
ქალის ბე დი XXI საუკუნის საქართველოში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მანანა თევზაძე
ქალის ბედი XXI საუკუნის საქართველოში
ძალიან რთული და მრავლისმომცველი სათაური გამოვიდა, მაგრამ მარჯანიშვილის თეატრში, მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა „ჰაიდე“, იმდენი კითხვა წარმოშვა ჩემში, რომ სხვაგვარად ვერც ჩამოვყალიბდი. ვერც წარმოვიდგენდი, რომ XXI საუკუნის საქართველოში დაიდგმებოდა სცენური ნაწარმოები, სადაც ეცდებოდნენ წარმოეჩინათ ქალთა ცხოვრების სრულიად თავშეკავებული, უთქმელიც კი, პრობლემები, რაც თუნდაც XX საუკუნის დასაწყისის ჩვენი ყოფისათვის იყო დამახასიათებელი. ჩვენს ყოფას ხაზგასმით გამოვყოფ, რადგან სხვა ქვეყნებში რა სიტუაციაა ამ მხრივ, ნამდვილად არ ვიცი, იქნებ უარესი, იქნებ უკეთესი. ფაქტია, რომ საზოგადოდ, იმდენი თავისუფლებაა სამყაროში, რომ სწორედ ეს ზედმეტი თავისუფლება, რაც გამოიხატება ჩაცმასა თუ ქცევაში, ყოველდღიურ ლექსიკასა და სხვა წესებში, იწვევს ერთგვარ შეშფოთებას, ჩვენს ქვეყანაში მაინც...
სპექტაკლი მუსიკალურად მიხეილ ზაქაიძემ გააფორმა, მხატვრობა და ქორეოგრაფია რეჟისორებს ტატო გელიაშვილსა და თათა თავდიშვილს ეკუთვნით. მონაწილეობენ: მარინა ჯოხაძე, თათია თათარაშვილი, ზურა ხაფთანი, ლიზა ნიკვაშვილი, ნინი ნოზაძე, პაპუნა ირემაძე, ალექსანდრე შარაბიძე, მაკა სტეფანია, მარიამ ჭოხონელიძე და ნიკა გუგუნავა.
სპექტაკლს „ჰაიდე“ ჰქვია და თუ ის თავიდან ქალის სახელად მივიჩნიე, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჯავახურ კილოზე, გიორგი ზედგინიძის მიერ შედგენილი „ჯავახური ლექსიკონის“ მიხედვით, ნიშნავს - „წავიდეთ, რაღას უყურამ!“.
და მართლაც, სპექტაკლი სწორედ ამაზეა: - წავიდეთ, რაღას უყურამთ!..
იმ დღესაც მაყურებლით სავსე იყო მარჯანიშვილის თეატრის დიდი დარბაზი. ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რამაც მაფიქრებინა, რომ თუკი ბილეთების უმეტესობა გაყიდულია, სულაც არ არის ცუდი შემოსავლისათვის.
სცენის შუაში ფერადი ხალიჩებით, ფარდაგებით, ფოჩებიანი გადასაფარებლებით აგებული დედაბოძი-კარავი დგას, რომელიც ზევიდან სინათლის ორი სვეტით ნათდება. სცენის ჩაცმულობა სრულიად შავია, მას ფერადი კვამლი ავსებს და აფერადებს. სიღრმეში ხალიჩებია დაზვინული, იატაკზეც უხვად აფენია ხალიჩები. კარვის მარცხნივ კუნძია და ნისლივით დაფენილ კვამლში, ყველაფერი ძალიან ლამაზი სანახავია. ქალები თავწაკრულები არიან, მრუმე ფერის უშნო ქვედა ბოლოები და ხალათები აცვიათ...
სამმა მამაკაცმა ბატკანი გამოიყვანა, არ გეგონოთ, ცოცხალი ბატკანი, არა, თოჯინა-მარიონეტი, რომლის ფეხებსაც თავად ამოძრავებდნენ, თითქოს ფეხს ადგმევინებდნენ, მერე მარჯვენა კუთხეში მიაწვინეს, თითქოს სამსხვერპლოზე თავი დაადებინეს. ამასობაში კარავი-დედაბოძის კარიდან შემოსული ქალი, სცენის წინა პლანზე გადმოვიდა და მასთან ერთად აქეთ-იქედან სხვა ქალებიც გამოჩნდნენ.
და სპექტაკლიც დაიწყო. სიმართლე გითხრათ, ქორეოდრამას ველოდი, მაგრამ თურმე არა, ჩვეულებრივი დრამატული სპექტაკლი იყო, სადაც ვერბალური ურთიერთობები პლასტიკასთან იყო შერწყმული და ვერ გეტყვით, რომელი უფრო საინტერესო იყო, ის, რაც ვნახე თუ რასაც ველოდი.
იდუმალი გარემოს შექმნას განათება და მუსიკალური გაფორმება, ჩუმი, შორეული ხმები, ხმაური უწყობს ხელს და აძლიერებს. მოქმედი გმირების მონოლოგიზირებული ლაპარაკი სიუჟეტის განმარტებას ცდილობს: მომხდარია დრამატული ამბავი, რომელსაც ვიღაც ქალის სიცოცხლე შეეწირა, მხოლოდ ესაა, ტექსტები არ ისმის კარგად. არტისტებს სუსტი ხმები აქვთ, თანაც სწრაფად ლაპარაკობენ, კილოს ინარჩუნებენ. ამ მონოლოგების ყურმოკრული ტექსტი აშკარად კარგი ლიტერატურაა, პოეტურიც, მაგრამ კარგად რომ არ ისმის? სხვადასხვანი ყვებიან, ვიღაცას ახასიათებენ, მაგრამ ვის? რას? რა მოხდა?
და იძულებული შევიქენი დამდგმელი რეჟისორისათვის, ტატო გელიაშვილისათვის პიესა მეთხოვა.
დრამატურგი აღმოჩნდა ქეთევან სამხარაძე, თემურ ჩხეიძის სახელოსნოს კურსდასრულებული. სინოფსისში ამოვიკითხე, რომ პიესა ექსკლუზიურად მარნეულის კულტურის ცენტრისათვის დაიწერა და განვითარდა თემურ ჩხეიძის სახელოსნოში.
პიესა, მართლაც ერთი დიდი მონოლოგია, აქა-იქ თუ გამოერევა დიალოგი. შინაგანად ძლიერი და დამუხტული, განსაცდელით სავსე, ქალების არაჩვეულებრივი სახეებითა და პორტრეტებით, რამაც რეჟისორებს ასეთი სპექტაკლის დადგმის ბიძგი მისცა. როგორც კი ამბავი ნათელი გახდა, სპექტაკლი სხვა ძალით ახმიანდა ჩემთვის, დადგმის თავისებური სტილი, გადაწყვეტა გამოიკვეთა და მსახიობების თამაშიც სახიერად წარმოჩნდა.
ამბავი კი ასეთია: სოფლად მცხოვრებ, ქვრივ ქალს, ორი ქალიშვილი ჰყავს, ერთი თავისი და მეორე კი - გერი. ორივე ქალიშვილს უბედო ბედი ერგოთ წილად. ერთი, საკუთარი, ქმარმა მოკლა და შემდეგ ყველას თანდასწრებით, ყელი გამოიჭრა, მეორე კი, არყის ხდის დროს, მთვრალმა ბიჭებმა გააუპატიურეს.
მიუხედავად ავტორისეული ტექსტის შესანიშნავი, პოეტური ლექსიკის და სტრუქტურისა, მოსაყოლადაც მძიმე ამბავია და პირადად ჩემთვის, მნიშვნელობა არ ჰქონდა მომხდარი ამბის ადგილმდებარეობას. იგი ნებისმიერ ადგილს, ქალაქსა თუ სოფელში შეიძლება მომხდარიყო და ისევე მწვავე და გასაოგნებელი იქნებოდა, როგორც იმ პირობით ტერიტორიულ ადგილს, სადაც მოქმედება ხდება. ჩემი განცდით იქ მთიანი აჭარაა გამოყვანილი, რადგან მუსლიმურ თემში ხდება ამბავი, ხოლო რადგან სპექტაკლი მარნეულის კულტურის ცენტრში დაიდგა, ალბათ სწორედ ეს რაიონია ნაგულისხმევი. მაგრამ განვმეორდები, ეს ამბავი ყველგან და ყოველ დროს შეიძლება მოხდეს და განა მხოლოდ მუსლიმურ თემში? ნებისმიერი სახის ძალადობა ისეთი ყოვლისმომცველია, რომ არასოდეს კარგავს აქტიურ მნიშვნელობას და რაც არ უნდა იბრძოდეს საზოგადოება მის წინააღმდეგ, ის მაინც ხდება, სხვადასხვა სისატიკითა და გამოვლინებით.
თეატრალური ხელოვნება პროპაგანდისტული დარგია და ნებისმიერი ხერხით იბრძვის ძალადობის, უსამართლობის წინააღმდეგ, სააშკარაოზე გამოაქვს იგი. სწორედ ასეთი პროპაგანდისტული ხერხი იყო, 1929 წელს გადაღებული კინოდოკუმენტური კადრები, თუ როგორ წვავენ აჭარელი ქალები ჩადრს.
ეს იყო ერთგვარი ბრძოლა ძველი ცხოვრების წინააღმდეგ. მაგრამ ამ ბრძოლის მუხედავად, ყოფაში ბევრი რამ უცვლელი დარჩა და დარჩა ყველაზე მთავარი იდეა - ქალი ქმრის მონაა! ქალმა ფეხჩაუხრელად უნდა იშრომოს ოჯახში, შვილები ზარდოს… იგი მონაა!
არ ვიცი, რა გახდა საბაბი დრამატურგისათვის ამგვარი სიუჟეტის შესაქმნელად, უმიზეზოდ არ დაიბადებოდა, მაგრამ ერთი კია, იგი ძალიან კარგად იცნობს გარემოს, გმირებს, რომელსაც და რომელთაც აღწერს. აღწერს მაღალმხატვრულად, ძლიერად, რაც დამდგმელ რეჟისორებს ტატო გელიაშვილსა და თათა თავდიშვილს საშუალებას აძლევს სპექტაკლის მთელი რიგი სცენები, კომპოზიციურად ისე გადაწყვიტონ, რომ დრამატურგიული მასალის ემოციური დინებები არ დაკარგონ. ამას კი სწორედ სიმბოლური სახეებითა და პლასტიკის საშუალებით აღწევენ, მოძრაობით…
მაგალითად, ქალი უზარმაზარი ცულით ხელში, მის ფეხებთან მწოლიარე გოგონა, რომელიც ხან ხელებს უწვდის მას, ხან ფეხს...
ანდა იგივე ქალი უზარმაზარი ვარდით, მისი ბაღის მშვენიერი ყვავილით, როგორც სილამაზის, სინაზის, კეთილსურნელების სიმბოლო და „კოფეს სმა“...
ანდა მონოლოგი გარმონთან ერთად...
ჰო, ძნელია ამბის მოყოლა სცენაზე ცეკვის ილეთებით, როცა მიუხედავად ტექსტების სიმრავლისა, სცენა მდუმარეა, რადგან მოყოლილი ამბავია მძიმედ განსაცდელი და დამამუნჯებელი...
ანდა გოგონას თათრულად ნამღერი სიმღერა-მონოლოგი, ერთი გაბმული კვნესა. ეს სიმღერა ყველა იმ ქალის სიმღერაა, ვისაც სცენაზე ვხედავთ. სიმღერა სიყვარულზე, განცდებზე, თავს გადამხდარ ამბებზე, აუხდენელ ოცნებებზე... სიმღერა ჰყვება თუ რა მწარე ხვედრი აქვთ ამ ქალებს.
ანდა ბიჭების მიერ ერთმანეთისათვის გადაწოდებული და პირამიდასავით აჩონჩხლილი ჩემოდნები...
ყველა ეს ეპიზოდი სხვადასხვა ამბავს ჰყვება და მაინც, ერთი ამბის შემადგენელი ნაწილია, თუ ცხოვრების როგორი გზა გამოიარეს მთავარმა გმირმა ქალმა - რაზიემ (მსახიობი მარინა ჯოხაძე) და მისმა ქალიშვილმა ეთერიმ (მსახიობი თათია თათარაშვილი), მეზობლის ქალმა ირინამ (მსახიობი ლიზა ნიკვაშვილი) და მისმა ქმარმა, მარადიმ (მსახიობი ზურა ხაფთანი), რომელსაც ეთერი უყვარდა და იმ არყიან ღამეს ყველასთან ერთად თვითონაც იყო...
პირველივე მონოლოგში საშინელ, სასტიკ სიტყვებს წარმოსთქვამს ქალი რაზიე, მას მეორე ქალის - ირინას მონოლოგი ენაცვლება. უფრო იუმორში, კისკისით ჰყვება თავის ქმარზე, გათხოვებაზე, უშვილობაზე და ძალიან ლამაზია, ფერადი ეს ირინა. ყველაზე ცოცხალი და იმედიანი არსება სპექტაკლში და კიდეც მისი შემოსვლით სრულდება სპექტაკლი. სინათლის ერთი სხივი ამ ბნელით მოცულ სამყაროში, რომ „თუ ქმრის ნივთად უნდა იქცე, ჯობს არ გათხოვდე“.
ფრაგმენტულ თხრობაში რამდენიმე ახალი ეპიზოდით ცოცხლდება მთავარი ამბავი და სპექტაკლი თითქოს თავიდან იწყება.
ქალების მონოლოგები კი არის იმაზე, რომ კაცებისგან არიან დაჩაგრულები, მაგრამ კაცები რომ არ სჩანან? კი არიან სცენაზე, მაგრამ თითქოს არც არიან, თითო-ოროლა რეპლიკას თუ გადაუგდებენ, თორემ ყველა რაღაც უცნაურად დავრდომილი და დაბეჩავებულია. ისეთი გვემით ლაპარაკობენ დედაზე, ისე დასტირიან დედას, რომელსაც მეგობარი ქალები თმას უხილავენ. დედის წინაშე მუხლზე ხოხავენ და ფორთხავენ და თავის ცოდვებს ინანიებენ.
სხვათა შორის, მსახიობი კაცები კარგად მეტყველებენ და კარგი ხმებიც აქვთ.
და პიესაში გამოკვეთილი კიდევ ერთი დედააზრი-იდეა: მთავარი გმირი ქალი ხეს მიათრევს... სოფელში გზა უნდა გაიყვანონ, მაგრამ ხეა შესანარჩუნებელი, რომელსაც მთელი ცხოვრება იცავს ეს ქალი. ერთი უბრალო, მაგრამ ტკბილი მსხლის ხე, რომელიც მისთვის, მისი შვილების ხატი და სიმბოლოა, სიცოცხლის ხეა! როგორ იტანჯება, ეწამება ეს ქალი და როგორ განიცდის მსახიობი... მისი ბოლო მონოლოგი ლაურენსიას მონოლოგივითაა, მამხილებელი სიტყვებით. ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრი ტექსტია სპექტაკლში, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ ეტყობა მსახიობებსაც სიამოვნებთ და უხარიათ ამხელა მონოლოგების წარმოთქმა, რადგან სცენაზე თავისი სათქმელის ბოლომდე თქმას მოკლებულნი არიან.
და სპექტაკლის ბოლოს, ფეხმძიმე ირინას მონოლოგში, ისმის ფრაზები: „ - აი, იქ, მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან... აი, იქ, ა მოაჯირი სადაც არ არი, მაგის გასწვრივ, ცოცხალი ყვავილები ედგა, ეზოში, ქოთნებში... ახლა აღარ არი, ეზოშიც დაუკრიფეს. ადრეც უკრეფდნენ ჩუმად, მაგისი ბაღი ლამაზი იყო, უცხო ჯიშებით...“
სადღაა ხე?..
რაც შეეხება ჩადრის ტარებას, ჩემმა მეზობელმა მუსლიმმა ახალგაზრდა კაცმა მითხრა, - ჩადრი? ვისაც უნდა ატარებს, ვისაც არ უნდა - არა! ისე კი, მაღალმთიან აჭარაში, ჩვენს სოფელში, დღესაც ატარებენ ჩადრსო!