რად გვინდა მზე, რად გვინდა სინათლე?!
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
მაკა ვასაძე
რად გვინდა მზე, რად გვინდა სინათლე?!
„ახალი დრამის მეფედ“ წოდებული ჰენრიკ იბსენის დრამატურგია სხვადასხვა ჟანრის პიესებს მოიცავს. მას დაწერილი აქვს დრამატული პოემები, ისტორიული, სოციალური, სიმბოლისტური, თანამედროვე ყოფის ამსახველი დრამები. „მოჩვენებანი“ დრამატურგის მოღვაწეობის ბოლო, მესამე პერიოდში შექმნილი ნაწარმოებია. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ადამიანის ცნობიერებაში გარდატეხის მომენტი დგება, ღმერთდაკარგული ადამიანი ახალი ფასეულობების ძიებაში დაბნეულია. ძირეულად იცვლება სამყაროს შეცნობის მსოფლმხედველობრივი მიდგომა. რა თქმა უნდა, ცვლილებები ხელოვნებაში ჰპოვებს ასახვას. ფუნდამენტური ცვლილებები სათეატრო ხელოვნებასაც შეეხო. ამ პერიოდში იბსენი იკვლევს ტყუილზე აგებულ ურთიერთობებს და სიყალბეზე აგებული საზოგადოებრივი ცხოვრების შედეგებს.
„მოჩვენებანი“ ძალზედ დრამატული და ქმედითი პიესაა. იბსენი დაინტერესებულია გენეტიკური მემკვიდრეობითობით, როგორ აისახება და რა გავლენას ახდენს შთამომავლობაზე წინაპრების საქციელი, ჩადენილი ცოდვები. ერთმანეთს უპირისპირდება მოვალეობის გრძნობა ადამიანის პირად ინტერესებს, საზოგადოების მიერ დადგენილი მორალური ნორმები ადამიანის პირად გრძნობებსა და ცხოვრებას. რა უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრების ყოველი წუთით ტკბობა თუ მკაცრად დადგენილი ცხოვრებისეული ნორმები. მთავარი მოქმედი პირი ფრაუ ალვინგი ძლიერი პიროვნებაა, რომელმაც ოჯახისა და საზოგადოების წინაშე მოვალეობებს შესწირა სიყვარული, პირადი ინტერესები და რაც მთავარია სიმართლე, ამის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მან საკუთარი შვილი გაიღო მსხვერპლად. საბოლოოდ ოჯახის შესახებ მის მიერვე შექმნილი მითი გაცამტვერდება და სრული კრახით მთავრდება. ფრაუ ალვინგისვე იძულებით გაცხადებული სიმართლე მოჩვენებასავით ამოუტივტივდებათ პიესაში მოქმედ პერსონაჟებს. „დავარცხნილი“, დალაგებული ოჯახური კეთილდღეობა თავზე ენგრევათ ოჯახის თითოეულ წევრსა და ამ ოჯახთან დაახლოებულ პირებს. იბსენმა სასტიკი განაჩენი გამოუტანა ტყუილზე აგებულ ურთიერთობებს, ზოგადად ცხოვრებას. კეთილშობილი მიზნებიც კი არ ამართლებს ტყუილს, სიმახინჯეზე, ბოროტებაზე ხელის დაფარებას. დროულად გამჟღავნებული სიმართლე პერსონაჟებს, ადამიანებს ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალებას მისცემდა. სიმართლე ალვინგების ოჯახს თავიდან ააცილებდა ტრაგიკულ დასასრულს. ალვინგების წყვილმა ცხოვრება ერთმანეთს ჯოჯოხეთად უქციეს, მახინჯმა ურთიერთობებმა ისინი სრულად გაანადგურა. ადამიანი პასუხს აგებს ჩადენილი საქციელის თუ ქმედების გამო, არაფერი ქრება უკვალოდ, ყველაფერს შედეგი მოყვება. საბოლოოდ ტყუილი გამჟღავნდება.
ახალგაზრდა რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, პროდუქტიული რეჟისორია. თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მან უკვე რამდენიმე სპექტაკლი განახორციელა. რეჟისორი სხვადასხვა ჟანრის დრამატურგიაზე მუშაობს და შესაძლოა საკამათო, მაგრამ კლასიკოს თუ თანამედროვე ავტორთა თავისეულ, ორიგინალურ ინტერპრეტაციას სთავაზობს მაყურებელს. პეტერ ვაისის „მარკიზ დე სადი“, შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, ედვარდ ოლბის „ზოოპარკის ისტორია“, მოლიერის „ძალად ექიმი“ - ეს საბა ასლამაზიშვილის მიერ განხორციელებული სპექტაკლების მოკლე ჩამონათვალია.
თავისუფალ თეატრში საბა ასლამაზიშვილმა იბსენის „მოჩვენებები“ (ადრე ითარგმნებოდა „მოჩვენებანი“) დადგა. სპექტაკლი ერთი შეხედვით რეჟისორის ხელწერისათვის განსხვავებული ხერხებითაა განხორციელებული. ჩემი აზრით, ახალგაზრდა ხელოვანმა დაამტკიცა, რომ მას ძალუძს არა მარტო, სხვადასხვა ჟანრის პიესებზე მუშაობა, არამედ შეუძლია და აინტერესებს განსხვავებული სათეატრო ფორმებით ოპერირება. ამჯერად, ყოველგვარი ეპატაჟურობის გარეშე, მან კლასიკური, ფსიქოლოგიური თეატრის ხერხებით შექმნა „მოჩვენებები“.
სპექტაკლში ნიჭიერი მსახიობი ანდრია ვაჭრიძე ახალი ამპლუით მოგვევლინა, მან „მოჩვენებების“ სცენოგრაფია შექმნა. რამდენიმე შტრიხისგან შემდგარი დეკორაცია ძალიან სადაა, თითოეულ რეკვიზიტს სიმბოლური დატვირთვა აქვს. სცენის უკანა კედელზე გაკეთებული აივანი, ოსვალდის სახელოსნოა, სცენის შუაში მრგვალი მაგიდა და რამდენიმე სკამი დგას. მის თავზე ნახევრად დახრილი, ტროსებით ჩამოკიდებული მრგვალი სარკეა, სარკეში ირეკლება ტყუილზე აგებული ალვინგების ოჯახის (და საზოგადოების) ცხოვრება. ამ სარკეშივე ნათლად გამოჩნდება ოსვალდის სახის რეჟისორისეული ინტერპრეტაცია, მსხვერპლად შეწირული ოსვალდის ჯვარცმულ ქრისტესთან, განკაცებულ ღმერთთან ანალოგი. ფარისეველი საზოგადოება დაკანონებული ნორმების დარღვევას არავის პატიობს, ჯვარს აცვამს, მსხვერპლად სწირავს. ამას კიდევ უფრო ამყარებს ავანსცენაზე აღმართული ჯვრის გამოსახულება. გივიკო ბარათაშვილის ოსვალდი ჯვართან მიდის და ჯვარცმული ქრისტეს პოზას გამოსახავს. სპექტაკლში განკაცებულ ქრისტესთან ასოციაციას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეჟისორი. ვფიქრობ, ეს მიზანსცენა ზედმეტად პირდაპირი და პლაკატურია, მითუმეტეს ამაზე მითითება, საინტერესო ფორმით უკვე არის სპექტაკლში. საზოგადოება ყოველგვარ ბოროტებას, აღვირახსნილობას, სიყალბეს ქრისტეს სახელით ნიღბავს. ჯვარს პატარა სარკმელი აქვს, რომელშიც სანთელი დევს. სწორედ ამ სიწმინდის სიმბოლოს იყენებს პასტორი მანდერსი, რომელსაც სიმართლის გაგების შემდეგ, მთელი სამყარო თავზე ენგრევა, კამერჰერ ალვინგის სახელობის თავშესაფარს, სანთლის ნამწვით ცეცხლს უკიდებს და მთლიანად გადაწვავს. მრგვალ მაგიდაზე გაწოლილი გივიკო ბარათაშვილის ოსვალდს სარკე ჯვარცმულად აირეკლავს, მერე ნელ-ნელა ქვევით ეშვება და გულზე ლოდად ედება, ამ ლოდზევე ცეცხლწაკიდებული თავშესაფრის მაკეტი იწვის, ვფიქრობ რეჟისორის ჩანაფიქრით, ლოდზე ცეცხლწაკიდებული თავშესაფარი ავანსცენაზე აღმართული ჯვრის ანარეკლია.
ვახტანგ გვახარიას სპექტაკლისათვის შექმნილი მუსიკა, რომელსაც რეჟისორი მინიმალურად, მიზანმიმართულად იყენებს, ამა თუ იმ ეპიზოდის შინაგან მუხტს ამძაფრებს და მაყურებლის ემოციურ აღქმას უწყობს ხელს.
რეჟისორის კონცეფციის შესაბამისი, პერსონაჟთა ხასიათის თვისებების გამომხატველი კოსტიუმები შექმნა ბარბარა ასლამაზმა. განსაკუთრებით გამოვყოფ, ოსვალდის, ფრაუ ალვინგის, პასტორ მანდერსის კოსტიუმებს. ანი იმნაძის ფრაუ ალვინგის ქალურობა, დიდებულება, სიძლიერე კიდევ უფრო მეტად იკვეთება თეთრ, ცისფერ და წითელ ფერებში გადაწყვეტილ კაბასა და მოსასხამში. არჩილ ბარათაშვილის პასტორის მკაცრი შავი ფერის შესამოსელი მის ასკეტურ ბუნებას უფრო მეტად უსვამს ხაზს. რეჟისორმა და მხატვარმა კოსტიუმში პატარა შტრიხის შეტანით, ფრაუ ალვინგთან ერთ-ერთ სცენაში, ანაფორის თეთრ საკინძეში ჩაკერილი ფსალმუნის შეხსნით, პასტორის პიროვნებაში შერჩენილ ადამიანურ ვნებაზე მიგვანიშნეს. გივიკო ბარათაშვილის ოსვალდის სამოსში თეთრი ფერი სჭარბობს. პირველ მოქმედებაში იგი ნახევრად შიშველია, გრძელი თეთრი ტრუსებით და გრძელი თეთრივე წინდებით. მსახიობის სხეული სიმსუბუქისა და გამჭვირვალობის ასოციაციას ბადებს, ოსვალდის პერსონაჟი „დედიშობილა“ ევლინება მაყურებელს, რაც მისი მგრძნობიარე ბუნების და ამასთანავე დაუცველობის გამომხატველია. მეორე მოქმედებაში ოსვალდის კოსტიუმი ბოჰემურია, თავისი ბრჭყვიალა საყურითა თუ ხელის თითებზე ასხმული ბეჭდებით.
გივიკო ბარათაშვილის ოსვალდი, მამის ცოდვების გამო, უკურნებელი სენითაა დაავადებული, თანდათანობით იგი „მცენარედ“ იქცევა. მან იცის, რომ განწირულია, დარდს სასმელით იქარწყლებს. გივიკო ბარათაშვილი თავისი პერსონაჟის ფსიქო-ფიზიკურ მდგომარეობას, თანმიმდევრულად, ქმედითად, შინაგანი ემოციური მუხტით და გარეგანი დახვეწილი პლასტიკით გადმოსცემს. ყოველი მოძრაობა, ჟესტი, მიხვრა-მოხვრა, მიმიკა პერსონაჟის ხასიათის, შინაგანი ბუნების გამოხატულებაა. გივიკო ბარათაშვილის ოსვალდი შეგუებულია იმ ფაქტს, რომ იგი განწირულია, მაგრამ არ სურს უმწეო მდგომარეობაში სიცოცხლის გაგრძელება. ამიტომაც ბრუნდება სახლში და ეძებს ადამიანს, ვინც „მცენარედ“ ქცეულს დაეხმარება და მორფინის სასიკვდილო დოზას გაუკეთებს. თითქოს მოძებნის კიდეც ასეთ დამხმარეს რეგინას სახით, მაგრამ ოსვალდს ამაშიც არ უმართლებს. (სამსახიობო ანსამბლში ყველაზე ფერმკრთალი ვიქტორია ბოკერიას რეგინაა. რეჟისორს, ალბათ, უფრო მეტი უნდა ემუშავა ახალბედა მსახიობთან). ოჯახის მოახლესთან რომანტიკული ურთიერთობის გაბმა საშინელი კატასტროფით მთავრდება. რეგინა მისი „სახელოვანი“, „საამაყო“ მამის ცოდვის ნაყოფი, მისი ნახევარდა აღმოჩნდება. საბა ასლამაზიშვილმა კიდევ უფრო გაამძაფრა იბსენის პიესაში არსებული ოსვალდისა და რეგინას ურთიერთობის ხაზი. სპექტაკლში წინაპრების ცოდვას, საკუთარ დასთან ინცესტის ცოდვაც ემატება. რეჟისორმა მინიმალისტური ხერხებით გადაწყვიტა და-ძმის „ინცესტის“ ეპიზოდი, რომელიც ოსვალდის სახელოსნოში გათამაშდება. ქვევით სცენაზე ფრაუ ალვინგი და პასტორი მანდერსი არიან, მათ შორის ეს ესაა დასრულდა დაძაბული დიალოგი, ეს ესაა პასტორმა ფრაუ ალვინგისგან სიმართლე შეიტყო ალვინგების ოჯახის, კამერჰერ ალვინგის უზნეო, აღვირახსნილი ცხოვრების შესახებ. ზევით სახელოსნოში რეგინა და ოსვალდი ეხვევიან ერთმანეთს. ისინი სპეციალურად გაითამაშებენ ოსვალდის რეგინაზე ძალადობას. ფრაუ ალვინგისა და პასტორის გასაგონად რეგინა ხმაურით სკამს აყირავებს და განგებ ხმამაღლა იყვირებს: ოსვალდ, ხომ არ გაგიჟდი გამიშვი. შემდეგ ახალგაზრდა წყვილი ერთმანეთს ეხვევა. ოსვალდის სახელოსნო ჩაბნელდება. გაოგნებულ, შეძრწუნებულ ფარაუ ალვინგს კი აღმოხდება: მოჩვენებები!
ანი იმნაძე მომხიბვლელი, ძლიერი, საბოლოოდ კი განადგურებული ქალის სახეს ქმნის. ფრაუ ალვინგისა და პასტორის პირველივე სცენაში რეჟისორმა ერთი დეტალით გამოხატა, რომ ამ ორი ადამიანის ურთიერთობაში მეგობრობის, საქმიანი ურთიერთობის გარდა, ერთმანეთისადმი ვნებაც არსებობს. ფრაუ ალვინგი სკამზე დაჯდომისას პასტორის წინაშე სპეციალურად წარმოაჩენს ლამაზ ფეხებს, თუმცა მალევე დაიფარავს მოსასხამით, პასტორი უხერხულად თვალს მოაცილებს, შეტრიალდება, შემობრუნებისას კი მას ფსალმუნჩაკერებული თეთრი საკინძე შეხსნილი აქვს. მსახიობთა ქმედებაში გამოხატული ამბავი, სპექტაკლში ნელ-ნელა ვითარდება და მაყურებელი მათი დიალოგიდან იგებს საზოგადოებრივ მორალურ კანონებს შეწირულ, ჩანასახშივე ჩაკლულ სიყვარულის სევდიან ისტორიას.
ფინალისკენ დედისა და შვილის დაძაბული, საკმაოდ გრძელი, გულღია დიალოგი რეჟისორმა და მსახიობებმა რიტმულად, ემოციურად, შინაგანი მუხტით გაითამაშეს. ანი იმნაძის ფრაუ ალვინგი სწორედ ამ სცენაში გააცნობიერებს, თუ რა საშინელი შედეგი გამოიღო, თავის დროზე მისმა მორჩილებამ ფარისეველი საზოგადოების წინაშე. მას ეგონა, რომ სიმართლეს დამალავს, ყველაფერს საკუთარ ხელში აიღებს და ამ მძიმე ტვირთს გაუმკლავდება. ანი იმნაძეს და გივიკო ბარათაშვილს ეს დიალოგი ტრაგიზმამდე აჰყავთ. აქ დედა-შვილი აბსოლუტურად გულწრფელნი არიან, აბსოლუტურად გაიხსნებიან ერთმანეთის წინაშე. სწორედ ამ სცენაში მორიგი ეპილეფსიური შეტევის შემდეგ, ოსვალდი „მცენარედ“ იქცევა. განადგურებული ფრაუ ალვინგი თავისი ხელით უკეთებს მორფინის სასიკვდილო დოზას ერთადერთ შვილს. ანი იმნაძის ფრუ ალვინგი მწუხარებისგან თავზარდაცემული შეჰკივლებს, შემდეგ კი მსხვერპლად შეწირული შვილის უსულო სხეულს სინათლისკენ, მზისკენ მიათრევს. მზე ამოვიდა, მაგრამ რაღა აზრი აქვს ამ მზის ამოსვლას, თუკი ის ვისთვისაც ასეთი სანატრელი იყო მზის ამოსვლა, აღარ არსებობს, თუკი შთამომავლობა, მომავალი აღარ არსებობს.
არჩილ ბარათაშვილს პასტორ მანდერსი კანონმორჩილ პიროვნებას ასახიერებს. მისთვის მთავარია საზოგადოებრივი, მორალური კანონების დაცვა. ყველაფერი რაც ამ კანონებს ეწინააღმდეგება პასტორისთვის მიუღებელია, წიგნების კითხვაც კი. არჩილ ბარათაშვილი აუღელვებელი, გაწონასწორებული, დამრიგებლური მეტყველების მანერით, პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მიმიკით ასკეტური პერსონაჟის სახეს ქმნის. იგი ღრმადაა დარწმუნებული თავისი მსოფლმხედველობის, მსოფლაღქმის სისწორეში. ამიტომაც გამჟღავნებული სიმართლე მას თავზარს დასცემს, იგი ხვდება, რომ მისი ე. წ. „სწორი“ ცხოვრება, სიყალბეზე და სიცრუეზე ყოფილა დამყარებული და თავის განვლილ ცხოვრებას, თავშესაფრის გადაწვით ანადგურებს. პასტორი არ არის ფარისეველი, პასტორიც მსხვერპლია, ყალბი საზოგადოების „მორალური კანონების“ მსხვერპლი.
სლავა ნათენაძის დურგალი ენგსტრანდი ერთი შეხედვით მორიდებული, მორცხვი მამაკაცია. თუმცა ამ მორიდებულობის მიღმა არსებობს საკმაოდ გაქნილი ადამიანი, ერთადერთი პიროვნება რომელიც ამ უბედურებიდან გამორჩენას იღებს. პასტორი სიჩუმის სანაცვლოდ თანხას აძლევს მეზღვაურთა „თავშესაფრის“ მოსაწყობად. დასაწყისშივე ენგსტრანდი რეგინას სთავაზობს „თავშესაფრის“ დიასახლისობას, ფაქტობრივად ბორდელში მუშაობას. სლავა ნათენაძე ნახევარტონებით ქმნის თავის პერსონაჟს. იგი თითქოს საყვარელი მოხუციც კია, თუმცა სინამდვილეში გალოთებული გაიძვერაა, რომლისთვისაც ფული უმთავრესი ღირებულებაა.
საბა ასლამაზიშვილის კონცეფციით ტყუილზე აგებულ ურთიერთობებს, მორალური თუ ზნეობრივი კანონებით შენიღბულ ფარისევლურ საზოგადოებას კაცობრიობის მომავალი ეწირება. და, მაშინ, რად გვინდა მზე, რად გვინდა სინათლე, თუკი მომავალი აღარ იარსებებს?!