხატვის საშუალებებს, უბრუნდება საწყისებს, განვლილ ეტაპებს, იღებს წარსულიდან ამა თუ იმ ელემენტს, გადაამუშავებს და ისევ ახალს ქმნის. იდეა კი უცვლელი რჩება, თამაშის ენით - ელაპარაკოს ადამიანებს, დააფიქროს, შთააგონოს, ემოციურად დატვირთოს, დიალოგზე გამოიწვიოს. მოკლედ, არისტოტელეზე უკეთ საუკუნეებია ვერავინ განსაზღვრა თეატრის არსი, იდეა - „კათარზისი“.