ქართული თეატრის თეთრი გედი

გუბაზ მეგრელიძე

ქართული თეატრის თეთრი გედი

ოზურგეთის თეატრს დიდი და მდიდარი ისტორია აქვს. არაერთი ცნობილი მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა და შესანიშნავი როლები და სპექტაკლები განუხორციელებიათ. შენობაც შთამბეჭდავია, ვინაიდან ერთერთი უდიდესი ნაგებობაა საქართველოში, რომელიც 1962 წლიდან მოქმედებს, თუმცა სამი ათეული წელი შენდებოდა,  ფაშიზმთან ბრძოლითა და შემდგომოი ეკონომიკური სიდუხჭირით იყო გამოწვეული. არაერთი სემოქმედებითი წარმატების მიუხედვად, დროთა მანძილზე შენობა ძირეულ განახლებას მოითხოვდა. განათების სისტემა 60-იან წლებს განეკუთვნებოდა და ამ მხრივ სამუზეუმო ექსპონატსაც წარმოადგენდა. გაგიკვირდებათ, და ამხელა შენობაში არ იყო დამხმარე სათავსოები: სადურგლო და რკინის, სამკერვალო, ბუტაფორიული ცეხები, ვინაიდან თავის დროზე მათი დაგეგმვა „დაავიწყდათ“. გათბობის სისტემა მწყობრიდან იყო გამოსული და მაყურებელი პალტოებსა და ქურთუკებში „იტანჯებოდა“ თეატრის სიყვარულით. ამ დღეში მეც არაერთხელ ვყოფილვარ. ზამთრის სეზონი არ არსებობდა და სპექტაკლები შემოდგომის ცივი დღეებიდან დაწყებული გაზაფხულის სითბოს დადგომამდე წყდებოდა. 

ამდენად, თეატრი ბუნებაზე იყო მინდობილი. ბოლოს და ბოლოს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასიკო ჩიგოგიძის ძალისხმევით ფონდმა „ქართუმ“ რეკონსტრუქცია დაიწყო და 4 წელი თეატრი გურიანთას კულტურის სახლში იყო შეფარებული. მართალია, ეს პერიოდი თეატრმა გმირულად გადაიტანა, მაგრამ ახალი „განსაცდელი“ დაატყდა თავს. რემონტებული შენობის გახსნა პანდემიის გამო ერთი წლით დადაიდო... ღელავდა დასიცა და მომლოდინე საზოგადოებაც. კიდევ ორი მცდერბობის შედმეგ, ბოლოს და ბოლოს საზეიმოდ გაიხსნა 153-ე თეატრალური სეზონი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აგრეთვე საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წარმომადგენლები. და ცნობილი თეატრმცოდნეები ესწრებოდნენ. 

საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლის სრული რეაბილიტაციისთვის 20 მლნ ლარზე მეტი გამოყო. სრულად გარემონტდა თეატრის დიდი და მცირე სცენა, სარეპეტიციო ოთახები, გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, რადიო თეატრი, მოეწყო სამუზეუმო სივრცე  და სხვა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. თეატრი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ სცენის ტექნიკური აღჭურვილობა და განათების სისტემა ერთერთი საუკეთესოა არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ევროპულ თეატრთან შედარებით. რეჟისორს ყოველნაირი შესაძლებლობა აქვს თავისი ფანტაზია რეალობად აქციოს. სცენაზე შესაძლებელია 9 სამოქმედო ორმოს გამოყენება, მბრუნავი სცენისა და სასცენო სივრცის მაქსიმალურად ათვისება. შენობას მინიჭებული აქვს კულტურული ძეგლის სტატუსი და ოზურგეთის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. გიგანტური, ხუთსართულიანი სათეატრო ნაგებობის საერთო მოცულობა 7 000 კვადრატული მეტრია. თეატრს აქვს დიდი სცენა 450 კაციანი მაყურებელთა დარბაზითა და ორი იარუსით, რომლებიც ქართული სტილის ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული, ხოლო ჭერი, ცნობილი მხატვრის, აპოლონ ქუთათელაძის მიერ, მოხატულია გურიის ცხოვრების ამსახველი ყოფითი სურათებით. ლიფტით მეხუთე სართულზე 80 კაცზე გათვლილ მცირე სცენაზე ავდივართ, რომელსაც სამივე მხრიდან მაყურებელთა დარბაზი აკრავს. მისი ტექნიკური შესაძლებლობები მრავალმხრივია, თანაც სცენისა და მაყურებელთა სკამების საჭიროებისამებრ გადაადგილება. თეატრს გააჩნია კიდევ რამდენიმე სივრცე, შთამბეჭდავი მოცულობის ფოიეებით სპექტაკლების, გამოფენებისა და ღონისძიებების გასამართად: სხვენზე სამხატვრო გალერეაა, კეთილმოწყობილი სარეპეტიციო და ქორეოგრაფიული დარბაზი,  აგრეთვე გიზო ჟორდანიას სახელობის სარეპეტიციო დარბაზი, რომლისთისაც სპექტაკლი „ბოშები“ უკანასკნელი დადგმა აღმოჩნდა და თეატრი სათანადო პატივს მიაგებს დიდ მაესტროს. პერსპექტივაში ლიტერატურული სალონი, კაფე (სარდაფი), ღია ტერასა. თეატრს მიემატა დაახლოვებით 1000 კვ.მ-მდე ფართი, სადაც განთავსდა მსახიობთა კომფორტული საგრიმიოროები, სასტუმრო ოთხი ოთახი, სპექტაკლის დასადგმელად მოწვეული სადადგმო ჯგუფის წევრებისთვის. ლუქსი ოთახი კი  თეატრის უხუცესი მსახიობის გაბრიელ მდინარაძის სახელობისაა. ამას გარდა, თეატრის  ეზოში დამონტაჟებულია მცირე ელექტროსადგური, რაც დენის გამორთვის შემთხვევაში, დარბაზს  ავტომატურად გაანათებს. 400 ტონიანი წყლის ავზი კი თეატრს ხანძრისგან დაიცავს. დამონტაჟდა კონდენცირების თანამედროვე სისტემა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩამწერი და რადიო სტუდია. ისინი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით რადიოთეატრისთვის სპექტაკლების ჩასაწერად, ამით თეატრს საშუალება ეძლევა აღადგინოს მდიდარი ტრადიციები მქონე რადიოთეატრი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობამ არასაჭიროდ ჩათვალა. აქ შესაძლებელია ვიზუალური გამოსახულების მიღებასც, რასაც რამდენიმე მაღალხარისხოვანი ვიდეოკამერა უზრუნველყოფს. მსგავსი შესაძლებლობა საქართველოს სხვა თეატრებს არა აქვთ.

მოამზადდა 6 პრემიერა. სეზონი გაიხსნა 14 მაისს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლით „მონატრება - ნუ გააღვიძებ“ (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, ინსცენირება ლელა არაბიძის), რომელშიც თეატრის 4 თაობა მონაწილეობს, მათ შორის, 93 წლის ვეტერანი სცენის ოსტსტი გაბრიელ მდინარაძე და დებიუტანტი მსახიობები. მომდევნო დღეებში წარმოდგენილი იქნება მანანა დოიაშვილის პიესა „სამს პლუს სამი“  (რეჟისორი ვანო ხუციშვილი), ელენე მაცხონაშვილის თოჯინური სპექტაკლი დიდებისთვის „დონ კიხოტი“, თამარ ბართაიას პიესა „მთავარი როლი“ (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი), (ედუარდო დე ფილიპოს „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ (რეჟისორი ოთარ კუტალაძე), ვაცლავ ჰაველის აბსურდის კომედია „ვერნისაჟი“ (რეჟისორი მამუკა ბაბილოძე). ამას გარდა, უახლოეს მომავალში ნიკა საბაშვილი „გურიის რესპუბლიკას“, გოჩა კაპანაძე „გურიის უკანასკნელ დედოფალს“, ხოლო ვასილ ჩიგოგიძე და ლალი თაბაგარი  ჰოფმანის მიხედვით „მარი და ჰარის თავგადასახალს“  განახორციელებენ.

ასეთი მასშტაბური თეტარისთვის საკმარისი აღარ იქნება წლიური 898.000 ლარის ბუჯეტი, საიდანაც სადადგმო, კომუნალური და სხვა ხარჯი 208.000 ლარს შეადგენს. დასში 24 მსახიობია, თუმცა მოწვეულ მსახიობებთან ერთად 32 კაცს შედგენს (სწორედ ეს რაოდენობა მონაწილეობდა სპექტაკლში„მონატრება - ნუ გააღვიძებ“). მსახიობთა ხელფასებიც გადასახედია, რაც 500-800 ლარს შეადგენს.

პრემიერამდე თეატრის ხელმძღვანელობა საერთაშორისო ურთიერთობებში იყო ჩაბმული. 14 აპრილს ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა ალ. სამოილენკომ და ხერსონის ადადემიური თეატრის ხელმძღვანელმა ალ. კნიგამ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვასილ ჩიგოგიძეს  გადასცეს საპატიო დიპლომი ხერსონისა და გურიის, ოზურგეთისა და გენიჩესკის მეგობრობის განმტკიცებისთვის.

26 მარტს გაიმართა  "საერთაშორისო ინიციატივა - თანამონაწილეობისთვის", რაც გულისხმობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის მუნიციპალიტეტებთან ახალ, საერთაშორისო პროექტებს გულისხმობს.

მრავალმხრივი პარტნიორობის განმტკიცებისა და მომავალი გეგმების შესახებ პრეილის (ლატვია), ნიჟინის (უკრაინა) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, ონლაინ კონფერენციაზე ისაუბრეს. მისი მიზანი იყო: გამოცდილების გაცვლა, მრავალმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, თანამშრომლობის გაფართოება, ახალი პარტნიორობის დამყარება და თანამშრომლობის პერსპექტივების  განხილვა. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ ოზურგეთი, როგორც „ევროპული მუნიციპალიტეტი ქართული ტრადიციებით," პირდაპირ ეთერში ენახათ ვიდეორგოლი ოზურგეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ, თეტრალური წარმოდგენის ფრაგმენტი ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან, ასევე მოესმინათ ხალხურის სიმღერისა და ცეკვის მასტერკლასები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან, გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს რესტორან „ტონუსიდან.“ მონაწილეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე და თანამონაწილეობით პროცესების გააქტიურებაზე.

საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი გეგეჭკორის მიერ ჯილდოების გადაცემამ ამ ზეიმს კიდევ უფრო მეტი მასშტაბურობა შესძინა. საზღვარგარეთ წარმატებული საგასტროლო მოღვაწეობისთვის ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრს  - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ჯილდო  „ქართული სცენის დესპანი“ მიენიჭა. იგივე ჯილდოები გადაეცათ სამხატვრო ხელმძღვანელ ვასილ ჩიგოგიძესა და მსახიობ თამარ მდინარაძეს, თეატრის დირექტორს ზაზა ჭინჭარაძეს გადაეცა ჯილდო - ქართული სცენის ქომაგი. „ამაგდარის“ წოდებით დაჯილდოვდნენ მსახიობები: გენადი ნიკოლაშვილი, ზვიად ჯორბენაძე, დავით კვერღელიძე, სადადგმო ნაწილის გამგე ბონდო ჩხარტიშვილი, ხმის ოპერატორი მერაბ ჭანიშვილი, სცენის მთავარი მემანქანე ნიკოლოზ გაზაშვილი.

სხვადასხვა  ჯილდოები გადაეცათ მსახიობებს: გიორგი დოლიძეს - საქართველოს სახალხო არტისტის ევტროფი თალაკვაძის, ირაკლი ვადაჭკორიას საქართველოს სახალხო არტისტის რომან ლომინაძის, თეა კეჭაყმაძეს - საქართველოს სახალხო არტისტის გოგუცა კუპრაშვილის, ლევან საღინაძეს - საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი შავგულიძის, ვახტანგ ჩხარტიშვილს -  საქართველოს სახალხო არტისტის  სანდრო ჟორჟოლიანის, ნინო ჯუღელს - საქართველოს სახალხო არტისტის  ლამარა თურმანიძის  სახელობის ჯილდოები.

ოზურეთის თეატრს ყველა პირობა აქვს წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის. სპექტაკლების განსახორციელებლად დაგეგმილია ცნობილ რეჟისორთა მოწვევა, რაც დასის წარმატებებს კიდევ უფრო განამტკიცებს.