top of page

პრემიერა თოჯინების სახლში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

F104A48C-23CF-41CD-AF27-8C840C710AAC.png

მანანა თევზაძე

პრემიერა თოჯინების სახლში

2022 წელს, როდესაც საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით,  დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „ძველი კინოსტუდიის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები წამოიწყეს, ყოფილი ფირსაცავის განახლებულ შენობაში, კერძო თეატრი „თოჯინების სახლი“ დაფუძნდა. მისი შექმნის იდეა და ინიციატივა რეჟისორ ნიკა საბაშვილს ეკუთვნოდა, რომლის სურვილს, ჩამოყალიბებულიყო ჟანრობრივად ახალი - „თოჯინების თეატრი დიდებისათვის“, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია მიღებული და პოპულარული, სადაც სპექტაკლები მოზარდი და უფროსი თაობის მაყურებლისათვის იდგმება, ფრთები შეესხა.

2022 წლის 12 მაისს, სპექტაკლით „რეჟისორის ცოლი“, თეატრი საზეიმოდ  გაიხსნა. მსახიობებმა სანდრო ახმეტელის მეუღლის - თამარ წულუკიძის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია წარმოადგინეს.

სპექტაკლის ნახვა მაშინ ვერ შევძელი, სამაგიეროდ, სულ ახლახანს, 23 ივნისს, თეატრს პრემიერაზე ვეწვიე, რომელიც  არც მეტი, არც ნაკლები, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ იყო, თოჯინების თეატრის რეპერტუარის, ჩემთვის, სრულიად მოულოდნელი არჩევანი... სპექტაკლის რეჟისორი ნიკა საბაშვილი გახლდათ.

თეატრის მომცრო შენობაში შესვლის უმალ თეატრალურ, საოცრებათა სივრცეში აღმოვჩნდი, სადაც უამრავ ვინტაჟურ ნივთს მოეყარა თავი: ტელეფონებს, რადიოლებს, ძველისძველ ტელევიზორს, ტანსაცმლის საკიდს, აბაჟურებს, სალაროს აპარატს, კედლის მაღალ საათს, ფირის გამშვებ კინოაპარატებს, მრგვალ, წითელი ხის მაგიდასთან შემოწყობილ გობელენგადაკრულ, ჩუქურთმიან სკამებს, ასევე ჩუქურთმიან ბუფეტებსა და სარკეებს, მომცრო ზომის ქანდაკებებს, ფიჭვის ხესაც კი, კედლებზე გამოკიდულ ნახატებსა და რაც მთავარია, ყველა კუთხე-კუნჭულში ჩამომჯდარ სასაცილო თოჯინებს. ხის კიბეს ავყავართ ანტრესოლზე, სადაც მყუდროდ განთავსებულან ასეთივე ჩუქურთმიანი სკამები.

ანტრესოლის საპირისპიროდ ხის ვიწრო აივნიდან, ძალიან ნაცნობი სახის თოჯინები გადმომაცქერდნენ... ვინ არიან-მეთქი? და უცებ გონება გამინათდა, რა თქმა უნდა, ძალიან ნაცნობი სახეები: ლაშა ჩხარტიშვილი, ნიკა წულუკიძე, გოგი ყაჯრიშვილი, მაკა ვასაძე, გუბაზ მეგრელიძე, ლელა ოჩიაური, გია ცქიტიშვილი, ნუცა კობაიძე... რეჟისორის ფანტაზიამ იმარჯვა და მეგობარი თეატრცოდნეების სახეები, სამხიარულოდ, თოჯინებს გაუზიარა...

მაგრამ ამ თეატრალური სივრცის ყველაზე საინტერესო აღმოჩენა, ჩემთვის, მისი ჭერი გამოდგა - შერეული ტექნიკით გაკეთებული, უამრავი არქიტექტურული მაკეტისაგან შეკრული ფერადი კომპოზიცია, სადაც გამოვარჩიე ეიფელის კოშკი, ფეხბურთის მოედანი, წითელი აგურის სახლებით განაშენიანებული უბნები, ქვით მოკირწყლული თუ მოასფალტებული ქუჩები, კარუსელიანი ბაღი, გედებიანი ტბა... ნიკა საბაშვილის ოცნების ქალაქის მსგავსი კომპოზიცია ძალიან მომეწონა, რადგან შემიქმნა განწყობილება, რომ ყველაფერი იქნება კარგად...

კიდევ ერთი აღმოჩენა მაყურებელთა დარბაზში მელოდა: აქაც შინდისფერი ხავერდის სკამები, ასეთივე ფერის, სცენის ნაოჭასხმული ფარდა, ოქროსფერი დეტალებით გაწყობილ შავ კედლებზე ოქროსფერი მომცრო აივნები... ხოლო უჩინარ კიბეს, შავად მოჩარჩოებული სცენის კულისებში ავყავართ. ეს თეატრია, დიახ, ნამდვილი, კლასიკური სახის თეატრი!

პატარა სცენაზე ხუთი თეთრი სკამი დგას, რომლებთანაც ზურგშექცევით შავოსანი მსახიობები დგანან და კედელზე აკაკუნებენ... თეთრ მაგიდაზე სამი მაკეტია გაშლილი - ხევისთავების მამულები... მაგიდის ზევით, ჭერში, ჭაღივით ჰკიდია ურმის ბორბალი - ბედის ბორბალი. აქვე ჩნდება პირველი ატრიბუტები: ნატვრის ხე და თეთრი კუბო, რომელშიც, თავახდილში, თეიმურაზისათვის ძვირფასი ორი მიცვალებული, მისი მშობლები, ასვენია. გულში ჩახუტებულ  განსასვენებელს, თეიმურაზი, საკუთარი ხელით მიუჩენს საბოლოო ბინას და სტუმრებს სუფრასთან მიიწვევს.

აქ, ამ პირველსავე სცენაში, ცხადი გახდა სპექტაკლის სათამაშო პრინციპი: გარკვეული გაორება თოჯინასა და ცოცხალ პერსონაჟს - მსახიობს შორის და მათი ამ ხერხით თანაარსებობა სრულიად ბუნებრივი და გასაგებია. პაპიე მაშეს ტექნიკით დამზადებულმა, ქათქათა თეთრი, დახვეწილი,  პლასტიკის, თხელი სხეულის მქონე თოჯინებმა, რომლებიც საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების საამქროს თანამშრომელ მხატვარ-მეთოჯინეთა გუნდის ერთობლივი შემოქმედებაა, მიუხედავად მათი თითქოსდა ერთსახოვნებისა, უმნიშვნელო პორტრეტული მინიშნებებით შესძლეს სპექტაკლში თავისი გმირების გაცოცხლება. უტყუარი დამსახურება, რა თქმა უნდა, მათი გამაცოცხლებლებისაა, რომლებიც გაერთიანებაში შემავალი ახალციხის, ბორჯომის, ქუთაისისა და თბილისის თოჯინების თეატრების დასის წევრები არიან. გარდა იმისა, რომ ეს მსახიობები სცენაზე ძანი არიან, მთავარ პერსონაჟებსაც თამაშობენ და თამაშობენ ძალიან კარგად. ფაქტობრივად, იქმნება ერთი სხეული და როდესაც მსახიობი განიცდის თუ ფიქრებშია ჩაძირული, თუ აღვირახსნილი მოქმედებს, თოჯინაც ისეთსავე განცდებსა და ქმედებებშია ჩართული. იკითხავთ, თოჯინას ემოციური განცდა როგორ უნდა შეატყოთო? მართლაც, მაგრამ მისი სხეულის, ხელების მოძრაობას, თავის ოდნავ შეტოკებასაც კი, ზუსტად შეუძლია გრძნობის გადმოცემა, რადგან მათი გამთამაშებლები  საოცრად დახვეწილი, ფრთხილი და  რეჟისორის მითითებების ზუსტად შემსრულებელი არტისტები არიან.

თავიდანვე, გარეგნულადაც იმდენად გვანან ერთმანეთს ვითომ გულმტკივანი, მოკუნტული ჯაყო-თოჯინა და ჯაყო-მსახიობი დავით ბერიძე, მარგო-თოჯინა, სიფრიფანა და გამჭვირვალე და მარგო-მსახიობი მარიამ ლომიძე, რომლის  მოულოდნელი კოცნა საოცრად აბნევს და ახარებს თოჯინა-თეიმურაზს - მსახიობ აბელ სოსელიას.

მარგოსა და თეიმურაზის მშვენიერი შეხვედრა და ქორწილი - დანა-ჩანგლებით ცეკვა-თამაში თეთრ მაგიდაზე. ამ სცენაში უკვე დანარჩენი ძანებიც აქტიურად ჩაერთნენ და სპექტაკლის სრულფასოვანი მონაწილენი გახდნენ. მერე ახალი ყურძენი შემოაქვს სუფრაზე ჯაყოს და დანა-ჩანგალსაც ხელს გააყოლებს. მერე ხისგან გამოთლილი ორი თეთრი, დარახტული ცხენი შემოჰყავს, თეიმურაზს აიტატებს და ფეხებაფართხალებულ ბატონს ხელში ათამაშებს, ხელზე კოცნის, თეიმურაზს კი არ მოსწონს და ეზიზღება ჯაყოსგან ნაკოცნი საკუთარი ხელის სუნიც კი...

რეჟისორი მიკროფონსაც აცოცხლებს და ღვინის ჭიქებად აქცევს... მერე მაგიდაზე იშლება ლოგინი - თეთრი ზეწარი და თეთრი ბალიში, ჯაყო კი მაგიდის ქვეშ მიძვრება  დასაძინებლად და ხმის ჩანაწერსა და ცოლ-ქმრის ცოცხალ ლაპარაკს შორის, როცა მოალერსენი ერთმანეთს აჩუმებენ, ჯაყოს ხვრინვაც ისმის შიგადაშიგ...

მერე მაგიდა ურმად გადაიქცევა, ჭერში გამოკიდებულ ბორბალს შეუყენებენ, აქეთ-იქედან ორ ჯოხს აპეურებად შეუდგამენ, დატრიალდება ბორბალი და მოხდება ის ყველაფერი, რაც მოხდება და რაც ყველამ ვიცით...

კარგადაა გათამაშებული ხარების გამოშვება, ღამის სცენა ჭალაში, ურემზე აბობღებული ჯაყო კი არა, მისი ნიღაბი, მარგოს გაუპატიურება და ღიტინით გაცინებული მარგო... სახიერია ჯაყოს მხრებსა და მკერდზე აფოფხებული მისი მოუნათლავი შვილები - პატარა გოჭები.

მარგო - ახალი ტანსაცმლით გალამაზებულ-დამშვენებული და ჯაყო - თეიმურაზის სათვალის ვერა და ვერ მომრგები, მაგიდაზე მდგარ პატარა რკინის საწოლზე გადაწოლილი, ვნებებისაგან დაცლილი თოჯინა მარგო და იქვე მიგდებული ჯაყო და თეიმურაზი - მაგიდის ქვეშ, გაბითურებული...

სრულიად საშინელი სცენა თეიმურაზის ცემის, მისი მოხრჩობის, მუხლებზე დამხობილი და ჯაყოს ხელის დამკოცნავი თეიმურაზი და მრგვალმუცელშებმული მარგო, ჯაყოსა და მარგოს ქორწილში მექორწილეთა შორის მყოფი თეიმურაზი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

პერიოდულად ჩნდებიან ძანები, ხან სარკეებიან შირმებად გადაქცეულ თეთრ კარებს მიღმა იმზირებიან, ხან მარგოსთან ერთად იცინიან, - ჩემი ეშინიათო, - რომ აცხადებს თეიმურაზი - ეშინიათოოო?.. ხან თეიმურაზს ყურში ჩასჩურჩულებენ, - ჯაყომ ყველაფერი წაგართვაო და თეიმურაზის მამულების მაკეტები შემოქვთ...  

იმდენად კარგი კუპიურებითაა ინსცენირება გაკეთებული, რომ მოქმედება ზედმეტი დიალოგით არ იტვირთება! იმდენად სევდიანი მელოდია ისმის მოქმედების ფონად! იმდენად კარგი მსახიობები აღმოჩნდნენ მარიამ ლომიძე, აბელ სოსელია და დავით ბერიძე, იმდენად გულწრფელია არტისტული ურთიერთობები თოჯინებსა და ადამიანებს შორის! ეჭვი  გიჩნდება, ეს თოჯინური სპექტაკლია თუ დრამატული? მით უმეტეს, რომ მსახიობების ცრემლიან თვალს ამჩნევ და გრძნობ მათ ადამიანურ თანაგრძნობას მომხდარი ამბისადმი, საკუთარი გმირებისადმი.

აქ ხომ არავინაა მართალი და მტყუანიც არავინაა...

თუმცა სპექტაკლში რამდენჯერმე შემოჰყავთ ბატკნის თოჯინა, როგორც მსხვერპლის სიმბოლო, მაგრამ არც არაფერი! ის დრო გავიდა და არც მოლოდინია იმის, რომ ანგელოზი ვინმეს გამოიხსნის...

ნურც იმას იტყვით დროების ბრალია ყველაფერი და დროის მსხვერპლნი არიან მარგო და თეიმურაზი და ჯაყო ავსულიაო!

ასეთი პერსონაჟები ყოველთვის ჩნდებიან სხვადასხვა დროს საზოგადოებაში, პერიოდულად კიდეც გახმიანდებიან ხოლმე. მწერლის მოვალეობა სწორედ ისაა, რომ დროულად დაინახოს და ჩვენც დაგვანახოს მათი სახეები ამოსაცნობად...

თეატრისა კი ისაა, რომ სცენის სარკეში, დიდი თუ მცირე ზომის იქნება ის, იქნებ საკუთარი თავიც გვაპოვნინოს...

„თოჯინების სახლმა“, საკუთარი თავის მოძიების ამგვარი ახლებური ცდა შემომთავაზა და ინტერესით დაველოდები რეჟისორ ნიკა საბაშვილის შემდეგ სპექტაკლს, რამდენადაც ვიცი, ნიკო ლორთქიფანიძის ერთ-ერთი ნოველის მისეულ ინტერპრეტაციას.

bottom of page