top of page

ქალაქი, რომელიც ამბავს ჰყვება - სიღნაღის თეატრალური ფესტივალი და თეატრი ცვლილებებისთვის

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

716762745_963177620093839_7073689529748712903_n.jpg

25.06.2026

ლელა არაბიძე

ქალაქი, რომელიც ამბავს ჰყვება - სიღნაღის თეატრალური ფესტივალი და თეატრი ცვლილებებისთვის

„თეატრს შეუძლია სამყარო შეცვალოს, თეატრს შეუძლია ადამიანების სიცოცხლე შეცვალოს, ყოველ შემთხვევაში, მან ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა“ - გვითხრა სიღნაღის ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ახალგაზრდა რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა. ცვლილებებისთვის და ახალი იდეებისთვის, შეგრძნებებისა და მოგონებებისთვის, ისტორიისთვის, რომელიც ახალ ქართულ თეატრში იწერება, 2023 წელს სიღნაღის სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების ფესტივალი დაარსდა. ფესტივალი დაარსების დღიდან საერთაშორისოა და მასპინძლობს დასებს, როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან.

რატომ სიღნაღი?

პატარა ტურისტული ქალაქი, რომელსაც განსაკუთრებული გეოგრაფიული მდგომარეობა და ისტორია აქვს. ქალაქში, სადაც გალავანი ჰყვება უძველეს ამბებს და ქვაფენილიან გზებს ბანებიანი სახლებისკენ მიჰყავხარ, სადაც ყველაფერი მელოდიაა და უკვე პერფორმანსი... ეს ქალაქი ყველაზე ზუსტად შეეფერება კონცეფციას - ბევრი მზე და ბევრი ადამიანი, ხმაურიანი ერთი კვირა, იდეებისა და გამოცდილების გაზიარება, კიდევ უფრო ბევრი სპექტაკლი და მასტერკლასები, რომლებიც გათვლილია მონაწილეებისა და ფესტივალის სტუმრებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, მასტერკლასებს სიამოვნებით ესწრებოდნენ დაინტერესებული პირები, სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები და ა. შ

მაგრამ თუ რატომ თეატრალური ფესტივალი სიღნაღში - მთავარი პასუხი ალბათ მაინც ქართული თეატრის ქარტეხილებისა და რეფორმის ავტორის სახელში უნდა ვეძებოთ - განა შეიძლება არ არსებობდეს ფესტივალი იმ მხარეში, რომელიც სანდრო ახმეტელის სახელს უკავშირდება? განა შეიძლება სამოყვარულო დასები სპექტაკლებს არ თამაშობდნენ იქ, სადაც ყველა სიტყვა, ისტორია და ამბავი ახმეტელს უკავშირდება? სიღნაღელები ამაყობენ რამდენიმე ღირსეული ადამიანის ქიზიყური წარმომავლობით და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სანდრო ახმეტელია. ის სწორედ სიღნაღში, სოფელ ანაგაში კრებდა თანატოლებს და იქვე, სოფელ მაჩხაანის ისტორიულ თეატრში დგამდა თავის პირველ წარმოდგენებს. იქ დაიწყო ენერგია, რომელმაც მერე მთელი ქართული თეატრი ახალ სინამდვილეში შვა, ამიტომ თუ რომელიმე ქალაქს საქართველოში თეატრალური ექსპერიმენტები, ფესტივალები და წარმოდგენები მოუხდება, ეს ცალსახად სიღნაღია.

საქართველოში წლებია არსებობს იმერეთის თეატრალური ფესტივალი, რომელიც მოყვარულთა დასებს აერთიანებს და ის წელს უკვე მეჩვიდმეტედ ტარდება. იქ ძირითადად იმერეთის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრის დასები მონაწილეობენ და მათთვის იმერეთის თეატრალური ფესტივალი არის სივრცე, სადაც მთელი წლის განმავლობაში რუდუნებით შექმნილ შემოქმედებას წარმოადგენენ. სასიხარულოა, რომ თუნდაც მათთვის, სიღნაღის თეატრალური ფესტივალის სახით, ახალი სივრცე გაჩნდა და რაც მეტი სივრცე იქნება სამოყვარულო დასებისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთკავშირისთვის, მით მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია ეს თანამედროვე ქართული თეატრისთვის. მაგალითად, სიღნაღში, წლევანდელ ფესტივალზე ვნახეთ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრის წარმოდგენა „ლუიჯის გული“. ეს თეატრი, ყოველ წელს მონაწილეობს იმერეთის ფესტივალში, წელს კი სიღნაღის ფესტივალზე წარდგა, რაც მათი რეპერტუარის სიცოცხლისუნარიანობისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, სიღნაღის ფესტივალი მხოლოდ კონკრეტული რეგიონის დასებს არ მასპინძლობს, არამედ მოიცავს მთელს საქართველოს და უკვე ტრადიციულად, ყოველი წლის ივნისის დასაწყისში კახეთში (ძირითადად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრის შენობაში) (წელს სპექტაკლებს გურჯაანის კულტურის ცენტრმა და ყვარელმაც უმასპინძლა) იღებს დასებსა და მაყურებელს.

წლევანდელ ფესტივალზე რვა ქართული და სამი უცხოური დასის ნამუშევარი იხილა მაყურებელმა. საბოლოოდ კი, პროფესიულმა ჟიურიმ, (რომლის შემადგენლობაში იყო სამი ქართველი თეატრმცოდნე - ლაშა ჩხარტიშვილი, ნიკოლოზ წულუკიძე და გოგი ყაჯრიშვილი; ერთი ესტონელი რეჟისორი და მსახიობი - ტიტ პალუ, ფან ძინგი - ჩინეთიდან „ვენსი კულტურის“ თავმჯდომარე )- გადაწყვეტილება მიიღო და სამი საპრიზო ადგილი ისე განაწილდა, რომ გაიმარჯვა ორმა უცხოურმა და ერთმა ქართულმა დასმა. გამარჯვებულ თეატრალურ დასებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ - 20 00, 15 00 და 10 00 ლარის ოდენობით, (პირველი ადგილი - კლაიპედას ციხესიმაგრის თეატრი (ლიეტუვა) სპექტაკლი „დავიდი და ედვარდი“ , მეორე ადგილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდი ნახე”, სპექტაკლი „ჰელადოსი“, მესამე კი თეატრი „სულისლაპურა“ - ესპანეთიდან, სპექტაკლი „ასტერიონის პერანგი“). მოგებულ საპრიზო ფონდს თეატრები სადადგმო ხარჯის ან თეატრისათვის სხვა საჭიროებისთვის გამოიყენებენ. რასაკვირველია, იმიჯის გარდა, ფულადი საპრიზო ფონდი ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც სამოყვარულო დასებს მოტივაციას აძლევს და ფესტივალში მონაწილეობისკენ უბიძგებს.

რადგან წლევანდელ ფესტივალზე უშუალოდ მე მხოლოდ სამი წარმოდგენა ვნახე, მოკლედ შევეცდები მიმოვიხილო თითოეული მათგანი და ის ძირითადი ტენდენციები, რაც გამოიკვეთა. პირველი, ეს არის, რასაკვირველია, დრამატურგიის პრობლემა - მოყვარულთა თეატრები ხშირად ცდილობენ (და ეს ბუნებრივია) წარმოდგენის შექმნისას ნაკლები ადამიანური რესურსის გამოყენებას. ერთ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ინსცენირება, აიღოს საკუთარ თავზე სპექტაკლის სცენოგრაფია, მუსიკალური გაფორმება და არტისტობა, რაც, რასაკვირველია, ძალების არასწორ გადანაწილებას გამოიწვევს და შედეგზე აუცილებლად აისახება. პროფესიულ თეატრშიც ინსცენირების კეთება, ტექსტებზე მუშაობა ურთულესი საქმეა და, ვფიქრობ, დასაფასებელია სამოყვარულო თეატრებისგან ამ მძიმე მისიის საკუთარ თავზე აღება, თუმცა მგონია, ამ შემთხვევაში, უკეთესი იქნება მზა ტექსტებსა და პიესებზე მუშაობა, ცნობილი და უკვე ადაპტირებული ლიტერატურული პირველწყაროს მორგება, ამის ნათელი მაგალითია ნოდარ დუმბაძის შემოქმედება (თუნდაც თეატრ „მოდი ნახეს“ მაგალითზე). ნაწარმოები, რომელიც ყველასთვის სასიამოვნო და საყვარელია, ბუნებრივია განსაკუთრებულ ემოციებსა და განცდებს იწვევს, ხოლო ამ ნაწარმოების არჩევით, დამდგმელი გუნდი უკვე წინასწარ იღებს ერთგვარ დადებით დამოკიდებულებას მაყურებლისგან, რაც შემდეგ თამაშის ხერხსა და ხარისხზეც აისახება.

ფესტივალი 1 ივნისს თეატრ „არტ დრონის“ სპექტაკლით „ცოცხალთა ხმა“ გაიხსნა. ავტორი, რეჟისორი, ერთ-ერთი მხატვარი და მთავარი როლის შემსრულებელი ლუკა მონავარდისაშვილი გახლავთ. სპექტაკლი იმ მარადიულ საფიქრალზე მოგვითხრობს, როგორიცაა ადამიანური ღირებულებები და სიცოცხლე გარდაცვალების შემდგომ. „მკვდართა საუფლოში“ ცოცხალი ადამიანების ხმა ისმის, ხშირად ეს ხმა უხილავია და დამდგმელი გუნდი ხაზს უსვამს სწორედ იმ მძიმე სინამდვილეს, როდესაც ერთმანეთის არ გვესმის, არ გვჯერა და როცა უკვე ვიჯერებთ, დაგვიანებულია. „არტ დრონი“ ეხმიანება რთულ პრობლემას, საფიქრალს აღძრავს და ეს ცალსახად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, და მაინც, წარმოდგენის პრობლემა იყო გაუმართავი დრამატურგია, რაც დინამიკას საგრძნობლად აგდებდა, თუმცა ის, რომ წლიდან წლამდე თეატრ „არტ დრონის“ რეპერტუარი იხვეწება და ახალი სპექტაკლებით მდიდრდება, ალბათ დიდწილად სწორედ სამოყვარულო ფესტივალების არსებობის დამსახურებაა.

სიღნაღის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვან ჟანრობრივ ასპექტში იყო წარმოდგენილი: კომედია, ტრაგედია, მონოსპექტაკლი - ფესტივალის მეორე დღეს უკრაინული მომთაბარე თეატრის „KHATA“-ს სპექტაკლი „Bullshit“ ვნახეთ. ეს იყო ერთი მსახიობის მიერ მძაფრად მოყოლილი სინამდვილე - ერთგვარი სატირა, აქცია-პერფორმანსი, სადაც მსახიობი იმ ეფექტებზე აკეთებს აქცენტს, რასაც პროპაგანდა ქმნის მასებში. ამ შოუს არსი იმაში მდგომარეობს, რომ მაყურებელი ინტერაქციის საშუალებით მაქსიმალურად ერთვება პროცესში. ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი იმ დღეს სიღნაღის თეატრში მაყურებელსა და მსახიობს შორის შედგა, თუმცა მსგავსი ტიპის თემებზე საუბარი და წარმოდგენა ფესტივალის ფარგლებში, ძალზე მნიშვნელოვანია, თან მაშინ, როდესაც სცენიდან პროპაგანდასა და სიცრუის ტირაჟირებაზე ომში მებრძოლის ქვეყნის დასი გვიყვება.

ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ასევე ვნახე სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის თეატრის სპექტაკლი „ლუიჯის გული“ ეს არის საინტერესოდ გათამაშებული ტრაგიკომედია სიცილიელი განგსტერის შესახებ, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამბავი ლუიჯის შესახებ, რომელმაც თავისი გული შესაძლოა უანდერძოს: მატყუარა ცოლს, მაიორს, დონა დოლორესს - ჩამოთვლილთაგან ყველას სინამდვილეში საკუთარი გასაჭირი აქვს და ლუიჯის გამოყენება სურს. შავი კომედიის პრინციპებზე აგებული დრამა (რეჟისორი ლორიტა ჯორჯიკია) საბოლოოდ ფარსად გადაიქცევა, სპექტაკლის ფინალში კი მაყურებელს თვალზე ცრემლიც მოადგება. წარმოდგენის ტემპო-რიტმი არაერთგვაროვანია და, თამაშის ხერხებიდან გამომდინარე, ცვალებადი, რასაც დადგმის სტრუქტურა განსაზღვრავს.

სიღნაღის ფესტივალზე ტრადიციულად წელს რამდენიმე მასტერკლასი შედგა - ნიკოლოზ წულუკიძემ ქართული თეატრის ამბავი მოუყვა დაინტერესებულ საზოგადოებასა და ფესტივალის სტუმარ-მონაწილეებს; ქორეოგრაფმა ლაშა რობაქიძემ პრაქტიკული მასტერკლასი „შეგრძნებადობის ქორეოგრაფია“ წარადგინა, ასევე პრაქტიკული მასტერკლასი „სიტყვით მოქმედების ხელოვნება“ შესთავაზა მაყურებელს მანანა ბერიკაშვილმა, დავესწარით მასტერკლასებს: „თოჯინა და თეჯირი - ფორმიდან წარმოდგენამდე“ - ნიკოლოზ საბაშვილი; „სამსახიობო ოსტატობა“ - გიორგი მარგველაშვილი. რასაკვირველია, მრავალფეროვანი მასტერკლასების პროგრამა ფესტივალის სიცოცხლისუნარიანობას ერთიორად ახანგრძლივებს, გარდა ამისა, სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობები აყალიბებს ურთიერთობებს დასებს შორის, იგეგმება პროექტები და კოპროდუქციები. საერთოდაც, სიღნაღის ფესტივალის და საორგანიზაციო გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ლოჯისტიკურად ეს ერთი-ერთი ყველაზე გამართული თეატრალური ფესტივალია საქართველოში.

პირველიდან შვიდი ივნისის ჩათვლით ამ პატარა, გამორჩეული ქალაქი ცხოვრება გახდა უფრო ქაოსური, ხმაურიანი და მშფოთვარე, მაყურებელი ხან იცინოდა, ხანაც ტიროდა, ხან ფიქრობდა, სამოყვარულო დასები კი ეძებენ გზებს, მომავალ სპექტაკლამდე, მომავალ ფესტივალამდე, მომავალ აღმოჩენებამდე, მომავალ ცვლილებებამდე, აკი თეატრს შეუძლია სამყარო შეცვალოს, ადამიანების ცხოვრება შეცვალოს და ის გახადოს უფრო უკეთესი, უფრო კეთილშობილი, უფრო ბედნიერი, უფრო ამაღელვებელი - ფესტივალი ხომ სწორედ ამისთვისაა.

bottom of page