top of page

ქართული თეატრი და ეროვნული მოძრაობა

download.jpeg

ქარათული თეატრი და ეროვნული მოძრაობა
გუბაზ მეგრელიძე


თეატრი ქართველი კაცის ეროვნული თვალსაწიერის ფორმირებაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ძველთაგანვე არაერთი ხალხური სანახაობა არსებობდა. მათ შორის დღემდე ბერიკაობა შემორჩა. მასში ძირითადად თამაშდებოდა უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები: სალაშქრო, ეკლესიის მსახურთა მამხილებელი, ბატონყმობისა და საერთოდ უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები. იგი წარმოადგენდა ნიღბების იმპროვიზებულ თეატრს. თავიდანვე არსებულმა საკულტო-რელიგიური დანიშნულების სანახაობამ დროთა განმავლობასში სახე იცვალა და მემამულეთა და ეკლესიის წინააღმდეგ ხალხის დამოკიდებულებას გამოხატავდა.
მეორე სახალხო ზეიმი ყეენობა კი გამოხატავდა ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლასა და გამარჯვებას დამპყრობელთან. მისი პირველი  აღწერილობანი XVII-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება. თბილისში ეს სანახაობა ძირითადად ნარიყალას ტერიტორიაზე იმართებოდა. ქალაქი სადღესასწაულო სახეს იღებდა. მოსახლეობა ორ ნაწილად იყოფოდა. თამაშდებოდა თბილისის დაპყრობა-განთავისუფლება. დამარცხებულ ყეენს ვირზე უკუღმა სვამდნენ და მტკვარში აგდებდნენ. სანახაობა დიდი ლხინით მთავრდებოდა. XIX საუკუნიდან ყეენობამ სახე იცვალა და ცარიზმის წინააღმდეგ მებრძოლ საულისკვეთების გამომხატველად იქცა. ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწენი მასში პატრიოტული იდეების პროპაგანდის საშუალებას ხედავდნენ და ამიტომაც მის ორგანიზაცია-ჩატარებაში მწერლებიცა და მსახიობებიც მონაწილეობდნენ.


ქართული პროფესიული თეატრი XVIII საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როემლიც რერკლე II-ის კარზე ჩამოაყალიბეს გიორგი ავალიშვილმა და გაბრიელ მაიორმა. ამ ევროპული ყაიდის თეატრს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის. შეიქმნა ორიგინალური დრამატურგია, აგრეთვე ითარგმნა რუს და ევროპელ ავტორთა ნაწარმოებები. 1795 წელს, გაბრიელ მაიორი და მთელი დასი გმირულად დაიღუპა აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას კრწანისის ბრძოლაში. ეს ფაქტი უნიკალურია მსოფლიო თეატრის ისტორიაში.


XIX ს. პირველ ნახევარში ქართული თეატრი არ აღმდგარა და სპექტაკლები საოჯახო სალონებში იმართებოდა. საზოგადოებაში მძლავრობდა პროგრესული იდეები, რაც ქართველ მოღვაწეებს რუსეთის კოლონიური უღლის წინააღმდეგ განაწყობდა. ამიტომაც 1832 წლის აჯანყებულთა შეთქმულთა შორის იყვნენ თეატრის მოღვაწენიც დიმიტრი ყიფიანი და გიორგი ერისთავი. 


გადასახლებიდან დაბრუნებულმა გ. ერისთავმა, 1850 წლის 2 (14) იანვარს, თავისსავე პიესა `გაყრის” დადგმით პროფესიული თეატრი აღადგინა. იგი კრიტიკული რეალიზმის პოზიციებიდან აფასებდა იმდროინდელ საზოგადოებას და თავისი სატირით ანტისამთავრობო განწყობას აღრმავებდა. ამის გამო თეატრი 1856 წელს დაიხურა, თუმცა სხვა მიზეზიც არსებობდა.


XIX ს. 60-იანი წლებიდან თერგდალეულთა მოძრაობამ კულტურის ახალ ესთეტიკურ საფუძველზე ჩამოყალიბება განაპირობა. უკვე დემოკრატიული იდეალების პოზოცოებიდან განიხილებოდა ეროვნულ ინტერესებთან არსებული წყობის შეუთავსებლობა. ამ მიზნისთვის, მძლავრ პროპაგანდის საშუალებას ილია ჭავჭავაძე თეატრში ხედავდა: `ძლივს ერთი საჯარო ადგილი მაინც გვექნება, საცა ჩვენის ენით ვილხენთ, ჩვენის ენით ვინაღვლებთ, ჩვენი ენის მოწყალებით გავიტარებთ თვალ-წინ ჩვენს ცხოვრებასა მთელის მისის ჭკუისა და გულის მონაგარითა...”1 და კიდევ: `თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის. მაგის მეტი ნაციონალობის ნიშანწყალი ჯერ-ჯერობით ჩვენ არა გვაქვს რა. ეგ ერთი  ადგილია, როცა ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს. ესეც საკმაოა, რომ კაცმა თავი გადადოს...”2 ცხადია, თეატრი ამ დანიშნულებას დრამატურგიის გარეშე ვერ შეასრულებდა. ამიტომ გაზეთი `დროება” მწერლებს მაღალმხატვრული ნაწარმოებების შექმნისკენ მოუწოდებდა და საუკეთესო ეროვნულ დრამაზე კონკურსიც გამოაცხადა. პიესები `ივერიაშიც” იბეჭდებოდა. ამ ფონზე 1879 წლის  მაისში, ილიასა და აკაკის თაოსნობით დაარსა `დრამატული კომიტეტი” (შემდგომში `დრამატული საზოგადოება”), რომელმაც თეატრის გახსნის ორგანიზაცია და 1 სექტემბერს აღადგინა პროფესიული თეატრი. მსახიობები არა მარტო ხვეწდნენ ოსტატობას, არამედ ქმნიდნენ თეორიული ხასიათის შრომებსაც. ასეთი წერილები ეკუთვნით ვალერიან გუნიას და ალ. ყაზბეგს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვასო აბაშიძის მიერ 1894 წელს დაწერილი სტატია დრამატულ ხელოვნებაზე, რომელიც დასრულებული თეორიული ნაშრომია და წინ უსწრებს სტანისლავსკის თეორიას.3 ამასთანავე, ვ. აბაშიძემ დააარსა გაზეთი `თეატრი”.
XIX ს. 80-იან წლებში თეატრის არსებობამ ისტორიულ-პატრიოტული ნაწარმოებების შემდგომი ზრდა განაპირობა. დაიდგა: აკ. წერეთლის `პატარა კახი”, ალ. ყაზბეგის `ქეთევან წამებული”, ან. ფურცელაძის `დიდი მოურავი”. კ. მესხის `რუსთაველი” და `თამარ ბატონიშვილი”. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად დავით ერისთავის `სამშობლოს” (გადმოქართულებული სარდუს `ფლანდრიიდან”) _ სცენიდან პირველად გაისმა სამშობლოსთვის თავგანწირვის მოწოდება! მაყურებელმა დაინახა გმირი და რწმენა ესახებოდა სვიმონ ლიონიძის ამ სიტყვებზე: `ქართველები ეგრე მალე არ ამოიწყვიტებიან!.. ქართველები აგრე ადვილად როდი დასთმობენ თავის სამშობლოს!.. ბევრი ამისთანა შავი დღე უნახავს საქართველოს, მაგრამ ისევ და ისე ფეხზე დამდგარა, ისევ გამობრუნებულა, ისევ ისე ამაღლებულა!..”4 ამიტომაც, შეთქმულთა მიერ ბრძოლის წინ აღსრულებული ლოცვის ხილვისას ი. მეუნარგიას გადმოცემით `საზოგადოება ფეხზე წამოდგა და ისე მოისმინა ეს ლოცვა.”5 სპექტაკლმა საზოგადოება გამოაფხიზლა, რომელიც ამყარებდა სარწმუნოებრივ-პატრიოტულ სულისკვეთებას და ბრძოლისკენ მოუწოდებდა. ამ გარემოებას რუსი ჩინოვნიკები საშიშად მიიჩნევდნენ, ვინაიდან სცენაზე ეროვნული დროშის აფრიალება მათში აღშფოთებას იწვევდა და აკრძალეს კიდევაც. სპექტაკლმა დიდი იდეოლოგიური ბრძოლა გამოიწვია. `მოსკოვსკიე ვედომოსტში” მიხეილ კატკოვმა თქვა, რომ  ეროვნული დროშები ქართველებმა ცირკს უნდა მიჰყიდონო. ეს ფრაზა საზოგადოებამ დიდ შეურაცყოფად მიიღო და საკადრისი პასუხი გასცეს ილია ჭავჭავაძემ `კატკოვის პასუხად”6 და აკაკი წერეთლის `ვერ ხედავთ?”7 კამათმა ეროვნული ღირსების დაცის პრინციპული ბრძოლის სახე მიიღო და დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის მხილებით.


XX ს. დასაწყისში ქართულ სცენაზე დაიდგა ალ. სუმბათაშვილ-იუჟინის `ღალატი,” რომელმაც `სამშობლოს” მსგავსი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი იდეების ქადაგებაში. 


ამავე პერიოდში ლადო მესხიშვილმა ქუთაისის თეატრი ამ მოძრაობის ტრიბუნად გადააქცია. ლ. ალექსი-მესხიშვილმა ცენზურის სიმკაცრის მიუხეწდავად მაინც შექმნა თავად-აზნაურობისა და მეფის ხელისუფლების საწინააღმდეგო რეპერტუარი. მან 1905 წლის აპრილში ქუთაისში გამართულ გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე განაცხადა: `მესხიშვილი თქვენი ცხოვრების სარკეა და ამ სარკეში ნათლად ხედავთ თქვენი ზნეობის დაცემას, თქვენს უვიცობას და გამათრახებას. ამას იმიტომ სჩადის მესხიშვილი, რომ ეს მისი მოვალეობაა და ამ მოვალეობას შეასრულებს უთუოდ!”8 1905 წლის 9 იანვარს წარმოდგენილ იქნა ვ. მონტის `კაი გრაკხი“. იგი ასახავდა დაბალი ფენის წარმომადგენელთა ბრძოლას რომის პარტიციების წინაარმდეგ. საზოგადოება იმდენად გაიტაცა პიესის შინაარსამა, რომ აღტაცებული ტაშის ცემით ეგებებოდა თანადროული ჟღერადობის ეპიზოდებს. წარმოდგენის შემდეგ თეატრთან შეჯგუფებული ხალხი გაიძახოდა: `ძირს თვითმპყრობელობა!”, `ძირს პოლიცია”, `ძირს ომი”.9 ამით იყო გამოწვეული ის, რომ ეს სპექტაკლი გაზ. `ივერიას” ცნობით, 27 თებერვალს დანიშნულ სპექტაკლს წარმოდგენის ნება არ მისცეს.10 1906 წელს კი ქუთაისში ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმის გამოჩენისას ლ. მესხიშვილი ბარიკადებიდან მოუწოდებდა: `ჩვენ თუ დავიხოცებით _ ქვეყანა წარმოშობს ისეთ გმირებს, რომელნიც უეჭველ გამარჯვებას მიანიჭებს ხალხს.”11 
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დამარცხების შემდეგ, თეატრის ბრძოლა დემოკრატიულობისთვის არ შეწყვეტილა. მკაცრი ცენზურის მიუხედავად დაიდგა შ. დადიანის `როს ნადიმობდნენ”, პ. ირეთელის `დამარცხებულნი”, ვ. შალიკაშვილის `გადაჭრილი მუხა” და `უნიადაგონი”, ი. გედევანიშვილის `მსხვერპლი” და `გამცემი”. შემდგომ პერიოდში, ქართული თეატრის შენობის დაწვამ (1914 წ) და მწვავე პოლიტიკურმა მოვლენებმა (პირველმა მსოფლიო ომმა) თეტარის განვითარება შეაფერხა. ახალი ეტაპი კი 20-იანი წლებიდან იწყება, რომელშიც განსაკუთრებული როლი კ. მარჯანიშვილსა და ს. ახმეტელს ეკუთვნით. 


სანდრო ახმეტელი, ჯერ კიდევ პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი, 10-იანი წლებიდან აქვეყნებდა თეატრალურ და პუბლიცისტურ წერილებს, რომლებშიც ეროვნულ პრობლემებს ეხებოდა. შემდგომში იგი გახდა დემოკრატიული საქართველოს პარლამენტის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა რესპუბლიკის ფორმირებაში. ამის ერთერთი მაგალითია 1918 წელს ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიის თავმჯდომარის ს. ახმეტელის მიმართვა ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმისადმი: `ამით გაცნობებთ, რომ ხელოვნების კომისიამ თავის სხდომაზე დაადგინა მიეცეს მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს მის მიერ წარმოდგენილ და საბჭოსგან მიღებულ საქართველოს დროშის პროექტის შემუშავებისათვის სამი ათასი მანეთი გასამრჯელო.”12 ხოლო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არალეგალურ მუშაობას განაგრძობდა. მისი ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ 1922 წელს მოსალოდნელი გამოსვლებისთვის, ხოლო 1923 წელს კი `სამხედრო ცენტრთან” კავშირისთვის დააპატიმრეს.13 განთავისუფლების შემდეგკი შემოქმედებითი ცხოვრება განაგრძო და განახორციელა ს. შანშიაშვილის პატრიოტული სულისკვეთების პიესები: `როდამი”, `ლატავრა”, `ჰერეთის გმირები”.  
დამოუკიდებელი საქართველოს ჯარის რიგებში გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით, ბათუმის დასაცავად თურქების წინააღმდეგ, 1921 წლის იანვრიდან იბრძოდა შემდგომში ქართველი სცენის კორიფე აკაკი ვასაძე, რომელიც თავის მოგონებებში ბრძოლის ეპიზოდებს აღწერს და ამბობს: `ბათუმი გადავურჩინეთ სამშობლოს!”14  ამ მოგონებაში ყურადღება მისაქცევია ერთი გარემოება, როდესაც აკ. ვასაძე წერს: `სად იყო, სად არა, ტყავის პალტოებში სამხედრო ყაიდაზე გამოწყობილი შაქრო ბერიშვილი და სანდრო ახმეტელი წამოგვადგნენ თავს.”15 ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ჩემს მიერ მიკვლეული დოკუმენტი,  რომელიც პირველად ქვეყნდება: `სანახაობის განყოფილების უფროს, რეჟისორების ალ. ახმეტელისა და შალვა ბერიშვილის განცხადება. სახელმწიფო დრამის კომისრის თანახმად გამოცემული დეკრეტისა შესახებ იმისა, რომ ვინც 15 აპრილამდე არ დაბრუნდება თავის ალაგზე ჩვენც სახელმწიფო დრამის გამორიცხულნი ყოფილან სამსახურიდან, ჩვენც სახელმწიფო დრამის დასიდან ამოვუშლივართ, რადგან 15 აპრილამდე არ გამოვცხადდით. ჩვენ ორივენი ვმსახურობდით საქართველოს წითელ ჯარში. მთავრსარდლის განკარგულებით  ჩვენს რაზმს მინდობილი ჰქონდა გადმოეტანა თბილისში არტილერიის ცხენები და მრავალი სხვა სამხედრო მასალა. გზაში 20 დღე დავკარგეთ და თბილისში მხოლოდ 20 აპრილს მოვედით. ვინაიდან გამოცემული დეკრეტი არ ეხება წითელ ჯარში  მყოფ პირებს, ამიტომ მოახდინოთ განკარგულება, რათა ჩვენ ისევე აღდგენილნი ვიყვნეთ ჩვენს უფლებებში.”16 თუ აკ. ვასაძის მოგონებას დავეყრდნობით, მაშინ გამოდის, რომ ს. ახმეტელი და შ. ბერიშვილი წითელ ჯარში კი არა, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში იბრძოდნენ. ხოლო ოსმალოთა დამარცხებისა და ეროვნული ჯარის დაშლის შემდეგ, თბილისში დაბრუნებისას ბოლშევიკთა ჯარს შეუერთდნენ. ამდენად, ოსმალოებისგან ბათუმის განმანთავისუფლებელ ბრძოლაში თეატრალური მოღვაწენიც მონაწილეობდნენ. 
საინტერესოა, რომ ს. ახმეტელის სპექტაკლის `რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” პრემიერა 1921 წლის 10 თებერვალს შედგა. 16 თებერვალს კი დასი დაიშალა, რადგან მსახიობთა გარკვეული ნაწილი ეროვნული არმიის რიგებში შევიდა. ამის შემდეგ, ს. ახმეტელი კიდევ ორი წელი ებრძოდა ბოლშევიკებს.


დამოუკიდებელ საქართველოს იცავდა მსახიობი აკაკი ხორავაც. არსებობს შალვა ჯიქიას საინტერესო მოგონება: `1921 წელს, როდესაც სენაკს მე-11 ნაწილები მიუახლოვდა, ქალაქში პანიკა ატყდა. მეფის არმიის ყოფილი ოფიცრის, ხაროტონ ლაშხიას ხელმძღვანელობით შეიქმნა შეიარაღებული ფორმირება, რომლის კომისრად აკ. ხორავა დაინიშნა. არმიის შემოსვლის მოლოდინში მიტინგი გაიმართა, სადაც აკ. ხორავამ თქვა: `ვის სხეულშიც ქართული სისხლი ჩქეფს, ყველა აღსდექით საძულველი ბოლშევიკების წინააღმდეგ. საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ჩვენი სამშობლო დაიპყრონ. ძირს აგრესორი ბოლშევიკები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს... ახლა ჩემს სიტყვებს ბანი მისცეს არტილერიამ. იქუხეს ზარბაზნებმა.”17 ეს ფაქტი მტკიცდება პოლიტსამმართველოს მიერ შექმნილი დოკუმენტიდანაც: `აკაკი ხორავა მენშევიკური გვარდიის შტაბის ყოფილი უფროსი. გასაბჭოების შემდეგ ეწეოდა არალეგალურ ანტისაბჭოთა მუშაობას, რისთვისაც 1923 წელს დაპატიმრებულ იქნა...საბჭოთა ხელისუფლების მიმართ განწყობილია უკიდურესად მტრულად...”18 ამავე გარემოებას ადასტურებს მსახიობ თამარ წულუკიძის 1937 წლის დაკითხვაც: `...იყო შემთხვევა, როდესაც ნასვამმა ხორავამ სადღეგრძელო წარმოთქვა 1921 წელს ბრძოლის ველზე დაღუპულთა მოსაგონებლად...მე ვიცნობდი წარსულში ხორავას, რომელიც მენშევიკების დროს ეროვნულ გვარდიას მიეკუთვნებოდა. ამის შესახებ თვითონ მიყვებოდა.”19 
ქართული საზოგადოება ვერ ეგუებოდა ბოლშევიკების ოკუპაციას. ცნობილია ივანე ჯავახიშვილის მოწოდება უნივერსიტეტის სტუდენტებისადმი, თბილისის დასაცავად. კონსტანტინე გამსახურდია კი წერდა: `დაე ყველამ იცოდეს, რომ არ არსებობს ქვეყანაზე ძალა, რომელსაც შეეძლოს გათვითცნობიერებულ ერში დამოუკიდებელი არსებობის სურვილის მოკვლა”. ამ განწყობას აღვივებდა საზოგადოებაში ქართული თეატრიც.


კოტე მარჯანიშვილმა კი 1922 წლის 25 ნოემბერს ლოპე დე ვეგას `ცხვრის წყაროს” დადგმით, საფუძველი ჩაუყარა სინთეზურ თეატრს, რომელიც ქართული თეატრის განახლების იმპულსად იქცა. მსახიობ თამარ ჭავჭავაძის განსახიერებული ლაურენსია კი ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა. ასევე, 1924 წლის აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ, კ. მარჯანიშვილი საპასუხოდ დგამს შექსპირის `ჰამლეტს”, სადაც წინ წამოსწია ზნეობრივი გმირისა და ინტელიგენციის პრობლემა. უშანგი ჩხეიძე წერდა, რომ ჰამლეტის სახე გააზრებული იყო, როგორც სპეტაკი ადამიანისა, რომელსაც სძულდა ორპირობა და ძალდატანება. ცხადია, კომუნისტური ტერორის დროს, ჰუმანური იდეების ქადაგება იოლი არ იყო, ვინაიდან პოლიტსამმართველო ყოველგავარ ეროვნულ გამოვლინებებს განსაკუთრებულად ეკიდებოდა. ამიტომაც ყურადღება გამახვილდა რუსთაველის თეატრში ს. ახმეტელის ინიციატივით შექმნილ კორპორაცია `დურუჯზე”. იგი ახალი შემოქმედებითი ძიებების, ინტელიგენციის, განსაკუთრებით მწერლები, შემოკრების გამო ნაციონალ-შოვინისტურ ორგანიზაციად იქნა მიჩნეული. მსახიობებზე შეიქმნა პირადი საქმეები, რომლებშიც ისინი ანტისაბჭოთა ელემენტებად იყვნენ დახასიათებულნი. 


შეაჯამა რა `დურუჯის” შემოქმედებით-პოლიტიკური საქმიანობა, საქართველოს პოლიტსამმართველოს უფროსმა ლავრენტი ბერიამ, საიდუმლო განცხადებით მიმართა საქ. ცკ-ის პირველ მდივანს შალვა ელიავას და კორპორაციის დაშლა მოითხოვა. ამ დასკვნის საფუძველზე `დურუჯი” დაშალეს20 და დაიწყეს კომკავშირულ-პარტიული ზეგავლენის გაძლიერება, რომლებშიც ადმინისტრაციული მუშაკები შედიოდნენ. სწორედ ისინი გამოიყენა ლ. ბერიამ 1930 წელს თეატრის საზღვარგარეთ გასტროლების ჩასაშლელად. ამ მიზნით სასწრაფოდ მოეწყო მათი დაკითხვა, რომლებიც ს. ახმეტელს პარტიულ-პროფკავშირულ ორგანიზაციათა დევნაში, ზემდგომ ორგანოთა იგნორირებასა და სეზონის გახსნის განზრახ დაგვიანებაში დებდნენ ბრალს. ამის საფუძველზე ლ. ბერიამ საქ. ცკ-ის პირველ მდივანს ლევან ღოღობერიძეს ანგარიში წარუდგინა, სადაც აღნიშნული იყო საზღვარგარეთ დარჩენის მოსურნე მსახიობთა ნაციონალისტური მოტივები. მოსალოდნელ შედეგებზე პოლიტსამმართველო პასუხისმგებლობას იხსნიდა. იგივე განმეორდა 1933 წელსაც _ ჩაიშალა ტურნე ევროპის ქვეყნებში.

 

პოლიტსამმართველოს საქმეებში დაცულია თეატრის ყოველსეზონური შემოქმედებითი და საბუღალტრო ანგარიშები, ჭორების, ინტრიგებისა და ანტისამთავრობო გამონათქვამების ჩათვლით. ამას დაერთო ახმეტელის მხრიდან, 1934 წელს, თეატრის 10 წლისთავის იუბილეს დროს ბერიას საჯარო კრიტიკა. ეს დაპირისპირება იმით დამთავრდა, რომ ახმეტელმა არ შეასრულა ამიერკავკასიის ცკ-ის ბიუროს 1935 წლის 3 აგვისტოს დადგენილება, რისთვისაც იგი 1935 წლის 13 სექტემბერს გაათავისუფლეს. 


მოსკოვში სამუშაოდ წასვლის შემდეგ, მას პოლიტსამმართველო ადევნებდა თვალს, ვინაიდან იგი პოზიციებს არ თმობდა და სტალინთან შეხვედრას ცდილობდა. ეს კი ბერიას წინააღმდეგ ბრძოლად აღიქმებოდა და იგი ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს. შეიქმნა ე.წ. `ახმეტელის საქმე”, რომლის გამოც დახვრიტეს: ს. ახმეტელი, ელგუჯა ლორთქიფანიძე, ია ქანთარია, ივანე ლაღიძე, პლატონ კორიშელი. გადაასახლეს ქალები: თამარ წულუკიძე, ბუჟუჟა შავიშვილი (ეტაპირებისას გარდაიცვალა), ნინა ღვინიაშვილი. რეპრესიები შეეხოთ სხვა ქართველ თეატრალურ მოღვაწეებსაც: ევგენი მიქელაძეს, ვახტანგ გარიკს, ხათუნა ჭიჭინაძეს, ალ. დუდუჩავას, ს. ამაღლობელს, პეტრე ოცხელს, ვახტანგ აბაშიძეს, გიორგი ჟორდანიას, ალ. თარხნიშვილს. მოგვიანებით დააპატიმრეს კუკური პატარიძე და გრიგოლ კოსტავა, ამ 20 კაციდან გადარჩა მხოლოდ ოთხი _ თამარ წულუკიძე, ნინა ღვინიაშვილი, კუკური პატარიძე და გრიგოლ კოსტავა.
ამ საშინელი ტრაგედიის მიუხედავად, ქართული თეატრი მუშაობას წარმატებით განაგრძობდა. რუსთაველის თეატრის სარეჟისორო კოლეგიის თავმჯდომარედ დანიშნულმა აკაკი ვასაძემ 20 წლის მანძილზე ღირსეულად გააგრძელა ს. ახმეტელის ჰეროიკულ-რომანტიკული თეატრის ტრადიციები.


საერთოდ, 40-იანი წლების მეორე ნახევარსა და 50-იანი წლებში ახალი აზრის კი არა, საინტერესო პიესის დადგმაც თითქმის შეუძლებელი იყო, ვინაიდან `უკონფლიქტობის თეორიისა” და სხვა ამგვარი ხელოვნური იდეოლოგიური დაბრკოლებები თეატრის მოღვაწეებს შემოქმედებითად ბოჭავდა. ასეთი სირთულეებისა დიმიტრი ალექსიძემ 50-იანი წლების ბოლოს განახორცილეა დ. გაჩეჩილაძის `ბახტრიონის”  (ვაჟა-ფშაველას მიხედვით) დადგმა. სპექტაკლი თავისი არსით ეროვნულ-განმანთავისუფლებელ იდეას გამოხატავდა, სადაც ხალხი სამშობლოსა და ღირსებას იცავდა. ეს თემა იმავე ავტორის პიესა `ამირანში” გაგრძელდა, რომელმაც ამჯერად შემოქმედებითი მარცხი განიცადა, ვინაიდან იგი თანადროულ თეატრალურ ესთეტიკას ჩამორჩა. საქმე იმაშია, რომ თუ `ბახტრიონი” ახმეტელისეულ საგმირო რომანტიკას ეფუძნებოდა, `ამირანში” უკვე თეატრს ტრადიციულ სტილზე უარი ჰქონდა ნათქვამი და გეზი რეალისტურ-ფსიქოლოგიური სტილისკენ ჰქონდა აღებული. 


ტოტალიზებული სახელმწიფოსთან ბრძოლის, მისი ანტიდემოკრატიულობის წარმოჩენის იდეა დაედო საფუძვლად რობერტ სტურუას რეჟისურას, რომელმაც ეს თემა ახალი სტილისტიკით დაამკვიდრა სცენაზე. ეს პრობლემა მრავალფეროვანი რეჟისორული მიგნებებით გამოიხატა სპექტაკლებში: `სეილემის პროცესი”, `ყვარყვარე”, `ღალატი”, `დრაკონი”, ხოლო დამაგვირგვინებელი `რიჩარდ III” აღმოჩნდა. რ. სტურუამ მაყურებელს სრულიად ახლებურად დაანახა შექსპირის პიესა და მას თანადროული ჟღერადობა მიანიჭა. ასევე საინტერესო აღმოჩნდა თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული შ. დადიანის `გუშინდელნი”, რომელიც ეროვნული ღირსების საკითხს აყენებდა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რეჟისორ დავით ანდღულაძის მიერ გრ. რობაქიძის `გრაალის მცველნის” დადგმა, რომლის პრემიერაც 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ გაიმართა და მასში იმდროინდელმა ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა სულისკვეთებამ თავისებური ასახვა ჰპოვეს. მსახიობებმა ო. მეღვინეთუხუცესმა, გ. ბურჯანაძემ და რ. ჩხიკვიშვილმა ბრწყინვალე სახეები შექმნეს.  


ასეთი მდიდარი ტრადიციების ქართულმა თეატრმა, სამწუხაროდ XX ს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოვლენები სათანადოდ ვერ ასახა და ვერ გახდა ეროვნული სულისკვეთების გამომხატველი. 
                                                 


                                  
                             შენიშვნები
1.ნ. გურაბანიძე `ილია ჭავჭავაძე თეატრის შესახებ”. თბ. გამ. `ხელოვნება”. 1955. თავი: `ქართული თატრი” (ნაწყვეტი 1879 წლის თებერვლის `შინაური მიმოხილვიდან”). გვ. 57. 
2.  ნ. გურაბანიძე `ილია ჭავჭავაძე თეატრის შესახებ”. თბ. გამ. `ხელოვნება”. 1955. თავი: `წერილები” (ილია ოქრომჭედლიშვილისადმი). გვ. 133. 
3. ვ. აბაშიძე `მოკლე ცნობანი დრამატული ხელოვნების შესახებ”. კრ. `ვასო აბაშიძე” (დ. ჯანელიძის რედაქტორობით და შესავალი წერილით). თბ. 1951.Gგამ. `ხელოვნება.” გვ. 41-44.  
4. დ. ერისთავი `სამშობლო”. თბ. 1947. გამ. `საბჭოთა მწერალი”. გვ. 5-6.                     
5. ი. მეუნარგია    გაზ. `შრომა”. 1881. 2 სექტემბერი.
6. ი. ჭავჭავაძე `კატკოვის პასუხად”. გაზ. `დროება”. 1882. 24 თებერვალი. #40. გვ. 1-2. ზოგ ლიტერატურაში მითითებულია 13 და 23 თებერვალი, რაც სწორი არ არის. აღსანიშნავია, რომ წერილი დარიღებულია და რდაქციაში გაგზავნილია 23 თებერვალს, რიტაც არის გამოწვეული უზუსტობა. D
7. აკ. წერეთელი `ვერ ხედავთ?” გაზ. `დროება”. 1882. 4 მარტი. #45, გვ. 1-2.
8. საქ. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახ. მუზეუმი. ს. გერსამიას არქივი. ფ. 1. ხელნაწერი #9800. რვეული IV. გვ. 29.
9. ო. კასრაძე `კვალი ნათელი კაცისა”. თბ. 1984. Gამ. `ხელოვნება”. გვ. 153.
10. გაზ. `ივერია”. 1905. #4.
11. ო. კასრაძე `კვალი ნათელი კაცისა”. თბ. 1984. Gამ. `ხელოვნება”. გვ. 163.
12. გ. მეგრელიძე `სანდრო ახმეტელი და ეროვნული მოძრაობა”. ჟურნ. `თეატრი და ცხოვრება”. 1992. #6. გვ. 47.
13. გ. მეგრელიძე `სანდრო ახმეტელი და ეროვნული მოძრაობა”. ჟურნ. `თეატრი და ცხოვრება”. 1992. #6. გვ. 48-52.
14. აკ. ვასაძე `მოგონებები ფიქრები”. თავი; `ჯარისკაცის ფარაჯაში”. თბ. 1977. გამ. სთს. გვ. 109.
15. აკ. ვასაძე `მოგონებები ფიქრები”. თავი; `ჯარისკაცის ფარაჯაში”. თბ. 1977. გამ. სთს. გვ. 101.
16. საქ. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. რუსთაველის თეატრის ფონდის აღწერილობა. ფ. 4. 1921 წ. 28 აპრილი. ხელნაწერი #735.
17. გ. მეგრელიძე `რაინდების სადღეგრძელოს მხოლოდ რაინდები სვამენ”. ჟურნ. `რაინდი”. 2009. #2. გვ. 5. 
18. იქვე.
19. იქვე.                               
20. გ. მეგრელიძე `სანდრო ახმეტელი და ეროვნული მოძრაობა”. ჟურნ. `თეატრი და ცხოვრება”. 1992. #6. გვ. 54. 

                          გამოყენებული ლიტერატურა
დ. ჯანელიძე `ქართული თეატრის ხალხური საწყისები”. თბ. `სახელგამი”. 1948. 
თავები: `ყეენობა” გვ. 275-344, `ბერიკაობა”-345-363.
რ. საყვარელიძე `ქართული თეატრის ისტორიიდან” (ერეკლე მეორეს თეატრიდან გიორგი ერისთვაის თეატრამდე”. თბ. გამ. `ხელოვენბა”. 1956. თავი: `ერეკლე მეორეს სამეფო კარის თეატრი და მისი მსახიობები”. გვ. 17-31.
ა.გაჩეჩილაძე `ნარკვევები XIX საუკუნის ქართული დრამატურიგიისა და თეატრის ისტორიიდან”. თბ. გამ. `ხელოვნება”. 1957. თავები: 1. `ქართული დრამატურგია და თეატრი”. გვ. 3-19. 2. შინაური წრმოდგენები XIX ს. პირველ ნახევარში”. გვ. 19-39. 3. `ქართული თეატრი” (1850-1856). გვ. 308-346.
ს. გერსამია `გიორგი ერისთავის თეატრი”. თბ. გამ. `სახელგამი”. 1950. თავი: `გიორგი ერისთავი დამ ის მიერ გამართული საცდელი წარმოდგენები 1850 წელს”. გვ. 36-75.
ნ. ავალიშვილი `თავგადასავალი და განცდანი”. თბ. 2014. გამ. `ნეკერი”. თავი: `ქართული თეატრის დაფიძნებაზედ ზრუნვა”. გვ. 88-106.
ალ. ბურთიკაშვილი `ლადო მესხიშვილი”. თბ. გამ. `ნაკადული”. 1962. თავი: `განთიადის დასაწყისი”. გვ. 27-41. 
გ. ბუხნიკაშვილი `ქართული თეატრი ახალი ეპოქის მიჯნაზე”. თბ. 1976. გამ. `ხელოვნება”. თავი: `კ. მარჯანიშვილის დაკავშირება ქართულ თეატრთან”. გვ. 199-223.
ვ. კიკნაძე `სანდრო ახმეტელი.” თბ. 1977. გამ. `ხელოვნება”. თავები: 1. მარჯანიშვილისა და ს. ახმეტელის შემოქმედებითი ურთიერთობის საკითხისათვის”. გვ. 54-97. 2. `დურუჯის” შუქ-ჩრდილები”. გვ. 98-120.
ნ. შვანგირაძე `თამარ ჭავჭავაძე”. თბ. 1980. სერია `თეატრის სამყაროში”.
 

bottom of page