top of page

ქართული განძი არ იყიდება!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

391600667_343934824873088_7927930521857300814_n.jpg

ელენე კერესელიძე

ქართული განძი არ იყიდება!

 

2023 წელს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში 156-ე სეზონი ტრილოგიის ბოლო სპექტაკლით ,,ექვთიმე’’ გაიხსნა. სპექტაკლი  საქართველოს ეროვნული გმირის, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის, მოწამებრივ გზაზე მოგვითხრობს, რომელიც მან საქართველოდან ემიგრაციაში და შემდეგ უკან დაბრუნებულმა გიარა. შემოქმედებითმა ჯგუფმა სპექტაკლზე მუშაობის   დროს,  სიღრმისეულად შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მისი მოღვაწეობა, ეცადნენ მიეკვლიათ ისეთი ფაქტებისთვის, რომლებიც აქამდე ნაკლებად ცნობილი იყო, თუმცა არსებითი როლი ითამაშა ექვთიმეს პიროვნების, მისი მოწამებრივი გზის ღირსეულად გავლის პროცესში. სპექტაკლი დაფუძნებულია დოკუმენტურ მასალაზე, მათ შორისაა „საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში“, მოგონებები (ნათელა ვაჩნაძე, იოსებ მეგრელიძე, ელიზბარ უბილავა).

პირველი, რაც  სპექტაკლში ყურადღებას იპყრობს, სცენოგრაფიაში გამოყენებული წითელი ყაყაჩოებით მორთული მწვანე ბალახია (მხატვარი - ლომგულ მურუსიძე). ჩნდება ასოციაცია, რომ მხატვარს ჩაფიქრებული აქვს „კრწანისის ყაყაჩოების“ იმიტაცია, ყაყაჩო - როგორც სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანების სახიერი გამოხატულება. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი „ადგილის დედაა“ (მსახიობი -  შორენა სიხარულიძე), რომელიც ყველა სცენაში გვევლინება, როგორც მფარველი ანგელოზი, თანამებრძოლი და ხშირად მამხილებელიც კი. 

1921 წლის 24 თებერვალს ეროვნული მთავრობა ტოვებს დედაქალაქს და თითქოს დროებით ქუთაისში გადადის. მათ თან წაიღეს ხაზინის ქონება და თბილისის სიძველეთსაცავების ფასდაუდებელი, ისტორიულად განსაკუთრებულად ღირებული ნაწილი. ამ უკანასკნელის გამზადება-გაგზავნა კი ექვთიმე თაყაიშვილს დაევალა.

გოჩა კაპანაძე ჩვეული მხატვრული ხერხებით  ერთგვარ წინაპირობას ქმნის ყველა მოსალოდნელი ამბისა, რომელიც სცენაზე განვითარდება. რეჟისორი სპექტაკლის მსვლელობისას მხატვრული განათებისთვის  ორი ძირითადი   - წითელი და ლურჯი ფერების მონაცვლებას იყენებს, რითაც ქმნის განწყობას და მიგვანიშნებს, რომ საქართველოს სიმშვიდე არასოდეს ღირსებია. სპექტაკლის დასაწყისში ისმის მშვიდი, მაგრამ უჩვეულოდ სევდიანი ქალის გალობა, რომელსაც თანდათან ენაცვლება და აგრესიულად ახშობს გაავებული ცხენების ფლოქვების  ხმა. ეფექტურია წითელი ფერის სცენა და ზემოდან დაშვებული ტაძრის კედელი, რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც იმ სიწმინდის ნაწილი, რომელსაც სულ მალე შეესევიან ან დაანგრევენ.

სცენის სიღრმიდან ჩქარი ნაბიჯით ხელჯოხით ხელში შემოდის ექვთიმე თაყაიშვილი ( მსახიობი - გიორგი დოლიძე). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობმა შეძლო სახიერი გაეხადა ექვთიმეს, მუდამ მოკრძალებული პიროვნების შინაგანი მღელვარება, მისი უტეხი სიმტკიცე და რკინისებური ლოგიკა, რომელიც  გარშემომყოფებს ელვისებური სისწრაფით იმორჩილებდა.

რეჟისორი გვამცნობს, რომ ბოლშევიკების შემოსვლამ ქვეყანა სისხლის მორევში  ჩაძირა. ვხედავთ ბრძოლის ქარცეცხლში გახვეულ, შეშინებულ და  გასაქცევად გამზადებულ მთავრობას, რომელმაც დარჩენას და ბრძოლას ქვეყნის დატოვება ამჯობინა. ამ გაქცევის დროს მათ თან წაიღეს საქართველოს ისტორიული საგანძური და ოქრო. რატომ გამოირჩა ექვთიმე თაყაიშვილი ამ დიდი მისიისათვის? ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან  ყველას ვერ ანდობდნენ ვერც განძის აღწერას და ვერც მის ზედამხედველობას. უნდა ითქვას, რომ ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით, სისხლისმიერად იყო ქართულ საგანძურთან დაკავშირებული. მან საკუთარი ცხოვრება ამ საგანძურის შეგროვებას და დაარქივება-შენახვას მიუძღვნა.

ემიგრაციაში წასვლისას, ექვთიმე უკვე 60 წელს იყო მიღწეული. მას ქვეყანა მეუღლე ნინა პოლტორაცკაიასთან ერთად დატოვა. სამშობლოს, ნათესავების და თავის საქმის დატოვება ექვთიმეს ძალიან უმძიმდა. ის უკმაყოფილო და მეტიც, აღშფოთებული იყო მმართველი პარტიის უპასუხისმგებლობით, ახლა რომ ერის საუნჯე თან მიჰქონდა, მაგრამ არჩევანი აღარ ჰქონდა და ამიტომ თავადაც თან გაჰყვა საგანძურს, რადგან მისი სიტყვით რომ ვთქვათ - „დაიცვას იგი ყოველგვარი მოულოდნელი და მოსალოდნელი საშიშროებისაგან“. როგორც შემდგომი მოვლენები ცხადყოფს, ექვთიმე სწორად მოიქცა.

ექვთიმემ ყველაზე კარგად იცოდა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა დააკისრა მას სახელმწიფომ და რამდენად მძიმე, მტანჯველი იქნებოდა ეს გზა. არც ამხელა მოვალეობის ზიდვისთვის იყო მზად: „მე ასეთ ტვირთს ვერ ვტვირთავ!“- ისმის სპექტაკლში და აქვეა ნოე ჟორდანიას ( მსახიობი - ვახო ჩხარტიშვილი ) სიტყვები - „დავიღუპებით!“. ფაქტობრივად, ნოე აიძულებს ექვთიმეს დათანხმდეს შემოთავაზებას, მაგრამ არსებობდა ერთი პირობა, რომელიც თაყაიშვილისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო - „თუ ყველა უფლებით ვიქნები აღჭურვილი, წითლები არავის დაინდობენ!“

მოწამებრივი გზის დასაწყისში,  რეჟისორი ექვთიმეს ( მსახიობი - გიორგი დოლიძე ) პერსონაჟს წარმოგვიდგენს ყაყაჩოებიან მინდორთან, დედის საფლავთან და მშობლიურ მიწასთან გამომშვიდობების სცენაში. შეიძლება ითქვას, რომ ,,დედასთან დიალოგი’’ იგივე, რაც სამშობლოსთან, წინაპრებთან საუბარი და დადებული დადებული ფიცი, რომელსაც ღირსეული ქართველი არასოდეს გასტეხს. „დე, ამ განძს ფასი არა აქვს, გაქრება ეს განძი და გაქრება ისტორია ქართველი ერის!“ -  ამ წინადადებაში ჩატეულია ის მამოძრავებელი ძალა, იდეა, რომელმაც ექვთიმეს უბიძგა გადაედგა ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი. თაყაიშვილი იყო ის, ვინც ყველაზე კარგად იცოდა, თუ რამხელა ისტორიას ინახავს ჩვენი საგანძური და ის, რომ მისი გაქრობით საქართველო დაკარგავდა ათასწლეულების ისტორიას.

1921 წლის 11 მარტს იწყება ექვთიმე თაყაიშვილის მეოთხედსაუკუნოვანი ოდისეა, რომელიც მრავალი ტკივილით, იმედგაცრუებით და განსაცდელით იყო სავსე. პირველი სიმწარე გამგზავრების დილას იგემა, როდესაც  ფრანგული კრეისერი, რომელსაც ისინი უნდა გაჰყოლოდნენ, დანიშნულ დროზე ადრე გავიდა თურქეთიდან. ექვთიმე იძულებული გახდა თანამგზავრებთან ერთად მცირე ზომის, კერძო გემით წასულიყო, რის გამოც რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. 10 აპრილს მოახერხეს დანიშნულების ადგილზე მისვლა, ქონება საფრანგეთის სახელმწიფო ბანკის იქაურ განყოფილებას ჩააბარა და თავად პარიზში გაემგზავრნენ და მახლობლად, შატო ლევილში დასახლდა. ამ უჩვეულოდ „დელიკატური“ ინციდენტის გამო სპექტაკლში მკაფიოდ ჟღერს  ექვთიმესა და ნოეს პირველი შელაპარაკება. , თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ექვთიმე თაყაიშვილმა ემიგრაციაში 24 წელი გაატარა.

ექვთიმე თაყაიშვილის პიროვნება აღიქმება, როგორც  ღვთისმშობლის რჩეული, მცველი და მორჩილი, რომელიც დიდი თავმდაბლობით იღებს ღვთისაგან ბოძებულ „მძიმე ჯვარს“. გოჩა კაპანაძემ ეს ხაზი სპექტაკლში მეტაფორული სახით წარმოადგინა, როდესაც ექვთიმეს, როგორც ქრისტეს გოლგოთის ჯვარი, ისე აქვს მოკიდებული საგანძურიდან ერთ-ერთი ყუთი, რომელსაც ერთ მხარეს ყინწვისის ანგელოზის სახე აქვს გამოსახული. მომდევნო სცენებში ვხედავთ, რომ საგანძურის სათავსოები ერთიანდება და ქმნის ,,ყინწვისის ანგელოზის’’ გამოსახულებას. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ამ გადაწყვეტით რეჟისორი ხაზს უსვამს იმას, რომ უფლის ანგელოზი იფარავდა ქვეყნის საგანძურს მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში, რასაც ყოველთვის გრძნობდა ექვთიმე თაყაიშვილი. რა თქმა უნდა, სრული ისტორიის გადმოცემა ერთ სპექტაკლში შეუძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ისტორიულ დრამაზე, სადაც არსებითად მნიშვნელოვანია ფაქტების კონსტატაცია.

სამწუხაროდ, ემიგრაციაში მყოფი ქართველები ექვთიმეს მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდნენ. გოჩა კაპანაძემ დიდი სიმძაფრით გადმოგვცა ქართველების ღალატი და უმსგავსო საქციელი, რასაც სააღდგომო სუფრასთან თვალნათლივ ვხედავთ, თუ როგორ უწევს ექვთიმეს გაავებული ქართველების მოგერიება.

ექვთიმე ყოველთვის კიცხავდა ხელის მოთბობის მსურველ ქართველებს ამ სულმდაბლობის გამო და ხშირად ახსენებდა მათ, რომ მას ჩაბარებული აქვს ერის საუნჯე და არა გაჭირვების დროს მიმოსაყიდი ნივთების გროვა. სპექტაკლში გოჩა კაპანაძე ამ საკითხს რამდენიმე სცენაში შლის და წარმოგვიდგენს, თუ როგორი ძალით იბრძვის ჭარმაგი ექვთიმე თანამემამულეთა მოსაგერიებლად.

ამ დროს ექვთიმე თითქმის სულ მშიერი, მხოლოდ საკუთარი მეუღლის წყალობით არსებობდა. გაჭირვების გამო, დაავადებულ ნინოს წამალსაც ვერ ყიდულობდა. ფაქტობრივად, მისმა მეუღლემ იგივე გზა გაიარა, მოწამებრივი ცხოვრებით იცხოვრა და აღესრულა, როგორც ექვთიმე. ექვთიმეს ცხოვრებაში იყო ისეთი შემთხვევები, როცა შიმშილისაგან გულშეწუხებულს, მხოლოდ საგანძურზე ფიქრი ავსებდა უკანასკნელი ენერგიით. ეს მოცემულობა კარგად ჩანს სპექტაკლშიც, როდესაც ნახევრად მშიერ ექვთიმეს, ქართველ ემიგრანტებთან მორიგი კამათისა და ჩხუბის შემდეგ გული მისდის. მისი ასეთი მდგომარეობა და თავგანწირვა თითქოს აფხიზლებს მთავრობის წარმომადგენლებს, ისინი თავისი თვალით ხედავენ, რომ ექვთიმე მართლაც ეწირება საქვეყნო საქმეს, მაგრამ ერთ მისხალ ოქროსაც არ ელევა თავის გადასარჩენად, ეს თავგანწირვა მათთვისაც უდიდესი მაგალითია.

სპექტაკლში მოცემულია რამდენიმე სცენა, სადაც ხელდახელ ხდება შეტაკება საგანძურის „გამყიდველებსა’’ და ექვთიმეს შორის. მაშინ, როცა ათასჯერ ნათქვამი ფრაზა - „საგანძური არ იყიდება!“, კვლავ გაუგებარი რჩება ქართველებისთვის, ექვთიმე წარმოთქვამს წყევლას, რომელსაც სისხლის გამყინავი სიმძაფრით აჟღერებს გიორგი დოლიძე. ის აფხიზლებს და აფრთხილებს ყველას –„ვწყევლი ყველა იმ ქართველს, ვინც ერის განძს გაყიდის და კუჭს ანაცვალებს წინაპრების სიდიადეს! დაწყევლილ იყოს შვიდ თაობამდე!“.

აქვე ისმის ექვთიმეს მეუღლის, ნინოს (მსახიობი - თამარ მდინარაძე) ერთგვარი შეგონება, რომლითაც რეჟისორი მიგვანიშნებს, რომ ადამიანური სისუსტე ყველას არ აძლევს იმ ძალას, რომ სამშობლოს ინტერესები საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა დააყენოს - „შენსავით წმინდანობას ყველას ნუ მოსთხოვ. არ შეუძლიათ, არა!“. გოჩა კაპანაძე სპექტაკლში არ გამოყოფს ცალსახად სწორ და არასწორ მხარეებს, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ნინოს ამ ფრაზით ის თანაუგრძნობს კიდევაც ცდუნებამორეულ, ქვეყნიდან გაქცეულ ემიგრანტებს.

ცხადია, ექვთიმესაც გააჩნდა სისუსტეები, ისევე როგორც ყველა ადამიანს, მასშიც არსებობდა შინაგანი ბრძოლა. აქედან გამომდინარე სცენა, სადაც ვხედავთ, თუ როგორ ეცხადება ექვთიმეს მეფისტოფელი ( მსახიობი - ზაზა ჯინჭარაძე ) და სთხოვს -  „გაყიდე ერთი მონეტა, მომყიდე შენი სული!“  რეჟისორის მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტაა. შავად შემოსილი, თეთრ, უსახურნიღბიანი მსახიობი სცენის ე.წ ,,ორმოდან’’ ამოდის. ნისლში გახვეული მეფისტოფელი  უკანასკნელ ხერხს მიმართავს, დაეჭიდება და ცდილობს მოახრჩოს ექვთიმე, რომელიც ამჯერად  არა მხოლოდ ფასდაუდებელი განძის, არამედ ერის დიდი რწმენის, მისი მარადიული ღირებულებების მყარი მტკიცებულებაა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ექვთიმეს პოზიცია უცვლელია - „ ეს ყველაფერი ღვთისმშობლის საჩუქარია თავისი ხალხისათვის“ „ამ განძს ღვთისმშობელი იცავს, ქართული განძი არ იყიდება!“ .

ნინოს შემოსვლას ფონად გასდევს შოპენის მუსიკა, ,,ნოქტიურნი ნ20’’ ( Nocturne in C Sharp Minor (No2o) ). ჩნდება განცდა, რომ მეფისტოფელი მსხვერპლად ექვთიმეს მეუღლეს ირჩევს და სწორედ მისი გარდაცვალებით იძიებს შურს და ,,დააობლებს’’ გაუტეხელ ქართველ კაცს.

სპექტაკლში გოჩა კაპანაძე ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად  წარმოგვიდგენს სამშობლოსათვის თავდადებულ სხვა მამულიშვილებს, რომლებსაც სხვადასხვა სარბიელზე ისეთივე მოწამებრივი ცხოვრება ჰქონდათ, როგორიც თავად ექვთიმე თაყაიშვილს. გარკვეული თვალსაზრისით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექვთიმე ამ ადამიანების კრებით სახესაც წარმოადგენს. ასეთად გვევლინება საქართველოსთვის თავდადებული რაინდი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ( მსახიობი - ლევან საღინაძე ), მისი „შეფიცულთა რაზმის“ წევრები, მზექალა ლიქოკელი ( მსახიობი - ციცი ბუცხრიკიძე ), თავისი გმირული აღსასრულით და ერთ-ერთი შეფიცულის და, რომელიც უარს ამბობს ხელი მოაწეროს „წერილზე“ სადაც ძმას „მოღალატეს“ უწოდებს. მიზეზად ასახელებს იმას, რომ წამებისგან ხელზე არცერთი ფრჩხილი აღარ აქვს. რა თქმა უნდა, ამ მონაკვეთში აქცენტი კეთდება ბოლშევიკური სისასტიკესა და მის სისხლიან რეჟიმზე, რომელსაც განურჩევლად ასაკისა და სქესისა, უამრავი უდანაშაულო ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ქაქუცა ჩოლოყაშვილისათვის, ისე როგორც როგორც ექვთიმე თაყაიშვილისათვის,  ძალზე მტკივნეული აღმოჩნდა სამშობლოსთან განშორება. აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი სპექტაკლის განმავლობაში ექვთიმეს თავგანწირული თავგადასავლის თხრობას ქაქუცა ჩოლოყაშვილის ისტორია ენაცვლება. ქაქუცამ  გმირული სულისკვეთება გააღვივა ერში და იმავდროულად მარცხის სიმწარეც აგრძნობინა, რაც გოჩა კაპანაძის დადგმაშიც კარგად ჩანს.

სპექტაკლის დასასრულს ვხედავთ ეტლს მიჯაჭვულ, თანამებრძოლებისგან მიტოვებულ ქაქუცას, რომელიც არათუ კიცხავს ძმადნაფიცებს, არამედ თავად გვევლინება საკუთარი თავის ყველაზე მკაცრ მსაჯულად. 

სპექტაკლში გამორჩეულად დასამახსოვრებელ სახეს ქმნის ქაქუცა ჩოლოყაშვილის როლის შემსრულებელი, მსახიობი ლევან საღინაძე. უნდა აღინიშნოს, რომ გოჩა კაპანაძემ სრული სიზუსტით შეარჩია მსახიობი, რომელიც შინაგანი ემოციით ჭეშმარიტად ითავისებს პერსონაჟის ყველა  მახასიათებელს. სპექტაკლის ერთ-ერთი ძლიერი რგოლი, სწორედ ლევან საღინაძის შექმნილი  მხატვრული სახეა, რომელიც  იმ სულიერ სინათლეს და ღირსებას ასხივებს, რომლითაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო შემკული. მისი პლასტიკა, მეტყველების მანერა და სწორად შერჩეული ხასიათი, სასცენო კოსტიუმთან ერთად, რომელიც  ( მხატვარი - ქეთი ციციშვილი ) აღწერილი პერიოდის, მით უფრო კუთხისათვის დამახასიათებელია,  სრულყოფს გმირის სცენურ სახეს.

უნდა აღინიშნოს სპექტაკლში ერთ-ერთი ემოციურად დატვირთული მიზანსცენა, სადაც გაჟღერებულია პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ოფიცრების შექმნილი სიმღერა ,,სამი ათას წელზე მეტი’’. სააღდგომო სუფრას მხოლოდ სამფეხა შანდლებში ანთებული სანთლები ანათებს, მბრუნავი სცენა კი ქართველთა თავყრილობის იმიტაციას ქმნის. რადიომიმღებიდან დები იშხნელების სიმღერა ისმის, რაც სიხარულთან ერთად კიდევ უფრო ამძაფრებს სამშობლოს მონატრებას. 

ასევე საყურადღებოა ემიგრაციაში დასნეულებული, სამშობლოს მონატრებით და დარდით დაავადებული ქაქუცას გარდაცვალების სცენა. რეჟისორის გადაწყვეტით, სპექტაკლში ქაქუცა ექვთიმეს ხელებში ასრულებს სიცოცხლეს და თითქოს აღსარებას აბარებს „ღვთისკაცს“- „ისე მივდივარ ამ ქვეყნიდან, ჩემს ქვეყანას ვერაფერი გავუკეთე!“ და იქვე ისმის ექვთიმეს სიტყვები, რომელიც მთლიანად აფასებს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ღვაწლს - „რას ამბობ ადამიანო,შენ ქართველ ერს თავისუფლებისათვის ბრძოლა ასწავლე, რომელიც გადავიწყებული გვქონდა. ოცნება დაუბრუნე დაუმარცხებელ საქართველოზე...“.

ორიგინალურია რეჟისორის გადაწყვეტა, თუ როგორ გაჰყავს   ქაქუცა ჩოლოყაშვილი  სცენიდან. ამ დროს ვხედავთ, როგორ მიჰყავთ გარდაცვლილი ეტლით, თუმცა პარალელურად ქართულ სამფერიან დროშას კუბოსავით მიასვენებენ სცენიდან.

შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლში ექვთიმე თაყაიშვილი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი ერთ სიმაღლეზე დგანან. დოკუმენტურ მასალაში აღნიშნულია ფაქტი, რომ დაკრძალვისას ქაქუცას მართლაც დააყარეს ერთი მუჭა ქართული მიწა, რაც ასევე ასახულია სპექტაკლში, როდესაც ექვთიმე სამშობლოდან წამოღებულ მიწას ქაქუცას გულზე აყრის იმედით, რომ თავად აუცილებლად დაბრუნდება.

ქაქუცას გარდაცვალებით ექვთიმე ძლიერ საყრდენს კარგავს, რაც შეიძლება მოვიაზროთ, როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი, რამაც ექვთიმეს ძალა შემატა დაეჩქარებინა საგანძურის სამშობლოში დაბრუნება. გარდა ამისა, ის იაზრებს, რომ თავადაც ასაკოვანია და არავინ იცის, რა მოელის. კარგად ხედავს, რომ ბრძოლა წაგებულია და ბოლშევიკების დამარცხებაზე ოცნება კვლავ დიდხანს გაგრძელდება. ყველაფრის გათვალისწინებით, ექვთიმე იწყებს მოქმედებას, რის გამოც ქართველ ემიგრანტებთან, რომლებიც მის მცდელობას, დაუკავშირდეს საბჭოთა მთავრობას და მოელაპარაკოს საგანძურის დაბრუნებაზე, ეჭვის თვალით უყურებენ, თავის მართლება უწევს - „ ნოე, მისმინე, ჩვენ ახალგაზრდები აღარ ვართ. ვბერდებით და დღეს თუ ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ, ვის იმედად ვტოვებთ ერის საუნჯეს, ამათი თუ აქაური მთავრობის. არა, მე ასე ვერ გავრისკავ.’’

ექვთიმეს ,,დიალოგი’’ საგანძურთან ემოციურად დატვირთული სცენაა. მსახიობი გიორგი დოლიძე განასახიერებს ტანჯულ ადამიანს, რომელიც ყუთებში მოქცეულ საგანძურს, ქვეყნის ისტორიას მთელი განცდით ეფერება და ესაუბრება ისე, როგორც სულიერ არსებას. ,,მენატრება, მაგრამ ჩემი საქართველო აქა მყავს..’’.

რთული და საპასუხისმგებლოა, განასახიერო ისეთი ისტორიული პიროვნება, როგორიც ექვთიმე თაყაიშვილი იყო, მთელი თავისი ღირსებით, სულიერებითა და უტეხი ხასიათით. გიორგი დოლიძის სკრუპულოზური სამსახიობო ნამუშევარი მის შემოქმედებით ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ  მსახიობი საკმაოდ ახალგაზრდაა და დიდი დამაჯერებლობით ახერხებს ხანდაზმული ექვთიმეს  სცენური სახის შექმნას. მან შეძლო ჭეშმარიტად მოეტანა ის გრძნობები, ფიქრი და განცდები, რასაც უთქმელად, დიდი ღირსებით ატარებდა გულში საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი. აღსანიშნავია, რომ ამ შესრულებით სრულიად ,,ახალი’’ მსახიობი დაიბადა სცენაზე, რასაც გარკვეულწილად სპექტაკლის თემატიკაც განაპირობებს. მსახიობმა საინტერესოდ იმუშავა პერსონაჟის ფიზიკურ მახასიათებელზე, მაგალითად, როგორიცაა პლასტიკა, რომელიც კიდევ უფრო რეალისტურს ხდის შესრულებას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი დოლიძემ სისხლისმიერად განიცადა ყველაფერი ის, რაც თავს გადახდა დიდ ექვთიმეს და სწორედ ამიტომ მისი „ექვთიმეს’’ თითოეული სიტყვა, ქმედება მართალი და გულწრფელია.

სპექტაკლის მნიშვნელოვანი სცენაა იოსებ ელიგულაშვილისა და ( მსახიობი - გიორგი ჩავლეშვილი ) ექვთიმეს დიალოგი. ქართველი ებრაელი ექვთიმეს დახმარებით გერმანელი ნაცისტებისაგან თავს დააღწევს. აღნიშნულ მონაკვეთში ექვთიმე წარმოდგენილია, როგორც უსაზღვრო ჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის მაგალითი. 

აქვე მეტად საინტერესო და სახასიათო პასაჟს ვხვდებით, რომლითაც რეჟისორი აგრძელებს ტრილოგიის მთავარ ხაზს - გურულთა თავდადება სამშობლოსათვის - რაც გამოხატულია ელიგულაშვილის და ექვთიმეს დიალოგში. ერთ მონაკვეთში მთავარი მოქმედი პირის ხასიათს გურული სისხარტით ცვლის ექვთიმეს სიტყვები იოსების მიმართ - „ბიჭო, მე ჯერ გურული ვარ და მერე გავხდი პროფესორი.“ გიორგი დოლიძე ამ ფრაზას, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ისე წარმოთქვამს, რომ წამიერად ვგრძნობთ, მართლაც როგორ იხსნის ექვთიმე ყველა რეგალიას, ყველა დიდ წოდებას და უბრალო, იუმორით სავსე გურულ კაცად გვევლინება. რეჟისორი წარმოგვიდგენს გურული კაცის ზოგად სახეს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა  საოცარი ნიჭიერებით, გონებამახვილობით,  ბრძოლის უნარით,  უტყუარი ალღოთი და არაორდინალურობით.

1945 წელი, 11 აპრილი - ექვთიმე საქართველოში დაბრუნდა. თვითმფრინავიდან ჩამოსულს  თითქოს ჩურჩულით ესმის გურული ნანა, რომელსაც მალევე საბჭოთა კავშირის ჰიმნი ახშობს. სამშობლოში დაბრუნებულ ექვთიმეს რეჟისორი ისევ იმ მწვანე მდელოზე აბრუნებს, საიდანაც დაიწყო მისი დიდი და სირთულეებით სავსე გზა. „ცა - ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო“. ისმის აკაკის სიტყვები, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს ნოსტალგიის შეგრძნებას. კარგად ვიცით, თუ რამდენი ქართველის სიცოცხლე დაიფერფლა სამშობლოს მონატრებაში, ექვთიმეს ტკივილის განკურნება კი მხოლოდ ქართულ მიწას შეუძლია და ამას შესთხოვს ჭარმაგი ექვთიმე -„მკურნალად შემეყარეო!“ სახეცვლილ სამშობლოში, შვილობილის, ლიდია პალტარაცკაიას დაპატიმრების მიზეზის გასაგებად სამინისტროს მოსაცდელში მრავალსაათიანი ლოდინით დაქანცულ მოხუცს უშიშროების მაიორი  უხეში და პირგამეხებული ამხანაგი ცომაია ( მსახიობი -თეა კეჭაყმაძე) მუქარის ტონით მოუწოდებს დაიცვას მათი ,,წესები’’.

სამწუხაროდ, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ექვთიმეს ჭრილობები კვლავ განუახლა. სპექტაკლში ვხედავთ, თუ როგორი ეჭვით იწყებს საბჭოთა მთავრობა მასთან ურთიერთობას. მინისტრი რუხაძე ( მსახიობი - ირაკლი ვადაჭკორია )  ბრიყვულად  და ცინიკურად, შეურაცხყოფით ხვდება ექვთიმეს - „კუ-კუ და ბონჟუ მუსიე თაკაიშვილი“. 

წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი აღმოჩნდა ექვთიმესთვის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან (შსსკ) ურთიერთობა. ისინი როგორც პირდაპირ, ასევე შეფარვით ბრალს სდებდნენ განძის განიავებაში, რაც უკანასკნელი სასიკვდილო დარტყმა იყო ექვთიმესათვის. მსახიობი გიორგი დოლიძე  ჩვეული ემოციური და მგრძნობიარე ინტონაციით, შეურაცხყოფით თავზარდაცემული და წყობიდან გამოსული წარმოთქვამს: „რა?..რა თქვი?.. გაიმეორე, რა თქვი? მე იქ, უცხოეთში, წყლიდან ამოვარდნილ, ლაყუჩებახეულ თევზსა ვგავდი... ნაპირზე რომ ჰაერის გარეშე ფართხალებს და სულს ღაფავს. მხოლოდ განძის დაკარგვის შიშმა და სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებამ გადამარჩინა..’’. ცხადია, ეს სიტყვები ერთგვარი შეჯამებაა ყველა გამოვლილი უბედურებისა, რაც დიდმა ექვთიმემ გადაიტანა.

ცინიკოსი, კარიერისტი და ხარბი საბჭოთა ჩინოვნიკებისთვის წარმოუდგენელი და გაუგებარია ექვთიმეს თავგანწირვა. ამიტომაც ვხედავთ  როგორ უტიფრად ათავისუფლებენ ჭარმაგ,  მრავალგზის ნაომარ პროფესორს უნივერსიტეტიდან „საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო“.

რეჟისორმა და სცენოგრაფმა ლაკონიური, მაგრამ ღრმააზროვანი მიზანსცენებით და დიალოგებით სრულიად გასაგებად წარმოგვიდგინეს, თუ როგორ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები დიდმა ქართველმა მამულიშვილმა.

სპექტაკლი მთავრდება ხანში შესული ექვთიმეს ტკივილიანი, მაგრამ ამაყი, ერისა თუ ქვეყნის წინაშე მართალი კაცის სიტყვებით -  „მე ჩემი წამებული გზა ღირსეულად გავიარე, ეს იყო ჩემი გოლგოთა და ჯვარცმაც!“.  წელში მოხრილი მოხუცი ნელა მიუყვება ტაძრისაკენ მიმავალ გზას და დროდადრო გამოხედავს მომავალ საქართველოს, თითქოს შეახსენებს და აფრთხილებს, რომ „გასაკეთებელი და გადასარჩენი კიდევ ბევრია!“

bottom of page