
მოძრაობის თეატრში წარმოდგენილი „ქალი ქვიშაში“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

17.10.2026
მანანა თევზაძე
მოძრაობის თეატრში წარმოდგენილი „ქალი ქვიშაში“
მოძრაობის თეატრის სრულიად ეკლექტურ გარემოში საკმაოდ ბევრმა მაყურებელმა მოიყარა თავი. სრულიად განსაკუთრებულ სანახაობას ველოდით, რადგან ჩვენ წინაშე უნდა გათამაშებულიყო „ქალი ქვიშაში“, დიდი იაპონელი მწერლის, იაპონური ეგზისტენციალიზმის ერთერთი ფუძემდებლის, კობო აბეს რომანის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი.
70-80-იან წლებში, როდესაც ეს რომანი ძალიან კარგ ჟურნალში „Иностранная литература“ პირველად გამოქვეყნდა, საზოგადოებაში, დიდი აჟიოტაჟი და მღელვარება გამოიწვია. ამ ხასიათის ნაწარმოებს თითქმის პირველად შევხვდით, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობდით ამ მიმდინარეობის ევროპულ ლიტერატურას, მაგრამ იაპონია ხომ ყოველგვარ მოულოდნელობათა საზღვარს იქითა გამოცდილებას გვთავაზობს.
„ქალი ქვიშაში“ საფუძვლად დაედო ფილმს და არაერთ სპექტაკლს მსოფლიოს თეატრალურ სცენებზე. მახსოვს, „მეტეხის თეატრსაც“ ჰქონდა განზრახული ამ ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლის დადგმა და გოგი ალექსი-მესხიშვილს მაკეტიც კი ჰქონდა გაკეთებული. გოგი თურქიაშვილს და ირინა ჭიჭინაძეს უნდა ეთამაშათ, მაგრამ მაშინ სპექტაკლი ვერ განხორციელდა.
და აი, თბილისის მოძრაობის თეატრი, კახა ბაკურაძის ხელმძღვანელობით, ამ ძალიან რთულ და უცნაურ ნაწარმოებს მიუახლოვდა.
სპექტაკლის რეჟისორი და ანიმაციების ავტორია - ანა გოგიშვილი, ქორეოგრაფი - კახა ბაკურაძე, ტექნიკური და ციფრული უზრუნველყოფა ეკუთვნის იოსებ ბაკურაძეს, ხოლო გრაფიკული დიზაინი - რევაზ ხულუზაურს.
მონაწილეობენ მსახიობები: ანასტასია კვიტაიშვილი-გაწერელია და გიორგი ცერცვაძე.
თავისთავად, ამ თეატრის არასტანდარტული სცენური გარემო, რომელიც არენას მოგვაგონებს, გვთავაზობს წარმოდგენისადმი არაორდინალურ დამოკიდებულებას - მოლოდინს განსხვავებულის, არარეალისტურის, ილუზიურის...
სპექტაკლი სწორედ ამგვარ ტალღაზეა აწყობილი: სცენის იატაკზე პლასტიკატის ნაცრისფერი კვადრატებია დაფენილი, რომელთა ზედაპირი განათებით პერიოდულად იცვლება წითელი, ყვითელი ანიმაციური ორნამენტით.
სცენის ოთხივე მხარეს შუშის ოთხი ეკრანი დგას, რომლებიც თავისთავად, ამ ფერებს აირეკლავენ; პერიოდულად ეკრანზე მცენარეების, ხეების რაღაც მონახაზებიც ჩნდება და ძლიერდება არარეალური გარემოს განწყობილება, რომ ყველაფერი მისტიკა და ილუზიაა.
მსახიობთა ტექსტებს ფონად გასდევს დასარტყამ საკრავთა მუდმივი რიტმი.
კაცს თეთრი ტანსაცმელი აცვია. თეთრი ფერი კი, იაპონურ ფერთამეტყველებაში, წმინდა და მწუხარე ფერია და ალბათ ამიტომაცაა მისი ფართხუნა ლაბადა ასე თეთრი. შარვალი და პერანგი, მის მხარზე გადაკიდებული ჩანთაც ზუსტად ასეთი ფერის და ფაქტურისაა. ფეხსაცმელიც კი ისეთი თეთრია, თითქოს სტერილური გარემოდან მოხვდა ამ გაუგებრობაში, თუმცა ჯერ ვერაფერსა გრძნობს მოსალოდნელი საშინელებისას. ბიოლოგი კაცი ქვიშის უდაბნოში უცნობი მწერების აღმოსაჩენად და შესასწავლად დაეხეტება და სრულიად შემთხვევით, აღმოაჩენს ქალს, რომელიც ქვიშის ორმოში, როგორც სახლში, ისე ცხოვრობს...
კაცის როლს, უნდა გითხრათ, რომ კარგად ასრულებს მსახიობი გიორგი ცერცვაძე. მისმა სახემ რატომღაც მიშა გომიაშვილი მომაგონა.
ქალი - შავი, გრძელი კაბითაა მოსილი, ფეხშველაა. გრძელი, ჟღალი თმა თხელ, მაღალ სხეულზე ჩამოშლია. მისი პირველივე გამოჩენა გაოცებთ - სცენის იატაკზე თითქოს გველივით შემოცურდა.
ქალის როლს სრულიად ახალგაზრდა მსახიობი, თეატრალური ინსტიტუტის პირველკურსელი ანასტასია კვიტაიშვილი ასრულებს.
სპექტაკლის სიმბოლური სახე - შავისა და თეთრის დაპირისპირება, როგორც ორი საწყისის კავშირი.
რომანის მიხედვით კაცი ბოლო წუთამდე იბრძვის არაადამიანურ გარემოში ადამიანობის შესანარჩუნებლად. ქვიშის სოფლის ფანტასტიკურ, აუტანელ პირობებში არსებობისას იძულებულია უცნობ ქალთან ერთად დილიდან ღამემდე ქვიშა ხვეტოს, რათა სოფელმა წყალი და საჭმელი გაიმეტოს მათთვის.
ეს არის ადამიანისა და საზოგადოების რთული ურთიერთობის, მათი მარადიული კონფლიქტის არსი - თვითმყოფადობის შენარჩუნების სურვილი და რეალობასთან შეგუების უნარი. ქვიშა ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ყველაფერი დანარჩენი სამყაროში, ის გამუდმებით მოძრაობს და შთანთქავს ყველაფერს, რასაც გზაზე წააწყდება: სოფლებს, ქალაქებს, მთელ იმპერიებს...
ქალი ცდილობს ქვიშის გახვეტას, რომ სახლი და თავი გადაირჩინოს.
ქალი აფექტური მოძრაობებით აკეთებს სადილს... ფაქტობრივად, ეტიუდებია მისი მოძრაობა.
ქალი მშვიდია, აუღელვებელი... ქვიშის თვისებებზე ისე ლაპარაკობს, თითქოს რადიოკომენტარს აკეთებს, - აბა, რას ვიზამთ? ხომ არ გავიქცევით, ასე ვინარჩუნებთ სოფელს. თუ თავს დავანებებთ, ათ დღეში სოფელი დაიფარება ქვიშით, ასეთი ქვიშის მტვერი მარხავს ძაღლებს და იმპერიებს... ესაა ტრადიცია! - უხსნის ქალი და კაცს უკვირს.
ორივეს სახე გაფითრებია.
კაცი ღელავს და ყვირის კიდეც.
მათი მოძრაობა პლასტიკური და მოქნილია, რაღაც უცნაურ ეტიუდებს აკეთებენ - ქვიშას ხვეტენ.
ტექსტების გამეორება აზრის გამოსაკვეთად გამოიყენება, რომ დაიხატოს სურათი საშინელი მდგომარეობისა. ეკრანზე გამუდმებით მოძრაობს გეომეტრიულ-წრიული ფიგურები.
ორივენი, ჯოხებით ხელში, სწრაფად მიდი-მოდიან და ორივე კუთხით ამ ჯოხებს აბრახუნებენ, თითქოს აღნიშნავენ... და კალათებს ავსებენ, რადგან ქვიშა ყოველი მხრიდან ცვივა.
ხმა სუსტად ისმის... მსახიობების ხმა ექოსავითაა გაგრძელებული. მუსიკაც აშკარად ხმამაღალია, ეს მუსიკაც არ არის, არამედ დაფდაფების რიტმული ხმა.
ბნელა... ოდნავ მეტი განათება საქმეს და აქაურობას უშველიდა. მსახიობების სახეს ოდნავ მეტად გამოჩენა სჭირდება, მაგრამ ეტყობა, ეს რეჟისორული გადაწყვეტაა...
ეკრანზე ქალის ამოძრავებული სხეული ჩნდება, მხოლოდ მისი გამოსახულება, როგორც მოძრავი ანარეკლი...
კიბის თემის გაჩენასთან ერთად იწყება ქალის მიერ კაცის ცდუნების პროცესი.
ეს არის მოძრაობათა ჯაჭვი, ფიზიკური სხეულის გადაადგილება სივრცეში.
თოკის დატრიალების ეტიუდში რეჟისორმა სიუჟეტი ამჯერადაც ფიზიკური სავარჯიშო ელემენტების ჯაჭვზე ააგო.
ან კი, სხვანაირად რა უნდა გაეკეთებინა, რომ გადმოეცა გმირის ორმოში არსებობის საშინელება.
ამას მუსიკის იდუმალი რიტმიც ჰქმნის და მუქი, ბნელი განათება, განათების ხვეულები პლასტიკატის იატაკზე, ფერების მონაცვლეობა...
განათება, როგორც მთავარი მოქმედი გმირი სპექტაკლისა და მისგან წარმოქმნილი ეფექტების სიუხვე.
და მსახიობების პლასტიკა.
ტექსტუალური აქცენტი მამაკაცზე კეთდება, მის სამსახიობო მონაცემებზე, გამოცდილებაზე.
ტექსტის სიმძიმეს, რა თქმა უნდა, ქალიც ინაწილებს. ვფიქრობ, რეჟისორს მეტი მუშაობა სჭირდებოდა მასთან, მაგრამ ამ სიბნელეში მაინც იკვეთება მსახიობ ანასატასია კვიტაშვილ-გაწერელიას სილამაზე.
მისი სხეულის პლასტიკური მიხრა-მოხრა, ერთდროული სინაზე და სიხისტე ქალის სულწართმეულ არსებას გვიხატავს. ამგვარი ოსტატობა ძნელი მისაღწევია გამოცდილი არტისტისთვისაც კი, ალბათ უფრო ბუნებრივი ნიჭი და ფიზიკური მონაცემებია ხელშემწყობი ამ ახალგაზრდა მსახიობისათვის. თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლისას, მას, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი პრობლემაც შეჰქმნია, რაც ვფიქრობ დროებითია.
სადადგმო ხერხებით, სპექტაკლი ცდაა ტრადიციული თეატრალური ძიებებისა და მოდერნისტული ტენდენციების ორგანული ერთიანობისა. რეჟისორის თქმით, მას სპექტაკლის დადგმის სურვილი შემგუებლობის პრობლემამ აღუძრა, როდესაც სიზიფეს ლოდი არსებობის ერთადერთი აზრია.
მეხსიერებაში მრჩება მარტოობისა და უიმედობის საშინელი განცდა, რომელსაც აუხსნელი პრობლემების სიჯიუტით გვთავაზობს რეალობა.