top of page

ევროპა თეატრს 2006

Josef Nadj.jpg

ევროპა - თეატრს, 2006

 

ევროპული თეატრის ელიტა პოსტოლიმპიურ ტურინში

 

2006 წლის მარტში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან პრაქტიკუsლად მეორე დღესვე, ტურინში ჩატარდა ევროპული თეატრის უმთავრესი ევროპის თეატრალური პრემიის „Premio Europa per il  Teatro”- ს გადაცემის მეათე ცერემონიალი. ღონისძიება ერთკვირიანი იყო და მასში ევროპაში არსებული თითქმის ყველა თეატრალური ორგანიზაცია თუ გაერთიანება, ცნობილი რეჟისორები თუ მსახიობები, “ევროპის პრიზის” დიდი ჟიური და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კრიტიკოსები იღებდნენ მონაწილეობას.

 

წელს მთავარი ჯილდო   ნობელის პრემიის ლაურეატს, მწერალსა და დრამატურგეს ჰაროლდ პინტერს გადაეცა. მეორე ჯილდო “თეატრის ახალი რეალიები” ლიტველმა ოსკარას კორშუნოვასმა და სერბიაში დაბადებულმა, მაგრამ საფრანგეთში მოღვაწე უნგრელმა იოზეფ ნაჯმა გაინაწილეს.

 

ტურინის შეხვედრების პროგრამა ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. ჰაროლდდ პინტერთან ორი შეხვედრა-ინტერვიუ მოაწყო ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა მაიკლ ბილინგტონმა, ნაჩვენები იყო ფრანგი რეჟისორის როჟე პლანშონის მიერ ტურინის ფორუმისათვის საგანგებოდ დადგმული სპექტაკლი “მსოფლიოს ახალი წესრიგი”, რომელიც პინტერის სამი პიესის მიხედვით შეიქმნა. დუბლინის ატე თეატრმა მოაწყო საღამო “პინტერი: პიესები, პოეზია და პროზა”. ტექსტებს თეატრის მსახიობები და, მათ შორის, ჯერემი აირონსი, კითხულობდნენ. “პინტერის კითხვანი” ბოლო დღეს, ჯილდოების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის წინ შედგა და ყველამ ერთსულოვნად აღნიშნა, რომ ჯერემი აირონსის მიერ წაკითხული, უფრო ზუსტად კი წარმოდგენელი პინტერის ორი ტექსტი  ფორუმის მონაწილეებს, პროფესიონალებს, თუ მაყურებელს ერთ-ერთ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებად და აღმოჩენად გვექცა.

 

ტურინის პროგრამაში ოსკარას კორშუნოვასის, იოზეფ ნაჯის და ცნობილი იტალიელი რეჟისორის ლუკა რონკონის სპექტაკლები იყო წარმოდგენილი. ოსკარას კორშუნოვასმა ტურინში თავმოყრილ თეატრალურ ელიტას ორი სპექტაკლი აჩვენა: ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტას” ძველი დადგმა და ახალი ძმები პრესნიაკოვების “ვთამაშობთ მსხვერპლს”. უნდა ითქვას, რომ ძველი დადგმა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ახალი, სადაც სპექტაკლ-პლაკატის სტილისტიკა აშკარად დასავლურ მაყურებელზე იყო გათვლილი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვულგარული კლოუნადითა და სასიმღერო ნომრებით გაჯერებული “საბჭოური” კიტჩი დასავლური მაყურებლისთვის, ამჯერად, სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.

 

კორშუნოვასის “ხმაურიანი თეატრის” საპირისპიროდ, იოზეფ ნაჯის თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი სავსე  იყო ჭეშმარიტ ფასეულობათა დაკარგვით გამოწვეული ტკივილით, იდუმალებითა და პოეზიით, რომელსაც არაჩვეულებრივად გადმოსცემდა მსახიობთა ნატიფი პლასტიკა და ნაჯის უაღრესად დახვეწილი, თანამედროვე და ორიგინალური ქორეოგრაფია.

 

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფორუმის სექციამ “Ritorni” – დაბრუნება, სადაც ლუკა რონკონიმ  ტურინის ზამთრის ოლიმპიადისთვის სპეციალურად შექმნილი პროექტი - “Domani” (ხვალ) წარმოადგინა. რონკონის პროექტში სამი სპექტაკლი იყო გაერთიანებული: შექსპირის “ტროილუსი და კრესიდა”, ვიტორიო ფოას, მირიამ მაფაისა და ალფრედ რეიჰლინის “კომუნისტების სიჩუმე” და ჯილბერტო მაფაის, პინო დონგისა და არმანდო მასარენტის “ბიბლიოეთიკა. გამოყენებითი ლექსიკონი”. ინტერესი რონკონის სპექტაკლების მიმართ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო მით უფრო, რომ მის წარმოდგენებზე იტალიელები გაცილებით უფრო იოლად ხვდებოდნენ, ვიდრე უცხოელები. თუმცა, იტალიელი კოლეგების სამხრეთულმა სტუმართმოყვარეობამ ნამდვილად მიხსნა და რონკონის  სამი პექტაკლიდან, ორის ნახვა მაინც მოვახერხე, თანაც, განსაკუთრებულად კომფორტულ პირობებში.  სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ორივე სპექტაკლმა გამაწბილა. შესაძლოა იმიტომ, რომ რონკონის გატაცება მისთვის უჩვეულო კამერული მეტა-თეატრის ჟანრით არაბუნებრივი და თოთქოს ნაძალადევიც მომეჩვენა. რეჟისორმა თავის პროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა წამოჭრა: ომი (“ტროილუსი და კრესიდა”), პოლიტიკა (“კომუნისტების სიჩუმე”), მეცნიერება და ფინანსები (“ბიბლიოეთიკა. გამოყენებითი ლექსიკონი”). თეატრი, რომელიც ასეთ ფუნდამენტურ პრობლემებს ეხება, რონკონის აზრით “არა მარტო განსჯისაკენ მოუწოდებს, არამედ ახლის შექმნისკენაც უბიძგებს და სოციალური თუ სამოქალაქო განვითარების მამოძრავებელ ძალადაც შეიძლება მოგვევლინოს”. თეატრი ნამდვილად უნდა უბიძგებდეს საზოგადოებას განსჯისა და განვითარებისაკენ. მე კი ვიჯექი დარბაზში, ვუყურებდი და ვისმენდი დიდი ლუკა რონკონის სახიერებას მოკლებულ, ინტრავერტულ ფილოსოფიურ მედიტაციებს და ჩემდა უნებურად მისი, უკვე ნანახი,  სპექტაკლები მახსენდებოდა.  

მაგალითად,  ჰენრიკ იბსენის მიხედვით დადგმული „ვერსია. პერ გინტი“, რომელიც 1996 წელს პიტერ ბრუკის „Les Bouffes du Nord-ის თეატრში თარგმანის გარეშე ვნახეთ. ეს იყო სამსაათიანი სიამოვნება, სადაც ყველაფერი იმდენად ნათელი, გასაგები და  იყო, რომ რონკონის მიერ ზღაპრად ქცეული ტექსტის გასაგებად, ჩემი მწირი იტალიურიც კი საკმარისი აღმოჩნდა. სპექტაკლის ესთეტიკა სპექტაკლის  ფინალურ სცენას  ჰგავდა, სადაც მოხეტიალე პერ გინტი მოხეტიალე ფოტოგრაფს გადაეყრება, რომელიც ადამიანების მარტო სახეს კი არა, სულსაც იღებდა. ასეთი განწყობა უჩნდებოდა, ალბათ, მაყურებელსაც, რომელიც სუნთქვაშეკრული შეჰყურებდა მუქი გამჭვირვალე ფარდით გაყოფილ, ასევე მუქი ოთახ-სამყაროს; მისდევდა ელეგანტურად და ფაქიზად შეთავაზებულ სევდიან და არათვალშისაცემი პოეზიით სავსე ზღაპარს, რომელსაც ამძაფრებდა ზომიერად გამოყენებულ გრიგის ტრადიციული  მუსიკა;  თვალს ვერ აცილებდა, ძირითადად,  რონკონის სკოლაში გაზრდილი არტისტების სახიობას და, რა თქმა უნდა, ანცვიფრებდა გამომსახველობითი ხერხების  სიმარტივე და მრავალფეროვნება.

 

რაღა დაგიმალოთ და იმ საღამოს, ლუკა რონკონის, კიდევ ერთი და უფრო ადრე ნანახი სპექტაკლიც გამახსენდა; თანამედროვე ევროპაში, ღია ცის ქვეშ პირველად დადგმული -  ლოდოვიკო არიოსტოს „ორლანდო ფურიოზო“ (1969 წ.ა), რომელიც მე, თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ სტამბოლის ფესტივალზე ვნახე. შებინდებიდან შუაღამემდე გაოგნებული დავდიოდი ტაქსიმის მოედანზე, ვმოძრაობდი თავისუფლად,  ერთი კუთხიდან მეორეში გადავდიოდი, ხან ტექსტისა და სივრცის პრინციპით განფენილ საოცარ სანახაობას მივყვებოდი, ხან  უკვე ნანახ სცენას ვუბრუნდებოდი, მივდევდი ამბავს, ვისვენებდი, ხელახლა ვაფასებდი მსახიობებს...მოგვიანებით გავიაზრე, რომ ჩემს „ბორიალს“ ჩემი უფროსი კოლეგა და მეგობარი, ისტორიკოსი, ცნობილი ჟურნალისტი და მსოფლიო თეატრის მესაიდუმლე ანდრე კამპი შეუმჩნევლად, მაგრამ მიზანმიმართულად წარმართავდა. მეორე დღეს, ვუთხარი, რომ ჩვენს იქეთ-აქეთ სირბილმა მიმახვედრა, რომ    რონკონი ცალსახად  მოიხიბლა არათანმიმდევრული, ხშირად კი კორექტირებული ამბების  თეატრის ენით და თეატრის სპეციფიური კონტექსტით და ეფექტებით გაესახიერებია ისე, რომ ყველას, ყველაფერი თუ არა, რამე მაინც მოწონებოდა. გაეცინა და მითხრა მართალი ხარ, სპექტაკლის პრემიერა მაქვს ნანახი სპოლეტოს ფესტივალზე და იქ ჩემი ჩიჩერონე ლუკა რონკონი იყო. ჩათვალე, რომ გუშინაც ლუკამ გატარაო.

 

და ბოლოს, ნამდვილად გამიმართლა, რომ ევროპის ჯილდოზე, ამჯერად, მხოლოდ ინფორმაციული  და ისიც მცირე ფორმატის მიმოხილვის დაწერა შემომთავაზეს. ამიტომაც, თავს უფლება მივეცი და მიმდინარე სპექტაკლების ნაცვლად მაესტრო ლუკა რონკონის ნოსტალგიური პანეგირიკი შემოგთავაზეთ. იმედია, მომიტევებთ!

 

 

ირინა ღოღობერიძე,

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

დაიბეჭდა ჟურნალში ADE-Teatro,  España

bottom of page