top of page

ქართული თეატრის პანაშვიდი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

115.jpeg

ანასტასია ჩერნეცოვა

ქართული თეატრის პანაშვიდი

სიკვდილი არააა დასასრული.

ბობ დილანი

 

 

თუ თანამედროვე ქართული თეატრის ბედ-იღბალი განაღვლებთ და გსურთ გამოემშვიდობოთ და გამოიგლოვოთ  ნაფტალინის სუნით გაჯერებული ხელოვნება, მობრძანდით  არჩილ ქიაჩელის  პანაშვიდზე, პეტრიაშვილის  პირველ ნომერში , ღვინის ქარხნის მარნის ტერიტორიაზე.  მანამდე კი  ხელსახოცები მოიმარჯვეთ,  სიცილისგან გადმოღვრილი  მწარე ცრემლების მოწმენდა ტანსაცმლით რომ არ მოგიწიოთ. 

შესაძლებელია, ეს შესავალი სასტიკად პათეტიკური  და მდარე იუმორითაა  შეზავებული, მაგრამ  ნუ გიკვირთ. მე თეატრალურ კომპანია „ჰარაკში“ დადგმულ „პათეტიკურ მონოლოგებზე“ გესაუბრებით.

„პათეტიკური მონოლოგების“  ავტორი მსახიობი, პოეტი, მწერალი, დრამატურგი  თემო რეხვიაშვილია, რომელიც  ცნობილია  რომანით „კურიერის ამბები“, რომელმაც პრემია „საბა“ 2022  მოაპოვებინა - საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში.  

„პათეტიკური მონოლოგები“,  როგორც „კურიერის ამბები“ გამოირჩევა  უბრალოებით,  ირონიულობითა და  გულწრფელობით. რეჟისორმა ილია ქორქაშვილმა   კი, რეხვიაშვილისეული სულისკვეთება  შემოქმედებით ჯგუფთან  ერთად ფიცარნაგზე ოსტატურად გადაიტანა. თანაც დრამატურგი თავად მონაწილეობდა სპექტაკლის შექმნაში .  

ილია ქორქაშვილმა, როგორც რეჟისორმა,  საზოგადოებას თავი გააცნო სამეფო უბნის თეატრში, ვალერი ოთხოზორიას პიესის „წმინდა ნაწილები“ დადგმით. ამ ორი სპექტაკლის ნახვის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ქორქაშვილს უყვარს თანამედროვე ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ, რელიგიურ  თუ კულტურულ საკითხებზე მწვავე ირონიით, ცინიზმითა და სარკაზმით  საუბარი.  შესამჩნევია ისიც, რომ მისი რეჟისორული გადაწყვეტები დარტსის ისრებივით ბასრია და მიზანში  ზუსტად ხვდებიან.  ამას ხელს უწყობს როგორც  დრამატურგიის შერჩევა, ისე  რეჟისორისვე შემოქმედებითი ხედვა . 

მაგალითად მოვიყვან კულტურის მინისტრის მონოლოგის ეპიზოდს, რომელშიც, მისი  „სფიჩის“ პარალელურად,  სახელგანთქმული მსახიობი ქალი, რომლის როლსაც სოფო გვიმრაძე ასრულებს,  მინისტრს გახდილ ფეხსაცმელს უწმენდს, ბახილებს უკეთებს და შემდგომ   აცმევს. ამ სარკასტულ გადაწყვეტაში იმ „არტისტების“ დაცინვაა, რომლებიც სახელმწიფო მოხელეების  „შუშაინერებად“[1]  გვევლინებიან.

პიესისა და სპექტაკლის სახელწოდებიდან გამომდინარე კი ნათელია, რომ  მთავარი როლს ,სწორედ მონოლოგები ასრულებენ,  თანაც საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ ისინი,  თითოეული მსახიობის შესრულებით, იმდენად  ცოცხალი, მეტყველი  და  ქმედითია, რომ  სპექტაკლის მსვლელობისას,  მოდუნების  საშუალებას არ აძლევს  დარბაზში მყოფ აუდიტორიას.

შემოქმედებითი ჯგუფის მთავარი იარაღი პაროდიაა.  ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ მათი შესრულების ხარისხი ისეთივე იაფფასიანია, როგორც გარკვეულ კომედიურ შოუებში.

სწორედ პაროდიის საშუალებით, მსახიობი, გამორჩეული პროფესიული შესრულებით,  ქმნიან ნიღაბთა ნაკრებს. ხოლო ნიღაბთა ნაკრების მორგება გაცილებით რთულია, ვიდრე ტიპაჟთა გამოხატვა.

პაროდია თანამედროვე  ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, რომლის საშუალებითაც, ხელოვანი ახდენს  დრომოჭმული, „ნაფტალინ-ვაზელინ შეზელილი“  შემოქმედების კრიტიკა-დეკონსტრუქციას.  ამიტომაც, არაა გასაკვირი  თანამედროვე არტისტების - „ჰარაკელების“ გადაწყვეტა, რომელიც  „პათეტიკური მონოლოგებით“  პათეტიკური თეატრის „მიწაში ჩადებას“ გულისხმობს.

ალბათ, ბევრ თქვენგანს წაუკითხავს    ნოდარ დუმბაძის  სიტყვები - „ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთ სიბრტყეში უყურო. ადამიანს, როგორც ქანდაკებას,  ისე  უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება“.  

არჩილ ქიაჩელის პანაშვიდზე მისული ნაცნობ-მეგობრებმა უბრალოდ  გვამს კი არ შემოუარეს, არამედ სხვადასხვა რაკურსით  დაგვანახეს მისი პერსონა  და, რასაკვირველია, საკუთარი „ეგოებიც“ ახლო ხედით წარმოგვიჩინეს, რაც  ზოგადად , სამოქალაქო პანაშვიდის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი   მკვდარი  და ზოგჯერ აღმდგარი  არჩილ ქიაჩელის როლის შემსრულებელია.   როლიდან გამომდინარე,  სხვა მსახიობებთან შედარებით, ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ, ამავე დროს, ძალზე მეტყველია. მისი არჩილ ქიაჩელი  უფრო ცოცხალია, ვიდრე  ზოგიერთი  ქართველი  მსახიობის   შესრულებული ცოცხალი პერსონაჟები.

დაუვიწყარია  გარდაცვლილი არჩილის რეაქციები ამხანაგების გამოსვლებზე,  მიმდინარე მოვლენებზე,  მინისტრის მოსვლის ამბავზე, ან კუბოდან განსახიერებული  განგსტერი სტნლი, რომელსაც შესაშურ პარტნიორობას უწევს ბექა ხაჩიძის ტედი ან ნატალია გაბისონიასთან დუეტში შესრულებეული ვნებიანი  „ბურიანის მოჩვენებები“, რომელიც ქართველი ახალგაზრდების მწვავე პრობლემებს ეხმაურება.

ნატალია გაბისონია ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა  მსახიობია, რომელიც  მაყურებელს საშემსრულებლო ოსტატობით ატყვევებს და კალეიდოსკოპური გარდასახვის უნარით  თავს ამახსოვრებინებს. მნიშვნელობა არ აქვს - არის ეს ექსცენტრიკული ბარბარა „მზის ხაზიდან“ (რეჟისორი  გეგა გაგნიძე), ეგოცენტრული მაია „სამი დიდან“ (რეჟისორი  სანდრო კალანდაძე) თუ მსახიობი ქალი „პათეტიკურ მონოლოგებში“, რომელიც  უფროსი თაობის გარკვეული კატეგორიის მსახიობების, ოსტატურად შექმნილ კრებით სახეს წარმოადგენს  და იმდენად გნუსხავს, რომ არ გინდა დასრულდეს  მისი მონოლოგი - მანერულობისა და  პათეტიკურობის დღესასწაული, უფრო სწორად კი - პანაშვიდი.

ბექა ხაჩიძეს „პათეტიკურ მონოლოგებში“  სამი როლის შესრულება ერგო - სცენის მუშის, კაცი მსახიობისა და ძაღლის.  მისმა და  გიორგი რაზმაძის დუეტმა , მუშების განსახიერებისას , ნაყოფიერი ნიადაგი შეგვიმზადა სპექტაკლ-პანაშვიდის საყურებლად.

ხაჩიძე მოძველბიჭო  მსახიობი  მამაკაცი ისეთი ტიპური მსახიობია, რომლებიც აკრიტიკებენ რეჟისორებს, რომლებიც ნიჭიერ მსახიობებს როლებს უსამართლოდ არ აძლევენ.  იგი ის მსახიობია, რომელსაც შურს მეორე მსახიობის. ამასთანავე, ნატალია გაბისონიასა და სოფო გვიმრაძესთან ერთად საოცარ „ვაზელინურ“ ტრიოს ქმნის. ტრიოს, რომელიც, ერთმანეთს  მინისტრისთვის წყლის მიწოდებაში ეჯიბრება. ხოლო მისი შესრულებული  უერთგულესი ძაღლი,  ქართული „ძაღლური ცხოვრების“ გამადიდებელი შუშაა.

სოფო გვიმრაძის მიერ შთაბერილი,  ანტიგონეს უშველებელი - პათეტიკური,  შარჟითა და გოდებით გაჯერებული  მონოლოგიც  გასროლილი ქვაა დრომოჭმული საშემსრულებლო მანერების მიმრთულებით, რომელიც ქართული  თეატრის ავთვისებიანი სიმსივნეა და რომელთანაც ბრძოლა, როგორც ჩანს, იოლი არაა.

შთამბეჭდავია  არჩილის „ყოფილის“, ლიას დაქალის, უფრო კონკრეტულად კი, მსახიობ გვანცა ენუქიძი ნამღერი, თბილისის საგზაო მოძრაობისადმი  მიძღვნილი  ზონგი, რომელიც  გხიბლავს არა მხოლოდ  ფენომენალური  შესრულებით, არამედ თავისი შიგთავსითაც.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა - „რა შუაშია პანაშვიდთან  თბილისის საცობები და პარკინგის პრობლემა?“ მაგრამ, სწორედ გადატვირთული გზების გამო შეიძლება გაგიჭირდეთ არჩილის პანაშვიდზე მისვლა. არადა, ამ პანაშვიდის გამოტოვება, ბევრს დაგაკარგვინებთ.

დავით ხორბალაძის მუსიკალური ნაწარმოები კი სპექტაკლის სხვა კომპონენტთან აქტიურ რეაქციაში შედის. სასპენსურ-მისტიკური, ამაღელვებელი, პათეტიკური  და ამავე დროს, სასტიკად ირონიული ჰანგებით, რომლებიც უბრალოდ განწყობას კი არ ქმნიან, არამედ ფიცარნაგზე ასახული ქმედებების  კომენტატორებად გვესახებიან.

ლაშა ლაშხის კულტურის მინისტრი  დღევანდელი ქალბატონი მინისტრის იაფფასიანი  კარიკატურა კი არაა, არამედ  საერთოდ, კულტურის მინისტრის ფიგურის ერთგვარი გადააზრება. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ    მინისტრი დანახულია არა ერთი, არამედ  რამდენიმე  რაკურსიდან, რაც არა მხოლოდ ტექსტში ჩანს, არამედ  მსახიობის საშემსრულების მანერაშიც.  მინისტრის კრიტიკული  და თვითირონიული ბუნება პერსონაჟს ძალზე მომგებიანს ხდის.

ლაშა ლაშხის  სახელმწიფო მოხელე   ერთგვარი სარკეა, რომელშიც არეკლილია არა მხოლოდ  მინისტრის, არამედ  დღევანდელი ქართული კულტურის მუშაკთა თვისებები და მახასიათებლები.

თემო რეხვიაშვილის შემოქმედების თანმდევია თბილისის ანძა, შესაბამისად. არცაა გასაკვირი, რომ  იგი  „პათეტიკურ მონოლოგებშიც“ ფიგურირებს, თანაც, როგორც პერსონაჟი. სპექტაკლში კი ანძის განსახიერების ბედნიერება მსახიობ გიორგი რაზმაძეს ერგო.  ანძის, რომელიც მრავალი ცოცხალი თუ გარდაცვლილი ადამიანის მესაიდუმლეა.

მსახიობმა სცენის მუშისა და განსაკუთრებით კი, თბილისის   ანძის სახით შექმნა ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მხატვრული სახე, რომელშიც წამყვან ძალას ემპათიას შეზავებული ირონია ასრულებს.

მხატვარ  ქეთი ნადიბაიძის ანძისთვის  შექმნილი კოსტიუმი   როგორც ანძის ვიზუალს, ისე  როკ  ვარსკვლავ დევიდ ბოუის  ჩაცმულობას მახსენებს, მისი ერთ-ერთი ალბომის „Nineteen Seventy Four” გარეკანიდან . მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კოსტიუმი ორგანულად ერწყმის „პათეტიკურ მონოლოგებში“ განსახიერებული ანძის ხასიათს, ხაზს უსვამს მის ევროპელობას.

სცენის მხატვრობაში  წითელი ფერი დომინირებს (აქა-იქ შავიც გამოერევა).  რისი გამომხატველი  შეიძლება იყოს ეს?!

ამ ფერში შეიძლება ბევრი მნიშვნელობა იყოს ჩაქსოვილი -  სიყვარული, ვნება, აგრესია, ტოტალიტარიზმი, რევოლუცია,   სიცოცხლე და  თვით სიკვდილიც კი. 

ესპანელი კინორეჟისორი პედრო ალმოდოვარი, რომლის შემოქმედება ამ ფერითაა გაჯერებული, წითელს   არა მხოლოდ ესპანურ კულტურას უკავშირებს, არამედ ჩინურსაც, სადაც წითელი - სიკვდილმისჯილთა ფერია - „ ეს მას ადამიანურ ფერად აქცევს , რადგან ყველა ადამიანი სიკვდილისთვისაა მისჯილი“. 

სიკვდილმისჯილია არჩილ ქიაჩელიც, მინისტრიც, „მამების თეატრიც“ და პანაშვიდზე მიბრძანებული,  წითლად მოსილი საზოგადოებაც .

ანძა- გიორგი რაზმაძე მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩევა. იგი შთამბეჭდავად ასრულებს, არჩილის საყვარელ სიმღერას -  ბობ დილანის  Death Is Not the End, უფრო სწორად კი, როკ ბენდ  Nick Cave and The Bad  Seeds-ის   გადამუშავებულ ვერსისას. სიმღერა   შეგვიძლია  ერთგვარ  მანიფესტად აღვიქვათ - ამ სპექტაკლ-პანაშვიდით შემოქმედებითმა ჯგუფმა „გამოიგლოვა“  „ძველი თეატრი“,  ქვეყანაში არსებული, ხავსმოდებული  სოციალურ- პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები.  „ძველი თეატრის“  სიკვდილით   იბადება  ახალი ქართული თეატრი,  რომლის ერთ-ერთ მშენებლად,   სწორედ თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ შეგვიძლია მოვიაზროთ.

„პათეტიკური მონოლოგები“ ქართული თეატრის ისტორიაში  აუცილებლად  ოქროს ასოებით შევა. ეს ისე, ჩემი აზრით.

უცნაურია, „პათეტიკურ მონოლოგებზე“ მხოლოდ ერთი რეცენზიაა გამოქვეყნებული და რამდენიმე ფეისბუქ პოსტია დაწერილი. არადა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ეს სპექტაკლი, მასში შემავალი თითოეული კომპონენტით,  მნიშვნელოვანი საკვლევი მასალაა თანამედროვე ქართველი თეორეტიკოსებისთვის.

ფოტოები : გიორგი შენგელია

 

 

 

[1] სახელწოდება  წარმოდგება ინგლისური სიტყვის „შუშაინ“ (რაც ფეხსაცმლის  წმენდას ნიშნავს) დამახინჯებული ფორმიდან. ასე მიმართავდნენ  ფეხსაცმლის მწმენდავი ბიჭუნები ამერიკელ სამხედროებს, იმ პოტენციურ კლიენტებს, ვისაც  ფულის გადახდა შეეძლო მათ მომსახურეობაში [დოლიძე ზ., მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია 1930-1860-იანი წლები, თბ.,“კენტავრი“, 2016, გვ. 97]

bottom of page