top of page

ქართული თეატრის მომავალი თაობა იტალიური თეატრის წარსულს აცოცხლებს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

418986799_285050961351276_448602082006850796_n.jpg

ლუკა კალატოზიშვილი 

ქართული თეატრის მომავალი თაობა იტალიური თეატრის წარსულს აცოცხლებს

 

„სამი ფორთოხლის სიყვარული“ იტალიელი დრამატურგის, კარლო გოცის მიერ გაპიესებული ზღაპარია. ეს ნაწარმოები 1761 წელს შეიქმნა. გიორგი ქანთარიამ (რეჟისორი) ურთულესი ამოცანა დაუსახა თავის სტუდენტებს, როდესაც ამ პიესის განხორციელება გადაწყვიტა. დიახ, მე აზრი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტების (კურსის ხელმძღვანელი გიორგი შალუტაშვილი) სადიპლომო ნამუშევარზე უნდა გაგიზიაროთ, რომელიც რუსთავის თეატრის ცისფერ დარბაზში იხილა მაყურებელმა. და რაში მდგომარეობდა ეს სირთულე? ახლავე მოგახსენებთ. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენაში (რადგან ეს უფრო წარმოდგენა იყო ვიდრე სპექტაკლი) არანაირი გარეშე მუსიკალური გაფორმება არ არის გამოყენებული. მსახიობები თავად არიან ინსტრუმენტალისტებიც, ვოკალური შემსრულებლებიც და გარე ხმების წყაროც. ეს იმიტომ, რომ მეთვრამეტე საუკუნეში შექმნილი პიესა კომედია დელ არტეს პრინციპებით თამაშდებოდა. კიდევ ერთი თავსატეხი აწ უკვე კურსდამთავრებულებს - მათ უნდა განესახიერებინათ არა კონკრეტული, არამედ ზოგადი პერსონაჟები, ნიღბები. გარდა ამისა, ყველა მსახიობი არა ერთ, არამედ რამდენიმე როლს ითავსებს. მე რუსთავის თეატრის ცისფერ დარბაზში განხორციელებული წარმოდგენის მსგავსიც კი არაფერი მინახავს. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტებს არ ჰქონდათ არანაირი პირდაპირი მაგალითი იმისა, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამიტომ ისინი მთლიანად რეჟისორისა და ინტუიციის ამარა დარჩნენ. საბედნიეროდ, მათ ინტუიციაც შესაშური აღმოაჩნდათ და რეჟისორიც. 

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ პიესა გადმოკეთებული ზღაპარია. შესაბამისად, სიუჟეტი არარეალური ამბავია და თავისთავად ინტერესს არ იწვევს. ანუ შემოქმედებითმა ჯგუფმა კიდევ ერთი პუნქტით გაირთულა საქმე. „ყველაფერი ან არაფერი“ - ასე შეიძლება შეფასდეს გიორგი ქანთარიას გადაწყვეტილება. ჩემი პასუხია ყველაფერი! 

სპექტაკლის მსვლელობის დროს აშკარად ჩანს რეჟისორის მიერ დადგმული ეპიზოდები და გადაწყვეტები, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მსახიობებს უსაზღვრო თავისუფლება აქვთ მინიჭებული. თითქმის მთელი წარმოდგენა დიდი იმპროვიზაციის შედეგია და საკმაოდ მაღალ ტექნიკურ მომზადებას მოითხოვს. ეს არ არის ფსიქოლოგიური დრამა, სადაც პერსონაჟის ბრაზისა თუ სიხარულის მიზეზებს უნდა მიაგნო. ეს არის კომედია დელ არტე, სადაც მსახიობის მთავარი ამოცანაა ამ ბრაზისა და სიხარულის გამოხატვის ფორმა იპოვოს. ისეთი ფორმა, რომელიც არც თავისთვის და არც მაყურებლისთვის მომაბეზრებელი არ გახდება. 

„თითოეული ჩვენთაგანი მზად არის ახლავ, თავისი კბილი ამოიძროს, საღი თვალი გაიღოს მსხვერპლად, ოღონდ კი თქვენი კეთილგანწყობა დაიმსახუროს“(ციტატა ამავე პიესიდან). აი, ამ პრინციპით წარდგნენ მსახიობები მაყურებლის წინაშე. ისინი თამაშობენ დასს, რომელიც ზღაპრის სიუჟეტს წარმოადგენს და ცდილობენ, თავი მოაწონონ მაყურებელს, როგორც მსახიობებმა. შედეგად ვიღებთ “თამაშს თამაშში”. 

პიესაში გვყავს მთხრობელი, რომელსაც ანი ამინაშვილი ასრულებს. ალბათ, მისი მთავარი ფუნქციაა იყოს ერთგვარი ხიდი რეალობასა და ზღაპარს შორის, რასაც საკმაოდ კარგად ართმევს თავს. გადასვლები ძალიან ბუნებრივია და არ ჩნდება სიცარიელეები. იგი ასრულებს ბოროტი ჯადოქრის, მორგანას როლსაც. ამ შემთხვევაში, ვთვლი, რომ მსახიობს ფიზიკურ გამოხატულებაში კონკრეტიკა და სიზუსტე აკლია. სამაგიეროდ, ანი ამინაშვილი ძალიან დამაჯერებელია ვერბალურ ნაწილში. ლაპარაკის მანერა, რომელიც მან მოუძებნა ჯადოქარს იმ არგუმენტით არის გამყარებული, რომ ნესტიან გარემოში მცხოვრები მორგანა ყოველთვის ცხვირშია გაჭედილი. 

მორგანას მსახურია სმერალდინა. ამ როლს თეკლა სულაქველიძე ასრულებს. მას, ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, არ აქვს შეცვლილი ხმის ტემბრი იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. თეკლა სულაქველიძე მთავარი ძალაა ვოკალური პერფორმანსების დროს. მსახიობი ოსტატურად ათამაშებს მოვლენებსაც. რაც მთავარია, იგი არ გადადის იმ ზღვრებს, რომლის დაცვაც, ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა სპექტაკლის მონაწილეთათვის. ამის გამო, მისი ქმედებები ემოციურად საკმაოდ გადამდებია მაყურებლისთვის. 

იგივე შემიძლია ვთქვა გიორგი ფირანიშვილზეც. ის ჯვრის მეფის, სილვიოს როლში გვევლინება. თავისუფლება, რომელიც რეჟისორმა მსახიობებს მიანიჭა, არ ხდება ქაოსისა და აურზაურის მიზეზი. გიორგი ფირანიშვილი დაბალანსებულად და გემოვნებიანად „ისვრის“ ხუმრობებს, რაც არაერთხელ გახდა დარბაზში გულიანი სიცილის მიზეზი. გარდა სილვიოსი, იგი ასრულებს ჯადოსანი ჩელიოს როლსაც. ამ შემთხვევაში, მას შეცვლილი აქვს ლაპარაკის მანერა. მსახიობი ამ ამოცანასაც წარმატებით ართმევს თავს და არ კარგავს დამაჯერებლობას. 

ჩელიო პიესაში ტარტალიასა (ირაკლი-ალან ჯაფარიძე) და ტრუფალდინოს (მარიტა მესხორაძე) ეხმარება. ირაკლი-ალან ჯაფარიძე იპოქონდრიით დასნეულებული პრინცია. მსახიობი დახვეწილი პლასტიკის საშუალებით კომიკურად წარმოადგენს ავადმყოფ უფლისწულს. გასაუმჯობესებელია სიმღერის ნაწილი, მაგრამ ძალიან კარგია ვერბალურ გამოხატულებებში. ბევრი ეპიზოდი აქვს შევსებული საკმაოდ სასაცილო ქმედებითა თუ რეპლიკით და, როგორც მთელი დასი, ისიც საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. 

ტრუფალდინო ტარტალიას გასაცინებლად მოწვეული ჯამბაზია. მარიტა მესხორაძეს, სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, აშკარად ზუსტად აქვს დადგენილი სად, როდის და რას აკეთებს თუ ამბობს. ეს კიდევ ერთი ურთულესი მისიაა, რომელიც მსახიობმა საკუთარ თავს დაუსახა. ამიტომ მისი ყველა ქმედება ძალიან ზუსტია. ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, მაყურებლის აზრი გაიყოს. პირადად მეც არ მაქვს კონკრეტული პასუხი რომელი უფრო მიმზიდველი იყო ჩემთვის, მარიტა მესხორაძის მიერ მაღალ დონეზე შესრულებული დადგენილი პერფორმანსი თუ დანარჩენების მიერ თავისუფლად, მაგრამ ასევე მაღალ დონეზე წარმოდგენილი პერსონაჟები. თუმცა, აუცილებლად მინდა გამოვყო ჭამის ეტიუდი, რომელსაც მარიტა მესხორაძე უბადლოდ ათამაშებს. 

ტარტალიას მსგავსად, მარჯვენა ხელი ჰყავს მეფე სილვიოსაც. სწორედ პანტალონე ურჩევს მას პრინცისთვის ჯამბაზის მოყვანას. პანტალონეს როლში ქრისტინე ჩხიკვაძე გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტინე ჩხიკვაძე შედარებით მცირე დროს ატარებს სცენაზე, იგი ოსტატურად წარმოგვიდგენს კუზიან მრჩეველს. მსახიობი ძალიან დამაჯერებელია ფიზიკურ და ვერბალურ გამოხატულებაშიც. მას ზუსტად აქვს მიგნებული პერსონაჟის სიარულის მანერისთვისაც, ხმისთვისაც და ჟესტებისთვისაც. 

სინამდვილეში, სამეფოს პირველი მინისტრი ლეანდროა. ამ როლს ბუკა ღლონტი ასრულებს. ისიც გემოვნებით აზვიადებს მოვლენებს და მასაც შევსებული აქვს როლი სახუმარო ფრაზებითა თუ ქმედებებით. გარდა პირველი მინისტრისა, ბუკა ღლონტი ითავსებს გუდიანი ჭინკას როლსაც, რომელსაც მსახიობი ლეანდროსგან აბსოლუტურად განსხვავებულად წარმოგვიდგენს. ძალიან ზუსტად აქვს მორგებული პლასტიკა (სირბილის მანერა) და საინტერესო რეკვიზიტს იყენებს როლის შესავსებად. 

ლეანდრო კლარიჩეს (ლიზი კოტრიკაძე), სილვიოს ძმიშვილს ეხმარება ტახტის მზაკვრულად მოპოვებაში. ლიზი კოტრიკაძე საინტერესოდ ათამაშებს ბოროტი, თავგასული პრინცესას როლს. მას საკმაოდ მოულოდნელი, მკვეთრი გადასვლები აქვს ერთი განწყობიდან მეორეზე და სწორედ ეს კონტრასტია მთავარი იარაღი პერსონაჟის კომიკურობის წარმოსაჩენად. გარდა მთავარი როლებისა, სპექტაკლში არის მცირე როლებიც, რომლებზეც განზრახ არ ვამახვილებ ყურადღებას, მაგრამ არ შემიძლია გვერდი ავუარო ლიზი კოტრიკაძის მიერ განსახიერებულ ბაყაყს. მსახიობი კარგად შერჩეული მიმიკებით ძალიან სასაცილოდ ათამაშებს ამ მინი-როლს.

ლეანდროსა და კლარიჩეს ბრიგელა (ნინი კვირიკაშვილი) ეხმარებათ. ნინი კვირიკაშვილი რადიკალურად იცვლის პლასტიკასაც და ხმასაც. ისიც ტექნიკურად ძალიან რთულად შესასრულებელ ამოცანას ისახავს არჩევანის ჩახლეჩილ ხმაზე შეჩერებით, თუმცა ამას საკმაოდ კარგად ართმევს თავს. მსახიობი სრულიად თავისუფალია სცენაზე და დიდ სიამოვნებას იღებს პროცესით. 

ზოგადად, ამ სპექტაკლის მთავარი ხიბლი სწორედ ეს არის. მასში მონაწილე ყველა არტისტი ყოველთვის ბოლომდე ჩართულია მოვლენებში და მაყურებლისთვის ცხადია, რომ ისინი ამ ყველაფრით ბედნიერები არიან. მათ კარგად აქვთ შეგნებული თავისუფლების მნიშვნელობა და არ სცდებიან გემოვნების საზღვრებს. ამიტომ ეს განწყობა დარბაზსაც ედება. ამისთვის ქება ეკუთვნით არა მარტო მათ, არამედ გიორგი ქანთარიასაც, რომელიც არ შეუშინდა გამოწვევას და რისკის ხარჯზე ძალიან ხარისხიანი პროდუქტი შექმნა. ერთადერთი, რაც ჩემთვის გაუგებრად რჩება არის სინიორ კიარისა და გოლდონის დატვირთვა სპექტაკლში. და ერთადერთი, რაც არ მომეწონა არის სცენა. “სამი ფორთოხლის სიყვარული” კომედია დელ არტეს ჟანრში წარმოდგენილი სანახაობაა. ეს არ არის რიგითი სპექტაკლი. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მსახიობებს სცენა “უჭერთ”. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ წარმოდგენას რომელიმე მასშტაბურ სცენაზე. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება. მანამდე კი, გირჩევთ, ეწვიოთ რუსთავის თეატრს და ისიამოვნოთ ამ ყველა სხვა სპექტაკლისგან განსხვავებული სანახაობით.

bottom of page